12.01.2026

ხობის "კოლხეთი" - თბილისის "მერანი"

 ამ თამაშზე მეც ვიყავი, მაგრამ კონცერტი არ მახსოვს - ეტყვებუ გალე გილებრულედი

1999 წ. - პირველი საშინაო მატჩი

ხობელები ჩემპიონატის გახსნას მეტად მონდომებულად და ორგანიზებულად შეხვდნენ. ხობში ჩასულთ პირველ რიგში განახლებული სტადიონი ხვდებათ თვალში. აქ მართლაც შრომატევადი სამუშაო ჩაუტარებიათ.


„კოლხეთი“ მეტად კოპწიად გამოიყურება. მატჩის დაწყებამდე კონცერტიც გაიმართა, იყო ყვავილები, მილოცვები და საერთო მხიარულება. ამასობაში 6 საათიც შესრულდა და გუნდები მოედანზე გამოჩნდნენ. როგორც გახსნის მატჩს შეეფერება, კაპიტნებმა ეროვნული დროშა აქაც აღმართეს, მაგრამ ეროვნული ჰიმნის ჰანგები აკლდა, რომ უფრო ამაყად აფრიალებულიყო.
ახლა თვით მატჩზე. პირველივე წუთებიდან ნათელი გახდა, რომ გულშემატკივარი ლამაზ ფეხბურთს იხილავდა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და პირველი ათი წუთის განმავლობაში თბილისელები, ფაქტობრივად, ცენტრს გამოღმა არ გამოუშვეს. დროის ამ მონაკვეთში გოლის გატანაც შეეძლოთ. პაატა ლურსმანაშვილმა უწყინარ სიტუაციაში შეცდომა დაუშვა და ლაშა ბუკია მეკარესთან პირისპირ გავიდა, იქ კი თავდამსხმელმა ძალიან დაახანა, კარში აღარ დაარტყა და რეალური საგოლე მომენტი ქარს გაატანა.
მე-15 წუთზე, როცა მოედნის ცენტრში ერთ-ერთი ორთაბრძოლისას ლევან თოლორდავამ ფეხი იტკინა და დაეცა, არბიტრმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა. სტუმრები თამაშის შეჩერებას მოელოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, ცენტრიდან გაჭრილმა ზაზა კვეკვესკირმა 20 მეტრიდან ძლიერად, ზუსტად დაარტყა და მეკარისგან მარცხენა, დაბალ კუთხეში გაიტანა — 1:0.
გოლმა გაამხნევა მასპინძლები და მათ კიდევ უფრო მწვავედ შეუტიეს. საჯარიმოს ხაზიდან ახლა უკვე ლევან გვაზავამ მიიტანა იერიში და ნაჭყებიამ დიდი გაჭირვებით მოიგერია ბურთი კუთხურზე.
ტაიმის მეორე ნახევარი კი სახიფათო მომენტებით დაიტვირთა. გუნდებმა, ფაქტობრივად, მოხსნეს დაცვა და უკანმოუხედავად შეუტიეს. რიგრიგობით იქმნებოდა საგოლე მომენტები ჯერ ერთ, მერე მეორე კართან, მაგრამ თავდამსხმელები სცოდავდნენ. ყველაზე რეალური მომენტი როსტიაშვილს ჰქონდა. მან მასპინძელთა მეკარის შეცდომა ვერ გამოიყენა, 12 მეტრიდან ვერ გაიტანა.
26-ე წუთზე გოლი მაინც გავიდა. მერანელებმა საჯარიმოში ჩააწოდეს ბურთი, იქ კი ლევან თოლორდავამ ყველას დაასწრო და თავით კარში გადაგზავნა.
ტაიმის ბოლოს სტუმრებს კიდევ ორჯერ ჰქონდათ გოლის გატანის შანსი. ამ დღეს მშვენივრად მოთამაშე თოლორდავამ ქუსლით დაუგორა ბურთი დავითაშვილს, რომელმაც ეს გადაცემა ვერ შეირგო და მეკარესთან პირისპირ გასულმა კარს ააცილა. ტაიმის ბოლოს კი თავად თოლორდავა ურტყამდა საჯარიმოს შიგნიდან, მაგრამ ბურთი ბადეს გარედან მოხვდა.
მეორე ტაიმი სანახაობრივად უფრო უინტერესო გამოდგა. ეტყობოდა, რომ ორივე გუნდის მწვრთნელებმა დაცვა გააძლიერეს და მეტოქეებიც უკანმოუხედავად აღარ უტევდნენ. თავიდან სტუმრები უფრო აქტიურობდნენ.
მჭიდრო მეურვეობით მათ გასაქანი არ მისცეს ხობელებს და სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ აშკარა საგოლე მომენტი ვერ შექმნეს. ბოლო თხუთმეტი წუთი კი მთლიანად მასპინძლების იყო და თითქოს გოლიც უნდა გასულიყო, მაგრამ ყველაზე რეალური მომენტი ხურცილავას ჰქონდა. თენგიზ ჭიჭინაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი მიწაზე დაუშვებლად, ძლიერად დაარტყა ხურცილავამ, მეკარემ რეაგირება ვერ მოასწრო, მაგრამ ბურთმა ჯვარედინს ჩაუქროლა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.