14.01.2020

ახალი-წლის მიგებება და კუჩხა სამეგრელოში


ახალ-წლის წინა დღითვე თითოეული ოჯახი სამეგრელოში შეუდგებოდა სამზადისს ახალი წლის მისაგებებლად, რისთვისაც ყველა დიდს ფაცა-ფუცში და მოძრაობაშია ნიშნად დიდი სიხარულისა. დადგება თუ არა შუაღამე, ყოველ ოჯახიდგან გაისვრიან რამდენჯერმე თოფს და გათენებამდე სულ სროლაში არიან. გათენებისას ოჯახის უფროსი აიღებს ხელში ჩიჩილაკს. ჩიჩილაკი თხილის ჯოხია, რომელსაც წვრილ-გრძელი ნათალი აქვს შერჩენილი. 

ეს ჯოხი პატარძალივით მორთულ-მოკაზმულია, ზევით ჯვარედინად აქვს გაკეთებული და წამოცმული ვაშლი, ბროწეული, ფორთოხალი, მსხალი, თეთრი ვერცხლის მანეთიანი და გადაკიდებულია ქარვა. ამ ოჯახის უფროსს თან მიჰყვება ერთიც სხვა ვინმე და პირველად შემოვლენ სახლში, სადაც ყველა დანარჩენი ოჯახის წევრნი კარებ-ჩაკეტილნი უნდა დახვდნენ. უფროსი გარედან იძახის: „კარ გამიღეთო“. შიგნიდამ უპასუხებენ: „რა მოგაქვსო“. უფროსი დაიწყებს: წმინდა ვასილის წყალობა, კაცთა სიმართლე და დღეგრძელობა, ოჯახის აშენება, ოქრო, ვერცხლი, პირუტყვების გამრავლება, აბრეშუმის ჭიის ყოფა და სხვა. ამ გვარი პასუხი განმეორდება სამჯერ და მერე გაიღება კარი, შევა ოჯახის უფროსი, სხვებთან ერთად დიდად ხარობს და ულოცავს შიგმყოფთ ახალ წლის მშვიდობით დასწრებას. მერე ოჯახის უფროსი ჩიჩილაკით შეუვლის მარანში, ბოსელში, სასიმინდეში, ერთი სიტყვით ყველგან. მერე სადილობამდე დადიან ერთმანეთთან მეზობლობაში და ულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს კანფეტებით, შაქრისყინულით და სხვადასხვა ხილეულობით. სადილობის დროს დაბრუნდებიან თავთავისას და სხვადასხვა საჭმელთა შორის შემოიტანენ ქოთნით გატენილს მჭადს, რომელსაც „ვასილის მჭადს“ ეძახიან. ეს მჭადი უნდა გასტეხოს ვაჟმა და ქალმა. ერმა ერთის მხრით უნდა მოჰკიდოს ხელი და მეორემ - მეორე მხრით და ისე უნდა გასტეხონ, მაგრამ თითოეული მათგანი სცდილობს უფროსი ნატეხი იმისკენ დარჩეს: ეს იმის მომასწავებელია, რომ თუ ქალისკენ იქნა უფრო მეტი ნატეხი, მაშინ აბრეშუმი ბლომად მოვა, და თუ ვაჟისკენ მაშინ ჭირნახული მოვა ბლომად. ერთს გრძელს ჯოხზე წამოცმულია სუროები ორსავე წვერზედ, ჯოხს შუაში გასწვავენ და მისცემენ ერთს წვერსა ვაჟსა და მეორეს ქალსა. ჯოხი უნდა გადააგდონ. მერე ვაჟი ერთს კარებში გავა, ქალი მეორეში. გარედ სულ უნდა ირბინონ, გადააგდონ სუროიანი ჯოხი ეზოს გარედ და ისევ უნდა მოირბინონ. თითოეული სცდილობს წინ მოსვლას, რომელიც წინ მოვა, ის გაიმარჯვებს. შინ მყოფს ქალებს უნდათ ქალი წინ მოვიდეს და თუ მართლა ქალმა მოირბინა წინად, ამბობენ, ჩენ გავიმარჯვეთო. კაცებს უნდათ ვაჟმა გაუსწროს და წინ მოვიდეს. ამგვარად მთავრდება სადილი ახალ-წელს. ჩიჩილაკის დამტარებელი უფროსი მაფეხურად ითვლება და მთელს დღეს მხოლოდ ერთსადაიმავე სკამზე ჯდება. სხვას არავის არააქვს ნება იმის ნაჯდომ სკამზე დაჯდეს. ეს იმის მომასწავებელი, რომ ქათმები კვერცხების გამოჩეკის დროს არ აირევიან და კარგადაც გამოსჩეკენნო. ახალ წლის დღეს არავინ წინ არ უნდა გაუაროს არავის და თუ რამე გთხოვა ვინმემ, უარი არ უნდა უთხრას, თორემ უარის მთქმელი მთელი წლის განმავლობაში ხელ-დაცარული იქნება.
ახალ-წლის დღეს საღამოს დროს იციან ერთნაირი თამაშობა, რომელსაც „ტყაპობას“ ეძახიან. ეს თამაშობა იმაში მდგომარეობს, რომ მოზელენ სიმინდის ფქვილისაგან ცომს და მეზობლები ერთმანეთს უგლესენ თავ-პირს. ახალ წლის მეორე დღეს ფერხვაობის დღეს ეძახიან და თითოეულს ოჯახში ირჩევენ მაფეხურს, ე.ი. კარგის ფეხის მექონს, რომელიც სხვაგან უნდა დაწვეს, ალიონზე წამოდგეს, თავისას მოვიდეს და უფეხუროს ყველას. ყოველი ავი და კარგი, რაც რომ მოხდება ოჯახში წლის განმავლობაში, მაფეხურის ფეხზეა დამოკიდებული. საზოგადოდ ნაახალწლევს ერთმანეთში ნედლის თხილის ჯოხით დადიან...
წუარო: გაზეთი ივერია, N3, 1890 წელი.

10.01.2020

საფერხულო ცეკვა „ხუჯიშ ოსხაპური“, რომელიც სოფელ ბიაში სრულდებოდა



დიდი ეთნოგრაფი, თედო სახოკია იზრდებოდა სოფელ ბიაში (კიტიას ნოხორი), მღვდელ შიო იოსავასთან. თედო სახოკია თავის შესანიშნავ წიგნში - „როგორ ვიზრდებოდით ძველად“ აღწერს ცეკვა-ფერხულს, რომელსაც მთავარ ჭადრის ხესთან სოფელში მცხოვრები ქალ-ვაჟნი ასრულებდნენ. თ. სახოკიას ინფორმაციით ცეკვის ამ სახეს სამეგრელოში 1890 წლამდე კიდევ შეხვდებოდა კაცი. შემდეგ კი თანდათან აიღეს მასზე ხელი და დღეს მოხუცებულთ თუღა ახსოვთ, თუ როგორ თამაშობდნენ მათი წინაპარნი ერთ დროს. ამ ცეკვას ერქვა „მხარული“ ანუ „ხუჯიშ ოსხაპური“. „კვირაობით «ქალ-ვაჟნი ჯერ წყვილ-წყვილად ცეკვავდნენ. მზე კარგად რომ გადიხრებოდა, დაიწყებოდა «მხარული» თამაშობა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც ახალგაზრდა ქალ-ვაჟნი, ისე ხანშიშესულებიცა... «მხარულის» მოცეკვავენი ჩაჰკიდებდნენ ერთიმეორეს ხელებს და გააკეთებდნენ ოც, ოცდაათ ქალ-ვაჟისაგან შემდგარ წრეს, წრის ორპირად გაიმართებოდა შაირების თქმა. მოშაირეთ სიმღერით, შეწონილად ბანს აძლევდნენ და სიმღერას რითმულად აყოლებდნენ ფეხებს. მოთამაშენი მარჯვენა მხრით გარშემო წრეს ავლებდნენ. კარგა ხანს ასე თამაშის შემდეგ ქალები გამოეცლებოდნენ წრეს, ხოლო მამაკაცები აქეთ-იქით ერთიმეორეს მხრებზე გაშლილ ხელებს დაადებდნენ (აქედან სახელი თამაშობისა «მხარული») და იმავე სიმღერით განაგრძობდნენ წრის შემოვლას, მხოლოდ სიმღერას და ფეხების გადაბიჯების ტემპს უმატებდნენ. ეს სისწრაფე გადადიოდა მაღლა შეხტომაზე იმდენად, რომ მოთამაშენი თითქმის ერთი ადლის სიმაღლეზე ასცდებოდნენ დედამიწას. ამ სახით რამდენჯერმე შემოუვლიდნენ წრეს და თამაშობაც გათავდებოდა. ფერხულს, მცირე შესვენების შემდეგ, მოჰყვებოდა შეჯიბრი სირბილში...“ (თ. სახოკია, „როგორ ვიზრდებოდით ძველად“).
გვერდი თ. სახოკიას წიგნიდან „როგორ ვიზრდებოდით ძველად“ 
საფერხულო ცეკვა „ხუჯიში ოსხაპურის“ რამდენიმე სიტყვით ეხება ისტორიკოსი და ეთნოგრაფი სერგი მაკალათია - „ხუჯიში ოსხაპური“. ეს იყო ფერხული. აკეთებდნენ წრეს და ისე უვლიდნენ. მოთამაშეებს ხელები ჰქონდათ ჩაკიდებული და ფეხის ნელი ნაბიჯებით მოძრაობდნენ (მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია).
„ოსხაპურის“ მსგავს ცეკვას აღწერენ რუსი მეცნიერი ტეპცოვი და ცნობილი ლოტბარი ძუკუ ლოლუა. «აქ უადგილოდ არ მიმაჩნია შევჩერდე, რამოდენიმედ, ჩვენს ნაციონალურ ცეკვა-თამაშზე. ავიღოთ «ხორული» (მხარული). საუცხოვო არის ეს ცეკვა; სოფლად მოხუცნი და ახალგაზრდანი ხელი-ხელ ჩაკიდებულნი, რკალივით წრე შეკრულნი, ფეხებ შეწყობილნი და ტან შეთანხმებულნი _ ხელის პატარა თითებით ჯაჭვივით მიებმებიან ერთი მეორეს და ნელა იმღერიან; სანამ ჩქარ სიმღერაზე გადავიდოდნენ, რომელიც დიდს მოძარაობას იწვევს და ხტომასაც... ქალები თანდათანობით გამოდიან წრიდან; სანახაობა ამის შემდეგ უფრო საინტერესოა, წრე ისევ რჩება _ გატაცებული მოთამაშენი გვერდით ეკვრიან ერთი მეორეს მაღლა-მაღლა _ ამ დროს არავის შეუძლია მათ წრეში შესვლა. უცბად _ ერთბაშად უშვებენ ხელს ერთმეორეს _ ამის შემდეგ შეიცვლიან მკლავებს და მხარზე გადააწყობენ ერთმეორეს, ასე განაგრძობენ შემოვლას, რომელიც გაცილებით ორჯერ უფრო ფართო წრეს ქმნის; ჩქარი თუ წყნარი ნაბიჯებით უვლიან წრეს და ამასვე უთანხმებენ სიმღერას (ძ. ლოლუა, „ქართული ხალხური სიმღერები“. გაზ. ლომისი ).
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამშრომელმა ოთარ კაპანაძემ საინტერესო კვლევა მიუძღვნა მეგრულ საფერხულო სიმღერებსა და ცეკვებს. მეცნიერი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტერმინ „ოსხაპურის“ ეტიმოლოგიას.
«ოსხაპუეს» ეტიმოლოგია სხაპუა _ ცეკვასთან არის დაკავშირებული... ცალკეულ სოფელს თავისი ოსხაპუე ჰქონდა, აქ თავს იყრიდნენ ნებისმიერ დროს და თითოეულ ახალგაზრდას თუ ხანში შესულს შეეძლო ამა თუ იმ სიმღერის, ცეკვის თუ ჩონგურზე დაკვრის შესრულებაში თავი გამოეჩინა. ამდენად, მოტანილ ცნობებზე დაყრდნობით, შეიძლება დავასკვნათ, რომ «ოსხაპუე», კონკრეტული ფერხულის («მხარულის») გარდა, აღნიშნავდა ერთგვარ ჯარიანობას, გარკვეული ტიპის თავშეყრას, რომელშიც დიდი დრო ეთმობოდა სიმღერას, ცეკვა-თამაშსა და ზოგადად გართობას.  (ოთარ კაპანაძე, „საფერხულო სიმღერები სამეგრელოში“. 2011წ.).





09.01.2020

"ხობალა“ და ხობის ხუთღეროვანი ლარჭემი


ცნობილმა ისტორიკოსმა და ეთნოგრაფმა სერგი მაკალათიამ 1923-1939 წლებში მოიარა სამეგრელოს რაიონები და მათ შორის ხობიც.  მეცნიერმა მოინახულა ხობის ღირსშესანიშნავი ადგილები და ისტორიული ძეგლები. აღნიშნული სამეცნიერო ექსპედიციის შედეგები მეცნიერმა გამოსცა წიგნად - „სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“. აღნიშნული წიგნის კითხვისას წავაწყდი რამოდენიმე საინტერესო ცნობას ხობში ლარჭემის კეთებისა და „მარაშინობა დღეს“ ხობის მონასტერთან გამართული დღეობის შესახებ.

„ლარჭემს გაკეთება ყველას არ შეუძლია, მას აკეთებს მხოლოდ ის, ვინც ლარჭემს უკრავს, რადგანაც ამ საკრავს უნდა აწყობა. სამეგრელოში გავრცელებული ყოფილა ექვსღეროვანი ლარჭემი მთიან რაიონებში, ბარში კი - ხობის რაიონში ხუთღეროვანი. ლარჭემის გაკეთების დროს მნიშვნელობა ეძლეოდა თითოეულ ღეროს სიგრძე-სიგანეს, ზომას და სხვა. შემდეგ კი ღეროებს ხმის მიხედვით არჩევდნენ. ამიტომ ოსტატებს ჯერ ხმიანობა უნდა გაუსინჯონ ლერწმის ღეროს და შემდეგ ისინი შეკრან ლარჭემად, რომლის შესაკრავად ჩვეულებრივ ხმარობდნენ ბლის ხის თხელ ქერქს.
წინათ ლარჭემი იყიდებოდა ხობის ბაზარზე - „ხობალა“-ს, რომელიც იმართებოდა აგვისტოში „მარაშონა“ დღეს ხობის მონასტერთან. იქ თურმე მიჰქონდათ გასაყიდად ბევრი ლარჭემი. გამყიდველები უკრავდნენ ლარჭემს და ამით მუშტარს იზიდავდნენო. აღსანიშნავია, რომ დღესაც, თუ ვინმე მიდის ხობში, ხუმრობით ეტყვიან : „ლარჭემი მოგვიტანეო“.
ყურადღებას იქცევს ტერმინი „ხობალა“, რომელიც ხობის მონასტერთან გამართულ დღეობას უკავშირდება (ტექსტი: ლ.ღ.). „ხობალა“,  ქართულად იქნება - „ხობელობა“.
ამ და ხობის მონასტერთან დაკავშირებული სხვა ტრადიციების აღდგენის მიზნით შესაძლებელია ყოველწელს ჩატარდეს დღეობა, სახელწოდებით - „ხობალა“.


20.12.2019

ფეხბურთი ხობში



ომისა და შრომის ვეტერანი იროდი ალანია ქართული ხალხური სიმღერების დიდი მოყვარული და ფეხბურთის გულშემატკივარი ყოფილა. ი. ალანია წლების განმავლობაში თამაშობდა ხობის „კოლხეთის“ შემადგენლობაში.
გთავაზობთ იროდი ალანიას მოგონებას „კოლხეთის“ ფეხბურთელთა გუნდის შექმნისა და საფეხბურთო გარემოს შესახებ. მოგონებები ჩაწერილია 1989 წელს.

„... ეს იყო სათავეებთან, როცა იქმნებოდა რაიონის სპორტული ცხოვრების ბიოგრაფია. ამ პერიოდში ფეხბურთი ჩვენთვის მახლობელი და საყვარელი სპორტის სახეობა გახდა.
ალბათ ხშირად დავფიქრებულვართ ვინ იყვნენ დღევანდელი თაობის „კოლხეთის“ წინაპრები. ვინ იდგა მისი შექმნის სათავეებთან...
„კოლხეთმა“ დიდი და რთული გზა განვლო. მის ისტორიას თაობები ქმნიდნენ. კეთილმა საწყისმა კი გუნდი დღეს საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობამდე მიიყვანა. ამ არმასვლაში თითოეულმა თაობამ თქვა თავისი წონადი სიტყვა.
... ეს იყო 1931-37-38 წლებში, როცა ხობის რაიონში შეიქმნა ნაკრები გუნდი ფეხბურთში, მწვრთნელი იყო ხუტა ლაზარია.
ამ წლებში ხობის „კოლხეთი“ ასეთი შემადგენლობით გამოდიოდა:
აკაკი ჩხენკელი, გალაქტიონ კვარაცხელია, იროდი ალანია, ნაპო ბუკია, ვალერიან ბუკია, პილა მალანია, გიორგი მამფორია, დიოგენ ბუკია, დურუ სახეიშვილი, ტიტიკო კაკაბაძე, აპოლონ წერეთელი, გული კოდუა, აბილო იოსავა, გერმანე ქაჩიბაია, კაპიტონ გაბისონია, მიშა სიჭინავა.
წვრთნები მაქსიმალურად გვიტარდებოდა ხობის სტადიონზე. სამჯერ გავედით საქართველოს პირველობის ფინალში.
მაშინაც დიდი იყო ინტერესი. გვყავდა უამრავი გულშემატკივარი, რომლებიც მხარში გვედგნენ ყოველი მათჩის დროს... სად იყო მაშინ ასეთი ფეხბურთის თამაში, ან სტადიონი ან სპორტული ფორმა , მაგრამ მიზანი ყოველთვის ერთი გვქონდა მხოლოდ - ლამაზი ფეხბურთი გვეთამაშა, თუნდაც დავმარცხებულიყავით.
დიახ, ეს ის კოლხეთელები არიან, დღევანდელი ლამაზი სპორტული ისტორია რომ შეგვიქმნეს და დღესაც იღწვიან ფეხბურთის სიყვარულით.
სპორტი კი სპორტია, ასეთი განცდები სჩვევია და ჩვენც ყოველთვის გვეამაყება, რომ დღევანდელი „კოლხეთი“ გვაფიქრებს და გვახარებს“.



17.12.2019

ხობის ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლების დროს დანგრეული ეკლესიები


საქართველოში, გასაბჭოებამდე, 1450 ეკლესია და მონასტერი მოქმედებდა. 1923 წლისათვის მათი 90 % დაიხურა, 1939 წლისათვის კი მხოლოდ 5 დარჩა. ბოლშევიკებმა ეკლესიების ნაწილი დაანგრიეს, ნაწილი კი სახელმწიფოს გადასცეს. ასევე, განადგურდა ეკლესია-მონასტრებში დაცული ნივთების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ქვემოთ გთავაზობთ მცირე ინფორმაციას საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ხობის ტერიტორიაზე დანგრეული ეკლესიების შესახებ.

Ø გამოღმა ქარიატის წმინდა გიორგის სახელობის ნაეკლესიარი.
გამოღმა ქარიატაში, მდინარე ხობისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარე სასაფლაოსთან იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, რომელიც 30-იან წლებში დაუნგრევიათ და სკოლის შენობა აუშენებიათ. აქ მღვდლები ყოფილან ჟველიები, ეკლესიაც მათ გვარს დაუარსებია, ისინი აფხაზეთიდან ჩამოსულან. იმ სასაფლაოს სადაც ეს ეკლესია იდგა ეძახიან პალურის სასაფლაოს, ხოლო ეკლესიას პალურის წმინდა გიორგის. იმ ადგილს ასევე ეძახიან „ხატ-მუხურს“. ზოგიერთის გადმოცემით, ჟველიები აქ ჩამოსულან წალენჯიხის რაიონიდან. აქ სასაფლაოსთან და ეკლესიასთან ახლოს სამრევლო სკოლაც ყოფილა, სადაც ასწავლიდა ვინმე ანტონი, მას ის საკუთარ სახლში ჰქონდა გახსნილი.

Ø გაღმა ქარიატის ღვთისმშობლის სახელობის ნაეკლესიარი
გაღმა ქარიატაში იდგა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. იქ დასაფლავებულნი ყოფილან თავადი ჯაიანები, ბოლო მღვდელი იყო ხოჭოლავა. ეს ეკლესია დაუშლიათ 1922-26 წლებს შორის ქოჩო გიგიბერიას და ბიჭი შამუგიას. აქ იყო დიდი მარმარილოს ქვაც, რომელიც სახლში წაუღია ქოჩო გიგიბერიას. ამავე ადგილას იპოვეს ქვევრში ჩალაგებული მღვდლის სამოსი და მოსართავები. დღეს გამოღმა ქარიატის სკოლის შენობაში გამართულ სამლოცველოში არის იმ ძველი ეკლესიის ორი ბოძი და სავარაუდოდ გუმბათის ჯვარი. ბოძები სამლოცველოს შესასვლელშია შეყენებული.


Ø კუთხე ნოჯიხევის სასაფლაოზე ადრე წმინდა მთავარანგელოზების ხის ეკლესია მდგარა. იგი ბოლშევიკებს 1924 წელს დაუნგრევიათ. აქ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში მსახურობდნენ მღვდელნი: ანტონ სასანია, გაბრიელ სიჭინავა, ნიკოლოზ სასანია, მაქსიმე სიჭინავა, ალექსი კაჭარავა, იოანე ჯიქია, თადეოზ სასანია, სტეფანე სახოკია, დიაკვანი მოსე ჯორბენაძე, მედავითნენი დავით ბოლქვაძე და ლუკა ჯორჯიკია.

Ø სოფელ შუა ქვალონის ცენტრში, სასაფლაოზე მდგარა წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში დაუნგრევიათ

Ø საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე საღვამიჩაოში მდგარა წმ. გიორგის სახელობის ეკლესი, რომელიც XX საუკუნის ოციან წლებში დაუნგრევიათ.

Ø სოფელი საჭოჭუო მდებარეობს მდ.რიონის გაყოლებაზე მის მარჯვენა ნაპირთან, სადაც სოფლის სასაფლაოსთან იდგა საჭოჭუოს მთავაანგელოზთა სახელობის ხის ეკლესია, რომელის ასევე გასაბჭოების დროს დაუშლიათ.
  
Ø სოფელი პატარა ფოთიც იმავე ხაზზეა, ანუ მდ.რიონის მარჯვენა ნაპირის გაყოლებაზე, სადაც ძველ სასაფლაოსთან იდგა წმ.გიორგის სახელობის ხის ეკლესია, რომელიც ასევე გასაბჭოების დროს დაშალეს.

Ø სოფელი საქორქიო - წმინდა გიორგის სახელობის ნეკლესიარი.
1.     სოფელი საქორქიო მდებარეობს მდ.რიონის მარცხენა ნაპირას, სადაც იდგა წმ.გიორგის სახელობის ხის ეკლესია, ისიც გასაბჭოების დროს დაშალეს.
2.     ციხე-სიმაგრე (ტოპონომიკა)
პ.ცხადაიას ცნობით, სოფელ საქორქიოშიო არის ტოპონომი „სიმაგრე“-უბანი რიონის მარჯვენა მხარეს, სოფ.სარიაჩქონის საზღვართან.გადმოცემით, აქ თურქებს ჰქონიათ ციხე- სიმაგრე მოტაცებული ბავშვების დასამწყვდევად. მისგან მხოლოდ ნაშთია დარჩენილი.
  
Ø ოფელ გაშფერდში იოანე ნათლისმცემლის სახელობის და სოფელ ზუბის წმ. მთავარანგეოზთა სახელობის ეკლესიები საბჭოთა ხელისუფლებას დაუნგრევია

Ø პირველ ხორგაში სოფლის სასაფლაოსთან იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, ის ადგილობრივთა გადმოცემით 1935 წელს დაუშლიათ. აქ ბოლო მღვდელმსახურები: კინტირია კვარაცხელია და პართენ დათუაშვილი ყოფილან. აქ მონაზვნად ყოფილა დომინიკა, რომელიც შემდგომ სენაკის ეკლესიაში წასულა. ეს ეკლესია დაუნგრევია გუდუ წულაიას.
  
Ø კომუნისტებს დაუნგრევიათ საჩიჯავოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ამ ეკლესიაში მსახურობდა მღვდელი  აქვსენტი იოსავა,  გარდაიცვალა 1939 წლის 9 აპრილს. დაკრძალულია სოფელ ხეთის სასაფლაოზე.

Ø სოფელ დღვაბის სასაფლაოსთან იდგა მთავარანგელოზთა სახელობის ხის ეკლესია, რომელიც ადგილობრივთა გადმოცემით, დაახლოებით 1886-1877 წლებში აუშენებიათ; ის დაუშლიათ 1924 წელს და ფიცრები სკოლის შენობის ასაშენებლად გამოუყენებიათ.

Ø საჯიჯაოს ცენტრთან მდებარე ზენის უბნის სასაფლაოსთან იდგა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ხის ეკლესია, რომელიც გასაბჭოების დროს დაუნგრევიათ. აქ იდგა თურმე მიცვალებულის დასასვენებელი სასენაკოც. ადგილობრივ მთხრობელთა გადმოცემით, მღვდლები ყოფილან: კაი და სამსონ შელიები.

Ø პირველ ხორგაში არის ადგილი ნაოხვამუ, სადაც ადგილობრივთა გადმოცემით, იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია. დღეს ეს ტერიტორია სახნავ-სათესად არის ქცეული; ადრე აქ 50-მდე ოჯახი ცხოვრობდა. იქ მღვდელი ყოფილა ივანე ბერაია. ეს ადგილი მდებარეობს მდინარე ხობის ნაპირას, სადაც ამ ეკლესიას თავისი მიწებიც ჰქონია. ეს ეკლესია დაუნგრევია ტერენტი ბერაიას და სხვებს.

Ø პირველ ხორგაში არის ადგილი მისარონ კარი, სადაც იდგა ხის სალოცავი და „წმინდა ხე“, სადაც ხატზე გადაცემაც ხდებოდა. ეს ეკლესია გასაბჭოების დროს დაუნგრევიათ.


მასალა მომზადებულია შემდეგი გამოცემების მიხედვით:
1.     „მცირეოდენი ცნობები ხობის მუნიციპალიტეტის შესახებ“, გ. ჩიტაია, 2014 წ.
2.   ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობები სამეგრელოში“, დ. ჭითანავა, 2010 წ.


სერგო ლაშხია


შესანიშნავი პიროვნება და დამსახურებული მასწავლებელი სერგო ივანეს ძე ლაშხია დაიბადა 1933 წელს ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. წარჩინებით დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტი.

პედაგოგიურ საქმიანობას იწყებს შუა ქვალონის საშუალო სკოლის ქიმიის მასწავლებლად. 1955-1971 წლებში მუშაობდა შუა ქვალონის, ზუბის, ძველი ხიბულის საშუალო სკოლებში მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, ახალი ხიბულის მუშა-ახალგაზრდობის საშუალო სკოლის დირექტორად. 1971 წლის 20 აგვისტოდან მუშაობდა ზუბის საშუალო სკოლის დირექტორად. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
სერგო ლაშხია გარდაიცვალა 2013 წელს.
სერგო ლაშხიას იხსენებენ მისი კოლეგები და მოსწავლეები

რალა ჩემია (ხობის რაიონის განათლების განყოფილების უფროსი 1991-2004 წლებში)
სერგო ლაშხია - ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ზუბის საშუალო სკილას, ქიმიას აზიარებდა ამ სკოლის მოსწავლეებს. საგნის სწავლებასთან ერთად  ის იყო საუკეთესო აღმზრდელი, მაგალითის მიმცემი კარგი ადამიანობისა, მოყვასისა და ქვეყნის სიყვარულისა, პატივისცემისა და ღირსებისა.
 ის იყო წარმატებული, კეთილშობილი, კარგი ხელმძღვანელი,  რომელიც პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად ამ სოფლის მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლებისა და აღზრდისათვის იღწვოდა.  ბატონი სერგო ასევე აქტიურად მონაწილეობდა რაიონულ სასკოლო და საზოგადოებრივ  ცხოვრებაში. მან თავისი ნათელი კვალი დატოვა  განათლების სისტემაში.

ემზარ კვირკვაია (კოლეგა, პედაგოგი)
    პატივცემული სერგო მასწავლებელი, რამდენი მოწიწება ,კრძალვასა და პატივისცემის ასოცირებას იწვევს ეს სახელი ჩემში. უაღრესად კეთილშობილი,ერუდირებული  და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი იყო. წლების მანძილზე მაწავლიდა ზუბის საშუალო  სკოლაში ბიოლოგიას, ხოლო ბოლოს ათწლეულზე მეტი, როცა მისი კოლეგა გავხდი, მაზიარებდა ადამიანობის და კაცური კაცობის ცნებებს. უდიდესი ავტორიტეტის მქონე ადამიანი თანაბრად სარგებლობდა ყველა სოციალურ ფენაში, დამსახურებული ავტორიტეტით. იყო დიდი მომლხენი, ხუმარა, და სიმღერის დიდი ტრფიალი, მინდა გავიხსენო თავს გადახდენილი კურიოზებიდან ერთ-ერთი. მაშინ განათლების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ჩვენგან რკინის ლედად აღიარებული ქალბატონი რალა ჩემია, ხოლო რაიონს თავკაცობდა, შესანიშნავი პიროვნება, ბატონი ანგულ მიქავა. დირექტორების თათბირის შემდეგ, ჯამაგირი ავიღეთ და  ბატონი სერგო, ბატონი ზვიადი , ძველი ხიბულის ამჟამად მოქმედი დირექტორი და მე წავედით, ქ. სენაკში საქეიფოდ. რამოდენიმე ჭიქის შემდეგ ბატონმა სერგომ და ზვიადმა მოგუდულად დაიწყეს სიმღერა,, წინ, წყარო“ და ერთმანეთს ენაცვლებოდა ტკბილხმოვანი ქართულ- მეგრული სიმღერები. გასუსული დარბაზი,  ტაში, დაიწყო ჩვენს მაგიდაზე შამპანურებმა და ღვინოებმა დენა, ბევრი შემოგვიერთდა, ბევრი გავიცანით, მოკლედ რესტორანი რამოდენიმე საათით ფოლკლორულ საღამოს დაემსგავსა, უდიდესი სიამოვნება და ქართული სუფრის მადლი ტრიალებდა ირგვლივ. სუფრა რომ ეშხში შევიდა, რადგან ხმა მე არ მქონდა და სმენა, ლექსებს მივყავი ხელი და არაერთი ბოთლი და წარმატება შევმატე ჩვენს მაგიდას. დამთავრდა ნაწილი პირველი, ნათქვამია კაცს ბედნიერების ჟამს შეუჩნდებაო ეშმაკი და ასეც მოხდა. სამივეს თითო ჭინკა შემოგვაჯდა და გავუტიეთ ხობისკენ. დღესაც არ ვიცი რატომ გადავწყვიტეთ, რა გვრჯიდა, ვინ გვავალებდა ...... განათლების განყოფილები წინ დავიწყეთ გაგრძელება, ამჟამად  მეც ჩავერთე და საათნახევრიანი კონცერტი მანქანაში ჩავატარეთ. დეტალებს არ აღვწერ, ვინც ჩავარდნილა ამ დღეში ალბათ გაიგებს. მეორი დილით ზვიადმა გამომიარა და მითხრა სერგო წუხელის ცუდად გამხდარა ვინახულოთო. ვიცით რომ ამას კეთილი ბოლო არ ექნება. სერგოს წნევას უზომავდნენ და საამქვეყნო პირი არ ჰქონდა, ჩვენ რომ დაგვინახა დასაბმელი გახდა კაცი, ე.ი. ჩვენ გვაბრალებდა. ცოტა ხნის შემდეგ ბალიშიდან გამოიტანა ქაღალდი, სადაც ეწერა, ხვალ 12 საათზე თქვენ და თქვენი ამფსონი დირექტორები გამოცხადდით განათლებაში, ხოლო 1 საათზე გამგეობაში. მეხი დაგვეცა, დავიღუპეთ, ძალიან, ძალიან განიცდიდა ბატონი სერგო. გადაწყდა უნდა წავსულიყავით, ქალბატონ რალასთან მარტო შევიდოდა და თუ კიდევ ზემდგომი გახდებოდა საჭირო, ჩვენ ორნი შევიდოდით ბატონ ანგულისთან. მამა-მარჩენალივით ვუყურებთ სერგოს, რომელიც ცალკე ტკივილისგან და ცალკე სირცხვილისგან, ხვნეშის, მოთქვამს და წუწუნებს. შევიდა სერგო რალას კაბინეტში, ჩვენ ასინეთასავით მიკრული ვართ კარებს, გავიდა 20 წუთი 40 და  ქალბატონ რალას მოგუდული სიცილი და ბატონი სერგოს ნაბიჯების ხმა გავიგონეთ. გაბადრული გამოვიდა ბატონი სერგო, გამარჯვებულ ოლიმპიელს ჰგავდა, მეცხრე ცაზე იყო კაცი, ეს ეპიზოდი იმიტომ გავიხსენე, რომ დღესაც იმ სახით ვიხსენებ ბატონ სერგოს. არ ვიცი იქ რა ილაპარაკეს, რა თქვემს, მაგრამ ეს საკითხი არასდროს არ განხილულა საჯაროდ. გადავრჩით, ღმერთივით შევსციცინებთ სერგოს, ახლა თვითონ დადგა დატუქსვის ხასიათზე. ზვიად, ერთი ლავაში ვიყიდოთ და წავიდეთ, მშია შევხედე ზვიადს, არ გაბედოთ! შხამი ჭამეთ....მერე ვიწყებთ საუბარს, სერგოს გამბედაობაზე, ჩვეზე მამაშვილურად რომ ზრუნავს, ანდა ქალბატონ რალას დიდსულოვნებაზე, ტაქტზე, მაღალ ადამიანურ თვისებებზე, ანდა ბატონმა ანგულიმ რომ არ იკადრა ჩვენი შერცხვენა, ჩვენი დატუქსვა, თუნდაც ადმინისტრაციული ღონისძიების გატარება. ისმენს ამას და გვიყურებს ბატონი სერგო  თანდათან სახე უნათდება.   იმ დღეს ისევ მოგვეპარა ჭინკა.... და ღირსეულად, ცალ-ცალკე ვადღეგრძელეთ განათლებისა და რაიონის  მართლაც კოლორიტი და სახელოვანი მესვეურები. აქ კი დავესესხები დიდ ქართველ მწერალს, მართლაც ,,დიდებული ადამიანები უძეგლოდ არ იკარგებიან“
  
ლევან ღვინჯილია (მოსწავლე)
სერგო მასწავლებელი იყო დიდბუნებოვანი ადამიანი. შესანიშნავად თამაშობდა ჭადრაკს, ღრმად ერკვეოდა ლიტერატურასა და სპორტში. განსაკუთრებით უყვარდა ფეხბურთი. როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლები იხსენებენ თვითონაც ხშირად თამაშობდა ფრენბურთს მოსწავლეებთან ერთად.
სერგო მასწავლებელი ყველას უყვარდა და საზოგადოებაში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით.

16.12.2019

იოსავების სასულიერო ოჯახი


XIX საუკუნის მეორე ნახევარში, სოფელ ბიის (ხობის რაიონი) მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი შიო იოსავა, რომელსაც წესიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული ოჯახი ჰყავდა. მას ცოლად ჰყავდა ანა ბოჯგუა, რომელთანაც ოთხი ვაჟი შეეძინა: ბართლომე, პროხორე, აქვსენტი და ანდრონიკე. მამა შიომ თავის შვილებს იმ პერიოდისთვის შესაბამისი განათლება მიაღებინა. ოთხივემ დაამთავრეს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი და მათაც, მამის მსგავსად, მოძღვრის რთული უღელი იტვირთეს (ანდრონიკეს გარდა, რომელმაც საერო ცხოვრება აირჩია).

უფროსი ძმა მღვდელი ბართლომე 1867 წლიდან ემსახურებოდა დედაეკლესიას. მოღვაწეობდა სამეგრელოს მაზრის სხვადასხვა სოფელში. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ზუბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1893 წლის 15 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა, ხოლო 1902 წლის აღდგომას ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. მღვდელი ბართლომე 1910 წლის 5 ივლისს გარდაიცვალა.
პროხორე იოსავა 1849 წელს დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო და სწავლა განაგრძო სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ მედავითნედ დაიწყო მსახურება. XIX საუკუნის 70-იან წლებში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, მოგვიანებით კი მღვდლად დაასხა ხელი. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1893 წლის 23 ნოემბრიდან, ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში განამწესეს. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დააბრუნეს. 1912 წლის 19 აპრილს, საეკლესიო წესების დარღვევის გამო, დროებით შეუჩერდა მღვდელმსახურება და უშაფათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1913 წლის 29 მარტს ახალი აბასთუმნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 31 დეკემბერს აღუდგინეს მღვდელმოქმედება და უშაფათის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. XX საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტებმა უშაფათის ეკლესია დახურეს და მამა პროხორეც იძულებული გახდა, ანაფორა გაეხადა. იგი 1935 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა. დაასაფლავეს 14 სექტემბერს სოფელ ბიის სასაფლაოზე.

მესამე ძმა აქვსენტი ასევე სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული გახლდათ. XIX საუკუნის 80-იან წლებში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და სოფელ ნოჯიხევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაადგინა. 1893 წლის მარტში კვლავ მეუფე გრიგოლმა მღვდლად დაასხა ხელი და ხორში-საგვასალიოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. რამდენიმე წლის შემდეგ საჩიჯავოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც 1924 წლამდე მსახურობდა, ვიდრე კომუნისტებმა არ დაანგრიეს ეკლესია და მღვდელმსახურება არ აუკრძალეს. მღვდელი აქვსენტი 1939 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ხეთის სასაფლაოზე.
მამა აქვსენტის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ მცირე მოგონებები შემოგვინახა მისმა უმცროსმა შვილიშვილმა ციალა იოსავამ:
„შიო იოსავა ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო (გარდაიცვალა 1893 წლის 23 ნოემბერს). იგი დაკრძალულია ამავე ტაძრის კარიბჭესთან.
1937 წელს ბოლშევიკებმა ააწიოკეს მამა აქვსენტის ოჯახი, გაანადგურეს საეკლესიო ნივთები - სახარება, ბიბლია, ჯვარ-ხატები, მათ თვალწინ დაამსხვრიეს და დაწვეს ყველაფერი. დაჭერას შვილმა ერასტიმ გადაარჩინა, მაგრამ მალევე აღესრულა მორალური შეურაცხყოფისგან (ის ხომ გაპარსეს, აბუჩად აიგდეს, დასცინეს...)...
მამა ძალიან კარგი ხასიათის კაცი იყო, შვილებზე გიჟდებოდა, ვუყვარდით ყველა ერთნაირად. ოთხი ქალიშვილის მამა ამაყობდა ჩვენი პატიოსნებით და სიკეთით იმ დროში. მან იცოდა, მარტო ეს არ იყო საკმარისი, მაგრამ რა ექნა, რელიგიადავიწყებულ ხანაში. ის იუმორით სავსე კაცი იყო, მაგრამ გართულება ჰქონდა კომუნისტებთან და ჩემთან საუბრით იოკებდა გულს...
ზუსტად იმ  ზაფხულს, რომ ჩამოვედი, მაინცდამაინც არ მესიამოვნა მისი ხასიათი. ის ჩემთან საუბარს ვერ ახერხებდა... ჩემი დები სამსახურში რომ წავიდნენ, ჩვენ მარტო დავრჩით (დედა ადრე გარდაიცვალა, მამამ მეორე ცოლის მოყვანაზე უარი თქვა) უნდოდა რაღაც ეთქვა და ვერ ახერხებდა, ისევ მე ვიაქტიურე: მამა, რაღაც არ მომწონს შენი გამომეტყველება, რამე ხომ არ გაწუხებს? - ვეკითხები მას.
  ხო! შვილო - მითხრა მან, ადგა, გავიდა მეორე ოთახში და გამოიტანა ჟურნალი, კარგად არ მახსოვს ჟურნალის დასახელება, მხოლოდ ორენოვანი იყო - მეგრულ-ქართული. წაიკითხეო, მითხრა.
ჟურნალი ეკუთვნოდა თედო სახოკიას (დღეს ჟრუანტელი მივლის მაგის სახელის გახსენებაზე)... მე წავიკითხე და რას ვხედავ, ბაბუა აქვსენტი ჰყავს აუგად მოხსენებული, რომ ის ჯვარს წერდა არასრულწლოვნებს, რომ ფულს იღებდა ქრთამის სახით საბუთების შედგენის დროს, რომ წირვა-ლოცვას არ ასრულებდა, თუ ფულს არ მისცემდნენ (ალბათ, გულისხმობდა წესის აგებას, კარგად არ მახსოვს, 50 წლის წინანდელი ამბავია). წაკითხვის შემდეგ მახსოვს, გამოვვარდი მამასთან და ვიყვირე, ვინ არის ეს გარეწარი-მეთქი და მამას ტირილი აუტყდა ქალივით. მე მოვეხვიე, დავამშვიდე და ვუთხარი. ნუ მამა, ნუ ტირი. მე მაგას ვაჩვენებ სეირს-მეთქი... მაგრამ მამამ მე დამამშვიდა და მითხრა, არა შვილო, არ ღირს, ის კომუნისტების ჭიას ახარებსო და მიამბო ვინ იყო ეს კაცი: თურმე ბაბუაჩემის კარებთან გაზრდილი გაჭირვებული ოჯახი, ღარიბები და ბაბუა მათ ეხმარებოდა ყოველმხრივ მატერიალურად თუ სულიერად... ბევრი რამ, რაც არ ღირს მოსაყოლად...
მე ის ჟურნალი ცეცხლში შევაგდე და დავწვი. ასე გაგვამწარა მე და მამა თედო სახოკიამ“.



წყარო: ლ. ტოგონიძე, გ. მაჩურიშვილი: XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა.