18.02.2022

ქორწილის ტრადიცია და ქურდების დასჯა გაშფერდში

 სოფელი გაშფერდი (სამეგრელო)

სოფელ გაშფერდის მცხოვრებლებს მოსვენებას არ აძლევდნენ მეზობელ სოფლის ქურდები. გაშფერდელებმა დიდი ხანია იცოდნენ, ვინ იყვნენ ეს ვაჟბატონები. საცა რიგი იყო, გააგებიეს, მაგრამ ვერაფერი გაარიგეს. სიარული მოსწყინდათ, თავიანთ ბედ-იღბალს მუნჯურად ემორჩილებოდნენ. ავაზაკები სულ გათამამდნენ. მარტო ქურდობა არ აკმარეს. ძველებურ ბატონებივით გლეხებს შინაურ სამუშავოსაც ავალებდნენ. 

სეფა სამეგრელოში. მეცხრამეტე საუკუნე (მურიეს ნახატი)

  ვინც არ ემორჩილებოდა, სიცოცხლეს უმწარებდნენ. ზაფხულში ერთს გამოჩენილ ქურდს გაშფერდლები ყანის დასამუშავებლად გამოეწვია. ზოგი მისულა, ზოგი არა. ვინც მივიდა, იმათთვის ქურდს სადილად ძროხა დაუკლავს. სადილობის დროს მასპინძელს ღვინო აუღია და უთქვამს: კარგი, თქვენ რომ თქვენი ვალდებულება აასრულეთ; ვაი იმათ დღეს, ვინც არ დამეხმარა ყანის დასამუშავებლადაო. იმ ღამეს სოფ. გაშფერდში ორი უღელი ხარი დაიკარგა. დაკარგულის პატრონები მისულან ქურდთან. ქურდს ეთქვა: გუშინ ყანა რომ არ დამიმუშავეთ, ეს იმიტომ დაგემართათ; ოც-ოც მანეთს თუ მოიტანთ უღელ ხარში, მოგცემთ, თუ არა, არ შემიძლიაო. ძლივს თხუთმეტ-თხუთმეტ მანეთად გამოიხსნეს. მეორე ღამეს ცხენს რკინის ბორკილი ააკრეს. ქურდებმა პატრონს ოთხი თუმანი მოსთხოვეს. პატრონმა ფული ვერ იშოვა, ცხენი გადაკარგეს. ბოლოს ქურდები ისე გავარჯიშდნენ, რომ საჯაროდ იძახდნენ: გაშფერდელებს ხარებსა და ცხენებს კი არა, ცოლებსაც მოვპარავთო... ასეთმა თავხედობამ  გაშფერდლები მოთმინებიდან გამოიყვანა. შეგროვდნენ და გადასწყვიტეს: ქურდებს ჩვენც წავართვათ, თუ ჩვენი დაგვიბრუნოს, მივცეთ, თუ არა, ნურც ჩვენ მივცემთო. ღამე თუ ჩვენ სოფელში ვნახოთ ეს ქურდები, ვცემოთ, ახლა რომ გვჭირს, ამაზე უარესი რა დაგვემართებაო. ბოლოს გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანეს. წაართვეს ქურდებს: ცხენი, ხარი, კამბეჩი. ერთს კიდევ სცემეს. ქურდებმა ეს იწყინეს, როგორ თუ ჩვენ რამე გაგვიბედესო და დაეცნენ. გაშფერდელებიც მედგრად დაუხვდნენ. ერთის აზრით გამსჭვალულ გაშფერდელებს ქურდებმა ვერა დააკლეს რა. ამას სხვებმაც მიბაძეს და ამ დროებით ცოტა სიწყნარეა. საკვირველია ასეთი მოქმედება, მაგრამ ვინც ჩვენს ცხობრებას დაუკვირდება, ადვილად, მიჰხვდება, რამ გამოიწვია.

ქორწილი გაშფერდში

ქორწილის „სეზონი“ გათავდა და ცოტა თავისუფლად ამოვისუნთქეთ. სხვისი ქორწილი ბედნიერებაა, ჩვენებისათვის კი ნამდვილი უბედურება. ამას სხვას ვერ დავაბრალებთ, ქორწილში ვპატიჟობთ ვისაც ვიცნობთ და ვისთვისაც გამარჯობა გვითქვამს. ვალში ყელამდე ვძვრებით. გგონიათ ტყუილად ვპატიჟობთ? მართალია, მოპატიჟების ბარათში ვწერთ: დაგვეპატიჟეთ და მობრძანებითა თქვენითა განამხიარულეთ ოჯახი ჩვენი, დავშთებით თქვენი პატივის მცემელი კოსტა ქუჩუიას ძე, ამ სიტყვებში იგულისხმება, გარდასაგდები ორ მანეთზე ნაკლები არ მოიტანოთ, ერთ მანეთს უკანასკნელი ყაზახიც მოგვიტანსო. (ასეა მიღებული, ქორწილში მანეთზე ნაკლები გადასაგდები არ იციან: თუ ცოტა რამე მოყეარეა, ხუთ მანეთიდან ოცდა ხუთ მანეთამდე უნდა მოუტანოს, შეძლებაზეა დამოკიდებული). როცა მოპატიჟების წერილებს ღებულობ (ასეთი წერილები ხშირია ოქტომბერსა და ნოემბრის პირველ ნახევარში), მხიარულების მაგიერ უკმაყოფილება გებადება. სად ვიშოვნო გადასაგდები. ოჯახობა შიმშილით მეხოცება, ის კი მწერს გაამხიარულე ოჯახი ჩვენიო. რომ არ წავიდე, დამემდურება, თუ საჭირო კაცია, გაჭირვების დროს ერთი ორად მაზღვევინებს, მეზობლებიც დამძრახავენ, რა კაცია, ქორწილში არ გამოდისო. გგონიათ მასპინძელი მოგებაშია? იშვიათია ისეთი ქორწილი, მასპინძელს რამდენიმე თუმანი ვალი არ დაედოს, რადგან სტუმარიც და მასპინძელიც ორივე წაგებული, უეჭველში მესამე ვინმე უნდა გებულობდეს. დიაღაც ასე გახლავს! ეს მესამე არის ღვინის და ხორცის ჩარჩები. ასევე სჩადიან ვითომ და განათლებული მღვდლები. ერთ სოფელში მღვდელმა რძალი მოიყვანა და რძალი მოიყვანა და დიდი ქორწილი გამართა. „გოჭარილი“ სამი დღის განმავლობაში  ყუმბარის გრიალით ხუთმეტ ვერსის მანძილზე გაისმოდა. (ეს პატარა ყუმბარა თავად ჩიჩუებს ეკუთვნით; ამბობენ, ყოფილ მთავარის ნაჩუქარიაო; როცა დიდ ქორწილს გამართავენ, ამ ყუმბარას იქირავებენ, ან ინათხოვრებენ. და ქორწილის აღსანიშნავად ისვრიან). მღვდელს 1500 მანეთამდე ხარჯი მოსვლია, შემოსავალი კი 1400 მანეთი ყოფილა. ასეთივე „მოგება“ რჩება სხვებსაც, მაგრამ თავს ვერ ანებებენ.

 „ცნობის ფურცელი“ 1904 წელი

ტოპონიმ „გაშფერდის“ შესახებ

მკვლევარი სანიკიძე ტოპონიმ „გაშფერდს“ უკავშირებს მცხეთა-არმაზის წარმართულ ღვთაებათა სახელებს - გაცისა და გაიმს. ეთნოგრაფ კალისტრატე სამუშიას მოსაზრებით ასეთი სალოცავები აქ არ დასტურდება, არც ზეპირსიტყვიერებისა და არც არქეოლოგიური მასალებით.

კ. სამუშიას მოსაზრებით: „გაშ (ი) ფერდი წარმოქმნილი უნდა იყოს მეგრული სახელის - „გა-ს“ (ურმის ძარას) ფორმის მიხედვით. ვინაიდან ეს ადგილი მდინარე ხობისა და ჭანისწყალის შეერთების ზემოწელზე, სადაც ეს უბანი მდებარეობს, ურმის ძარის (რამის) ფორმას ჰგავს რელიეფური მოყვანილობით.

იოსებ ყიფშიძის მიხედვით, „გაშფერდი“ წარმოქმნილია „გაგაჩის“ ფერდისგან (გაგაჩი მეგრულში ნიშნავს ქედს) - ე.ი. ქედის კალთა (ფერდი).
წყარო: კ. სამუშია - ქართული ზეპირსიტყვიერება (მეგრული ნიმუშები).

17.02.2022

მეგრული ლექსები და გამოცანები - ავტორმთქმელი ლუდუკ ჯგერენაია

 

ცნობილი ფოლკლორისტის, კალისტრატე სამუშიას მიერ, ხობის რაიონის სოფელ თორსაში 1982 წელს ჩაწერილი მეგრული ლექსები და გამოცანები. ავტორმთქმელი ლუდუკ ჯგერენაია.











11.02.2022

ხეთელი პეტრე მეუნარგიას საქმე

 პეტრე პავლეს ძე მეუნარგია, დაიბადა 1888 წელს, ხობის რაიონის სოფელ ხეთაში.

სხვადასხვა დროს, პეტრე მეუნარგია იყო რაისაბჭოს თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომელი, რესპუბლიკის წითელი ჯვრის თავმჯდომარის მოადგილე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 1956 წლის 5-9 მარტს იგი მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მანიფესტაციაში, პირადად შეადგინა 9 ანტისაბჭოთა ბიულეტენი, რომელსაც ავრცელებდა წარწერით - „განთავისუფლების კომიტეტი“. საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეტრე (მაქსიმე) პავლეს-ძე  მეუნარგიას 1956 წლის 12 ივლისს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

პეტრე მეუნარგია გადაასახლეს რუსეთში, მორდვეთის (Мордовия) ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ იავასში მდებარე შრომა-გასწორებით ბანაკ „დუბრავლაგში“. მას იქაც არ შეუწყვეტია საზოგადოებრივი აქტიურობა და მისი ინიციატივით დაარსდა არალეგალური ორგანიზაცია - „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტი“. ამ კომიტეტის მიერ შემუშავებულ იქნა „მომავალი საქართველოს მოწყობის წესდება“.

1957 წლის 5 თებერვალს საფუძველზე, მორდვეთის ასსრ უშიშროების კომიტეტმა მიიღო აგენტურული ინფორმაცია მსჯავრდებული მეუნარგიას, მ. ყიფიანის, ი. კუხიანიძის და იუ. ბიბილეიშვილის შესახებ და 1957 წლის 6 მარტს განხორციელდა მათი ჩხრეკა. მეუნარგია და ყიფიანი თბილისში ჩამოიყვანეს კონვოის თანხლებით.

1957 წლის 28 მაისს, საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის გადაწყვეტილებით, პეტრე მეუნარგიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და 1 თვის თავზე, ის გაიგზავნა იძულებით სამკურნალოდ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს 1958 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მეუნარგიას საქმის სხვა მსჯავრდებულებს მიესაჯათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ისინი კვლავ „დუბრავლაგში“ დააბრუნეს. შეურაცხადად ცნობილი მეუნარგია ჯერ დააბრუნეს ბანაკში, ხოლო ბანაკიდან გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობის მიზნით. 1958 წლის 25 დეკემბრიდან - 1959 წლის 10 მაისის ჩათვლით ის იმყოფებოდა სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საავადმყოფოში, ქალაქ ყაზანში.[7]

საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1959 წლის 18 აპრილს მეუნარგიას გაუუქმდა იძულებითი მკურნალობა და იმავე წლის 10 მაისს იგი გაათავისუფლეს. პეტრე მეუნარგია დაბრუნდა თბილისში, სადაც 1972 წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1990 წელს, პეტრე მეუნარგიას საქმე კიდევ ერთხელ განიხილა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პროკურატურამ. საქმეში ვხვდებით მრავალ საინტერესო დეტალს პეტრე მეუნარგიას 1956 წლის მარტის მოვლენებში მონაწილეობის თაობაზე. გთავაზობთ საქართველოს სსრ პროკურორის, ვ.ა. რაზმაძის 1990 წლის 21 თებერვალს მიწერილს წერილს უზენაესი სასამართლოსადმი, სადაც მისი დასკვნის თანახმად პეტრე მეუნარგიას მოქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა. გთავაზობთ აღნიშნულ წერილის თარგმანს რუსულიდან (სტილი დაცულია):

საქართველოს უშიშროების კომიტეტის ყოფილი არქივი- შსს-ის საარქივო სამმართველო,  I განყოფილება, ფონდი 6, საქმე 5620, ყუთი 10.

საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიას.

მეუნარგია პეტრე პავლეს ძე, დაბადებული 1888 წელს, ხობის რაიონის სოფელ ხეთაში. კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრი 1917 წლიდან, საშუალო განათლებით, დაჯახებული, ადრე ნასამართლევი არ ყოფილა, პენსიონერი, მცხოვრები თბილისში საბჭოთა ქუჩა 185.

იყო გასამართლებული სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 მუხლის პირველი ნაწილით შრომა-გასწორებით ბანაკში 8 წლის ვადით შემდგომში საარჩევნო უფლების ჩამორთმევით 3 წლის ვადით.

გასამართლებამდე მეუნარგია პ.პ. შემოწმდა სასამართლო მედექსპერტების მიერ და ცნობილ იქნა შერაცხადად, და როგორც აღინიშნა დასკვნაში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის დროს (1956 წლის მარტი- აპრილი) შეურაცხადი არ ყოფილა, შეენიშნებოდა მხოლოდ თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის საწყისი გამოვლინება.

1957 წლის 28 მაისს, მეუნარგია პ.პ. განმეორებით შეამოწმა სასამართლო-ფსიქიატრიულმა მედექსპერტიზამ თბილისში, ასათიანის სახელობის სასამართლო ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რის შემდეგადაც ცნობილი იქნა შეურაცხადად.

1957 წლის 28 ივნისს, საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის გადაწყვეტილებით, მეუნარგია პ.პ.-ს მიმართ საქმე შეწყდა და ის გაიგზავნა იძულებით სამკურნალოდ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

1958 წლის 25 აგვისტოს, მეუნარგია შემოწმდა პროფ. სერბსკის სახელობის სასამართლო ფსიქიატრიის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტების მიერ და მის მიერ 1956-1957 წელს ინკრიმინირებული საქმიანობა შეფასდა როგორც შეურაცხადობა, რომელიც ექვემდებარებოდა იძულებით მკურნალობას და იზოლაციას სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

29.09.1958 წელს პროკურატურის პროტესტის შემდეგ, საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ გაუქმდა 1956 წლის 12 ივლისის განაჩენი, რომლის ძალითაც მეუნარგიას მიესაჯა გადასახლება შრომა-გასწორებით ბანაკში 8 წლის ვადით შემდგომში საარჩევნო უფლების ჩამორთმევით 3 წლის ვადით. საქმე გადაიგზავნა სასამართლოში განსახილველად და სამედიცინო ხასიათის ზომების მიღების მიზნით.

1958 წლის 20 ნოემბერს საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებით, მეუნარგია პ.პ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე მოთავსდა სპეციალურ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სამკურნალოდ.

საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს კოლეგიისგანაჩენით მეუნარგია პ.პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მასობრივი არეულობების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში 1956 წლის 8 და 9 მარტს, დაპატიმრების დღემდე სისტემატიურად ადგენდა და უგზავნიდა პარტიულ და საბჭოთა ორგანოებს ანონიმურ წერილებს, რომელიც ატარებდა მკვეთრად ანტისაბჭოთა-ნაციონალისტურ და ცილისმწამებლურ ხასიათს კომუნისტური პარტიის და საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

თავის ანონიმურ წერილებში გამოთქვამდა მწუხარებას, ხალხის მტრის, ბერიას გამოაშკარავების გამო. მასებს მოუწოდებდა საქართველოს გამოყოფას საბჭოთა კავშირისგან.

1956 წლის 8-9 მარტის მასობრივი არეულობების დროს, თავისი სახლის აივნიდან გადმოკიდა დროშა, ცდილობდა გამოსულიყო რადიოთი, თუმცა რიგს აღარ დაელოდა და სახლში წავიდა. აივნიდან იგი არეულების ორგანიზატორებს ამხნევებდა და მოუწოდებდა დაუმორჩილებლობისკენ.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მეუნარგიამ თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა დაადასტურა, რომ თავად ადგენდა და აგზავნიდა ანონიმურ წერილებს.

სასამართლოზე დაიკითხა ერთადერთი მოწმე - ლებანიძე-აგლაძე ნ., რომელმა მეუნარგია დაახასიათა განსაკუთრებით დადებითად, ასევე განმარტა, რომ მას არ უნახავს მეუნარგიას მიერ აივნიდან გადმოკიდებული დროშა და მოწოდებები არეულობების ორგანიზატორთა მიმართ.

თავის მიერ დაწერილ ავტობიოგრაფიაში, წინასწარი გამოძიების დროს, წერილობითი ჩვენებით ის საკუთარ წერილებში და ლექსებში ადიდებდა ლენინს, როგორც „ახალი, განუმეორებელი ცხოვრების შემქმნელ ადამიანს, კაცობრიობის მილიარდობით ნაწილისგან შექმნილს... ის თავით-ფეხებამდე საუცხოო ინტერნაციონალისტი იყო... ის იყო უბრალო და ჰუმანური“ და ა.შ.

ის ასევე განადიდებდა სტალინს, თვლიდა მას თვითნაბად გენიად. „მისი ურთიერთობა ლენინთან და მის გენიასთან იყო ენგელსის და დიადი მარქსის ურთიერთობის პროტოტიპი... ლენინის გზიდან არ გადაუხვევია, თუმცა მას ჰქონდა დიდი და პატარა შეცდომებიც, თუმცა ასეთი ტიტანური საქმე შეცდომების გარეშე ვერ განხორციელდებოდა... მით უმეტეს რომ ყველაფერი კარგად ფასდებოდა, მას ყველა ტაშს უკრავდა, აქებდა, ცამდე აჰყავდათ, ხოლო კრიტიკის უფლებას თავს არავინ აძლევდა მაშინაც კი, როდესაც უხეში შეცდომა გამოაშკარავდებოდა“... მოგვიანებით ის წერდა „იმ ხალხმა, რომელმაც სტალინის პიროვნების კულტი ცამდე აიყვანა, გამოაცხადა ის ბელადად, ბრძენად, გმირად, მარშლად და გენერალისიმუსადაც კი, მისი სიკვდილის შემდეგ ფეხით გათელეს იგი, დაესხნენ მის საქმეს თავს და მიწასთან გაასწორეს, რითაც საკუთარ გადამეტებულ შეფასებებზე თქვეს უარი“.

თავის წერილებში მეუნარგია აკრიტიკებდა საარჩევნო სისტემას, ხალხის გასახლებას საკუთარი კერიდან, აღშფოთებული იყო ძველი ბოლშევიკების შევიწროვებით, კადრების არასწორი დანიშვნით, მოსახლეობის დაბალი პოლიტიკური დონით, გადასახადების დაკისრების არასწორი სისტემით, პრესის ცუდი მუშაობით, დემოკრატიული პრინციპების იგნორირებით და სხვა.

სამართლიან კრიტიკულ გამონათქვამებთან ერთად, ის გადამეტებით აფასებდა სტალინის როლს და ამბობდა „რომ ყველა თანამებრძოლი სტალინის მხარდამხარ მიდიოდა, მუშაობდა მასთან კოლექტიურად, ცამდე აჰყავდა, აქცევდა ზებუნებრივ ადამიანად, ხოლო სანამ ცოცხალი იყო, არავინ არ აკრიტიკებდა და არაფრის შესახებ აფრთხილებდა... მოკვდა დიდებული ადამიანი და მიცვალებულის და მისი ერის დევნა დაიწყო, რისი შედეგიც იყო 9 მარტი - სისხლიანი დღე“.

ანონიმური წერილების შედგენას და გავრცელებას მეუნარგია შემდეგნაირად ხსნიდა: „...მე ამისთვის მქონდა ორი საშუალება - ღიად ან ანონიმურად განმეცხადებინა, მე უფრო მეტად შესაძლებელი ვარიანტი - ანონიმურობა ავირჩიე. ეს იმიტომ, რომ ამ ასაკში თავს ვიკავებდი ციხეში ჩავარდნისგან“.

ანონიმურ წერილებს და ლექსებს მეუნარგია პარტიულ და საბჭოთა ორგანოებში აგზავნიდა „განთავისუფლების კომიტეტის“, „თბილისის ინდუსტრიული მუშაკების ხმის“, „ბიულეტენი 1,2,3“ და სხვა ფსევდონიმებით. ანონიმური წერილები გაიგზავნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში, კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში, უკრაინის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში, ასევე სომხეთშიც, საქართველოს სსრ მწერალთა კავშირში, რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში. ამ ანონიმურ წერილებში მეუნარგია გამოთქვამდა თავის უკმაყოფილებას თბილისში 1956 წლის 8 და 9 მარტს მომხდარი მოვლენების გამო. „1956 წლის 9 მარტს, ველიკორუსეთის დერჟავის უგვირგვინო მეფემ, ნიკოლოზ III(იგულისხმებოდა ნიკოლაი ბულგანინი)დახვრიტა ქართველი ხალხის იმედი და რწმენა. დახვრიტა ათეულობით და ასეული ადამიანი მშვიდობიანი ტრაურის მიტინგზე ხალხთა დიდი ბელადის, სტალინის ძეგლთან, ქალაქ თბილისში, სადაც მიტინგის გარდა დახვრიტეს სტალინის, ლენინის, მაო ძედუნის, კალინინის ორჯონიკიძის და სხვათა პორტრეტები. ამ გაუგონარი სისხლიანი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ათეულობით დახვრეტილს მდინარე მტკვარში ყრიდნენ, ასეთ ცინიზმს არ იცნობს მსოფლიოს ისტორია. სტალინის გამო ნიკოლოზ მესამემ და მისმა ლაქია ნიკიტამ (იგულისხმება ხრუშჩოვი) დახვრიტეს ასეულები. ქართველი ხალხი აღარ მოითმენს დაცინვას ამ ხალხისგან და მოძმე სომეხი ერის გადაგვარებული შვილის (выродок) - მიქოიანისგან (რომელმაც ამიერკავკასიის ლენინი - შაუმიანი გაყიდა).

თავის ანონიმურ წერილებში, განმარტებებში და ლექსებში, მართებული კრიტიკის პარალელურად, რომელიც ეხებოდა საბჭოთა წყობილებას ჩვენს რესპუბლიკაში, ასევე პარტიის ცალკეულ ხელმძღვანელებს და ხელისუფლებას, ის უშვებდა გაუაზრებელ, ტყუილ, არაჯანსაღ, ზედაპირულ განხილვას ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. მისი პირადი შეფასებები, აზრები და შეხედულებები თავისი შინაარსით და მიმართულებით არ ატარებდნენ კ/რევოლუციურ ხასიათს. ამ ანონიმურ წერილებს იგი არ ავრცელებდა მოსახლეობაში, არამედ მიჰქონდა პარტიის და საბჭოთა ორგანოების ხელძღვანელობამდე, თვლიდა რა რომ ისინი გაერკვეოდნენ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებში და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს. ამგვარად, საქმეში არ ფიგურირებს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მეუნარგია პ.პ. მტრულად იყო განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ და ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას. პირიქით, საქმეში არის დამადასტურებელი მონაცემები, რომ იგი იყო ნამდვილი ბოლშევიკი, მთელი ცხოვრება შრომობდა პატიოსნად, კეთილსინდისიერად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვხელმძღვანელობ რა „სსსრ პროკურატურის შესახებ კანონის“  35-ე მუხლით:

გთხოვთ

შეიცვალოს საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს კოლეგიის 1956 წლის 12 ივნისისგანაჩენი და ყველა მომყოლი სასამართლო გადაწყვეტილებები და საქმე პეტრე მეუნარგიას მიმართ შეწყდეს მის მოქმედებებში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

საქართველოს სსრ პროკურორი, ვ.ა. რაზმაძე.

 საერთო ჯამში, პეტრე მეუნარგიამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა თითქმის ორი წელი, 1957 წლის 28 ივნისიდან - 1959 წლის 10 მაისის ჩათვლით. დემონსტრაციაზე დროშის გადმოკიდება და საბჭოთა ხელმძღვანელებისთვის უკმაყოფილების გამომხატველი წერილების წერა მას უმძიმეს სასჯელად დაუჯდა.

ასევე, მეუნარგიას საქმე არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორი დაუნდობელი იყო სტალინის უშუალო მონაწილეობით შექმნილი რეჟიმი იმ ადამიანების მიმართაც კი, ვინც „ბელადს“ განადიდებდა სიცოცხლის ბოლომდე, მათ შორის - პატიმრობაშიც. სტალინის ფიგურის მიმართ ამგვარი პარადოქსული დამოკიდებულება ყოველთვის არსებობდა ქართველ მოსახლეობაში და დღემდეც, სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, სტალინის ფიგურის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი საქართველოშია. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ თავად სტალინის უშუალო მონაწილეობით, მისი მმართველობის პერიოდშივე მისი კულტი მნიშვნელოვნად გადაიჯაჭვა ქართულ ნაციონალიზმთან. სწორედ ამიტომ, დღემდე, საქართველოში იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ეთაყვანება პიროვნებას, რომლის შექმნილი რეჟიმიც ამგვარად დაუნდობელი იყო მისი ყველაზე გულმხურვალე მოკავშირეების მიმართაც კი, არც ისე მცირეა.

წყარო: http://www.idfi.ge/archive/?cat=read_topic&lang=ka&topic=156

10.02.2022

რედუტ-კალე (ყულევი) XIX საუკუნე

 

რედუტ-კალე (ყულევი), 1874 წელი. გრიგოლ გაგარინი – “საქართველოს სურათები”


1854 წლის გრავიურა - რედუტ კალე

მარკა რედუტ-კალე

გემი (3) რედუტ-კალე

რედუტ-კალეს გერბი


"ქარტეხილებს შეჭიდებული" მწერალი ლემზარ გაბელია

 მწერალი და პედაგოგი ლემზარ გაბელია 1950 წლის 28 დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში (ზუბში) დაიბადა. ლ. გაბელიამ 1967 წელს დაამთავრა ზუბის საშუალო სკოლა. 1967-1972 წლებში სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ისტორიისა და ფილოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

ლ. გაბელია 1974 წლამდე მუშაობდა ხამისკურის (საქირიოს) სკოლაში, 1975-1976 წლებში - ზუბის საშუალო სკოლაში, 1977-1981 წ.წ. - ნოჯიხევის პროფესიულ სასწავლებელში, ხოლო 1981-2019 წლებში ქალაქ ხობის N1 საშუალო სკოლაში.

ლ. გაბელია სტუდენტობის წლებში  ქუთაისის მწერალთა კავშირის, ახალგაზრდა მწერალთა სექციის წევრი იყო.

2021 წელს გამოიცა ლემზარ გაბელიას პოეტური კრებული - „უნაპირობა ნაპირად“.


ქარტეხილებს შეჭიდებული

   ლემზარ გაბელია!

   კაცი ნათელი, დარბაისელი, განათლებული, მოაზროვნე, პოეზიასთან შეზრდილი, განსხვავებული აზრებით სხვათაგან განსახვავებული, ზომიერად ამაყი, სიტყვამოზომილი, გაწონასწორებული, თავმდაბალიც!..

   ეს ახლა, ამჟამად!..

    თორემ ახალგაზრდობაში: თავისებური, უცნაური, გაბედული, თავდაჯერებული, კალმახივით აღმა მიმავალი, კამეჩთან მოჭიდავე ხარი, გამჭოლი მზერითა და კვიმატი ენით, მაგრამ შინაგანი კეთილშობილებით!..

   ორმოცდაათი წელი დასჭირდა ამ სახეცვლილებას.

    დიახ! ნახევარი საუკუნე გააშალაშინა დროის მანქანამ და ვერაფერი დააკლო ჩვენს მეგობარს, ვერ გადაახვევინა მრუდე ნაბიჯებით მისი სავალი ბილიკებიდან!

    არანაირი წინააღმდეგობების წინაშე ქედი არასოდეს მოუხრია ზნეობრივად სუფთა სულის კავალერს!

    ღირსება არასოდეს დაუკარგავს ღირსეულს!

    მისთვის ჩვეული ზღვარგადაუსვლელი შემართებით ებრძოდა ყოველგვარ მანკიერს, მიუღებელს... ერთგულებდა ბავშვის სულს!..

     მართალი, ღონიერი სიტყვით მოძღვრავდა ახალგაზრდა თაობას და სანთელ-საკმეველიც მიიკვლევდა თავის გზას ჩუმად... მოკრძალებით!...

     დღეს, ჩვენო ლემზარ, 50 წლის შემდეგ, არნახული სიხარულითა და სიყვარულით მოგესალმებით თანაკურსელი „გოგო-ბიჭები“ და სამზეოზე გამოგვაქვს „ცხელი სისხლივით დანთხეული“ შენი მუხლმაგარი ლექსი - ცხოვრების პრობლემებთან ჯიქურ შეჭიდებული, მაგრამ ფრიად ნაალერსალი და ნასათუთარი!..

     დაე, შენი ძარღვიანი სიტყვა კვლავაც დიდხანს გაისმოდეს ახალგაზრდობის საჩირაღდნედ და ჩვენდა ნუგეშად, „ხობწყარის“ ნაპირებიდან, ლემზარ!

                                                                                                                                              ია ტყაბლაძე

 

                                                          ავტობიოგრაფია (ხელნაწერი)

მათოვარია

მათოვარია, მამაჩემო, დიდი ზამთარი!

ფრთხილად გამოდის უღიმღამო

ძველი სახლიდან,

ამაღამ შენი მოწყენილი,

ცივი საფლავი,

შეიმოსება თეთრი ბატკანის

თბილი მატყლითა.

მათოვარია, მამაჩემო,

სხვა რა გახარო?

ძველი ურემი დავშალოთ და

ახალს შევებით,

სხვა სიხარული დავრგეთ,

მაგრამ ვერ გაიხარა,

კვლავ ძველებურად

 გართულნი ვართ გადარჩენებით.

თურმე, ჭირიდან ათასია გამოსავალი,

ვიღაც მჯდარა და ჩვენს მაგივრად ფიქრებს მიჰქონდა,

მათოვარია, მამაჩემო!

თეთრი ცა არი,

სხვა არაფერი არც მე მსურს და

არც შენ გინდოდა!..

 

 

 

 

 

07.02.2022

დიუბუა დე მონპერე - ხობის მონასტერი (1831-1834 წლები)

 დიუბუა დე მონპერე - ხობის მონასტერი (1831-1834 წლები)

მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე (Marie-Frédéric Dubois de Montpéreux; დ. 28 მაისი, 1798, მოტიე, შვეიცარია — გ. 7 მაისი, 1850, იქვე) — შვეიცარიელი მოგზაური, სიძველეთა მკვლევარი და გეოლოგი. ნევშატელის აკადემიის პროფესორი.

1831-1834 წლებში იმოგზაურა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ყირიმსა და ამიერკავკასიაში. შედეგები გამოაქვეყნა 1839-1845 წლებში, ექვსტომიან ნაშრომში (დიდი ატლასის დართვით), რომელშიც თავმოყრილია ძვირფასი ფაქტობრივი მასალა ქვეყნის ბუნებისა და სიძველეთა შესახებ. დიუბუა დე მონპერე საქართველოს გეოლოგიის პირველი მკვლევარია. მან შენიშნა კავკასიონის კრისტალური სუბსტრატის გამოსავლები დარიალის ხეობასა და აფხაზეთში, აღნიშნა კავკასიონის ნაოჭა სისტემის ახალგაზრდა (გვიანმესამეული) ასაკი და სიმეტრიული აგებულება გარდიგარდმო ჭრილში. აღწერა საქართველოს დანალექი წყებების განამარხებული ფაუნა და შეადგინა საქართველოს პირველი გეოლოგიური რუკა.

დიუბუა დე მონპერე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ხალხთა ისტორიის საკითხებს, ქართულ და სომხურ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. გამოთქვამდა მოსაზრებებს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თავისებურებათა და ისტორიის განვითარების შესახებ. მისი აზრით, ქართული ხუროთმოძღვრება ბიზანტიური და სომხური ხუროთმოძღვრების განშტოება ან ანარეკლი იყო. დიუბუა დე მონპერეს თეორიის სიმცდარე დაამტკიცეს ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა. მიუხედავად იმისა, რომ დიუბუა დე მონპერეს მიერ შემუშავებული კონცეფცია არასწორი იყო, მისი ნაშრომები მნიშვნელოვანია, რადგან მათში მოცემულია შემდგომში დაღუპული ან სახეშეცვლილი ძეგლების აღწერილობები და ჩანახატები.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

04.02.2022

თორსა-დღვაბაში გვარების მიგრაციის ისტორია

  თორსა-დღვაბაში ძირითადად სახლობდნენ წალენჯიხის და ჩხოროწყუს სოფლებიდან ჩამოსული მესაქონლეები. აქ ძველი გვარებია ლატარია, ბუკია, ცაავა. დღეს აქ ცაავები არ ცხოვრობენ. ისინი მოგირსა და ორულუში ცხოვრობდნენ, მაგრამ მიცვალებულებს დღვაბას სასაფლაოზე ასაფლავებდნენ.

ერთ-ერთი ძველი გვარია გულუა. მათი წინაპარი აქ დაახლ. 250 წლის წინ დასახლებულა. გულუების ნაწილი დღესაც აქ სახლობს; ანთიები ჩამოსულან სოფელ ჭკადუაშიდან (ზუგდიდის მუნიციპ.). ოთხი თაობის წინადელი წინაპარი აქ დასახლებულა მესაქონლეობის მიზნით; ლუკავების წინაპარი დაახლ. 80 წლის წინ ჩამოსულა წალენჯიხის რაიონიდან; ქარჩავა ჩამოსულა დაახლოებით 70 წლის წინ სოფელ მოგირიდან (ზუგდიდისმუნიციპ.); ქვარცხავები სოფელ მოგირში ჭოღის თემიდან ჩამოსულან, მათ კავშირი სულ ბოლო დრომდე ჰქონდათ ჭოღელ ქარჩავებთან, ხოლო მოგირელ ქარჩავებთან მჭიდრო ნათესაურ ურთიერთობას დღესაც ინარჩუნებენ, იქ ჰქონიათ საერთო საგვარეულო სალოცავი ქვევრები. აქ მცხოვრები კიდევ ერთი ქარჩავას ოჯახის წინაპარი დაახლ. 150 წლის წინ ჩამოსულა. ის ყაჩაღი ყოფილა და აქ ტყისა და ჭაობიანი ადგილებისათვის შეუფარებია თავი. ჯერ კიდევ 70 წლის წინ მათი წინაპარი საგვარეულო სალოცავზე დადიოდა ჭოღის თემში; ჯგერენაიების წინაპარი ორი ოჯახი ჩამოსულა სოფელ დიდი ჭყონიდან (მარტვილის მუნიციპ.), სავარაუდოდ თამაკონიდან. წინაპართა სოფელთან მისვლა-მოსვლა, მოგვარეებთან ურთიერთობა გადმოცემითაც არ ახსოვთ. სავარაუდოდ, ჩამოსულა ექვსი თაობის უკანდელი წინაპარი. ჩამოსვლის მიზეზი იყო მესაქონლეობა. უჩანეიშვილები დღვაბაში ჩამოსულა სოფელ ნოსირიდან (სენაკის მუნიციპალიტეტი) დაახლ. 150-200 წლის წინ. აქ ჭაობში სახლობდნენ, ჰყოლიათ ბევრი საქონელი. 1912 წელს მოსულა დიდი თოვლი და საქონლის უმრავლესობა დაღუპულა. შემდეგ ისინი თორსას ცენტრთან დასახლებულან; ბერიშვილები ჩამოსულან ძველი აბასთუმნიდან (ზუგდიდის მუნიციპ.) დაახლ. 80 წლის წინ, სიმინდის მოსაყვანად; ქარჩავები ჩამოსულან ჩხოროწუდან დაახლ. 120 წლის წინ. უახლოეს დრომდე დადიოდნე ძირძველ სოფელში ქარჩავების სალოცავში; ტაბუჩას უბანში მცხოვრები ჯიჭონაიების წინაპარი 1936 წელს ჩამოსულა სოფელ ოდიშიდან (ზუგდიდის მუნიციპ.), მესაქონლეობის მიზნით. აქ სამოსახლო უყიდია ლატარიასაგან. ჯიჭონაიებს წინაპართა სოფელთან ახლაც აქვთ ურთიერთობა, მისვლა-მოსვლა სანათესაოსთან ჭირსა და ლხინში; იმავე ტაბუჩას უბანში მცხოვრები ქობალიების წინაპარი დაახლ. 100 წლის წინ ჩამოსულა სოფელ კორცხელიდან (ზუგდიდის მუნიციპ.); ჭითანავები დაახლ. 100 წლის წინ ჩამოსულან სოფელ კირცხიდან (ჩხოროწყუს მუნიციპ.), ხოლო კირცხში _ სოფელ ჩხორიიდან (ზუგდიდის მუნიციპ.). მათ ერთ წინაპარი, გულაია, კარგი მოჭიდავე ყოფილა. მათი სალოცავი ეკლესია ხეთის მიქამგარიო იყო; სოფელ წინაგოლაში (ხეთის თემი, ხობის მუნიციპ.) მცხოვრები ჭითანავები კი ჩამოსულან სოფელ ძველი აბასთუმნიდან (ზუგდიდის მუნიციპ.). სოფელ დიდინეძში (ზუგდიდის მუნიციპ.) ნაკალის უბანში მცხოვრები ჭითანავები ასევე ძველი აბასთუმნიდან ჩამოსულან სოფელ ჭითაწყარში (ზუგდიდის მუნიციპ.). სოფელ მოგირში მცხოვრები ჭითანავებიც მათი ერთ-ერთი შტოა, თორსასა და ხეთის ჭითანავებს მათთან ნათესაობა არა აქვთ; მალიჩავა ჩამოსულა სოფელ ალერტ-კარიდან (ზუგდიდის მუნიციპ.), ერთი მალიჩავა დაახლ. 70 წლის წინ ქირიას ჩაესიძა; დიდინეძის თემის დიხა-გუ-ძუბას უბანში მცხოვრები მაქაცარიები ჩამოსულან ყულიშკარიდან. აქ ჩამოსულა დაახლ. 80 წლის წინ მესაქონლეობის და სიმინდის მოყვანის მიზნით. აქ ძირითადად ძველი მოსახლე გვარებია კუკავები, ზარქუები და ქირიები; გაბედავები მუხურიდან (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) ჩამოსულან დაახლ. 70 წლის წინ სოფელ ხორგაში (ხობის მუნიციპ.), შემდეგ სოფელ დიდინეძში დასახლებულან. ერთი გაბედავა ლატარიას ჩასიძებია; ლომაიების წინაპარი დაახლ. 80 წლის წინ ჩამოსულა სოფელ ხიბულადან (ხობის მუნიციპ.). განკულაკების დროს მათი წინაპრისთვის ბევრი საქონელი ჩამოურთმევიათ, ამიტომ წამოსულა აქეთ მესაქონლეობის აღორძინების მიზნით; ივარდიების

წინაპარი დაახლ. 70 წლის წინ ჩამოსულა სოფელ მენჯიდან (სენაკის მუნიციპ.) მესაქონლეობის

მიზნით, აქ ჩასიძებია ქადარიას. მათ დღესაც აქვთ ნათესაური ურთიერთობა მენჯელ ივარდიებთან, თუმცა, ბოლო დროს ეს კავშირები თანდათანობით შესუსტდა; ლიპარტიები ჩამოსულან სოფელ მენჯიდან, დაახლ. 50 წლის წინ, აქ ჩასიძებია ქადარიას; ფიფიების წინაპარი დაახლ. 80 წლის წინ ჩამოსულა სოფელ ობუჯიდან (წალენჯიხის მუნიციპ.); ბუკიების წინაპრები სოფელ ხორშიდან ჩამოსულან დაახლ. 170 წლის წინ და აქ დასახლებულან მესაქონლეობის მიზნით. იმ დროს აქ გაუვალი ადგილები ყოფილა, ხალხი აქ აქა-იქ ცხოვრობდა თურმე. დაახლ. 70 წლის წინ მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ ურთიერთობა წინაპართა სოფელთან, თუმცა შემდეგ ეს კავშირები გაწყდა; ლატარიები წარმოშობით სვანეთიდან ყოფილან. სამი ძმა ჩამოსულა ლატალიდან და გვარსახელსაც თემის სახელი ლატალი დაედო საფუძვლად. ისინი იქ ჩარკვიანები ყოფილან. ისინი ჯერ სოფელ ხორგაში დასახლებულან. სხვა ვერსიით, ჩარკვიანს ავადმყოფი დედის საზიარებლად მოუყვანია მღვდელი, რომელიც მთვრალი ყოფილა. ზიარების შემდეგ ეს ქალი გარდაცვლილა. მათ მიუჩნევიათ, რომ მღვდლის სიმთვრალე იყო დედის გარდაცვალების მიზეზი, ამიტომ ეს მღვდელი მოუკლავთ, თვითონ კი გამოქცეულან და დასახლებულან ურთაში (ზუგდიდის მუნიციპ.), ურთიდან ჩამოსულან სოფელ ხეთაში, საიდანაც დაახლ. 150 წლის წინ თორსა-დღვაბაში გადმოსახლებულან მესაქონლეობის მიზნით. მათ ეძახდნენ ლატალელ სვანებს და აქედან მოდის გვარი ლატარია. ხეთის მიქამგარიო დაუარსებია ლატარიებს და იქ წარწერაც ყოფილა. ჩარკვიანებსა და ლატარიებს შორის ქორწინება დღესაც აკრძალულია. კიდევ ერთი გადმოცემით, ლატარიები დადიანის ყმები ყოფილან. ადგილ ნატუხურუში (ალბათ ნახუტორუ-..) კამეჩების ჯოგი ჰყოლიათ. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ, 1864 წლის მერე, ლატარიებს აქ მოუთხოვიათ საკუთრებაში მიწა, თუმცა დადიანი არ აძლევდა, ამით განაწყენებულებს დაუწვავთ კამეჩების ფერმა. დადიანს უკან დაუხევია და მათთვის ღელე დღვაბაწყარის პირას მიუცია მიწა. ლატარიებს მუხის მასალით სასაფლაოსთან ეკლესია აუშენებიათ. გასაბჭოების შემდეგ, ეკლესია დაუშლიათ და სკოლა აუშენებიათ თორსაში. შემდეგ ეს სკოლა დაუშლიათ და აუშენებიათ დღვაბას სკოლა, რომელიც დღესაც დგას. ყველა ლატარია ადრე განსახლებული იყო თორსა-დღვაბას უბან ტაბუჩაში. სალატარიოში მცხოვრები ყველა სხვა გვარი ჩასიძებულია ლატარიებზე, ზოგი გაზრდილია ლატარიების მიერ, მაგალითად სიჭინავები, რომლებმაც თავიანთ გვარი შეინარჩუნეს. თორსა-დღვაბას თემში არის 1985 წელს აჭარელი ეკომიგრანტებისთვის დაარსებული ახალი უბანი _ `ოქროს საწმისი~. დღეს აქ აჭარლებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობაც ცხოვრობს, არიან ასევე ზუგდიდიდან და სვანეთიდან ჩამოსულები.

წყარო: „სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა“ 2021 წელი.