"ივერია" N44, 1890 წ.
სოფელი ხობი ნელ-ნელა წარმატებაში მოდიოდა, რადგან ძალიან კარგი მდებარეობა აქვს სავაჭრო საქმეთა და აღებ-მიცემობისათვის. სულ ცოტა, აქედამ ნახევარ მილიონ ფუთამდე სიმინდი გადის ხოლმე საზღვარგარეთ. დუქნები მრავლად იყო დამართული: თითქმის სამოცამდის იქნებოდა.
მაგრამ უცბად გაჩნდა ცეცხლი 12 თებერვალს და სულ ერთიანად გადავიწვით. გადარჩა ცეცხლს მხოლოდ ორ-კლასიან სკოლის შენობა და სასოფლო კანცელარია. სხვა ყოველივე ჩაიწვა და ჩაიბუგა: დუქნებიც საქონლიანად, სახლებიც და სხვანი. გადაგვეწვა ყოველივე ესე და დავრჩით ხელ-ცარიელები.
გაქრა ის იმედიც, რომ ეს ჩვენი პატარა სოფელი ოდესმე დაბად გადაგვექცია და დიდი სავაჭრო და სააღებმიცემო საქმეები დაგვეწყო. ბევრის იმედი გვქონდა. ჩვენ გვინდოდა, მაგალითად, აფთიაქიც გაგვემართა, მკურნალიც გვეშოვნა, სასამართლოს განყოფილების დაარსებაც გვეთხოვნა, ტელეგრაფის სადგურიც მოგვეხერხებინა, მაგრამ დღეს ყოველივე ეს იმედები ჩაგვეფუშა და ჩაგვეშალა.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.