30.11.2021

ლექსი ყორათზე

 გთავაზობთ პაოლო იაშვილის ლექსს "ყორათი" და ლეო ქიაჩელის საგაზეთო სტატიას ყორათზე, რომელიც  გამოქვეყნდა გაზეთ "კომუნისტში" 1934 წელს. ყორათი მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე ყოფილა ღელე, რომელიც შემდეგ დიდ არხად აქციეს.

პაოლო იაშვილის ლექსი „ყორათი“

ყორათი

უწინ განა მიწა იყო

ეს მთლიანი ბარდი,

ვინ ნახა და ვინ წაიღო

ამ ბუნების დარდი?

 

რა კაცი არ გაამწარა,

დაუდუნა მაჯა?

ქვეშ ჭაობი, ცა ნაცარა

და მტირალი ყანჩა.

 

არც ნაკვეთი რიგიანი,

რომ მიუდგეს თოხი,

ტყეში ტახი, დინგიანი

დასცურავდა ოხვრით.

 

ქარში უფრო მწარედ კვნესდა

ეს ნაძრახი ჭალა;

ეშინოდა კაცს ამ ტყესთან

წვიმიანში ჩავლა.

 

არც სიმღერა, არც კეთილი

გამარჯვება სადმე.

ხავსი, როგორც დაწყვეტილი

დაფლეთილი ბადე.

 

ვინ ნახავდა მწიფე ხეხილს

ამ დაბალში მაშინ;

ან გულღია, ბეჯით გლეხის

მუშაობას ბაღში.

 

ვინ ისმენდა, ვინ ნახავდა,

ჩანგურის ტკბილ სიმებს,

ამ ჯოჯოხეთს ვინ ახადა

ეს სუდარა მძიმე?

 

შორს, ბოლოში რომ ანთია

მშობლიური დროშა,

ეს ახალი ყორათია,

ეს სოფელი მოსჩანს.

 

კაცი მართლა ლომ-გმირია,

თუ ბორკილი დახსნეს,

ეს დუღაბის ბოგირია,

გადასული არხზე.

 

ვხედავ მიწას არხებიანს

აღარც ხავსი ჰფარავს,

ეს ახალი სახლებია,

რომ ანათებს შარას.

 

გამოჩნდება ეს-ეს არი

ქვის მაღალი ხიდი,

გაღმა დიდი სამწყესარი,

საძოვარი დიდი.

 რა წითელი მდინარეა,

რომ მოსცურავს გაღმა,

ეს ბავშები ვინ არიან,

რომ მღერიან თანხმად.

 ეს სოფელის ნახირია,

სულ წითელი ფერის;

ეს მწყემსები გაჰყვირიან,

ეს ბავშობა მღერის.

 

ეს კოლხიდის სურათია

მწვანეთ მოელვარე,

ეს აღმდგარი ყორათია _

ახალგაზრდა მხარე.

პაოლო იაშვილის ხელნაწერი





 


26.11.2021

ცკ-ის პირველი მდივანი და "მეგრელთა საქმისთვის" გასამართლებული ხორგელი ალიოშა მირცხულავა

 ალიოშა (ალექსანდრე) მირცხულავა დაიბადა 1911 წლის 11 მაისს, ხობის რაიონის სოფელ ხორგაში. დაამთავრა ქ. ზუგდიდის პედაგოგიური ტექნიკუმი 1930 წელს.

1932 წელს ხობის კომკავშირის რაიკომის მდივანია; 1932-1933წწ.საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1933 წელს მცხეთის კომკავშირის პირველი მდივანი; 1935 წელს ხონის კომკავშირის პირველი მდივანი; 1937 წელს საქართველოს კომკავშირის ცკ-ის მეორე მდივანი; 1937-1941 წწ. საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; გენერალ-ლეიტენანტი (1944), 1941-1943 წწ. აფხაზეთის კომპარტიის მეორე მდივანი; 1943-1947წწ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; 1947-1950წწ. უმაღლესი პარტიული სკოლის სტუდენტი; 1950-1952წწ. საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1953 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი;


ალიოშა მირცხულავა კრემლში. ქვედა რიგის შუაში იოსებ სტალინი. პირველ რიგში: 1. ალექსანდრე მირცხულავა, 4. მიხეილ კალინინი, 5. კლიმენტი ვოროშილოვი, 6. სტალინი, 7. ვიაჩესლავ მოლოტოვი, 8. ანდრეი ჟდანოვი, 9. ლაზარე კაგანოვიჩი, 10. ნიკოტა ხრუშჩოვი, 11. გიორგი მალენკოვი

 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს ლავრენტი ბერია, მოსკოვში ძალაუფლების ცენტრი სრულიად შეიცვალა. ამას დომინოს პრინციპით მოყვა ბერიას კადრების დაპატიმრება როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონალურ დონეზეც. ლავრენტი ბერია „ხალხის მტრად“ გამოცხადდა. დაიწყო მისი კლანის წევრების წინააღმდეგ ხანგრძლივი, თითქმის 3 წლიანი სასამართლო პროცესები მოსკოვსა და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში.  19-20.09.1953 პლენუმზე აგრეთვე გადააყენეს ლავრენტი ბერიას კადრი, საქართველოს ცკ-ის პირველი მდივანი ალიოშა მირცხულავა. 1951 წელს, სტალინმა წამოიწყო რეპრესიების ციკლი, რომელიც შემდეგ “მეგრელთა საქმით” გახდა ცნობილი. ერთიმეორის მიყოლებით აპატიმრებდნენ მეგრელებს, რომლებსაც იმ პერიოდში საქართველოში ცენტრალური თანამდებობები ეჭირათ. მათ ბრალი ნაციონალური დაჯგუფების შექმნასა და ღალატში ედებოდათ. დაპატიმრებების სერია 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, შეჩერდა. დაპატიმრებულთა შორის იყო სამი ხობელი: ხობის რაიკომის მდივანი მიხეილ სორდია, ცკ-ის ყოფილი ინსტრუქტორი მარიამ ჭკადუა, ცკ-ის ყოფილი ინსტრუქტორი ალიოშა მირცხულავა. ალიოშა მირცხულავა 1953-1980 წწ. სამეურნეო პასუხისმგებელ სამუშაოზეა: იყო ჩაქვის ჩაის მეურნეობის დირექტორი, "საქპურტრესტის" მმართველის მოადგილე, გაერთიანება "საქთამბაქოს" ტრესტის მმართველი მსუბუქი მრეწველობის სამინისტროში; 1941-195წწ. დიდი სამამულო ომის პერიოდში, იყო ამიერკავკასიის სამხედრო საბჭოს წევრი, ამავე პერიოდში მუშაობდა ჯერ აფხაზეთის კომკავშირის პირველ მდივნად და შემდგომ აფხაზეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად, ასრულებდა მთავარსარდლობის დავალებებს და ამითი ხელს უწყობდა ჩრდილო კავკასიის განთავისუფლებას ოკუპანტებისაგან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

 ალიოშა მირცხულავა გარდაიცვალა 2009 წლის თებერვალში, 97 წლის ასაკში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

           ღირსების ორდენი

           შრომის ვეტერანი

           სამამულო ომის ვეტერანი

           საპატიო ნიშნის ორდენი

           წითელი ვარსკვლავის ორდენი

           შრომის წითელი დროშის ორდენი

           სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

           ლენინის ორდენი

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მასალები.



25.11.2021

ტარიელ აბრამია - ერთ-ერთი პირველი ხობელი ბოლშევიკი

 

საქ. კ. პ. (ბ) ს- რაიონულმა ორგანიზაციამ მოულოდნელად დაჰკარგა ძველი ბოლშევიკი, ლენინიზმისათვის დაუღალავი მებრძოლი რაი-აღმასკომის თავმჯდომარე ამხ. ტარიელ აბრამია. 

ამხანაგი ტარიელი დაიბადა 1891 წელს უღარიბესი გლეხის ოჯახში. 1913 წ. ის გაიწვიეს ჯარში. ორი წლის შემდეგ მას უსწრებს მსოფლიო ომი კიევში. მონაწილეობდა დასავლეთის, სარაყამის, ახალციხის, ყარსის, არდაგანისა და ართვინის ფრონტებზე.

1917 წ. თებერვლის რევოლუციამ ტარიელს მოუსწრო ტრაპიზონში, იმ ხანებში ის უკვე ჯარში მომუშავე არალეგალური ორგანიზაციის წევრი იყო. აქტიური მონაწილეობა მიიღო ჯარში მომხდარ რევოლუციურ გამოსვლებსა და ჯარის კაცთა აღმასრულებელ კომიტეტის ჩამოყალიბებაში.

კავკასიის ფრონტის დაშლის შემდეგ ის ბრუნდება სოფ. ხორგაში, მაშინ რაიონში დაქსაქსული იყო ორგანიზ. წევრები ამხ. ტარიელი სხვებთან ერთად ახარხებს ორგანიზაციის მტკიცე საფუძვლის ჩაყრას. თავს უყრის ძალებს რაიონის მაშტაბით. კავშირს აბამს სხვა რაიონებში მომუშავე ამხანაგებთან და ემზადება შეტაკებისათვის.

ამხ. ტარიელი ერთ-ერთი აქტიური ხელმძღვანელი და ორგანიზატორი იყო ხობის რაიონში ბოლშევიკური ორგანიზაციისა.

ამხ. ტარიელს სასტიკად ებრძოდენ მენშევიკები, ის უკან არ იხევდა, ერთი ორად აძლიერებდა მუშაობას, თავს უყრიდა შეიარაღებულ ძალებს. 1918 წელს ის სათავეში უდგება ხობის რაიონის პარტიზანულ რაზმს: იბრძვის ხობში, ნარაზენში, ბაშში, ყულევსა და ხორგაში. მენშევიკურმა ხელისუფლებამ შური იძია მასზე და როცა ჯუღელის დამსჯელი რაზმი ზარბაზნებითა და ტყვიამფრქვევებით ჩამოვიდა სამეგრელოს ბოლშევიკური მოძრაობის ჩასაქრობად, ტარიელის სახლკარი ცეცხლს მისცა. თვითონ ტარიელი გადადის არალეგალურ მდგომარეობაში, ის არ ჰკარგავს გამარჯვების იმედს. ის ისევ პარტიულ მუშაობას ეწევა.   

ასე დაუცხრომელი ბრძოლით გაატარა მან არალეგალური მუშაობის წლები. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან 1921-24 წლამდე იყო ხორგის აღმასკომის თავმჯდომარე,  1924-29 წ. გადაყვანილი იქნა ნოჯიხევის აღმასკომის თავმჯდომარედ, 1920 წელს მას ნიშნავენ ხობის რაიაღმასკომის მიწგანის გამგედ, 1931 წელს მემინდვრეობის რაიკავშირის თავმჯდომარედ, 1931-32 წ. რაი-მილიციის უფროსად. ამის შემდეგ ის ინიშნება რაი-აღმასკომის თავმჯდომარედ, სადაც ის მუშაობდა დღემდე.

ამხანაგი ტარიელი იყო დაუღალავი მტკიცე და ნაცადი ბოლშევიკი. ის უდიდესი ენთუზიაზმით ასრულებდა პარტიისა და ხელისუფლების ყოველგვარ დავალებას. ამხანაგი ტარიელი იყო იშვიათი ადამიანი, ამით დაიმსახურა მან უდიდესი სიყვარული და ავტორიტეტი ხობის რაიონის კოლმერნე და ერთპიროვნულ მშრომელ გლეხობაში. უკანასკნელ დღემდე ის არ მოშორებია თავის საქმეს და ლენინიზმის პრაქტიკულად განხორციელების სადარაჯოზე იდგა, როგორც ბოლშევიკური ძველიგვარდიის უერთგულესი ჯარისკაცი.

დღეს უკვე აღარაა გვყავს ის შეუპოვარი რევოლუციონერი, ის გამოაკლდა ხობის რაიონული ორგანიზაციის რიგებს, მაგრამ მისი ხსოვნა, მისი სამაგალითო ბოლშევიკური სიმტკიცე და პარტიისადმი ერთგულება მუდამ დაუვიწყარი იქნება მისი თანამებრძოლ ამხანაგების ხსოვნაში.

ამხანაგების ჯგუფი: ავქ. შონია, ი ბუბუტეიშვილი, გრ. ბარამია, ნ. ფარცხვანია, ი. აბრამია, პ. მირცხულავა.





გაზეთი „კომუნისტი“ N190, 1934 წ.

11.11.2021

სოფელი ხეთა საქართველოს პროსოპოგრაფიის ბაზაში

 

1881 წელს ბესარიონ ხაბურძანია ზუგდიდის მაზრის სოფელ ხეთის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ხეთის სკოლის მასწავლებელ ბესარიონ ხაბურძანიას შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881 წლის 6 დეკემბერს სოფელ ხეთის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ხაბურძანიამ სკოლის მდგომარეობის შესახებ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოხსენება გაუგზავნა.

1881 წლის 6 დეკემბერს მასწავლებელმა ბესარიონ ხაბურძანიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ ხეთის სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი წიგნები: „ბუნების კარიდაროდნოე სლოვო“, თითოეული 11-11 ეგზემპლარად.

მასწავლებელ ბესარიონ ხაბურძანიას ცნობით, 1881 წლის 6 დეკემბრისთვის სოფელ ხეთის სკოლაში სწავლობდა 29 მოსწავლე ვაჟი და ჯერჯერობით არცერთი ქალი, მათგან ღარიბი იყო 15, რომელთაც არ შეეძლოთ საკუთარი სახსრებით სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების შეძენა.

1881 წლის 6 დეკემბერს სოფელ ხეთის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ხაბურძანიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მის იქ ყოფნაში (1881 წლის მარტიდან) არცერთხელ მიუღიათ. მისი აზრით, შესაძლოა, მისი წინამოადგილეების დროს მიეღოთ წიგნები, რომლებიც ახლაც ჰქონდა სკოლას და იყენებდნენ მოსწავლეებისთვის.

 1897 წლის 11 ნოემბერს გაიმართა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ხეთის სკოლის პედაგოგმა ესტატე შუშანიამ, რომ სკოლას გაუგზავნონ სასკოლო წიგნები და ნივთები. საკითხის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ხეთის სკოლის პედაგოგმა ესტატე შუშანიამ, რომ სკოლას დახმარებოდნენ სასწავლო წიგნებით, რაზედაც გამგეობამ განაცხადა, რომ მხედველობაში მიიღებდნენ პედაგოგის თხოვნას.

1903 წლის 2 ივნისს მიხეილ სტეფანეს ძე გვასალია, ქართულ-მეგრული ეპარქიის ჩარევით, ხეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მღვდლად დაინიშნა.

1905 წლის 3 დეკემბერს მიხეილ სტეფანეს ძე გვასალია ხეთის ნორმალური ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა.

1917 წლის 22 ივნისის გაზეთშიხმა ქართველი ქალისა“ N 11 დაიბეჭდა . ხეთიდან შემომწირველთა სია გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისასასარგებლოდ: ედუქსი კვირკველია, ალექსანდრე ლებონმჟავა, ეფროსინე დავითაია, პარასკევა გვასალია.

1920 წლის 18 აგვისტოს გაზეთერთობისცნობით, სოფელ ხეთის (ზუგდიდის მაზრა) მცხოვრები კოსტა შელიამ განაცხადა, რომ ტოვებდა კომუნისტურ პარტიას, რომლის წევრად ადრეც ითვლებოდა.

წყარო:საქართველოს პროსოპოგრაფია