საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა მილიონობით ადამიანის
სიცოცხლე შეიწირა. რეპრესირებულთა ოჯახები საზოგადოებისგან გარიყულნი იყვნენ.
იოსებ ბროდსკი
- „ებრაული წარმოშობის რუსი პოეტი, ამერიკელი ესეისტი“, საბჭოთა კავშირიდან იძულებით
ემიგრირებული ნობელის პრემიის ლაურეატი იგონებს: 1964 წელს „მუქთახორობისათვის“ ლენინგრადიდან
გადასახლებულს, გზაში, „სტოლიპინის“ საპატიმრო ვაგონში, შეხვედრია რუსი გლეხი, რომელსაც
წვრილმანი ქურდობისთვის ექვსი წელი ჰქონდა მისჯილი. ცხადი იყოო - წერს ბროდსკი - რომ
მოხუცი ან გზაში მოკვდებოდა ან ციხეშიო. არცერთი ინტელიგენტი - არც რუსეთში, არც დასავლეთში
- მის დასაცავად ხმას არ ამოიღებს. არასდროს! მარტო იმიტომ, რომ მის შესახებ ვერავინ
და ვერასოდეს გაიგებს! ... რაღაც უფლებადამცველი მოძრაობა უკვე დაწყებული იყო, მაგრამ
ამ საწყალ მოხუცს არავინ გამოესარჩლებოდა, არც ბი-ბი-სი, არც „ამერიკის ხმა“, არავინ!...
იმიტომ, რომ ყველა ამ ახალგაზრდამ - მე მათ „მებრძოლებს“ ვეძახდი - იცოდა რას აკეთებდა,
რაზე მიდიოდა და რისთვის... იმიტომ, რომ მათ ყოველთვის ჰყავდათ რაღაც აუდიტორია, ვიღაც
მეგობრები, ძმაკაცები მოსკოვში. ამ მოხუცს კი არანაირი აუდიტორია არა ჰყავს...
ზეპირი ისტორიების
გამოყენება ისტორიკოსებმა 1940-იანი წლებიდან დაიწყეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში,
სადაც „ტრადიციული“ ისტორიოგრაფიის წყაროები საკმარისი არ აღმოჩნდა. ასეთია უმცირესობების
ან რეპრესირებულთა ისტორიები, რომელთა აღდგენაც სხვა დოკუმენტებით ხანდახან შეუძლებელი
ხდება - ისტორიული არქივები შეიძლება დახურული იყოს, შემთხვევით ან სპეციალურად ნადგურდებოდეს.
საქართველოშიც, განსაკუთრებით, 20-50-იანი წლების რეპრესიების ისტორია დიდად არის დამოკიდებული
უშუალო თვითმხილველებზე. სამწუხაროდ, ძალიან დიდი დრო დაიკარგა და ბევრი ადამიანი არათუ თავისი სათქმელის თქმას,
საზოგადოების ინტერესსაც ვერ მოესწრო. მათ შესახებ ახლა უკვე მოწმეების მეორე თაობისაგან,
ე.წ. მეორადი მოწმეებისაგან (secondary
witnesses) ვიგებთ (დაკარგული ისტორია - მეხსიერება რეპრესირებული
ქალების შესახებ).
ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მცხოვრები ბუკიების
ოჯახის ტრაგედიაზე, ოჯახის წევრი, ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი სვეტლანა
(სვეტა) ბუკია მოგვითხრობს.
-1942 წლის შემოდგომაზე, რეპრესირებულ იქნა ჩემი ოჯახი.
მამაჩემი - გრიშა გრიგოლის ძე ბუკია, ბებიაჩემი - ნადე სიკოს ასული ჯაბუა-ბუკია, მამიდა
-თინა გრიგოლის ასული ბუკია (13 წლის). მიზეზი - მამაჩემის ძმა, პროკობი ბუკია გერმანელებს
ჩაუვარდათ ტყვედ. ის სამხედრო-სავალდებულო სამსახურში იმყოფებოდა, როცა გერმანიასთან
ომი დაიწყო.
ჩემი
ოჯახი გადაასახლეს ციმბირში. გადასახლებულები ჯერ ჩაიყვანეს ბაქოში, ხოლო შემდეგ გემით
და „ეშელონებით“ ციმბირში. ბაქოში ჩაყვანილები ციხეში განუთავსებიათ, სადაც უმძიმესი
პირობები და ანტისანიტარია ყოფილა.
ბებიაჩემი
საკმაოდ განათლებული და თადარიგიანი ქალი ყოფილა (4 კლასის დაწყებითი განათლებით).
სცოდნია ქართული და სალაპარაკო რუსული. თურმე თან მიჰქონდა ნიორი, რომელმაც ბევრს შეუნარჩუნა
კბილები.
გაუსაძლის
პირობებში უწევდათ გადასახლებულებს მგზავრობა. გადაადგილების დროს ძალიან ბევრი დაღუპულა.
მაისში ჩასულან ციმბირში, სადაც მცირე ულუფას აძლევდნენ და ხალხი შიმშილით იხოცებოდა.
ბებიასთვის უცნობ ქალს საკერავი მანქანა უჩუქნია. ბებიას ჭრა-კერვა სცოდნია და ამით
ირჩენდნენ თავს. შემდეგ მამაჩემს დაუწყია ხე-ტყის დამზადებაზე მუშაობა.
ბებიას
უმძიმეს მორალურ და ფიზიკურ პირობებში უხდებოდა ცხოვრება. ამაზე მეტყველებს მის მიერ
მამიდაჩემისთვის გამოგზავნილი წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ რატომ დამივიწყეთ, რატომ
არ მწერთო. ნათესავები წერილებს სწერდნენ, მაგრამ საბჭოთა უშიშროება არ აგზავნიდა მიუღებელი
შინაარსის გამო.
შვილო ნანული!
შევთხოვ ბუნების ძალას თქვენს კარგად
ყოფნას. შენი წერილი დიდი ხანია არა მაქვს და დარდით აღარა ვართ. წერილს რა უდგია წინ,
წერე ხშირად და აგზავნე. თუ დაგავიწყდა ციმბირში ცხოვრება? ხომ იცი რა დიდი იმედია
წერილის მიღება. ჩვენს ამბავს თუ იკითხავთ ვართ ისე ძველებურათ. კარტოფილის მოსავალი
ცუდი იყო და ეხლა უკარტოფილოთ ვართ, ისიც ძვირია. რა ვქნათ არ ვიცით. გრიშა კურსებზე
გააგზავნეს რაიონში. რამდენ ხანს დარჩება არ ვიცი, რასაც აიღებს მას იქ არ ეყოფა სახარჯოთ
და მე აქ რა ვქნა სულ ცარიელზე ვზივარ. ნანული ნებართვა ქე გამოგიგზავნეთ და რისთვის
არ დაგვეხმარეთ არაფლით. ეხლა უკანასკნელი ცუდი დღე გვაქვს და თუ რაიმე მოგეხერხებათ
გამოგვიგზავნეთ. უთხარი ძღაბებს ყველამ გამოიღონ რაიმე. ისე ლუბას ამბავს რატომ გარკვევით
არ იწერებით სადაა რამდენი ხანი. იმისი ამბავი არ იცით.
გამიკოცნე ყველა შვილები, სიძეები და ბავშვები. მე
გრიშა, რომ არ არის მარტო ვარ უცხო რუსებში. შენ ნანული ამის მიღების თანავე წერილი
გამომიგზავნე და თუ ახერხოთ ფული იქნება თუ პასილკა ჩემთვის ყველა კარგია. უთხარი ლადის
და სხვებსაც. ნუ დაგავიწყდებათ თქვენი გაჭირვებული დედა. მეტი რა მოგწეროთ მოგიკითხათ
გრიშამ და პელაგიამ. თქვენი ...
19/04.1946
ციმბირიდან 1946 წელს გამოგზავნილი წერილის ასლი
მამიდაჩემი,
როგორც არასრულწლოვანი და ბებიაჩემი, როგორც მოხუცი ორი წლის შემდეგ გაუთავისუფლებიათ,
მაგრამ ბებიას მამაჩემი, არ დაუტოვებია - მეორე შვილსაც ვერ დავკარგავო. მამიდაჩემი
მატარებლით ჩამოვიდა, ხოლო ბებია დარჩა ციმბირში.
მამიდას
გავერანებული ეზო-კარი დახვედრია. კეთილ მეზობლებს აუშენებიათ პატარა ქოხი. მამიდა
თავს ჩაის კრეფით ირჩენდა თავს, ხოლო ღამე ნათესავებთან ეძინა.
5 წელი გაატარეს გადასახლებაში. მამაჩემმა იქ იქორწინა
დედაჩემზე - ზოია მიხეილის ასულ დრობიშევაზე. გადასახლებულები სამშობლოში 1947 წელს
დაბრუნდნენ.
რაც
შეეხება ბიძაჩემს, 1949 წელს გამოუგზავნია წერილი შორეული აღმოსავლეთიდან, იქ ციხეში
მჯდარა. მამაჩემი ბევრს ეცადა, მაგრამ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ვერაფერი ვერ გაიგო,
გარდა იმისა, რომ მასთან ერთად ოსი და წალენჯიხელი მჯდარა ციხეში, რომლებიც დახვრეტას
გადაარჩინა.
გრიშა ბუკია ორი წელი მუშაობდა ციმბირში, სადაც 1976 წელს, მეგრულ ენაზე საკუთარი ცხოვრების შესახებ დაწერა ლექსი. ქვემოთ გთავაზობთ ლექსიდან ნაწყვეტს.
ირო თქვანო მიშრომებუ
ხეთ მისოფუ ძიგირი
იბირი სქუა იბირი
იბირი სქუა იბირი
ჩქიმო გიმონწყილი
გაფუ
სამუდამოთ ციმბირი
იბირი სქუა იბირი
იბირი სქუა იბირი
სქანო გიმონწყილ
აფუნა
სამუდამოთ ციმბირი
იბირი სქუა იბირი
იბირი სქუა იბირი
სი ცოცხალო ქორძირუნქდა
ვამონარღუ ციმბირი
იბირი ნანა იბირი
იბირი დიდა იბირი
10 დეკემბერი, 1976 წელი, ომსკი.