26.11.2025

ნოჯიხევის რკინიგზის სადგურის ისტორია - სადგური ველზე (1933 წ.)

 რამდენიმე წლის წინად აქ გაშლილი მინდორი ეგდო. აქა-იქ მხოლოდ ეკლის ბუჩქები მოსჩანდა და ამ ბუჩქებში ათასი მიმართულებით მიდიოდა საცალფეხო გზა. გზის გადაღმა ბალახ-ბულახსა და ბუჩქებში კურდღლები კვნეტდნენ კვირტებს და უშიშრად აცმაცუნებდენ ტუჩებს.

გამოხდა ხანი. აქამდე ამოატანა სენაკში _ დაგებულმა რკინის გზის ლიანდაგმა. ლიანდაგს ჩამოჰყვა მაატრებელი, ხოლო მატარებელს კიპირველი მგზავრები.

ორთქლმავალმა პირველად დაიკივლა ამ ველზე. მისი ხმა გაიშალა - ხეობას გაჰყვა, ბარს გადაეფინა და სადღაც მიწვა.

თითქოს ამ მატარებლისა და მგზავრების შესახვედრად გამოექანენ ახლო მთის კალთაში, ან ბარის სოფლის სიმწვანეში მიმოფანტული სახლები.

კურდღლები დაფრთხენ, ისინი შორს, დაიკარგენ, სადღაც... აქ აშენდა: აღმასკომი, სამანქანო-სატრაქტორო სადგური, ფოსტა, ადგილობრივი მეურნეობის ტრესტი, კოოპერატივი, სასადილო, რკინისგზელთა საცხოვრებელი სახლები, აბანო, საპნის ქარხანა .

ამისათვის იბრძოდა ორი დაუღალავი ენტუზიასტი: რაიკომის მდივანი ამხ. გ. ფირცხალაიშვილი და რაიაღმასკომის თავმჯდომარე ამხ. ტ. აბრამია.

ამრიგად ამ ველზე გაჩნდა სადგური ნოჯიხევი. ის აშკარად ეჯიბრება პირდაპირ, ხობიწყლის გაღმა ნაპირზე გაშენებულ ძველ დაბას—ხობს.

მომავალში განზრახულია ძველი დაბის გადმოტანა ნოჯიხევის სადგურზე. მართლაც ნოჯიხევს დიდი უპირატესოა აქვს წაართვას პირველობა ხობს, ვინაიდან სადგური მშვენიერ ადგილას მდებარეობს. აქედან ზღვამდე ორმოცი კილომეტრის მანძილზე. ხელის გულზეა გაშლილი მთელი კოლხეთის დაბლობი.

სწორედ ამ რამდენიმე წლის წინად, პირველ მატარებელს ჩამოჰყვა უცხო ხალხი.

ისი მოდიოდენ რაღაც უცნაური ხელსაწყოებით და ყუთებით დატვირთულები. ბაკანიდან დაბლობისაკენ გადაუხვიეს და მაღალყელიანი ჩექმებით შესტოპეს ჭაობში...

ესენი იყვნენ „კოლხიდმშენის" მიერ კოლხეთის ჭაობების დასაშრობად გამოგზავნილი საბჭოთა ინჟენერები, მიწისმზომელები და ტექნიკოსები.

ეს უცხო სტუმრები აედევნენ ხობიწყლის მარცხენა ნაპირს. ისინი სინჯავდნენ ნიადაგს ზღვის დონიდან, ზომავდენ ჭაობის სივრცეს, გზადაგზა ასობდენ პალოებს რაღაც ციფრების წარწერით, წინ იშვერდენ ხელებს, მიარღვევდენ ტალახს, ლაქაშებით დაფარულ ჭაობს, ღობეებს, სჭრიდენ კოლინდრით დაფარულ ლამაზ ეზოებს და მიემართებოდენ შავი ზღვისაკენ, ძველის-ძველი ქალაქ ყულევისაკენ, სადაც მდინარე ხობიწყალი ერთვის შავ ზღვას. სოფლელები გაოცებული შესცქეროდენ უცხო სტუმრებს. ინჟენერების განმარტებას, რომ ერთი წლის შემდეგ აქედან მდინარის ნაპირას გასწვრივ უნდა გაწოლილიყო საჟენ ნახევრიანი, ზოგან კიდევ უფრო მეტი სიმაღლის დამბა, რომელიც ხობისა და რიონის ნაპირებიდან გადმოხეთქილ წყალს არ ააოხრებინებდა ნათესებსა და მოსახლეობას — ურწმუნოდ და ხელჩაქნევით ხვდებოდენ ზოგიერთები, არ სჯეროდათ ეს სასწაული.

სად გაგონილა ბ-ნო ამხელა სივრცეზე დამბის გაყვანა, ვინ ამთხრის ამდენ მიწას?!. ამას მთელი დუნიაც რომ ჩამორეკონ აქ, ისიც არ ეყოფა, — გაიძახოდენ ზოგიერთები.

არაფერი სჯეროდათ ამ „ზღაპრის“... მხოლოდ იმაზე სწუხდენ, რომ ღობე-გაურღვიეს და კოლინდარი გადაუჯეკნეს ფეხთ...

ერთ დღეს ნოჯიხევის სადგურზე გადმოტვირთეს მანქანის ნაწილები, ავტოები, რკინის ნიჩბები, წერაქვები და ხე-ტყის სააღმშენებლო მასალა...

გაზეთი "დროშა" 1933 წ.







25.11.2025

1910 წელი საქორქიო - საზარელი მკვლელობა

ფოთი. ს. ჭალადიდში (საქორქიო) 2 მარტს, ღამით, ვიღაც ბოროტ-მომქმედები თავს დასხმიან მედუქნე არჩილ წულაიას, ხანჯლით თავი მოუჭრიათ და მუცელი გაუჭრიათ. ეს საზიზღარი მკვლელობა ხალხმა 3 მარტს დილით გაიგო.



დილითვე ჩამოვიდა სენაკიდან ამ საქმის გამო ბოქაული. მან შეკრიბა ხალხი და დილიდან-საღამომდის დატუსაღებული ყავდა. ის სთხოვდა ხალხს ბოროტ-მომქმედთა გაცემას. ამ საქმის გამო ეჭვით დააპატიმრეს ოთხი კაცი. როგორც ამბობენ ეს მხეცური მკვლელობა კერძო ნიადაგზე მომხდარა. ბოროტ მომქმედთ მოკლულ წულაიას დუქნიდან არა წაუღიათრა. მესამე დღეა, რაც სახადმა ხელახლა იჩინა თავი.

"ახალი სხივი" N32, 1910 წ.

24.11.2025

"ცნობის ფურცელი" N262, 1902 წ.

ხობი (სამეგრელო), გასულ წელს, აქაურ ორკლასიან სკოლის ზედამხედველმა ბ-ნმა გაგუამ შეიტანა თხოვნა კავკასიის ფრინველთ მომშენებელ საზოგადოებაში და ითხოვა ხობში დაეარსებინათ ამ საზოგადოების განყოფილება. შეჰყარეს ხობში საზოგადოება, შეიქმნა რჩევა-ლაპარაკი და ბ-ნ ნ. მკურნალის დასწრებით საზოგადოებამ თანხმობა გამოაცხადა: ყოველ ღონისძიებას მივიღებთ ამ საქმის განსახორციელებლადო. იქვე ამოირჩიეს თავმჯდომარე, მისი ამხანაგი, მდივანი და წევრები. ამით საქმე გათავდა.



ბევრჯელ დაწერილა და თქმულა, მონასტრიდამ „ქალაქამდე" მიმავალი გზა არ ვარგაო, მაგრამ ამით არა გამოვიდა რა. საზოგადოებამ ვერ იხმარა ენერგია, რომ თვით მაინც გააკეთოს თავისათვის გზა. მოსწავლე ყმაწვილები იძულებული არიან ორის ვერსის მანძილზე ფეხშიშველა იარონ. იმედი გვაქვს, აქაური ბოქაული, ბ-ნი ჩიქოვანი, ამ საქმის განხორციელებას თვითონ იკისრებს და კიდეც განახორციელებს.
აქეთკენ გამოიარეს ინჟენრებმა, რომელითაც დავალებული აქვთ წარადგინონ ამ მოკლე ხანში ცნობა იმის შესახებ, თუ საითკენ ექმნება მიმართულება სოხუმიდან მომავალ რკინის გზის ლიანდაგს. მათი აზრით, რკინის გზამ უნდა გაიაროს ზუგდიდი, აბასთუმანი, ხობი და სენაკი.

 "ცნობის ფურცელი" N262, 1902 წ.

21.11.2025

პირველი ტრაქტორისტები ხობში - ბიელები ვლადიმერ იოსავა და იპოლიტე შონია

 1928 წლიდან ხობის რაიონის სოფლებში ხარ-კამეჩების ტრაქტორებით ჩანაცვლების პროცესი დაიწყო. „რკინის ხარი“ ანუ „რკინაშ ხოჯი“ ასე უწოდებდნენ სამეგრელოში ‘ფორდზონის“ მარკის პირველ ტრაქტორებს. ამ თემას ეხმიანება ცნობილი მეგრული სიმღერის ტექსტი - „რკინაშ ხოჯი სი ვაგოკო ჭა დო ფურჩა, სკან რკინაშ ბარბალეფს ჯიმალობას ელუოფუჩა...“.

პირველი ტრაქტორი სოფელ ბიაში ვლადიმერ იოსავას და იპოლიტე შონიას შემოუგრუხუნებიათ. ახალგაზრდა ტრაქტორისტები სიამაყით გასცქეროდნენ ტრაქტორის კაბინიდან თანასოფლელებს.

„ტრაქტორის მუხლუხებს ზანზარი გაქონდა, წინა დღესაც ასეთივე გრუხუნით ჩაიარა აქვსენტი კეკუსანძემ და გეზი საჯიჯაოსკენ აიღო. „ ა, აგერ გვეჯე მიქა“ - თითით უჩვენებდნენ ერთმანეთს ერთბაშად აყაყანებული გლეხები“ - წერს პრესა.
მექანიზტორი! არც კი იცოდნენ ამ სიტყვის მნიშვნელობა სოფელში, არც ის, თუ რამხელა საქმეს გააკეთებდა ეს უშველებელი „რკინის ხარი“, იმედით შესცქეროდა კოლმეურნეობის თავმჯდომარე ფილუ შონია ტრაქტორის მიერ გავლებულ პირველ ხნულს.
1933 წლიდან ვ. იოსავა ხობის მტს-ში გადმოიყვანეს და თავისი საქმის მცოდნე, მუყაითი მექანიზატორი 1937 წლიდან სატრაქტორო ბრიგადას ჩაუყენეს სათავეში.
ამიტომაც მთავრობამ 1944 წელს დააჯილდოვა მედლით „კავკასიის დაცვისთვის“, უფრო მოგვიანებით ჯილდოს კვლავ ჯილდო დაემატა - ეს იყო მედალი „შრომითი მამაცობისთვის“.

20.11.2025

ძალიან საინტერესო სტატია 1923 წელს ხობის მონასტრიდან სიწმინდეების გატანის და მონასტრის დარბევის შესახებ

 ხობის (ზუგდ. მაზრა) მონასტრის დახურვა რამდენიმეჯერ სცადეს, მაგრამ ამაოდ. ამან მთელი ხალხი წინააღმდეგობა გამოიწვია. ბოლოს, 19 აპრილს, ხობში ჩამოვიდა: მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე როგავა ორმოცდაათი მილიციონერით. მთელი საზოგადოება მონასტრის გალავანში შეიკრიბა იმ გადაწყვეტილებით, რომ მონასტერი ნებით არ დაენებებია. წინმძღვარს ხალხმა გასღები ჩამოართვა და კეძო პირს მიაბარა.


როგავამ ხალხს აუწყა თავის მოსვლის მიზანი. როგავა გალეშილი იყო და გარკვევით ვერც ლაპარაკობდა და მოითხოვა მონასტრის გასაღები. ხალხმა ერთხმად უარი უთხრა. როგავამ იწყო უშვერი სიტყვებით გინება და მუქარა. მაშინ ხალხის სახელით უბრალო გლეხმა თ. ბიგვავამ თქვა: გვაკმარეთ რაც გვიქენით და გვჭირს, რა ხელი გაქვთ თქვენ ჩვენს სარწმუნოებასთანო, ეკლესიიის გასაღებს არ მოგცემთო. მაშინ როგავამ იშიშვლა რევოლვერი და მივარდა ცოტა მოშორებით მდგომ ბიგვავას. მილიციამ დაუშინა თოფები ხალხს (ცოტა ზევით ისროდენ და მანამ არ შეაჩერეს, სანამ შიშისაგან თავზარდაცემული ხალხი არ გაიფანტა და მონასტრის ეზო არ დასცალეს.

იმ პირმა, რომელსაც გასაღები ჰქონდა მიბარებული შიშით დაუბრუნა კომუნისტებს.ი სინიც შეცვივდენ მონასტერში, ბევრი ხატები და ისტორიული ნაშთები დალეწეს და გააფუჭეს, ბევრიც თითო-თითოთ მოიტაცეს - მაგ. ვერცხლის საზიარებელი 1 კოვზი კომუნისტ მილიციონერს ჩ. შონიას, მიხა კიტიას სახლში რძის დალევის დროს ჯიბიდან ამოუცლია და უხმარია. მე-9 საუკ. ხატი (წაწერებით) დამსხვრეულია. ბევრი ისტორიული ნაშთი - გაპარტახებულია.

ამ გამარჯვებით არ დაკმაყოფილდენ. დააპატიმრეს ოდაათი ქალი და კაცი და ყველა ესენი მონასტრის ბერებიან ერთად - ფეხით ზუგდიდში გარეკეს და ციხეში მოათავსეს. ისი დღესაც იქ იმყოფებიან.

გაზეთი "ჩვენი ერთობა" 1923 წ.


18.11.2025

რევაზ ართილაყვას ლექსი - ქ ა რ ი ა ტ ა

 


ქარიატა, ქარიატა,

ღამეა და ქარია და...

ეს სათუთი თუთარჩელა

დარჩეს ჩვენთან, თუ დარჩება

ქარიატა, ქარია და

 ფიცრულ სახლში ქარი ატანს,

მიწა ზეცის ოდენაა,

ზედ მეგრული ოდებია,

 

ზეცა მიწის ოდენია,

ზედ ვარსკვლავებს მოდენიან,

და ეზოებს გოგონები

 ნიავივით მოსდებიან.

ქარიატა, ქარიატა,

ღამეა და ქარია და

 გასათხოვარს გაულაღდი,

ფრთხილად იყავ ქმარიანთან.

 

ჟურნალი „ჭოროხი“ 1972 წ.

რა ხდებოდა ხობში 1916 წლის ნოემბერში

 ხიბულა

შუამდგომლობა. . ზუგდიდის განყოფილების . . . კითხვის გამავრცელებელი საზ. გამგეობა თხოვნით მიმართავს ქუთაისის გუბერნატორს, რათა ნება დართოს სოფელ ხიბულის მცხოვრებს ავა პლატონ დადიანს ხსენებულ სოფელში დაარსოს უფასო წიგნთსაცავ სამკითხველო.

 


ხეთა

სოფ. ხეთაში (ზუგდ.მაზრა) 22 ნოემბერს სამი შეიარაღებული ავაზაკები გზაში დახვედრიან გლეხ გაბრიელ აბსირიძეს, წაურთმევიათ 55 მანეთი და 73 კაპ. და მიმალულან. როგორც პოლიციელებს გამოურკვევიათ თავდასხმა. ჩაუდენია თადეოზ ბარაკაიას, რომელიც უკვე დააპატიმრეს და გადასცეს სასამართლოს.

 


ხიბულა

 სოფელ ხიბულაში (ზუგდ. მაზრა) 23 ნოემბერს რამოდენიმე შეიარაღებული ავაზაკები თავს დასხმიან ამავე სოფელში მცხოვრებ გლეხს სტეფანე ჯანჯღავას, წაურთმევიათ 30 მანეთი და მიმალულან.

 


ხობი

სოფ. ხობი. (ზუგდიდის მაზრა) ნაჯიხევისა, ხორგისა, სადიდჯეოს, აბასთუმანისა და ხეთის საზოგადოებათ ნება დართეს ამოირჩიონ კომისია ხობში სამეურნეო სკოლის დასაარსებლად.

 


ხორგა

სოფელ ხორგაში (ზუდიდის მაზრა) 27 ნოემბერს, კაჯა დოლბაიას თავს დაესხა ბუხუ გვარამია, რომელსაც პირველის მტრობა ჰქონია და რევოლვერის ტყვიით მძიმეთ დასჭრა. გვარამია მიიმალა.

 


გაზეთი „სამშობლო“ 1916 წ.