06.01.2014

ალბერ კამიუს დაბადებიდან 100 წელი შესრულდა


7 ნოემბერს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენლის ალბერ კამიუს (საფრანგეთი) დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.
გიყვარდეს კლასიკური ლიტერატურა და არ გქონდეს წაკითხული კამიუ წარმოუდგენელია. Gიყვარდეს წიგნი და არ მოგწონდეს კამიუ აბსურდულია. ქართულ ენაზე კამიუს ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები (შავი ჭირი, უცხო, სიზიფის მითი, დაცემა) თარგმნილია. ხობელ ლიტერატურის მოყვარულთ, ვისაც საკუთარ ბიბლიოთეკაში კამიუ არ მოეპოვება შეუძლიათ ისარგებლონ ქ. ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დაცული წიგნადი ფონდით (შავი ჭირი, კალიგულა, დაცემა, გადასახლება და სამეფო).
კამიუს შემოქმედება მრავალფეროვანი და მეტად ღრმაა. ამ წერილის მიზანი კამიუს შემოქმედების ზედაპირული მიმოხილვაც კი არ არის; მხოლოდ ბიძგის მიმცემია მკითხველისთვის.
კამიუს პერსონაჟები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მსურს ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ “შავი ჭირის” ერთ-ერთ პერსონაჟზე-მღვდელ პანელუზე.
ალჟირის ქალაქ ორანს 194. (წელი სიმბოლურია) წელს დიდი უბედურება დაატყდა თავს- შავი ჭირი. შენის გავრცელება მოსახლეობას პირველად მკვდარი ვირთხების მეშვეობით ემცნო, რომლებითაც მოფენილი იყო ქალაქი. პიდემიამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შენის წინააღმდეგ დაუღალავად იბრძვის ექიმი ბერნარ რიე (სიზიფის სიმბოლოს რეალიზაცია), რომელსაც სხვებთან ერთად გარკვეული “ცვლილებების” შემდეგ მხარში უდგება მღვდელი, რომლის მსოფლმხედველობა ძირეულად განსხვავდება რიეს შეხედულებებისაგან სიკვდილ-სიცოცხლეზე.
ჩვენ შეგვიძლია პანელუს მაგალითზე აზრი მივადევნოთ ადამიანის სულისა და გონების მეტამორფოზას , რაც გამოწვეულია სიკვდილ-სიცოცხლესთან უშუალო შეჯახებით.
ეპიდემიის გავრცელების შემდეგ პანელუ ეკლესიის ამბიონიდან მორიგ ქადაგებას წარმოთქვამს: ძმებო, უბედურება გეწვიათ (და არა გვეწვია), თქვენ ეს დაიმსახურეთ (თქვენ და არა ჩვენ. ბავშვის ტანჯვის ნახვის შემდეგ თქვენ შეიცვლება ჩვენით); :აქ ისტორიაში, ეს უბედურება პირველად მოგვევლინა, რათა ღვთის მგმობელი დაესაჯა, ფარაონი ეურჩებოდა უფლის ნებას-სურვილს და შავმა ჭირმა იგი მუხლებზე დააჩოქა…”. პანელუს სიტყვები მეტად მკაცრია, ის ყველა ცოდვილს შავი ჭირით ემუქრება, ხოლო ქრისტიანულ თანაგრძნობაზე ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია. მისი მორალი პასიურ ქრისტიანობას ქადაგებს-მხოლოდ დათმენა და არა ქმედება. მისი სიტყვების ეფექტის გასაძლიერებლას ეკლესიის ისტორიიდან აბისინიელთა მაგალითიც მოჰყავს, სადაც ჯანმრთელი აბისინიელები შავი ჭირით შეპყრობილებს ეხუტებოდნენ, რათა თვითონაც დაავადებულიყვნენ და ტკივილის დათმენის გზით ამაღლებულიყვნენ.
მამა პანელუ “თავისი” თვალებით ნახავს სიკვდილთან მებრძოლ ბავშვს, რომელიც სენმა სარეცელს მიაჯაჭვა და ამბობს “ღმერთო გადაარჩინე ეს ბავშვი”. ამ “შეჯახებას” ამაოდ არ ჩაუვლია, ნელ-ნელა ლღობას იწყებს უმოქმედობის “სიკერპე”. ამის შემდეგ, სანიტარულ რაზმში შედის და არ შორდება ჰოსპიტლებსა და უბნებს, სადაც შავი ჭირი ბობოქრობს.
მეორე ქადაგებაში მღვდლის ტონი შეცვლილია, უფრო მოსიყვარულეა და დაცლილია ფანატიზმისთვის დამახასიათებელი უკიდურესობებისაგან – “ძმანო ჩემნო, ღვთის სიყვარული ერთობ ძნელი სიყვარულია. იგი საკუთარი თავის დავიწყებასა და დამდაბლებას მოითხოვს. მაგრამ მას ძალუძს, განაქარვოს ბავშვის ტანჯვა და სიკვდილი………. . . აი, ის ძნელი გაკვეთილი, თქვენთან ერთად მეც რომ უნდა ვიტვირთო”.
მღვდელი პანელუ შავი ჭირით ავადდება (აბსურდის ფილოსოფიის ელემენტი), მაგრამ უარს ამბობს ექიმის დახმარებაზე და კვდება.
კამიუ “აბსურდის ფილოსოფიის” გამორჩეული წარმომადგენელია და მღვდლის გონების “სტენოგრამის” უკეთ გასაგებად რამდენიმე ციტატას მოვიყვან კამიუს ფილოსოფიური ნაწარმოებიდან – “სიზიფის მითი”. “ მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური პრობლემა არსებობს: თვითმკვლელობა. Gგადაწყვიტო, ეს ცხოვრება ღირს თუ არა იმად, რომ ბოლომდე გალიო, იგივეა, რაც ძირითად ფილოსოფიურ კითხვას გასცე პასუხი”; “მე ვთვლი, რომ საჭირბოროტო საკითხებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრების აზრია”; ადამიანსა და მის ცხოვრებას შორის, მსახიობსა და მის დეკორაციას შორის წამოჭრილი ეს განხეთქილება არის სწორედ აბსურდის გრძნობა”.
კვდება, კვდება ადამიანი, მაგრამ “შავი ჭირის ბაცილა არასოდეს კვდება და არც არასოდეს ქრება, რომ მას შეუძლია ათეულობით წელი ეძინოს ავეჯსა თუ თეთრეულში, მოთმინებით იცადოს ოთახებში…. . . და იქნებ, ერთი დღეც დადგეს, როცა ადამიანთა საუბედუროდ (რიეს პოზიცია) თუ მათ ჭკუის სასწავლებლად (პანელუს პოზიცია), შავი ჭირი კვლავ გამოაღვიძებს ვირთხებს და სასიკვდილოდ გამოაგზავნის ბედნიერ ქალაქში”.

კულტურა ყველას და არავის

მეოცე საუკუნის დიდი ესპანელი მოაზროვნე ხოსე ორტეგა ი გასეტი (1883-1955) თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომში “ხელოვნების დეჰუმანიზაცია” ამბობს: “ხელოვნება ყველასათვის კი არაა, მხოლოდ ადამიანთა ძალზე მცირერიცხოვანი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი. ეს ადამიანები, შესაძლოა სხვებზე უფრო მნიშვნელოვანიც არიან, მაგრამ აშკარად არ გვანან დანარჩენებს”.

ვისაც მსგავს თემებზე გიფიქრიათ მივყვეთ გასეტის აზრის მდინარებას და სიღრმისეულად გავაანალიზოთ რატომ გვექცევა ასე “ მკაცრად” ჩვენ, კულტურულ და ხელოვნების მოყვარულ ხალხს.
1. ხელოვნება ყველასთვის არ არის განკუთვნილი.
2. ხელოვნება მხოლოდ ადამიანთა მცირერიცხოვანი ნაწილისთვისაა განკუთვნილი და ეს ადამიანები საზოგადოებრიობის უმრავლესობაზე უმნიშვნელოვანესიც არიან მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ .
რატომ არ არის ხელოვნება ყველასათვის. Gგანა ყველას არ მიუწვდება ხელი წაიკითხოს მსოფლიო ლიტერატურის შედევრები, ეწვიოს სამხატვრო გალერეებს, დაესწროს სპექტაკლებს და ა.შ. განა თითქმის ყველანი კულტურისა და ხელოვნების წიაღში არ ვიმყოფებით. გასეტის აზრით ხელოვნება ასე მარტივად ვერ ახდენს ადამიანზე სასიკეთო გავლენას. კი ბატონო ვუყურებთ და ვკითხულობთ, მაგრამ რაღაცას ვაკლებთ. “ადამიანთა უმრავლესობისთვის ესთეტიკური ტკბობა, არსებითად არ განსხვავდება იმ განცდებისაგან, რომლებიც განუყრელად თან ახლავს მათ (ჩვენს ლ.ღ.) ყოველდღიურ ყოფას. Gგანსხვავება მხოლოდ უმნიშვნელო, მეორეხარისხოვან წვრილმანებშია…. . . საბოლოო ანგარიშით საგანი, ობიექტი, რომლისკენაც მიმართულია ხელოვნება და, ამასთან მისი დანარჩენი ატრიბუტებიც, – ადამიანთა უმრავლესობისთვის იგივეა რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში – ადამიანები და მათი ვნებები. ამიტომ ხელოვნებას ისინი უწოდებენ ამ საშუალებათა ერთობლიობას, რომელთა მეშვეობითაც მიიღწევა მათი კონტაქტი ყოველივე იმასთან, რაც საინტერესოა ჩვენს ცხოვრებაში. ამნაირ მაყურებლებს შეუძლიათ მხოლოდ იმდენად დაუშვან წმინდა მხატვრული ფორმები, ირეალურობა და ფანტასია, რამდენადაც ეს ფორმები არ არღვევენ ადამიანთა სახეებისა თუ კაცთა ბედ-იღბლის მათთვის ჩვეულ აღქმას”.
”ამას ვერ დავეთანხმებით” რადგან ჩვენ მაინც ყველაზე მეტად გვიყვარს და ვიცით ხელოვნება, ეს ჩვენ არ გვეხება ეს სხვაზე თქვა გასეტმა.
მაგრამ ჩვენს ყოველდღიურობაზე დაკვირვება სულ სხვა სურათს გვიხატავს –გასეტისეულს. sაბაზრო ეკონომიკის პირობებში მედია-მარკეტინგის მარტივი ჭეშმარიტებაა საეთერო დროის საუკეთესო ნაწილი ეთმობა იმ გადაცემებს, რომლებსაც ხალხის უმრავლესობას აინტერესებს ანუ ხალხი დამკვეთია ხოლო ტელევიზია შემსრულებელი. ბა ვნახოთ რა ხდება ამ მხრივ ქართულ ტელესივრცეში. ჯერ გადის ყველასათვის განკუთვნილი “ჩემი ცოლის დაქალები”, ხოლო შემდეგ ინტელექტუალური თამაში. შესანიშნავი რადიოგადაცემა “წიგნები “ დაიხურა სპონსორის ვერ მოძიების გამო. აბა მოდით ვნახოთ რამდენი ბობოლა სპონსორი ჰყავს “შოუებს”. არადა ტელევიზიის მაჯისცემა არ ტყუის, ის ზედმიწევნით გრძნობს თუ რა უნდა ხალხს. აშკარაა, რომ თურქული სერიალები უმჯობესია გადიოდეს ტელევიზიით, ვიდრე ხალხი ისმენდეს “გიჟ” დონ კიხოტზე და “იდიოტ” მიშკინზე “აბსურდულ” საუბარს.
გასაგებია, რომ მცირერიცხოვანნი არიანნ, ხშირად დაჩაგრულნი, შეურაცხყოფილნი და გარიყულნი, მაგრამ სწორედ ასეთ ადამიანებს აკისრიათ ფარულად საზოგადოების სწორი გზით განვითარების მეჩირაღდნის ფუნქცია- “ეს ადამიანები შესაძლოა სხვებზე უფრო მნიშვნელოვანიც არიან” (გასეტი). ასეთი პიროვნებების მიმართ საზოგადოება მტრულადაა განწყობილი, არ უყვართ რადგან ისინი ჩვენ გვამხელენ, ჩვენს თავს გვაჩვენებენ ისეთს როგორიც ვართ ჭეშმარიტად. გავიხსენოთ სოკრატე, ბერძენთა სინდისი, რომელიც მხილებულმა საზოგადოებამ გაასამართლა და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
Eეს პროცესი შეუქცევადია და მანამ იქნება სანამ ეს სამყარო იარსებებს, რადგან ეს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა.
რა ვქნათ! ძნელი საპასუხოა. ალბათ -მეტი წავიკითხოთ ძველი, ახალი და უახლესი ლიტერატურა და “ყველაფერი კარგად იქნება”.
P.S
“მეზობელ” ქალაქში გამართულ ცონცერტს, სადაც არც ერთი სიმღერა ცოცხლად არ შეუსრულებიათ 700 მაყურებელი, ხოლო ვაჟა-ფშაველას პოეზიისადმი მიძღვნილ საღამოს 32 ადამიანი ესწრებოდა.

ვისაც ვოლტერი არ წაუკითხავს – წავიკითხოთ თუ არა ვოლტერი?!

ფრანსუა მარი არუე, იგივე ვოლტერი. XVIII საუკუნის ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. შესაშურია ვოლტერის შრომისნაყოფიერება, მისმა მრავალმხრივმა შემოქმედებითმა მემკვიდრეობამ 99 ტომი შეადგინა.

ვოლტერის შეხედულებები და პრაქტიკული საქმიანობა ხშირად წინააღმდეგობრივი ხასიათისაა – ის რელიგიას ებრძოდა, მაგრამ საკუთარი ხარჯებით ეკლესია ააგო, რომელსაც ამშვენებდა წარწერა “ღმერთს ვოლტერისაგან”; აბსოლუტურ მონარქიას ებრძოდა და კონსტიტუციური მონარქიის მომხრე იყო.
ჩვენში ბევრი ვოლტერს რწმენისათვის “საშიშ” მწერლად მიიჩნევს. მის მიერ რელიგიოუს წინააღმდეგ გამოთქმული შეხედულებები აფორიაქებთ. მაინც რას ამბობდა ვოლტერი ასეთს – 1755 წელს ლისაბონში მომხდარმა მიწისძვრამ ქალაქი დაანგრია და 30000 ადამიანი იმსხვერპლა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ვოლტერი სვამს კითხვებს “ არ იცოდა რა მოხდებოდა? არ სურდა მისი აცილება? თუ არ შეეძლო? დაღუპულები უფრო ცოდვილნი იყვნენ ვიდრე პარიზის მცხოვრებნი, რომლებიც ამ დროს მხიარულობდნენ? რატომ ხდება, რომ ამქვეყნად სათნო ადამიანები ხშირად ისჯებიან, ხოლო არამზადები ბედნიერნი არიან?. ეს კითხვები ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს აწვალებდა და დღესაც აწვალებს. ანალოგიური კითხვები აწვალებდა არაერთ საეკლესიო მწერალს. სგავს კითხვებს სვამდნენ და გადაწყვეტის გზებს სახავდნენ დოსტოევსკი, ტოლსტოი, ნეტარი ავგუსტინე, პასკალი და მრავალი სხვა მოაზროვნე. ანალოგიურ საკითხებზე წერდნენ როგორც ანტიკური პერიოდის ასევე შუა საუკუნეების მოაზროვნეები (მწერლები, ფილოსოფოსები). ვოლტერის დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ “ძველი” სრულიად ახალ ძალას იძენდა. მას ჰქონდა უნარი ეპოქალური ამოცანა რაიმე კონკრეტული ფაქტისათვის დაეკავშირებინა და ამით აბსტრაქტული იდეისათვის სრული კონკრეტულობა და რეალური ძალა მიენიჭებინა” (გ. თევზაძე. Aხალი ფილოსოფიის ისტორია. ნაწილი პირველი).
ვოლტერის მრავალფეროვან შემოქმედებაში ცალკე გამოყოფენ ე.წ. ფილოსოფიურ მოთხრობებს (ზადიგი, კანდიდი, ბაბილონის პრინცესა და სხვები).
 კანდიდი ანუ ოპტიმიზმი არის ვოლტერის ერთ-ერთი საუკეთესო ფილოსოფიური მოთხრობა, რომელშიც გაპამპულებულია გერმანელი ფილოსოფოსის ლაიბნიცის აზრი “ყველა სამყაროთა შორის საუკეთესო” სამყაროს შესახებ. მოთხრობაში გულუბრყვილო და გულწრფელი ლაიბნიციანელის (ოპტიმისტის) სახით გამოყვანილია კანდიდის მეგობარი პანგლოსი – ”მართლა ჩემო ძვირფასო – ჰკითხა მას კანდიდმა, – როდესაც გახრჩობენ, უმოწყალოდ გცემენ, გალერაზე ნიჩბებს უსვამდით, მაინც ფიქრობდით, რომ ქვეყნად ყოველივე უკეთესისკენ მიემართება?
-მე ყოველთვის ჩემს უწინდელ აზრზე ვდგავარ, -უპასუხა პანგლოსმა, -რადგან, ბოლოს და ბოლოს, მე ფილოსოფოსი ვარ და ჩემი აზრების უარყოფა არ შემფერის, შეუძლებელია, ლაიბნიცი ცდებოდეს; წინასწარ დადგენილი ჰარმონია ამქვეყნად ისევე მშვენიერი რამ არის, როგორც სამყაროს სისრულე და არაწონადი მატერია”. მაგრამ პანგლოსის იდეა კანდიდთან მოგზაორობისას თავს გადახდენილ ფათერაკებთან (ხშირად ფანტასტიკის სფეროდან) ერთად იმსხვრევა, კანდიდის ეჭვი ძლიერდება……. . . შინ დაბრუნებული კანდიდი მეგობრებთან ერთად ბაღს ამუშავებს და ალბათ ფიქრობს ჭეშმარიტად ეს სამყარო არ არის საუკეთესო საუკეთესოთა შორის, რადგან აქ ბატონობს ბევრი ისეთი რამ რაც აბსოლუტურად საფუძვლიანად გვაფიქრებინებს, რომ “ეს ის არ არის”.
ამის გარდა ძალიან ბევრ სასარგებლო რამეს იპოვის მკითხველი კანდიდში, აქ არის უტოპიური სახელმწიფო ელდორადოში, მოგზაურობა დედამიწის სხვადასხვა მხარეში, ფათერაკები, სხვადასხვა ჯურისა და მრწამსის ხალხი, არაიშვიათად ფილოსოფიური წიაღსვლები და ა. შ. რაც მთავარია ვისაც “სქელი” წიგნების “ეშინია” კანდიდი სულ რაღაც 111 გვერდია, იკითხება მარტივად და საინტერესოდ.
ვისაც წაკითხვა სურს –ვოლტერი ფილოსოფიური მოთხრობები. მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა. 1992 წ.

ჩემს სოფელში (ახალი ხიბულა) არსებული მიცვალებულის დატირების წეს-ჩვეულებანი

მიცვალებულის დატირების (გასვენების) ცერემონიალი (ონგარუ) თეატრალური სანახაობისათვის დამახასიათებელი ნიშნებით ხასიათდება. სადაც ყველას თავისი როლი აქვს და ერთიანი წეს-ჩვეულებებით განსაზღვრულ კანონზომიერებას ექვემდებარება.

ამ წერილში მინდა გესაუბროთ სოფელ ახალ ხიბულაში დაცული (არსებული) ტრადიციების მიხედვით გამართულ მიცვალებულის დატირების ცერემონიაზე. რომლის საილუსტრაციოდ მოხმობილი იქნება ფაქტები, მაგალითები როგორც წერილის ავტორის მიერ უშუალოდ ნანახი, ასევე “ძველების” მიერ მონათხრობი.
აქ მოთხრობილი წეს-ჩვეულებების ნაწილი უცნაურობით ხასიათდება, მაგრამ ყველაფერს თავისი, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რაციონალური ახსნა აქვს.
როცა გარდაიცვალება ადამიანი ოჯახის უფროსი ქალი (რა თქმა უნდა თუ ძალა და უნარი შესწევს) კივილით (შეცხადება) სამეზობლოს ამცნობს, რომ ვიღაც გარდაიცვალა.კივილის ხმაზე უმალ მოდიან მეზობლები და თითქმის ყველა კითხულობს – რა მოხდა?, ვინ მოკვდა?. მიცვალებულს ძალიან სწრაფად გარდაცვალების ადგილიდან გადაასვენებენ დიდ ოთახში. უკვე მეორე დღიდანვე იწყება სახლის დალაგებისა და ეზოს მოწესრიგებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
იმისათვის, რომ რიტუალი ორგანიზებულად ჩატარდეს ოჯახის უფროსი ერთ-ერთ მეზობელს ავალებს, რომ გაუძღვეს მიცვალებულის გასვენებასთან დაკავშირებულ საქმეებს. ამ ადამიანს –დუდ კოჩი ჰქვია. დუდკოჩი ქალებიდან ნიშნავს ერთ ქალბატონს, რომელიც არის ორგანიზატორის დამხმარე (ოსურ კათაშ უნჩაში – ქალებისათვის დავალებული საქმეებთან დაკავშირებით.). გასვენების დღის (რიცხვის) – ორშაბათს “ვაშინერს” დანიშვნის შემდეგ მეზობლების დახმარებით ეწყობა სეფა. იმის გამო, რომ ოჯახს თავიდან აცილდეს “ზედმეტი” ხარჯი, ორგანიზატორი- “დუდკოჩი” კონსულტაციას გადის გამოცდილ მეზობლებთან (ჩვენთან მაგ. ო. ღვინჯილიას იშვიათი სიზუსტით შეუძლია გითხრათ 500 კაცს ზამთარში რამდენი კილოგრამი თევზი და ყველი დასჭირდება). იბეჭდება ნეკროლოგი (ღურაშ ქაღარდი) , რომელსაც ოჯახის დავალებით ნათესავებს გადასცემდა სპეციალურად შერჩეული პირი (მაგინაფალი). სევე ნეკროლოგები გამოიკვრება ხალხისათვის თვალსაჩინო ადგილას (კოჩიშ ოშაყარეს). დღეს “მაგინაფალის” ფუნქცია მობილურმა ტელეფონმა იტვირთა.
Oმესაფლავეობის მსურველი ადამიანები თვითონ გამოთქვამენ სურვილს ამის (მესაფლავეობის-მესაფლე) შესახებ. არსებობს ერთი ნიუანსი- მესაფლავეთა რიცხვი კენტი უნდა იყოს და ერთი მაინც ოჯახის მოგვარე. მესაფლაავეები განსაკუთრებული პატივით სარგებლობენ და იქნება ეს მკლავისგახსნა ( კილეგანწყუმუ), ორმოცი (ჟარნეჩი) თუ წლისთავი (წარმოწანა) ამ დღეების აღსანიშნი სუფრის მასშტაბის მიუხედავად აუცილებელ სტუმართა რიცხვში არიან. თითქმის ყოველთვის მესაფლავეები 40 დღის განმავლობაში წვერ ატარებენ. ასევე განსაკუთრებული პატივით სარგებლობს მიცვალებულის გამპატიოსნებელი –ადამიანი, რომელიც პარსავს, აცმევს და ა. შ. მიცვალებულს.
ჩვენში მიცვალებულს ღამეებს უთევენ (სერიშ ტახუა), მაგრამ ცოტას თუ ესმის ამ რიტუალის ღრმა ქრისტიანული საფუძვლები. ამ ჩვეულების გენეზისი ასეთია:როცა ქრისტიანული აზროვნება განსაზღვრავდა ხიბულელი კაცის ცხოვრების წესს, მიცვალებულს ღამეს იმიტომ უთევდნენ, რომ მისი სულის მოსახსენიებლად ფსალმუნები ეკითხათ. შემცირდა რწმენა – პირდაპირპროპორციულად აისახა რიტუალიზე; ათევენ ღამეს, მაგრამ რატომ არავინ იცის. ხშირად უსაქმურობისგან ბანქოსაც თამაშობდნენ და ღვინოს სვამდნენ. დღეს ძველი ქრისტიანული ტრადიცია პირვანდელ სახეს ნელ-ნელა იბრუნებს. ანუ ტრადიციამ შეინარჩუნა ფორმა მაგრამ შეიცვალა თავდაპირველი მნიშვნელობა.
განსაკუთრებული რიტუალია კუბოს (ჭკუდი) შემოტანა მიცვალებულის ოჯახში (ჩემი ვარაუდია, რომ სიმბოლურად განასახიერებს მაცხოვრის 3 დღეს საფლავში და აღდგომის იმედს). კუბო მოაქვთ გასვენების წინა ღამეს (როგორც წესი ღამის 12 საათზე), ამ დროს მიცვალებულის ოთახი იცლება ადამიანებისაგან და შეაქვთ კუბო (რომელშიც ხდება მიცვალებულის ჩასვენება), რომელსაც ტირილით და მოთქმით (თვალუა) მიჰყვება ჭირისუფალი და მეზობლები. აქ არ შევეხებით სხვა მრავალ წესს, რომლებზედაც სხვა წერილში გვექნება საუბარი.
გასვენების დღეს ორგანიზატორი სეფაში მიმდინარე პროცესების უკეთ წარმართვის მიზნით ნიშნავს –მაგიდის უფროსს (სტოლიშ უჩაშის), რომელსაც ევალება სუფრის ოპერატიულად გაშლა და ალაგება. ორგანიზატორი ასევე ნიშნავს ერთ ან ორ ადამიანს (მინმანგარაფალი), რომლებიც აკონტროლებენ სამძიმარზე მოსული ხალხის გადაადგილების პროცესს და ასევე აწვდიან ინფორმაციას სუფრის უფროსს თუ რამდენ სტუმარს უნდა გაუმასპინძლდნენ. თუ სტუმარი ძალიან საპატივცემლოა მას სპეციალურად თამადას მიუჩენენ (ქიმურჩქინანა).
დასასრულს მინდა მოგითხროთ ჩვენში არსებული რამდენიმე წეს-ჩვეულების შესახებ (არ შევეხებით კუბოს სამჯერ დატრიალებისა და კუბოსთვის “ფეხებისა და ხელების მომტვრევის” ტრადიციას).
თუ ერთი წლის განმავლობაში მიყოლებით ცოლ-ქმარი გარდაიცვლება სახლის წინ მდგარ ხეს ჭრიან;
გასვენებიდან მობრუნებული ადამიანი შინ სხვისი ეზოს გავლით არ უნდა დაბრუნდეს;
თუ ოჯახის რძალი ორსულადაა მას და მის მეუღლეს ეკრძალებათ კარს იქით
მიცვალებულის გაცილება. ღადგან სიცოცხლის მომლოდინენი არიან, ხოლო მიცვალებული საიქიოს მიდის;
მიცვალებულის ოჯახის რძლის დედას ეკრძალება ყვავილებით გასვენებაში მოსვლა (გიმოჭყუდურიაო);
ბაბუაჩემის ნათქვამიდან ვიცი, რომ იყვნენ ქალები, რომლებიც მათთვის უცნობ მიცვალებულს ისე დაიტირებდნენ, თითქოს საკუთარ შვილის ტიროდნენ. ამ ქალებს მათი გამორჩეული ხმისა და სიტყვის გამო ქირაობდნენ. თურმე მათ მოთქმაზე “ქვაც” კი ატირდებოდაო.
სხვა მრავალი წეს-ჩვეულების შესახებ მაქვს ინფორმაცია, რომლებიც სათანადო დამუშავების შემდეგ იხილავს დღის შუქს.
ვისაც მსგავს საკითხებზე გაგაჩნიათ ინფორმაცია მომწერეთ – levanigvinjilia@gmail.com

უცნაური აპორია “სხვაზე”

თითქმის ყველა დიპლომიანია
ყველა დიპლომიანი ინტელექტუალია
_____________________________________
კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში წიგნიერების დონე ძალიან დაბალია.
ერთმა კაი კაცმა – რეი ბრედბერმა კაცურად თქვა: “ არსებობს უფრო დიდი ბოროტება, ვიდრე წიგნების დაწვაა – მათი არ წაკითხვა” ზემოთ მოყვანილი პოსტმოდერნული აპორიიდან გამომდინარეობს ის, რომ: ჯერ “ჩემი ცოლის დაქალები” გადის, ხოლო “ოდო გვიან” ინტელექტუალური თამაში “რა?, სად?, როდის?. ისეთმა კარგმა და ჩვენთვის საშურმა გადაცემამ, როგორიცაა “წიგნები” სპონსორის არ ქონის, თუ, არ ყოლის გამო იმედია დროებით შეწყვიტა არსებობა (რა ეგზისტენციალურად ისმის და არა “ჟღერს” არსებობა). და ბოლოს, გერმანელი ფილოსოფოსის ანდრეეს სიტყვები: “ყველა ქალაქს როდი ჰყავს საკუთარი ფილოსოფოსი”.

რა სწამს მას, ვისაც არ სწამს

გამომცემლობა დიოგენემ გამოსცა საინტერესო და აქტუალურ თემებზე ფოკუსირებული წიგნი – წერილების კრებული –“რა სწამს მას, ვისაც არ სწამს”.
წიგნის პირველი ნაწილი ეთმობა კარდინალ მარტინსა და ცნობილი იტალიელი მწერლის უმბერტო ეკოს შორის გამართულ დიალოგს. Dდიალოგი შედგება რვა წერილისაგან, რომლებშიც  დასმულია და განხილულია თანამედროვე ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები (აპოკალიფსის შიში მორწმუნე და ათეისტ ადამიანში; ადამიანის სიცოცხლის საწყისის პრობლემა, ეთიკის, ბიოეთიკის, რწმენის აუცილებლობის, ქალისა და კაცის თანასწორობის, ზნეობრივი არჩევანის საფუძვლის და სხვა საკითხები).
“ჟამთა აღსასრულის იდეა დღეს საერო სამყაროს უფრო ახასიათებს, ვიდრე ქრისტიანულს. Aნუ ქრისტიანული სამყარო მასზე ფიქრობს, მაგრამ ჟამთა აღსასრული მისთვის თითქოს ისეთ განზომილებაში ირეკლება, რომელიც კალენდრით არ იზომება; საერო სამყარო კი ვითომ არ იმჩნევს მას, მაგრამ სულით ხორცამდეა მისით შეპყრობილი” (უმბერტო ეკო).
“იმისათვის, რომ აღსასრულის იდეა მომავლისა და წარსულის სწორ შეფასებაში დაგვეხმაროს და გაგვაფრთხილოს, აუცილებელია, ეს აღსასრული “მიზანი” იყოს, რომ ის გადამწყვეტი, საბოლოო ღირებულების ხასიათს ატარებდეს, რომელსაც შეუძლია აწმყოში გაწეულ ძალისხმევას სინათლე და საზრისი შესძინოს” (კარდინალი მარტინი).
წიგნის მეორე ნაწილში თავმოყრილია ფილოსოფოსების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების გამოხმაურება ეკოსა და მარტინის დიალოგში აღძრულ საკითხებზე.
”ადამიანის მოყვასად,ზმად არჩევისას იმ აბსოლუტის უარყოფა ხდება, რომელსაც ყველა ერთად სიკვდილთან მივყავართ. ღადგან ჩვენთვის, მოკვდავთათვის, ვინმეს სიყვარული ნიშნავს, არ გვინდოდეს მისი სიკვდილი” მანლიო სგალამბრო (იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი).
წიგნის სრულდება მარტინის წერილით _ “მაგრამ ეთიკას ჭეშმარიტება სჭირდება”
“ რა სწამს მას, ვისა არ სწამს? კითხულობს კარდინალი და იქვე პასუხობს-სიცოცხლე მაინც უნდა გწამდეს, სიცოცხლის დაპირება მაინც უნდა შეგეძლოს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ხშირად ტყუვდებიან ამა თუ იმ კულტურით, თავისუფლების სახელით ყოველგვარი გამოცდილების შეძენისკენ რომ მოუწოდებს მათ, ბოლოს კი ეს ექსპერიმენტები ხშირად მარცხით, სასოწარკვეთით, ტკივილით, სიკვდილით მთავრდება”.
ბევრი თბილი სიტყვის მიუხედავად ორივე მხარე ერთგული რჩება თავისი მსოფლმხედველობისა და წიგნის გვერდებზე იშვიათად გადაიკვეთება მათი აზროვნებისა და მსოფლმხედველობის “ხაზები”.
ხოლო, რაც შეეხება წიგნის ტექნიკურ მხარე, უმჯობესი იქნებოდა თუ თან დაერთვოდა გამოყენებული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ტერმინებისა და ციტატების განმარტებითი ლექსიკონი, რაც მკითხველს გაუიოლებდა წიგნის წაკითხვას. სხვა მხრივ შესანიშნავი წიგნია და გემოვნებიანი მკითხველისათვის “გემრიელი ლუკმა”.

კოსმოპოლიტი და პატრიოტი

  საზოგადოებრიობის ნაწილს მიაჩნია, რომ ქართული ტრადიციის ნიშნით აღბეჭდილი  ღირებულება დრომოჭმულია, „არაევროპულია“, ხოლო მისი მატარებელი და მხარდამჭერი „ჩამორჩენილი“. ხოლო, ყველაფერი უცხოური კარგია, მისაბაძია, ნიმუშია კულტურისა თუ ზოგადადამიანური ღირებულებისა.ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ უცხოური მავნებელია ეროვნული ღირებულებებისა, საშიშია, გადაგვარებით ემუქრება ყველაფერ ქართულს.

როგორც ვხედავთ ადგილი აქვს ორ უკიდურესობას. ცალმხრივადაა გაგებული კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის ურთიერთმიმართების საკითხი. არსებობს მესამე პოზიცია, ჯანსაღი აზრი – არა დაპირისპირება, არამედ კუზანელის ცნობილი პრინციპი- დაპირისპირებულთა ერთიანობა. ქართული აზროვნების ისტორიაში ეს შეხედულება ერთერთმა პირველმა ვაჟა-ფშაველამ გამოთქვა თავის უკვდავ წერილში – „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ – „ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა.ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე- რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის  განვითარებას, კეთილდღეობას“. (ვაჟა-ფშაველა, კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი). „ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას (არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, ლ. ღ) იმ ფიქრით, ვითომ და კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი…“    (ვაჟა-ფშაველა, კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი, 1905 წ.). მსგავსი შეხედულება უფრო  ადრე გამოთქვა დიდმა რუსმა მოაზროვნემ და პატრიოტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა – „ამბობენ, თითქოს სინამდვილეში შეუძლებელი იყოს გიყვარდეს ანდა ემსახურებოდე კაცობრიობას – ეს თითქოს ერთობ განყენებული და განუსაზღვრელი რამ იყოს; თითქოს სინამდვილეში შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი ხალხის სიყვარული. რა თქმა უნდა, კაცობრიობა არ შეიძლება იყოს სიყვარულის ხელშესახები საგანი, მაგრამ ეს არც არის საჭირო; სავსებით საკმარისია, ჩვენი საკუთარი ხალხი თუ (ანდა თუნდაც უახლოესი სოციალური წრე) გვიყვარს ადამიანურად, გვსურს მისთვის ყველა ის ჭეშმარიტი სიკეთენი, რომლებიც კი არ ავიწროებენ, – ავრცობენ ხალხის საკუთარ ცხოვრებას, ამაღლებენ მისი ზნეობრიობის დონეს და აყალიბებენ მის დადებით სულიერ კავშირს სრულიად ღვთიურ სამყაროსთან. საკუთარი ხალხისადმი მსახურება ამგვარი ჭეშმარიტი პატრიოტიზმის პირობებში, ცხადია, ამასთანავე არის მსახურებაც კაცობრიობისადმი… (ვ. სოლოვიოვი, ზნეობა და პოლიტიკა გვ.21).
ჭეშმარიტი პატრიოტიზმი არათუ ეწინააღმდეგება სწორად გაგებულ პატრიოტიზმს, არამედ, პირიქით სრულ თანხმობაშია მასთან.
დასასრულს ისევ დიდ ვაჟას მოვუსმინოთ: “ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად“.