წიგნი ცრემლიანი თაობის ისტორიაზე და არა მხოლოდ………


ცოტა ხნის წინ წიგნის მაღაზიის თაროებზე გამოჩნდა ღირებული წიგნი გემოვნებიანი მკითხველისათვის – გოგი გვახარიას ცრემლიანი სათვალე. ქართულ სინამდვილეში იშვიათია წიგნი, სადაც მსოფლიო კინემატოგრაფიისა და მხატვრული ლიტერატურის შესახებ მონათხრობი ასე ორგანულად იყოს შერწყმული; რომლის ფონზეც XX საუკუნის საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდი სიღრმისეულადაა გაანალიზებული.
“ამ ორმა ხატმა – ეკრანმა და მაყურებელმა – მთელი ჩემი ცხოვრების წესზე, “პირად ისტორიაზე”, ე. ი. ბიოგრაფიაზე იმოქმედა… ჩემი სათვალე ხშირად ილაქებოდა ხოლმე ცრემლით – ხან კინოგმირები მატირებდნენ, ხანაც ცოცხალი ადამიანები – რეალური ცხოვრება, რომელიც ჩემს თაობას მძიმე და მართლაც სატირალი გვქონდა.
ამ ცრემლის ისტორია თაობის ისტორიაა – იმ თაობისა, რომელიც ხრუშჩოვის გადაყენებისა და “ოტტეპელის” დასრულების შემდეგ მივიდა სკოლაში, ბრეჟნევის ეპოქაში ისწავლა და “პერე­სტროიკის” ხანაში დაიწყო მუშაობა… მერე კი დაიშალა, დანაწევ­რდა – სამოქალაქო ომით, აფხაზეთით, ქვეყნიდან გაქცევით, კულტურის დანგრევითა და კულტურის ნაცვლად ფსევდოკულტურით, ნარცისების ბაღნარის აშენებით.
კინოს მოყვარულები ცნობილი “ვუაიერისტები” რომ არიან, ამას უკვე თავად აღიარებენ. ჩვენ ყურება უფრო გვიყვარს, ვიდრე ცხოვრება; დაკვირვება, ცქერა და თვალთვალი მთელ ქვეყანას გვირჩევნია; ჩვენ თითქოს არა ვართ ამქვეყანაზე, არ ვმონაწილეობთ ისტორიულ პროცესებში. მხოლოდ ვაკვირდებით… და ვითომ რატომ არ უნდა მოინდომოს კაცმა, დაწეროს ერთი წიგნი მაინც იმაზე, რაც ნახა და რასაც დააკვირდა?!” (გოგი გვახარია).
ასე რომ ამ წიგნის წამკითხველს წინ დიდი ინტელექტუალური სიამოვნება ელის.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.