15.06.2026

ხობის "კოლხეთის" ვეტერანი ფეხბურთელი და კაპიტანი, ზურაბ ლატარია იუბილარია

 ზურაბ ლატარია დაიბადა 1958 წლის 15 ივნისს ქალაქ ხობში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის გლდანის საფეხბურთო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა სოხუმის გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს.

 


ზ. ლატარია 1975-1978 წლებში თამაშობდა სოხუმის „დინამოში“ (მეორე ლიგის მე-9 ზონა)

1979 წელს ფოთის „კოლხეთში“, ხოლო 1980-1-81 წლებში თბილისის „სკაში“.

 როსტოვში გამართულ შეიარაღებული ძალების და საზღვაო ფლოტის თასის გათამაშებაზე თბილისის „სკამ“, რომლის კაპიტანიც ზურაბი იყო, პირველი ადგილი დაიკავა.

 ზ. ლატარია 1982-1988 წლებში მშობლიური ქალაქის გუნდის „კოლხეთის“ ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანია.

1985 წელს დასახელდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მარცხენა მცველად.

ზ. ლატარიას კაპიტნობით ხობის „კოლხეთი“ 1987 წელს გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, ხოლო 1988 წელს საქართველოს ჩემპიონი.

1989 წელს ზ. ლატარიამ ერთი წელი ითამაშა ოზურგეთის „მერცხალში (მეორე ლიგის მე-9 ზონა).

1990 წელს დაბრუნდა ხობის „კოლხეთში“ კაპიტნის რანგში და  1990-1993 წლებში გუნდთან ერთად ასპარეზობდა ეროვნულ ჩემპიონატში.

2010 წელს ხობის „კოლხეთის“  მთავარი მწვრთნელი.

2012 წელს დააფუძნა ქალ ფეხბურთელთა გუნდი ქალაქ ხობში, რომლის აღზრდილმა 18 მოთამაშემ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა.





ზურაბ ლატარიას მინიჭებული აქვს მწვრთნელთა ლიცენზიის  “B”  და “C” კატეგორია.

ზ. ლატარია საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ აქტიურად არის ჩართული ბავშვთა ფეხბურთში. ის წლების განმავლობაში იყო სასპორტო სკოლის და საფეხბურთო სკოლის დირექტორი. დღეს ის ქალ ფეხბურთელთა გუნდ ხობის „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელი და ხობის „კოლხეთის“ დირექტორის მოადგილეა.