09.03.2026

ნოე ჭანტურია - პატიოსნების, პრინციპულობისა და სამართლიანობის ეტალონი


გაღმა საჯიჯაო მაშინაც ერთი პატარა სოფელი იყო, ხობიდან 20 კილომეტრით დაშორებული, ლამაზ ბუნებაში ჩაფლული 120 ოჯახამდე მცხოვრებით და მათ შორის გამორჩეული მარგალიტებით დამშვენებული, ერთ-ერთი ასეთი მარგალიტი დაიბადა 1925 წელს ალექსანდრე ჭანტურიას ოჯახში, მას ნოე დაარქვეს. იმ პერიოდში როცა მოუხდა მას სწავლა და პირველი ნაბიჯების გადადგმა ცხოვრებაში, დღევანდელი გადასახედიდანაც ჩანს რომ იყო ძალიან რთული.

 ნოე ჭანტურია სწავლობდა გაღმა საჯიჯაოს სკოლაში სადაც შვიდწლიანი სკოლა ფუნქციონირებდა, რის შემდეგაც სწავლას მოწყურებულმა ახალგაზრდამ დამოუკიდებლად სწავლა გააგრძელა სენაკის რაიონის სოფელ ზანის საშუალო სკოლაში. 1943 წელს წარმატებით დაამთავრა სოფელ ზანის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1950 წელს და მიეკუთვნა ფსიქოლოგის კვალიფიკაცია. მისი ცხოვრება წინააღმდეგობებით იყო აღსავსე, მას უწევდა ბრძოლა სწავლისათვის ოჯახის გადარჩენისათვის. 

ასევე მის „მოგონებებში“ ვკითხულობთ: „როდესაც საჯიჯაოს შვიდწლიედი დავამთავრე დავდექი არჩევანის წინაშე თუ სად გამეგრძელებინა სწავლა და გადაწყვეტილება უმალვე მივიღე, არჩევანი ზანის საშუალო სკოლაზე გავაკეთე რომელიც ტერიტორიულად ახლოს იყო ჩვენს ფუძისეულ სახლთან. ჩემი სკოლის დამთავრების პერიოდი დაემთხვა მეორე მსოფლიო ომის დაწყებას სადაც მოხალისედ წავიდა და 1942 წელს დაიღუპა ჩემი უფროსი ძმა ამბროსი ჭანტურია. ზემოთაღნიშნულმა გარემოებამ კვლავ დამაყენა არჩევანის წინაშე და მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა შევძელი ჩავრიცხულიყავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დამემთავრებინა ფილოსოფიის ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის სპეციალობით.“

სწავლის დამთავრების შემდეგ ნოე ჭანტურია დაუბრუნდა თავის რაიონს და 1950 წლიდან მუშაობდა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოს საშუალო სკოლაში ფსიქოლოგიის მასწავლებლად, შემდეგ გაღმა საჯიჯაოს სკოლაში ისტორია კონსტიტუციის მასწავლებლად, 1952-1957 წლებში იყო სასწავლო ნაწილის გამგე. მისი წარმატებული მუშაობის შედეგად მიღწეული წარმატებების და რაიონში გათქმული სახელის შედეგად იგი 1957 წლიდან 1962 წლამდე იყო გაღმა საჯიჯაოს სკოლის დირექტორი. მას დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის განვითარებისა და აღმშენებლობის საქმეში. ნოე ჭანტურიას დირექტორად ყოფნის პერიოდში სკოლაში მნიშვნელოვნად ამაღლდა ეთიკის დისციპლინისა და სწავლის დონე, მისი ენერგიული მუშაობის შედეგად განმტკიცდა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

 ნოე ჭანტურია იყო სასწავლო სააღმზრდელო მუშაობის მაღალ დონეზე დაყენების საქმეში ახალი იდეების ინიციატორი.

 მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სწავლა განათლების საქმეში და 1998 წელს ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა ხობის საპატიო მოქალაქის სიგელით. ნოე ჭანტურია იყო და დარჩა პატიოსნების, პრინციპულობისა და სამართლიანობის ეტალონი - ასე იხსენიებს მის სახელს საზოგადოება, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ შეხება მის პიროვნებასთან.

როგორც მისი პიროვნება ასევე მისი ოჯახი იყო გამორჩეული განათლებითა და კეთილსინდისიერებით. მან თავისი ცხოვრება დაუკავშირა პედაგოგ ელენე ტყებუჩავას, რომელიც გაღმა საჯიჯაოს სკოლაში ემსახურებოდა მოსწავლეთა აღზრდასა და სწავლა განათლებას. მათი წვლილი დიდია მოსწავლეთა განათლების და აღზრდის საქმეში.  ყოფილი მოსწავლეები დღესაც დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებენ მათ, როგორც მათი გზის გამკვალავს ცხოვრებაში.

მათ აღზარდეს სამი შვილი რომლებიც დღეს ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. 

ნოე ჭანტურია გარდაიცვალა 2011 წელს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.