27.02.2019

რეპრესირებული ოჯახის ისტორია




საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რეპრესირებულთა ოჯახები საზოგადოებისგან გარიყულნი იყვნენ.
  იოსებ ბროდსკი - „ებრაული წარმოშობის რუსი პოეტი, ამერიკელი ესეისტი“, საბჭოთა კავშირიდან იძულებით ემიგრირებული ნობელის პრემიის ლაურეატი იგონებს: 1964 წელს „მუქთახორობისათვის“ ლენინგრადიდან გადასახლებულს, გზაში, „სტოლიპინის“ საპატიმრო ვაგონში, შეხვედრია რუსი გლეხი, რომელსაც წვრილმანი ქურდობისთვის ექვსი წელი ჰქონდა მისჯილი. ცხადი იყოო - წერს ბროდსკი - რომ მოხუცი ან გზაში მოკვდებოდა ან ციხეშიო. არცერთი ინტელიგენტი - არც რუსეთში, არც დასავლეთში - მის დასაცავად ხმას არ ამოიღებს. არასდროს! მარტო იმიტომ, რომ მის შესახებ ვერავინ და ვერასოდეს გაიგებს! ... რაღაც უფლებადამცველი მოძრაობა უკვე დაწყებული იყო, მაგრამ ამ საწყალ მოხუცს არავინ გამოესარჩლებოდა, არც ბი-ბი-სი, არც „ამერიკის ხმა“, არავინ!... იმიტომ, რომ ყველა ამ ახალგაზრდამ - მე მათ „მებრძოლებს“ ვეძახდი - იცოდა რას აკეთებდა, რაზე მიდიოდა და რისთვის... იმიტომ, რომ მათ ყოველთვის ჰყავდათ რაღაც აუდიტორია, ვიღაც მეგობრები, ძმაკაცები მოსკოვში. ამ მოხუცს კი არანაირი აუდიტორია არა ჰყავს...
    ზეპირი ისტორიების გამოყენება ისტორიკოსებმა 1940-იანი წლებიდან დაიწყეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, სადაც „ტრადიციული“ ისტორიოგრაფიის წყაროები საკმარისი არ აღმოჩნდა. ასეთია უმცირესობების ან რეპრესირებულთა ისტორიები, რომელთა აღდგენაც სხვა დოკუმენტებით ხანდახან შეუძლებელი ხდება - ისტორიული არქივები შეიძლება დახურული იყოს, შემთხვევით ან სპეციალურად ნადგურდებოდეს. საქართველოშიც, განსაკუთრებით, 20-50-იანი წლების რეპრესიების ისტორია დიდად არის დამოკიდებული უშუალო თვითმხილველებზე. სამწუხაროდ, ძალიან დიდი დრო დაიკარგა  და ბევრი ადამიანი არათუ თავისი სათქმელის თქმას, საზოგადოების ინტერესსაც ვერ მოესწრო. მათ შესახებ ახლა უკვე მოწმეების მეორე თაობისაგან, ე.წ. მეორადი მოწმეებისაგან (secondary witnesses) ვიგებთ (დაკარგული ისტორია - მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ).
ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მცხოვრები ბუკიების ოჯახის ტრაგედიაზე, ოჯახის წევრი, ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი სვეტლანა (სვეტა) ბუკია მოგვითხრობს.
-1942 წლის შემოდგომაზე, რეპრესირებულ იქნა ჩემი ოჯახი. მამაჩემი - გრიშა გრიგოლის ძე ბუკია, ბებიაჩემი - ნადე სიკოს ასული ჯაბუა-ბუკია, მამიდა -თინა გრიგოლის ასული ბუკია (13 წლის). მიზეზი - მამაჩემის ძმა, პროკობი ბუკია გერმანელებს ჩაუვარდათ ტყვედ. ის სამხედრო-სავალდებულო სამსახურში იმყოფებოდა, როცა გერმანიასთან ომი დაიწყო.
ჩემი ოჯახი გადაასახლეს ციმბირში. გადასახლებულები ჯერ ჩაიყვანეს ბაქოში, ხოლო შემდეგ გემით და „ეშელონებით“ ციმბირში. ბაქოში ჩაყვანილები ციხეში განუთავსებიათ, სადაც უმძიმესი პირობები და ანტისანიტარია ყოფილა.
ბებიაჩემი საკმაოდ განათლებული და თადარიგიანი ქალი ყოფილა (4 კლასის დაწყებითი განათლებით). სცოდნია ქართული და სალაპარაკო რუსული. თურმე თან მიჰქონდა ნიორი, რომელმაც ბევრს შეუნარჩუნა კბილები.
გაუსაძლის პირობებში უწევდათ გადასახლებულებს მგზავრობა. გადაადგილების დროს ძალიან ბევრი დაღუპულა. მაისში ჩასულან ციმბირში, სადაც მცირე ულუფას აძლევდნენ და ხალხი შიმშილით იხოცებოდა. ბებიასთვის უცნობ ქალს საკერავი მანქანა უჩუქნია. ბებიას ჭრა-კერვა სცოდნია და ამით ირჩენდნენ თავს. შემდეგ მამაჩემს დაუწყია ხე-ტყის დამზადებაზე მუშაობა.
ბებიას უმძიმეს მორალურ და ფიზიკურ პირობებში უხდებოდა ცხოვრება. ამაზე მეტყველებს მის მიერ მამიდაჩემისთვის გამოგზავნილი წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ რატომ დამივიწყეთ, რატომ არ მწერთო. ნათესავები წერილებს სწერდნენ, მაგრამ საბჭოთა უშიშროება არ აგზავნიდა მიუღებელი შინაარსის გამო.

შვილო ნანული!
შევთხოვ ბუნების ძალას თქვენს კარგად ყოფნას. შენი წერილი დიდი ხანია არა მაქვს და დარდით აღარა ვართ. წერილს რა უდგია წინ, წერე ხშირად და აგზავნე. თუ დაგავიწყდა ციმბირში ცხოვრება? ხომ იცი რა დიდი იმედია წერილის მიღება. ჩვენს ამბავს თუ იკითხავთ ვართ ისე ძველებურათ. კარტოფილის მოსავალი ცუდი იყო და ეხლა უკარტოფილოთ ვართ, ისიც ძვირია. რა ვქნათ არ ვიცით. გრიშა კურსებზე გააგზავნეს რაიონში. რამდენ ხანს დარჩება არ ვიცი, რასაც აიღებს მას იქ არ ეყოფა სახარჯოთ და მე აქ რა ვქნა სულ ცარიელზე ვზივარ. ნანული ნებართვა ქე გამოგიგზავნეთ და რისთვის არ დაგვეხმარეთ არაფლით. ეხლა უკანასკნელი ცუდი დღე გვაქვს და თუ რაიმე მოგეხერხებათ გამოგვიგზავნეთ. უთხარი ძღაბებს ყველამ გამოიღონ რაიმე. ისე ლუბას ამბავს რატომ გარკვევით არ იწერებით სადაა რამდენი ხანი. იმისი ამბავი არ იცით.
 გამიკოცნე ყველა შვილები, სიძეები და ბავშვები. მე გრიშა, რომ არ არის მარტო ვარ უცხო რუსებში. შენ ნანული ამის მიღების თანავე წერილი გამომიგზავნე და თუ ახერხოთ ფული იქნება თუ პასილკა ჩემთვის ყველა კარგია. უთხარი ლადის და სხვებსაც. ნუ დაგავიწყდებათ თქვენი გაჭირვებული დედა. მეტი რა მოგწეროთ მოგიკითხათ გრიშამ და პელაგიამ. თქვენი ...
19/04.1946

ციმბირიდან 1946 წელს გამოგზავნილი წერილის ასლი

მამიდაჩემი, როგორც არასრულწლოვანი და ბებიაჩემი, როგორც მოხუცი ორი წლის შემდეგ გაუთავისუფლებიათ, მაგრამ ბებიას მამაჩემი, არ დაუტოვებია - მეორე შვილსაც ვერ დავკარგავო. მამიდაჩემი მატარებლით ჩამოვიდა, ხოლო ბებია დარჩა ციმბირში.
მამიდას გავერანებული ეზო-კარი დახვედრია. კეთილ მეზობლებს აუშენებიათ პატარა ქოხი. მამიდა თავს ჩაის კრეფით ირჩენდა თავს, ხოლო ღამე ნათესავებთან ეძინა.
5 წელი გაატარეს გადასახლებაში. მამაჩემმა იქ იქორწინა დედაჩემზე - ზოია მიხეილის ასულ დრობიშევაზე. გადასახლებულები სამშობლოში 1947 წელს დაბრუნდნენ.



რაც შეეხება ბიძაჩემს, 1949 წელს გამოუგზავნია წერილი შორეული აღმოსავლეთიდან, იქ ციხეში მჯდარა. მამაჩემი ბევრს ეცადა, მაგრამ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ვერაფერი ვერ გაიგო, გარდა იმისა, რომ მასთან ერთად ოსი და წალენჯიხელი მჯდარა ციხეში, რომლებიც დახვრეტას გადაარჩინა.
გრიშა ბუკია ორი წელი მუშაობდა ციმბირში, სადაც 1976 წელს, მეგრულ ენაზე  საკუთარი ცხოვრების შესახებ დაწერა ლექსი. ქვემოთ გთავაზობთ ლექსიდან ნაწყვეტს.





ირო თქვანო მიშრომებუ
ხეთ მისოფუ ძიგირი
იბირი სქუა იბირი
იბირი სქუა იბირი

ჩქიმო გიმონწყილი გაფუ
სამუდამოთ ციმბირი
იბირი სქუა იბირი
იბირი სქუა იბირი

სქანო გიმონწყილ აფუნა
სამუდამოთ ციმბირი
იბირი სქუა იბირი
იბირი სქუა იბირი

სი ცოცხალო ქორძირუნქდა
ვამონარღუ ციმბირი
იბირი ნანა იბირი
იბირი დიდა იბირი

10 დეკემბერი, 1976 წელი, ომსკი.







19.02.2019


განმანათლებელი - ვლადიმერ ნაჭყებია

ვლადიმერ ნაჭყებია
   
 ვლადიმერ ნაჭყებიას მისწრაფება და სულიერი განწყობილება, ეროვნული შეგნება, ხალხის სამსახურით გატაცება და მუდამ საქველმოქმედოდ განწყობილი სურვილები მისი არსების ძირითადი თვისება იყო. მისი გარეგნობაც კი ამჟღავნებდა ზოგიერთ ამ თვისებას: მარად მომღიმარი, თავაზიანი, ზრდილობიანი, მხიარული, მუდამ მის საყვარელ ტანისამოსში - ჩოხაში სადად ჩაცმული. იგი ყოველთვის სიმპათიასა და პატივისცემას იმსახურებდა.
    ვლადიმერ ბეჟანის ძე ნაჭყებია დაიბადა 1873 წელს სოფელ ხეთაში, ხელმოკლე აზნაურის ოჯახში. პირველდაწყებითი სწავლა მიიღო თავის სოფელში. 1885-89 წლებში სწავლობდა ძველი სენაკის ქართულ სკოლაში, რომელიც მაშინ ერთადერთი ახალი ტიპის სკოლა იყო სამეგრელოში.
ვლ. ნაჭყებიას ოჯახი

    ამ სკოლის სრული კურსის დასრულების შემდეგ ვლადიმერ ნაჭყებია ქუთაისის ქართულ სკოლაში ჩაირიცხა. ნიჭიერი ვლადიმერი დაეწაფა სწავლას, მაგრამ მას ამ გიმნაზიის კურსის დასრულება არ დასცალდა - მამა გარდაეცვალა და მრავალწევრიანი ოჯახი უმწეოდ დარჩა. მისი სიყრმის მეგობრის, ცნობილი მწერლისა და პედაგოგის იპოლიტე ვართაგავას გადმოცემით, ვლადიმერს, როგორც ქართული ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების მოტრფიალეს, კარგა მოზრდილი ბიბლიოთეკა  ჰქონდა, ყველა ჟურნალისა და გაზეთის ნომერს უკლებლივ კინძავდა, ინახავდა და მისთვის ერთი ოთახიც კი ჰქონდა მიჩენილი.
   ქუთაისიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდამ თან ქართული სცენის დიდი სიყვარული ჩამოიტანა, მოიწადინა ხეთაშიც გაემართა წარმოდგენები.
    ვლადიმერი ენერგიულად შეუდგა დრამატული წრის ჩამოყალიბებას.   მან ამ საქმეში,  გარდა მასწავლებლებისა, სოფლის მთელი კულტურული ძალები ჩააბა, მათ შორის ქალებიც, რომელთა სცენაზე გამოსვლა მაშინ დიდ აუგად ითვლებოდა. ამ წრემ 1894 წელს გამართა პირველი წარმოდგენა სოფელ ხეთაში. წარმოდგენამ მეტად დიდი შთაბეჭდილება დატოვა. საზოგადოების მოწინავე ნაწილმა ვლადიმერის ამგვარ მუშაობას მაღალი შეფასება მისცა. ისიც გამხნევდა და სისტემურად მართავდა სპექტაკლებს არა მარტო ხეთაში, არამედ სამაზრო ქალაქ ზუგდიდსა და მეზობელ სოფლებშიც (ცაიში, ხობი, ხორგა, ანაკლია და სხვა).
ვლ. ნაჭყებია სპექტაკლების გარდა კონცერტებსაც ხშირად მართავდა. იგი ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი ლოტბარის ძუკუ ლოლუას მიერ გაწვრთნილი, საუკეთესო ოსტატი იყო ხალხური სიმღერებისა. თვითონაც ადგენდა მომღერალთა გუნდებს და საღამოებს მართავდა ახლომახლო სოფლებში.
ვლ. ნაჭყებიას მომღერალთა გუნდი

ვლ. ნაჭყებიას მიერ დაარსებული დრამატულიწრე გაძლიერდა, გახშირდა დადგმები. იგი უკვე თეატრისთვის საკუთარი შენობის აგებაზე ოცნებობდა. ვლადიმერმა ეს ოცნება სინამდვილედ აქცია. 1926 წელს საძირკველი ჩაეყარა საშა გეგეჭკორის სახელობის ხეთის თეატრის საკმაოდ მოზრდილ შენობას. თეატრი სოფლის მშვენება და კულტურის კერა იყო.
ვლ. ნაჭყებია საუკეთესო პედაგოგი იყო. ის ასწავლიდა მხოლოდ დაწყებით კლასებში, სადაც მუდამ სამაგალითოდ ჰქონდა დაენებული დისციპლინა და სწავლის საქმე.
1922-1923 წლებში ვლადიმერ განიზრახავს ხეთაში საშუალო სკოლის გახსნა. ამ საქმეში სკეპტიკურად განწყობილი ინტელიგენციის ნაწილი და მოსახლეობაც დაუყოლიებია, თუ შესაფერის შენობას ავაგებთ და ისიც, რაც შეიძლება ჩქარა, მაშინ ცხრაწლედს მოგვცემენო. სიტყვა საქმედ აქცია - 1928-1929 სასწავლო წლისთვის შენობა მზად იყო. საჭირო გახდა შესაფერი გამგის გამონახვა. მან ხეთის საზოგადოების საუკეთესო წევრთაგან შეადგინა დელეგაცია და მისი ხელმძღვანელობით იპოლიტე ვართაგავასთან მივიდა თხოვნით - ცოტა ხნით ემუშავა ხეთის სკოლის გამგედ და დედაქალაქიდან საცხოვრებლად ხეთაში გადასულიყო. იპოლიტე დათანხმდა და სათავეში ჩაუდგა ხეთის საშუალო სკოლას.
1938 წელს ვლადიმერმა ხეთაში ჩამოაყალიბა მომღერალთა რაიონული გუნდი, რომელიც გასვლით კონცერტებს მართავდა სოფლებში.
ვლადიმერ ნაჭყებია გარდაიცვალა 1950 წლის 21 თებერვალს.

1973 წლის 24 მარტს, თბილისში, ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ვლადიმერ ნაჭყებიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები (1968წ. კრებული მესამე).
ფოტოები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციიდან.





18.02.2019


ცნობები ხეთის, ხობის და ხორგის უმაღლესი სასწავლებლების შესახებ

1916 წელს ხეთაში, ხოლო 1917 წელს ხობსა და ხორგაში უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლებ დაუარსებიათ. სასწავლებელში ისწავლებოდა: ქართული ენა, უცხო ენები, მათემატიკა, ხელსაქმე, გრაფიკული ხელოვნება, საღვთო სჯული, გალობა, ფიზიკური აღზრდა. სკოლას ემსახურებოდა ექიმი.
ხეთის სასწავლებლის გამგე მიხეილ პატარაია, ხობის - ვასილ ქობულია, ხოლო ხორგის - ესტატე შუშანია იყო.
ესტატე შუშანია

მცირე ცნობები პედაგოგების შესახებ:
თბილისის სოსტატო სემინარიის კურსდმთავრებული მიხეილ პეტრეს ძე პატარაია  ხეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა
ანდრონიკ გაბოს ძე ლატარია ხეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფიზკულტურის პედაგოგად მუშაობდა
მღვდელი კონსტანტინე პეტრეს ძე ჯაკობია ხეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
ამიერკავკასიის ქალთა სასწავლებლის კურსდამთავრებული ანნა დიმიტრის ასული პატარაია ხეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგად მუშაობდა
 ხონის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული დოროთე ნიკოლოზის ძე კიტია ხეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული პართენი ზოსიმეს ძე კუკავა ხეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
მელანია ლევანის ასული ბეშია ხეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.
ანდრონიკ გაბოს ძე ლატარია ხეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფიზკულტურის პედაგოგად მუშაობდა.

თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ესტატე ბესარიონის ძე შუშანია ხორგის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა
 სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ალექსანდრე სოფრომის ძე კვირკველია ხორგის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა
 ქუთაისის პედაგოგიური სასწავლებლის კურსდამთავრებული ნესტორ პეტრეს ძე ჭითავა ხორგის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
 სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული კონსტანტინე ზაქარიას ძე გობეჩია ხორგის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
 ღენტორ დავითის ძე თოდუა ხორგის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გალობის პედაგოგად მუშაობდა.
 მიხეილ პეტრეს ძე ბერაია ხორგის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფიზკულტურის პედაგოგად მუშაობდა.

ეპარქიული სასწავლებელის კურსდამთავრებული პლატონ უტუს ძე ნადარაია ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად მუშაობდა.
ზინაიდა დავითის ასული ნადარაია ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად მუშაობდა.
წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებული პარასკევა დავითის ასული დადიანი ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად მუშაობდა.
ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული ალექსანდრა ივანეს ასული კობახიძე ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის უცხო ენების მასწავლებლად მუშაობდა.
აკაკი იოანეს ძე ქარჩავა ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად მუშაობდა.
ვერა ბესარიონის ასული დოლბაია ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლად მუშაობდა
კაპიტონ ხარიტონის ძე ძანძავა ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გრაფიკული ხელოვნების მასწავლებლად მუშაობდა.
სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული ნიკოლოზ თადეოზის ძე სასანია ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა.
პედაგოგიური კურსების კურსდამთავრებული ივანე ამბაკოს ძე როყვა ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფიზკულტურის მასწავლებლად.
გრიგოლ ათანასეს ძე თოფურიძე, რომელსაც სამედიცინო კურსები ჰქონდა დამთავრებული, ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ექიმად მუშაობდა.

 აღსანიშნავია, რომ სასწავლებლებში აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ქალებიც ეწეოდნენ.