18.03.2025

მასალები 1924 წლის აჯანყების შესახებ (ხიბულა და საჯიჯაო)

ზუგდიდის მაზრის ხიბულის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პატაკი ზუგდიდის სამაზრო აღმასრულებელ კომიტეტს, სადაც აღნიშნულია, რომ 1924 წლის აჯანყების მიმდინარეობისას აჯანყებულებს ადგილობრივი გლეხობისთვის ზიანი არ მიუყენებიათ - 1924 წლის 4 ნოემბერი.


ჯუგუ დადიანი

 ზუგდიდის მაზრის ახალ ხიბულის რაიონული აღმასრულებელი

კომიტეტის დადგენილება 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა

ქონების კონფისკაციის შესახებ

1924 წლის 7 სექტემბერი

ახალ-ხიბულა ასლი

 

ოქმი

 1924 წელს სეკტენბერს 7 დღესა, შესდგა საგანგებო კრება საჩიჯაოს თემის სამეულისა და სხვა პასუხისმგებელი ამხანაგებისა, რომელსაც დაესწრო მომქმედ რაზმის უფროსი ამხ. ვანო ნიკოლაიშვილი, სამეულის წევრები: ამხ. ამხ. ჯვებე მხეიძე, ეპი მიქავა და ლუკა გოგია. საჩიჯაოს თემის კომიაჩეიკის პასუხისმგებელ მდივან ამხ. ნიკოლოზი მიქავა. ამავე იაჩეიკის წევრები ამხ. სიმონ მზარელუა და ათანასა კემულარია. ამავე თემის კომკავშირის პასუხისმგებელი მდივანი ამხ. ანტონ მზარელუა, კომპარტიის თანამგრძნობი, სამეულის მდივანი ამხ. ისიდორე ქაჯაია, კომპარტიის თანამგრძნობი ამხ. სანდრო გვასალია და უპარტიო ამხ. გერასიმე არზიანი. კრებამ თავმჯდომარეთ აირჩია ამხ. ვ. ნიკოლაიშვილი და მდივნათ ი. ქაჯაია. დღიური წესრიგში იყო დასმული საკითხი საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგოთ აქტიური მონაწილეობის მიმღებ პირებთა გამორკვევა, რომლებიც დიდი ხნიდან ეწეოდნენ ორგანიზაციების მოწყობას საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ, აწყობდნენ შეიარაღებული ბანდებს და მეთაურობდნენ ავანტიურისტული გამოსვლაში 28-29 აგვისტოს 1924 წელსა.

 

მოისმინეს:

 1) საკითხის შესახებ მომხსენებელია მომქმედ რაზმის უფროსი ამხ. ვანო ნიკოლაიშვილი, რომელიც საკითხის შესახებ ვრცელ მოხსენებას უკეთებს კრებას.

კომიაჩეიკის პასუხისმგებელი მდივანი ნიკოლოზ მიქავა აღნიშნავს, რომ როცა რომ ბანდიტებმა დაგვატყვევეს, მე და ყველა კომპარტიის და კომკავშირის წევრები გამოგვიყვანეს მინდვრათ და დახვრეტა მოგვინდომეს, მაგრამ ზოგიერთ ბანდიტებთაგანმა დაგვეხმარა და სიკვდილს გადაგვარჩინა. ამას გარდა გრიგორი თირქია და მასთან ყველა ამათ თოფის ძალით დამაშლევინეს კანცელარიის ეზოს ჭიშკარზე დახატული ჩაქუჩი და ნამგალი (სახელმწიფო დროშა) და ქონდა შესაფერი წარწერები. კომპარტიის წევრი ლუკა გოგია აღნიშნავს, რომ ბანდიტებთაგანი ერასტო ქუჩულორიამ დანით დაჭრა ლენინის სურათი და კომკავშირის წევრებს შიშის ქვეშ დააფურთხებია სურათზე. ამხ. ეპი მიქავა და სანდრო გვასალია ადასტურებენ ამხ. ნიკოლოზი მიქავა და ლუკა გოგიას მოხსენებას. ამხ. ჯვებე მხეიძე და კომკავშირის წევრი კირილე ჯახია ადასტურებენ ზემოხსენებულს და დასძენენ, რომ ყველა ბანდიტებს და მათი მეთაურებს ხელმძღვანელობდა ამბაკო კუჭავა, რომელმაც იცოდა რა გამოსვლის დრო, რამოდენიმე დღის წინეთ ჩამოვიდა მოსკოვიდან, რათა გაეწია ხელმძღვანელობა ბანდებისათვის. ამხ. ი. ქაჯაია აღნიშნავს, რომ ბანდიტებთაგანი ერასტო ქუჩულორია, ბანდიტებთან იყო საქმის მმართველათ,

მან გაგლიჯა ტელეფონის მავთული, რითაც შეაჩერა ტელეფონის მუშაობა.

 

დაადგინეს:

 

როგორც დანამდვილებით გამორკვეულია და ნათლად სჩანს, მცხოვრებნი საჩიჯაოს სათემოსი: 1) გრიგორი გუსარის ძე თირქია, 2) მისი ძმა ნესტორი გუსარის ძე თირქია, 3) ნესტორი კოსტას ძე კვარაცხელია, 4) გიორგი (კოკი) იოსების ძე ჩიჩუა, 5) ანტონი ბასას ძე ფულარია, 6) ესტატე სიმონის ძე ახალაია, 7) მისი შვილი ხუტუ ესტატეს ძე ახალაია, 8) ამბაკო თანაფიას ძე კუჭავა, 9) მისი ძმა ლადი თანაფიას ძე კუჭავა, 10) ერასტო ქუჩულორია და 11) კალისტრატე მიხეილის ძე ნანეიშვილი არა მარტო საჩიჯაოს თემში შემავალ სოფლებში, არამედ მეზობელ სოფლებშიდაც დიდი ხნიდან ეწეოდენ მუშაობას, აწყობდნენ ორგანიზაციებს და ყოველ გვარ ზომებს ღებულობდნენ საბჭოთა ხელისუფლების ჩამოსაგდებათ და უკანასკნელ დროს, 28-29 აგვისტოს, ავანტიურისტული გამოსვლებში მეთაურობდნენ იარაღით ხელში.

ბანდებს, როგორც ამ თემში და საერთოდ ახალ ხიბულის რაიონში, აგრეთვე აწყობდენ ბანდებს და გზავნიდენ ზუგდიდში იქაური ბანდების დასახმარებლად და ბევრი სხვა და სხვა ბოროტმოქმედება და საზიზღრობას იდენდენ დაადგინეს:

ზემოხსენებული თერთმეტი ბანდიტების ქონება იქმნეს აღწერილი დაბეჭდილი კონფისკაციის სახით. ბანდიტები იქნეს გადაგზავნილი სამაზრო სამეულის განკარგულებაში, როგორც გაუსწორებელი პირები მათ წინააღმდეგ უსასტიკესი ზომების მისაღებათ.

 

 

1924 წელს დაპატიმრებული კონსტანტინე დადიანის მეუღლის,

პაულინა დადიანის განცხადება სრულიად საქართველოს ცენტრალური

აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს მეუღლის

გათავისუფლების თაობაზე

1926 წლის 2 ივნისი

საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური

აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს

 

. ქუთაისის მცხოვრები

პაულინა დავითის ასული

დადიანისაგან

 

განცხადება

 1924 წლის აგვისტოს თვის მომხდარ ავანტიურაში მონაწილეობის მიღების გამო ჩემი ქმარი კონსტანტინე (ჯუგუ) გრიგოლის ძე დადიანი დაკავებულ იქნა . ზუგდიდში, სადაც თითონ გამოცხადდა მთავრობის წინაშე. იქიდან ის გადმოგზავნეს საქ. საგანგებო კომისიის განკარგულებაში, რომელმაც მას მიუსაჯა 10 წელი უიზოლიაციო დატყვევება. ამნისტიით გაეყო შუაზე სასჯელის ვადა. დღიდან გამოცხადებისა ის ზის გამსახლში (ამ დროებით . ქუთაისში). შემდეგში, როდესაც მთავრობის მიერ განთავისუფლებული იქნა თითქმის ყველა პოლიტ. ტყვეები, და სამეგრელოს მასშტაბით დარჩენ ჩემი ქმარი და ერთი კიდევ,მე მივმართე თემის და მაზრის აღმასკომებს, რომელთაც გადმოგზავნეს საქ. საბ. რესპ. . . -ში შუამდგომლობა მის განთავისუფლების შესახებ: ახალ-ხიბულის თემის საბჭოს დადგენილება N2016 და ზუგდიდის მაზრის შუამდგომლობა N881.ქუთაისიდან ზემოხსენებულ ქაღალდებს დაერთო პატიმრის ავადმყოფობის მოწმობით გამსახლის ადმინისტრაციის დადებითი აზრი მის ყოფა-ქცევაზე და მუშათა კომისიის შუამდგომლობა მის განთავისუფლებაზე. მე ვარ მასწავლებელი და მეძლევა 39 მან. სარჩენი მყავს 3 შვილი და დავრდომილი დედამთილი, ამავე დროს ხელს უწყობ ავადმყოფ პატიმარს. გთხოვთ შეხვიდეთ ჩემს მდგომარეობაში, აკმაროთ სასჯელი მის მიერ მოხდილი და გაანთავისუფლოთ და უპატრონო ოჯახს დაუბრუნოთ ის. იმედი მაქვს საბჭოთა ხელისუფლების სამართლიანობა და ლმობიერება გავრცელდება ჩემზედაც და არ ვიქნები გამონაკლისი. მთხოვნელი პაულინა დადიანისა

1926 . 2/VI.

 

მასალები აღებულია წიგნიდან: ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა და აჯანყებები საქართველოში

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.