გთავაზობთ, გაზეთ „კომუნისტის“ ფურცლებზე
მეოცე საუკუნის 20-იანი წლებში გამოქვეყნებულ სტატიებს ხეთის თემის შესახებ. ეს საგაზეთო
მასალები მრავალმხრივ არის საინტერესო და იძლევა გარკვეულ ინფორმაციას ხეთის თემში
შემავალი სოფლების ეკონომიკის, განათლების, კულტურის, დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.
მეოცე საუკუნის 20-იანი წლები შეირჩა
იმ ნიშნით, რომ ეს არის საქართველოს გასაბჭოების პირველი წლები - დამოუკიდებლობა დაკარგული ქვეყანა და ახალი გამოწვევები.
პერიოდულად შემოგთავაზებთ „კომუნისტში“
(XX საუკუნის 20-იანი წლები) გამოქვეყნებულ მასალებს ხობის რაიონის სხვა სოფლების შესახებ.
სოფელი ხეთა (ზუგდიდის მაზრა)
ხეთა
მდებარეობს სენაკ-ზუგდიდის გზატკეცილის გასწვრივ და შეიცავს დაახლოვებით 100 ოთხუთხ.
ვერსტს, რომელ სივრცის 70 პრეცენტი დაკავებული აქვს 1500 კომლ მოსახლეობას.
აქ არსებობს თემის კვალობაზე მრავალი
დაწესებულებანი, როგორიც არის ტეხნიკუმი. 2 მთლიანი შრომის და 4 შრომის სკოლები, რკინის
გზის სადგური, ფ.-ტ. დაწესებულება, აფთიაქი, საექიმო და საფერშალო ქუნქტი, სამხედრო
უწყების კანტორა „ვიუ“, სატყეო კომისიის განყოფილება, 4 კოოპერატივი, კულტურული წრე
თავისი სექციებით და სხვა. საზოგადოება პირნათლად იხდის ყოველგვარ
მათზე გაწერილ გადასახადებს. განსაკუთრებით დიდ მნიშვნელოვანია თემისათვის ტეხნიკუმის
არსებობა და კიდევაც მისი არსებობის შესანარჩუნებლად არავითარ გადასახადებს არ იშურებენ.
მთავრობის მოთხოვნილებისამებრ მოიწვიეს სრულუფლებიანი მასწავლებლები, რომლებსაც თემი
აძლევს, გარდა მთავრობის მიერ დანიშნულ გასამრჯელოსა, რამოდენიმე ას ფუთ სიმინდს წლიურად,
რადგან მცხოვრებნი აფასებენ ტეხნიკუმს. (გაზეთი
„კომუნისტი“ N49, 1925 წ.).
აღმასკომმა
უმთავრესად ყურადღება მიაქცია სკოლების შეკეთების საკითხს. თემში არჩეული იქნა სააღმშენებლო
კომისია, რომელმაც შეადგინა გეგმა და ხარჯთაღრიცხვა, რომელიც დამტკიცებული იქნა აღმასკომის
მიერ. შეკეთებული იქნა 9 წლედის შენობა და თითქმის ველა სკოლები მთელს თემში. აგრეთვე
დარღვეული და გადაკეთებული იქნა ყოფილი „კანცელარია“, სადაც დღეს მოთავსებულია აღმასკომი.
განსაკუთრებული
ყურადღებით ეკიდება კულტურულ დარგს აღმასკომის თავმჯდომარე ამხანაგი ლ. გოგია. მისმა
მუშაობამ მეტად დააინტერესა გლეხობა. ამხ. ლ. გოგიამ სამკითხველოს გამოუწერა თავის
ფულით ჟურნალ-გაზეთები.
აღმასკომს
ხარჯთ-აღრიცხვაში შეტანილი აქვს ხარჯები სახალხო სახლის ასაშენებლად. (გაზეთი „კომუნისტი“ N90, 1925 წ.).
მისაბაძი მაგალითი - ხეთა
ხეთის
9 წლედის მოწაფეებმა გადასწყვიტეს თითოეულმა მათგანმა გადაიხადოს თითო შაური და შეგროვილი
თანხით გახსნან სკოლაში სამკითხველო, გამოიწერონ როგორც ქართული, ისე რუსული გაზეთები.
მოწაფეებს განზრახული აქვთ აგრეთვე წარმოდგენების გამართვა. (გაზეთი „კომუნისტი“ N265 1924
წ.).
სასოფლო-სამეურნეო მთლიანი გადასახადის
აკრეფა (ხეთა)
ხეთის
თემში უკვე დარიგებულია 1924-1925 წლების სასოფლო-სამეურნეო საგადასახადო ფურცლები.
გლეხები დიდათ კმაყოფილნი არიან იმით, რომ მათ შეუძლიათ გადახდა ნაწილ-ნაწილათ. როცა
ადგილობრივი თემის საბჭოს თავმჯდომარემ მათ დაურიგა საგადასახადო ფურცელი და აუხსნა
გადასახადის მნიშვნელობა. გლეხებმა დიდი კმაყოფილება გამოსთქვეს საბჭოთა ხელისუფლებისადმი.
ძლიერ მცირე აღმოჩნდა უკმაყოფილო გაწერილი გადასახადის რაოდენობით, მაგრამ რა გაიგებს,
რომ შეიძლება გასაჩივრება და თუ შეცდომას აქვს ადგილი, გამოასწორებენო, მათ მადლობა
გადაუხადეს. (გაზეთი „კომუნისტი“ N265, 1924 წ.).
ხეთის სკოლები
ხეთის
თემის თითქმის ყველა კუთხეში არის ოთხწლიანი შრომის სკოლები, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ სკოლების შენობები
არ არის შესაფერისად მოწყობილი და ზოგიერთ სოფლებს ამ რაიონში სრულებით არააქვთ სასკოლო
შენობები. ზოგიერთ სოფელში კი, სადაც საჭიროა ერთი სკოლა, იქ საზოგადოებამ ააშენა ორი
შენობა სკოლისათვის იმიტომ, რომ უკმაყოფილება იყო ჩამოვარდნილი სასკოლო ადგილის არჩევაში.
სცდილობდნენ, რომ ორივე სკოლა მიეღო მთავრობას თავის ხარჯზე, მაგრამ სამაზრო აღმასკომმა
გაითვალისწინა მდგომარეობა ადგილობრივ მცხოვრებთა და რაკი 1923 წელს აუ იყო ახალი შტატი
მასწავლებლების, ამიტომ აღმასკომმა მიიღო სრულ თავისუზრუნველყოფაზე ამ სოფლის ერთი
სკოლა. მეორე მხარემ თავის მხარჯზე დაიქირავა მასწავლებელი და მეცადინეობა ცალკე დაიწყეს.
როგორც პირველში, ისე მეორე სკოლაშიც მეცადინეობა არ შეჩერებულა 1923-24 წლებში. მაგრამ
უნდა ითქვას, რომ შენობები არ გავდნენ ნამდვილ სკოლას, არც ბუხარი, არც ფანჯარა, არც
სხვა ამ სკოლებს არ გააჩნია. ასე არის თითქმის ყველგან. ხეთა-საკვიკვინიოში სულ დამპალი
და წამხდარია შენობა. ერთხელ ამსკოლაში მოვიდა ექიმი ბავშვების გასასინჯათ და სკოლაში,
რომ შევიდა: იატაკი დამპალი ყოფილა და ექიმი შიგ ჩავარდა და ფეხი იტკინა.
ხეთა-ბულიწყუს
სულ არა აქვს შენობა. სკოლა დაქირავებულ შენობაშია. სასკოლო შენობების შეკეთებისა და
აშენებისათვის არჩეული იქნა 1923 წლის 25 მარტში სასკოლო კომისია, რომელსაც მიენდო
სკოლების შეკეთების, ახალი სკოლების საჭიროების გეგმის და ხარჯთაღრიცხვის შედგენა.
თემის საბჭო გაანაწილებს საჭირო თანხას სკოლების აშენების საჭიროებისათვის. აგრეთვე
კომისიას დავალებული ჰქონდა თორსის სკოლების შეერთება იმ ადგილებში, სადაც კომისია
აღიარებდა სამართლიანად. მაგრამ კომისიას სამწუხაროდ არცერთი დავალება არ შეუსრულებია.
თუმცა ეხლა მაინც დაჩქარებით უნდა იყოს მიღებული ზომები; რაც შესაძლებელია, ის მაინც
გაკეთდეს. (გაზეთი „კომუნისტი“ N193, 26 აგვისტო,1924
წ.).
ზამთარი ჩვენში
ჯერ
არ ახსოვთ ადგილობრივ მცხოვრებთ ასეთი ზამთარი, როგორც წრეულს. დეკემბერს თოვლი მოვიდა
დაახლოებით ერთი არშინამდის (71 სმ. ლ.ღ.). დაიჭირა საშინელი ყინვები. დეკემბრის თოვლი
დადნა. იანვრისთვის ისევ მოთოვა. მის შემდეგ სულ თოვს და არის საშინელი ყინვები. მანდარინი, დაფნა და მრავალი სხვა მცენარეულობა
გაყინა და დახმა. დღეს თოვლი აღემატება სამ მეოთხედ არშინს. (გაზეთი „კომუნისტი“ N23, 5 თებერვალი 1925 წ.).
ხეთის დრამატული წრე
ხეთაში
დიდი ხნიდან არსებობს დრამატული წრე, რომელიც დღეს იწოდება კულტურული წრის სექციად.
ხსენებულ სექციაში შედიან პროვინციის კვალობაზე თვალსაჩინო ამხანაგები, რომლებიც მტკიცედ
ემსახურებიან სცენას. არა მგონია პროვინციის რომელიმე თემში იუოს სცენის საკითხი დაყენებული
ისეთ სიმაღლეზე, როგორზედაც არის ეს აქ. წარმოდგენები იმართება თითქმის ყოველ კვირა
და ხალხიც ბლომად ესწრება, მხოლოდ სამწუხარო ის არის, რომ სექციას არა აქვს საკუთარი
სცენა და ასეთი დროებით მოთავსებულია ტეხნიკუმის დარბაზში, სადაც ამ უკანასკნელად,
გამგის მიერ მიღებულ განათლების კომისარიატის ცირკულიარული მოწერილობის თანახმად, ნებას
არ იძლევიან წარმოდგენების მართვისას. ადგილობრივ აღმასკომს სამხედრო უწყებამ დაუტოვა
ვეებერთელა ფარდული თეატრისთვის, რომელიც
1921 წლის უკანასკნელ თვეებში, იმ დროს აღმასკომის თავმჯდომარე, ხოლო დღეს კი განსვენებული
ვასილი ბუკიამ შემოჭედა ირგვლივ და სცდილობდა ასეთი დანიშნულებისათვის დაჩქარებით მოთავებას,
მაგრამ დაუნდობელმა სიკვდილმა არ დააცალა და დაწყებული საქმე შუა გზაზე მირჩა.
დღეს
სექციის სიხარულს საზღვარი არა აქვს, როდესაც ის აღმასკომის სათავეში ხედავს ამხანაგ
ლევან გოგიას, იმ ლევანს, რომელსაც საქმე უყვარს და დუქნებში ქეიფობა არ სჩვევია, სწორედ
იმ ლევანს, რომელმაც ერთი თვის სამსახურით თემს დააჩინა მუშაობის კვალი და სექციას
ამის შემდეგ თამამად შეუძლია იფიქროს, რომ ლევანი თეატრს არ დაივიწყებს და შესძლებს
დააგვირგვინოს განსვენებული ამხანაგ ბუკიას მიერ დაწყებული კეთილი საქმე. (გაზეთი „კომუნისტი“ N47, 1925 წ.).
ხეთის თემი. მთელს მაზრაში არცერთი თემი არ არის სივრცით
ისეთი დიდი როგორიც არის ხეთის თემი. ამ თემის მცხოვრებთა რიცხვი უდრის 1800 კომლს.
თემში არის ერთი აფთიაქი და ერთიც ფერშალი საზოგადოების მიერ დაქირავებული. ფერშალს
თუმცა არ აძლევს საზოგადოება იმდენს შრომის სასყიდელს, რამდენსაც ღებულობენ სხვა ფერშლები
ხაზინიდან, მაგრამ ის მაინც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას. განსაკუთრებით მუშა-მომსახურენი
დიდი მადლობელნი არიან ამხანაგი ქირიას თავდადებული მუშაობისა.
ამ
უკანასკნელ დრომდის ადგილობრივ აფთიაქში რომ მიგეტანა დამზღვევი კასის ექიმის რეცეპტი,
მაინც არ მოგცემდნენ წამლის დამზღვევი კაისის ანგარიშზე. ამ ბოლო დროს საბჭოთა ექიმის
ამ პუნქტის ფერშლის რეცეპტით აფთიაქიდან წამალს უფასოდ არ აძლევენ მოსამსახურეებს.
ამით მდგომარეობა არ გაუმჯობესებლა. რაც გინდა ავად იყოს დაზღვეული მუშა-მოსამსახურე,
აუცილებლათ ნდა წავიდეს დ. ხობში იქ უნდა გამოაწერიოს ექიმს წამალი და მხოლოდ შემდეგ
შეუძლია გამოიტანოს ხეთის აფთიაქიდან.
საჭიროა
მუშა-მოსამსახურეებს წამლის მიღების ნებართვა ადგილობრივ ეძლეოდეს. (გაზეთი „კომუნისტი“ N192, 24 აგვისტო, 1924 წ.).
დიდი ხნის ნატვრა გვისრულდება (შავი
ზღვის სანაპირო რკინიგზა)
რამოდენიმე
ათი წელია მას შემდეგ, რაც დაიწყო წინასწარი მუშაობა შავი ზღვის რკინიგზის გასაყვანად.
რევოლუციის შემდეგ დროებით გზაზე სადგურ ახალ
სენაკიდან ს. ხეთამდე (ზუგდიდის მაზრა) გაიხსნა მატარებლების რეგულარული მოძრაობა.
ხოლო 1923 წელს აბობოქრებულ მდინარე ხობის წყალმა გაანადგურა ხის ხიდი და ყოველგვარი
მოძრაობა ამ გზაზე შესწყდა. წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გადასწყვიტა ამ გზის გაკეთება.
საქმეს ყველანი ენერგიულად შეუდგნენ. მუშაობა დიდი ინტენსიობით წარმოებს...“ (გაზეთი „კომუნისტი“ N205, 8 სექტემბერი, 1925
წ.).
XX საუკუნის 20-იანი წლებში (მაგალითად
1929 წლის მდგომარეობით) ხეთის სასოფლო საბჭოში შედიოდა: ს. ბულიწყუ-ოხვამე, ს. თორსა-დღვაბა,
ს. ლარჩვა, ს. საკუკავო, ს. საქირიო, ს. საბუკიო-ნოჩხონი და ს. ჭიხუ-საკვიკვინიო.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.