Показаны сообщения с ярлыком ბიოგრაფიები. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ბიოგრაფიები. Показать все сообщения

28.05.2026

ივანე იოსავა

 † ივანე იოსავა

მარტის 9-ს დასაფლავებულ ქართველ მეომართა შორის იყო ძვირფასი ამხანაგი ივანე იოსავა განსვენებული ერთგული წევრი იყო ჩვენი პარტიისა, მოყვარული თავის სამშობლოსი და თავის ხალხისა თავის პირად მთქმელობისა და უსამართლობის წინააღმდეგ შეუპოვრობის გამო მას ბევრი მტერი ყავდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მეგობარი.


და დღეს ეს მეგობრები გულდათუთქული და ცხარე ცრემლით დავტირით მის ასე უდროოდ დაღუპვას.
მშვიდობით ძვირფასო მეგობარო უკვდავი იქნება შენი ხსოვნა შენს ამხანაგებს შორის.
ერთი ამხანაგთაგანი.

14.01.2026

გრიგოლ (გრიშა) მეუნარგია

 

გრიგოლ (გრიშა) მეუნარგია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში 1885 წელს, გლეხი ოქრომჭედლის, პავლე მეუნარგიას ოჯახში. დაამთავრა ხეთის ორკლასიანი სასწავლებლი და ზუგდიდის 6-კლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი 1904 წელს. აქ გახდა რსდმპ პარტიის პოლიტიკური წრის წევრი, ეს წრე ჩამოაყალიბა ქუთაისის რეალურ სასწავლებლის მოწაფემ, ბოლშევიკმა იასონ ჩიჩუამ.

1905 წელს გრიგოლ მეუნარგიამ, როგორც აქტიურმა აგიტატორ-პროპაგანდისტმა და ორგანიზატორმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სამეგრელოს სოფლების დიდ აჯანყებაში (ხიბულა, ხეთა, ცაიში, დიდი ნეძი, ყულისკარი, ხორგა და სხვ.).

 1905-1906 წლებში ამის გამო ზუგდიდის სამაზრო ციხეში რამდენიმე თვე გაატარა. 1910 წლიდან მუშაობდა ფოთის თვითმმართველობაში, როგორც ეპიდემიური ფერშალი, შემდეგ კი როგორც ექიმის თანაშემწე სანიტარულ დარგში. გრიგოლ მეუნარგია უშუალოდ მონაწილეობდა ფოთში ეპიდემიების წინააღმდეგ ბრძოლაში (ხოლერა, პარტახტიანი ტიფი და ყივანახველა).

1914 წლიდან მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, ფრონტიდან 1917 წელს დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ფოთის პარტიულ ორგანიზაციაში, ხელმძღვანელობდა საინიციატივო ჯგუფს. 1919 წელს იყო არალეგალური პარტიული კომიტეტის წევრი და მდივანი, 1920 წელს კომიტეტის წევრი და ხაზინადარი. მენშევიკების რეპრესიების გამო იმალებოდა 3 თვე.

1918-1919 და 1920 წლებში სენაკს, ზუგდიდს და სხვ. ამარაგებდა საბრძოლო მასალით და იარაღით, პოლიტიკური შინაარსის ლიტერატურით და ფულადი სახსრებით. 1920 წელს იყო საგუბერნიო კომიტეტის რწმუნებული სამეგრელოში აჯანყების მოსაწყობად. გასაბჭოების პირველი თვიდან, 1921-1922 წლებში გრიგოლ მეუნარგია იყო ფოთის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, 1925 წელს დროებით კომპარტიის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, 1923 წლიდან ფოთის რევოლუციური კომიტეტის და აღმასკომის პასუხისმგებელი მდივანი და შინამმართველობის განყოფილების გამგე, 1926-1930 წლებში ფოთის საბჭოს მდივანი, ჯამრთელობის განყოფილების გამგე და აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე. ცაკის წევრ-კანდიდატი ორი მოწვევის პერიოდში. თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში ("ზარია ვოსტოკა", "კომუნისტი", "რევოლუციის მატიანე", "ფოთის მუშა" და "ფოთის ხმა"). პეტრე (მაქსიმე) მეუნარგიას ძმა.

 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი

 

13.04.2023

ალექსი ადამია

 ალექსი ადამია დაიბადა ახალ ხიბულაში (18.. წ.). სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში. მსახურობდა ილორის ეკლესიაში.

ფოტოზე მარცხნიდან პირველი ალექსი ადამია, ჯუგუ ადამია, მინადორა ხულორდავა.

ალექსი ადამია იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

ალექსის ჰყავდა მეუღლე - ხულორდავა მინადორა და ხუთი შვილი: დიმიტრი, შალვა, ზინაიდა, თომა და ჯუგუ (ესტატე). 1941-1945 წლებში ომში გაიწვიეს ოთხივე ძმა, აქიდან თომა, რომელიც იყო ძველი ხიბულის სკოლის დირექტორი და მასწავლებელი და ჯუგუ (ესტატე) საჯიჯაოს ჩაის ფაბრიკის ტექნოლოგი უგზოუკვლოდ დაიკარგნენ.

მაია დადიანის პირადი მკერავი - ქრისტინე ბარძემიშვილი

 ქრისტინე კიტია-ბარძემიშვილი (დაიბადა ახალ ხიბულაში 1886 წელს; გარდაიცვალა 1971 წ.)

მაია დადიანის პირადი მკერავი.
პაატა ქურდოვანიძის კომენტარი: "ქალბატონი ქრისტინა კიტია პატარაობიდანვე მაია დადიანის მეთვალყურეობით იზრდებოდა. შემდგომში მაიამ ის, მისსავე ოჯახში, აღზრდილ გიგიშა ბარძემიშვილზე დააქორწინა. თქმა არ უნდა არც მზითევი დაუკლია და ახალგაზრდები სასახლის ახლოსაც დაასახლა. როგორც უფროსი თაობისგან მსმენია გიგიშასა და ქრისტინეს ნებადაურთველათ დადიანების ხიბულის სასახლეში არაფერი გადაწყდებოდა. 1971 წელს მე პირადად მოვინახულე უკვე ასაკში მყოფი ქნი ქრისტინე, ვესაუბრე კიდეც, მაგრამ მას უკვე მახსოვრობის პრობლემები ჰქონდა... ასე რომ ქნი ქრისტინე მაია დადიანს შვილივით ჰყავდა აღზრდილი და მანაც სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა აღმზრდელ ოჯახს. რაც შეეხება ,,მკერავის,, სტატუსს _ ასე მსმენია რომ მაია დადიანი არაფერს გაიკარებდა საკერავი მანქანით შექმნილსო. მხოლოდ ხელით ნაკერს თუ ჩაიცვამდაო. ეტყობა ქრისტინეს მარჯვედ ეხერხებოდა ხელსაქმე და რა გასაკვირია რომ აღმზრდელი ქალბატონისთვის შეეკერა ესა თუ ის ნივთი. იმ წლებში მოსახლეობა ხომ, ძირითადად, ოჯახში შეკერილი ტანსაცმლით იმოსებოდა".

ვალიდა ნანეიშვილი - 50 წელი მკითხველის სამსახურში

 რესპუბლიკის დამსახურებული ბიბლიოთეკარი ვალიდა იონას ასული ნანეიშვილი (1925 წლის 25 ივლისი - 2002 18 ოქტომბერი) დაიბადა 1925 წელს სოფელ საჯიჯაოში. მშობლები ადრე გარდაეცვალა და ზრდიდა ბებია. 1932 წელს  შეიყვანეს საჯიჯაოს რვაწლიანი სკოლაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1943 წელს.. სწავლის გაგრძელების მიზნით ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ ოჯახური პირობების გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო.

1947 წელს მუშაობა დაიწყო სოფელ საჯიჯაოს ბიბლიოთეკაში, სადაც ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა 1997 წლამდე. ქალბატონმა ვალიდამ საბიბლიოთეკო სფეროში იმუშავა 50 წელი.

ვალიდა ნანეიშვილი დაჯილდოებული იყო არაერთი ჯილდოთი, მათ შორის: 1989 წელს მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული ბიბლიოთეკარის წოდება.

15.11.2022

სოციალისტური შრომის გმირი -ვალერიან ლატარია

 ხობელ ვალერიან გრიგოლის ძე ლატარიას 1949 წელს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. მას ეს წოდება ჩამოართვეს 1952 წელს, ევსევი იოსავას მსგავსად.



სოციალისტური შრომის გმირი ევსევი იოსავა

სოციალისტური შრომის გმირი ევსევი იოსავა დაიბადა 1910 წლის 1 მაისს ხობის რაიონის სოფელ ბიაში. ე. იოსავამ დაამთავრა სოფელ ბიის სკოლა. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში.

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1949 წლის 5 აგვისტოს ბრძანებულებით, მას მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება "1948 წელს სიმინდისა და თამბაქოს მაღალი მოსავლიანობისთვის“. მაგრამ 1952 წელს მოხდა უცნაური ფაქტი - ე. იოსავას ჩამოერთვა სოციალისტური შრომის გმირის წოდება.
ევსევი იოსავა გარდაიცვალა 1992 წელს.

პირველი ტრაქტორისტები ხობში - ბიელები ვლადიმერ იოსავა და იპოლიტე შონია

1928 წლიდან ხობის რაიონის სოფლებში ხარ-კამეჩების ტრაქტორებით ჩანაცვლების პროცესი დაიწყო. „რკინის ხარი“ ანუ „რკინაშ ხოჯი“ ასე უწოდებდნენ სამეგრელოში ‘ფორდზონის“ მარკის პირველ ტრაქტორებს. ამ თემას ეხმიანება ცნობილი მეგრული სიმღერის ტექსტი - „რკინაშ ხოჯი სი ვაგოკო ჭა დო ფურჩა, სკან რკინაშ ბარბალეფს ჯიმალობას ელუოფუჩა...“.



პირველი ტრაქტორი სოფელ ბიაში ვლადიმერ იოსავას და იპოლიტე შონიას შემოუგრუხუნებიათ. ახალგაზრდა ტრაქტორისტები სიამაყით გასცქეროდნენ ტრაქტორის კაბინიდან თანასოფლელებს.
„ტრაქტორის მუხლუხებს ზანზარი გაქონდა, წინა დღესაც ასეთივე გრუხუნით ჩაიარა აქვსენტი კეკუსანძემ და გეზი საჯიჯაოსკენ აიღო. „ ა, აგერ გვეჯე მიქა“ - თითით უჩვენებდნენ ერთმანეთს ერთბაშად აყაყანებული გლეხები“ - წერს პრესა.
მექანიზტორი! არც კი იცოდნენ ამ სიტყვის მნიშვნელობა სოფელში, არც ის, თუ რამხელა საქმეს გააკეთებდა ეს უშველებელი „რკინის ხარი“, იმედით შესცქეროდა კოლმეურნეობის თავმჯდომარე ფილუ შონია ტრაქტორის მიერ გავლებულ პირველ ხნულს.
1933 წლიდან ვ. იოსავა ხობის მტს-ში გადმოიყვანეს და თავისი საქმის მცოდნე, მუყაითი მექანიზატორი 1937 წლიდან სატრაქტორო ბრიგადას ჩაუყენეს სათავეში.
ამიტომაც მთავრობამ 1944 წელს დააჯილდოვა მედლით „კავკასიის დაცვისთვის“, უფრო მოგვიანებით ჯილდოს კვლავ ჯილდო დაემატა - ეს იყო მედალი „შრომითი მამაცობისთვის“.

19.08.2022

პოეტი და პროზაიკოსი როზა ადამია

 პოეტი და პროზაიკოსი როზა ადამია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. დაამთავრა ახალი ხიბულის საშუალო სკოლა. 1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ქალბატონი როზა იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი.

მეგობრებთან ერთად, ფარულად გამოსცემდა თავისუფალ გაზეთ „გზას“. რ. ადამია წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას სკოლაში - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

მისი შემოქმედება აქტიურად ქვეყნდებოდა (ქვეყნდება) ქართულ პერიოდულ პრესაში. ქალბატონი როზა ორი წიგნის (ვეფხისტყაოსანი : XXI საუკუნის ქრისტიანული აზროვნების ანბანი და აბსტრაქცია, ანუ მე - მასწავლებელი) ავტორია.
,,- ეს წიგნი ჩემი გრძნობნიერი ცხოვრების შეჯამებაა. გრძნობათა სამყარო ჩემთვის აბსურდის სამყაროა, სადაც ყოვლად დაუკავშირებელი და ულოგიკო საგნები თუ საკითხები ერთხელ მაინც ლოგიკურად დაუკავშირდებიან ერთმანეთს“ - ეს სიტყვები წაუმძღვარა ავტორმა წიგნს - „აბსტრაქცია, ანუ მე - მასწავლებელი”, რომელიც ერთ რომანს და რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს.
* * *
გაზაფხულმაც მიპოვა,
მწუხარება აკეცილს ნაკეც დარდში
ვერაფრით
კვირტი
ვერ ჩამატია...
ბაგეები უმანკო
ლოცვით ვეღარ ღელავენ,
ვეღარ დგამენ
ღამეში
ტაძრებს
გუმბათებიანს...
სხვა სურნელით ფეთქავენ
სულ სხვა დროის ფილტვები,
ღამემ თავის სურვილთან ღამე ვერ გაათია..
რა ვქნა,
დღესაც "სხვა" მსურს და,
შენც თუ სულ სხვა იქნები?!
ნამთვრალევი ეჭვები-
უსასრულოდ მღელვარე
მეძავივით ქუჩებში
ხეებს ვნებად აჰკვრია...
ჰოდა,
სულიც უმანკო
სისხლით
კაწრავს
სასულეთს....
როგორც
ერთ დროს მართაზი-
ეზოსმოძღვრის პერგამენტს.......
.....................................................
'მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები...."
ლაზარეს მონოლოგი
მე დაბადება მახსოვს ჩემი ნორჩი სხეულის..
მიწის სურნელი შეაზავეს ზეცის ოცნებებს,
დამკიდეს მერე როგორც ეული,სამყაროს ნერვზე
და ამირანის დაგლეჯილი გული მიბოძეს...
კოშკს მიშენებდნენ ვეშაპებით გარშემორტყმულებს,
უკვდავების წყალს იმ ვეშაპთა ხახაში დგამდნენ,
მინთებდნენ სანთელს ჩემი სულის ბნელ აკლდამაში
და მომძახოდნენ ებრაულ "ამენს"!
მე დავიღალე..
ფეხისგულებს მოასკდა სისხლი მარიამის ცრემლგარეული,
ვცხოვრობ ყოველდღე იუდას ლეშით და
წამებული ღმერთის სხეულს კვნესით,ვედრებით
ვუწვდი მსოფლიოს..
ვბერდები..
უკვე დედამიწის დავკარგე პულსი,
და მახსოვრობას ჩემსას თიხის ფერი დაედო,
დროის გარეშე დარჩენილი მაინც დროს ვუცდი,
ჩემივე სიტყვის მაგიურ ძალით
აქ დანიშნულ საზეო ქორწილს,გამზადებულს
მარადიული სასუფევლის
თავშესაფარში....
1989 წელი

ეკონომიკის დოქტორი მურად ნარსია

 მურად ნარსია დაიბადა 1954 წელს ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. 1971 წელს „ოქროს მედალზე“ დაამთავრა ახალი ხიბულის საშუალო სკოლა.

1971-1977 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მიენიჭა ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია.

1978-1980 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1981 წელს მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
1980-1984 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი, პროექტის მეცნიერ-თანამშრომელი.
2010 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
მურად ნარსია სხვადასხვა წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე - საბანკო სექტორში, საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში, თბილისის მერიაში, კონტროლის პალატაში. 2007 წლიდან არის კერძო აუდიტორული კომპანიის მმართველი და აუდიტორი.

ხიბულელი მეცნიერი ლუბა მანუჩარის ასული კემულარია

📖ქართველი ბოტანიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966) ლუბა მანუჩარის ასული კემულარია-ნათაძე 1891 წლის 28 მარტს დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ზუბში.

📌სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო თბილისის ბოტანიკურ ბაღში. 1933 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაბდა თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში. ავტორია ნაშრომებისა კავკასიის და საქართველოს სისტემატიკისა და ნომენკლატურის, ფარულთესლოვან მცენარეთა ფილოგენეტიკისა და სხვ. საკითხების შესახებ, რომელშიც მოცემულია რანალების რიგის კავკასიური ტაქსონების ორიგინალური კლასიფიკაციური სისტემა. „საქართველოს ფლორის“ I და II გამოცემის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ავტორი.
📌ბოტანიკურ ბაღში მუშაობდნენ და აღიზარდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები: ნიკო კეცხოველი, ლევან ყანჩაველი, ვლადიმერ მენაბდე, ქსენია ბახტაძე, თამარ სულაკაძე, ლევან ჯაფარიძე, მიხეილ სახოკია. 1913 წლიდან, ბოტანიკურ ბაღში მუშაობდა მხოლოდ ერთი ქართველი ბოტანიკოსი ქალი – ლუბა კემულარია.
📍ლუბა კემულარია-ნათაძის მიერ აღწერილია ფარულთესლოვან მცენარეთა უცნობი ერთი ახალი ოჯახი, 3 ტრიბი, 2 გვარი და 80-ზე მეტი სახეობა, მრავალი შიდასახეობრივი ტაქსონი. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში: კითხულობდა ზოგადი ბოტანიკის, მცენარეთა სისტემატიკისა და ფიტოგეოგრაფიის კურსებს.[1]
ლუბა კემულარია-ნათაძის ღვაწლი ღირსეულად არის დაფასებული: მისი სახელი ეწოდა ფარულთესლოვან მცენარეთა ერთ გვარს, ერთ სექციასა და 20 სახეობას. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტომი 5.

პოეტი ნონა ლატარია

 ნონა ლატარია − პოეტი. დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში. სწავლობდა სოფელ ხეთის საშუალო სკოლაში. დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტი. ცხოვრობს ბათუმში. მისი ლექსები და სონეტები დაბეჭდილია თანამედროვე ქართული პოეზიის ოცტომეულის მე-7 ტომში.


მიწაც გიყვარდეს

ააფერადებს მხატვარი როცა,
მოლბერტზე დილის ლიცლიცა შტრიხებს,
სულიც, ჯერ კიდევ სხეულში მბორგავს,
ცისკართან, საზრდოდ მზის სხივებს იხმევს.
გადაშლილ ტატნობს ზეცისას, მერე
დაადნობს ხილვა ზესრულ ოცნების
და სიყვარულის ნაცრემლ ლიანებს,
ზედ ბაგეთ თრთოლვით დაეკონები.
მზით და იმედით მაძღარ სიცოცხლეს,
კვლავ დაუკოცნი ხმათა ხავერდებს...
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
სოფელს მწყურვალი არ შეაბერდე.
ზოგჯერ თუ ნაბიჯს გადადგამ უკან,
ორი ნაბიჯით წინ წაიწიე,
კერპად ნუ გახდი მაინც ნურავის,
ღმერთს ენდე მხოლოდ, არა-მიწიერს...
მიწაც გიყვარდეს...
ვინც გვზრდის და გვმარხავს,
მაგრამ გეჭიროს ზეცისკენ თვალი...
შენი სიცოცხლე იქ გაგრძელდება,
აქ თუ იგულე ცეცხლი ჩამქრალი...

20.01.2022

მიხეილ კალანდია - ხალხური სიმღერის მოამაგე და მომღერალი

 ხალხური სიმღერის მოამაგე და მომღერალი მიხეილ კალანდია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. მიხეილის ოჯახში ყველა მღეროდა - ბებია, ბაბუა, დედ-მამა და დები. 


                                                             ფოტო: ირაკლი შონია

ოჯახში შექმნილმა გარემომ დიდი როლი ითამაშა მიხეილ კალანდიას მომღერლად ჩამოყალიბების საქმეში. „რა თქმა უნდა პირველ რიგში, ჩემს ოჯახს, რომელმაც შემაყვარა მეგრული ჰანგები, ხოლო შემდეგ ჩემს პედაგოგებს: ვენერა ვეკუას და ციცინო ჯაბურიას. სკოლის არცერთი ღონისძიება არ ჩატარდებოდა ჩემი სიმღერის გარეშე“ (მ. კალანდია).

1972 წელს, ახალი ხიბულის კულტურის სახლთან ჩამოყალიბდა ხალხური სიმღერის ანსამბლი ამირან კაკაშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლში მიხეილთან ერთად, გოგონა ჭავჭანიძე, ქეთინო კაკაშვილი, კოტე ქავთარაძე, შოთა შენგელია და ჯუმბერ კვარაცხელია მღეროდნენ. ანსამბლი კონცერტებს ატარებდა როგორც ხობში, ასევე რესპუბლიკის სხვა ქალაქებში.

მიხეილ კალანდია 1980 წლიდან ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „კოლხეთის“ წევრია - „ხობში ჩვენი გუნდი ფუნქციონირებს 1980 წლიდან. მისი ხელმძღვანელი იყო ბატონი ვახტანგ მიმინოშვილი. წარმატებებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ხშირად გვიწვევდნენ ქართული კულტურის დღეებზე საზღვარგარეთ. ანსამბლმა კონცერტები გამართა უკრაინაში, პოლონეთსა და ვიეტნამში“ - იხსენებდა ბატონი მიხეილი.

  მ. კალანდია ოთხი ათეული წელი ემსახურა თავის საყვარელ საქმეს. ანსამბლს მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი კონცერტი ჩაუტარებია, ყოფილან  საგასტროლოდ, მონაწილეობდნენ ფესტივალებსა და ოლიმპიადებში. მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული ბატონი მიხეილი. გარდა სიმღერისა, მის მიერ შესრულებული როლებიც ახსოვთ ხობელ მაყურებელს. ის აქტიურად მონაწილეობდა სახალხო თეატრის სპექტაკლებსა და სახალხო დღესასწაულებში.


მიხეილ კალანდია გარდაიცვალა 2015 წელს. დაკრძალულია სოფელ ზუბის სასაფლაოზე.















 

16.12.2021

ისააკ თუთბერიძე

 ისააკ თუთბერიძე დაიბადა 1919 წელს ხობის რაიონის სოფელ ბიაში ღარიბი გლეხის ოჯახში. არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქ. ბათუმის სუბტროპიკულ ტექნიკუმში. მისი დამთავრების შემდეგ, 1939 წლიდან შრომითი საქმიანობა დაიწყო ბათუმის რაიონში ჩაის კულტურის უბნის აგრონომად. 

1940 წლის აპრილში გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. აქტიური მონაწილეობა მიიღო სამამულო ომში. სამამულო ომიდან დაბრუნების შემდეგ, 1946 წლიდან მუშაობს ხობის რაიონში სხვადასხვა თანამდებობებზე: 1946-1951 წლებში მუშაობდა ჯერ ხობის, ხოლო შემდეგ ბიის კოლმეურნეობის აგროტექნიკოსად. 1954 წელს დაამთავრა მცხეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარეთა მოსამზადებელი სამწლიანი სკოლა. ამავე წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს კპ ხობის რაიკომში მტს-ების ზონის ინსტრუქტორად. 1955-1958 წლებში მუშაობდა ძველი ხიბულის ლენინის სახელობის კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარედ. 1958-1962 წლებში მუშაობდა ჯერ შუა ხორგის ენგელსის სახელობის კოლმეურნეობის გამგეობის თამჯდომარედ, ხოლო შემდეგ ხობის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დამზადების ინსპექტორად.











1962 წელს არჩეულ იქნა ნოჯიხევის ჭავჭავაძის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, სადაც თერთმეტი წელი იმუშავა ამ თანამდებობაზე.

 ი. ზ. თუთბერიძე 1971 წელს ქ. სოხუმში დაუწრებლად დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. მას მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები - საპატიო ნიშნის ორდენი და მედლები.

   ი. ზ. თუთბერიძე საქართველოს კომპარტიის ხობის რაიონული ორგანიზაციის 25-ე, 27-ე და 28-ე პარტიული კონფერენციების მიერ არჩეულ იქნა პარტიის რაიონული კომიტეტის წევრად, იყო ხობის მშრომელთა დეპუტატების მე-12 მოწვევის რაიონული საბჭოს დეპუტატი.

ისააკ თუთბერიძე გარდაიცვალა 1976 წელს.

       

08.12.2021

ნიკოლოზ დიმიტრის ძე მებონია

 ნიკოლოზ (კოლია) მებონია დაიბადა 1918 წლის 3 იანვარს წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში. 7 წლისა შეიყვანეს წალენჯიხის საშუალო სკოლის პირველ კლასში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1939 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს დემობილიზებულ იქნა არმიის რიგებიდან. სამამულო ომის პერიოდში მიღებული აქვს ჯილდოები და მადლობები.

1947 წელს მუშაობა დაიწყო წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუს საშუალო სკოლაში სამხედრო-ფიზკულტურის მასწავლებლად. 1949 წელს დაამთავრა ქალაქ ზუგდიდის პედაგოგიური ინსტიტუტი. ინსტიტუტში სწავლის დასრულების შემდეგ 1949 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში და მუშაობა დაიწყო ხობის რაიონის სოფელ ზუბის საშუალო სკოლაში სამხედრო-ფიზკულტურის პედაგოგად. ზუბის სკოლაში იმუშავა 1979 წლამდე.

15.10.2021

იმედა ცარციძე - პოეტი და მთარგმნელი

      ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრი, იმედა ცარციძე ბრიტანელი და ამერიკელი პოეტების ლექსების თარგმანების და პოეტური კრებულის - „მუსიკის პოეზია“ ავტორია.

იმედა ცარციძე საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ 1997 წელს გამოცხადებულ ახალგაზრდა მწერალთა კონკურსის გამარჯვებული და 2001 წლის გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკის” ლიტერატურული კონკურსის II პრემიის ლაურეატია. გამოქვეყნებული აქვს ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები. წერს საბავშვო ლექსებსაც. ავტორის ლექსები იბეჭდებოდა ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.

ი. ცარციძეს ეკუთვნის ედმუნდ სპენსერის, რობერტ ჰერიკის, ჯონ კიტსის, დარლის, როსეტის, უილიამ დევისის, ლონგფელოუს, უოლტ უიტმენის ლექსების თარგმანები.

 მუსიკა

 

ყოველ საღამოს,

სევდიანი როდესაც ვფიქრობ,

ვიღაც აწვალებს

პიანინოს მოგრძო კლავიშებს

 და მეჩვენება,

თითქოს ვიღაც სიხარულს მიყოფს,

რომ ჩემს გულს

სევდა სამუდამოდ გადაავიწყდეს.

 

და ეს საღამოც

მუსიკის ფრთებს მსუბუქად მიაქვს,

როგორც გაზაფხულს

მარტის თვეში სუსხი მიმქრალი

 

და მეშინია,

არ დამირჩეს ფანჯარა ღია,

არ გამიჩინოს

მუსიკამაც სხვა საფიქრალი.

 

 ცისკარი თბილისში

 

ხანძარმა ფრთები შეტრუსა ნისლებს

და მთას ბურთივით შეაწყდა ჩრდილი

და ფრინველები, აჭრილნი ცისკენ,

თოვლის ფიფქებად მოედო თბილისს.

 

მზე დაემუქრა მთაწმინდის ფერდობს,

შიში ეწვია ქუჩის გრძელ სკამებს

და შავ გვირაბში დაკარგულ მეტროს

რკინის ხმაურით დაეძებს ღამე.

 

მძიმედ სუნთქავენ ტროტუარები.

ქარს ქვაფენილზე დაუცდა ფეხი.

გააღეთ ყველა სახლის კარები

და გაირუჯეთ სხეული ცეცხლით.

 

რომ პირველები შეხვდეთ განთიადს

და დაინახოთ ღიმილი ცაზე…....

თეთრ გუმბათებზე ცეცხლი ანთია

და ხის ტოტები ცეკვავენ წყალზე.

 

მზე კი ამოდის, ამოდის ნელა,

ლურჯი ჩოხით და ოქროსფერ თმებით

და ცისკარს, როგორც მგზავრის სიმღერას,

გადაუფრენენ თეთრი მტრედები.

 

 

***

ფიქრები ჯიქურ ეკვეთენ სივრცეს,

პირქვე დაემხო მშრალი საღამო,

შენ კი კვლავ გელის, ისევ და ისევ,

სიშორე _ ფიქრით დაუსაბამო.

 

სულში გამეფდა სიმძიმე მიწის,

ზამთრის დღეები სიცივით მავსებს

და ვისმენ ქარის უაზრო სიცილს,

როგორც რადიოს მოსაწყენ ჰანგებს.

 

***

როცა დავრჩები სრულიად მარტო

და საგანგებოდ ჩავკეტავ კარებს

და ოთახს, როგორც უცხო სამყაროს,

დააკვირდება ფანჯრიდან მთვარე,

მე დავივიწყებ მაშინ ყველაფერს:

ბოროტს და კეთილს, მტყუანს და მართალს

და გრძელი ღამის გათენებამდე,

როგორც საათი სიჩუმის ლანდთან,

კვლავ ვისაუბრებ საკუთარ თავთან ...

 

სახლი

 

აწვიმთ მინდვრებს და

გაქოლგილებს

აწვიმთ ხეხილებს,

ვზივარ ხის ქვეშ და

თითზე ვითვლი

ამინდებს ამ წლის,

აწვიმთ სიმინდებს

ქარისაგან გადაგრეხილებს

და, რა თქმა უნდა,

ყველაფერს აწვიმს.

 

ყველაფერს აწვიმს!

ცა დამძიმდა,

ჰაერი გალბა.

ჩვენი ბებერი

შავი ძაღლი

ლანდს უყეფს საშიშს,

მატულობს წვიმა,

ყველაფერი სველია ახლა

და, რა თქმა უნდა,

შევდივარ სახლში.

 

სონეტი

 ნუ დაგიმონებს წუთისოფლის ამაოება,

ბედთან ჭიდილში გაატარე ყოველი წუთი.

იყავი მტკიცე, მაგრამ გრძნობა გქონდეს სათუთი

და არასოდეს გააღმერთო კოჭლი დროება.

 

გაჰყევი გრიგალს, არ დანებდე მყუდრო ცხოვრებას

და სანამ თვალებს დაფარავდეს სამყარო უტყვი _

არ დაგავიწყდეს, რომ ყოველი დღე არის ქურდი

და არ ეცადო ხალხისაგან განმარტოებას.

 

იყავი ხალხში და ხალხისთვის იზრუნე მუდამ,

სიმართლისათვის, დაე, ჯვარზე გაგაკრან თუნდაც,

მაგრამ ამისთვის ნუ მოითხოვ სამაგიეროს.

 

არ გაგიტაცოს უგუნურთა ქება _ დიდებამ,

დაუღალავად ემსახურე ჭეშმარიტებას,

რომ სიკეთე და სიყვარული გააძლიერო.

 

      ***

 

მე უსაშველოდ დავიღალე

         ამ მოლოდინით ...

და ახლა, როცა

         რძისფერ დღეთა

                         ძველი მოტივი

თავს შემახსენებს _

მე ვიტყვი ჩუმად:

_ ყველაფერი უკვე დამთავრდა!

აქ მხოლოდ ქარი დათარეშობს

                         ყრუ მელოდიით

და ეძებს ბინას ჩემი გულის

                         დახურულ კართან ...

და ძლივს მივათრევ

     დაღლილი სხეულს

ქარში

     ლოდივით ...

 

დედას

 შენ თმაში თეთრად ანთია

ჩემი ბავშვობის ფურცელი.

მე, ყოველ დილით, განთიადს

შენი თვალებით ვუცქერი.

გზას შენი ლოცვა მინათებს,

შენი ხელების ალერსი,

როგორც ვარსკვლავთა სინათლე

და მთვარე ფიქრით ნალეწი,

ან გულში ვეფხვისებურად

წამოფრენილი სიტყვები...

და წინ მიმიძღვის მეგზურად

გზაზე, რომელსაც მივყვები.

 

     მოწყენა ქარში

 

დღე არის ცივი

და უღიმღამო,

ქარი

         ხმაურით

ხის ტოტებს

ლეწავს ...

ვარ მოწყენილი

ყველაფრის გამო.

გავცქერი ზეცას ...

 

ქარს

მიაქვს ზღვისკენ

მშიერი ქორი

და (სხვათაშორის)

ქარმა გონებაც

წაიღო ჩემი

იქ _

         მეგულები შენ

         სადაც ამ დროს _

ჩუმი და წყნარი

(მატულობს ქარი)!

 

ვარ

მოწყენილი

ყველაფრის

გამო ...

 

შემოსვლა მარტის

 

შემოიჭრება უეცრად ბაღში,

ტყემლების კვირტებს დახეთქავს მზეზე,

და მერე, როგორც ცქრიალა ბავშვი,

ჭირვეულობს და სილაღეს ეძებს.

 

თმას გაიშლის და დაიწყებს სიცილს,

ააფერადებს მოწყენილ მინდორს,

გადგება განზე და სუნთქვას მიწის

უხვად შემატებს ჯანსა და სითბოს.

 

დაირბენს ბილიკს, დაირბენს ყანას,

მოეფერება ტყესა და ღელეს,

და როგორც ველზე ირანულ კარავს,

ზედ ჩამოკიდებს სხვადასხვა ფერებს.

 

შეებრძოლება, გადაჰყრის ღრუბელს,

მიესალმება დილას და ზეცას,

მერე სხივებით აივსებს უბეს

და საღამომდე იალაღს მწყემსავს.

 

და საღამოჟამს, შრომით დაღლილი,

ეწვევა სახლებს, აივნებს, ქუჩებს ...

თეთრი ღიმილით თმებს გადაიყრის

და არემარეს გადაალურჯებს.

 

 

ტრიოლეტი

 

მაღალ სცენაზე იისფერი დაეშვა ფარდა.

ოჰ, მე არასდროს არ მინახავს ასეთი წამი!

ეს წარმოდგენა ტრაგედიას მგოსნისას ჰგავდა,

მაღალ სცენაზე იისფერი დაეშვა ფარდა.

ვინ იცის, მგოსანს წარმოდგენა რად შეუყვარდა,

ტრაგედიებით აღსავსე და თან განაწამი?

იგი ჰგავს თამაშს პირდაღებულ უფსკრულის კართან,

ოჰ, მე არასდროს არ მინახავს ასეთი წამი!

 

ქართლის ცხოვრების” დღეებო

 

,,ქართლის ცხოვრების” დღეებო,

ფიქრებს ქროლვით რომ აიკლებთ,

ვაიმე, საით გეძებოთ,

გადიგრიგალეთ საითკენ?

 

გული სიმღერამ დაწურა,

ვით რთველმა ყურძნის მტევნები

და სულში შემოაცურა

ყიჟინი დაღლილ მხედრების.

 

ტაძრებს ზედ ჯვრებზე მიჰკვრია

ხსოვნა ჟღარუნა დროშების,

გავცქერ სამშობლოს, ცისკრიანს,

თქვენი კაცობით მოჭედილს;

 

და სისხლს საამოდ აჩქროლებს

თქვენი ხმა, თქვენი ძახილი,

დროვ, ერთხელ კიდევ დაჰქროლე,

ქარი გაჰკვეთე მახვილით.

 

,,ქართლის ცხოვრების” დღეებო,

ფიქრებს ქროლვით რომ აიკლებთ,

ვაიმე, საით გეძებოთ,

გადიგრიგალეთ საითკენ?

 

 სახლი ტბის პირას მთვარიან ღამეში

 

ტბას მიჰყვებოდა ბილიკი მთვარის

და ტბასთან ახლოს ქვის სახლი იდგა,

ხოლო სირბილით დაღლილი ქარი,

ხეების ჩრდილში სუნთქავდა დიდხანს.

 

ღამე კი დუმდა და სიჩუმეში

ღრუბელი უხმოდ კენკავდა ვარსკვლავს

და ხალისს მგვრიდა, როგორც ნუგეში

ანდა შეხვედრა საყვარელ ქალთან.

 

ხოლო დაღლილი წლებით თუ სიცხით

სახლი, რომელიც ტბის ახლოს იდგა,

დამსვენებლების ისმენდა სიცილს,

მაგრამ ყველაფერს ითმენდა მშვიდად.

 

და სავსე იყო სახლი ხმაურით...

ხოლო სახლის წინ ცარიელ ტბაზე

მოჩანდა ნავი, როგორც წარსული,

მიტოვებული და წლებით სავსე.

 

მიტოვებული ჩანდა ნაპირიც,

ცარიელ სკამებს ლოკავდა მთვარე,

და ტბაზე მდგარი ძველი ნავივით,

იდგა სახლი და ისრესდა თვალებს.

 

                 ჯორჯ დარლი

                     (1795 – 1846)

 

     ლილიანის სიმღერა

 

უსმინე! უსმინე!

ხეობის ზარები რეკავენ ირგვლივ,

თითქოს აქანავებს მათ ტკბილი ნიავი – უსმინე!

         როგორი ველური, შეშლილი ხმებია მინდვრის.

 

         უსმინე! უსმინე!

როგორ საუბრობენ ნაპირთან ტალღები

და როგორ სუნთქავენ ტირიფის ლერწმები – უსმინე!

         ტირიფის ლერწმები – ნედლი და სიცოცხლით ლაღები.

 

         უსმინე! უსმინე!

როგორ ფრენს ჰაერში ზუზუნით მწერი,

მისი ხმა პატარა ფრთებისგან შექმნილა – უსმინე!

         ის თვის ყვავილოვან საზრდოზე მღერის.

 

         უსმინე! უსმინე!

ტყის ჩიტი რაგვარად რაკრაკებს ბნელში,

იქით კი გუგული მოსძახის – უსმინე!

         მოღრუბლულ ზეციდან ტოროლა მღერის.

 

  ჯონ კიტსი

        (1795 – 1821)

 

სონეტი

 

როს ვფიქრობ, როცა ამ ქვეყანას აღარ შევრჩები,

მანამ კალამი კვლავ მოიმკის ჩემ უხვ გონებას,

დახვავებული წიგნები და ხელნაწერები

თითქოსდა ფლობენ უხვ ბეღლების მდიდარ ქონებას;

როდესაც ვხედავ ვარსკვლავიან ღამის სახეზე

ფართოღრუბლიან სიმბოლოებს რომანტიკისას,

მე, შეიძლება, არ ვიცხოვრო მათ ნაკვალევზე,

წარმატებების აჩრდილები ვისაც იზიდავს;

როცა შევიგრძნობ საათის და დროის ქმნილებას,

ვეღარასოდეს ვერ შეგიგრძნობ მაშინ შენ თვითონ,

სიამოვნების ნეტარებაც კი ჩამიქრება

და მოულოდნელ სიყვარულსაც ვეღარ შევიგრძნობ;

მსოფლიოსაგან ვდგავარ მარტო და ვფიქრობ იმას,

სანამ არსებობს უკვდავება, ვერვინ ჩამიძირავს.

  მოთხორბა

 ყველა განსაკუთრებულ არსებას, აქვს თავისი უნიკალური წარმომავლობის ისტორია, ლეგენდა. მინდა გიამბოთ ერთი ზღაპრული ამბავი; იშვიათ, კეთილ, მამაც, და ერთგულ ძაღლებზე სენბიზე და ბერნარდზე. ისინი მაღალმთიან ალპებში მდებარე, წმინდა ბერნარდის სახელობის მონასტრის მცველები და უსაყვარლესი ლეკვების მშობლები გახლდნენ. ამ ორი არაჩვეულებრივი ძაღლის წყალობით მონასტრის ბერები და მათი სტუმრები, თავს ყოველთვის დაცულად გრძნობდნენ.

ზამთარში, როდესაც ყველაფერი თოვლით იყო დაფარული სენბი და ბერნარდი ჭიშკარს დარაჯობდნენ. მონასტერთან მიმავალ ბეწვის ხიდს ქარი არხევდა. იქვე შორი-ახლოს, დაღლილ–დაქანცული და გზააბნეული კაცი შველას ითხოვდა, მაგრამ ქარის ზუზუნის და მგლების ყმუილის გამო, მისი ხმა არავის ესმოდა, გასაჭირში მყოფი კაცი ძაღლებმა მაინც შენიშნეს, რომელიც ხიდის ჯებირს ჩასჭიდებოდა. ბერნარდი და სენბი ბერიკაცს მიუახლოვდნენ, მათ დანახვაზე სასოწარკვეთილ უცნობს იმედი მიეცა, ძაღლებს თავზე მოეფერა და იქვე მახლობლად თოვლის საფარში ჩაფლული ბავშვების გადარჩენა შესთხოვა. სენბიმ და ბერნარდმა თავისი მოხერხებულობის წყალობით ბავშვები ზურგზე გადაიწვინეს და მონასტრისაკენ გაემართნენ. ყინვისგან გალურჯებული პატარების სიცოცხლე მხოლოდ ამ ორ მამაც არსებაზე იყო დამოკიდებული. რამოდენიმე ათეული მეტრი უმოკლეს დროში განვლეს. ყურადღების მისაქცევად მონასტრის ეზოს ყეფით მიუახლოვდნენ, ბერები შეეგებნენ და ბავშვები თბილ ოთახში დააბინავეს. სენბი და ბერნარდი ბერიკაცის საშველად გაბრუნდნენ. კაცს მგლები გარს შემოხვეოდა და ნადავლის მოპოვებისთვის ერთმანეთს ეცილებოდნენ, ძაღლების უაცერმა გამოჩენამ მტაცებლები დააბნია, მათ ეს მომენტი დროულად გამოიყენეს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. მონასტრის ეზოში შეასწრეს და გაწბილებული მგლები უკან ჩამოიტოვეს.
ამ ამბის შემდეგ; ძაღლების სიმამაცით აღტაცებულმა ბერებმა მოითათბირეს; საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, რომ ორივე გმირს და მათ შთამომვლებს მონასტრის დამაარსებლის ,,წმინდა ბერნარდი’’-ს სახელი ღირსეულად ეტარებინათ.
გადარჩენილები გამოკეთდნენ, როგორც გონზე მოსულმა ბერიკაცმა თქვა შვილიშვილებთან ერთად, ერთი პატარა და ლამაზი ქვეყნიდან-საქართველოდან სამოგზაუროდ იყო წამოსული. ორი კვირის შემდეგ სამშობლოში დასაბრუნებლად გამზადებულმა მოხუცმა მასპინძლებს დიდი მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, ხოლო ეს პატარა, მაგრამ გმირული ისტორია დავიწყებას, რომ არ მისცემოდა ბერებს მიმართა: „ მინდა ჩემს მრავალმხრივ მდიდარ საქართველოს, თქვენი სენბერნარების სახით, კიდევ ერთი სიმდიდრე შევძინო“. მონასტრის უხუცესმა ეს აზრი მოიწონა და სენბერნარების ორი ლეკვი სამახსოვროდ გაატანა.
თბილისში ჩამოსულმა მოგზაურმა, ლამაზი და ხალხმრავალი ადგილი შეარჩია. მთაწმინდის პარკს ლეკვები გადასცა, უამბო მომხდარის შესახებ და ისევ სამოგზაუროდ გაეშურა.
იმ დღიდან ეს ლეკვები პარკის განუყრელი ნაწილი გახდნენ, მათ მშობლების საპატივსაცემოდ სენბი და ბერნარდი შეარქვეს. თქვენ კი პატივცემულო მკითხველნო! ამ უიშვიათესი ჯიშის ძაღლების მონახულება და მათთან თამაში მთაწმინდის პარკში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.