24.09.2021

რუბრიკა ამაგდარი - ალექსანდრე არჩაია

 ბატონ ალექსანდრეს ხობის საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება - ის არის გამორჩეული პიროვნება, ინტელექტუალი, დამსახურებული პედაგოგი და მრავალი თაობის აღმზრდელი. ბატონ ალექსანდრეს ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხელს და ჯანმრთელობას.

ალექსანდრე არჩაია დაიბადა 1941 წლის 17 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში. 1947 წელს შევიდა სოფელ ნოჯიხევის 8-წლიან სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. სწავლის გასაგრძელებლად შევიდა . ხობის საშუალო სკოლაში, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1958 წელს.

ავტობიოგრაფია

 1959 წელს ჩაირიცხა ქალაქ სოხუმის . გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1964 წელს. მუშაობა დაიწყო . ხობის N2 საშუალო სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად

1975 წელს დაინიშნა ამავე სკოლის დირექტორად. 1985 წელს აირჩიეს . ხობის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ, ხოლო 1986 წელს გადაიყვანეს ხობის რესპუბლიკური სკოლა-ინტერნატის დირექტორად, სადაც იმუშავა 1988 წლამდე. 1988 წელს აირჩიეს ნოჯიხევის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ, სადაც 1992 წლამდე იმუშავა. 1993 წელს ისევ დაინიშნა . ხობის N2 საშუალო სკოლის დირექტორად, სადაც ჯამში დირექტორად 30 წელი იმუშავა.

შალვა ხარებავა, რალა ჩემია, ნელი ბუკია და ალექსანდრე არჩაია

ალექსანდრე არჩაია ავტორია წიგნებისა მათემატიკაში. 2013 წელს . არჩაიამ გამოსცა წიგნი აბიტურიენტებისთვის: „ყველაფერი ათწილადებზე და პროცენტებზე: ზოგადი უნარები (ორტომეული). ალექსანდრე არჩაიას 2016 წელსცოტნეობისდღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისა და განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ალექსანდრე არჩაია 2015-2017 წლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობდა.

. არჩაიას 2019 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს დამსახურებული მასწავლების წოდება მიანიჭა.

 მერი ლაგვილავას წერილი ალექსანდრე არჩაიაზე

დიდებული მოძღვარი

 მას წარდგენა არ სჭირდება... უბრალოდ, ისეთ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც „მასწავლებლის დღედ“ იწოდება, გვინდა ერთხელ კიდევ მოვეფეროთ, მოვესიყვარულოთ და გავიხსენოთ მისი უცაბედად ნათქვამი „მე ძალას მაძლევს სიყვარული“.

მასწავლებელთა სახელოვანი კოჰორტის ერთი თავდადებული და „თავაუწეველი“ პიროვნებაა ბატონი ალექსანდრე (საშა) არჩაია. არ მქონდა ბედნიერება მისი „მერხის მოსწავლე“ ვყოფილიყავი, (ნუ მიწყენენ ქვალონის N1 საშუალო სკოლის ჩემი სულმნათი პედაგოგები), მაგრამ მის მოსწავლედ ბარე 40 წელიწადია თავს ვთვლი... მისგან ყოველდღე სწავლობ... მასთან საუბრისას ხშირად ფიქრობ, შენ ხომ ეს უკვე იცოდი, მაგრამ რა ხდება, ის მაინც სხვაგვარად ამბობს, სხვაგვარად  იქცევა, სიამოვნებით და სიამაყით ივსები, რადგან ის მეგობრად გთვლის, ხშირად გეხმიანება და „ცხელ-ცხელი“ ამბებით განებივრებს.

-ჩემმა მშობლებმა მარიამ ქვილითაიამ და კონდრატე არჩაიამ 6 შვილი გაგვზარდეს, აკადემიური განათლება მიგვაღებინეს, ადამიანური ურთიერთობები და კაცთმოყვარეობა დაგვანათლეს. უფალმა გადმომხედა, ცხოვრების მეგზურად კეთილმოყვარე, გულიანი იჯახის ქალი, პედაგოგი ეთერ ესაკია რომ მომივლინა. ჩვენ 4 შვილი გავზარდეთ და 8 შვილიშვილი გვიხალისებს ავკარგიან სიცოცხლესო, - მითხრა ბატონმა საშამ, არადა სახალისოდ და საამაყოდ გავლილი ცხოვრების ნათელი გზა იმდენად დატვირთულია, გასავლელად მრავალი ადამიანი იკმარებდა...

მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე ბატონო ალექსანდრე, დიდებულო მოძღვარო! თქვენი დიდებულება თქვენი ხალხის სიყვარულშია.

გაზეთი „ხობის მოამბე“ N9, 2017 წელი.

 

 

 

22.09.2021

გამოიცა შორენა კორტავას ახალი ნაშრომი „სოციალური ცვლილებების თეორია“

გამოიცა სოციოლოგიის დოქტორის შორენა კორტავას (https://gnostikosi.blogspot.com/2020/06/blog-post_9.html) მორიგი სამეცნიერო ნაშრომი „სოციალური ცვლილებების თეორია“. წიგნის რედაქტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერი ჭანტურიაა. წიგნი ეძღვნება ტარიელ გელანტიას ნათელ ხსოვნას და ავტორის ბავშვობის ლამაზ მოგონებებს.

მოცემული წიგნი არის შედეგი სამწლიანი თანმიმდევრული შრომის. იგი მოიცავს სოციალური ცვლილებების ანალიზს სხვადახვა, სოციო-კულტურულ და ასევე პოლიტიკურ ჭრილში. განხილულია დარგში აღიარებული სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები, არგუმენტები, ხანგრძლივი კვლევის შედეგები საკითხებზე, როგორიცაა ცვლილებები სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში, სწავლების მეთოდებსა და შინაარსში; რისკები, რის წინაშეც დგას დღეს მსოფლიო საზოგადოება და ასევე ადგილობრივი მთავრობები ლოკალურ დონეზე; ეკოლოგიური ტიპის პრობლემები; დარგის უახლესი ტენდენციები, ისეთი როგორიცაა ეკონომიკის სოციოლოგიის ჩარჩოებში გიგ-ეკონომიკა, კრიპტო ვალუტა, ბლოკჩეინი; ტრენდული სოციალური მოძრაობები, ახალი პოლიტიკური იდეოლოგია, წოდებული კონვივიალისტურად და ზოგადად კონვივიალისტური მანიფესტი. წიგნი განკუთვნილია პირველ რიგში უმაღლეს სასწავლებლებში სოციოლოგიის პროგამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ასევე სხვა სოციალურ მეცნიერებათა შესწავლით დაკავებული ახალგაზრდებისათვის; უკვე შემდგარი, დიპლომირებული სპეციალისტებისათვის; წიგნის თემატიკით, საზოგადოებისა და მასში მიმდინარე ცვლილებებით დაინტერესებული მკითხველთა ფართე წრისათვის.

წიგნის ელექტრონული ვერსიის ბმული http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/340744/1/Socialuri_Cvlilebebis_Teoria.pdf

 

 

 

09.09.2021

გამორჩეული ხობელი ფეხბურთელი ედიკ საჯაია

 ხობის მუნიციპალიტეტის სპორტული ცხოვრების ისტორიაში ედიკ საჯაია ერთერთი გამორჩეული ფეხბურთელია. გთავაზობთ მცირე ბიოგრაფიულ და სტატისტიკურ მონაცემებს ედიკ საჯაიას სპორტული ცხოვრებიდან. 


ედიკ საჯაია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში - ზედა რიგში მარცხნიდან მეორე

ედიკ საჯაია (მცველი, სიმაღლე - 178 სმ.) დაიბადა 1981 წლის 16 თებერვალს ხობის რაიონის სოფელ გურიფულში. ფეხბურთის თამაში დაიწყო ხობის ოლიმპიური რეზერვების სასწავლებელში. ე. საჯაია წლების განმავლობაში თამაშობდა ქართული და უცხოური გუნდების შემადგენლობაში. 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 1999-2003 წლებში ჩაატარა 22 მატჩი, ხოლო ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2001-2002 წლებში - 9 მატჩი. 2001-2002 წლების სეზონში ევროპის უეფას თასზე მოსკოვის „ტორპედოს“ შემადგენლობაში ჩაატარა 2 შეხვედრა.

მატჩები ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში

ედიკ საჯაია არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი („ზესტაფონი“ და დინამო „თბილისი“) და საქართველოს თასის 2004-2005 და 2007-2008 წლების გამარჯვებულია.

ედიკ საჯაია საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოს პირველობაში მონაწილე გუნდების, მათ შორის ხობის „კოლხეთის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.







 

 

08.09.2021

ღვაწლმოსილი მასწავლებელი ნიკო სიმონის ძე ნაჭყებია

 ნიკო ნაჭყებია დაიბადა 8 იანვრის 1854 წელს სოფელ ხეთაში. მამამისი სიმონი მღვდელი იყო და მსახურობდა სამურზაყანოში; პირველდაწყებითი სწავლა მიიღო ოქუმის ორკლასიან სასწავლებელში. 

1868 წელს ქრისტიანობის აღმადგენელმა საზოგადოებამ სკოლების დასათვალიერებლად გამოგზავნა თბილისის საოსტატო სასწავლებლის მასწავლებლად მყოფი ბატონი სტრელეცკი. მან ოქუმის ორკლასიანი სასწავლებლის დათვალიერების დროს ყურადღება მიაქცია პატარა მოწაფეს ნიკოს და თავისი ხარჯით წაიყვანა იგი თბილისში, სადაც ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოების ხარჯზე მიაბარა საოსტატო სასწავლებელთან არსებულ პირველდაწყებით სკოლაში. ამ სასწავლებლის დასრულების შემდეგ, იმავე ხარჯზე მიღებულ იქნა საოსტატო სასწავლებელში. შემდეგ ეს სასწავლებელი გადაკეთებულ იქნა საოსტატო ინსტიტუტად, რომლის კურსიც დაასრულა ნიკომ 1876 წელს, ამ წელს იგი დანიშნულ იქნა სამურზაყანოში ს. საბერიის ერთკლასიან სასწავლებლის გამგეთ; 1880 წელს გადაყვანილიქნა გორის მაზრაში ს. ვანათში ასეთსავე ადგილზე. 1883 წელს ისევ დაბრუნდა სამურზაყანოში დიხაზურგას სასწავლებელში, სადაც მსახურობდა 1888 წლამდი; ამნაირათ სამურზაყანოში მან გაატარა 9 წლის სამსახური. აქ ამ დროს ცირკულიარებით სასტიკად იყო აკრძალული ქართულის სწავლება. მიუხედავად ამისა, ნიკო გულმოდგინეთ განაგრძობდა ქართული წერა-კითხვის  სწავლებას. ამისთვის ინსპექტორმა პერევოზნიკოვმა მუქარა გამოუცხადა ნიკოს, სამსახურიდან გადაგაყენებო. ამის შემდეგ მან ქართული წერა-კითხვის სწავლება მოაწყო ნასადილეობით, და თავისი შესანიშნავი სიჯანსაღე მშვენივრათ გამოიყენა დღეში ორჯერ მეცადინეობისთვის და კარგათაც დააყენა სწავლება, ასე, რომ, როდესაც ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებისგან გამოგზავნილმა რევიზორმა არქიმანდრიტმა ლეონიდემ, აწ ყოვლად უსამღვდელოესმა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა, დაათვალიერა 1883 წელს დიხაზურგას სასწავლებელი, დიდი მადლობა გამოუცხადა მას საქმის კარგათ წარმოებისთვის და საუკეთესო მოწაფეების ნაწერი ოთხი რვეული თან წაიღო.

1888 წელს ნიკო გადაიყვანეს თავის სამშობლო სოფელში, ხეთის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველის ადგილზე და ამ სასწავლებელს განაგებდა გულმოდგინეთ 1911 წლამდი, ხოლო ამ წელს 35 წლის სამსახურის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა და ცხოვრობს თავის ოჯახში ს. ხეთაში. თავისი ხანგრძლივი სამსახურის დროს მას ერთხელაც არ უღალატნია თავისი წმინდა მოვალეობისთვის. თავის აუჩქარებელი დინჯი ხასიათით და გულმოდგინე სამსახურით დაიმსახურა საერთო სიყვარული როგორც ამხანაგობისა, ისე ადგილობრივი საზოგადოებისა.

1896 წლამდი სოფლათ მთელ მაზრაში არ მოიპოვებოდა არც ერთი საქალო სასწავლებელი, მხოლოდ ამ წელს პირველათ ნიკოს თაოსნობით დაარსდა სოფელ ხეთაში ერთკლასიანი სასწავლებელი.

უსათუოდ ამ პატიოსანი და დამსახურებული მუშაკის მორვაწეობა უნდა იქნას აღნიშნული საზოგადოების მიერ იუბილეს გადახდით.

გაზეთ „იმერეთი: N96, 1914 წელი.

მეცხრამეტე საუკუნეში და დღესაც, სოფლის ცხოვრებაში სკოლას და მასწავლებელს განსაკუთრებული როლი აკისრიათ. სოფელში სკოლის არარსებობით (გაუქმებით, მაგალითად ხობში გაუქმდა წინაგოლის და პირველი ხორგის კარგი სკოლები) ძალიან მნიშვნელოვანი რამ იკარგება.

02.09.2021

სოფელ ქვალონის ადმინისტრაციული საზღვრების და სოფლის დაყოფის შესახებ

 

გთავაზობთ, მცირე ისტორიული ექსკურსს სოფელ ქვალონის ადმინისტრაციული საზღვრების და სოფლის დაყოფის შესახებ.


გაზეთი "კომუნისტი" N134, 1934 წ.

1934 წლამდე არსებობდა მხოლოდ ერთი ქვალონი. მაგალითად მეცხრამეტე საუკუნის პრესის მასალებში ათეულობით ცნობაა დაცული სოფელ ქვალონის შესახებ. 1926 წლის საქართველოს მოსახლეობის საკავშირო აღწერის მიხედვით არსებობს სოფელი ქვალონი, რომლის მოსახლეობა შეადგენს 3870 ადამიანს.

სრულიად საქართველოს ცაკ-ის პრეზიდიუმისა და საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს გაერთიანებულმა სხდომამ 1929 წლის 29 აგვისტოს დაამტკიცა რესპუბლიკის ახალი ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა, რომელიც გამოქვეყნდა 1930 წელს. ამ დაყოფის მიხედვითაც ქვალონი არის ერთი სოფელი.

ქვალონის ორ საბჭოდ გაყოფა მომხდარა 1934 წელს, რასაც მოწმობს გაზეთ კომუნისტის 1934 წლის N134-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია, კერძოდ: ცაკ-ის გადაწყვეტილებით ქვალონის სასოფლო საბჭოს გამოეყო ქვემო ქვალონი და დაარსდა ქვემო ქვალონის სასოფლო საბჭო, ცენტრით ქვემო ქვალონში. საქართველოს სსრ ცაკის 1934 წლის 21 მაისის დადგენილებით ხობის რაიონში შეიქმნა ქვემო ქვალონის სასოფლო საბჭო.


1936 წლის „კანონთა და განკარგულებათა კრებული“

1936 წლის „კანონთა და განკარგულებათა კრებულის“ მიხედვით არსებობს ორი ქვალონი: ქვალონის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან სოფლები: შუა ქვალონი, ზემო ქვალონი და ჭითაუშკური და ქვემო ქვალონის საბჭო 0სოფელი ქვემო ქვალონი).