გამომცემლობა დიოგენემ გამოსცა საინტერესო და აქტუალურ თემებზე ფოკუსირებული წიგნი – წერილების კრებული –“რა სწამს მას, ვისაც არ სწამს”.
წიგნის პირველი ნაწილი ეთმობა კარდინალ მარტინსა და ცნობილი იტალიელი მწერლის უმბერტო ეკოს შორის გამართულ დიალოგს. Dდიალოგი შედგება რვა წერილისაგან, რომლებშიც დასმულია და განხილულია თანამედროვე ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები (აპოკალიფსის შიში მორწმუნე და ათეისტ ადამიანში; ადამიანის სიცოცხლის საწყისის პრობლემა, ეთიკის, ბიოეთიკის, რწმენის აუცილებლობის, ქალისა და კაცის თანასწორობის, ზნეობრივი არჩევანის საფუძვლის და სხვა საკითხები).
“ჟამთა აღსასრულის იდეა დღეს საერო სამყაროს უფრო ახასიათებს, ვიდრე ქრისტიანულს. Aნუ ქრისტიანული სამყარო მასზე ფიქრობს, მაგრამ ჟამთა აღსასრული მისთვის თითქოს ისეთ განზომილებაში ირეკლება, რომელიც კალენდრით არ იზომება; საერო სამყარო კი ვითომ არ იმჩნევს მას, მაგრამ სულით ხორცამდეა მისით შეპყრობილი” (უმბერტო ეკო).
“იმისათვის, რომ აღსასრულის იდეა მომავლისა და წარსულის სწორ შეფასებაში დაგვეხმაროს და გაგვაფრთხილოს, აუცილებელია, ეს აღსასრული “მიზანი” იყოს, რომ ის გადამწყვეტი, საბოლოო ღირებულების ხასიათს ატარებდეს, რომელსაც შეუძლია აწმყოში გაწეულ ძალისხმევას სინათლე და საზრისი შესძინოს” (კარდინალი მარტინი).
წიგნის მეორე ნაწილში თავმოყრილია ფილოსოფოსების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების გამოხმაურება ეკოსა და მარტინის დიალოგში აღძრულ საკითხებზე.
”ადამიანის მოყვასად,ზმად არჩევისას იმ აბსოლუტის უარყოფა ხდება, რომელსაც ყველა ერთად სიკვდილთან მივყავართ. ღადგან ჩვენთვის, მოკვდავთათვის, ვინმეს სიყვარული ნიშნავს, არ გვინდოდეს მისი სიკვდილი” მანლიო სგალამბრო (იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი).
წიგნის სრულდება მარტინის წერილით _ “მაგრამ ეთიკას ჭეშმარიტება სჭირდება”
“ რა სწამს მას, ვისა არ სწამს? კითხულობს კარდინალი და იქვე პასუხობს-სიცოცხლე მაინც უნდა გწამდეს, სიცოცხლის დაპირება მაინც უნდა შეგეძლოს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ხშირად ტყუვდებიან ამა თუ იმ კულტურით, თავისუფლების სახელით ყოველგვარი გამოცდილების შეძენისკენ რომ მოუწოდებს მათ, ბოლოს კი ეს ექსპერიმენტები ხშირად მარცხით, სასოწარკვეთით, ტკივილით, სიკვდილით მთავრდება”.
ბევრი თბილი სიტყვის მიუხედავად ორივე მხარე ერთგული რჩება თავისი მსოფლმხედველობისა და წიგნის გვერდებზე იშვიათად გადაიკვეთება მათი აზროვნებისა და მსოფლმხედველობის “ხაზები”.
ხოლო, რაც შეეხება წიგნის ტექნიკურ მხარე, უმჯობესი იქნებოდა თუ თან დაერთვოდა გამოყენებული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ტერმინებისა და ციტატების განმარტებითი ლექსიკონი, რაც მკითხველს გაუიოლებდა წიგნის წაკითხვას. სხვა მხრივ შესანიშნავი წიგნია და გემოვნებიანი მკითხველისათვის “გემრიელი ლუკმა”.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.