დიდი
ეთნოგრაფი, თედო სახოკია იზრდებოდა სოფელ ბიაში (კიტიას ნოხორი), მღვდელ
შიო იოსავასთან. თედო სახოკია თავის შესანიშნავ წიგნში - „როგორ ვიზრდებოდით ძველად“
აღწერს ცეკვა-ფერხულს, რომელსაც მთავარ ჭადრის ხესთან სოფელში მცხოვრები ქალ-ვაჟნი
ასრულებდნენ. თ. სახოკიას ინფორმაციით ცეკვის ამ სახეს სამეგრელოში 1890 წლამდე კიდევ
შეხვდებოდა კაცი. შემდეგ კი თანდათან აიღეს მასზე ხელი და დღეს მოხუცებულთ თუღა ახსოვთ,
თუ როგორ თამაშობდნენ მათი წინაპარნი ერთ დროს. ამ ცეკვას ერქვა „მხარული“ ანუ „ხუჯიშ
ოსხაპური“. „კვირაობით «ქალ-ვაჟნი ჯერ წყვილ-წყვილად ცეკვავდნენ. მზე კარგად რომ გადიხრებოდა,
დაიწყებოდა «მხარული» თამაშობა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც ახალგაზრდა
ქალ-ვაჟნი, ისე ხანშიშესულებიცა... «მხარულის» მოცეკვავენი ჩაჰკიდებდნენ ერთიმეორეს
ხელებს და გააკეთებდნენ ოც, ოცდაათ ქალ-ვაჟისაგან შემდგარ წრეს, წრის ორპირად გაიმართებოდა
შაირების თქმა. მოშაირეთ სიმღერით, შეწონილად ბანს აძლევდნენ და სიმღერას რითმულად
აყოლებდნენ ფეხებს. მოთამაშენი მარჯვენა მხრით გარშემო წრეს ავლებდნენ. კარგა ხანს
ასე თამაშის შემდეგ ქალები გამოეცლებოდნენ წრეს, ხოლო მამაკაცები აქეთ-იქით ერთიმეორეს
მხრებზე გაშლილ ხელებს დაადებდნენ (აქედან სახელი თამაშობისა «მხარული») და იმავე სიმღერით
განაგრძობდნენ წრის შემოვლას, მხოლოდ სიმღერას და ფეხების გადაბიჯების ტემპს უმატებდნენ.
ეს სისწრაფე გადადიოდა მაღლა შეხტომაზე იმდენად, რომ მოთამაშენი თითქმის ერთი ადლის
სიმაღლეზე ასცდებოდნენ დედამიწას. ამ სახით რამდენჯერმე შემოუვლიდნენ წრეს და თამაშობაც
გათავდებოდა. ფერხულს, მცირე შესვენების შემდეგ, მოჰყვებოდა შეჯიბრი სირბილში...“
(თ. სახოკია, „როგორ ვიზრდებოდით ძველად“).
გვერდი თ. სახოკიას წიგნიდან „როგორ ვიზრდებოდით ძველად“
საფერხულო
ცეკვა „ხუჯიში ოსხაპურის“ რამდენიმე სიტყვით ეხება ისტორიკოსი და ეთნოგრაფი სერგი მაკალათია
- „ხუჯიში ოსხაპური“. ეს იყო ფერხული. აკეთებდნენ წრეს და ისე უვლიდნენ. მოთამაშეებს
ხელები ჰქონდათ ჩაკიდებული და ფეხის ნელი ნაბიჯებით მოძრაობდნენ (მაკალათია, სამეგრელოს
ისტორია და ეთნოგრაფია).
„ოსხაპურის“
მსგავს ცეკვას აღწერენ რუსი მეცნიერი ტეპცოვი და ცნობილი ლოტბარი ძუკუ ლოლუა. «აქ უადგილოდ
არ მიმაჩნია შევჩერდე, რამოდენიმედ, ჩვენს ნაციონალურ ცეკვა-თამაშზე. ავიღოთ «ხორული»
(მხარული). საუცხოვო არის ეს ცეკვა; სოფლად მოხუცნი და ახალგაზრდანი ხელი-ხელ ჩაკიდებულნი,
რკალივით წრე შეკრულნი, ფეხებ შეწყობილნი და ტან შეთანხმებულნი _ ხელის პატარა თითებით
ჯაჭვივით მიებმებიან ერთი მეორეს და ნელა იმღერიან; სანამ ჩქარ სიმღერაზე გადავიდოდნენ,
რომელიც დიდს მოძარაობას იწვევს და ხტომასაც... ქალები თანდათანობით გამოდიან წრიდან;
სანახაობა ამის შემდეგ უფრო საინტერესოა, წრე ისევ რჩება _ გატაცებული მოთამაშენი გვერდით
ეკვრიან ერთი მეორეს მაღლა-მაღლა _ ამ დროს არავის შეუძლია მათ წრეში შესვლა. უცბად
_ ერთბაშად უშვებენ ხელს ერთმეორეს _ ამის შემდეგ შეიცვლიან მკლავებს და მხარზე გადააწყობენ
ერთმეორეს, ასე განაგრძობენ შემოვლას, რომელიც გაცილებით ორჯერ უფრო ფართო წრეს ქმნის;
ჩქარი თუ წყნარი ნაბიჯებით უვლიან წრეს და ამასვე უთანხმებენ სიმღერას (ძ. ლოლუა, „ქართული
ხალხური სიმღერები“. გაზ. ლომისი ).
თბილისის
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამშრომელმა ოთარ კაპანაძემ
საინტერესო კვლევა მიუძღვნა მეგრულ საფერხულო სიმღერებსა და ცეკვებს. მეცნიერი განსაკუთრებულ
ყურადღებას უთმობს ტერმინ „ოსხაპურის“ ეტიმოლოგიას.
«ოსხაპუეს» ეტიმოლოგია
სხაპუა _ ცეკვასთან არის დაკავშირებული... ცალკეულ სოფელს თავისი ოსხაპუე ჰქონდა, აქ
თავს იყრიდნენ ნებისმიერ დროს და თითოეულ ახალგაზრდას თუ ხანში შესულს შეეძლო ამა თუ
იმ სიმღერის, ცეკვის თუ ჩონგურზე დაკვრის შესრულებაში თავი გამოეჩინა. ამდენად, მოტანილ
ცნობებზე დაყრდნობით, შეიძლება დავასკვნათ, რომ «ოსხაპუე», კონკრეტული ფერხულის («მხარულის»)
გარდა, აღნიშნავდა ერთგვარ ჯარიანობას, გარკვეული ტიპის თავშეყრას, რომელშიც დიდი დრო
ეთმობოდა სიმღერას, ცეკვა-თამაშსა და ზოგადად გართობას. (ოთარ კაპანაძე, „საფერხულო სიმღერები სამეგრელოში“. 2011წ.).
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.