05.12.2019

სოფელ ხობის მოურავის ფუნქცია-მოვალეობანი (1847 წელი)


თითოეული მაზრა იყო დაყოფილი რამდენიმე სამოურაოდ. ბროსსე წერს თავის მოგზაურობაში, ოდიშ-ლეჩხუმში სულ 12 მოურავი იყოო, მაგრამ მითხრეს, იმათი რიცხვი მეტი იყოო. თითოეულ დიდ სოფელს და რამდენსამე წვრილს თითო მოურავი ყავდა. მოურავები, ან როგორც დავით დადიანი უწოდებდა მათ საქართველოს მიმსგავსებით, ნაცვლები, სამოურაოში იცავდენ წესიერებას და ასრულებდენ უმაღლესის მთავრობის მოწერილობას. წერილობითი დებულება არც მოურავების მოვალეობას საზღვრავდა. მაგრამ რა ევალებოდა ნაცვალს, ეს სჩანს ერთს წერილიდამ. რჯულიც მიუცია დავით დადიანს 1847 წელს ხობის სოფლის ნაცვლის ბ ე ჩ უ ნ ა  ჯ ო რ ჯ ი კ ი ა ს ა თ ვ ი ს . აი რას ავალებს მთავარი მისგან ახლად არჩეულს თანამდებობის პირს:


კეთილშობილს, ხობის სოფლის ნაცვალს ბეჩუნა ჯორჯიკიას

აღშოგირჩიეთ რა ნაცვლად გ ი ო რ გ ი ჯ ო რ ჯ ი კ ი ა ს ი ნაცვლის წოდებაშიდ ხობის სოფელში, გაძლევთ შემდგომს დარიგებას:
ა) აღასრულებდეთ სიმართლით და გარდაუხვევლად ბრძანებათა და მონდობილებათა ჩემთა და მაზრის მდივანბეგის თქვენდა რწმუნებულ სოფელში.
ბ) რომ დღესასწაულზედ და ვნებათ კვირაში წირვა-ლოცვას არ დააკლდეს ერთი მცონარებით, თუ არ შეხვდეს დამაბრკოლებელი მიზეზი.
გ) იქონიეთ თვალ-ყური, რომ უზიარებელი არავინ მოკვდეს და თუ წირვა-ლოცვის გაცდენა ან უზიარებლად ვინმეს სიკვდილი მოხდეს და ბრალი დარჩეს მღვდელს, მაშინ არქიმანდრიტს აცნობეთ პირდაპირი მიწერილობით.
დ) უკეთუ სნეულება რაიმე გაჩნდეს კაცთა შორის თუ პირუტყვთა შორის, მაზრის მდივანბეგს მოახსენეთ და მეც მომახსენეთ მაშინვე დაუყოვნებლივ.
ე) ქურდობისა და მსგავსის მოქმედებისაგან დაიფარე ხალხი და თუ იმისთანა მოხდეს რაიმე, პირდაპირ მომახსენე მაშინვე.
ვ) გ ლ ე ხ ი - კ ა ც ი ა რ ა ფ ე ლ ზ ე შ ე მ ი წ უ ხ ო , დებულ გარდასახადის გარდა. აგრეთვე დაუნაშავლათ არავინ დაისჯება. კაცს თავის დანაშაული დასჯის ღირსებისამებრ. თუ ამას გარდახვედი, ჩემთან საშველი აღარ გაქვს, ვერავინ ვერ გიშველის ჩემგან.
ზ) მუშათა გამოწვევა თუ საზოგადო რამე შეხვთება მოთხოვნილება სოფელს, ზომიერათ იქმნას გაყოფილი, რომ აქამდი იცოდენ, ზოგს ხელს უფარავდენ და არ გამოყავდათ და ზოგი გამოყავდათ. ამათ ჯაფა მეორეთ ედებოდა და სიმძიმილათ უჩნდათ. ამიერიდგან ეს არ მოხთეს, თორემ ყოფაცხოვრებისაგან განვაყენებ.
ჱ) ჩემი შემოსავალი არაფერი დამაკლდეს, უმცირესიც.
თ) თუ ვინმე გაიქცეს სადმე გლეხი კაცი, გაქცევის მიზეზი, აგრეთვე სად წავიდენ, მყისვე მომახსენე რა რიცხვში და რამდენი სახელდობ.
ი) რაზედაც დათხოვილი ხარ, თუ ის ქენი, ჩემი ორგულება იქნება და როგორც ორგულს, ისე მოგეპყრობი და თუ აღასრულებ, მაშინ ერთგულება იქნება და როგორც ერთგულს, ისე წყალობას და სიბრალულს მიიღებ ჩემგან.

წყარო: იონა მეუნარგია, სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი. თბილისი, 1939 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.