02.03.2026

გლეხთა აჯანყება სამეგრელოში და ხიბულა (1874 წ.)

სოფ. ხიბულას ჯერიც დადგა, მაგრამ ადგილობრივი პოლიციის ძალებით ამბოხებულ გლეხთა დამორჩილება შეუძლებელი გახდა. კ. დადიანმა ქუთაისის გუბერნატორს სთხოვა დახმარება. ამ უკანასკნელის განკარგულებით სოფ. ხიბულაში ბოქაულ დგებუაძის მეთაურობით დამსჯელი რაზმი გაიგზავნა. გლეხები მოძალადეთა თავდასხმას მომზადებული შეხვდნენ. ბევრს ქვები და კეტები ჰქონდა მომარაგებული, ზოგიერთები ცეცხლსასროლი იარაღითაც იყვნენ აღჭურვილი. ბოქაულ დგებუაძეს მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების შეეშინდა, თავის ხელქვეითებს უბრძანა გლეხთა შეკრება და თავდაპირველად რჩევა-დარიგებით სცადა მათი მორჯულება. რაკი გლეხები დანიშნულ ადგილზე არ გამოცხადნენ, კაზაკებმა ძალას მიმართეს, ბევრ გლეხს სცემეს, მიიტაცეს მათი ქონება. ხალხმაც ხელი გამოიღო, ჯერ ქვები დაუშინეს კაზაკებს, შემდეგ თოფებიც აამოქმედეს. ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა- უკეთ შეიარაღებულმა კაზაკებმა გაიმარჯვეს, გლეხები მიიმალნენ. ბრძოლის ველზე მოკლული დარჩა ორი გლეხი და ერთი კაზაკი. რამოდენიმე კაცი დაიჭრა.

თითქოს დამარცხებულ, მაგრამ დაუმორჩილებელ ხიბულაში თვით ზუგდიდის მაზრის უფროსი ჩავიდა შეიარაღებული რაზმის თანხლებით, მან გლეხებს მოსთხოვა იარაღის დაყრა და დანაშაულის მონანიება, გლეხებმა კატეგორიულად უარყვეს მეფის მთავრობის წარმომადგენლის ბრძანება და საბრძოლველად გაემზადნენ. აჯანყებულებმა ითათბირეს, აწონდაწონეს შექმნილი მდგომარეობა და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ სოფლის ახლოს ჩასაფრებულ დგებუაძის რაზმისა და მაზრის უფროსის თანმხლებ პოლიციელთა განადგურება. მოერიდნენ ამაო მსხვერპლის გაღებას, ხელი აიღეს შეიარაღებულ ბრძოლაზე და მიიმალნენ. ამის შემდეგ თვით გუბერნატორი ეწვია ხიბულას, მოიარა მღელვარება გამოვლილი ზუგდიდის მაზრის სხვა სოფლები, ყველგან ჩაატარა გლეხთა კრებები.

 ა. ბენდიანიშვილი - „გლეხთა კლასი და გლეხთა მოძრაობა საქართველოში“

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.