შესანიშნავი პიროვნება და დამსახურებული მასწავლებელი სერგო ივანეს ძე ლაშხია დაიბადა 1933 წელს ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. წარჩინებით დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტი.
პედაგოგიურ საქმიანობას იწყებს შუა ქვალონის საშუალო სკოლის ქიმიის მასწავლებლად. 1955-1971 წლებში მუშაობდა შუა ქვალონის, ზუბის, ძველი ხიბულის საშუალო სკოლებში მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, ახალი ხიბულის მუშა-ახალგაზრდობის საშუალო სკოლის დირექტორად. 1971 წლის 20 აგვისტოდან მუშაობდა ზუბის საშუალო სკოლის დირექტორად. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
სერგო ლაშხია გარდაიცვალა 2013 წელს.
სერგო ლაშხიას იხსენებენ მისი კოლეგები და მოსწავლეები
რალა ჩემია (ხობის რაიონის განათლების განყოფილების უფროსი 1991-2004 წლებში)
სერგო ლაშხია - ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ზუბის საშუალო სკილას, ქიმიას აზიარებდა ამ სკოლის მოსწავლეებს. საგნის სწავლებასთან ერთად ის იყო საუკეთესო აღმზრდელი, მაგალითის მიმცემი კარგი ადამიანობისა, მოყვასისა და ქვეყნის სიყვარულისა, პატივისცემისა და ღირსებისა.
ის იყო წარმატებული, კეთილშობილი, კარგი ხელმძღვანელი, რომელიც პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად ამ სოფლის მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლებისა და აღზრდისათვის იღწვოდა. ბატონი სერგო ასევე აქტიურად მონაწილეობდა რაიონულ სასკოლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან თავისი ნათელი კვალი დატოვა განათლების სისტემაში.
ემზარ კვირკვაია (კოლეგა, პედაგოგი)
პატივცემული სერგო მასწავლებელი, რამდენი მოწიწება ,კრძალვასა და პატივისცემის ასოცირებას იწვევს ეს სახელი ჩემში. უაღრესად კეთილშობილი,ერუდირებული და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი იყო. წლების მანძილზე მაწავლიდა ზუბის საშუალო სკოლაში ბიოლოგიას, ხოლო ბოლოს ათწლეულზე მეტი, როცა მისი კოლეგა გავხდი, მაზიარებდა ადამიანობის და კაცური კაცობის ცნებებს. უდიდესი ავტორიტეტის მქონე ადამიანი თანაბრად სარგებლობდა ყველა სოციალურ ფენაში, დამსახურებული ავტორიტეტით. იყო დიდი მომლხენი, ხუმარა, და სიმღერის დიდი ტრფიალი, მინდა გავიხსენო თავს გადახდენილი კურიოზებიდან ერთ-ერთი. მაშინ განათლების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ჩვენგან რკინის ლედად აღიარებული ქალბატონი რალა ჩემია, ხოლო რაიონს თავკაცობდა, შესანიშნავი პიროვნება, ბატონი ანგულ მიქავა. დირექტორების თათბირის შემდეგ, ჯამაგირი ავიღეთ და ბატონი სერგო, ბატონი ზვიადი , ძველი ხიბულის ამჟამად მოქმედი დირექტორი და მე წავედით, ქ. სენაკში საქეიფოდ. რამოდენიმე ჭიქის შემდეგ ბატონმა სერგომ და ზვიადმა მოგუდულად დაიწყეს სიმღერა,, წინ, წყარო“ და ერთმანეთს ენაცვლებოდა ტკბილხმოვანი ქართულ- მეგრული სიმღერები. გასუსული დარბაზი, ტაში, დაიწყო ჩვენს მაგიდაზე შამპანურებმა და ღვინოებმა დენა, ბევრი შემოგვიერთდა, ბევრი გავიცანით, მოკლედ რესტორანი რამოდენიმე საათით ფოლკლორულ საღამოს დაემსგავსა, უდიდესი სიამოვნება და ქართული სუფრის მადლი ტრიალებდა ირგვლივ. სუფრა რომ ეშხში შევიდა, რადგან ხმა მე არ მქონდა და სმენა, ლექსებს მივყავი ხელი და არაერთი ბოთლი და წარმატება შევმატე ჩვენს მაგიდას. დამთავრდა ნაწილი პირველი, ნათქვამია კაცს ბედნიერების ჟამს შეუჩნდებაო ეშმაკი და ასეც მოხდა. სამივეს თითო ჭინკა შემოგვაჯდა და გავუტიეთ ხობისკენ. დღესაც არ ვიცი რატომ გადავწყვიტეთ, რა გვრჯიდა, ვინ გვავალებდა ...... განათლების განყოფილები წინ დავიწყეთ გაგრძელება, ამჟამად მეც ჩავერთე და საათნახევრიანი კონცერტი მანქანაში ჩავატარეთ. დეტალებს არ აღვწერ, ვინც ჩავარდნილა ამ დღეში ალბათ გაიგებს. მეორი დილით ზვიადმა გამომიარა და მითხრა სერგო წუხელის ცუდად გამხდარა ვინახულოთო. ვიცით რომ ამას კეთილი ბოლო არ ექნება. სერგოს წნევას უზომავდნენ და საამქვეყნო პირი არ ჰქონდა, ჩვენ რომ დაგვინახა დასაბმელი გახდა კაცი, ე.ი. ჩვენ გვაბრალებდა. ცოტა ხნის შემდეგ ბალიშიდან გამოიტანა ქაღალდი, სადაც ეწერა, ხვალ 12 საათზე თქვენ და თქვენი ამფსონი დირექტორები გამოცხადდით განათლებაში, ხოლო 1 საათზე გამგეობაში. მეხი დაგვეცა, დავიღუპეთ, ძალიან, ძალიან განიცდიდა ბატონი სერგო. გადაწყდა უნდა წავსულიყავით, ქალბატონ რალასთან მარტო შევიდოდა და თუ კიდევ ზემდგომი გახდებოდა საჭირო, ჩვენ ორნი შევიდოდით ბატონ ანგულისთან. მამა-მარჩენალივით ვუყურებთ სერგოს, რომელიც ცალკე ტკივილისგან და ცალკე სირცხვილისგან, ხვნეშის, მოთქვამს და წუწუნებს. შევიდა სერგო რალას კაბინეტში, ჩვენ ასინეთასავით მიკრული ვართ კარებს, გავიდა 20 წუთი 40 და ქალბატონ რალას მოგუდული სიცილი და ბატონი სერგოს ნაბიჯების ხმა გავიგონეთ. გაბადრული გამოვიდა ბატონი სერგო, გამარჯვებულ ოლიმპიელს ჰგავდა, მეცხრე ცაზე იყო კაცი, ეს ეპიზოდი იმიტომ გავიხსენე, რომ დღესაც იმ სახით ვიხსენებ ბატონ სერგოს. არ ვიცი იქ რა ილაპარაკეს, რა თქვემს, მაგრამ ეს საკითხი არასდროს არ განხილულა საჯაროდ. გადავრჩით, ღმერთივით შევსციცინებთ სერგოს, ახლა თვითონ დადგა დატუქსვის ხასიათზე. ზვიად, ერთი ლავაში ვიყიდოთ და წავიდეთ, მშია შევხედე ზვიადს, არ გაბედოთ! შხამი ჭამეთ....მერე ვიწყებთ საუბარს, სერგოს გამბედაობაზე, ჩვეზე მამაშვილურად რომ ზრუნავს, ანდა ქალბატონ რალას დიდსულოვნებაზე, ტაქტზე, მაღალ ადამიანურ თვისებებზე, ანდა ბატონმა ანგულიმ რომ არ იკადრა ჩვენი შერცხვენა, ჩვენი დატუქსვა, თუნდაც ადმინისტრაციული ღონისძიების გატარება. ისმენს ამას და გვიყურებს ბატონი სერგო თანდათან სახე უნათდება. იმ დღეს ისევ მოგვეპარა ჭინკა.... და ღირსეულად, ცალ-ცალკე ვადღეგრძელეთ განათლებისა და რაიონის მართლაც კოლორიტი და სახელოვანი მესვეურები. აქ კი დავესესხები დიდ ქართველ მწერალს, მართლაც ,,დიდებული ადამიანები უძეგლოდ არ იკარგებიან“
ლევან ღვინჯილია (მოსწავლე)
სერგო მასწავლებელი იყო დიდბუნებოვანი ადამიანი. შესანიშნავად თამაშობდა ჭადრაკს, ღრმად ერკვეოდა ლიტერატურასა და სპორტში. განსაკუთრებით უყვარდა ფეხბურთი. როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლები იხსენებენ თვითონაც ხშირად თამაშობდა ფრენბურთს მოსწავლეებთან ერთად.
სერგო მასწავლებელი ყველას უყვარდა და საზოგადოებაში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.