30.07.2021

რა მოხდა ხობელი თათარიშვილების ოჯახში, როცა ნოე ჟორდანიას გემმა საქართველო დატოვა

 69 წლის ადა თათარიშვილი საოჯახო ალბომიდან საგულდაგულოდ შენახულ სამ ფოტოს გვიჩვენებს.

"ეს ბებიაა, მარიამ ჭოჭუა. ულამაზესი ქალი იყო. გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. ეს კი ბაბუა, ვლადიმერ თათარიშვილი. მისი მხოლოდ ორი ფოტოა შემორჩენილი. სულ რაღაც 34 წლის იყო, როცა საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა. მოკლეს".

ლადის, როგორც მას შვილიშვილი მოიხსენიებს, საბჭოთა რეჟიმმა ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას თანამოაზრეობა არ აპატია.

"ბაბუა სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ყოფილა. ფიცხი ყოფილა ძალიან. არ ეგუებოდა იმას, რასაც ხედავდა და ექნებოდა წინააღმდეგობდა... თურმე ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო ნოე ჟორდანიასთან. ეს ვიცი, ისევ და ისევ ბებიის ნათქვამი. თურმე ბებიას ძმებს გაუგიათ, რომ ბაბუა ნოე ჟორდანიას უნდა გაჰყოლოდა საზღვარგარეთ.

აი მაშინ, ორსართულიანი სახლი გვქონდა და დაბლა ჰქონდა პატარა ოთახი. ბაბუა ჩაიყვანეს თურმე მოტყუებით ცოლის ძმებმა. სიცილ-ხარხარით ჩაუყვანიათ და ჩაკეტეს ოთახში, რომ არ წაყოლოდა ნოე ჟორდანიას. გაგიჟდა თურმე ბაბუა, რას მიკეთებთ თქვენო. არა, შენ არ დატოვებ ოჯახს, შენ აქ უნდა იყოო. შენ გაარკვევ შენს მდგომარეობას და საქართველო არ უნდა დატოვოო. როცა გემი უკვე მოცილდა შავი ზღვის ნაპირებს და საქართველოს, აი მაშინ გამოუშვეს ბაბუა. ამას სულ აყვედრიდა თურმე, ეს რა გამიკეთეთო".

მოგვიანებით, 1924 წლის აჯანყების შემდეგ, როცა საქართველოს მოსახლეობის ნაწილი არ შეეგუა სახელმწოფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას და საბჭოთა რეჟიმს დაუპირისპირდა, ვლადიმერ თათარიშვილი სახელმწიფოს მტრად გამოაცხადეს. 34 წლის კაცი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი ხობი, ცოლი და 4 შვილი.

"წავიდა ოჩამჩირეში. ბებიაჩემის ძმებს ჰქონდათ პატარა დუქანი და იქ მუშაობდა. აქ მაშინ ძალიან ცუდი სიტუაცია ყოფილა, შეხლა-შემოხლა ყოფილ მენშევიკებსა და შემოსულ მთავრობას, ბოლშევიკებს შორის", - იხსენებს ბებიის მოყოლილ ამბავს ადა თათარიშვილი.

საბჭოთა რეჟიმი აკონტროლებდა როგორც ვლადიმერ თათარიშვილს, ისე მის ოჯახსაც, რომელიც ხობში დატოვა. მოგვიანებით კი, რეჟიმმა საფრთხედ მიიჩნია თათარიშვილების მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა და დაწვა.

"შუა ღამე დაესხნენ თავს. შემოსულა შეიარაღებული ხალხი, აუწიოკებიათ, თურმე რაღაცას ეძებდნენ. შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს წიგნებს და დაწვეს. მაშინ გადაარჩინა 2 წიგნი არ ვიცი მიშა ბიძიამ, არ ვიცი მამაჩემმა. 9 წლის იყო მიშა ბიძია და 7 წლის იყო პაპა".

ადა თათარიშვილი გვეუბნება, რომ ცეცხლს გადარჩენილი გერმანულენოვანი ორი წიგნი, ლაიფციგში და დრეზდენში იყო გამოცემული. ისინი დღეს ვლადიმერ თათარიშვილის ქალიშვილის სახლში, ფოთში ინახება.

ბრძოლას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ვლადიმერ თათარიშვილი ოჩამჩირეშიც განაგრძობს. ნოე ჟორდანიას თანამოაზრეს და "სახელმწიფოს მტერს" დაქირავებული თანამოქალაქე, ვინმე მარღანია დუქანში კლავს.

"თურმე დუქანში მომუშავე პატარა ბიჭმა ბაბუას უთხრა, ლადი ხობიდან მოკითხვა შემოგითვალესო... გამოვიდა თურმე დუქნიდან გახარებული და თქვა ხობელებიდანო? ჩემი ოჯახიდანო? - ვინც მივიდა ამ კაცმა უთხრა, აი საჩუქარი გამოგიგზავნესო და პირდაპირ ნაგანი დაადო და ადგილზე მოკლა. 33 წლის ასაკში დაქვრივდა ბებია. დარჩა 4 შვილი: უფროსი ბიძა, 9 წლის, მამა 7 წლის, მამიდა 5 წლის და უმცროსი ბიძა 3 წლის".
https://www.livepress.ge/ka/sabtcotha-represiebi/article/29158-ra-mokhda-khobeli-thatharishvilebis-ojakhshi-roca-noe-zhordanias-gemma-saqarthvelo-datova-video-.html

ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია - რუმინეთის ორგზის ჩემპიონი მორაგბე ხობიდან

 მორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული ინფრასტრუქტურის პირობებში. დღეს ის კარიერას ევროპაში აგრძელებს. რა გზა გაიარა ქართველმა რაგბისტმა რუმინეთის ჩემპიონობამდე და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამ ყველაფერზე ის "ლაივპრესთან" ინტერვიუში საუბრობს.

ლაივპრესი: პირველ რიგში გაეცანით ჩვენს მკითხველს, ვინ ხართ და როდიდან იწყება იწყება თქვენი სარაგბო კარიერა?
ხვიჩა ჯგერენაია: მე ვარ ხვიჩა ჯგერენაია, რაგბისტი. ჩემი სარაგბო კარიერა დაიწყო 2011 წელს, ქალაქ ხობში. მაშინ 15 წლის ვიყავი. მახსოვს, ძალიან ცუდ პირობებში გვიხდებოდა ვარჯიში. სტადიონზე კი ვვარჯიშობდით, მაგრამ ისეთი გაპარტახებული იყო, სტადიონს ვერც დავარქმევ. არც გასახდელი გვქონდა. იყო ისეთი დღეეები, როცა მარტო 4-5 ბიჭი მოსულა, მაგრამ მაინც ჩაგვიტარებია ვარჯიში.
ლაივპრესი: რატომ გადაწყვიტეთ რაგბის თამაში? ოჯახში ვინმე მისდევდა სპორტის ამ სახეობას?
ხვიჩა ჯგერენაია: რაგბის თამაში გადავწყვიტე იმიტომ, რომ ბავშვობიდან მიზიდავდა სპორტის ეს სახეობა.
ლაივპრესი: უკრაინაში წასვლა რატომ არჩიეთ და არა რომელიმე სხვა ქვეყანაში, სადაც ბევრად განვითარებულია რაგბი?

ხვიჩა ჯგერენაია: უკრაინაში მამაჩემი ცხოვრობდა რამდენიმე წლის განმავლობაში და შემომთავაზა ამ ქვეყანაში ჩასვლა. იმ პერიოდში უკრაინაში უფრო განვითარებული იყო რაგბი, ვიდრე აქ ჩვენთან, ხობში.
ლაივპრესი: თუ ყოფილა თქვენი სარაგბო კარიერის რომელიმე ეტაპზე შემოთავაზება, რომ საქართველოს ნაკრებში გეთამაშათ? ან თუ გაქვთ ამის სურვილი?
ხვიჩა ჯგერენაია: ჯერჯერობით არ ყოფილა შემოთავაზება საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან. როგორც ყველა ქართველი სპორტსმენის ოცნებაა საქართველოს ნაკრებში თამაში, ასევე არის ჩემთვისაც.
ლაივპრესი: რამდენი წელი დაჰყავით უკრაინაში და რომელ გუნდში თამაშობდით ამ ხნის განმავლობაში? როგორ მოხვდით ამ გუნდში?
ხვიჩა ჯგერენაია: უკრაინაში დაახლოებით 8 წელი ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი ადგილობრივ კლუბში "კრედო 63". უკრაინიდან გადავწყვიტე წავსულიყავი ევროპაში და მეცადა ჩემი სარაგბო კარიერის იქ გაგრძელება.

ლაივპრესი: როგორ აღმოჩნდით რუმინეთში და როგორ განვითარდა თქვენი სარაგბო კარიერა ამ ქვეყანაში?

ხვიჩა ჯგერენაია: უკრაინიდან ჩამოვედი რუმინეთში სინჯებზე, ადგილობრივ კლუბ "ბაია მარიში" და ერთი კვირის შემდეგ მოვაწერე ხელი სამწლიან კონტრაქტს. ორჯერ გავხდი რუმინეთის ჩემპიონი, ერთხელ კი რუმინეთის თასი მოვიგე. ამომეწურა კონტრაქტი და გადავწყვიტე წინ წავსულიყავი და ამიტომ შევიცვალე გუნდი. ერთი კვირის წინ ხელი მოვაწერე ახალ, წელიწად-ნახევრიან კონტრაქტს "ტიმოშარას" კლუბთან.

ლაივპრესი: არის თუ არა დიდი კონკურენცია რუმინეთში მორაგბეებს შორის და ამ გამოწვევას როგორ უმკლავდებით?

ხვიჩა ჯგერენაია: კონკურენცია რა თქმა უნდა არის და მე მაქსიმალურად ვცდილობ, შევინარჩუნო აქ ჩემი ადგილი.

ლაივპრესი: ხომ არ ყოფილა შემოთავაზება რუმინეთის ეროვნული ნაკრებიდან და თუ კი, რას ფიქრობთ ამ წინადადებაზე?

ხვიჩა ჯგერენაია: რუმინეთის ნაკრებიდან არის შემოთავაზება, მაგრამ კონტრაქტის თანახმად, ერთი წელი კიდევ უნდა ვითამაშო რუმინეთის ჩემპიონატში. იმისთვის, რომ აქ ნაკრებში მოხვდე, რუმინეთის ჩემპიონატში ხუთი წელი თამაშია საჭირო. მე წინ კიდევ მაქვს წელიწად-ნახევარი.

ლაივპრესი: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ახალ გუნდთან ერთად?

ხვიჩა ჯგერენაია: ჩემი სამომავლო გეგმებია ვარჯიში, ბევრ თამაშში მონაწილეობა და რა თქმა უნდა გამარჯვება.

ლაივპრესი: ახერხებთ საქართველოში ხშირად ჩამოსვლას? რა გენატრებათ აქ ყველაზე მეტად?

ხვიჩა ჯგერენაია: საქართველოში სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ხშირად ჩამოსვლას. აქ ყველაზე მეტად სამეგობრო და ნათესავები მენატრებიან.

ლაივპრესი: ხობში ალბათ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ოცნებობენ რაგბის თამაშზე დიდ გუნდებში. რას ურჩევდით მათ და თქვენ პირადად რა თვისებები დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?

ხვიჩა ჯგერენაია: რა თქმა უნდა, ბევრია ასეთი მოთამაშე, მაგრამ სამწუხაროდ მათ არ აქვთ ქალაქ ხობში ისეთი პირობები, რომ ჩამოყალიბდნენ ნამდვილ რაგბისტებად. პატარებს ვუსურვებდი, რომ უფრო მოინდომონ და დაისახონ მიზნად წარმატება. თუ ასე მოიქცევიან, ყველაფერი გამოუვათ. მთავარია არასდროს არ დანებდნენ. მეც წარმატების მიღწევაში მიზანდასახულობა, მონდომება და დაუზარებლობა დამეხმარა.
https://www.livepress.ge/ka/sporti/article/40283-chemi-ocneba-saqarthvelos-nakrebshi-thamashia-ruminethis-orgzis-chempioni-moragbe-khobidan-foto-.html?fbclid=IwAR2tfgmNLIre1zcOhvZVAq30-pM-P3fRtqg7RgIFuFKobPwx-EeRIY_KUJc

23.07.2021

მანუჩარ ცხადაია - ოლიმპიური თამაშების ხობელი პრიზიორი

სახელოვანი სპორტსმენი მანუჩარ ცხადაია 1985 წლის 19 მარტს დაიბადა ქ. ხობში.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (66, 74, 75კგ)


ტიტულები:

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი - 2012 (66კგ; ლონდონი)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 2009 (66კგ; ჰერნინგი, დანია), 2011 (66კგ; სტამბოლი, თურქეთი)

ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 2012 (74კგ; ბელგრადი, სერბეთი)

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2009 (66კგ; ვილნიუსი, ლიეტუვა)

საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი - 2012 (74კგ; გერმანიის გრან პრი), 2012 (74კგ; დან კოლოვის და ნიკოლა პეტროვის მემორიალი; ბურგასი, ბულგარეთი), 2014 (74კგ; ოქროს გრან პრი)

საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი - 2011 (74კგ; ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას თასი; თბილისი), 2011 (74კგ; ოლეგ კარავაევის მემორიალი), 2013 (74კგ; ოქროს გრან პრი), 2014 (75კგ; ოქროს გრან პრი), 2015 (75კგ; ლუბომირ გეძას თასი)

მანუჩარ ცხადაიას შედეგები 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე:

1/8: პასკალ შტრებელი (შვეიცარია) - 2:0, 5:1

1/4: აშრაფ ელ-ღარაბლი (ეგვიპტე) - 5:0, 1:0

1/2: ტამაშ ლორინცი (უნგრეთი) - 0:3, 0:4

III ადგილისთვის: ფრანკ შტაბლერი (გერმანია) - 1:0, 2:1

               

 

მეორე ადგილი (74კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საერთაშორისო ტურნირი 2012, სოფია, ბულგარეთი

მესამე ადგილი (74კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საერთაშორისო ტურნირი 2013, სომბათჰეი, უნგრეთი

მეორე ადგილი (71კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საერთაშორისო ტურნირი 2014, სომბათჰეი, უნგრეთი

მესამე ადგილი (75კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - გრან პრი პარიზი 2014, პარიზი, საფრანგეთი

მესამე ადგილი (71კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საერთაშორისო ტურნირი (ივანოვიჩის მემორიალი) 2015, ბელგრადი, სერბეთი

მეორე ადგილი (-74 კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2012, ბელგრადი, სერბეთი

მეორე ადგილი (-66 კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2011, სტამბოლი, თურეთი

მეორე ადგილი (-66 კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2009, ჰერნინგი, დანია

მესამე ადგილი (-66 კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2009, ვილნიუსი, ლიტვა

მესამე ადგილი (-66 კგ)

ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშები 2012, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (2009 წელი).

წყარო: http://sport.gov.ge/?pg=sportsman&sid

 

22.07.2021

ნაწყვეტი გური ოტობაიას პოემიდან „ლაზარე“

 აქ სხვებზე უკეთ იციან

ყურის მიგდება თავკაცის,

აქ მთვარიანში სიმინდის

გარჩევაა და კარკაცი,

აქ კურკანტელას სახატედ

მთიების დასი ვარგა ცის,

სხვა ქვეყნის სამოთხეებზე

აქ ვაჟი მამულს არ გაცვლის,

აქ მაცხოვარი ხიბლულა,

მიტომაც ჰქვია ხიბულა.

ნაწყვეტი გური ოტობაიას პოემიდან „ლაზარე“.

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ N60, 2013 წელი


.


ძველ ხიბულაში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში (2018 წ.)

 სოფელი ძველი ხიბულა ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა ნაპირზე, რაიონული ცენტრიდან 24 კმ. მანძილზე მდებარეობს. „ხიბულა“ ძველი და ახალი ხიბულის საერთო სახელი იყო (ახალი ხიბულა, რომელიც საჭოთა პერიოდში რამდენიმე სოფლის გაერთიანებით შეიქმნა, ძველი ხიბულის მოსაზღვრედ, ჭანისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს).

ტოპონიმი „ხიბულა“ მე-17 საუკუნიდან არაერთგზისაა ნახსენები ისტორიულ დოკუმენტებში: 1621 წლის აფხაზეთის საკათალიკოსოს მოსაკრებელთა დავთარში, აფხაზეთის კათალიკოს მალაქია გურიელის მიერ 1619-1621 წ.წ. შედგენილ „მოლაშქრე კაცთა“ ნუსხაში და სხვ.

სოფელში არაერთი ისტორიული ძეგლია: შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე („ჯიხა“), ე.წ. „ნამონასტრალი“, მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, რომელიც ქრისტოფორო კასტელს ჩაუხატავს (ამჟამად მისი კვალი არ ჩანს), „საქარცხიოს“ ნაეკლესიარი („ნაოხვამუ“) და სხვა.

საქველმოქმედო ფონდ „ხიბულას“, რომლის დამფუძნებელია ბ-ნი ჯამბულ ქავთარაძე, გადაწყვეტლი აქვს ე.წ. „საქანთარიოს უბანში“, სასაფლაოს ტერიტორიაზე ააგოს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. იმ ადგილას, სადაც ეკლესიის მშენებლობა იგეგმება, მიწის ზედაპირზე შეინიშნებოდა ქვის კედლის ნაწილი, რომელიც მიჩნეული იყო ნაეკლესიარად (მეგრულად „ნაოხვამუდ“). სოფლის მკვიდთ მამა-პაპისაგან სმენია ამ ადგილას ოდესღაც ეკლესიის არსებობის შესახებ.

ისტორიულ წყაროებში და საარქივო დოკუმენტებში კი ამ ადგილას ეკლესიის არსებობა არ დასტურდება.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის თანახმად მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა. ამ მიზნით საქველმოქმედო ფონდ „ხიბულას“ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს ჯამბულ ქავთარაძესა და ჩვენს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლთაც აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა ჩაგვეტარებინა არქეოლოგიური კვლევა და გაგვეცა სათანადო დასკვნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც ველზე მუშაობდა 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 14 ნოემბრანდე.

ადგილი, რომელსაც „საქანთარიოს ნაოხვამუს“ეძახიან, მდებარეობს ე.წ. „საქანთარიოს უბანში“ იქ, სადაც დღეს ქავთარაძე-ქანთარიების საგვარეულო სასაფლაოა. ის არის პატარა ბორცვი, ბრტყელი თხემით, რომლის ფართობი დაახლოებით 200 კვ. მ-ია (ფოტო 1). გათხრების დაწყებამდე მთელი ეს ტერიტორია ხშირი მცენარეული საფარით, მარავალწლიანი ხეებით, ბუჩქნარითა და ბალახით იყო დაფარული (ფოტო 2,3). ამდენად პირველ რიგში საჭირო იყო მათგან სამუშაო ფართობის განთავისუფელება, რისთვისაც საჭირო შეიქნა ბუჩქნარისა და ძეძვების გაკაფვა, ხეების მოჭრა და ამოძირკვა. მხოლოდ რამდენიმე ხის ამოძირკვა ჩავთვალეთ მიზანშეუწონლად, ვინაიდან ეს ნაგებობას დააზიანებდა.

მცენარეული საფარისაგან ველის განთავისუფლების შემდეგ უფრო მაკაფიოდ გამოიკვეთა დაუმუშავებელი, საშუალო ზომის, კირხსნარიანი ქვების წყობა, რომელიც პირველადი დათვალიერებისასაც ჩანდა (ფოტო 4). ის დამხრობილი იყო დასავლეთიდან აღმისავლეთით (მცირე გადახრით ჩრ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმისავლეთისაკენ), 9,3 მ. მანძილზე, აღმოსავლეთ მხარეს კედელი მორკალულად უხვევდა სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 2, 3 მ. მანძილზე, რამაც გავაფიქრებინა, რომ ეს შესაძლოა ეკლესიის აფსიდა ყოფილიყო.

თვდაპირველად გადაწყვეტილი გვქონდა მხოლოდ ბორცვის თხემის, ანუ იმ ადგილის გათხრა სადაც კედლები ფიქსირდებოდა და სავარაუდოდ ნაეკლესიარი შეიძლება ყოფილიყო. ამ მიზნით აღნიშნული ფართობი დავყავით 2X2 მ. ზომის კვადრატებად და დავნომრეთ „ჭადრაკის დაფის“ პრინციპით ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. სულ მივიღეთ 42 კვადრატი. მოინიშნა მუდვი ნული წერტილი. თუმცა შემდეგ გარემოებათა გამო გასათხრელი ფართობი 896 კვ.მ-მდე, ხოლო თავდაპირველი ბადე 242 კვ.მ-მდე გაიზარდა (ტაბ. I).

კედლის სრულად გამოჩენის მიზნით, მის გაყოლებაზე, ჩრდილოეთით, 1 მ. მანძილზე დავიწყეთ მიწის აღება. გამოჩნდა რიყის ქვების წყობა, რომელიც ვერტიკალურად 4-5 რიგად იყო დაწყობილი და კირხსნარით შედუღაბებული. ეს წყობა ჩრდილოეთის მხრიდან თავიდან ბოლომდე გასდევს კედელს. მისი სიმაღლე 0,5-0,7 მ-მდე მერყეობს. ზოგ ადგილას ეტყობა, რომ ქვები გადმოცვენილია (ტაბ.II; ფოტო 5,6).

ამგვარივე რიყის ქვით არის გამაგრებული ნაგებობის აღმოსავლეთი (აფსიდად მიჩნეული) მხარის ფასადიც (ფოტო 7-9).

ჩვენ მიზანშეუწონლად ჩავთვალეთ კედლისათვის ამ ქვების მოცილება, ვინაიდან იქ ტაძრის მშენებლობა იგეგმება და ძველი კედელი ალბათ მაქსიმალურად უნდა იყოს შენარჩუნებული in situ მდგომარეობაში.

კედლის შიდაპირს შემოვაცალეთ ჩამოცვენილი, ნაყარი ქვები და გამოვაჩინეთ საამშენებლო წყობა. ის შექმნილია დაუმუშავებელი საშუალო ზომის ქვებისაგან და კირხსნარითაა შედუღაბებული ( ტაბ. III, ფოტო 10).

სამწუხაროთ ზემოთაღნიშნული ფესვების გამო, ვერ მოხერხდა კედლის შიდაპირის მთელ სიგრძეზე სრულად გამოჩენა და ეს მხოლოდ მის გარკვეულ მონაკვეთზე იქნა შესაძლებელი. შემორჩენილი კედლის სიმაღლეც და სისქეც 0, 5- დან 0, 7 მ-მდეა (ფოტო 11) .

შემორჩენილია ნაგებობის მხოლოდ ჩრდილოეთის კედელი და აღმოსავლეთი კედელის ნაწილი (ტაბ. I). სამხრეთი და დასვლეთის კედლების კავალი არ დაფიქსირდა. არ ჩანს არავითარი ნიშანი მათი არსებობისა, რაც ორი რამით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული: ან ეს კედლები საერთოდ არ არსებობდა (დაწყებული მშენებლობა ვერ დასრულდა), ან ის მთლიანად, საძირკვლიანადაა დარღვეული, ქვები კი გატანილი. მხოლოდ რამდენიმე ქვა დაფიქსირდა K-3 და N-5,6 კვადრატებში (ტაბ. I).

ჩრდილოეთის კედლის გაყოლებაზე, დასვლეთ მხარეს, კედლის ქვედა დონიდან 0,30-0,35 მ.-ით დაბლა, K-3 – J-3 კვადრატებში დაფიქსირდა ერთ რიგად დაწყობილი, დაუმუშავებელი ქვების წყობა, რომლის სიგრძე 2,5 მ-ს უდრიდა (ტაბ. I; ფოტო 12). კედლიდან სამხრეთით, M-6 –M-9 კვადრატებში დაფიქსირდა ასევე ერთ რიგად და სწორ ხაზად დალაგებული, დაუმუშავებელი ქვების წყობა, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ იყო დამხრობილი და რომლის სიგრძე 3,5, ხოლო სიგანე 0,6-0,7 მ-ს უდრიდა. რა მიზნით დააწყვეს ისინი ძნელი სათქმელია.

ამ წყობის ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოლოში აღმოჩნდა ქაოტურად მიმობნეული ადამიანის ძვლები და რკინის ნივთები - ლურსმნები, დანისპირი, ისრისპირი და სხვ (ტაბ. I; ფოტო 13).

ადამიანის და ცხოველთა ძველები კედლის სამხრეთით კიდევ რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა: I-6 კვადრატში 0 წერილიდან -0,23 მ. დონეზე აღმოჩნდა ადამიანის თავის ქალის ფრაგმენტები, რკინის ოთხკუთხაგანივკვეთიან ლურსმნებთან ერთდ (ტაბ I; ფოტო 14); M-4 –M-5 კვადრატებში 0 წერტილიდან -0,6 მ. დონეზე ქაოტურად მიმობნეული ადამიანის ძველბი (თავის ქალის ფრაგმენტები, ლულოვანი ძველბი და სხვ). დაკრძალვის პოზისა და მიცვალებულთა რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. ინვენტარი უშუალოდ მათ სიახლვეს არ დაფიქსირებულა. ეს დანგრეული სამარხის (ან სამარხების) ნაშთი უნდა იყოს (ტაბ I; ფოტო 15).

ერთადერთი, შედარებით კარგად შენარჩუნებილი ორმოსამარხი (სამარხი №1) აღმოჩნდა ჩრდილოეთის კედლის გარეთ, K-3 კვარატში კედლის ძირიდან -0,5 მ, ხოლო 0 წერტილიდან -1,25 მ. სიღრმეზე. მიცვალებული დამხრობილი იყო დასავლეთოდან (თავით) აღმოსავლეთისაკენ და როგორც ჩანს ქრისტიანული წესით უნდა ყოფილიყო დაკრძალული, თუმცა ძვლების ცუდი დაცულობის გამო პოზის ზუსტი განსაზღვრა ვერ მოხერხდა. სამარხეული ინვენტარი მასში არ აღმოჩენილა (ტაბ I; ფოტო 16).

ადამიანისა და ცხოველის ძვლების ცალკეული ფრაგნენტები ფიქსირდებოდა გასათხრელი ფართობის მთელს ტერიტორიაზე, რაც აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ იქ სამაროვანი უნდა ყოფილიყო.

კედლის სამხრეთ-აღმოსავლეთით D-3 – I-3 კვადრატებში დაფიქსირდა 0,6-0,9 მ. სიგანის, ერთ ფენად დაწყობილი ქვების წყობა, რომლის სიგრძე 9,5 მ-ია (ტაბ I; ფოტო 17).

ასეთივე წყობა დაფიქსირდა კედლის სამხრეთით, D-10, E-11, F-11, H-11 კვადრატებში მისი სიგანეც 0,6-დან 1 მ-მდე მერყეობს ხოლო სიგრძე 8,5 მ-ს უდრის. (ტაბ I; ფოტო 18). ეს წყობა ალბათ რაღაც ტერიტორიის (ეკლესიის ან სასმაროვნის ?) შემოსაზღუდად გააკეთეს, ხოლო დასავლეთის მხარის ღიობი შესაძლოა ტერიტორიაზე შესასვლელი ყოფილიყო.

იმის გასარკვევად იყო თუ არა შემორჩენილი ნაგებობის კედლის ნაშთი სამხრეთით, გავლებულ იქნა 1X2 მ. ზომის ორი საკონტროლო თხრილი K-7,8-L-7-8 და N-7-8 კვადრატებში. მათი სიღმე 0, 5 – 0,7 მ-ია (ტაბ I; ფოტო 19,20), მაგრამ მათში კედლის წყობა არ დაფიქსირებულა, აღმოჩნდა მხოლოდ ადამიანის ძვლები, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და ლურსმნები.

მასალა, რომელიც არქეოლოგიურ ობიექტზე იქნა მოპოვებული, ძირითადად შედგება თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებისაგან, და რკინის კოროზირებული ნივთებისაგან. ვიძლევით რამდენიმე მთგანის აღწერილობას, რომელთა მეშვეობითაც ძეგლის დათარიღებაა შესაძლებელი.

1. ჭურჭლის (სასმისის?) ძირ-გვედის ფრაგმენტი. თიხის, ღია აგურისფერი ზედაპირით, შიდაპირითა და თხელი კეცით. ბრტყელი ძირი ოდნავ გამოყოფილია გვერდისაგან. ძალზე ნატიფადაა ნაკეთები (ტაბ. VII-1; ფოტო 23).

მაქსიმალური h- 3 სმ; ძირის შეორჩენილი d -2,5 სმ; კეცის სისქე - 3 მმ.

2. ჭურჭლის გვერდის ფრაგმენტი. ღია აგურისფერი ზედაპირით, მოყავისფრო შიდაპირითა და ასეთივე ფერის მსხვილმარცვლოვანი, სქელი კეცით. შემოუყვება რელიეფური ზოლი, ნათითურებით დატანილი ორნამენტით. როგორც ჩანს, დიდი დერგის, ან პატარა ქვევრის ფრაგმენტია.

მაქსიმალური h – 8,2 სმ; სიგანე - 5,5 სმ; კეცის სისქე - 1- 1,3 სმ (ტაბ. VII-2; ფოტო 24).

3. ჭურჭლის გვერდის ფრაგმენტი. თიხის, ყავისფერი ზედაპირით, შიდაპირითა და კეცით. ზედა ნაწილი შემკულია რელიეფურ ზოლზე ნათითურებით დატანილი ორნამენტით. როგორც ჩანს დიდი დერგის ან პატარა ქვევრის ფრაგმენტია.

მაქსიმალური h -9 სმ; სიგანე - 11 სმ; კეცის სისქე - 1,5 სმ (ტაბ. VII-3; ფოტო 24).

4. ჭურჭლის (ქოთნის) პირ-ყელის ფრაგმენტი. თიხის, ყავისფერი ზედაპირით, შიდაპირითა და თხელი კეცით. პირი მკვეთრად გადაშლილია, ყელი შეზნექილი.

h- 4 სმ; მაქსიმალური სიგანე - 6 სმ; კეცის სისქე - 0,3 სმ (ფოტო 23).

5. ჭურჭლის ყურის ფრაგმენტი. თიხის, ვარდისფრად გამომწვარი, ასეთივე ფერის მსხვილმარცვლოვანი კეცით, ოთხკუთხაგანივკვეთიანი. დაღარული, ოდნავ მორკალული. როგორც ჩანს დიდი ჭურჭლის (კოკის?) ყური უნდა ყოფილიყო.

h- 10 სმ; d – 2 სმ (ტაბ. VIII-1; ფოტო 23).

6. ჭურჭლის ყურის ფრაგმენტი. ყავისფერი ზედაპირით, შიდაპირითა და კეცით. ოთხკუთხაგანივკვეთიანი. როგორც ჩანს დიდი ჭურჭლის ყური უნდა ყოფილიყო.

h – 10 სმ; სიგანე 2,3 სმ; d – 2 სმ (ტაბ. VIII-2; ფოტო 23).

7. დანისპირი. რკინის, ოდნავ მოხრილი, ცალპირლესული, დაჟანგული.

სიგრძე - 10 სმ; სიფართე - 2 – 2,5 სმ (ტაბ. IX-7; ფოტო 25).

8. ისრისწვერი. რკინის, ოთხკუთხაგანივკვეთიანი, ნაკლული ყუნწით, რომბისებური თავით, დაჟანგული.

h – 5,5 სმ; თავის h -3,5 სმ; თავის სიგანე (ქვედა ნაწილში) – 2,3 სმ (ტაბ. IX-8; ფოტო 25).

9. ლურსმნები (73 ც). ყველა ოთხკუთხაგანივკვეთიანი. მრგავლი და ოთხკუთხედი თავებით.

სხვადასხვა ზომის (17, 15, 12, 8,5, 8, 7, 6,5, 5, 4 სმ) (ტაბ. IX-1-6; ფოტო 26).

ნაგებობის დანიშნულების ზუსტი განსაზღვრა ძალზე ძნელია. მხოლოდ ორი და ისიც ნაწილობრივ შემორჩენილი კედელი (ტაბ. II,IV,V,VI; ფოტო 21,22) ამის საშუალებას არ იძლევა. ის, რომ ერთი (ჩრდილოეთის) კედელი დამხრობილია დასველთიდან აღმოსავლეთისაკენ, ხოლო აღმოსავლეთის კედელი ნაგებია არა სწორად, არამედ მორკალულად, იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ნაგებობა შესაძლოა განვითარებულ და გვიან შუა საუკუნეებში (XII-XVIII სს.) გავრცელებული დარბაზული ტიპის, აბსიდიანი ტაძარი ყოფილიყო. ამავე დროს, სამხრეთისა და დასავლეთის კედლების, საკურთხევლისა და დარბაზის გამყოფი კედლის წყობის, საპერანგე ქვების, კრამიტის ან გადასახური ფილების არარსებობა, ამის გადაჭრით მტკიცების საშუალებას არ იძლევა.

შესაძლოა ეს კედლები რაღაც ტერიტორიის, სავარაუდოდ სამაროვნის (შესაძლოა საგვარეულო საძვლის) შემოსაზღუდი გალავნის ნაწილი ყოფილიყო. იქ აღმჩენილი ადამიანის ძვლები და არქეოლოგიური მასალა ამის ვარაუდის საშუალებას იძლევა. დიდი რაოდენობით აღმოჩენილი ლურსმნები (მათ შორის ე.წ. „საკოჭე“ ლურსმნები) იმაზე მიუთითებს, რომ გალავნის შიგნით ხის ნაგებობა (იქნებ ხის ეკლესიაც) უნდა მდაგრიყო. ის, რომ მიცვალებულთა ძვლები არეულია, ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ სამაროვანიც ნაგებობის თანადროულადაა განადგურებული.

ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს მცირე ზომის საფორთიფიკაცო ნაგებობა ყოფილიყო, კედლის სისქე ამის თქმის საშუალებას არ იძლევა. ამასთანავე ამ ადგილს „ნაოხვამუ“ ჰქვია და არა „ჯიხა“ ან „ნაჯიხუ“. „ოხვამე“ კი მეგრულად ეკლესიას ან სასაფლაოს აღნიშნავს. შუა საუკუნეებში კი სასაფლაოები ძირითადად ეკლესიის მახლობლად იყო.

„საქანთარიოს ნაოხვამუზე“ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (კერამიკა და რკინის ნივთები) პარალელური მასლის გათვალისწინებით განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებით (XII-XVI სს.) თარიღება. ამავე პერიოდით უნდა დათარიღდეს ნაგებობაც და მთლიანად არქეოლოგიური ობიექტი.

პროფესორი, არქეოლოგი რევაზ კვირკვაია.

2018 წელი.
















14.07.2021

სპორტული სოფელი - საჯიჯაო

 ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ სპორტსმენთა მიერ ბოლო წლებში მიღწეული შედეგები შთამბეჭდავია. 

   საჯიჯაოელ სპორტსმენთა შედეგები ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე

ჯონი ხეცურიანი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), საქართველოს ჩემპიონატის ოქროს (2020 წ.) და ბრინჯაოს პრიზიორი (2019, 67 კგ), ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონი (2018, 67 კგ). ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (2017 , 60 კგ) და ვერცხლის პრიზიორი (2018, 67 კგ). ჭაბუკებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2014, 50 კგ, 2016, 54 კგ) და ვერცხლის პრიზიორი (2015, 54 კგ).


ჯონი ხეცურიანი

დემურ ქაჯაია (კრივი) - ევროპის ორგზის ჩემპიონი (2019 და 2021 წლები) და ევროპის ვიცე ჩემპიონი (2018 წ.).


დემურ ქაჯაია

ანა ხუნჯუა (კრივი)-მესამე ადგილი (54კგ) 22 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2021, როზეტო, იტალია;

მესამე ადგილი (54კგ) - 22 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2019, ვლადიკავკაზი, რუსეთი.


ანა ხუნჯუა

ედიკა თოდუას კრივის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა.


ედიკა თოდუა

ალმასხან ხუნჯუას ბერძნულ-რომაული ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა (2019 წელი).

 ალმასხან ხუნჯუა