14.09.2018

თომას გოლცი - საქართველო, ომისა და პოლიტიკური ქაოსის კრონიკა საბჭოთა კავკასიაში


იმისათვის, რომ საზოგადოებამ გადადგას სწორი ნაბიჯები და გაისიგრძეგანოს წარსულის ობიექტურად გააზრების მნიშვნელობა აუცილებელია საკუთარი ისტორიის შეულამაზებლად და ხოტბა-დიდების გარეშე შესწავლა და შეფასება. ვინც მსგავსი კრიტერიუმებით უდგება ქვეყნის წარსულს, მისთვის თომას გოლცის წიგნი - „ომისა და პოლიტიკური ქაოსის ქრონიკა პოსტსაბჭოთა კავკასიაში“ დიდი საჩუქარია.
უცხოელის თვალით დანახული საქართველო, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის კონფლიქტი, სისხლიანი აგვისტო, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები. ავტორმა 1992-2008 წლებში განვითარებული მოვლენები სულ სხვა კუთხით დაგვანახა. ზოგიერთი, ერთი შეხედვით ყველასათვის ნაცნობი ფაქტისა თუ მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა.
„არის ამ წიგნში რაღაც ისეთი, რაც შეგძრავს და სამუდამოდ დაგამახსოვრებს თავს. ესაა სიმართლე, შიშველი ფაქტები, რომლებსაც ყველგან ვერ წაიკითხავ, რადგან ყველა ვერ ახერხებს ასე - მიკერძოებისა და ფარისევლობის გარეშე წერას“ (ნაწყვეტი წიგნის ანოტაციიდან).
ნაწყვეტები თომას გოლცის წიგნიდან

-თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შუა სექტემბრის თვეში გამსახურდიას საწინააღმდეგო გამოსვლები იმართებოდა. გამოსვლებს სათავეში ძირითადად განათლებული, ინგლისურად კარგად მოსაუბრე ხალხი ედგა. უცხოური მედია მათ რატომღაც „დასავლურად ორიენტირებულ ინტელიგენციად“ მოიხსენიებდა. მათი მოწინააღმდეგენი სოფლის უბრალო ხალხი გახლდათ, გამსახურდიას მხარდამჭერნი, რომელთაც ინგლისური ესმოდათ და ხშირად ძალიან ცუდი რუსულით საუბრობდნენ. ამის გამო ისინი უცხოელი ჟურნალისტებისგან მუდმივად იგნორირებულნი რჩებოდნენ და მოიხსენიებოდნენ როგორც „ულტრანაციონალისტი მეამბოხეები.

-გამსახურდია არ გახლდათ აჩრდილი. ეს იდეა იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ სად იქნებოდა ფიზიკურად. გამსახურდია საქართველოს დამოუკიდებლობის იდეად იქცა, რისი გათელვაც მოახერხეს მოწინააღმდეგეებმა.

- იანვრის ცივი, სუსხიანი დილა... იქვე თვითმცლელი იდგა. მას ერთი გოჯი სისქის რკინის კედლები ჰქონდა გარშემოვლებული. ეს იყო გაჭირვებული კაცის თვითნაკეთი ჯავშანმანქანა.

- შეგეძლო დიდებული ხუთოთახიანი ბინა თვეში 100 დოლარად გექირავათ უმუშევარი, მრავალი ენის მცოდნე ფილოლოგისგან, თან მოახლედაც აგეყვანათ იგი.

- ძირითადად ოპოზიცია ისროდა. როგორც ტელევიზიიდან, ან ან საგაზეთო ფოტოებიდან ვხედავდით, ისინი არ ჰგავდნენ ჩვეულებრივ, სამსახურიდან დათხოვნილ პროფესორებს, არც იმ ხალხს, პოლიტიკური კულტუტის სემინარებს რომ უძღვებიან ხოლმე. ესენი იყვნენ წმინდა წყლის პუტჩისტები, რომელთა ხელშიც აღმოჩნდა მძიმე შეიარაღების არსენალი. აუცილებელი არ იყო, ყოფილიყავით დიდი კონსპირაციული თეორიების შეშლილი მორწმუნე, რომ გაგეგო, თუ რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში. ვიღაცამ იარაღით მოამარაგა ქართველი იმისათვის, რომ ადვილად მოეკლა მეორე ქართველი. ეს ვიღაცა კი რუსეთი იყო...

- ჩვენი მორალური გადაგვარება საბჭო ეპოქის 60-იანი წლებიდან იწყება, სწორედ მაშინ, როცა ადვილად შოულობდნენ ფულს, ყიდულობდნენ თანამდებობებსა და ხარისხებს. აი, სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა ქართველი კაცის კულტი - წამოიწყო პეტრემ (მამრაძე ლ.ღ.), როგორც კი დასრულდა ჩვენი ლიტერატურული მისალმება და საქართველოზე შევუდექით საუბარს, სწორედ ამ კულტმა გვიბიძგა ისეთი ხალხის აღზევებისკენ, როგორიც იყო ჯაბა იოსელიანი. ამან მიგვიყვანა საერთო განათლების დაცემისაკენ.
- უცნაური იყო ისიც, რომ უსაფრთხოებისთვის მისი (შევარდნაძის) პირადი მცველები ფორტ-ბრეგსა და CIA-ს უწყებებში გადიოდნენ ტრენინგებს. ნიღბიანი სპეცრაზმელების მაღალკალიბრიან ტყვიებს თბილისში უკვე „ბეიკერებს“ ეძახდნენ, პოლიციის გერმანულ ნაგაზებს კი „გენშერებს“.

- ჩემი ცხოვრების მიზანია აღვზარდო მეორე შევარდნაძე. - გამანდო თავისი მხურვალე სურვილი პროფესორმა რონდელმა ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როცა ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცივ და ჩაბნელებულ შენობაში სტუდენტების შესახებ ვსაუბრობდით. ხშირად რონდელი თავის სტუდენტებს შინელითა და სანთლით ხელში უტარებდა ლექციებს. - მხოლოდ შევარდნაძისნაირ გენიოსს თუ შეუძლია გამოიყვანოს შეშლილი პოეტებისა და მხატვრების ნაცია იმ კატასტროფიდან, სადაც დღეს აღმოვჩნდით.

- 2008 წელი ... ხობის შესასვლელთან შეეჩერებინათ რამდენიმე ავტომზიდი. უდარდელად გაშხლართულიყვნენ ჩრდილში ჯარისკაცები, ისინი ხომ ჩვეული რუსული წესრიგის დასამყარებლად იყვნენ შემოსულები და არც კი ცდილობდნენ შეენიღბათ თავიანთი სამხედრო „ინკვიზიცია“. უცნაური იყო იმ ხალხის გულგრილობა, ჩემთან ერთად რომ მგზავრობდნენ. რამდენიმე სამხედრო ნაწილს ჩავუარეთ, ზოგიერთები გზის პირას იყვნენ გაშოტილები, ზოგს კარავი გაეშალა შორიახლოს... ავტობუსში ერთ მგზავრსაც არ წამოსცდენია რაიმე აუგი მათი მისამართით, თუნდაც აბუჩად ასაგდები სიტყვა. როგორც ჩანს ჩემი თანამგზავრები კარგად ხვდებოდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა მათ უარყოფით ჟესტებს, ან მორჩილად შეგუებულებს გარდაუვალი ეგონათ ყველაფერი რასაც ამ მინიბუსის სარკმლიდან ხედავდნენ. შემზარარავ გულგრულობას ამჟღავნებდნენ საკუთარი ეროვნული რწმენის მიმართ. სხვა რა შეეძლოთ!