ხეთის ტექნიკუმის შესახებ (1927 წ.)
ხეთის თემში საბჭოთა ხელისუფლებამ 1921 წელს გახსნა
აგრონომიული ტეხნიკუმი, შემდეგ გადაკეთდა ჰუმანიტარულ ტეხნიკუმად, ბოლოს კი ცხრაწლედათ.
1926–27 სამოსწავლო წლიდან სკოლას მიეცა აგრონომიული განხრა. გლეხობამ მოიწვია სამი
მასწავლებელი, რომლებსაც აძლევდა თვიურ გასამრჯელოდ გამგეს სამას მანეთს, ხოლო დანარჩენ
ორს 200 მან. თვითეულს საზაფხულო არდადეგების ჩათვლით.
გლეხობამ მშვენიერი მიწა დაუთმო სასწავლებელს. მთავრობამ
უსასყიდლოთ მოგვცა სამეურნეო იარაღები. სკოლა მდიდარია ბიბლიოთეკით, ფიზიკური და ქიმიური
ხელსაწყოებით, მაგრამ ყველაფერი ეს ეწყო უძრავად. მთელი წლის განმავლობაში პრაქტიკული
მუშაობა არ უწარმოებიათ. გლეხობას იმედი ქონდა, რაკი სასწავლებელი აგრონომიული განხრის
იყო, გააშენებდენ ბაღ-ბოსტნებს დაპირების მიხედვით. ყოველი თვის ბოლოს, რომ მასწავლებლები ჯამაგირი
არ მიეღოთ სკოლაში არ შევიდოდენ. მოწაფეებს, რომელთაც არ ჰქონდათ გადახდილი სწავლის
ფული, სასწავლებელში არ უშვებდენ. ამრიგად მრავალი გაკვეთილები გააცდინეს მოწაფეებმა.
დამთავრდა სამოსწავლო წელი და შედეგები კი არავითარი არა სჩანს.
მიმდინარე სამოსწავლო წლის დასაწყისში ისევ გვესტუმრენ
ხსენებული მასწავლებლები. ეკრიბეს გლეხობა და განუცხადეს: შემდეგშიც მოგვცემთ ისეთივე
ხელფასს, როგორსაც ვიღებდით – დავრჩებით, თუ არა და მთავრობა სასწავლებელს დახურავსო“. გლეხებმა არ ისურვეს ტყვილად ფულის გადაყრა და უარი
განუცხადეს. ასე შერცხვენილი დაბრუნდენ უკან მასწავლებელნი ი. ვართაგავა და ა. კაჭარავა.
გლეხობამ აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე არ დაეკეტა
სკოლა. მთავრობამ მიაქცია ყურადღება გლეხობის თხოვნას და მოავლინა შესაფერისი ცოდნით
აღჭურვილი მასწავლებელნი, რითაც დიდი კმაყოფილნი არიან სოფ. ხეთის გლეხობა.
გაზეთი „კომუნისტი“ N224, 1927 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.