27.03.2018

რენე ჟირარი „პირველი ქვა“


თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო ერთ ასეთ ფენომენს - საზოგადოება როგორ რეაგირებს ადამიანის დაცემა-ამაღლებაზე (სიტყვათა ეს წყვილი გამოიყენება სიმბოლური და არა მორალური თვალსაზრისით). როდის ამბობს საზოგადოება „საკუთარ აზრს“, როგორია ბრბოს მოქმედების მექანიზმი და გადაწყვეტულების მიღების სტრუქტურა.
ზოგჯერ, ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ფარული უკმაყოფილება გააჩნია კონკრეტული პირის მიმართ, მაგრამ ამას საჯაროდ ვერ გამოხატავენ, ვერ ამოთქვამენ. რა აკავებს ადამიანებს თქვან ის რასაც ფიქრობენ?, როგორი „ამინდი“ სჭირდება მათ?
ამ საკითხებს ბრწყინვალე ესეი -
„პირველი ქვა“ მიუძღვნა ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა და რელიგიათმცოდნემ რენე ჟირარმა.
ჟირარი თავის ნაშრომში ერთმანეთს ადარებს ორ ტექსტს, რომლებიც ეხება ბრბოს მიერ ადამიანის ჩაქოლვას (ერთ შემთხვევაში მცდელობის).
პირველი ტექსტი იოანეს სახარებიდანაა - სახარებისეული ისტორია მრუში ქალის ჩაქოლვის მცდელობის შესახებ.
-მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით; მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი? ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე. მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა. მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. ხოლო, ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი. წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრამდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი? მან კი მიუგო: არავინ, უფალო და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარ სცოდავ (იოანე 8,3-11).
მეორე ტექსტი ეხება II საუკუნეში ქალაქ ეფესოში მოხუცი მათხოვრის ჩაქოლვის ამბავს.
-როდესაც ეფესოში ჭირმა დაიწყო გავრცელება, რომელსაც ვერაფერს შველოდნენ, აპოლონიოსთან დელეგაცია გააგზავნეს და სთხოვეს მას, ექიმი ყოფილიყო. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, იფიქრა, რომ მგზავრობა არ უნდა გადაედო და თქვა: „დაე, ახლავე წავიდეთ“. და მაშინვე ჩავიდა ეფესოში. ერთადშეკრიბა ეფესელები და მიმართა: „გამხნევდით, რამეთუ დღესვე შევაჩერებ ამ დაავადებას“. ამ სიტყვების შემდეგ კი მთელ მოსახლეობას თეატრში შეუძღვა, სადაც მფარველი ღმერთის გამოსახულებები იყო გამოსახული. სწორედ იქ დაინახა, ვიღაც მოხუცი მათხოვრის მსგავსი, რომელიც ოსტატურად ატრიალებდა თვალებს - ვითომ ბრმა იყო და ატარებდა პატარა ჩანთას... აპოლონიოსმა მათხოვარს ეფესელები შემოარტყა გარს და თქვა: „აიღეთ იმდენი ქვა, რამდენიც შეგიძლიათ და დაუშინეთ ღმერთების მტერს“. ეფესელები ვერაფერს მიხვდნენ და საცოდავი არსების ჩაქოლვის იდეით შოკირებულნი დარჩნენ. მათხოვარი კი განაგრძობდა ლოცვასა და მოწყალების თხოვნას. მიუხედავად ამისა, აპოლონიოსი არ ჩერდებოდა და განუწყვეტლივ მოუწოდებდა ეფესელებს მისი ჩაქოლვისკენ.. თუმცა, როგორც კი, ერთ-ერთმა ეფესელმა მათხოვარს ქვა ესროლა, მაშინვე დაინახეს, რომ ამ ვითომდა ბრმა კაცს, თვალებში ცეცხლი უგიზგიზებდა... დაუშინეს ქვები და მალე მის ადგილას ქვების გროვა დადგა. (რ. ჟირარის თხრობა ფილოსტრატეს “აპოლონიოს ტიანელის ცხოვრების“ მიხედვით).
ფილოსოფიის ანა-ბანაა, რომ აზროვნება არის ინდივიდუალური აქტი, ბრბოს აზროვნება და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. იმისათვის, რომ ბრბომ მიიღოს გადაწყვეტილება მას სჭირდება ხატი, ნიმუში, ბიძგის მიმცემი.
როგორც, ზემოთმოთხრობილი ისტორიებიდან ნათლად ჩანს ადამიანთ ჯგუფი ვერ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას, ვერ დგამს პირველ ნაბიჯს, ვერ ისვრის პირველ ქვას. აქ, მთელი სიმძიმე და აზრობრივი დატვირთვა სიტყვა „პირველზე“ ანუ თაურხატზე მოდის.
ამ შემთხვევას ჟირარი განმარტავს შემდეგნაირად: „ეფესელები მოხუცს, ისეთი გულმოდგინებით დაუშენენ ქვებს, რომ მათი მეტამორფოზა უბრალოდ გაოცებას კი არა, გაოგნებასაც იწვევს. ნუთუ შეიძლება, რომ ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ წესიერად იქცეოდნენ, უცბად გამხდარიყვნენ ასეთი არაადამიანურები? როგორ შეიძლება ასეთი საოცარი გარდასახვის ახსნა?
ამ კითხვის პასუხი ჩვენ მიერ გამოსაკვლევ გამოთქმაში ძევს. პირველ ქვამდე ხომ ყველაფერი ეჭვს ჰქონდა მოცული. ეფესელების ყოყმანი რომ გაგრძელებულიყო, აპოლონიოსის გეგმა ჩაიშლებოდა. მაგრამ, როგორც კი ის დაარწმუნებს ერთ ადამიანსაც კი - ესროლოს მოხუცს ქვა - მაშინვე ყველაფერი იცვლება.
რატომ ხდება ისე, რომ პირველი ქვის სროლა ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდრე შემდეგის? პასუხი ნათელია. პირველი ქვის სროლა იმიტომ არის რთული, რომ არ არსებობს მისაბაძი მოდელი. ნუთუ ისეთი მარტივი საქმისათვის, როგორიც ქვის სროლაა, მოდელია საჭირო? როდესაც სამიზნე ადამიანია, მოდელი საქმეს გაცილებით ამარტივებს.უფრო მეტიც, რაც უფრო მრავალფეროვანია მაგალითები, მით უფრო ადვილდება საქმე. მოდელების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება ჩაქოლვის რიტმიც და ინტენსივობაც. მხოლოდ პირველი ქვაა გადამწყვეტი.როგორც კი მას ისვრიან, ტალღებივით მოჰყვება დანარჩენებიც. ყველანაირი გონიერება და თანაგრძნობა სწრაფად გაქრება. სიცრუე და ძალადობა იმარჯვებს“.
სახარებისეულ ტექსტში მწიგნობრები და ფარისევლები იესოს მიმართავენ „ჩამჭრელი“ კითხვით: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით; მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი?. იესო ლოგიკური არგუმენტების ჩიხშია მოქცეული. მისი სწავლებიდან (ჰუმანიზმი) გამომდინარე ქალის ჩაქოლვას ვერ დაუჭერს მხარს; მაგრამ მეორეს მხრივ თუ შეეწინააღმდეგება მოსეს რჯულის (რომელიც მრუშობაში წასწრებული ქალის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს) დარღვევაში დაედება ბრალი. იესო კი ასე პასუხობს: ვინც თქვენს შორის უცოდველია, იმან ესროლო პირველი ქვა.
ისევ ჟირარს მოვუსმინოთ: „სანამ პირველი ქვა, როგორც უკანასკნელი დაბრკოლება, სახეზეა აზვირთებული მიმეტური ტალღის შეკავება შესაძლებელია. სანამ ადამიანები ყოყმანობენ, მათ შეუძლიათ, საკუთარ თავში ჩაიხედონ და მიხვდნენ, რამდენად ჰგვანან მსხვერპლს. როდესაც იესო ამბობს, რომ პირველი ქვა უცოდველმა უნდა ესროლოსო, მან ძალიან კარგად იცის, რომ თუ ეს ადამიანები კარგად განსჯიან (ღმერთი ადამიანის ნაცვლად არ იღებს გადაწყვეტილებებს და არც აზროვნებს, ლ.ღ.) საკუთარ თავს, აღმოაჩენენ, რომ ისინი ამ ქალს ჰგვანან...ქრისტეს სიტყვებმა მათ საკუთარი თავის რწმენა შეურყია და მძვინვარებაც გაუნელა. ბრბოს უგუნური ერთსულოვნების ნაცვლად, ვხედავთ ნამდვილ ინდივიდებს, რომლებიც ბრბოს ეცლებიან. სახარების ტექსტი ლამის ალეგორიულადაც შეიძლება წავიკითხოთ, როგორც ნამდვილი პიროვნულობის გამოჩენა პირველყოფილ ბრბოში“.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ერთი მხრივ მსგავს, მაგრამ ამავდროულად განსხვავებულ ამბებთან. ბრმის ჩაქოლვის შემთხვევაში სახეზეა ადამიანთა დაცემა. ჩაქოლვის პირველი მოწოდებისას ისინი შეყოვნდნენ, მათში დაიწყო სინათლემ შეღწევა, მაგრამ აპოლონიოსის დაჟინებულმა მოწოდებებმა საბოლოოდ დააბნელა ადამიანურობის ნაპერწკალი და ისინი უსახური ადამიანების კრებულად იქცნენ.
სახარებისეულ თხრობაში კი, პირიქითაა. აქ ხალხი მზადაა ჩასაქოლად, მაგრამ ქრისტემ, როგორც ადამიანური ბუნების საუკეთესოდ მცოდნემ მოძებნა ოქროს შუალედი, ადამიანებში დათესა-გააღვივა ინდივიდუალურობის მარცვალი - მათ მოახდინეს აზროვნების აქტი. ჩვენ წინ გათამაშდა დიდი მისტერია - ბრბოსგან ინდივიდის გამოყოფისა და ხელმეორედ დაბადებისა.



24.03.2018

მარტინ ჰაიდეგერი - ნიცშეს სიტყვა „ღმერთი მკვდარია“


ცნობილი ფაქტია, რომ მხატვრულ ლიტერატურას საზოგადოების მცირე ნაწილი კითხულობს; ხოლო, ფილოსოფოსთა შრომების მკითხველთა რიცხვი უმნიშვნელოა.
ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკას მშვენიერი წიგნადი ფონდი გააჩნია და ეს, იქ მომუშავე ადამიანების დიდი შრომის ნაყოფია. ბიბლიოთეკაში რამდენიმე თაროზე განლაგებულია პლატონის, არისტოტელეს, დემოკრიტეს, ფროიდის, კაკაბაძის და სხვათა შრომები, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს მკითხველის „ხელი“ დიდი ხანია არ შეჰხებია.
ხშირად, ფილოსოფიასა და ლიტერატურაზე საუბარი რამდენიმე ფრაზისა და ავტორის დასახელების იქით არ მიდის (საბედნიეროდ ხობში არიან ადამიანები, რომლებთანაც ლიტერატურაზე საუბარი არ მოგწყინდებათ). არაერთხელ მომიკრავს ყური ასეთი საუბრებისთვის: მ. მამარდაშვილი ის არ არის ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგასო რომ თქვა; კანტი როგორ არ ვიცი, წმინდა გონების კრიტიკა რომ დაწერა; ან ნიცშე, უღმერთო, რომ თქვა ღმერთი მკვდარიაო.
დიახ, ნიცშემ დაწერა „ღმერთი მკვდარია“. ამ სიტყვებზე „მორწმუნეებს“ აკანკალებთ, ეშინიათ, მკრეხელობად თვლიან. არადა, ეს ფრაზა სულაც არაა ასეთი საშინელი, პირიქით თუ მას გავიაზრებთ ალექსანდრიული ეგზეგეტიკის მეთოდებით, შესაძლებელია ღრმა ქრისტიანული სწავლებაც აღმოვაჩინოთ.
ნიცშეს ცნობილი სიტყვების მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს, მაგრამ მათ შორის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსის, მარტინ ჰაიდეგერის შრომა „ნიცშეს სიტყვა ღმერთი მკვდარია“. ჰაიდეგერის ეს ტექსტი, მაგალითად „ყოფიერება და დროისგან“ რადიკალურად განსხვავდება და მოკვდავთათვის გასაგები ენითაა დაწერილი. სამწუხაროდ ეს წიგნი ხობის ბიბლიოთეკას არ გააჩნია.
ჰაიდეგერი პირველივე აბზაცში განსაზღვრავს ნიცშეს მეტაფიზიკის საზღვრებს და მნიშვნელობას: „ქვემოთ მოყვანილი ახსნა-განმარტება ცდილობს იმაზე მიუთითოს, საიდანაც გამომდინარე, ალბათ ოდესმე, შეიძლება დასმულ იქნას შეკითხვა ნიჰილიზმის არსის შესახებ. ეს განხილვა წარმოსდგება აზროვნებიდან, რომელიც იწყებს, თავდაპირველად დასავლური მეტაფიზიკის ისტორიის შიგნით ნიცშეს ძირეული პოზიციის შესახებ სიცხადის მოპოვებას“ (აქ და ქვემოთ შავად მონიშნული ტექსტი მყვანილია ჰაიდეგერის დასახელებული შრომიდან. ლ.ღ).
ნიცშეს ფილოსოფიაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ნიჰილიზმის, ადამიანის დაცემის, ახალი ადამიანის დაბადების და ღირებულებების გაუფასურების საკითხებს.
„თვითონ ნიცშე მეტაფიზიკურად განმარტავს დასავლური ისტორიის მსვლელობას, სახელდობრ, როგორც ნიჰილიზმის წინა პლანზე გამოსვლისა და გაშლის ისტორიას. ნიცშეს მეტაფიზიკის გააზრება იქცევა თანამედროვე ადამიანის ადგილისა და მდგომარეობის განაზრებად, რომლის ხვედრი თავის ჭეშმარიტებასთან მიმართებაში ჯერ კიდევ მცირედ არის გააზრებული.
ნიცშეს მეტაფიზიკა ნიჰილიზმის ნიშნითაა დაღდასმული. ეს არის ნიცშეს მიერ შეცნობილი ისტორიული მოძრაობის სახელი. ნიცშე ამ მოძრაობის განმარტებას მოკლე დებულებაში შეაჯამებს - ღმერთი მკვდარია“.
კითხვაზე: რა არის ნიჰილიზმი? ნიცშე პასუხობს: „უმაღლესი ღირებულებები გაუფასურებულია“.
ამ პასუხით ნიცშე ჩასწვდა ნიჰილიზმს, როგორც ისტორიულ მოვლენას, რომელსაც ის განმარტავს როგორც აქამდე არსებული უმაღლესი ღირებულებების გაუფასურებას. ღმერთი, ზეგრძნობადი სამყარო, როგორც ჭეშმარიტად არსებული და ყველაფრის საფუძველდამდები, იდეები და საფუძვლები რომლებიც განსაზღვრავენ არსებულს დაკარგეს თავიანთი პირველადობა. დაიწყო ღირებულებათა გადაფასება და ჩანაცვლება. წინა პლანზე წამოიწია ახალმა ურთიერთობებმა. ასეთ დროს გაიბზარა ადამიანის შინაგანი სამყარო და დაისვა სრულიად ლოგიკური კითხვა: რისთვისაა საჭირო ეს უმაღლესი ღირებულებები, თუ კი ისინი ამავე დროს არ იძლევიან გარანტიას, გზას მათ მიერ დასახული მიზნების განხორციელებისათვის.
ქვემოთ მოვიყვან ნიცშეს „მხიარული მეცნიერებიდან“ ვრცელ პასაჟს, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ საუკეთესო ტექსტად სიმბოლური ფილოსოფიიდან. შეშლილი ადამიანი ფარანით ხელში დარბის ბაზარში და ყვირის “მე ვეძებ ღმერთს!“ „სად არის ღმერთი“ მაგრამ პასუხი არ არის. ამ დროს შეშლილი ადამიანი თვითონ პასუხობს: თქვენ, ჩვენ მოვკალით იგი!“ დიახ, როცა ადამიანი უარს ამბობს  უმთავრეს ღირებულებებზე, დამძიმებულია მკვდარი აზრებით, ასეთ დროს ზეცასთან კავშირი წყდება და სიმბოლურად თუ ვიტყვით - „ღმერთი მკვდარია“.
„არაფერი გსმენიათ შეშლილი ადამიანის შესახებ, რომელიც ნათელ დილით ფარანს აღანთებს, ბაზარში დარბის და საზარელი ხმით ყვირის: „მე ვეძებ ღმერთს“!  „მე ვეძებ ღმერთს“! სწორედ აქ, მრავალი მის გარშემო ერთად დგანან, რომლებსაც არ სწამთ ღმერთი, ასე იწვევს იგი დიდ მხიარულებას. ხომ არ არის იგი დაკარგული? - ამბობს ერთი, ხომ არ დაიკარგა როგორც ბავშვი? - ამბობს მეორე. იგი ხომ არ იმალება? მას ხომ არ ეშინია ჩვენი? იგი გემიდან ხომ არ არის გადმოხვეწილი? (აქ ბევრი სახე-სიმბოლოა: გემიდან გადმოხვეწილი-იონა, დაკარგული ბავშვი - ქრისტე და სხვა) ასე უყვიროდნენ  და შესცინოდნენ ისინი ერთმანეთს. შეშლილი ადამიანი კი ხტის მათ შორის და გამსჭვალავს მათ თავისი მზერით: „სად არის ღმერთი“? - ყვირის იგი. მე მსურს გითხრათ თქვენ, ჩვენ მოვკალით იგი - თქვენ და მე! ყველანი, ჩვენ ვართ მისი მკვლელები. მაგრამ გოგორ გავაკეთეთ  ჩვენ ეს? როგორ შევძელით ზღვის ბოლომდე შესმა. ვინ მოგვცა ჩვენ ღრუბელი მთელი თვალსაწიერის წასაშლელად? რა ვქენით ჩვენ, როცა ჩვენ ეს დედამიწა თავის მზესთან მიჯაჭვულობისაგან გავათავისუფლეთ? საით მიფრინავს იგი? საით მივდივართ ჩვენ ეხლა? ... ხომ არ დავბორიალობთ ჩვენ უსასრულო არარაობაში? ხომ არ გვაკრავს ჩვენ ცარიელი სივრცე? ხომ არ აცივდა კიდევ უფრო? ხომ არ მოდის ღამე? ხომ არ უნდა ავანთოთ ნათურები დილით? ჯერ არაფერი გვესმის ჩვენ მესაფლავის ხმაურის შესახებ, რომელმაც ღმერთი დამარხა?...აქ დადუმდა შეშლილი ადამიანი და შეხედა თავის მსმენელებს. ისინიც აგრეთვე დუმდნენ და უცხოსავით აკვირდებოდნენ მას. მან ბოლოს დააგდო თავისი ნათურა მიწაზე. იგი ნაწილ-ნაწილ დაიმსხვა და ჩაქრა. „მე ძალიან ადრე მოვედი“ თქვა მან, რადგან „მე ჯერ კიდევ არ ვარ დროზე მოსული“. ეს საშინელი ხდომილება ჯერ კიდევ გზაშია და მოგზაურობს. მას ჯერ კიდევ არ მიღწევია ადამიანის ყურებამდე...“
(ნიცშე, მხიარული მეცნიერება)
ღმერთის გამქრალი ავტორიტეტისა და ეკლესიის მოძღვრის ადგილს იკავებს სინდისის ავტორიტეტი, გვავიწროვებს გონების ავტორიტეტი. მათ წინააღმდეგ წამოიმართა სოციალური ინსტიქტი. ამქვეყნიურიდან ზეგრძნობადში გაქცევა ჩანაცვლებულია ისტორიული პროგრესით. მარადიული ნეტარების მიღმური მიზანი გარდაიქმნა უმრავლესობის ამქვეყნიურ ბედნიერებად.
ჰაიდეგერი სხვადასხვა მხრიდან უდგება ნიცშეს ფრაზას და მას განმარტავს, ხან მეტაფიზიკურად, ხან მორალური ან სიმბოლური თვალსაზრისით. ერთ-ერთი განმარტება ჰაიდეგერისა; „გამოთქმა, ღმერთი მკვდარია, ნიშნავს: ზეგრძნობადი სამყარო ქმედით ძალას მოკლებულია. იგი არ გვიბოძებს სიცოცხლეს. ნიცშესთვის მეტაფიზიკა, მაშასადამე დასავლური ფილოსოფია, გაგებული როგორც პლატონიზმი, დასრულდა. ნიცშე თავის საკუთარ ფილოსოფიას გაიგებს როგორც მეტაფიზიკის საწინააღმდეგო მოძრაობას, მისთვის ეს ნიშნავს პლატონიზმის წინააღმდეგ მოძრაობას“.
ჰაიდეგერის ეს ნაშრომი მრავალ საგულისხმო საკითხს ეხება, საკითხებს, რომლებიც თავიანთ აქტუალობას არასდროს დაკარგავენ. წერილის მიზანდასახულობიდან გამომდინარე სტატია, მხოლოდ ზედაპირულად ეხება უღრმეს ფილოსოფიურ საკითხებს და თემის ამოწურვის პრეტენზია არ გააჩნია
დავსვათ ასეთი კითხვა: რა არის ადამიანისთვის ყველაზე ძნელი ან ძალიან ძნელი? ამ კითხვაზე ძალიან ბევრი მოაზროვნე იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს - აზროვნება. აზროვნება, შინაგანი აქტი, ნებისმიერ საკითხზე გააზრებულად და არა ბრმად და მიმბაძველობით საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბება არის ურთულესი. ჩვენ ხშირად სხვისი აზრებით ვმოქმედებთ, ასეთ დროს ადამიანში იბადება მკვდარი აზრები, რომლებიც ამძიმებენ მას და ექაჩებიან ქვემოთ. შენ კი არ აზროვნებ, არამედ სხვა აზროვნებს შენით. ამის ნათელი დადასტირებაა ფეისბუკზე მიმდინარე ამბები; მაგალითად, პატრიარქის, ლინკოლნის ან სხვა ცნობილი ადამიანის მოკლე ფრაზას ან მღვდლის სურათს აქვს ასეულობით, ხშირად კი ათასეულობით მოწონება, ხოლო დიდი ლიტერატურული ღირებულების მქონე ნაშრომებს ან სტატიებს რამდენიმე ათეული. რატომ ხდება ეს - იმიტომ რომ სურათის მოწონებას ან სხარტულა აზრის წაკითხვას გონების დიდი დაძაბვა არ სჭირდება.
ჰაიდეგერი ამბობს, რომ აზროვნებაზე უარის თქმა (აზროვნებას შრომა და იძულება უნდა, ეს თავისთავად არ ხდება) პირდაპირ კავშირშია ღმერთის სიკვდილთან. არიან ადამიანები რომლებიც წლებია ცხოვრობენ „ქრისტიანულად“ მაგრამ აზროვნებენ არაქრისტიანულად. მაგალითად, ჰგონიათ რომ ადამიანის აღდგომა არაქრისტიანულია; რომ მთავარანგელოზობას ჯოჯოხეთიდან ცოდვილები ამოყავთ ანგელოზებს, რომ კვირას მუშაობა არ შეიძლება; ადამიანი მადლით ღმერთი რომ უნდა გახდეს მკრეხელობაა; პატრიარქებიც რომ ცდებიან და არც თუ ისე იშვიათად სიცრუეა (მაგალითად კონსტანტინეპოლის არაერთი პატრიარქი იყო ერესიარქი)... ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება...
„ამიტომ შეშლილ ადამიანს არაფერი აქვს საერთო მოედანზე უსაქმურად მოყიალე აბეზარების მანერებთან, „რომლებსაც არ სწამთ ღმერთის“. რადგან ისინი არა იმიტომ არიან ურწმუნონი, რომ ღმერთი, როგორც ღმერთი, მათთვის საეჭვო გახდა, არამედ რადგან თვითონ მათ რწმენის შესაძლებლობაზე თქვეს უარი, იმ ზომით, რომ მათ მეტად აღარ შეუძლიათ ეძიონ ღმერთი, რადგან თავი დაანებეს აზროვნებას, იგი შეცვალეს ლაყბობით ...“
p.S. ჰაიდეგერის ამ შრომისა და დოსტოევსკის იდიოტის პარალელურად წაკითხვა ბევრად საინტერესოა, რადგან ლევ ნიკალაევიჩ მიშკინი და შეშლილი ადამიანი ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს.


13.03.2018

გალაკტიონის უბის წიგნაკები


გალაკტიონ ტაბიძის დღიურები და უბის წიგნაკები დიდი საჩუქარია ლიტერატურის მოყვარულთათვის. აქ, ყველაზე მეტად იგრძნობა ეპოქის სული, ღირებულებათა გადაფასება, კულტურათა დაპირისპირება, მწერლების ქიშპობა პირველობისთვის, ინტრიგები...
გალაკტიონი უბის წიგნაკებში ხშირად კატეგორიულია, ქართველი მწერლების შემოქმედების განმქიქებელია და ზოგჯერ უსამართლოდაც...
ეს ჩანაწერები შესაძლებლობას გვაძლევს შევიხედოთ, შევიჭვრიტოთ გენიოსის „სამზარეულოში“, ახლო კადრით ვნახოთ შედევრების შექმნის ისტორია და პოეტთა მეფის სულიერი ტრაგედია...
გალაკტიონი თავის ჩანაწერებში ხშირად განაქიქებს მის თანამედროვე მწერლებს: ტიციანს, პაოლოს, კონსტანტინეს, რობაქიძეს და სხვებს. ზოგს არაპოეტს უწოდებს, ზოგს მცირედნიჭიერს...
ჩანაწერებიდან და უბის წიგნაკებიდან (1914-1929 წლები) ქვემოთ მოხმობილია ის ადგილები, სადაც გალაკტიონი მწერლებზე ხან გესლიანად, ხანაც ირონიულად წერს...
- მან (კ. გამსახურდიამ) ნათლად დაამტკიცა, რობაქიძის არაპოეტობა.

-  მოხსენების შემდეგ ილაპარაკა გამსახურდიამ. მან აღნიშნა, მუსიკის არ არსებობა საზოგადოდ პოეზიაში (ყველა თავის უნიჭობის საფუძვლების, იდეოლოგიურ გამართლებებს ეძებს.
- პოეტებმა გულდამშვიდებით მოისმინეს მისი (კ. გამსახურდიას) ნაამბობი და სრულიად ჩუმად დაიშალნენ. ეტყობოდათ უფრო მეტი დაფიქრება, ვინემ აცუნდრუკება ლეონიძესავით.
- საცოდავები! მალე მაგათი (პაოლო, ტიციანი, რობაქიძე, გამსახურდია. ლ.ღ შენიშვნა) ხსენება აღარ იქნება...
 - უნდა იცოდეს გერონტი ქიქოძემ, რა აზრის არიან მასზე რობაქიძე, ტაბიძე და იაშვილი. როდესაც ამას გაიგებს, იგი სავსებით ჩვენ მოგვემხრობა. საზოგადოდ მაგათი ხერხი და იარაღი პროვოკაცია და ენის მიტან-მოტანაა. უნდა გავაგებინოთ პავლე ინგოროყვას, რომ ისინი მას უნიჭოს უწოდებენ. რობაქიძე წინააღმდეგი იყო შალვა დადიანის, იმიტომ, რომ ის ლოთიაო.
 - საქართველოში არ იპოვება ლექსის მცოდნენი, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება (პირადად მე ამათ რიცხვში ვაქცევ გრ. რობაქიძესაც) ლექსის შესახებ.
 - მოსვენება და ჭამის მადა, მისი აღტკინება სხვის წინააღმდეგ აპოლოგიას აღწევს, პატოლოგიურ მოვლენამდე მიდის. მან იცის, რომ მისი საშველი არ არის, არ არის, არ არის... იგინი ვერ ეღირსებიან, არტისტად, პოეტად და მომღერლად აღიარებას. სულ ამის გამოა უნიჭოთა შფოთი და დავიდარაბა, სულ ამის გამოა ტიტე ტაბიძის მოუსვენრობა. ტიტე ტაბიძე  ერთი ამ უნიჭოთაგანია. რაისი იმედი აქვს ამ საცოდავ დიაკონს, როდესაც იგი რომელიმე საღამოზე დღავის თავის უშნო (ურითმო) ლექსებს...
- ჩვენ ვკითხულობთ ამ „ჩამორჩენილ პოეტს“ და უპირველესად კი ამ მოიჯარადეს უფლება არ აქვს თავის თავს „პოეტი“ უწოდოს. იგი არასდროს არ ყოფილა, არც არის და არც იქნება პოეტი.
-  რაჟდენ გვეტაძე - ყოვლად უიმედო და უნიჭოა
- ალიო მირცხულავას (მაშაშვილს) ეკუთვნის ერთი მეტად „ჭკვიანური“ მოსაზრება ბარათაშვილის დაბალი დონის შემოქმედად მიჩნევის შესახებ. ამასთან დაკავშირებით გალაკტიონს დღიურში ჩაუწერია: „მაშაშვილის უზრდელი სიტყვები ბარათაშვილის შესახებ“
- სანდრო შანშიაშვილი არ არის დიდი შემოქმედებითი ნიჭის და პოეტური ალღოს მქონე პოეტი. მისი შემოქმედება „კუსტარულია“
- გალაკტიონს გრიგოლ რობაქიძის წერის სტილთან დაკავშირებით ჩაუწერია: ჩიკაგოში იბეჭდება ენციკლოპედია 30 000 000 სიტყვიანი. მუშაობს 300 გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერი. ექსპერტათ მათ ჰყავთ ერთი 7-წლედის მოწაფე. რა სიტყვასაც ვერ გაიგებს, იმ წამშივე შლიან. რობაქიძისთვის სად ვიშოვოთ ასეთი ექსპერტიო - ამბობდა ვ. წივწივაძე დღეს.


07.03.2018

150 ამბავი ნობელიანტ ფიზიკოსებზე


გამომცემლობა „არტანუჯმა“ წიგნების ახალი სერიის - „თან საკითხავის“ გამოცემა დაიწყო.
სერიის თითოეულ წიგნში ერთი თემისა თუ გამოჩენილი ადამიანის შესახებ შეკრებილი მასალაა თავმოყრილი. ამ, მეტად საინტერესო წიგნის ავტორ-შემდგენელი - ფიზიკოსი და გამომცემელი კახმეგ კუდავაა.
ამ სერიის მეშვიდე წიგნი ნობელიანტ ფიზიკოსებზეა - მათი სახელი ეწოდება განტოლებებსა და კანონებს, თეორიებსა და ფორმულებს, ტალღებსა და ნაწილაკებს, ეფექტებსა, ელემენტებს, მოვლენებსა და ექსპერიმენტებს ... ამ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება მსოფლიოს განვითარებასა და პროგრესს მიუძღვნეს, ამიტომაც კაცობრიობას აქვს კეთილშობილური ვალი მათ წინაშე (წიგნის რედაქტორი იური პაპავა).
წიგნში დიდი ფიზიკოსების ცხოვრებისა და სამეცნიერო აღმოჩენების შესახებ მარტივი ენითაა მოთხრობილი. აქ შეხვდებით საინტერესო ამბებს საქვეყნოდ ცნობილი ფიზიკოსების პირადი ცხოვრებიდან, სახალისო ისტორიებს, ცალკეული აღმოჩენების შესახებ ლაკონურ თხრობას...
აღნიშნული წიგნიდან იმ „ამბებს“ შევეხები რომლებიც სპორტზე და სახალისო ისტორიებზეა.

სად სპორტი და სად ნობელიანტი ფიზიკოსებიო იკითხავს მკითხველი, მაგრამ ამ წიგნიდან ვიგებთ, რომ ზოგიერთი დიდი ფიზიკოსი ფეხბურთით ყოფილა დაკავებული. მაგალითად მეოცე საუკუნის დიდი ფრანგი ფიზიკოსი - 16 უცხოური აკადემიის წევრი, ცხრა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მშვიდობის დაცვის მსოფლიო საბჭოს თავჯდომარე და ნობელის პრემიის ლაურეატი ფრედერიკ ჟოლიო-კიური ახალგაზრდობაში გატაცებული ყოფილა ფეხბურთით (დიდი ფრანგი მწერლის ალბერ კამიუს მსგავსად ლ.ღ). 17 წლისას საერთაშორისო მატჩშიც კი მიუღია მონაწილეობა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
კვანტური ფიზიკის ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ნობელიანტი ნილს ბორი ახალგაზრდობაში სერიოზულად ყოფილა სპორტით  გატაცებული - გარდა იმისა, რომ მას ჰქონდა კარგი მოკრივის სახელი, იგი ბრწყინვალე იახტსმენიც ყოფილა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობისას ნილს ბორს განუცვიფრებია ახალგაზრდა ამერიკელი კოლეგები თავისი დიდი ხელოვნებით... როგორც სამთო მოთხილამურეს.
ნილს ბორის ძმა, ცნობილი მათემატიკოსი ჰერალდ ბორი დანიის საფეხბურთო ნაკრების საუკეთესო ჰავბეკი და 1908 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. თურმე, როცა ჰერალდი იცავდა სადოქტორო დისერტაციას მწკრივთა თეორიაში, ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით ესწრებოდა დაცვას.
1958 წლის საბჭოთა ნობელიანტი იგორ ტამი პროფესიონალი ალპინისტი ყოფილა. მას დაულაშქრავს ყაზბეგი, იალბუზი და პამირი.
ნობელიანტები: ტომსონი გატაცებული იყო ჩოგბურთით, დირაკი ალპინიზმით კაპიცა მაღალ დონეზე თამაშობდა ჭადრაკს.
სახალისო ისტორიები ფიზიკოსებზე
 მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის უშიშროების ორგანოების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო დაედგინათ, რამდენად დაწინაურდნენ გერმანიაში მოღვაწე ფიზიკოსები ატომური ბომბის შექმნის საქმეში. საქმე ძირითადად ეხებოდა გერმანელ მეცნიერებსა და პატენტებს.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის ქუჩაში დააკავეს პიროვნება, რომელსაც პასკუალე ჯორდანი ერქვა. იგი თავს იცავდა და ყვიროდა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. პერსონა ბადრაგის თანხლებით თვითმფრინავში ჩასვეს და გადააფრინეს აშშ-ში. რამდენიმე თვეში გაირკვა, რომ პასკუალ ჯორდანი სახელგანთქმული მეცნიერი კი არ ყოფილა, არამედ მისი სეხნია და მოგვარე, უბრალო მკერავი.
 აშშ-ში ატომური ბომბის შექმნაზე მომუშავე ფიზიკოსების ზედამხედველი, გენერალი ლესლი გროვსი ახალ თანამშრომლებს ურჩევდა, - ფხიზლად უნდა იყოთ, მძიმე სამუშაო გელით, საქმე გექნებათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შერეკილ ადამიანებთან. 
XX საუკუნის დიდ ავსტრიელ ფიზიკოსს, ნობელიანტ ვოლფგანგ პაულს 100 გაკვეთილი დასჭირვებია ავტომობილის მძღოლის მართვის უფლების მისაღებად.
წიგნის ბოლო თავი ნობელიანტთა სტატისტიკაზეა: 1901-2017 წლებში ფიზიკაში 205 მეცნიერზე 206 ნობელის პრემიაა გაცემული (ჯონ ბარდინზე ორჯერ). ლაურეატთა რაოდენობით უპირობო ლიდერი აშშ-ია.



02.03.2018

ირანელი მოგზაურის თვალით დანახული ხობი


გამომცემლობა არტანუჯმა 2016 წელს მეტად საინტერესო და საჭირო წიგნი - „საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში - სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურა“ გამოსცა. კრებული შეადგინა, ტექსტები სპარსულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო მარინა ალექსიძემ.
წიგნი მრავალმხრივ არის საინტერესო და თავის „საკბილოს“ ნებისმიერი ტიპისა და გემოვნების მკითხველი იპოვის.
წიგნის მოცულობიდან გამომდინარე (730 გვერდი) თქვენს ყურადღებას XIX საუკუნის ირანელი მოგზაურის ჰაჯ საიიაჰის ევროპაში მოგზაურობის წიგნზე შევაჩერებ.
ჰაჯ მოჰამად ალი, ცნობილი ლაყაბით „საიიაჰი“ (მოგზაური) 1859 წლიდან მოგზაურობს მსოფლიოში (საქართველო, ოსმალეთი, სერბეთი, ავსტრია, სლოვენია, იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, შოტლანდია... ამერიკა, იაპონია, ჩინეთი და სხვა მრავალი ქვეყანა).
საქართველოში ჰაჯ საიიაჰი ორჯერ ყოფილა. პირველად 1859 წელს. მეორედ მოგზაურობისას მოიარა სოხუმი და რამდენიმე პუნქტი სამეგრელოსა და აფხაზეთში.
მოდით, 160 წლით დავბრუნდეთ უკან და ირანელ მოგზაურთან ერთად გავიაროთ სამეგრელოს დასახლებებში (ზუგდიდი, ხობი, ანაკლია, ყულევი), უცხოელის თვალით შევხედოთ იმდროინდელ კულტურას, ტრადიციებს და მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას.
 ჰაჯ საიიაჰი ოჩამჩირედან ზუგდიდში გადასულა - ის დღე ოჩამჩირეში გავატარე, მეორე დილით კი ზუგდიდში წავედი. გზა ტყეში მიდიოდა, მაგრამ ისეთი ტალახი აღარ იყო (აქ და ქვემოთ, შავად მონიშნული ტექსტები მოყვანილია ზემოთაღნიშნული მოგზაურობათა წიგნიდან ლ.ღ).
მოგზაურის განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდელთა აღნაგობას და სახის სილამაზეს მიუქცევია - მოსახლეობის უმრავლესობას მოხდენილი აღნაგობა და ლამაზი სახე აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ისინი მთელ საქართველოში გამორჩეული ხალხია.
მოსახლეობა ძირითადად ინდაურებისა და ბატების მოშენებით ყოფილა დაკავებული, რომლებიც ცხვრების მსგავსად, საძოვრებზე გაჰყავდათ და შემდეგ ბაზარში ჰყიდნენ.
„ზუგდიდი, ბაღებში ჩაფლული პატარა ქალაქია. ერთი ბაღი, რომელიც ადრე აქაურ მბრძანებელს ეკუთვნოდა, ახლა რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაა. ქალაქში ბევრი ძველი შენობა და ხისა და ქვის სახლია. აქ იგივე ჯურის ხალხი ცხოვრობს, რაც აბასთუმანში. ზუგდიდში ჭუჭყიანი მოედანი, დუქნები და პატარა ბაზარია, რომელშიც დაახლოებით 100 დახლი დგას... მოგზაურებისთვის ქალაქში გასტინიცაა აშენებული, სადაც რამდენიმე ოთახი ქირავდება. აქაური დიდებულები დროის გასატარებლად ხშირად იკრიბებიან ერთ დაწესებულებაში, სადაც სვამენ, ჭამენ და ბილიარდს თამაშობენ... ზუგდიდში დაახლოებით 5000 კაცი ცხოვრობს, რომლებიც ძირითადად მეგრელები, აბაზები, რუსები და სომხები არიან. ქართველი შედარებით ცოტაა. ქვით მოფენილი ქუჩები ლამპიონებით არის განათებული. ქალაქში კეთილმოწყობილი ფოსტის, პოლიციის და სასამართლოს შენობებია“.
მოგზაური ზუგდიდში 5 დღე დარჩენილა და შემდეგ გასდგომია ხობისკენ გზას - ცხენი ვიქირავე და ხობში წავედი. გზა გაყვანილი არ იყო და ირგვლივ ტყეები, ეკალ-ბარდები, წყალი და ტალახი იყო.
მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში ხობი მცირე ტიპის დასახლება ყოფილა, სადაც გლეხები კამეჩების მოშენებითა და ფარჩის ქსოვით ყოფილან დაკავებული. ხობში რამდენიმე დუქანი, ფოსტისა და პოლიციის შენობები მდგარა.
„ხობში მზის ჩასვლისას ჩავედი. აქაური გლეხები ძირითადად კამეჩების მოშენებითა და ფარჩის ქსოვით არიან დაკავებული. მოსახლეობის უმრავლესობას მეგრელები შეადგენენ, რომლებიც მარტო საკუთარ ენაზე ლაპარაკობენ. ქალაქის ახლოს მდინარე რიონი (ალბათ შეეშალა მდინარე ხობისწყალში) მიედინება, მაგრამ მასზე ხიდი არ არის. გარშემო ბევრი კლდე და ტყეა. ქალაქში 40 სახლი დგას, რომლებიც მეტწილად გამხმარი ტოტებითა და მცენარეებით არის გადახურული“.
შემდეგი დასახლებული პუნქტი ანაკლიაა. ანაკლია მნიშვნელოვანი დასახლება ყოფილა - ნავსადგურით, საბაჟოს, ფოსტისა და სკოლის შენობებით.
„ანაკლია სამეგრელოს რეგიონის ნავსადგურია. ის შავი ზღვის პირას მდებარეობს. აქ ერთადერთი კარგი შენობა საბაჟოა, რომელშიც უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ მოგზაურებს ძალიან მკაცრად ექცევიან. იქვე ახლოს მდინარე ენგური მიედინება, რომელიც შავ ზღვას უერთდება. ანაკლიაში ფოსტის შენობა და და პატარა სკოლაც არის. პორტს რამდენიმე სამხედრო პოლიციელი იცავს. ოფიციალური ენა რუსულია, მაგრამ აქაურებს საკუთარი ენაც აქვთ...“
ჰაჯ საიიაჰი ანაკლიიდან რედუტ-კალეში გამგზავრებულა რაც არ უნდა უცნაური იყოს კამეჩებშებმული (არა ცხენი, არც ხარი) „კალიასკით“. ხოლო ყულევიდან  ნავით ფოთში გადასულა.
„...არავითარი სურვილი არ მქონდა, რომ აქ (ანაკლიაში ლ.ღ.) დიდხანს დავრჩენილიყავი, ამიტომ მეორე დღესვე კამეჩებშებმულ კალიასკაში ჩავჯექი და რედუტ-ყალაში წავედი. ეს ციხესიმაგრე ძველ დროში მუსლიმებმა ააშენეს, თუმცა ახლა იქ მუსლიმები აღარ არიან და ოდესღაც მათ აქ ყოფნაზე მხოლოდ დანგრეული მეჩეთი თუ მიანიშნებს...”
არტანუჯის სპარსულ წყაროებში გეოგრაფიული სახელი ფოთი ნახსენებია 41-ჯერ, ზუგდიდი - 2-ჯერ, მარანი - 13-ჯერ, ნოვო სენაკი - 5-ჯერ, ჭალადიდი - 3-ჯერ, ხობი - 1-ჯერ, ანაკლია - 1-ჯერ და ყულევი -1-ჯერ.