18.02.2022

ქორწილის ტრადიცია და ქურდების დასჯა გაშფერდში

 სოფელი გაშფერდი (სამეგრელო)

სოფელ გაშფერდის მცხოვრებლებს მოსვენებას არ აძლევდნენ მეზობელ სოფლის ქურდები. გაშფერდელებმა დიდი ხანია იცოდნენ, ვინ იყვნენ ეს ვაჟბატონები. საცა რიგი იყო, გააგებიეს, მაგრამ ვერაფერი გაარიგეს. სიარული მოსწყინდათ, თავიანთ ბედ-იღბალს მუნჯურად ემორჩილებოდნენ. ავაზაკები სულ გათამამდნენ. მარტო ქურდობა არ აკმარეს. ძველებურ ბატონებივით გლეხებს შინაურ სამუშავოსაც ავალებდნენ. 

სეფა სამეგრელოში. მეცხრამეტე საუკუნე (მურიეს ნახატი)

  ვინც არ ემორჩილებოდა, სიცოცხლეს უმწარებდნენ. ზაფხულში ერთს გამოჩენილ ქურდს გაშფერდლები ყანის დასამუშავებლად გამოეწვია. ზოგი მისულა, ზოგი არა. ვინც მივიდა, იმათთვის ქურდს სადილად ძროხა დაუკლავს. სადილობის დროს მასპინძელს ღვინო აუღია და უთქვამს: კარგი, თქვენ რომ თქვენი ვალდებულება აასრულეთ; ვაი იმათ დღეს, ვინც არ დამეხმარა ყანის დასამუშავებლადაო. იმ ღამეს სოფ. გაშფერდში ორი უღელი ხარი დაიკარგა. დაკარგულის პატრონები მისულან ქურდთან. ქურდს ეთქვა: გუშინ ყანა რომ არ დამიმუშავეთ, ეს იმიტომ დაგემართათ; ოც-ოც მანეთს თუ მოიტანთ უღელ ხარში, მოგცემთ, თუ არა, არ შემიძლიაო. ძლივს თხუთმეტ-თხუთმეტ მანეთად გამოიხსნეს. მეორე ღამეს ცხენს რკინის ბორკილი ააკრეს. ქურდებმა პატრონს ოთხი თუმანი მოსთხოვეს. პატრონმა ფული ვერ იშოვა, ცხენი გადაკარგეს. ბოლოს ქურდები ისე გავარჯიშდნენ, რომ საჯაროდ იძახდნენ: გაშფერდელებს ხარებსა და ცხენებს კი არა, ცოლებსაც მოვპარავთო... ასეთმა თავხედობამ  გაშფერდლები მოთმინებიდან გამოიყვანა. შეგროვდნენ და გადასწყვიტეს: ქურდებს ჩვენც წავართვათ, თუ ჩვენი დაგვიბრუნოს, მივცეთ, თუ არა, ნურც ჩვენ მივცემთო. ღამე თუ ჩვენ სოფელში ვნახოთ ეს ქურდები, ვცემოთ, ახლა რომ გვჭირს, ამაზე უარესი რა დაგვემართებაო. ბოლოს გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანეს. წაართვეს ქურდებს: ცხენი, ხარი, კამბეჩი. ერთს კიდევ სცემეს. ქურდებმა ეს იწყინეს, როგორ თუ ჩვენ რამე გაგვიბედესო და დაეცნენ. გაშფერდელებიც მედგრად დაუხვდნენ. ერთის აზრით გამსჭვალულ გაშფერდელებს ქურდებმა ვერა დააკლეს რა. ამას სხვებმაც მიბაძეს და ამ დროებით ცოტა სიწყნარეა. საკვირველია ასეთი მოქმედება, მაგრამ ვინც ჩვენს ცხობრებას დაუკვირდება, ადვილად, მიჰხვდება, რამ გამოიწვია.

ქორწილი გაშფერდში

ქორწილის „სეზონი“ გათავდა და ცოტა თავისუფლად ამოვისუნთქეთ. სხვისი ქორწილი ბედნიერებაა, ჩვენებისათვის კი ნამდვილი უბედურება. ამას სხვას ვერ დავაბრალებთ, ქორწილში ვპატიჟობთ ვისაც ვიცნობთ და ვისთვისაც გამარჯობა გვითქვამს. ვალში ყელამდე ვძვრებით. გგონიათ ტყუილად ვპატიჟობთ? მართალია, მოპატიჟების ბარათში ვწერთ: დაგვეპატიჟეთ და მობრძანებითა თქვენითა განამხიარულეთ ოჯახი ჩვენი, დავშთებით თქვენი პატივის მცემელი კოსტა ქუჩუიას ძე, ამ სიტყვებში იგულისხმება, გარდასაგდები ორ მანეთზე ნაკლები არ მოიტანოთ, ერთ მანეთს უკანასკნელი ყაზახიც მოგვიტანსო. (ასეა მიღებული, ქორწილში მანეთზე ნაკლები გადასაგდები არ იციან: თუ ცოტა რამე მოყეარეა, ხუთ მანეთიდან ოცდა ხუთ მანეთამდე უნდა მოუტანოს, შეძლებაზეა დამოკიდებული). როცა მოპატიჟების წერილებს ღებულობ (ასეთი წერილები ხშირია ოქტომბერსა და ნოემბრის პირველ ნახევარში), მხიარულების მაგიერ უკმაყოფილება გებადება. სად ვიშოვნო გადასაგდები. ოჯახობა შიმშილით მეხოცება, ის კი მწერს გაამხიარულე ოჯახი ჩვენიო. რომ არ წავიდე, დამემდურება, თუ საჭირო კაცია, გაჭირვების დროს ერთი ორად მაზღვევინებს, მეზობლებიც დამძრახავენ, რა კაცია, ქორწილში არ გამოდისო. გგონიათ მასპინძელი მოგებაშია? იშვიათია ისეთი ქორწილი, მასპინძელს რამდენიმე თუმანი ვალი არ დაედოს, რადგან სტუმარიც და მასპინძელიც ორივე წაგებული, უეჭველში მესამე ვინმე უნდა გებულობდეს. დიაღაც ასე გახლავს! ეს მესამე არის ღვინის და ხორცის ჩარჩები. ასევე სჩადიან ვითომ და განათლებული მღვდლები. ერთ სოფელში მღვდელმა რძალი მოიყვანა და რძალი მოიყვანა და დიდი ქორწილი გამართა. „გოჭარილი“ სამი დღის განმავლობაში  ყუმბარის გრიალით ხუთმეტ ვერსის მანძილზე გაისმოდა. (ეს პატარა ყუმბარა თავად ჩიჩუებს ეკუთვნით; ამბობენ, ყოფილ მთავარის ნაჩუქარიაო; როცა დიდ ქორწილს გამართავენ, ამ ყუმბარას იქირავებენ, ან ინათხოვრებენ. და ქორწილის აღსანიშნავად ისვრიან). მღვდელს 1500 მანეთამდე ხარჯი მოსვლია, შემოსავალი კი 1400 მანეთი ყოფილა. ასეთივე „მოგება“ რჩება სხვებსაც, მაგრამ თავს ვერ ანებებენ.

 „ცნობის ფურცელი“ 1904 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.