აქ წაიკითხავთ მეათე კლასელი გოდერძი გალდავას მამაცობის ამბავზე, სკოლის დირექტორის, სულიკო დარჯანიას, მასწავლებლების: შოთა უფლისაშვილის, იროდი კვირტიას და თამაზ ფაღავას შესახებ.
„იმ საღამოს, წყალდიდობა რომ დაიწყო, ჭალადიდის საშუალო სკოლის მე-10 კლასელმა გოდერძი გალდავამ მოვარდნილ ღვარცოფს გამოსტაცა შინ მარტო დარჩენილი ორი მცირეწლოვანი მეზობელი — დები თამრიკო და ქრისტინე, ატირებული ბავშვები დაამშვიდა, უშიშარ ადგილას გაიყვანა და მშობლებს ჩააბარა.
სკოლიდან იმ დროს ფეხიც არ მოუცვლიათ სკოლის დირექტორ სულიკო დარჯანიასა და მასწავლებლებს — შოთა უფლისაშვილს, იროდი კვირტიასა და თამაზ ფაღავას. მათ ახლომახლო ბინებიდან ოცდათხუთმეტამდე მოხუცი გამოიყვანეს და სკოლის მეორე სართულზე საიმედოდ დააბინავეს. მთელ ღამეს იქ ჰყავდათ. დილით კი ისინი ჯარისკაცებმა ყველგანმავლით სამშვიდობოს გაიყვანეს.
ყმაწვილებს ეამაყებათ, რომ ასეთი კარგი და კეთილი პედაგოგები ჰყავთ. მაგალითად, ავიღოთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ომარ ჩაჩავა და ფიზიკის მასწავლებელი გერმანე შურღაია. ერთი სამტრედიაში ცხოვრობს, მეორე — ფოთში. შაბათს, წყალდიდობა რომ დაიწყო, ისინი შინ ყოფილან წასულნი. თურმე, როგორც კი გაიგეს, სტიქიამ ჭალადიდს შემოუტიაო, მაშინვე გახიზნული ბავშვებისკენ გაეშურნენ და მათთან დარჩნენ, ეფერებოდნენ, ამხნევებდნენ.
ვისია კვიცი?
გაზაფხულის მზე დანათის ჭალადიდს. სკოლის სპორტულ მოედანზე, ახლა წყალდიდობის კვალიც რომ არ ატყვია, მეოთხე და მეხუთეკლასელებს გელა კირთაძეს, პაატა ხვიჩიას, თემურ გვაძაბიასა და სხვებს ფეხბურთში შეჯიბრება გაუმართავთ. სპორტული მოედნის იქით, მწვანეზე ბალახობს წაბლისფერი კვიცი. არავინ იცის, ვისია, საიდან მოაგდო სკოლის ეზოში ღვარცოფმა.
— ის-ის იყო, მოხუცები სკოლის მეორე სართულზე დავაბინავეთ, რომ დაბლიდან ცხენის ხვიხვინი გავიგონეთ. გადავიხედეთ, საღამოა, წვიმს, თანაც ქარია. წყალი პირველი სართულის ფანჯრებამდეა მოსული, ხელმარჯვნივ, კუთხეში კი ცხენია, მარტო თავი და ზურგი მოუჩანდა წყალში. მაშინვე დაბლა ჩავიდნენ მასწავლებლები შოთა, იროდი და თამაზი. წყალში გატოპეს და ცხენი შიგნით შემოიყვანეს. მას შემდეგ ჩვენთან არის. ბავშვები უვლიან, ყურადღებას არ აკლებენ. ისიც ისე მოგვეჩვია, არსადაც არ უნდა წასვლა, გვეყოლება, სანამ პატრონი გამოუჩნდება, — ამბობს სკოლის დირექტორი სულიკო დარჯანია.
ჭალადიდის საშუალო სკოლაში 350-მდე მოსწავლეა. წყალდიდობის დროს ყველა გახიზნეს. როცა წყალმა უკან დაიხია, ყმაწვილები მშობლიურ სკოლას დაუბრუნდნენ. ზოგიერთმა, ვისაც წყალდიდობამ ბინები დაუნგრია, ჯერჯერობით ვერ შეძლო სკოლაში მოსვლა, ისინი ხობის რაიონის სხვადასხვა სკოლებში აგრძელებენ მეცადინეობას. მალე აღდგება მათი საცხოვრებელი სახლებიცა და მშობლებთან ერთად ისინიც საკუთარ კერას დაუბრუნდებიან. მანამდე კი მშენებლები თავს არ იზოგავენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ ცხოვრება კვლავ კალაპოტში ჩადგეს, რომ მშვიდი გაზაფხული და მომავალი ჰქონდეთ ჭალადიდელებს — დიდებსა და პატარებს.“
ჟურნალი "პიონერი" 1987 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.