17.06.2019

კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება "ცოტნეობის" დღესასწაულზე


საეკლესიო-სახალხო დღესასწაულ „ცოტნეობის“ მონაწილე მრევლს!

ქრისტესმიერ საყვარელო შვილნო სრულიად საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე, ღვთითკურთხეულო თანამემამულენო, წელს ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლისა და თამარის, გიორგი ბრწყინვალის, შოთა რუსთაველისა და სხვა სახელოვან მამულიშვილთა ერი დღესასწაულობს ქრისტეშობის 2000 წლისთავს, ასევე საქართველოში აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700, ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების 1500, საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავი.   

ნიშანდობლივია, რომ ღვთის წყალობით სწორედ წელს, 12 აგვისტოს (ძველი სტილით 30 ივლისი), პირველად ვიზეიმეთ საქართველოს ეროვნული გმირის, 1999 წლის 26 ოქტომბერს წმიდანად კანონიზირებული ცოტნე დადიანის ხსენების დღე. ეს თარიღი ამიერიდან საეკლესიო კალენდრით ყოველწლიურად მთელს საქართველოში აღინიშნება. ჩვენი ერი პატივს მიაგებს მას - „ვითარცა აღმსარებელსა მცნებისა უფლისასა და დამდებელსა სულისასა თვისითა მოყვასთათვის“.
თქვენ იცით, რომ უკვე შეიქმნა ამ წმიდანის ხატი, რომლის ასლები გამრავლდა და ვრცელდება მორწმუნეთა შორის. თვითონ მთავარი ხატი შეწირულობის სახით ამა წლის 13 ივლისს, წმიდა მოციქულთა ხსენების დღეს, დაბრძანებულ იქნა მცხეთაში - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წმიდანის სადიდებლად ტიპიკონის მიხედვით დაიწერა ლოცვები, ისტორიულ ფაზისში, წმიდანის სახელზე დაიწყო მისი სახელობით პირველი ეკლესიის მშენებლობა. ამასთან წმ. ცოტნეს კანონიზირების შესახებ ეცნობა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს. დამეთანხმებით, ეს დიდი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა, რომლის დაგვირგვინებას თითქმის 750 წელი ელოდა სრულიად საქართველო...
ისტორიული კოლხეთის ღირსეულ მკვიდრთ, სრულიად საქართველოს გულითადად ვულოცავთ ამ საეკლასიო-ეროვნულ ბრწყინვალე დღესასწაულს - „ცოტნეობას“. დაე, მაცხოვარმა სიყვარულითა და თავდადებით შეკრას და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. რათა ერთად ვადიდოთ შემოქმედი და გავიხაროთ, რომ „ღამე იგი მიიწურა და მოახლოვდა დღე“...
დასასრულ, მე მინდა თქვენთან ერთად აღვავლინო წმიდა ცოტნე აღმსარებლის საქართველოსათვის თავდადებულის ტროპარი და კონდაკი.
„აღმსარებელმან შენმან, უფალო ცოტნე, რომელმან ერთგულებითა და სიმტკიცითა თვისითა განაცვიფრა მტერი ქართველთაია და იხსნა ერი თვისი განსაცდელთაგან, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, მისი მეოხებითა, ქრისტე ღმერთო აცხოვნე სულნი ჩვენნი“.
„დღესასწაულობს დღეს ეკლესია პატიოსანსა ხსენებასა შენსა, წმიდაო აღმსარებელო ცოტნე და შემოკრებს შვილთა ივერიის ეკლესიისა, რომელნი ადიდებენ ღვთივსათნოსა განზრახვასა შენსა, რამეთუ სახედ ექმენ ერსა შენსა, ვითარცა აღმსარებელი მცნებისაი, ამისთვისა სიხარულით აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა, წმიდაო აღმსარებელო, საქართველოსთვის თავდადებულო ცოტნე“.
ღმერთმა დაგლოცოთ, წმიდა ცოტნე აღმსარებელის ლოცვით ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ქართველი ერი და სრულიად საქართველო. ამინ!
ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
თბილისი 2000 წელი.
წყარო: გაზეთი „მეფეთუბანი“ N1, იანვარი, 2001 წელი.