15.10.2019

ცოტნე – რუსთველური გმირი (ცოტნე დადიანის დღე ხობში) - ნინო ვახანია


სამეგრელოში არ ეძებოთ მტერ - აზონი,
უპირველესად სამეგრელო ეს არის ცოტნე.
ელგუჯა მარღია
სამეგრელო რომ ზოგადქართული სივრცის ნაწილია და მთელ საქართველოში მომხდარი ამბების უშუალო მონაწილეც, დღეს ამ ჭეშმარიტებას, საბედნიეროდ, მტკიცება არ სჭირდება. XIX საუკუნეში, როცა დამპყრობელმა გათიშე და იბატონეს პოლიტიკა გამოიყენა და ასე სცადა მეგრელების არაქართველობა ემტკიცებინა, ჩვენმა მამულიშვილებმა თვალი XII საუკუნის საქართველოს, ძლიერ, ერთიან, მდიდარ, თავისუფალ ქვეყანას მიაპყრეს. ის ამხნევებდათ, ის აძლიერებდათ და საბრძოლველადაც ის მაშინდელი ჩვენი ერთიანობა განაწყობდათ. თუ რომელიმე კუთხისთვის ერთი ადამიანის სახელის მისადაგება გახდება საჭირო, სამეგრელო, უყოყმანოდ, უპირველესად ცოტნე დადიანის სახელს მოიხდენს.

12
აგვისტო ჩვენს ისტორიაში ბევრი რამით გამორჩეული დღე აღმოჩნდა - დიდგორის გამარჯვებას რამდენიმე საუკუნის მერე ცოტნეს გმირობა შეემატა სანიშანსვეტო მოვლენად. 12 აგვისტოს საქართველო დიდგორობასაც ზეიმობს და ცოტნეობასაც და ეს სიმბოლურია. წელს, ამ დღეს, ხობში, ცოტნე დადიანის მშობლიურ ქალაქში, ბეჟან ნადარაიას თაოსნობით, სამეცნიერო კონფერენციაც გაიმართა. მანამდე ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა წმინდა ცოტნე აღმსარებლის მოსახსენებლად სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსთან, ჩრდილოეთ-ამერიკის ეპისკოპოს საბასთან და ხობის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
გადმოცემით, აქ, ხობის ტაძარშია ჩვენი ეროვნული გმირის ძვალშესალაგი. აქვეა მისი ფრესკაც. წირვის შემდეგ კულტურისა და რწმენის განვითარების ცენტრში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მიზანი დიდი მამულიშვილის კიდევ ერთხელ გახსენება, მისი ღვაწლისთვის კიდევ ერთხელ პატივის მიგება გახლდათ. მსგავსი შეხვედრებისთვის საგანგებოდ აშენებულ მოზრდილ დარბაზში ხობის ვაჟთა ანსამბლ კოლხეთის ომახიანი ხმები შეგვიძღვა. ანსამბლის წევრებმა ძველთაძველი ხალხური ჰანგებითა თუ ახალი სიმღერებით იმ დღეს კიდევ არაერთხელ დაიპყრეს მსმენელთა გულები და საღამოც მათვე გაასრულეს არაჩვეულებრივად შესრულებული მალანურით. შეხვედრა გახსნა, საზოგადოებას სტუმრები წარუდგინა და იმ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბეჟან ნადარაიამ. განსაკუთრებული ინტერესი მსმენელისა, რა გასაკვირია, როსტომ ჩხეიძისკენ იყო მიქცეული და მანაც, როგორც ყოველთვის, საქმიანი და ემოციური გამოსვლით დაამახსოვრა თავი დამსწრეთ. გთავაზობთ მისი სიტყვის მოკლე ჩანაწერს.
როსტომ ჩხეიძე:
ქართლში იციან ხოლმე თქმა, როცა გამორჩეული დღეა, ეს არის შეგნებული დღეო. დღე ყველა სასწაულია თავისებურად, მაგრამ ხანდახან ერთმანეთს ისე მიეწყობა ჩვეულებრივი, სადაგი დღეები, რომ იქ უნდა ამოვარდეს ერთი და განსაკუთრებულად გაანათოს ჩვენი რეალობა, და დღევანდელი დღე სწორედ ასეთი დღეა - რელიგიურიც და სამოქალაქოც. სახელმწიფო არ ითვლება სახელმწიფოდ, თუ მას არა აქვს სრულფასოვანების შეგნება, თუ მას არა აქვს სურვილი, რომ დადგეს ერად სხვა ერთა შორის. არ შეიძლება, სახელმწიფო იყოს ვინმეს კუდიმდევარი. ხოლო ასეთი, სხვა ქვეყნების ტოლ-სწორი სახელმწიფო აუცილებელია ზნეობრივ საფუძვლებს ემყარებოდეს. ვერც პოლიტიკა ან თუნდ ეკონომიკა ვერ აქცევს მას ასეთად. მარტო ცოტნე დადიანი რომ ვახსენოთ, მისი ბიოგრაფია, უფრო სწორად, ერთი ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, ჩვენ უკვე ვიცით, ვისი შთამომავლები ვართ, ვის გზას ვაგრძელებთ.
თავის დროზე, როცა ცოტნეს ამბავი მოყვა ჟამთააღმწერელმა, მან თქვა, რომ სწორედ ცოტნე და ცოტნესნაირები განსაზღვრავდნენ საქართველოს ბედისწერას. ჟამთააღმწერელი იყო ძალიან სკეპტიკოსი ადამიანი, ხელჩაქნეული, ტკივილებით შეკრული. მიაჩნდა, რომ ღმერთმა ჩვენი ცოდვებისათვის დაგვსაჯა, მაგრამ რადგან არსებობს ცოტნე დადიანი, ყველაფერი შემოტრიალდება სასიკეთოდო.
დღესაც ცოტნეს შარავანდში ვტრიალებთ. მან თავი გადასდო არამარტო მოყვასისთვის, მან თავი გადასდო ქვეყნისთვის, ღირსებისთვის, კაცობისთვის. მართალია, ცოტნეს ბიოგრაფია არ ვიცით, მაგრამ შეიძლება იგი შეივსოს, გაცილებით სხვაგვარად წარმოდგეს, გაცილებით უფრო ფართოდ, გაცილებით უფრო ვრცლად, თუ ჩვენ გულდასმით წავიკითხავთ პავლე ინგოროყვას ნაწერებს.
პავლე ინგოროყვა არის ერთი გამორჩეული სახელი ჩვენი კულტურისა და ლიტერატურის ისტორიაში. იგი ხელფეხშეკრული იყო საბჭოთა ეპოქაში, თუმცა ამ ურთულეს ხანაშიც შეძლო ეკეთებინა უმნიშვნელოვანესი საქმეები. შოთა რუსთაველის ის იუბილე, რომელიც ვიზეიმეთ 1966 წელს, სწორედ პავლე ინგოროყვას იდეით, მისი დადგენილი თარიღით აღნიშნეს. მწერალთა კავშირმა ხელისუფლების დახმარებით მოახერხა ის, რომ პავლე ინგოროყვა მთლიანად ჩამოაშორეს იუბილეს. ეს ის კაცია, რომელმაც შუასაუკუნეების სანოტო ნიშნები აღადგინა, რაც მსოფლიო მნიშვნელობის საქმეა და კიდეც მოჰყვა მაშინ შესაფერისი გამოხმაურება მსოფლიო მასშტაბისა, მაგრამ მერე ისევ ჩაიფერფლა და ჩვენ ვართ ვალდებულები, ხელახლა გავიხსენოთ და მსოფლიოსაც ხელახლა წარვუდგინოთ. პავლე ინგოროყვა ერთადერთი კაცია საქართველოს ისტორიაში, რომელმაც შექმნა ქართული ცივილიზაციის ისტორია. საქართველოს ისტორია, მისი სიმაღლე, სიდიდე მსოფლიო ისტორიის ფონზე აქვს წარმოდგენილი. მისი გიორგი მერჩულე რომ სათანადოდ დაფასებულიყო თავის დროზე, ჩვენ აფხაზეთის მხარეს არ დავკარგავდით.
რუსთაველის ბიოგრაფიის მისეულმა კვლევამ გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა, ზოგიერთები არ უჯერებდნენ პავლე ინგოროყვას, ამბობდნენ, ეს ყველაფერი არის მისი ფანტაზიის ნაყოფიო. თუმცა ამდენი რუსთველოლოგიური ნაშრომი არცერთ სხვა მეცნიერს არა აქვს. ხელახლა გამოიცა ოთხ ტომად. აქ წაიკითხავთ, რა იყო საქართველო თავისი დიდების მწვერვალზე და რა უნდა იყოს, როცა კვლავ შედგება თავისი დიდების მწვერვალზე.
როცა მან თქვა, რომ შოთა რუსთაველი არის ბაგრატიონი, სამეფოს გვერდითა შტოს წარმომადგენელი, ამით ისე აღფრთოვანდა ნიკო მარი, გული დაწყდა, ამისთვის მე უნდა მიმეგნოო. პავლე ინგოროყვა ამტკიცებს, რომ შოთა რუსთაველი იყო კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე. იგი იყო არამარტო დიდებული პოეტი, არამედ დიდი ეროვნული, საზოგადო მოღვაწეც. და იმ დროს, როცა მეფე აღარა ჰყავს საქართველოს, წინამძღოლი ერისა ხდება შოთა რუსთაველი.
რა კავშირი აქვთ შოთა რუსთაველსა და ცოტნე დადიანს? აღმოჩნდა, რომ ცოტნეს ცოლად ჰყავდა რუსთაველის ძმის, ტბელის ასული, პოეტი ქალი ბორენა, რომლის ერთი იამბიკოც ჩვენამდე მოღწეულია. ხობის მონასტერში აღმოჩნდა ჰერეთის საგვარეულო ხატი. ექვთიმე თაყაიშვილმა გამოთქვა დასაბუთებული მოსაზრება, რომ ეს ხატი მეცამეტე საუკუნისა იყო (და არა XI საუკუნისა, როგორც მანამდე მიაჩნდათ), და ამ დასკვნამ პავლე ინგოროყვას მისცა საშუალება, დაედგინა კავშირი ხობსა და რუსთავს შორის. უდავო გახდა, რომ ეს ხატი მზითევში ერგო ბორენას.
პავლე ინგოროყვა იყო საუკეთესო სტილისტი. ასეთი რამ მეცნიერებაში არის იშვიათი. მწერალივით წერდა, ძალიან ექსპრესიულად და ის სურათი აქვს განსაკუთრებული ძალით აღწერილი, ანისში რომ ჩადის ცოტნე და მიეახლება თავის ძმებს და მათ შორის ცოლის ბიძას, შოთა რუსთაველს. უამრავი მასალა, არგუმენტი ამყარებს ამ მოსაზრებას, მაგრამ მოწინააღმდეგეები მაინც ჰყავს (თუმცა სხვა, საწინააღმდეგოს ვერ ამტკიცებენ, უბრალოდ, არ გვჯერაო, ამბობენ) და თავის დროზე, როცა ეს დიდი, უმნიშვნელოვანესი გამოკვლევა გამოქვეყნდა, კოლაუ ნადირაძემ თქვა, რომც არ დამტკიცდეს ამ ამბის ნამდვილობა, თავისთავად ცალკე პოემაა ერთ ოჯახად გამოცხადება რუსთველისა და ცოტნესიო. როგორც აკაკის ნათელაა შესანიშნავი პოემა.
გადაწყვეტილი გვაქვს და აღვასრულებთ, რომ ეს ორი გამორჩეული ქმნილება - პავლე ინგოროყვას გამოკვლევა და აკაკი წერეთლის პოემა გვერდიგვერდ დავბეჭდოთ და ასე გამოვცეთ.
გრიგოლ აბაშიძე იცნობდა ამ ნარკვევს და მისი დამსახურებაა, რომ ეს ნარკვევიცა და პავლე ინგოროყვას სხვა შერისხული თხზულებებიც დაიბეჭდა. და ელოდები ადამიანი, თავის რომანში ცოტნეზე გამოიყენებდა ამ აღმოჩენას, მაგრმ როგორც ჩანს, ვერ მოერია იმას, რომ რუსთველი ჰყოლოდა პერსონაჟად.
და ერთი ნოველაც მინდა ვახსენო. იყო ასეთი კარგი მწერალი, ყარამან კიკვიძე, დღეს დაუფასებელი, მას აქვს ძალიან კარგი ნოველა ცოტნე დადიანზე. აქვე უნდა გავიხსენო შოთა ნიშნიანიძის ლექსიც, რომელიც ეძღვნება იმ ნოინს, რომელიც სულიერად ცოტნეს ტოლი და სწორი აღმოჩნდა და გაათავისუფლა ქართველი ტყვეები ცოტნეს ზნეობრივი გმირობით ატაცებულმა. მტერიც, მისი ღირსეული საქციელიც უნდა დავაფასოთ. ცოტნე დადიანის ფიგურაც სულ სხვანაირად მოჩანს, როცა ვიცით, რომ ის შოთა რუსთველის ოჯახის წევრია. არც ის არის შემთხვევითი, რომ იერუსალიმის აღაპებში გვერდიგვერდ არის მოხსენიებული მათი სახელები.
პავლე ინგოროყვას ეს ნარკვევი დავაფასოთ, როგორც ძვირფასი მონაპოვარი და ვისურვოთ, ადრე თუ გვიან დაიწეროს ის რომანი, ამოზრდილი პავლე ინგოროყვას ნარკვევზე, სადაც მთავარი მოქმედი პირები იქნებიან შოთა რუსთველი და პავლე ინგოროყვა.
ბატონმა როსტომმა საჩუქრად ჩამოიტანა პავლე ინგოროყვას რუსთველოლოგიური ნაშრომების ახლადგამოცემული ოთხტომეულები, რითიც ძალიან გაახარა ადგილობრივნი.
ელგუჯა თავბერიძემ დიდგორობა და ცოტნეობა მოგვილოცა, აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ ეს დღესასწაულები ერთმანეთს ემთხვევაო და განაგრძო:
ყველანი ვთანხმდებით, რომ ცოტნე დადიანის გმირობა ზნეობრივი გმირობაა. თუმცა სკეპტიკოსები ყოველთვის არსებობდნენ, დღესაც არიან. გასული საუკუნის 40-იან წლებში, როცა დიდი ქართველი ისტორიკოსები, სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი ადგენდნენ მოსწავლეთათვის ისტორიის სახელმძღვანელოს, ჭოჭმანობდნენ, შეეტანათ თუ არა სახელმძღვანელოში ცოტნე დადიანის ეპიზოდი. ისინი ფიქრობდნენ, რომ რადგან მხოლოდ ჟამთააღმწერელთან არის ეს ამბავი მოთხრობილი, შეიძლება არც იყოს მართალიო. დღეს არავინ დავობს, რომ ცოტნე ისტორიული, რეალური პიროვნება იყო, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის არამარტო იმ ზნეობრივ გმირობაში, რომელიც ჩაიდინა, არამედ მომდევნო საუკუნეების გადარჩენაშიც. შეუძლებელია ცოტნეს სახებით არ დაინტერესებულიყო პავლე ინგოროყვა. დაინტერესდა და, როგორც მისთვის იყო დამახასიათებელი, ძირისძირობამდე შეისწავლა წყაროები და საოცარ დასკვნამდე მივიდა: აღმოჩნდა, რომ რუსთაველი და ცოტნე დადიანი დამოყვრებული ნათესავები იყვნენ. მათი მოყვრობა უამრავი არგუმენტითაა გამყარებული მეცნიერის მიერ. თუ ვინმეს არ სჯერა, კეთილი ინებოს და სხვა არგუმენტებითა და დოკუმენტებით უარყოს და სხვა დაამტკიცოს.
ერთიანი სახელმწიფოს განწყობას განამტკიცებს ამ ორი დიდი მამულიშვილის მოყვრობა. შოთა და ცოტნე ავსებენ და აერთებენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჰერეთი და საქართველო ერთიანდებიან მაშინ, როცა ქვეყანა უკვე მონღოლების ხელშია. აქ გამოვლინდა ერთიანი საქართველოს სული, ერთიანი სახელმწიფოს განწყობა, რომელიც წინა საუკუნეებში გვქონდა. რუსთაველი და დადიანი ამ ერთიანობას ავსებენ. შოთას ბაგრატიონობა და ცოტნეს დანათესავება აერთებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს.
მესმის, რა ძნელი იქნებოდა გრიგოლ აბაშიძისთვის რომანში პერსონაჟად რუსთაველის შემოყვანა. ურთულესი საქმეა და მაინც, ვფიქრობ, გამოჩნდება ისეთი მწერალი, რომელიც შოთას და ცოტნეს გამოიყვანს პერსონაჟებად. პავლე ინგოროყვას აზრით, რუსთაველი არამარტო გენიალური პოეტი, ასეთივე გენიალური პოლიტიკოსიც იყო, ცოტნე დადიანთან ერთად. მათ შექმნეს ეპოქა, მათ შექმნეს ის განწყობა, რომ მონღოლს დაეხია უკან.
მონღოლს რომ უკან დაახევინო, ადვილი არ არის და ცოტნემ ეს შეძლო. კი ვახსენებთ იმ სახედაღრეჯილ მონღოლს, გმირობისა და ვაჟკაცობის უებრო მცოდნეს, მაგრამ მის წინ უნდა იდგეს ცოტნე დადიანი, მთასავით ცამდე ასული, შეუდრეკელი, ვაჟკაცობის უაღრესად გამომხატველი, თორემ სხვანაირად მონღოლს ვერ შეათრთოლებდა. დიდი ერები დიდ ადამიანებს აკავშირებენ ერთმანეთთან, ჩვენ კი ჩვენსას ვერ ვუვლით.
ფილმში პირველი მერცხალი აბა ულა გაჟღერდა საქართველოს ჰიმნად და ეს პავლე ინგოროყვას დამსახურება მგონია, მისი რჩევით ჩართული ამ კინოსურათში, დაპყრობილი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდა და ამას ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. კოლონიზაციის პირობებში პირველად ერთ-ერთ რესტორანში შალვა დადიანის მხოლოდ შენ ერთს გააჟღერეს, როგორც საქართველოს ჰიმნი და მერე იყო ეს ფილმი. პავლე ინგოროყვა გახლდათ მართლაც სწორუპოვარი მეცნიერი, მომავალშიც მის აზრებს ბევრჯერ დაისაჭიროებს საქართველო. მისი ნაშრომები ხვალ და ზეგ უფრო დაფასდება და აუცილებლად ვიხილავთ შოთასა და ცოტნეს რომანის, ნოველის, პიესის პერსონაჟებად, ლექსების ლირიკულ გმირებად სწორედაც ერთად, პავლე ინგოროყვას მონიშნული გზით უნდა გამდიდრდეს სიტყვაკაზმული მწერლობა. ეს ჩვენი მისიაა.
მე ვთქვი, რომ რუსთაველისა და ცოტნეს ნათესაობა ჩვენთვის ხელშესახებს ხდის ახალგაზრდა დადიანის გმირობის არსს, გასაგები ხდება, რომ რუსთველური შეგონებანი მოყვასისთვის თავგანწირვის შესახებ ცოტნეს შინაურულ წრე-გარემოში ექნებოდა შეთვისებული და ამდენად, სისხლსა და ხორცში გამჯდარი. მაშ ცოტნე არამარტო ზნეობრივი სიმაღლისა და ჭირში გაუტეხელობის სიმბოლოა, არამედ ძალდაუტანებლად იგივდება თამარისდროინდელ საქართველოსთანაც და ჩვენი, ასე ვთქვათ, უბორკილო დღის სიმბოლოც გახლავთ.
გამოვთქვი რწმენა იმისა, რომ რაკი იყო, ესე იგი ახლაც არის და მომავალშიც აუცილელად იქნება, არასოდეს გაქრება რწმენისთვის, სამშობლოსთვის, მოყვრისთვის თავგანწირვის იდეა.
ვახსენე აკაკი წერეთლის ნათელაც, რომელშიც აშკარად ჩანს, ცოტნეს მეუღლის განსაკუთრებულობა. ცხადია, პოეტმა ზეპირი გადმოცემებით რაღაც უსათუოდ იცოდა ამ ქალის გამორჩეულობის შესახებ. სხვა გამომსვლელთა მსგავსად, მეც ისეთი განცდა მაქვს, რომ ქართული ლიტერატურა ჯერ კიდევ ვალშია ცოტნე დადიანის სახელის წინაშე.
ივანე ამირხანაშვილმა იმით დაიწყო, რომ თავისი ნახევრადხობელობა აღნიშნა. ოცი წლის წინათ დაწყებულა მისი ურთიერთობა ამ ქალაქთან, ხობის საპატიო მოქალაქედაც აურჩევიათ. მთელმა ჩემმა საახლობლომ, სამეგობრომ იცის, როგორ ვამაყობ ამითიო, - ბრძანა ბატონმა ივანემ და საუბარი დაახლოებით ასე ააწყო:
რამ წარმოშვა ცოტნეს გმირობა, უცნაური მოვლენა, რომელიც ჟამთააღმწერელმა დაგვიტოვა? მე ვფიქრობ, კულტურამ. ცოტნე კულტურული გმირია. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, მხოლოდ ინტელექტის კარნახით შეიძლება ასე მოქმედება. ასეთი გმირობა სწორედ რუსთაველის დროს უნდა ჩაედინათ, ცოტნე რუსთველური გმირია, იმ იდეოლოგიის წარმომადგენელია, რომელსაც ქადაგებს რუსთაველი, რომელსაც წარმოადგენენ ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი და რომელიც თამარის სამეფო კარზე შემუშავდა. მისი სრულყოფილი გამოხატულება ხომ ვეფხისტყაოსანში გვაქვს. კულტურა გლობალური მოვლენაა. იგი უცებ არ წარმოიშობა, ყანასავით ვერ დათესავ, რომ უცებ ამოვიდეს. მისი ჩამოყალიბება შორეულ წარსულში დაიწყო, ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელის დროს, ქართული ეკლესია- მონასტრებით დაიწყო ახალი კულტურის დამკვიდრება. მანამდე, როგორც ჩანს, ნერსე ერისთავმა დაამუშავა ეს გეგმა. ამ ინტელექტუალური გმირობის წარმომადგენელია ცოტნე.
ამ პერიოდში საქართველოსა და ევროპაში ერთდოულად ვითარდება კულტურა. საქართველო და ევროპა სრულ უნისონში არიან. ქართული ქრისტიანული კულტურა და ევროპული ქრისტიანული კულტურა ერთი მოვლენაა. მინდა გავიხსენო დამიანეს მხატვრობა, მართალია, ცოტა მოგვიანო ხანაა, მაგრამ იგი გამოხატავს იტალიური აღორძინების სულისკვეთებას. ჩვენი ტაძრების მოხატულობებიც ხომ მაღალი კულტურის შედეგი და ნიმუშია. მომავალში რა გადაარჩენს საქართველოს? დარწმუნებული ვარ - კულტურა.
მაღალმა კულტურამ წარმოშვა ის სულიერება, რომელიც ეკლესიაში დაიწყო და დღესაც ეკლესიაში გრძელდება.
გრიგოლ აბაშიძის რომანში ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება იტალიაში ფერწერას სწავლობს ქართველი მხატვარი, სამეგრელოდან... პირველად როცა წავიკითხე, მაშინ ძალიან უცნაურად მომეჩვენა. მხატვარი გივი თოიძე ხუმრობს ხოლმე და მეც მივბაძავ და გავიმეორებ, იტალიური აღორძინების დამწყები, ჯოტო, რომლის ბიოგრაფიის შესახებ არაფერი ვიცით, ალბათ, აქაური, სამეგრელოდან წასული კაცია - ჯოტო ბონდოს ძე. ეს ნახევრად ხუმრობით.
საქართველოს ერთიანობა გამოხატა რუსთაველმა და ზნეობრივ-მორალური კუთხით განამტკიცა ცოტნემ.
სამეგრელო-ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია:
ისტორიის გააზრება გვაძლევს იმის საშუალებას, წარსულით განვჭვრიტოთ მომავალი. ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოები გადასახედია. ბევრი რამ ხელახლაა დასაწერი. დავით აღმაშენებელმა მოახერხა საერო და სასულიერო ხელისუფლების ფორმირება. მისი აღმზრდელი ჭყონდიდელი გახლდათ. ცოტნეს დროს კი ყველაფერი დაკნინდა, გადაგვარდა. ცოტნემ მოგვცა მაგალითი იმისა, თუ რა არის ნამდვილი საქართველო. გრიგოლ აბაშიძემ თავის რომანში აღწერა, როგორ აგებენ ფლოტს სამეგრელოში. საინტერესო ამბავია. საქართველოს ნაოსნობის ისტორია არ არის შესასწავლილი სრულად. როგორც ჩანს, დიდი და მნიშვნელოვანი ფლოტი გვქონდა. დასავლეთის კულტურასთან საქართველოს ჰქონდა მჭიდრო კავშირი. ევროპისკენ მიმავალი ბათო ყაენი და მონღოლები შეაჩერა საქართველომ. დღეს ევროპისკენ გზა გახსნილი გვაქვს. ცოტნე იქით მიგვიძღვის სწორედ.
მეუფე გრიგოლმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს, აღნიშნა, თქვენმა მადლიანმა სიტყვამ ძალიან დაამშვენა დღევანდელი დღეო, და თვითონაც სწორედ რომ მადლიანი სიტყვა გვითხრა (ჯერ ტაძარში და მერე უკვე დარბაზში):
ცოტნე არ არის წარსული. ის აწმყო და მომავალია. თუ წარსულად დარჩება, წაიშლება რუკიდანაც და ცივილიზაციის ისტორიიდანაც. ჩვენი ამოცანაა, რომ გავაცნობიეროთ, ვისი შთამომავლები ვართ და რა გვევალება... გვჭირდება სერიოზული იმპულსი, სერიოზული სულიერი ენერგია ამ დაბნეულობის ჟამს. საქართველოს ადგილი, რა თქმა უნდა, ევროპაშია.
ერმა და ბერმა ერთად უნდა ვაშენოთ მომავალი იმ გრძნობით, რასაც სამშობლოსა და მოყვასის სიყვარული ჰქვია. საქართველოს ეკლესია არ გაუცრუებს თავის სულიერ შვილებს იმედებს.
ახლა, ამ წუთში ცოტნე აქ არის, ჩვენ შორისაა.
როსტომ ჩხეიძის რეპლიკა:
რუსთაველიც აქ არის.
მეუფე გრიგოლი ეთანხმება და განაგრძობს: მათი შრომის შედეგია ის, რომ დღეს ამ თემებზე ვსაუბრობთ და მომავალზე ვართ ორიენტირებულნი.
დარბაზიდან გამოსულთ მეგრული სტუმართმოყვარეობის შესაფერისი ტრაპეზი გველოდა. ცხელოდა 12 აგვისტოს ხობში. ანა კალანდაძის ლექსის პერიფრაზი ამეკვიატა: ასეთი მწველი მზე თუ იყო მაშინ, ოდეს ანისში ქართველი შეთქმულები აწამეს? ამქვეყნად ყველაფერი ქრება და მხოლოდ მზე, ზღვა და მიწა რჩება?.. და კიდევ გამორჩეული, უჩვეულო საქციელია უკვდავი და მარადიული, ყველა ეპოქასა თუ ყველა თაობასთან უხილავი ძაფით გადაბმული და გადაჯაჭვული.
წყარო: გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა N201, 2019 წელი