12.03.2020

მარო თარხნიშვილის მოგონებები ძუკუ ლოლუაზე


ცნობილი მომღერლის, მარო თარხნიშვილის მემუარიდან, გთავაზობთ ნაწყვეტს, სადაც ის საუბრობს ძუკუ ლოლუაზე. ეს მოგონება მრავალმხრივ არის საინტერესო და სხვა კუთხით წარმოაჩენს ორი დიდი ხელოვანის ურთიერთობის ისტორიას.
მარო თარხნიშვილი
პატივცემული ძუკუ ლოლუა თბილისში ჩამოვიდა კონცერტის მისაცემად, ქალაქ თბილისში. ეს იყო ზაფხულის თვე, 24 ივლისი. მეცადინეობას ატარებდა რუსთაველის საკონცერტო დარბაზში. იმჟამად ჩემს გუნდში მუშაობდა გიორგი ბართლომეს ძე ვარდიაშვილი, ფანდურზედ დამკვრელი. ძუკუ შეხვედროდა მას ქუჩაში და ეკითხება:ქალბატონი მარო თუ არის თბილისშიო. მას ეთქვა, ვემზადებით საგასტროლოთ დასავლეთ საქართველოშიო, აქ არისო. ძუკუს უთხოვია გიორგი ვარდიაშვილისთვის, რომ სთხოვეთ მაროს, პატივი მცეს და დამესწროს რეპეტიციებზედო, რადგან ქართლურ და კახურ სიმღერებს მის გაუსინჯავად ვერ ვენდობი საკუთარ ჩემს თავს, რომ გავიტანო კონცერტზედო. მე გადმომცა ჩემმა თანამშრომელმა გიორგიმ თუ არა, იმავე დღესვე დავესწარით ორივენი, მოვისმინეთ მათი საკონცერტო პროგრამა, ჩემი ქება და ხოტბის შესხმა განსვენებულ ძუკუს არა სჭირდება! დიდებულად ასრულებდნენ, რასაკვირველია, დასავლეთის საქართველოს სიმღერებს. შეაანიშნავი იყო ძუკუს მოხდენილი ხელმძღვანელობა და უნდა აღინიშნოს თვით ანსამბლის შემადგენლობაც, საუკეთესო თავმომწონე ვაჟკაცები. მოვისმინე ქართლური სიმღერები: „გაფრინდი შავო მერცხალო“, „გუშინ შვიდნი გურჯანელნი“, არც ის იყო ცუდათ შესწავლილი. ერთი სიტყვით, პროგრამა ძალიან ვრცელი და კარგი იყო!
ძუკუ ლოლუა
ვუთხარი: ბატონო ძუკუ, თქვენ უკვე მზათა ხართ კონცერტისთვის, არავისი დახმარება არ გჭირიანთ, ნუღარ დააყოვნებთ, რაც მალე იქნება, ხარჯი ნაკლები გექნებათ, ამდენ ხალხს შენახვა უნდა-მეთქი. მანაც მომიწონა ჩემი რჩევა, მაგრამ ბედმა უმუხთლა. იმ დღეებში მისცა დიდი სიცხე და დაემართა მუცლის ტიფი, რომელმაც იმსხვერპლა ის დიდი შემოქმედი ადამიანი.კირილე პაჩკორია (კ. პაჭკორია, ცნობილი ლოტბარი) და ლუდი ბაბილუასთვის (ცნობილი ლოტბარი) ეთხოვნა, წადით მარო თარხნიშვილთანო და სთხოვეთ, შვინდის კისელი გამიკეთოს და ბოთლში ჩაასხას, რომ ადვილათ დაელია, რადგან დიდი სიცხიანი თავს მაღლა ვერს ასწევსო!
დავაცდეინე მათ და საჩქაროთ გავაკეთე და გაუგზავნე, რამოდენიმე დღის შემდეგ მისმა მეუღლემ ნადიამ შემომითვალა: ძუკუ უკანასკნელ დღეში მყავს და ძალიან გთხოვთ მეცით პატივი და თუ არ შეწუხდებით, მობრძანდი და ნახეთო, თქვენს ნახვას თხოულობს, აგერ მარო
თვითმფრინავით მოდისო, ეგები რომ ვნახო მოვრჩეო. მივედი მეორე დღესვე, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა, უკვე სულს ებრძოდა. გარდაიცვალა თბილისში და დაასაფლავეს ნიკოლოზის ეკლესიაში, მერე კი გადაასვენეს ვაკის სასაფლაოზედ.
ასე დამთავრდა საკონცერტოთ ჩამოსული მშვენიერი ანსამბლის ხელმძღვანელის, ძუკუ ლოლუას, ბოლო! მხოლოდ ის დაწყობილი ანსამბლი, სადაც საუკეთესო ძალები ჰუავდა, რაც მე მახსოვს: კიწი გეგეჩკორი, კირილე პაჩკორია, ლუდი ბაბილუა, მანუელ აფხაიძე, ვასო პატარაია, კოლია ხვიტია, ბიძინა ღოღობერიძე, სერგო გოცირიძე, სერგო ბაქრაძე, ვლადიმერ მასხარაშვილი და ბუცხრიკიძე ჟორა. ცოდვა იყო მათი დაშლა და ჩაუდგა სათავეში ხელმძღვანელად კიწი გეგეჩკორი, რადგან მათ იმ დროს დატაცია არ ჰქონდათ, ისევეთ აერიათ გზა და მის შემდეგი კირილე პაჩკორია ჩაუდგა სათავეში ხელმძღვანელად. ის მონაწილენიც თანდათანობით წავიდ-წამოვიდნენ და სულ სხვა სახე მიიღო. კირილეც გარდაიცვალა და დარჩა ანზორ კავსაძე. იმ დროს ხალხი, მომღერლები, სულაც აღარც ერთი აღარ ურევია მაგ ანსამბლში.
მარო თარხნიშვილის მოგონებები
წიგნში, ასევე საინტერესო ცნობებია მარო თარხნიშვილის ანსამბლის გასტროლებზე სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში.
მარო თარხნიშვილი
ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი; 1910 წელს გორში დააარსა ქართლ–კახური სიმღერების გუნდი და მისი უცვლელი ლოტბარი იყო; მან დიდი ამაგი დასდო საქართველოში მხატვრული თვითმოქმედების განვითარებას; მისი გუნდის მდიდარი რეპერტუარიდან აღსანიშნავია სიმღერები: "ჭონა", "ბერიკაცი", "ნამგლური", "გარეკახური საცეკვაო", "მუშური", "თამარქალო", "კახური მრავალჟამიერი"; თარხნიშვილი გუნდის ფონზე დიდი ოსტატობით ასრულებდა ცალფა შრომის სიმღერებს – "ურმულს", "ოროველას", აგრეთვე არიას "დაიგვიანეს" ნ. სულხანიშვილის ოპერა "პატარა კახიდან"; მის გუნდში მრავალი მომღერალი და ლოტბარი აღიზარდა; ის თავისი კონცერტებით წარმოაჩენდა ქართულ ხალხურ სიმღერებს.

                  

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.