28.07.2018

ჯაჯუ ჯორჯიკიას „მინიატურები“


მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა მწერალი და მთარგმნელი ჯაჯუ (კონსტანტინე) ჯორჯიკია. ჯ. ჯორჯიკია აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
კონსტანტინე ჯორჯიკია დაიბადა 1885 წელს სოფელ ნოჯიხევში (ხობის რაიონი). 1904 წელს ჩაირიცხა ვალაბრის (საფრანგეთი) სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრო-ბიოლოგიურ ფაკულტეტზე.1907 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ქუთაისის სკოლებში ასწავლიდა ფრანგულ ენასა და ბუნებისმეტყველებას; 1911 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის დამფუძნებელი წევრი; 1921-1931წწ. - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორი; XXს. 10-იანი წლებიდან მისი მინიატურები, მოთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში - "სახალხო გაზეთი", "იმერეთი", "კოლხიდა", "სამშობლო", "გრდემლი", "ოქროს ვერძი" და სხვა; იმდროინდელი ქართული კრიტიკა მის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდა; 1914 წელს გამოვიდა მწერლის თხზულებათა პირველი კრებული; 1925 წელს - მეორე - "ფერადი მოთხრობები"; ავტორია აგრეთვე ფრანგული ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისა.
ჯ. ჯორჯიკიას შემოქმედება მრავალმხრივ არის საინტერესო. ვისაც, ერთხელ მაინც წაუკითხავს მისი მინიატურები, არასდროს დაავიწყდება მწერლის სტილი და ლაკონურობა.
1925 წელს გამოიცა მწერლის მოთხრობების მეორე კრებული - „ფერადი მოთხრობები“. კრებულში შესული ყველა მინიატურა ერთნაირი მხატვრული ღირებულების არ არის, მაგრამ ზოგიერთი თამამად შეიძლება შევიტანოთ იგავური ან ფილოსოფიური ბელეტრისტიკის ქართულ ანთოლოგიაში.
წარმოსახულისა და რეალურის ურთიერთმიმართების საკითხი ისეთივე ძველია, როგორც თვით ლიტერატურა. მოთხრობა „თაიგული“ სწორედ ამ საკითხის მხატვრულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
მინიატურების ერთ-ერთი განსაკუთრებული ნიშანი ის არის, რომ მწერალი სიტყვების მინიმალური რაოდენობით ახერხებს გადმოსცეს ფილოსოფიური აზრები, ისე, რომ ეს გასაგები იყოს რიგითი მკითხველისათვის.
კრებულში შესულია რელიგიურ თემაზე შექმნილი მოთხრობები. მაგალითად, „სიყვარული“ -
მწერალი გვეუბნება, რომ ყველაფრის საფუძველდამდები და მაცოცხლებელი სიყვარულია. იქ სადაც სიყვარულია, ბოროტება მარცხდება და უკან იხევს.
კ. ჯორჯიკიას შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდა ცნობილი მწერალი გრიგოლ რობაქიძე - „ცოტა ხნის წინ გამოიცა ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ჯორჯიკიას ნაწარმოებების პირველი პატარა ტომი. სამეგრელოს მკვიდრმა თავის თავში შეკრიბა თითქმის ყველა სიმდიდრე საქართველოს ამ შესანიშნავი კუთხისა. სამეგრელო ძველი კოლხიდაა, საიდანაც სათავეს იღებს ქართული კულტურა, ის დღემდე რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ეთნოგრაფიულ ერთეულად. მუქ-ლურჯი ზღვის ნაპირები ქარივით მოაქანებენ აქეთ ტკბილსურნელოვან მითებს, რომელთა დამაბრმავებელ მდინარებაში დროდადრო ჩაგესმის ძველი ელადის გასხივოსნებული ფანტაზიის ნამსხვრევების ხმაური; უზარმაზარი ტყეების ქალწულებრივი სიიღრმეები უყვებიან მას ზღაპრულ ამბებს, რომელთა ჯადოსნურ ნახჭებში იგრძნობა გადამფრენი ფრინველების ლაღი ქროლა. ამ ორმა მომენტმა საბოლოოდ განსაზღვრა ჯორჯიკიას შემოქმედებითი ფანტაზია: ერთი მხრივ, ელინური მითოლოგიური ფანტაზიის გადამტვრეული სხივები; მეორე მხრივ, კი - კოლხიდური ხალხური თქმულებები“ (გრ. რობაქიძე - ომი და კულტურა, გამომცემლობა არტანუჯი, 2014წ.).
ცნობილ კრიტიკოსს, კიტა აბაშიძეს ჯ. ჯორჯიკია ოსკარ უაილდის ტიპის მწერლობის განმახორციელებლად მიაჩნდა.
ჯორჯიკიას შემოქმედებას დაბალ შეფასებას აძლევდა გალაკტიონი - „მე ვამტკიცებ, რომ ჯ. ჯორჯიკია, სრულიად უბრალო, ჯერჯერობით უსახო და, მართლაც, ყოველ გვარ პრეტენზიას მოკლებული მწერალია“ (გ. ტაბიძე, ახალი მწიგნობარი, 1915 წ.)
ჯ. ჯორჯიკია 1931 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, უმთავრესად პედაგოგიურ სარბიელზე (საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი, ყოფილი 23- სკოლა და სხვა); 1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი თბილისის ვაჟთა I საშუალო სკოლის დირექტორი იყო; მან დიდი წვლილი შეიტანა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გასაუმჯობესებლად, ფართო ასპარეზი დაუთმო მოსწავლეთა საგნობრივ, ლიტერატურულ, თეატრალურ და სხვა შემოქმედებას, ამასთან მოსწავლეებს უნერგავდა დიდსულოვნებასა და პატრიოტიზმს.
ჯაჯუ ჯორჯიკიას, როგორც საზოგადო მოღვაწესა და პედაგოგს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით იხსნებენ მისი მოსწავლეები.
მსახიობ ნინო ანჯაფარიძის მოგონება - ნუ ძალიან თბილისური... ჩემს ყოფილ პირველ საშუალო სკოლაში, ახლა გიმნაზია ჰქვია, ადრე დირექტორი ყოფილა ვათა და კოკა ჯორჯიკიების ბაბუა... ულამაზესი კაცი... ჯაჯუ ჯორჯიკია... მამას და ზურიკოს კი ასწავლიდა საუკეთესო მასწავლებელი ნინო ალადაშვილი (გაუთხოვარი)... მაშინ ბიჭები და გოგოები ცალკე სწავლობდნენ... ნინო უმკაცრესი ყოფილა... ერთხელაც, ზურიკოს თაოსნობით, გაკვეთილის წინ, დაფაზე ბიჭებს დაუხატავთ ის... სამ ასოზე რომ იწყება და მთავრდება... ქალბატონი ნინო კლასში შემოვიდა... შეხედა ნახატს და გამოიძახა ბატონი დირექტორი... ჯაჯუ შემოვიდა და ნინო ეუბნება: „ნახეთ, ამ უსინდისოებმა თვითმფრინავი დახატესო"... ჯაჯუმ დაფას შეხედა და ქალბატონ ნინოს ჰკითხა: „ქალბატონო ნინო, თვითმფრინავიც არა გაქვთ ნანახიო?...".
თენგიზ სიგუას მოგონება - „დავამთავრე პირველი ვაჟთა სკოლა. შესაბამის ოლიმპიადებზე ხშირად ვიმარჯვებდი. ეს სკოლა თავისი ორასწლოვანი ისტორიით იყო ცნობილი. განსაკუთრებით მახსენდება დირექტორი - ბატონი ჯაჯუ ჯორჯიკია - მწერალი-ნოველისტი. საინტერესო იყო მისი ზნეობრივი კრედო. იგი ფედერალისტი და ანტიკომუნისტი იყო. პარადოქსი მდგომარეობდა იმაში, რომ ბატონ ჯაჯუს ევალებოდა საბჭოთა კონსტიტუციის კურსის წაკითხვა, თუმცაღა არასდროს უსაუბრია ამ თემაზე. განათლება მას საფრანგეთში ჰქონდა მიღებული, შესანიშნავი მოუბარი იყო, მის გაკვეთილზე ბუზის გაფრენის ხმას გაიგებდით. ისტორიკოსიც იყო და ფილოლოგიც პროფესიით“.
 წელს, ჯაჯუ ჯორჯიკიას გარდაცვალებიდან 65 წელი სრულდება.


13.06.2018

ხობი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს მოგზარობათა წიგნის მიხედვით


ხობის მონასტერს მდინარის ნაპირზე აღმართული გორაკის თავზე მივაგენით. სიტყვა მონასტერი ქართველებში ყოველთვის ზუსტი მნიშვნელობით არ იხმარება: უფრო ხშირად იგი მხოლოდ ერთი უბრალო ეკლესიის აღმნიშვნელია. ხობი კი ნამდვილი მონასტერია.

ფრედერიკ  დიუბუა დე მონპერე




ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაცემული გრანტის „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“ ფარგლებში გამოსცა მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო წიგნი - ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ. წიგნში შედის ჟაკ-ფრანსუა გამბას „მოგზარობა“ (პარიზი 1826 წ.) და ფრედერიკ  დიუბუა დე მონპერეს „მოგზაურობა...“ (პარიზი 1839 წ.).
ზემოთ აღნიშნულ წიგნში უხვადაა ცნობები ხობის, ხობის მონასტრის, ხორგის, ბიის და რედუტ-კალეს (ყულევი) შესახებ.
წინამდებარე ტექსტში მცირე განმარტებებით შემოგთავაზებთ მონპერეს „მოგზაურობიდან“ ხობის წარსულთან დაკავშირებულ ფრაგმენტებს.
მონპერე ბიჭვინთის ეკლესიის აღწერისას ამბობს, რომ დაახლოებით 1390 წელს, ვამეყ დადიანს ჯიქებთან და ალანებთან ომში გამარჯვების აღსანიშნავად ჩამოუტანია მასალები და ხობის ეკვდერების გასწვრივ სამლოცველო აუშენებია და მისი ბრძანებით ზედ წარწერაც გაუკეთებიათ.

-„სამეგრელოს მთავარი ვამეყ დადიანი იძულებული გახდა, დიდი ლაშქრობა მოეწყო, რათა ამ კუთხის ხალხი, განსაკუთრებით კი ჯიქეთისა და ალანიის მკვიდრნი დაემორჩილებინა და აქ მშვიდობა დაემყარებინა. იხილეთ ზემოთ წარწერა, რომელიც მან ამ ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთებინა სამლოცველოზე, რომელიც მან ხობის ეკვდერების გასწვრივ ააშენა, როგორც მის მიერ მოპოვებული გამარჯვების ძეგლი“.
-„...მაგრამ ყველაზე უფრო საოცარი გახლავთ ის, რომ სვეტებისა და არქიტექტურის სხვა ელემენტების უამრავი ფრაგმენტი, რომელიც ვამეყ დადიანმა დაახლოებით 1390 წელს ხობის ეკლესიის სტოას ასაგებად წაიღო, აგრეთვე იგივე (ბიჭვინთის ეკლესიის. ლ.ღ.) სახისაა“.

მონპერე მხატვრულად და ლაკონურად აღწერს სოფელ ხორგას, მის ბუნებას, კლიმატს, სოფლის მეურნეობას...
- „სოფელი ხორგაც კი, რომელიც რედუტ-კალედან 10 ვერსზე იწყება და სიგრძით 14 ვერსამდეა, თხმელისა და კოპიტის უზარმაზარ ხეებშია ჩაფლული; შემოღობილ ადგილებში სიმინდისა და იტალიური ფეტვის ყანების (ქართულად ღომი) შუაში, ერთმანეთისაგან მოშორებით, ხის სახლებია ჩადგმული. მიუხედავად იმისა, რომ სიმინდი ჯერ კიდევ არ იყო ზრდადასრულებული, მისი სიმაღლე რვა-ცხრა ფუტს აღწევდა. აქაური მიწა კარგია, ნაყოფიერი, თიხიანი და ვარგისია ყველა იმ კულტურისათვის რომელიც კარგ, ტენიან ნიადაგს მოითხოვს. ღობის გაყოლებაზე ვაზი შავ თხმელაზე იყო ატყორცნილი და თვალისმომჭრელ ეფექტს ქმნიდა. ეს ადგილობრივი ჯიშის ვაზია და იგი არც ერთ კულტურაზე არ ახდენს ზეგავლენას. აბიბინებულ მდელოზე, რომელიც ამ მწვანე საფარის ქვეშ იყო გადაჭიმული, საქონელი ძოვდა. ხობის დინება მეტისმეტად მდორეა საფოსტო სადგურამდე, რომელიც სოფელ ხორგას ბოლოში, რედუტ-კალედან 26 ვერსზეა; აქ ღამე გავატარე საძაგელ ფარდულში, რომელიც წვიმისაგან ძლივს მიცავდა“.
მონპერე მეორე დღეს ახალი ცხენებითა და კაზაკების თანხლებით ხორგიდან ხობისკენ მიმავალ გზას დადგომია. ამ მონაკვეთში ის საუბრობს მეგრელი ქალების განსაკუთრებულ სილამაზეზე და სტუმართმოყვარეობაზე.
-„სახლები სოფელ ხობშიც ისევეა ერთმანეთისაგან დაშორებული, როგორც ხორგაში. ერთ-ერთ სახლს მივადექით და წყალი მოვითხოვეთ; ქალები და თვით ახალგაზრდა გოგონებიც კი შიშისაგან არსად გაქცეულან და არც დამალულან, როგორც მარწმუნებდნენ, პირიქით, მათ შორის ყველაზე უფროსი სწრაფად მოგვემსახურა. ყველაზე ახალგაზრდას, რომელიც არა უმეტეს თხუთმეტი წლისა იქნებოდა, ლამაზი სახის ნაკვთები და მშვენიერი ოვალური სახე ჰქონდა. ამგვარად, პირველად ვეზიარე ქართველი ქალების საქვეყნოდ ცნობილ მშვენიერებას“.
ამის შემდეგ მონპერე დეტალურად აღწერს ხობის მონასტრის არქიტექტურულ კომპლექსს და საინტერესო ცნობებს გვაწვდის ეკლესიის არქიტექტურის, სტილის და ოსტატების შესახებ. მონპერესთვის უჩვენებიათ გრძელი ბუკები, რომლებსაც, როგორც ღვთისმსახურებაზე მორწმუნეთა მოხმობის, ისე მტრის შემოსევის დროს მოსახლეობის გაფრთხილების ფუნქცია ჰქონია. ომიანობის დროს მონასტერი ციხესიმაგრის ფუნქციასაც ასრულებდა და ხალხს იფარებდა.

მონასტრიდან 6 ვერსის დაშორებით ბიის მთაზე ხობის მონასტრის არქიმანდიტრს პატარა სახლი ჰქონია. მონპერეს აქ რამდენიმე დღის გატარება ნდომებია, რათა სამეგრელოს ულამაზესი ხედებით დამტკბარიყო, მაგრამ კაზაკებს ტყეში გზა აბნევიათ და უკან დაბრუნებულან. ამის შემდეგ კაზაკებისა და მონპერეს გზა დღევანდელი სენაკის მუნიციპალიტეტს ტერიტორიაზე გრძელდება.

27.03.2018

რენე ჟირარი „პირველი ქვა“


თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო ერთ ასეთ ფენომენს - საზოგადოება როგორ რეაგირებს ადამიანის დაცემა-ამაღლებაზე (სიტყვათა ეს წყვილი გამოიყენება სიმბოლური და არა მორალური თვალსაზრისით). როდის ამბობს საზოგადოება „საკუთარ აზრს“, როგორია ბრბოს მოქმედების მექანიზმი და გადაწყვეტულების მიღების სტრუქტურა.
ზოგჯერ, ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ფარული უკმაყოფილება გააჩნია კონკრეტული პირის მიმართ, მაგრამ ამას საჯაროდ ვერ გამოხატავენ, ვერ ამოთქვამენ. რა აკავებს ადამიანებს თქვან ის რასაც ფიქრობენ?, როგორი „ამინდი“ სჭირდება მათ?
ამ საკითხებს ბრწყინვალე ესეი -
„პირველი ქვა“ მიუძღვნა ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა და რელიგიათმცოდნემ რენე ჟირარმა.
ჟირარი თავის ნაშრომში ერთმანეთს ადარებს ორ ტექსტს, რომლებიც ეხება ბრბოს მიერ ადამიანის ჩაქოლვას (ერთ შემთხვევაში მცდელობის).
პირველი ტექსტი იოანეს სახარებიდანაა - სახარებისეული ისტორია მრუში ქალის ჩაქოლვის მცდელობის შესახებ.
-მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით; მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი? ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე. მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა. მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. ხოლო, ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი. წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრამდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი? მან კი მიუგო: არავინ, უფალო და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარ სცოდავ (იოანე 8,3-11).
მეორე ტექსტი ეხება II საუკუნეში ქალაქ ეფესოში მოხუცი მათხოვრის ჩაქოლვის ამბავს.
-როდესაც ეფესოში ჭირმა დაიწყო გავრცელება, რომელსაც ვერაფერს შველოდნენ, აპოლონიოსთან დელეგაცია გააგზავნეს და სთხოვეს მას, ექიმი ყოფილიყო. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, იფიქრა, რომ მგზავრობა არ უნდა გადაედო და თქვა: „დაე, ახლავე წავიდეთ“. და მაშინვე ჩავიდა ეფესოში. ერთადშეკრიბა ეფესელები და მიმართა: „გამხნევდით, რამეთუ დღესვე შევაჩერებ ამ დაავადებას“. ამ სიტყვების შემდეგ კი მთელ მოსახლეობას თეატრში შეუძღვა, სადაც მფარველი ღმერთის გამოსახულებები იყო გამოსახული. სწორედ იქ დაინახა, ვიღაც მოხუცი მათხოვრის მსგავსი, რომელიც ოსტატურად ატრიალებდა თვალებს - ვითომ ბრმა იყო და ატარებდა პატარა ჩანთას... აპოლონიოსმა მათხოვარს ეფესელები შემოარტყა გარს და თქვა: „აიღეთ იმდენი ქვა, რამდენიც შეგიძლიათ და დაუშინეთ ღმერთების მტერს“. ეფესელები ვერაფერს მიხვდნენ და საცოდავი არსების ჩაქოლვის იდეით შოკირებულნი დარჩნენ. მათხოვარი კი განაგრძობდა ლოცვასა და მოწყალების თხოვნას. მიუხედავად ამისა, აპოლონიოსი არ ჩერდებოდა და განუწყვეტლივ მოუწოდებდა ეფესელებს მისი ჩაქოლვისკენ.. თუმცა, როგორც კი, ერთ-ერთმა ეფესელმა მათხოვარს ქვა ესროლა, მაშინვე დაინახეს, რომ ამ ვითომდა ბრმა კაცს, თვალებში ცეცხლი უგიზგიზებდა... დაუშინეს ქვები და მალე მის ადგილას ქვების გროვა დადგა. (რ. ჟირარის თხრობა ფილოსტრატეს “აპოლონიოს ტიანელის ცხოვრების“ მიხედვით).
ფილოსოფიის ანა-ბანაა, რომ აზროვნება არის ინდივიდუალური აქტი, ბრბოს აზროვნება და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. იმისათვის, რომ ბრბომ მიიღოს გადაწყვეტილება მას სჭირდება ხატი, ნიმუში, ბიძგის მიმცემი.
როგორც, ზემოთმოთხრობილი ისტორიებიდან ნათლად ჩანს ადამიანთ ჯგუფი ვერ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას, ვერ დგამს პირველ ნაბიჯს, ვერ ისვრის პირველ ქვას. აქ, მთელი სიმძიმე და აზრობრივი დატვირთვა სიტყვა „პირველზე“ ანუ თაურხატზე მოდის.
ამ შემთხვევას ჟირარი განმარტავს შემდეგნაირად: „ეფესელები მოხუცს, ისეთი გულმოდგინებით დაუშენენ ქვებს, რომ მათი მეტამორფოზა უბრალოდ გაოცებას კი არა, გაოგნებასაც იწვევს. ნუთუ შეიძლება, რომ ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ წესიერად იქცეოდნენ, უცბად გამხდარიყვნენ ასეთი არაადამიანურები? როგორ შეიძლება ასეთი საოცარი გარდასახვის ახსნა?
ამ კითხვის პასუხი ჩვენ მიერ გამოსაკვლევ გამოთქმაში ძევს. პირველ ქვამდე ხომ ყველაფერი ეჭვს ჰქონდა მოცული. ეფესელების ყოყმანი რომ გაგრძელებულიყო, აპოლონიოსის გეგმა ჩაიშლებოდა. მაგრამ, როგორც კი ის დაარწმუნებს ერთ ადამიანსაც კი - ესროლოს მოხუცს ქვა - მაშინვე ყველაფერი იცვლება.
რატომ ხდება ისე, რომ პირველი ქვის სროლა ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდრე შემდეგის? პასუხი ნათელია. პირველი ქვის სროლა იმიტომ არის რთული, რომ არ არსებობს მისაბაძი მოდელი. ნუთუ ისეთი მარტივი საქმისათვის, როგორიც ქვის სროლაა, მოდელია საჭირო? როდესაც სამიზნე ადამიანია, მოდელი საქმეს გაცილებით ამარტივებს.უფრო მეტიც, რაც უფრო მრავალფეროვანია მაგალითები, მით უფრო ადვილდება საქმე. მოდელების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება ჩაქოლვის რიტმიც და ინტენსივობაც. მხოლოდ პირველი ქვაა გადამწყვეტი.როგორც კი მას ისვრიან, ტალღებივით მოჰყვება დანარჩენებიც. ყველანაირი გონიერება და თანაგრძნობა სწრაფად გაქრება. სიცრუე და ძალადობა იმარჯვებს“.
სახარებისეულ ტექსტში მწიგნობრები და ფარისევლები იესოს მიმართავენ „ჩამჭრელი“ კითხვით: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით; მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი?. იესო ლოგიკური არგუმენტების ჩიხშია მოქცეული. მისი სწავლებიდან (ჰუმანიზმი) გამომდინარე ქალის ჩაქოლვას ვერ დაუჭერს მხარს; მაგრამ მეორეს მხრივ თუ შეეწინააღმდეგება მოსეს რჯულის (რომელიც მრუშობაში წასწრებული ქალის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს) დარღვევაში დაედება ბრალი. იესო კი ასე პასუხობს: ვინც თქვენს შორის უცოდველია, იმან ესროლო პირველი ქვა.
ისევ ჟირარს მოვუსმინოთ: „სანამ პირველი ქვა, როგორც უკანასკნელი დაბრკოლება, სახეზეა აზვირთებული მიმეტური ტალღის შეკავება შესაძლებელია. სანამ ადამიანები ყოყმანობენ, მათ შეუძლიათ, საკუთარ თავში ჩაიხედონ და მიხვდნენ, რამდენად ჰგვანან მსხვერპლს. როდესაც იესო ამბობს, რომ პირველი ქვა უცოდველმა უნდა ესროლოსო, მან ძალიან კარგად იცის, რომ თუ ეს ადამიანები კარგად განსჯიან (ღმერთი ადამიანის ნაცვლად არ იღებს გადაწყვეტილებებს და არც აზროვნებს, ლ.ღ.) საკუთარ თავს, აღმოაჩენენ, რომ ისინი ამ ქალს ჰგვანან...ქრისტეს სიტყვებმა მათ საკუთარი თავის რწმენა შეურყია და მძვინვარებაც გაუნელა. ბრბოს უგუნური ერთსულოვნების ნაცვლად, ვხედავთ ნამდვილ ინდივიდებს, რომლებიც ბრბოს ეცლებიან. სახარების ტექსტი ლამის ალეგორიულადაც შეიძლება წავიკითხოთ, როგორც ნამდვილი პიროვნულობის გამოჩენა პირველყოფილ ბრბოში“.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ერთი მხრივ მსგავს, მაგრამ ამავდროულად განსხვავებულ ამბებთან. ბრმის ჩაქოლვის შემთხვევაში სახეზეა ადამიანთა დაცემა. ჩაქოლვის პირველი მოწოდებისას ისინი შეყოვნდნენ, მათში დაიწყო სინათლემ შეღწევა, მაგრამ აპოლონიოსის დაჟინებულმა მოწოდებებმა საბოლოოდ დააბნელა ადამიანურობის ნაპერწკალი და ისინი უსახური ადამიანების კრებულად იქცნენ.
სახარებისეულ თხრობაში კი, პირიქითაა. აქ ხალხი მზადაა ჩასაქოლად, მაგრამ ქრისტემ, როგორც ადამიანური ბუნების საუკეთესოდ მცოდნემ მოძებნა ოქროს შუალედი, ადამიანებში დათესა-გააღვივა ინდივიდუალურობის მარცვალი - მათ მოახდინეს აზროვნების აქტი. ჩვენ წინ გათამაშდა დიდი მისტერია - ბრბოსგან ინდივიდის გამოყოფისა და ხელმეორედ დაბადებისა.