10.02.2022

"ქარტეხილებს შეჭიდებული" მწერალი ლემზარ გაბელია

 მწერალი და პედაგოგი ლემზარ გაბელია 1950 წლის 28 დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში (ზუბში) დაიბადა. ლ. გაბელიამ 1967 წელს დაამთავრა ზუბის საშუალო სკოლა. 1967-1972 წლებში სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ისტორიისა და ფილოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

ლ. გაბელია 1974 წლამდე მუშაობდა ხამისკურის (საქირიოს) სკოლაში, 1975-1976 წლებში - ზუბის საშუალო სკოლაში, 1977-1981 წ.წ. - ნოჯიხევის პროფესიულ სასწავლებელში, ხოლო 1981-2019 წლებში ქალაქ ხობის N1 საშუალო სკოლაში.

ლ. გაბელია სტუდენტობის წლებში  ქუთაისის მწერალთა კავშირის, ახალგაზრდა მწერალთა სექციის წევრი იყო.

2021 წელს გამოიცა ლემზარ გაბელიას პოეტური კრებული - „უნაპირობა ნაპირად“.


ქარტეხილებს შეჭიდებული

   ლემზარ გაბელია!

   კაცი ნათელი, დარბაისელი, განათლებული, მოაზროვნე, პოეზიასთან შეზრდილი, განსხვავებული აზრებით სხვათაგან განსახვავებული, ზომიერად ამაყი, სიტყვამოზომილი, გაწონასწორებული, თავმდაბალიც!..

   ეს ახლა, ამჟამად!..

    თორემ ახალგაზრდობაში: თავისებური, უცნაური, გაბედული, თავდაჯერებული, კალმახივით აღმა მიმავალი, კამეჩთან მოჭიდავე ხარი, გამჭოლი მზერითა და კვიმატი ენით, მაგრამ შინაგანი კეთილშობილებით!..

   ორმოცდაათი წელი დასჭირდა ამ სახეცვლილებას.

    დიახ! ნახევარი საუკუნე გააშალაშინა დროის მანქანამ და ვერაფერი დააკლო ჩვენს მეგობარს, ვერ გადაახვევინა მრუდე ნაბიჯებით მისი სავალი ბილიკებიდან!

    არანაირი წინააღმდეგობების წინაშე ქედი არასოდეს მოუხრია ზნეობრივად სუფთა სულის კავალერს!

    ღირსება არასოდეს დაუკარგავს ღირსეულს!

    მისთვის ჩვეული ზღვარგადაუსვლელი შემართებით ებრძოდა ყოველგვარ მანკიერს, მიუღებელს... ერთგულებდა ბავშვის სულს!..

     მართალი, ღონიერი სიტყვით მოძღვრავდა ახალგაზრდა თაობას და სანთელ-საკმეველიც მიიკვლევდა თავის გზას ჩუმად... მოკრძალებით!...

     დღეს, ჩვენო ლემზარ, 50 წლის შემდეგ, არნახული სიხარულითა და სიყვარულით მოგესალმებით თანაკურსელი „გოგო-ბიჭები“ და სამზეოზე გამოგვაქვს „ცხელი სისხლივით დანთხეული“ შენი მუხლმაგარი ლექსი - ცხოვრების პრობლემებთან ჯიქურ შეჭიდებული, მაგრამ ფრიად ნაალერსალი და ნასათუთარი!..

     დაე, შენი ძარღვიანი სიტყვა კვლავაც დიდხანს გაისმოდეს ახალგაზრდობის საჩირაღდნედ და ჩვენდა ნუგეშად, „ხობწყარის“ ნაპირებიდან, ლემზარ!

                                                                                                                                              ია ტყაბლაძე

 

                                                          ავტობიოგრაფია (ხელნაწერი)

მათოვარია

მათოვარია, მამაჩემო, დიდი ზამთარი!

ფრთხილად გამოდის უღიმღამო

ძველი სახლიდან,

ამაღამ შენი მოწყენილი,

ცივი საფლავი,

შეიმოსება თეთრი ბატკანის

თბილი მატყლითა.

მათოვარია, მამაჩემო,

სხვა რა გახარო?

ძველი ურემი დავშალოთ და

ახალს შევებით,

სხვა სიხარული დავრგეთ,

მაგრამ ვერ გაიხარა,

კვლავ ძველებურად

 გართულნი ვართ გადარჩენებით.

თურმე, ჭირიდან ათასია გამოსავალი,

ვიღაც მჯდარა და ჩვენს მაგივრად ფიქრებს მიჰქონდა,

მათოვარია, მამაჩემო!

თეთრი ცა არი,

სხვა არაფერი არც მე მსურს და

არც შენ გინდოდა!..

 

 

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.