სოფელი ბია თედო სახოკიას ჩანაწერებში
ხობის რაიონის ეთნოგრაფიით დაინტერესებული ვერც ერთი
ადამიანი გვერდს ვერ აუვლის თედო სახოკიას შესანიშნავ წიგნს „როგორ ვიზრდებოდით ძველად“.
წიგნი იწყება შემდეგი სიტყვებით: „დავიბადე 1868 წლის
მარტის 2, სოფელ ხეთაში, მღვდლის ოჯახში... ბებიამ ჭიპის მოჭრასთან ერთად პირში ჩხიკვის
ფრთა გამომავლო თურმე - ენას ადრე ამოიდგამსო...“.
თ. სახოკია მშობლებს სოფელ ბიაში გაუძიძავებიათ, ხოლო
შემდეგ ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარ შიო იოსავასთვის მიუბარებიათ.
თედო მღვდელთან ცხოვრობდა და მისი ხელმძღვანელობით ეუფლებოდა საგნებს. სწორედ ბავშვობის
მოგონებებში ვაწყდებით საყურადღებო მასალას სოფელ ბიას ეთნოგრაფიის შესახებ.
წიგნიდან მოხმობილი მასალები დაყოფილია რუბრიკებად.
გეოგრაფიული
გარემო და ბუნება
სოფელ ბიას, გორაკის კალთაზე, ტყეში, გაკაფული 8-10
დღის მიწა უკავია. აქ არის სიმინდის სათესი ადგილი, აქვეა ურიცხვი ხეები წაბლისა, ხურმისა
და თხმელისა, რომელზედაც გასულია ძველი ჯიშის ვაზები: „ოჯალეში“ (მზვარის), „ჭვიტილური“,
„პუმპული“ და აგრეთვე სამეგრელოში სამეგრელოში ახალშემოსული „ადესა“ (იზაბელა). აქვეა
კაკლის ხეები, თხილნარი, ბროწეულის ბუჩქები, კომში, ვაშლი, მსხალი, საკუთარი წყარო.
ბოლოს, აქვეა „საისლედ“ (სადაც იზრდება სახლის დასახურავი ისლი) გაშვებული ორი ქცევა
მიწა. ეზო, სადაც კოინდარია დათესილი, კიდევ ცალკეა. ეზოს შუაში უზარმაზარი კაკლის
ხეა და მის ქვეშ ტოტებიანი მარგილია მაგრად ჩარჭობილი, მოსული სტუმრის ცხენის მისაბმელად
(ახლო მეზობლებს გარდა, სხვა ადგილიდან მოსული კაცი უეჭველად ცხენიანი უნდა ყოფილიყო,
განსაკუთრებით კუთრებით თუ სამღვდელო იყო ან პრივილეგიური წოდებისა-თავადი, აზნაური).
სწორედ ამ
მხარეს, სადაც სამზარეულო იყო, ანუ, როგორც აქ ეძახდნენ, სამზადი და ბოსელი, ნახევარი
ქცევა ადგილი, ნაკელიანი, ბოსტანს ეჭირა. შიგ ეთესათ: პრასა, წიწაკა, ოხრახუში, ნიახური,
რეჰანი, ქინძი სუნელი, მხალი, ჭარხალი, ხავი, გოგრა და ეგ არის და ეგ... არც პამიდორის
ხსენება იყო სადმე, არც კარტოფილისა. ბოსტანშივე, განაპირას, შვიდიოდ ძირი სკა იდგა,
საიდანაც ყოველ ზაფხულის პირას მამა-პაპათა ხერხით - კვამლის საშუალებით - თაფლი მოჰქონდათ
ხოლმე და ამ ამოღების დროს აუარებელი ფუტკარი იხოცებოდა.
ამ ეზო-ყანა-ვენახ--ხილნარს
გარშემოვლებულიჰქონდა მაგარი ღობე გარეულ თხილის წკნელისა, შიო მღვდლის ქონების დასაფარავად
უპატრონოდ მავალ და უღლებიან ღორ-საქონლისაგან...ხოლო ქურდების შემოსვლისაგან კარ-მიდამოს
იფარავდა ორი ნაგაზი, რომელთაც შეეძლოთ ცხენიდან კაცი ჩამოეღოთ.
მედიცინა
ხალხის მკურნალობის საქმე სავსებით ებარა შინაურ ანუ
სოფლის მეწამლეებს, რომლებიც უმეტესად ქალები იყვნენ, ხოლო „ქირურგები“, კბილის ამომღებნი
და სისხლის გამომშვები მამაკაცები იყვნენ. მკურნალობის ამ სამ დარგს ზოგჯერ ერთი კაცი
„ითავსებდა“ ასეთ ექიმს მხარზე გადაკიდებული ჰქონდა სამგზავრო ჩანთა, რომელშიაც ელაგა
სისხლის ნესტარი და კბილის ამოსაძრობი გაზი.
ტაბუ
მასწავლიდნენ, რის გაკეთება არ შეიძლებოდა, ანუ რაც
იყო „ტაბუ“, რადგანაც „ტაბუს“ დარღვევას, მათი აზრით, მოსდევდა დამრღვევის დაზარალება,
ვნება, საქმის უკუღმა დატრიალება.
აი, ზოგი მათგანი:
1.
თუ მიწაზე
დავეცემოდი ან ჩემით დავჯდებოდი, წამოდგომისას უეჭველად სამჯერ უნდა დამეფურთხებინა
ნაჯდომ ადგილზე, რომ „მიწა არ ამყოლოდა“, ე.ი. სინოტივე. ამ სახით გაცივებას თავიდან
ავიცდენდი.
2.
არ შეიძლებოდა
კარის ზღურბლზე დაჯდომა, თორემ შეიძლებოდა ჩემი ძიძს სახლს ბოქაული ან ვინმე ამწიოკებელი
მოსდგომოდა კარზე.
3.
აკრძალული
იყო ბაყაყის მოკვლა; თუ ვინმე მოჰკლავდა, მაშინათვე წვიმა უნდა წამოსულიყო.
4.
აკრძალული
იყო ვისთვისმე ფულის მიცემა ხელით, რადგან ფულთან ერთად წაყვება ჩვენი ხელის ბარაქა.
5.
თუ ოთხფეხა
საქონელს ჰყიდნენ, იმასაც ერთ ბღუჯა ბალანს მოაცილებდნენ და ისე აძლევდნენ მყიდველს.
წყევლა
წყევლის
ფორმულები მრავალგვარი იყო: „ხვალინდელი დღე არ გაგთენებოდეს“, „შავი მიწა დაგყროდეს“,
„ყველანი დაგხოცოდეს“ და სხვა.
ცრურწმენები
მზაკვრების
და ავი თვალისგან დაცვის მიზნით სახლის კარს ზემოდან გვეკიდა გახვრეტილი ქვა, კარის
ზღურბლზე დაჭედილი გვქონდა ცხენის გაცვეთილი ნალი, ღობის სარზე ჩამოცმული გვქონდა ცხენის
ან ხარის ქალა.
სპორტული თამაშობანი
ფერხულს, მცირე შესვენების შემდეგ, მოჰყვებოდა შეჯიბრი
სირბილში. გადასარბენად დანიშნული იყო ასე ნახევარი კილომეტრის მანძილი. ამაში მონაწილეობას
ღებულობდნენ ახალგაზრდები, ასე 12-15 წლის ბიჭები. გამარჯვებულისათვის საჩუქარი არსებობდა,
მისი ჯილდო იყო - სახელი, რომელსაც მოიხვეჭდა თავის სიმარჯვით ტოლებისა და დიდების
თვალში.
სირბილს მიაყოლებდნენ ბურთაობას. მობურთალნი ორ მოპირდაპირე
ჯგუფად გაიყოფოდნენ; გამარჯვებულად ითვლებოდა ის ჯგუფი, რომელიც თავის ლელოში გაიტანდა
ბურთს.
რიგი ბიჭებისა ჩოგანის თამაშობას გამართავდა. მეტრიანი
ჯოხი ძირში ბრტყლად მოკაუჭებული მოთამაშენი ორ ჯგუფად იყოფოდნენდა თითოეული ჯგუფი ცდილობდა
„ჩოგანის“ ცემით ბურთი ლელოზე გაეტანა. ამ თამაშობაში ღონე იმდენად არ იყო საჭირო,
რამდენადაც სიმარდე და გამჭრიახობა.
ყოველივე ეს დასრულდებოდა იმით, რომ მეღრეობენი, დიდი
თუ პატარა, კაკლის ხის ძირას მოიყრიდნენ თავს და გაიმართებოდა ჭიდაობა დიდებისა ცალკე
და პატარებისა ცალკე. ჭიდაობაში გამარჯვებულნი, როგორც მორბენალნი, სჯერდებოდნენ მაყურებელთა
ქებას და მათს შორის სახელისა გავარდნას. ჭიდაობაში, ფიზიკური ღონის გვერდით, ხერხი
ფასდებოდა, რომლის საშუალებით მოპირდაპირესა სჯობნიდა მოჭიდავე. ასეთი ხერხი იყო: მოგვერდი,
კისრული, ფეხის გამოდება და სხვა.
თედო სახოკია:
დაბადების ადგილი: სოფელი ხეთა, ხობის რაიონი.
მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. 1884 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა არალეგალურ წრეში მონაწილეობისთვის. 1886 წლიდან სწავლობდა ჯერ ჟენევის უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზის სორბონის უნივერსიტეტში. 1888 წლიდან ლიტერატურული მოღვაწეობა, ილია ჭავჭავაძის "ივერიაში" დაიწყო. 1900 წელს შევიდა პარიზის უმაღლეს ანთროპოლოგიურ სასწავლებელში. 1901 წლიდან თანამშრომლობდა რომში მიხეილ თამარაშვილთან. 1902 წლიდან იყო საფრანგეთში მყოფი ქართველების არალეგალური გაზეთის "საქართველოს" თანარედაქტორი. თანამშრომლობდა საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში ("დროება", "სახალხო გაზეთი", "ნოვოე ობოზრენიე", "კავკაზ"), განსაკუთრებით კი – "ცნობის ფურცელსა" და "მოამბეში", რომლებისთვისაც პარიზიდან აგზავნიდა წერილებს. 1906 წელს რევოლუციონერების დასახმარებლად საქართველოში უცხოეთიდან იარაღის ჩამოტანის გამო დააპატიმრეს და 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს. 1916 წლიდან საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში. მისი თარგმანები ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. მან შეკრიბა ქართული ანდაზები(გამოქვეყნდა 1967) და ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი (ტ. I-III, 1950-195)