20.12.2019

ფეხბურთი ხობში



ომისა და შრომის ვეტერანი იროდი ალანია ქართული ხალხური სიმღერების დიდი მოყვარული და ფეხბურთის გულშემატკივარი ყოფილა. ი. ალანია წლების განმავლობაში თამაშობდა ხობის „კოლხეთის“ შემადგენლობაში.
გთავაზობთ იროდი ალანიას მოგონებას „კოლხეთის“ ფეხბურთელთა გუნდის შექმნისა და საფეხბურთო გარემოს შესახებ. მოგონებები ჩაწერილია 1989 წელს.

„... ეს იყო სათავეებთან, როცა იქმნებოდა რაიონის სპორტული ცხოვრების ბიოგრაფია. ამ პერიოდში ფეხბურთი ჩვენთვის მახლობელი და საყვარელი სპორტის სახეობა გახდა.
ალბათ ხშირად დავფიქრებულვართ ვინ იყვნენ დღევანდელი თაობის „კოლხეთის“ წინაპრები. ვინ იდგა მისი შექმნის სათავეებთან...
„კოლხეთმა“ დიდი და რთული გზა განვლო. მის ისტორიას თაობები ქმნიდნენ. კეთილმა საწყისმა კი გუნდი დღეს საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობამდე მიიყვანა. ამ არმასვლაში თითოეულმა თაობამ თქვა თავისი წონადი სიტყვა.
... ეს იყო 1931-37-38 წლებში, როცა ხობის რაიონში შეიქმნა ნაკრები გუნდი ფეხბურთში, მწვრთნელი იყო ხუტა ლაზარია.
ამ წლებში ხობის „კოლხეთი“ ასეთი შემადგენლობით გამოდიოდა:
აკაკი ჩხენკელი, გალაქტიონ კვარაცხელია, იროდი ალანია, ნაპო ბუკია, ვალერიან ბუკია, პილა მალანია, გიორგი მამფორია, დიოგენ ბუკია, დურუ სახეიშვილი, ტიტიკო კაკაბაძე, აპოლონ წერეთელი, გული კოდუა, აბილო იოსავა, გერმანე ქაჩიბაია, კაპიტონ გაბისონია, მიშა სიჭინავა.
წვრთნები მაქსიმალურად გვიტარდებოდა ხობის სტადიონზე. სამჯერ გავედით საქართველოს პირველობის ფინალში.
მაშინაც დიდი იყო ინტერესი. გვყავდა უამრავი გულშემატკივარი, რომლებიც მხარში გვედგნენ ყოველი მათჩის დროს... სად იყო მაშინ ასეთი ფეხბურთის თამაში, ან სტადიონი ან სპორტული ფორმა , მაგრამ მიზანი ყოველთვის ერთი გვქონდა მხოლოდ - ლამაზი ფეხბურთი გვეთამაშა, თუნდაც დავმარცხებულიყავით.
დიახ, ეს ის კოლხეთელები არიან, დღევანდელი ლამაზი სპორტული ისტორია რომ შეგვიქმნეს და დღესაც იღწვიან ფეხბურთის სიყვარულით.
სპორტი კი სპორტია, ასეთი განცდები სჩვევია და ჩვენც ყოველთვის გვეამაყება, რომ დღევანდელი „კოლხეთი“ გვაფიქრებს და გვახარებს“.



17.12.2019

ხობის ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლების დროს დანგრეული ეკლესიები


საქართველოში, გასაბჭოებამდე, 1450 ეკლესია და მონასტერი მოქმედებდა. 1923 წლისათვის მათი 90 % დაიხურა, 1939 წლისათვის კი მხოლოდ 5 დარჩა. ბოლშევიკებმა ეკლესიების ნაწილი დაანგრიეს, ნაწილი კი სახელმწიფოს გადასცეს. ასევე, განადგურდა ეკლესია-მონასტრებში დაცული ნივთების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ქვემოთ გთავაზობთ მცირე ინფორმაციას საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ხობის ტერიტორიაზე დანგრეული ეკლესიების შესახებ.

Ø გამოღმა ქარიატის წმინდა გიორგის სახელობის ნაეკლესიარი.
გამოღმა ქარიატაში, მდინარე ხობისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარე სასაფლაოსთან იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, რომელიც 30-იან წლებში დაუნგრევიათ და სკოლის შენობა აუშენებიათ. აქ მღვდლები ყოფილან ჟველიები, ეკლესიაც მათ გვარს დაუარსებია, ისინი აფხაზეთიდან ჩამოსულან. იმ სასაფლაოს სადაც ეს ეკლესია იდგა ეძახიან პალურის სასაფლაოს, ხოლო ეკლესიას პალურის წმინდა გიორგის. იმ ადგილს ასევე ეძახიან „ხატ-მუხურს“. ზოგიერთის გადმოცემით, ჟველიები აქ ჩამოსულან წალენჯიხის რაიონიდან. აქ სასაფლაოსთან და ეკლესიასთან ახლოს სამრევლო სკოლაც ყოფილა, სადაც ასწავლიდა ვინმე ანტონი, მას ის საკუთარ სახლში ჰქონდა გახსნილი.

Ø გაღმა ქარიატის ღვთისმშობლის სახელობის ნაეკლესიარი
გაღმა ქარიატაში იდგა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. იქ დასაფლავებულნი ყოფილან თავადი ჯაიანები, ბოლო მღვდელი იყო ხოჭოლავა. ეს ეკლესია დაუშლიათ 1922-26 წლებს შორის ქოჩო გიგიბერიას და ბიჭი შამუგიას. აქ იყო დიდი მარმარილოს ქვაც, რომელიც სახლში წაუღია ქოჩო გიგიბერიას. ამავე ადგილას იპოვეს ქვევრში ჩალაგებული მღვდლის სამოსი და მოსართავები. დღეს გამოღმა ქარიატის სკოლის შენობაში გამართულ სამლოცველოში არის იმ ძველი ეკლესიის ორი ბოძი და სავარაუდოდ გუმბათის ჯვარი. ბოძები სამლოცველოს შესასვლელშია შეყენებული.


Ø კუთხე ნოჯიხევის სასაფლაოზე ადრე წმინდა მთავარანგელოზების ხის ეკლესია მდგარა. იგი ბოლშევიკებს 1924 წელს დაუნგრევიათ. აქ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში მსახურობდნენ მღვდელნი: ანტონ სასანია, გაბრიელ სიჭინავა, ნიკოლოზ სასანია, მაქსიმე სიჭინავა, ალექსი კაჭარავა, იოანე ჯიქია, თადეოზ სასანია, სტეფანე სახოკია, დიაკვანი მოსე ჯორბენაძე, მედავითნენი დავით ბოლქვაძე და ლუკა ჯორჯიკია.

Ø სოფელ შუა ქვალონის ცენტრში, სასაფლაოზე მდგარა წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში დაუნგრევიათ

Ø საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე საღვამიჩაოში მდგარა წმ. გიორგის სახელობის ეკლესი, რომელიც XX საუკუნის ოციან წლებში დაუნგრევიათ.

Ø სოფელი საჭოჭუო მდებარეობს მდ.რიონის გაყოლებაზე მის მარჯვენა ნაპირთან, სადაც სოფლის სასაფლაოსთან იდგა საჭოჭუოს მთავაანგელოზთა სახელობის ხის ეკლესია, რომელის ასევე გასაბჭოების დროს დაუშლიათ.
  
Ø სოფელი პატარა ფოთიც იმავე ხაზზეა, ანუ მდ.რიონის მარჯვენა ნაპირის გაყოლებაზე, სადაც ძველ სასაფლაოსთან იდგა წმ.გიორგის სახელობის ხის ეკლესია, რომელიც ასევე გასაბჭოების დროს დაშალეს.

Ø სოფელი საქორქიო - წმინდა გიორგის სახელობის ნეკლესიარი.
1.     სოფელი საქორქიო მდებარეობს მდ.რიონის მარცხენა ნაპირას, სადაც იდგა წმ.გიორგის სახელობის ხის ეკლესია, ისიც გასაბჭოების დროს დაშალეს.
2.     ციხე-სიმაგრე (ტოპონომიკა)
პ.ცხადაიას ცნობით, სოფელ საქორქიოშიო არის ტოპონომი „სიმაგრე“-უბანი რიონის მარჯვენა მხარეს, სოფ.სარიაჩქონის საზღვართან.გადმოცემით, აქ თურქებს ჰქონიათ ციხე- სიმაგრე მოტაცებული ბავშვების დასამწყვდევად. მისგან მხოლოდ ნაშთია დარჩენილი.
  
Ø ოფელ გაშფერდში იოანე ნათლისმცემლის სახელობის და სოფელ ზუბის წმ. მთავარანგეოზთა სახელობის ეკლესიები საბჭოთა ხელისუფლებას დაუნგრევია

Ø პირველ ხორგაში სოფლის სასაფლაოსთან იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, ის ადგილობრივთა გადმოცემით 1935 წელს დაუშლიათ. აქ ბოლო მღვდელმსახურები: კინტირია კვარაცხელია და პართენ დათუაშვილი ყოფილან. აქ მონაზვნად ყოფილა დომინიკა, რომელიც შემდგომ სენაკის ეკლესიაში წასულა. ეს ეკლესია დაუნგრევია გუდუ წულაიას.
  
Ø კომუნისტებს დაუნგრევიათ საჩიჯავოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ამ ეკლესიაში მსახურობდა მღვდელი  აქვსენტი იოსავა,  გარდაიცვალა 1939 წლის 9 აპრილს. დაკრძალულია სოფელ ხეთის სასაფლაოზე.

Ø სოფელ დღვაბის სასაფლაოსთან იდგა მთავარანგელოზთა სახელობის ხის ეკლესია, რომელიც ადგილობრივთა გადმოცემით, დაახლოებით 1886-1877 წლებში აუშენებიათ; ის დაუშლიათ 1924 წელს და ფიცრები სკოლის შენობის ასაშენებლად გამოუყენებიათ.

Ø საჯიჯაოს ცენტრთან მდებარე ზენის უბნის სასაფლაოსთან იდგა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ხის ეკლესია, რომელიც გასაბჭოების დროს დაუნგრევიათ. აქ იდგა თურმე მიცვალებულის დასასვენებელი სასენაკოც. ადგილობრივ მთხრობელთა გადმოცემით, მღვდლები ყოფილან: კაი და სამსონ შელიები.

Ø პირველ ხორგაში არის ადგილი ნაოხვამუ, სადაც ადგილობრივთა გადმოცემით, იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია. დღეს ეს ტერიტორია სახნავ-სათესად არის ქცეული; ადრე აქ 50-მდე ოჯახი ცხოვრობდა. იქ მღვდელი ყოფილა ივანე ბერაია. ეს ადგილი მდებარეობს მდინარე ხობის ნაპირას, სადაც ამ ეკლესიას თავისი მიწებიც ჰქონია. ეს ეკლესია დაუნგრევია ტერენტი ბერაიას და სხვებს.

Ø პირველ ხორგაში არის ადგილი მისარონ კარი, სადაც იდგა ხის სალოცავი და „წმინდა ხე“, სადაც ხატზე გადაცემაც ხდებოდა. ეს ეკლესია გასაბჭოების დროს დაუნგრევიათ.


მასალა მომზადებულია შემდეგი გამოცემების მიხედვით:
1.     „მცირეოდენი ცნობები ხობის მუნიციპალიტეტის შესახებ“, გ. ჩიტაია, 2014 წ.
2.   ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობები სამეგრელოში“, დ. ჭითანავა, 2010 წ.


სერგო ლაშხია


შესანიშნავი პიროვნება და დამსახურებული მასწავლებელი სერგო ივანეს ძე ლაშხია დაიბადა 1933 წელს ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. წარჩინებით დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტი.

პედაგოგიურ საქმიანობას იწყებს შუა ქვალონის საშუალო სკოლის ქიმიის მასწავლებლად. 1955-1971 წლებში მუშაობდა შუა ქვალონის, ზუბის, ძველი ხიბულის საშუალო სკოლებში მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, ახალი ხიბულის მუშა-ახალგაზრდობის საშუალო სკოლის დირექტორად. 1971 წლის 20 აგვისტოდან მუშაობდა ზუბის საშუალო სკოლის დირექტორად. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
სერგო ლაშხია გარდაიცვალა 2013 წელს.
სერგო ლაშხიას იხსენებენ მისი კოლეგები და მოსწავლეები

რალა ჩემია (ხობის რაიონის განათლების განყოფილების უფროსი 1991-2004 წლებში)
სერგო ლაშხია - ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ზუბის საშუალო სკილას, ქიმიას აზიარებდა ამ სკოლის მოსწავლეებს. საგნის სწავლებასთან ერთად  ის იყო საუკეთესო აღმზრდელი, მაგალითის მიმცემი კარგი ადამიანობისა, მოყვასისა და ქვეყნის სიყვარულისა, პატივისცემისა და ღირსებისა.
 ის იყო წარმატებული, კეთილშობილი, კარგი ხელმძღვანელი,  რომელიც პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად ამ სოფლის მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლებისა და აღზრდისათვის იღწვოდა.  ბატონი სერგო ასევე აქტიურად მონაწილეობდა რაიონულ სასკოლო და საზოგადოებრივ  ცხოვრებაში. მან თავისი ნათელი კვალი დატოვა  განათლების სისტემაში.

ემზარ კვირკვაია (კოლეგა, პედაგოგი)
    პატივცემული სერგო მასწავლებელი, რამდენი მოწიწება ,კრძალვასა და პატივისცემის ასოცირებას იწვევს ეს სახელი ჩემში. უაღრესად კეთილშობილი,ერუდირებული  და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი იყო. წლების მანძილზე მაწავლიდა ზუბის საშუალო  სკოლაში ბიოლოგიას, ხოლო ბოლოს ათწლეულზე მეტი, როცა მისი კოლეგა გავხდი, მაზიარებდა ადამიანობის და კაცური კაცობის ცნებებს. უდიდესი ავტორიტეტის მქონე ადამიანი თანაბრად სარგებლობდა ყველა სოციალურ ფენაში, დამსახურებული ავტორიტეტით. იყო დიდი მომლხენი, ხუმარა, და სიმღერის დიდი ტრფიალი, მინდა გავიხსენო თავს გადახდენილი კურიოზებიდან ერთ-ერთი. მაშინ განათლების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ჩვენგან რკინის ლედად აღიარებული ქალბატონი რალა ჩემია, ხოლო რაიონს თავკაცობდა, შესანიშნავი პიროვნება, ბატონი ანგულ მიქავა. დირექტორების თათბირის შემდეგ, ჯამაგირი ავიღეთ და  ბატონი სერგო, ბატონი ზვიადი , ძველი ხიბულის ამჟამად მოქმედი დირექტორი და მე წავედით, ქ. სენაკში საქეიფოდ. რამოდენიმე ჭიქის შემდეგ ბატონმა სერგომ და ზვიადმა მოგუდულად დაიწყეს სიმღერა,, წინ, წყარო“ და ერთმანეთს ენაცვლებოდა ტკბილხმოვანი ქართულ- მეგრული სიმღერები. გასუსული დარბაზი,  ტაში, დაიწყო ჩვენს მაგიდაზე შამპანურებმა და ღვინოებმა დენა, ბევრი შემოგვიერთდა, ბევრი გავიცანით, მოკლედ რესტორანი რამოდენიმე საათით ფოლკლორულ საღამოს დაემსგავსა, უდიდესი სიამოვნება და ქართული სუფრის მადლი ტრიალებდა ირგვლივ. სუფრა რომ ეშხში შევიდა, რადგან ხმა მე არ მქონდა და სმენა, ლექსებს მივყავი ხელი და არაერთი ბოთლი და წარმატება შევმატე ჩვენს მაგიდას. დამთავრდა ნაწილი პირველი, ნათქვამია კაცს ბედნიერების ჟამს შეუჩნდებაო ეშმაკი და ასეც მოხდა. სამივეს თითო ჭინკა შემოგვაჯდა და გავუტიეთ ხობისკენ. დღესაც არ ვიცი რატომ გადავწყვიტეთ, რა გვრჯიდა, ვინ გვავალებდა ...... განათლების განყოფილები წინ დავიწყეთ გაგრძელება, ამჟამად  მეც ჩავერთე და საათნახევრიანი კონცერტი მანქანაში ჩავატარეთ. დეტალებს არ აღვწერ, ვინც ჩავარდნილა ამ დღეში ალბათ გაიგებს. მეორი დილით ზვიადმა გამომიარა და მითხრა სერგო წუხელის ცუდად გამხდარა ვინახულოთო. ვიცით რომ ამას კეთილი ბოლო არ ექნება. სერგოს წნევას უზომავდნენ და საამქვეყნო პირი არ ჰქონდა, ჩვენ რომ დაგვინახა დასაბმელი გახდა კაცი, ე.ი. ჩვენ გვაბრალებდა. ცოტა ხნის შემდეგ ბალიშიდან გამოიტანა ქაღალდი, სადაც ეწერა, ხვალ 12 საათზე თქვენ და თქვენი ამფსონი დირექტორები გამოცხადდით განათლებაში, ხოლო 1 საათზე გამგეობაში. მეხი დაგვეცა, დავიღუპეთ, ძალიან, ძალიან განიცდიდა ბატონი სერგო. გადაწყდა უნდა წავსულიყავით, ქალბატონ რალასთან მარტო შევიდოდა და თუ კიდევ ზემდგომი გახდებოდა საჭირო, ჩვენ ორნი შევიდოდით ბატონ ანგულისთან. მამა-მარჩენალივით ვუყურებთ სერგოს, რომელიც ცალკე ტკივილისგან და ცალკე სირცხვილისგან, ხვნეშის, მოთქვამს და წუწუნებს. შევიდა სერგო რალას კაბინეტში, ჩვენ ასინეთასავით მიკრული ვართ კარებს, გავიდა 20 წუთი 40 და  ქალბატონ რალას მოგუდული სიცილი და ბატონი სერგოს ნაბიჯების ხმა გავიგონეთ. გაბადრული გამოვიდა ბატონი სერგო, გამარჯვებულ ოლიმპიელს ჰგავდა, მეცხრე ცაზე იყო კაცი, ეს ეპიზოდი იმიტომ გავიხსენე, რომ დღესაც იმ სახით ვიხსენებ ბატონ სერგოს. არ ვიცი იქ რა ილაპარაკეს, რა თქვემს, მაგრამ ეს საკითხი არასდროს არ განხილულა საჯაროდ. გადავრჩით, ღმერთივით შევსციცინებთ სერგოს, ახლა თვითონ დადგა დატუქსვის ხასიათზე. ზვიად, ერთი ლავაში ვიყიდოთ და წავიდეთ, მშია შევხედე ზვიადს, არ გაბედოთ! შხამი ჭამეთ....მერე ვიწყებთ საუბარს, სერგოს გამბედაობაზე, ჩვეზე მამაშვილურად რომ ზრუნავს, ანდა ქალბატონ რალას დიდსულოვნებაზე, ტაქტზე, მაღალ ადამიანურ თვისებებზე, ანდა ბატონმა ანგულიმ რომ არ იკადრა ჩვენი შერცხვენა, ჩვენი დატუქსვა, თუნდაც ადმინისტრაციული ღონისძიების გატარება. ისმენს ამას და გვიყურებს ბატონი სერგო  თანდათან სახე უნათდება.   იმ დღეს ისევ მოგვეპარა ჭინკა.... და ღირსეულად, ცალ-ცალკე ვადღეგრძელეთ განათლებისა და რაიონის  მართლაც კოლორიტი და სახელოვანი მესვეურები. აქ კი დავესესხები დიდ ქართველ მწერალს, მართლაც ,,დიდებული ადამიანები უძეგლოდ არ იკარგებიან“
  
ლევან ღვინჯილია (მოსწავლე)
სერგო მასწავლებელი იყო დიდბუნებოვანი ადამიანი. შესანიშნავად თამაშობდა ჭადრაკს, ღრმად ერკვეოდა ლიტერატურასა და სპორტში. განსაკუთრებით უყვარდა ფეხბურთი. როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლები იხსენებენ თვითონაც ხშირად თამაშობდა ფრენბურთს მოსწავლეებთან ერთად.
სერგო მასწავლებელი ყველას უყვარდა და საზოგადოებაში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით.

16.12.2019

იოსავების სასულიერო ოჯახი


XIX საუკუნის მეორე ნახევარში, სოფელ ბიის (ხობის რაიონი) მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი შიო იოსავა, რომელსაც წესიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული ოჯახი ჰყავდა. მას ცოლად ჰყავდა ანა ბოჯგუა, რომელთანაც ოთხი ვაჟი შეეძინა: ბართლომე, პროხორე, აქვსენტი და ანდრონიკე. მამა შიომ თავის შვილებს იმ პერიოდისთვის შესაბამისი განათლება მიაღებინა. ოთხივემ დაამთავრეს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი და მათაც, მამის მსგავსად, მოძღვრის რთული უღელი იტვირთეს (ანდრონიკეს გარდა, რომელმაც საერო ცხოვრება აირჩია).

უფროსი ძმა მღვდელი ბართლომე 1867 წლიდან ემსახურებოდა დედაეკლესიას. მოღვაწეობდა სამეგრელოს მაზრის სხვადასხვა სოფელში. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ზუბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1893 წლის 15 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა, ხოლო 1902 წლის აღდგომას ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. მღვდელი ბართლომე 1910 წლის 5 ივლისს გარდაიცვალა.
პროხორე იოსავა 1849 წელს დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო და სწავლა განაგრძო სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ მედავითნედ დაიწყო მსახურება. XIX საუკუნის 70-იან წლებში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, მოგვიანებით კი მღვდლად დაასხა ხელი. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1893 წლის 23 ნოემბრიდან, ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში განამწესეს. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დააბრუნეს. 1912 წლის 19 აპრილს, საეკლესიო წესების დარღვევის გამო, დროებით შეუჩერდა მღვდელმსახურება და უშაფათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1913 წლის 29 მარტს ახალი აბასთუმნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 31 დეკემბერს აღუდგინეს მღვდელმოქმედება და უშაფათის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. XX საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტებმა უშაფათის ეკლესია დახურეს და მამა პროხორეც იძულებული გახდა, ანაფორა გაეხადა. იგი 1935 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა. დაასაფლავეს 14 სექტემბერს სოფელ ბიის სასაფლაოზე.

მესამე ძმა აქვსენტი ასევე სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული გახლდათ. XIX საუკუნის 80-იან წლებში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და სოფელ ნოჯიხევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაადგინა. 1893 წლის მარტში კვლავ მეუფე გრიგოლმა მღვდლად დაასხა ხელი და ხორში-საგვასალიოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. რამდენიმე წლის შემდეგ საჩიჯავოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც 1924 წლამდე მსახურობდა, ვიდრე კომუნისტებმა არ დაანგრიეს ეკლესია და მღვდელმსახურება არ აუკრძალეს. მღვდელი აქვსენტი 1939 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ხეთის სასაფლაოზე.
მამა აქვსენტის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ მცირე მოგონებები შემოგვინახა მისმა უმცროსმა შვილიშვილმა ციალა იოსავამ:
„შიო იოსავა ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო (გარდაიცვალა 1893 წლის 23 ნოემბერს). იგი დაკრძალულია ამავე ტაძრის კარიბჭესთან.
1937 წელს ბოლშევიკებმა ააწიოკეს მამა აქვსენტის ოჯახი, გაანადგურეს საეკლესიო ნივთები - სახარება, ბიბლია, ჯვარ-ხატები, მათ თვალწინ დაამსხვრიეს და დაწვეს ყველაფერი. დაჭერას შვილმა ერასტიმ გადაარჩინა, მაგრამ მალევე აღესრულა მორალური შეურაცხყოფისგან (ის ხომ გაპარსეს, აბუჩად აიგდეს, დასცინეს...)...
მამა ძალიან კარგი ხასიათის კაცი იყო, შვილებზე გიჟდებოდა, ვუყვარდით ყველა ერთნაირად. ოთხი ქალიშვილის მამა ამაყობდა ჩვენი პატიოსნებით და სიკეთით იმ დროში. მან იცოდა, მარტო ეს არ იყო საკმარისი, მაგრამ რა ექნა, რელიგიადავიწყებულ ხანაში. ის იუმორით სავსე კაცი იყო, მაგრამ გართულება ჰქონდა კომუნისტებთან და ჩემთან საუბრით იოკებდა გულს...
ზუსტად იმ  ზაფხულს, რომ ჩამოვედი, მაინცდამაინც არ მესიამოვნა მისი ხასიათი. ის ჩემთან საუბარს ვერ ახერხებდა... ჩემი დები სამსახურში რომ წავიდნენ, ჩვენ მარტო დავრჩით (დედა ადრე გარდაიცვალა, მამამ მეორე ცოლის მოყვანაზე უარი თქვა) უნდოდა რაღაც ეთქვა და ვერ ახერხებდა, ისევ მე ვიაქტიურე: მამა, რაღაც არ მომწონს შენი გამომეტყველება, რამე ხომ არ გაწუხებს? - ვეკითხები მას.
  ხო! შვილო - მითხრა მან, ადგა, გავიდა მეორე ოთახში და გამოიტანა ჟურნალი, კარგად არ მახსოვს ჟურნალის დასახელება, მხოლოდ ორენოვანი იყო - მეგრულ-ქართული. წაიკითხეო, მითხრა.
ჟურნალი ეკუთვნოდა თედო სახოკიას (დღეს ჟრუანტელი მივლის მაგის სახელის გახსენებაზე)... მე წავიკითხე და რას ვხედავ, ბაბუა აქვსენტი ჰყავს აუგად მოხსენებული, რომ ის ჯვარს წერდა არასრულწლოვნებს, რომ ფულს იღებდა ქრთამის სახით საბუთების შედგენის დროს, რომ წირვა-ლოცვას არ ასრულებდა, თუ ფულს არ მისცემდნენ (ალბათ, გულისხმობდა წესის აგებას, კარგად არ მახსოვს, 50 წლის წინანდელი ამბავია). წაკითხვის შემდეგ მახსოვს, გამოვვარდი მამასთან და ვიყვირე, ვინ არის ეს გარეწარი-მეთქი და მამას ტირილი აუტყდა ქალივით. მე მოვეხვიე, დავამშვიდე და ვუთხარი. ნუ მამა, ნუ ტირი. მე მაგას ვაჩვენებ სეირს-მეთქი... მაგრამ მამამ მე დამამშვიდა და მითხრა, არა შვილო, არ ღირს, ის კომუნისტების ჭიას ახარებსო და მიამბო ვინ იყო ეს კაცი: თურმე ბაბუაჩემის კარებთან გაზრდილი გაჭირვებული ოჯახი, ღარიბები და ბაბუა მათ ეხმარებოდა ყოველმხრივ მატერიალურად თუ სულიერად... ბევრი რამ, რაც არ ღირს მოსაყოლად...
მე ის ჟურნალი ცეცხლში შევაგდე და დავწვი. ასე გაგვამწარა მე და მამა თედო სახოკიამ“.



წყარო: ლ. ტოგონიძე, გ. მაჩურიშვილი: XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა.



12.12.2019

სოფელი ბია თედო სახოკიას ჩანაწერებში


სოფელი ბია თედო სახოკიას ჩანაწერებში

ხობის რაიონის ეთნოგრაფიით დაინტერესებული ვერც ერთი ადამიანი გვერდს ვერ აუვლის თედო სახოკიას შესანიშნავ წიგნს „როგორ ვიზრდებოდით ძველად“.
წიგნი იწყება შემდეგი სიტყვებით: „დავიბადე 1868 წლის მარტის 2, სოფელ ხეთაში, მღვდლის ოჯახში... ბებიამ ჭიპის მოჭრასთან ერთად პირში ჩხიკვის ფრთა გამომავლო თურმე - ენას ადრე ამოიდგამსო...“.

თ. სახოკია მშობლებს სოფელ ბიაში გაუძიძავებიათ, ხოლო შემდეგ ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარ შიო იოსავასთვის მიუბარებიათ. თედო მღვდელთან ცხოვრობდა და მისი ხელმძღვანელობით ეუფლებოდა საგნებს. სწორედ ბავშვობის მოგონებებში ვაწყდებით საყურადღებო მასალას სოფელ ბიას ეთნოგრაფიის შესახებ.
წიგნიდან მოხმობილი მასალები დაყოფილია რუბრიკებად.
გეოგრაფიული გარემო და ბუნება

სოფელ ბიას, გორაკის კალთაზე, ტყეში, გაკაფული 8-10 დღის მიწა უკავია. აქ არის სიმინდის სათესი ადგილი, აქვეა ურიცხვი ხეები წაბლისა, ხურმისა და თხმელისა, რომელზედაც გასულია ძველი ჯიშის ვაზები: „ოჯალეში“ (მზვარის), „ჭვიტილური“, „პუმპული“ და აგრეთვე სამეგრელოში სამეგრელოში ახალშემოსული „ადესა“ (იზაბელა). აქვეა კაკლის ხეები, თხილნარი, ბროწეულის ბუჩქები, კომში, ვაშლი, მსხალი, საკუთარი წყარო. ბოლოს, აქვეა „საისლედ“ (სადაც იზრდება სახლის დასახურავი ისლი) გაშვებული ორი ქცევა მიწა. ეზო, სადაც კოინდარია დათესილი, კიდევ ცალკეა. ეზოს შუაში უზარმაზარი კაკლის ხეა და მის ქვეშ ტოტებიანი მარგილია მაგრად ჩარჭობილი, მოსული სტუმრის ცხენის მისაბმელად (ახლო მეზობლებს გარდა, სხვა ადგილიდან მოსული კაცი უეჭველად ცხენიანი უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით კუთრებით თუ სამღვდელო იყო ან პრივილეგიური წოდებისა-თავადი, აზნაური).
   სწორედ ამ მხარეს, სადაც სამზარეულო იყო, ანუ, როგორც აქ ეძახდნენ, სამზადი და ბოსელი, ნახევარი ქცევა ადგილი, ნაკელიანი, ბოსტანს ეჭირა. შიგ ეთესათ: პრასა, წიწაკა, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი, ქინძი სუნელი, მხალი, ჭარხალი, ხავი, გოგრა და ეგ არის და ეგ... არც პამიდორის ხსენება იყო სადმე, არც კარტოფილისა. ბოსტანშივე, განაპირას, შვიდიოდ ძირი სკა იდგა, საიდანაც ყოველ ზაფხულის პირას მამა-პაპათა ხერხით - კვამლის საშუალებით - თაფლი მოჰქონდათ ხოლმე და ამ ამოღების დროს აუარებელი ფუტკარი იხოცებოდა.
   ამ ეზო-ყანა-ვენახ--ხილნარს გარშემოვლებულიჰქონდა მაგარი ღობე გარეულ თხილის წკნელისა, შიო მღვდლის ქონების დასაფარავად უპატრონოდ მავალ და უღლებიან ღორ-საქონლისაგან...ხოლო ქურდების შემოსვლისაგან კარ-მიდამოს იფარავდა ორი ნაგაზი, რომელთაც შეეძლოთ ცხენიდან კაცი ჩამოეღოთ.


მედიცინა
ხალხის მკურნალობის საქმე სავსებით ებარა შინაურ ანუ სოფლის მეწამლეებს, რომლებიც უმეტესად ქალები იყვნენ, ხოლო „ქირურგები“, კბილის ამომღებნი და სისხლის გამომშვები მამაკაცები იყვნენ. მკურნალობის ამ სამ დარგს ზოგჯერ ერთი კაცი „ითავსებდა“ ასეთ ექიმს მხარზე გადაკიდებული ჰქონდა სამგზავრო ჩანთა, რომელშიაც ელაგა სისხლის ნესტარი და კბილის ამოსაძრობი გაზი.

ტაბუ
მასწავლიდნენ, რის გაკეთება არ შეიძლებოდა, ანუ რაც იყო „ტაბუ“, რადგანაც „ტაბუს“ დარღვევას, მათი აზრით, მოსდევდა დამრღვევის დაზარალება, ვნება, საქმის უკუღმა დატრიალება.
აი, ზოგი მათგანი:
1.              თუ მიწაზე დავეცემოდი ან ჩემით დავჯდებოდი, წამოდგომისას უეჭველად სამჯერ უნდა დამეფურთხებინა ნაჯდომ ადგილზე, რომ „მიწა არ ამყოლოდა“, ე.ი. სინოტივე. ამ სახით გაცივებას თავიდან ავიცდენდი.
2.              არ შეიძლებოდა კარის ზღურბლზე დაჯდომა, თორემ შეიძლებოდა ჩემი ძიძს სახლს ბოქაული ან ვინმე ამწიოკებელი მოსდგომოდა კარზე.
3.              აკრძალული იყო ბაყაყის მოკვლა; თუ ვინმე მოჰკლავდა, მაშინათვე წვიმა უნდა წამოსულიყო.
4.              აკრძალული იყო ვისთვისმე ფულის მიცემა ხელით, რადგან ფულთან ერთად წაყვება ჩვენი ხელის ბარაქა.
5.              თუ ოთხფეხა საქონელს ჰყიდნენ, იმასაც ერთ ბღუჯა ბალანს მოაცილებდნენ და ისე აძლევდნენ მყიდველს.

წყევლა
წყევლის ფორმულები მრავალგვარი იყო: „ხვალინდელი დღე არ გაგთენებოდეს“, „შავი მიწა დაგყროდეს“, „ყველანი დაგხოცოდეს“ და სხვა.

ცრურწმენები
მზაკვრების და ავი თვალისგან დაცვის მიზნით სახლის კარს ზემოდან გვეკიდა გახვრეტილი ქვა, კარის ზღურბლზე დაჭედილი გვქონდა ცხენის გაცვეთილი ნალი, ღობის სარზე ჩამოცმული გვქონდა ცხენის ან ხარის ქალა.

სპორტული თამაშობანი
ფერხულს, მცირე შესვენების შემდეგ, მოჰყვებოდა შეჯიბრი სირბილში. გადასარბენად დანიშნული იყო ასე ნახევარი კილომეტრის მანძილი. ამაში მონაწილეობას ღებულობდნენ ახალგაზრდები, ასე 12-15 წლის ბიჭები. გამარჯვებულისათვის საჩუქარი არსებობდა, მისი ჯილდო იყო - სახელი, რომელსაც მოიხვეჭდა თავის სიმარჯვით ტოლებისა და დიდების თვალში.
სირბილს მიაყოლებდნენ ბურთაობას. მობურთალნი ორ მოპირდაპირე ჯგუფად გაიყოფოდნენ; გამარჯვებულად ითვლებოდა ის ჯგუფი, რომელიც თავის ლელოში გაიტანდა ბურთს.
რიგი ბიჭებისა ჩოგანის თამაშობას გამართავდა. მეტრიანი ჯოხი ძირში ბრტყლად მოკაუჭებული მოთამაშენი ორ ჯგუფად იყოფოდნენდა თითოეული ჯგუფი ცდილობდა „ჩოგანის“ ცემით ბურთი ლელოზე გაეტანა. ამ თამაშობაში ღონე იმდენად არ იყო საჭირო, რამდენადაც სიმარდე და გამჭრიახობა.
ყოველივე ეს დასრულდებოდა იმით, რომ მეღრეობენი, დიდი თუ პატარა, კაკლის ხის ძირას მოიყრიდნენ თავს და გაიმართებოდა ჭიდაობა დიდებისა ცალკე და პატარებისა ცალკე. ჭიდაობაში გამარჯვებულნი, როგორც მორბენალნი, სჯერდებოდნენ მაყურებელთა ქებას და მათს შორის სახელისა გავარდნას. ჭიდაობაში, ფიზიკური ღონის გვერდით, ხერხი ფასდებოდა, რომლის საშუალებით მოპირდაპირესა სჯობნიდა მოჭიდავე. ასეთი ხერხი იყო: მოგვერდი, კისრული, ფეხის გამოდება და სხვა.


თედო სახოკია:
დაბადების ადგილი: სოფელი ხეთა, ხობის რაიონი.

მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. 1884 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა არალეგალურ წრეში მონაწილეობისთვის. 1886 წლიდან სწავლობდა ჯერ ჟენევის უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზის სორბონის უნივერსიტეტში.  1888 წლიდან ლიტერატურული მოღვაწეობა, ილია ჭავჭავაძის "ივერიაში" დაიწყო. 1900 წელს შევიდა პარიზის უმაღლეს ანთროპოლოგიურ სასწავლებელში. 1901 წლიდან თანამშრომლობდა რომში მიხეილ თამარაშვილთან. 1902 წლიდან იყო საფრანგეთში მყოფი ქართველების არალეგალური გაზეთის "საქართველოს" თანარედაქტორი. თანამშრომლობდა საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში ("დროება", "სახალხო გაზეთი", "ნოვოე ობოზრენიე", "კავკაზ"), განსაკუთრებით კი – "ცნობის ფურცელსა" და "მოამბეში", რომლებისთვისაც პარიზიდან აგზავნიდა წერილებს. 1906 წელს რევოლუციონერების დასახმარებლად საქართველოში უცხოეთიდან იარაღის ჩამოტანის გამო დააპატიმრეს და 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს. 1916 წლიდან საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში. მისი თარგმანები ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. მან შეკრიბა ქართული ანდაზები(გამოქვეყნდა 1967) და ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი (ტ. I-III, 1950-195)





11.12.2019

ხობის რაიონის სოფელ ზუბის საშუალო სკოლის ისტორია


 სოფელ ზუბში 1886 წელს სამრევლო სკოლა დაუარსებიათ; ხოლო შემდეგ ორკლასიანი სასწავლებელი 1907 წელს პროკობი იოსავას გაუხსნია. სკოლის ისტორიაზე მწირი მასალებია შემორჩენილი. სკოლის არსებობისა და დაარსების ფაქტებს მხოლოდ თვითმხილველთა ნაამბობით თუ გავეცნობით. სოფლის მკვიდრთა გადმოცემით სკოლაში ისწავლებოდა წერა-კითხვა, რომელსაც მოხალისე მასწავლებლები ასწავლიდნენ. მოსწავლეთა რიცხვიც მცირე ყოფილა, რადგან ხელმოკლე ოჯახებს უსახსრობის გამო უჭირდათ ბავშვების შემოსვა.

პროკობი იოსავას ინიციატივა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ სწავლება ქონებრივ ცენზს არ მოითხოვდა, სწავლის მსურველთათვის სასწავლებლის კარი ღია ყოფილა. მეცადინეობები მიმდინარეობდა დაქირავებულ ბინაში, რომლის ხარჯებსაც მღვდლის ოჯახი იღებდა. თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს პროცესი ჯერჯერობით დაუდგენელია.

მოგვიანებით ორკლასიანი სასწავლებელი გადაკეთდა დაწყებით სკოლად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ადგილობრივი მკვიდრი გულიკო ლომაია.
20-იანი წლების პედაგოგიური კადრების შესახებ ცნობებს გვაწვდიან ადგილობრივი მცხოვრებნი. ასევე შემონახულია ბიოგრაფიები და მოგონებები პედაგოგებისა, რომელსაც სკოლის სამუზეუმო მასალად მიიჩნევენ.

1933 წლიდან ზუბში დაწყებითი სკოლის დირექტორია გიორგი ბაქოს ძე ნარსია, მას გამგებლობა გადმოუბარებია გულიკო ლომაიასაგან (გ. ლომაია დაიღუპა 1941-1945 წლების მსოფლიო ომში). ამ პერიოდში პედაგოგიური კოლექტივის შემადგენლობაში ყოფილან: ეკატერინე და ანა კემულარიები, შუქა ჯანაშია, პარტყუ ლომაია.
სკოლა მძიმე ეკონომიკურ პირობებს განიცდიდა. ამის გამო სოფელში ტარდებოდა საღამო-წარმოდგენები, რომლის უშუალო მონაწილეები ადგილობრივი და მეზობელი სკოლის მასწავლებლები იყვნენ. როგორც ყოფილი პედაგოგი ანა კემულარია წერს: „გაიხსნა სკოლის დახმარების ფონდი, ამ ფონდში შემოსული თანხით კოლექტივმა შეიძინა სკამ-ავეჯი და სასკოლო ნივთები, შეისყიდეს ხის ახალი შენობა, მიუმატეს ძველი შენობის მასალები და მოაწყვეს სასკოლო ოთახები. სოფელში სასწავლო შენობის უკმარისობის გამო ჩემზე გაპიროვნებულ კლასს ვასწავლიდი საკუთარ ოჯახში, ბინის ქირის აუნაზრაურებლად, ვმონაწილეობდი საღამო-წარმოდგენებში, რათა სკოლისა და ხელმოკლე ოჯახებისათვის საჭირო თანხა შემეგროვებინა“.

 30-იანი წლების ქარიშხალი სასკოლო პროცესშიც შეიჭრა. კოლექტივიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის აგიტატორად მასწავლებლებს იყენებდნენ, ასევე მათ უნდა ემხილებინათ ის ხალსი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების წარმატებით მშენებლობაში ხელს უშლიდნენ.
სოფელში ამ პერიოდში შეინიშნებოდა დეზერტირობა მოსახლეობის ერთი ნაწილის მხრიდან, ყოფილი კულაკები და საშუალო გლეხები ხალხში უნდობლობას ნერგავდნენ, სკოლასაც ეჭვით უყურებდნენ.
ერთ-ერთი პედაგოგის მოგონებებში ვკითხულობთ: „1932 წელს საკოლმეურნეო ცხოვრების ჩამოყალიბებისათვის სხვებთან ერთად პარტიული სიტყვით აგიტაციას ვეწეოდი, რაშიც ხელს გვიშლიდა კულაკური ნაშთები, ტროცკისტ ჯგუფთა ერთეულები. ჩვენი სოფლიდან მხილებულ პირებს საკუთარ სახლში ვინახავდი, გუშაგად დამაყენეს იარაღით ხელში. პოლიტპატიმრები მემუქრებოდნენ, მაგრამ არ შევშინებულვარ. ასე ეყრებოდა საფუძველი სოფელში კოლექტივიზაციის დამყარებას“. 
იდევნებოდნენ 1937 წელს გადასახლებულთა ოჯახები, მათ შვილებს არ შეეძლოთ კომკავშირელთა და პიონერტა რიგებში ყოფნა. ეძახდნენ ტროცკისტთა ნაშიერებს. სოფლის მასწავლებელი ამ შემთხვევაშიც საოცრად ფრთხილი და თავაზიანი იყო. ზუბის სკოლის კურსდამთავრებულები ვერ გაიხსენებენ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც მასწავლებლის პოლიტიკურ დევნას, ან ზეწოლას უკავშირდება.
თვითმხილველთა და თანამედროვეთა დამოწმებით სკოლამ 37-იანი წლების მარწუხებს ვაჟკაცურად გაუძლო. 
1935 წელს დირექტორ გიორგი ნარსიას შემართებით და დიდი მცდელობით განათლების სამინისტრომ ნება დართო, რომ სოფელში გახსნილიყო არასრული რვაწლიანი სკოლა. დაინიშნენ ახალი მასწავლებლები: მათემატიკოსი დავით ჯანჯღავა, დაწყებითი კლასის მასწავლებელი ვერა ლომაია, ფილოლოგი ვარლამ ჯიქია. აქტიური პედაგოგიური მუშაობისათვის გიორგი ნარსიას მიენიჭა დამკვრელი მასწავლებლის წოდება.
1935 წელს გიორგი ნარსია შეუცვლია სოფელ საჯიჯაოს მკვიდრს თამარ ნანეიშვილს.
1939-1941 წლებში სკოლის დირექტორია ნოე კაკაშვილი, პედაგოგიური კოლექტივის შემადგენლობაში არიან: მათემატიკოსი კონდრატე ქაქუთია, ისტორიკოსი გიორგი (ჟორჟი) ტყებუჩავა, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შალვა ჯობავა სოფელ ხორგიდან. 1941 წელს მამაკაცების უმრავლესობა, ვისაც ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აფერხებდა, საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს. სკოლას დაუდგა უმკაცრესი ჟამი.
განსაკუთრებით დიდი იყო სკოლაში მამაკაცის ავტორიტეტი, დირექტორის შემდეგ ყველაზე აქტიურ როლს სამხედროს მასწავლებელი ასრულებდა. ზუბის სკოლაში ამ ფუნქციას ჯვებე ჯანჯღავა ასრულებდა. მისი აღზრდილები დღესაც მოწიწებითა და რიდით იგონებენ მას.
სამამულო ომის წლებში ხშირად იცვლებოდა სკოლის ხელმძღვანელობა 1942-1945 წლებში. სკოლის დირექტორებად გვევლინებიან:ვარლამ ცეკვავა, ზინა ჩიჩუა, ნუცა ბასილაია, დომნიკა კილასონია.
1940 წლიდან საბჭოთა არმიაში დაიწყო სოფლის მასწავლებელთა გაწვევა. ამავე სკოლის მასწავლებელი ჟორა ტყებუჩავა იხსენებდა: „ომმა მოსკოვში მომისწრო, ვიბრძოდი მოსკოვის ფრონტზე და ვმონაწილეობდი მოსკოვის დაცვაში“.
1947 წლიდან სკოლის დირექტორია ახალგაზრდა ფილოლოგი ნინა ტაბაღუა, რომელიც საჯიჯაოს სკოლიდან გადმოსულა ზუბის სკოლაში. ამ წლებში  სკოლაში მუშაობდნენ: სასწავლო ნაწილის გამგე - ფლორა კუჭავა.მათემატიკის მასწავლებელი - ლიზა ჯიქია, ისტორიკოსი ზინა ჩიჩუა. ფიზკულტურისა და სამხედრო სწავლების პედაგოგი - ხუტა ჯანჯღავა.
შენობა, რომელშიც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ერთსართულიანი იყო, ხისა. სოფლის მცხოვრებთა გადმოცემით, სკოლის მასალა ხიბულაში მოსახლე დადიანთა სასახლის ნაშთებისგან შეუგროვებიათ. ადრე იგი მაია დადიანის ოდა სახლს წარმოადგენდა. სკოლას ჰქონია ნათელი, დიდი სამასწავლებლო, დირექტორისა და სასწავლო ნაწილის გამგის კაბინეტები, ბიბლიოთეკა, სახელოსნო, სასწავლო ოთახები.
სკოლას ჰქონდა სასწავლო-საცდელი ნაკვეთი, მწვანე ნარგავებითა და კულტურული მცენარეებით.
1952 წელს სკოლის დირექტორად დაინიშნა ახალგაზრდა მათემატიკოსი შალვა კემულარია, ხოლო ნინა ტაბაღუა - სასწავლო ნაწილის გამგედ. 1956 (57) წელს შალვა კემულარია გადაიყვანეს ახალი ხიბულის კოლმეურნეობის გამგედ და დირექტორი გახდა პართენ ახალაია, სპეციალობით გეოგრაფი. სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა ბიოლოგიის მასწავლებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ჟუჟუნა კემულარია.
1965 წელს პართენ ნადარაიას დიდი მონდომებით ზუბის რვაწლიანი სკოლა საშუალო სკოლად გადაკეთდა. 1966 წელს სკოლამ პირველი მედალოსანი წარადგინა - ლევან ღვინჯილია. ამჟამად ფილოლოგიის მეცნიერებათა პროფესორი, ფოლკლორისტი და ცნობილი ენათმეცნიერი.
1969 წელს გარდაიცვალა პართენ ახალაია და სკოლის დირექტორად დაინიშნა ქიმიკოსი სერგო ლაშხია. 70-იანი წლებში სკოლაში მუშაობდნენ: ფილოლოგი მიმი დანელია, სილიბისტრო ღვინჯილია, ნინა ტაბაღუა, მარიამ ფაღავა, ისტორიკოსი ზ. ჩიჩუა, ეკატერინე კემულარია, ვერა ლომაია, ციცინო ჯაბურია. 1971 წელს სკოლას კიდევ ერთი ოქროს მედალოსანი კონსტანტინე კემულარია შეემატა.
1972 წელს ს. ლაშხია გადაიყვანეს სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. 1972-1978 წლებში სკოლის დირექტორია გიორგი (ჟორჟი) ღვინჯილია. საოცრად მომთხოვნი და დისციპლინირებული პედაგოგი.
1978 წლის პირველი სექტემბრიდან სკოლას დაუბრუნდა სერგო ლაშხია, რომელიც 2006 წლამდე ღირსეულად უძღვებოდა ზუბის საშუალო სკოლას.
1978 წელს დაპროექტდა სკოლის ახალი ნაგებობა, რომლის მშენებლობა დაიწყო 1979 წელს და დამთავრდა 1980 წელს.
2006 წლის 22 სექტემბრიდან დღემდე ზუბის საჯარო სკოლის დირექტორია, მათემატიკოსი ნინო ჭილაია.