ნიუ
იორკში გამომავალ გაზეთ „ქართული აზრის“ 1962 წლის დეკემბრის ნომერში დაიბეჭდა ილია
კუჭუხიძის (დაიბადა ხობის რაიონში, სწავლობდა ხობის სკოლაში. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების
შესახებ იხილეთ ჩემი ბლოგიდან სტატია: უცნობი ხობელები-ილია კუჭუხიძე http://gnostikosi.blogspot.com/2019/07/blog-post_18.html)
მეტად საინტერესო წერილი, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით - დოკუმენტური მოთხრობა „ბევრი იარა
თუ ცოტა იარა...“. ამ მოთხრობის პროტაგონისტი ხობელი დოროთეა, რომლის ცხოვრების გზა
ზუსტად ემთხვევა ავტორის ბიოგრაფიულ შტრიხებს. მოთხრობაში, ამბების მნიშვნელოვანი ნაწილი
ვითარდება ხობში (მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლები). აქ აღწერილია დუქნები, ხალხის
ყოფა, მდინარე ხობის ადიდება, მონასტერი, ვაჭრობა, ღვინის ყიდვა-გაყიდვა, სამიკიტნოები
და ა.შ.
წყალდიდობა ხობში ("ცნობის ფურცელის" სურათებიანი დამატება, N59, 1915წ.)
ვფიქრობ,
ეს დოკუმენტი საინტერესო წყაროა 10-20 წლების ხობის შესასწავლად, მითუმეტეს, რომ, ის
დაწერილია ხობში დაბადებული და გაზრდილი მეცნიერის მიერ.
„ბევრი იარა თუ ცოტა იარა...“
ბევრი
იარა თუ ცოტა იარა, დოროთემ ლამის მთელი დედამიწა შემოიარა... სასიკეთო ვერა ნახა რა,
მაგრამ რადგან იარა, მთელი უკრაინა შემოიარა. რუსეთიც ზედ დააყოლა... ბელორუსიას გვერდი
აუარა, პოლონეთი გადაიარა, ქერჩში ბაყაყივით მოუსვა და გერმანიაში თავი ამოჰყო...
იტალიაშიც
იყო, საფრანგეთიც მოიარა და კვლავ იარა, თუ ცოტა იარა. სასიარულოდ ესეც არ ეყოფოდა?
მხოლოდ რისთვის იარა, სად იარა, რად იარა, მაგრამ ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ლამის ნახევარი
დედამიწა შემოიარა...
ისე
კი ხობს არ გასცილებია დოროთე. ხობი და ხობისწყალი იყო მისი სარბიელი... ხობისწყლის
პირზე გაჭიმული სამჭედლოები და დუქნები: ბახვა ხვიჩიას საწვრილმანო. დოროთე იქ მიდიოდა
ნავთის საყიდლად, ნახევარი ლიტრი ბოთლი ჰქონდა. ყელზე თხელბაწარგამობმული. კვირაში
ერთი ბოთლი ნავთი ყოფნიდათ, რადგან ნათურას დაწოლის წინ ანთებდნენ და დაწოლისას აქრობდნენ
ხოლმე. იქვე იყო ვასილა თერძის დუქანი და ამ დუქანში ექვთიმე თოდუას „აზიაცკების“ სახელოსნო.
ერთად იყვნენ ერთ ხის შენობაში ვასილა თერძი და მეწაღე ექვთიმე თოდუა. ერთად იყვნენ
იმიტომ, რომ ბინის ქირას სანახევროდ იხდიდნენ.. ერთად იყვნენ და ერთმანეთში ვერ რიგდებოდნენ.
ექვთიმე დაზგას შუა დუქანში დადგამდა და ვასილა თერძი თავის გულში ამის გამო ხშირად
ბრაზობდა. ვასილა თერძი სიტყვიძთ შეცილებას, ერიდებოდა და როცა ექვთიმე დუქნიდან გავიდოდა,
ვასილა თერძი დაზგას „საზღვრიდან“ დასძრავდა, წელში გაიმართებოდა. მაგრამ უმალ მოიკაკვებოდა
ექვთიმეს გამოჩენისას. ექვთიმე კიდევ დაზგას კვლავ დაძრავდა ძველი „საზღვრისკენ“ და
ასე გაუთავებლად მიდიოდა დრო და წუთები ხობისწყლის პირზე გაშლილ დაბაში, რომლის დაქალაქებაზე
თვითეული ხობელი დღედაღამ ოცნებობდა. ამასვე ნატრობდა თმახუჭუჭა დოროთეც.
ხობის
თავში ამ ხის დუქნებს სათავეში ედგა თენგიზ კორტავას ქვის შენობა და ფართალი იყიდებოდა
იქ. პატარა გამყიდველი ყოველ წითელპარასკევობას წკრიალა ხმით მოუხმობდა მუშტრებს და
ლექსად გაჰკიოდა ხოლმე:
„ჯგირი
ფართალი
ვაჭარი
მართალი“
ვაჭრის
სიმართლე არც სხვას სჯეროდა და არც თენგიზ კორტავას, მაგრამ ეს ასე იყო საჭირო და ასეც
ხდებოდა.
დაბის
შუაგულში იდგა აგრეთვე პილა არჩილიას სამიკიტნო. მის წინ შეჩერდებოდნენ ზუგდიდიდან
და სენაკიდან მომავალი „დელეჟნები“. ხობში ცხენებს უცვლიდნენ. ხობი მათთვის საკვანძო
სადგური იყო. პილა არჩილიას დუქნის გაყოლებით იყო ზესტაფონელი მეღვინეების ღვინის საწყობობები.
ამათში ყველაზე სანაქებო იყო კაჭია ბერაძეს ღვინის საწყობი.
პლატონ (პილა) არჩილია და მისი მეუღლე ლოლა შუშანია (ფოტო კობა თუთბერიძის საოჯახო ალბომიდან)
ამბობდნენ
ხობელები: კაჭია ბერაძე პირიანი კაცია, სხვებივით როდი აჩანაგებს ღვინოს ხობისწყლის
წყალით: და თუ წყალს ურევს ოდნავად ეს იმიტომ, რომ ძალზე შედედებულ ღვინოს დათხელება
ეჭირვებაო.
პირიანი
კაცი იყო კაჭია და პირიან რიგიანად გამოთვრებოდნენ ხოლმე მის საწყობში საქმიანი და
უსაქმური და დილიდან საღამომდე გაისმოდა ღიალი და სიმღერა:
ზესტაფონო,
ზესტაფონო მშვიდობით,
შორს
მივდივარ, შორს მივდივარ, მშვიდობით,
ვაიმე
ჩემო, ვაიმე ჩემო ვენახო,
ოთხწელიწადს,
ოთხწელიწადს ვერ გნახო!“
ხობით
ამაყობდა დოროთე... ხობი ყველაფერი იყო მისთვის. ხობი იყო მისთვის მთელი საქართველო
და საღამოობით სახლის ლაფაროში, რომ ჩაჯდებოდა ხოლმე თავის ტოლმეგობრებში, მის წკრიალა
ხმა შორს გაისმოდა:
„ვოდელია
დელია,
საქორთუო
ჩვენია“.
საქორთუო
სამეგრელოში ვერ ერკვეოდა ჩვენი ბიჭუნა. როცა ხობიდან სააღდგომოდ იმერეთში წაიყვანდნენ
და ქართულს ძლივს ამტვრევდა, იმერელი ბიჭები „მარგალს“ ეძახდნენ და ხობში კი „ქორთუს“.
-
დედა, ვინ ვარ მე? - ეტყოდა დედას და თან დაუმატებდა:
იქ „მარგალს“ მეძახიან, აქ „ქორთუს“. დოროთეს დედაც მიუხმატკბილებდა თავის ჩიტუნიას
და ეტყოდა: „შენ მარგალიც ხარ და ქორთუც“.
როგორც
ვთქვი, ხობი იყო მისთვის მთელი საქართველო. დოროთე მთელს ქვეყანაზე ხელს აიღებდა, შეელეოდა
ყველაფერს, მაგრამ ხობს კი ვერა! თუ გინდ მთელი დედამიწა დაქცეულიყო, მეორედ მოსვლა
მოჰყოლოდა მას, ოღონდ ხობს კი არა ჰკლებოდა რა!
ჰოდა, ოცნებობდა, როგორც ყველა ხობელი: ხობი მალე ქალაქი
გახდება, შემდეგ ქალაქში რკინიგზას შუაქუჩაში გაიყვანენ და „პოვეზი“ კისრის ტეხით ჩაიქროლებს
დუქნებს შორის, და ვინ იცის სად წავა... მარჯვნივ წავა თუ მარცხნივ. გარეთ თუ შიგნით;
იქნება ტრაპიზონიც კი მოიაროს და მთელი დუნიაც.
...ჩემ ხობში, განა ხობი მთელი დუნია არ არის? ხობი
ხომ იყო გაშენებული ხობისწყალზე, ხობისწყალი კიდევ ვერცხლის ფერად ბზინავდა. ხობისწყლის
გაღმა კიდევ მონასტერი იდგა გვირგვინივით. მარიამობას, თუ როგორც ხობელები ამბობდნენ
„მარაშინობას“ ზღვა ხალხი გადაჰყავდა და გადმოჰყავდა უზარმაზარ დინჯად მავალ გაბრტყელებულ
ნავს. ბევრჯერ ცოდო მადლი დატრიალებულა. მომეტებული მგზავრებით დამძიმებული ნავი ხშირად
განზე გაწოლილა. ხშირად ხობისწყლის ფსკერზე მონატრებია გასეირნება და წაიწეოდა ხოლმე
სიღრმეში. წყალი კიდევ ლამობდა შიგ შეჭრას და მაშინ უნდა გენახათ, რა ყოფა დატრიალდებოდა...
ატყდებოდა ბავშვების ტირილი. ქალების წივილ-კივილი,
თმების გაშლა-გაწეწვა. მაგრამ ნავი დინჯად მიარღვევდა წყალს. მენიჩბეებიც ნიჩბებს მარჯვედ
უსობდნენ და წივილი წივილად რჩებოდა და ნავი კიდევ ნავად.
ხობი ხომ იყო გაშენებული ხობისწყალზე. ხობისწყალი კიდევ
წელიწადში ერთხელ ფაფარს აიყრიდა, რაღაც ავსულები დაპატრონებიაო, ადიდდებოდა ხოლმე და მთელს დაბას ჩანთქმას უპირებდა. მაშინ გენახათ
ხობელები, როცა ხობისწყალი სიმინდის ყანებს მოედებოდა, ზოგიერთს სახლში შეუვარდებოდა,
შეიღრიალებდა, ვიღაცას ტვინ აუფორიაქებდა. შიშს აჭმევდა, ოჩანფეხებზე შესკუპულ ოდის
ბურჯებს ხეთქით ეხეთქებოდა... მაშინ ქუდმოგლეჯილი გარბოდა ვინ სად, ვინ რით. ფეხით,
ცურვით, გატოპვით, ნავით...
შემდეგ ღელვაც დაცხრებოდა. ხობისწყალი მოთვინიერდებოდა,
მოშუშდებოდა და ისევ კალაპოტისკენ პირს იზამდა. შიგ ჩაწვებოდა. ჭალეში კი დატოვებდა
შლამს და ულვაშებიან ღლავებს, პირდაღებულ კობრებს, ფოთქვიდან ამოვარდნილ ღორჯოებს და
ხობელების ზეიმი ულეველი იყო... პოულობდნენ ხრამებში თუ ორღობებში ჩარჩენილ თევზებს.
რომლებსაც ვერ გაესწროთ ტალღასთან ერთად.. დაერეოდნენ და ჰკრეფდნენ. შემდეგ ჯოხებზე
აცმევდნენ, ახმობდნენ, ტარანათ გამოყავდათ, მაგრამ უხეიროთ.
დოროთეც მათთან იყო, რატომ იქ არ უნდა ყოფილიყო? ეს
ამბავი მის ხობში ხდებოდა და ამ სანახაობას მისი საყვარელი ხობისწყალი ახდენდა...
ტექსტის სრული ვერსია:
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.