23.02.2026

ბადრი კობახიძე — 60

 ქართული თეატრალური კულტურის ბევრი მოღვაწე გაემგზავრა 8 ივნისს ხობში. მოვიდნენ, რათა აღნიშნონ თავიანთი მეგობრის, მსახიობის, რეჟისორის, რესპუბლიკის სახალხო არტისტის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს „ხუთწლედის მატიანეს“ პრემიის ლაურეატის ბადრი კობახიძის დაბადების მე-60 წლისთავი.

თავისებური ხალისი ახლავს ამ დღეს — მეგობართა თანადგომის ხალისი. ეს კი ბუნებრივია, როცა ადამიანები, განსაკუთრებით კი თეატრის ხალხი, მეგობრის დღეობას ზეიმობს. მე ახლა იმათ სიხარულად ქცეულ მზერას უფრო შევცქერი და შევხარი, რომლებთანაც მსახიობი ჩამოვიდა. ამ ადამიანებს ათასი პრობლემა აქვთ ზაფხულის თაკარა დღეებში, რამდენი ჯაფა ადგათ, რამდენ საქმეს უძღვებიან და ეს დღე თითქოს ამხნევებს, უფრო ნათელს ხდის ყოფის პერსპექტივას. მხოლოდ მოწეული მოსავალი კი არა სჭირდებათ ადამიანებს, არამედ სიყვარული, გამხნევება შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე, რადგან შემოქმედისთვის ყოველი ღიმილი, ყოველი თბილი სიტყვა თავისებური თანადგომაა.

ჩამოვიდა მსახიობი, რათა მამა-პაპურ მიწაზე, ხობის რაიონის მეციტრუსეთა და მეჩაიეთა შორის აღნიშნოს თავისი დღეობა. კვლავ იმ ეზო-მიდამოებში დაირბენს მსახიობთა, რეჟისორთა, მწერალთა, თეატრმცოდნეთა ხმა, საიდანაც დიდი ხნის წინათ დაიწყო იუბილარის მამის პიერ კობახიძის ცხოვრებისა და შემოქმედების გზა.

ყანჩასავით მაღალ ფეხებზე მდგარა მეგრული „ოთხთვალა“ სახლი. ამ რამდენიმე წლის წინათ ეს სახლი არ იდგა ხეთაში („ხეთა, ხეთა, ჩემი ხეთა“ — ამბობს პიერ კობახიძე ერთ თავის ლექსში), კობახიძეთა ნასახლარი დარჩა იმ ადგილას, სადაც აღიზარდა პიერ კობახიძე. ნასახლარზე კი ქართული თეატრის ერთი პაწია ნავსაყუდელი აშენდა. ამ კედლებში ქართული თეატრის ისტორიის ნაწილი დასადგურებულა, კედლებიდან არა მარტო პიერ კობახიძის, არამედ მის თანამედროვე გამოჩენილ ქართველ მსახიობთა პერსონაჟები შემოგვცქერიან.

დღეს ხობელთა შორის სიამაყის გრძნობას ბადებს ის, რომ რაიონის ერთ თავში, დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ხამისკურში, პიერ კობახიძის სახლი წამოდგა ფეხზე, ეზოში მისი ბიუსტიც დაიდგა, ხოლო მეორე თავში, აღმოსავლეთით, სოფელ ხორგაში ალიო მირცხულავას სახლი წამომართა. აქ თითქოს ყურში ჩაგვესმის ალიო მირცხულავას სტრიქონები, რომელიც არაერთხელ წაუკითხავს პიერ კობახიძეს. სტრიქონები, რომლებიც შრომისა და ბრძოლისაკენ მოუწოდებენ ადამიანს. ბრძოლის, შრომის, წინააღმდეგობათა დაძლევისა და გადალახვის ატმოსფეროში ყალიბდებოდა ორი შემოქმედი — თავისი დროის ორი გამოჩენილი მოღვაწე — პოეტი და არტისტი.

ბადრი კობახიძემ განიზრახა, აქ, ამ მიწაზე გადაეხადა 60 წლის აღსანიშნავი შემოქმედებითი საღამო და მე გამიჭირდება ვთქვა, ვისი დღესასწაული უფრო დიდია — ბადრი კობახიძისა თუ ხობელი მშრომელებისა, იმ ადამიანებისა, ვის წიაღშიც იგი იშვა. თუ ჭეშმარიტად გვწადია, რომ საქართველოს ყოველ ქალაქში კულტურის პატარა კერა ენთოს, თუ გვინდა, რომ საქართველოს ყოველ დაბა-ქალაქში კვლავაც იზრდებოდნენ ეროვნული კულტურის, მეცნიერების, ტექნიკის მოღვაწენი, სწორედ მაშინ უნდა მიგვიწევდეს გული იქით, როცა ძალზე გვილხინს, სწორედ ჩვენივე ამაგით, ღვაწლით უნდა ვაქციოთ იქალაქები კულტურის პატარ-პატარა კერებად. აი, ეს სულისკვეთება ამოძრავებდა ბადრი კობახიძეს, როცა განიზრახა ხობში ჩასულიყო შემოქმედებითი ცხოვრების გარკვეული ეტაპის შესაჯამებლად.

რითი მოვიდა იგი თავისი ადგილის დედასთან. რა მიიტანა თან? არიან მსახიობები, რომელთა სახელის ხსენებაზე მაყურებელი უმალ დაასახელებს რამდენიმე პერსონაჟს, რომელთანაც იგი გააიგივებს სცენის მოღვაწეს. ეს პოპულარობის დასტურია. ზოგჯერ წარმავალია ეს პოპულარობა, ზოგჯერ კი მსახიობი მარადიულ ადგილს დაიდებს ხალხის ხსოვნაში და სიცოცხლეს იწყებს ლეგენდა. ბევრი ასეთი სახელი-ლეგენდა იცის ქართულმა თეატრმა, ძალიან ბევრი. მაგრამ არის სახელები თეატრალური პროცესის განუყოფელ ნაწილად რომ ქცეულა, პროცესისა, ძველსა და ახალს შორის გადებულ ხიდად რომ გვევლინება.

დღეს, როცა რუსთაველის თეატრი მსოფლიო ასპარეზზე გავიდა და ბადრი კობახიძის თაობაც სიბრძნეში გადადგა, შეუძლებელია არ დავინახოთ ამ თაობის მთავარი დამსახურება. ის მთავარი როლი, რაც ამ თაობამ ითამაშა თეატრის ცხოვრებაში, გახლავთ 50-60-იან წლებში რუსთაველის თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში. მიხეილ თუმანიშვილის ირგვლივ შემოიკრიბნენ გარდაქმნის, ახალი შემოქმედებითი გზის პოვნის სურვილით შეპყრობილი ახალგაზრდა მსახიობები, რეჟისურა. ბევრ ჩვენგანს ახსოვს იმ წლების თეატრალური ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი — „შვიდკაცად“ წოდებული ახალგაზრდა ხელოვანთა სწრაფვა ახალი სტილისტიკისაკენ. ისინი ესწრაფვოდნენ ცხოვრების ყოველდღიურობასა და სცენის შუა არსებული ზღვარის წაშლას, ცხოვრებისა და თეატრის მაქსიმალურ დაახლოებას. ბადრი კობახიძე ერთ-ერთი აქტიური წევრი გახლდათ „შვიდკაცისა“. მისი თაობის მსახიობები, თეატრის ყოველი მუშაო იგონებს, რომ ბადრი კობახიძე გვერდაუვლელი და შეუცვლელი იყო. ჩვენ კარგად გვახსოვს იმ წლებში გამართული ცხარე შემოქმედებითი კამათი სტილისტიკის საკითხებზე. ეს ის პერიოდია, როცა ჯერ კიდევ არ შექმნილიყო „ანტიგონე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „გვადი ბიგვა“, „გუშინდელნი“...

ბადრი კობახიძე, როგორც მსახიობი, ერთობ თავდაჭერილად და მოკრძალებულად აფასებს თავის ღვაწლს თეატრში. მას არ უყვარს ლაპარაკი საკუთარ თავზე, გახსენება საკუთარი როლებისა. მეგობრების მიერ შესრულებული როლების გახსენებას ამჯობინებს. ამ დროს მზერა უფრო მოელვარე უხდება. მეგობრებზე საუბრისას არ შეუძლია ზედაპირულად გადმოსცეს თავისი განცდილი, ცდილობს დაწვრილებით, ზედმიწევნით ცხადად დაგვიხატოს როლისა თუ ეპიზოდის არსი, ის, თუ რით იყო იგი მომხიბვლელი, მნიშვნელოვანი. ასეა, როცა იგი საუბრობს ეროსი მანჯგალაძის, სალომე ყანჩელის, მედეა ჩახავას, რამაზ ჩხიკვაძის, გიორგი გეგეჭკორის, გურამ საღარაძის თუ თავისი თაობის სხვა ჩინებული მსახიობების მიერ შესრულებულ როლებზე.

მაგრამ არსებობს მსახიობის პროფესიული სიამაყეც. ბევრი თეატრალური მოღვაწე სიამოვნებით იგონებს ბადრი კობახიძის მიერ „პირველ ნაბიჯში“ შესრულებულ პირველი მგზავრის ეპიზოდურ როლს, ხოლო თავად — სიამაყის გრძნობით: პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ სცენის მეუფე სწორედ მსახიობია, როცა თითის ერთ გაქნევას რვაასი კაცი მიშტერებია და არა მხოლოდ თვალია შენსკენ მოპყრობილი, არამედ მისი სუნთქვაც შენი ხელის გაქნევაზეა დამოკიდებული. ხოლო ნოდარ გურაბანიძე ასე სახიერად იგონებს ამ როლს: „ახლაც თვალწინ მიდგას ბადრი კობახიძის მიერ ნათამაშევი მეგრელი გლეხი დ. ალექსიძის მიერ დადგმულ „პირველ ნაბიჯში“. გამხდარი, აწოწილი, გრძელ ხელებს ისე იქნევდა, თითქოს რამდენიმე სახსარი ჰქონდა. თავზე ჩაბალახწაკრული, მუდმივ მოლოდინს გამოხატავდა. მისი მოძრაობა იყო მკვეთრი და არტისტული, იგი იდუმალ მარულაში ნაწრთობი ცხენის ქურდი იყო, ვინემ კოლხიდის ჭაობიან ყანებში გაზრდილი გლეხი. მის სწრაფ გამოხედვაში და მკვირცხლ თვალებში ბუნებრივი ნიჭიერება იკითხებოდა. ეს ეპიზოდი პირდაპირ ანათებდა ამ სპექტაკლში“.

ამის შემდეგ იყო ჩინებული ვაცლავ კრალის როლი ჩვენი თაობისათვის ერთ-ერთ ძვირფას სპექტაკლში „როცა ასეთი სიყვარულია“. ამ სპექტაკლში თავის თავში, თითქოს საკუთარ ფიქრებში ჩაბრუნებული კაცის ვაცლავ კრალის ტანჯვით სავსე თვალები გიმზერდნენ და თქვენ თანაუგრძნობდით ამ უმწეო, დაფანტულ ახალგაზრდას... ბადრი კობახიძეს, როგორც თეატრალურ მოღვაწეს, მოვლენებზე, ფაქტებზე ყოველთვის აქვს საკუთარი, ცხადად გამოკვეთილი აზრი, მაგრამ არასოდეს არ ცდილობს სხვებს თავს მოახვიოს იგი. ეს კი დასტურია ადამიანის სულიერი სიღრმისა, მისი შინაგანი კულტურისა. ასე იცნობენ მას რესპუბლიკაში თუ მის გარეთ თეატრალური მოღვაწენი.

ბადრი კობახიძე რეჟისორიც გახლავთ. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ დადგმული საინტერესო სპექტაკლების ავტორი, და ჩემთვის, დრამატურგი კაცისათვის იგი უწინარესად ძვირფასია იმით, რომ ქართული პიესის ქომაგად და დამცველად გვევლინება, ცდილობს სწორედ ქართული პიესის მეოხებით თქვას სათქმელი, რადგან მტკიცედ სჯერა, რომ ყოველი თეატრი უწინარესად ეროვნულ დრამატურგიას უნდა ეყრდნობოდეს, სწორედ მისი საშუალებით უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, რაც დღეს აღელვებს ქვეყანას.

გურამ ბათიაშვილი „ლიტერატურული საქართველო“ N28, 1986 წ.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.