13.10.2020

პრესის მასალები ხორგაში სკოლის დაარსების შესახებ

 გთავაზობთ, XIX საუკუნის პრესის მასალებს ხორგაში  სკოლის დაარსების შესახებ.

„... სწავლა-განათლების სურვილმაც იჩინა თავი ამ ბოლო დროს ხორგაში. ადგილობრივმა საზოგადოებამ რაკი ნახა, რომ მათი შვილებისათვის სასოფლო სკოლა აღარა კმარა, მაშინვე შეუდგა ორკლასიანი ნორმალური სასწავლებლის დაფუძნებას ხორგაში.

ამ საქმის შესახებ მომხდარ კრებაში, ივნისში მდგომარე წლისა, სახალხო სკოლების დირექტორების დასწრებით, გარდასწყვიტეს ზემოხსენებული სკოლის დაარსება. დამტკიცებისთანავე ხორგაში ორკლასიანი სასწავლებლისა, საზოგადოება პირობით შეეკრა ერთს პატიოსანს პირს სასწავლებლის სახლის აშენებაზედ და ამ პირმა უნდა ჩააბაროს საზოგადოებას სახლი სექტემბრის დამლევს, რისთვისაც აღუთქვეს 1200 მან. ამ საქველმოქმედო საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ბ. პახვალა როსტომის ძე ლიფონავას, რომელმაც პირველად აღძრა ხალხში ამ საგანზედ ლაპარაკი და დაბოლოვებისთვისაც დიდი შრომა გასწია“.

„დროება“, 1885 წ. N175

„სწავლა-განათლების სურვილმა აქაც იჩინა თავი. აქ წლეულს გამართეს ორკლასიანი სასწავლებელი და ამ სასწავლებელში ასამდე შეგირდი ითვლება. გლეხობამ ამ საქმისათვის არაჩვეულებრივი სიუხვე გამოიჩინა: თუმცა შენობა გლეხებს 2500 მანეთი დაუჯდათ, მაინც შეადგინეს განაჩენი, რომ ყოველწლივ იხადონ სკოლის სასარგებლოდ 600 მანეთი“.

„ივერია“, 1886 წელი N234

 „ჩვენ, ხორგელები, დიდი მადლობელნი უნდა ვიყვნეთ მასწავლებლის ბ-ნის ცხაკაიასი, რომელმაც მოსვლისთანავე აღძრა კითხვა სასწავლებლის გაუმჯობესობაზე. ცხაკაიას მეცადინეობით გადაკეთდა ჩვენი ერთ-კლასიანი სკოლა ორკლასიანად. შესდგა განაჩენი და მიერთვა თხოვნა საზოგადოებისაგან საერო სკოლების დირექტორს, წარსადგენად უმაღლესის მთავრობისადმი, რომ ჩვენი სასწავლებელი დამტკიცდეს ორ-კლასიან სამინისტრო ნორმალურ სასწავლებლად. დამტკიცებას დღე-დღეზედ მოველით. წელს დირექციის შემწეობით ბ-ნმა ცხადაიამ ააშენა მშვენიერი საყაჭე სახლი სასწავლებლის გვერდზე...“.

„ივერია“, 1888 წ. N127

 „მკითხველებს ეხსომებათ, რომ წარსულს 1886 წელს, სოფელ ხორგაში დაარსეს ორ-კლასიანი სასოფლო სკოლა, რომლის შესანახავად საზოგადოებამ იკისრა 600 მანეთის ხარჯი ყოველ წლიურად. წელს ხორგელები კიდევ უფრო წახალისდნენ. ამ ექვსას მანეთის ხარჯს არ დასჯერდნენ და დაადგინეს ყოველ წელიწადს ხარჯონ 1.300 მანეთი იმავე სკოლის შესანახავად. აგრეთვე ითხოვეს ზემოხსენებულის სკოლის ორ-კლასიან ნორმალურ სამინისტროს სასწავლებლად გადაკეთება. შესანიშნავი ის იყო, რომ მთელს საზოგადოებაში, რომელიც შესდგება 750 კომლიდგან, არავინ არ აღმოჩნდა სკოლის მოწინააღმდეგე...“.

„ივერია“, 1887 წ. N195

საეკლესიო-სამრევლო სკოლები ნივთიერად ჯერ იმავე მდგომარეობაში არიან, როგორშიაც წარსულ წლებში იყვნენ, სამღვდელოება, რომელზედაც ამ სკოლების ბედ-იღბალი არის დამყარებული, შესაფერად მოქმედებს, ხშირად თავის ხარჯით ხსნიან სკოლებს, სადაც თვითონ ინიშნებიან მმართველად და საღმრთო სჯულის მასწავლებლად. სამღვდელოება რომ ნივთიერად უზრუნველი იყოს, ამ კეთილ საქმისათვის ის არ დაშურავს თავის საშვალებას, აი  მაგალითიც; სოფელ მესამე ხორგის (ზუგდიდის მაზრაშია) მთავარ-ანგელოზის ელკლესიის მღვდელმა მ. ნიკოლოზ დათუაშვილმა (რომელსაც 1897 წელში დაენიშნა ხაზინიდან დამატებითი ჯამაგირი), თავის სამრევლოში თავის საკუთარ სახლში 1894 წელში შინაურად გახსნა წერა-კითხვის სკოლა, წარსულ სექტემბერს გადააკეთა ერთკლასიანად, რომელსაც შესწირა ორ-თვალი სახლი, შესაფერად გაწყობილი და ორი ქცევა მიწა, მდებარე ირგვლივ სკოლისა, ღირებული 600 მ, სახსოვრად მისის იმპერატორებითის უმაღლესობის დიდის მთვრინა  ტატიანა ნიკოლოზის  ასულის  დაბადებისა. ამ შეწირულების შესახებ საჭირო საბუთი ადგილობრივის ბლაღოჩინის ... ამ შეწირულობის შესახებ საჭირო საბუთი ადგილობრივის ბლაღოჩინის ა. ქვარცხავასაგან რაპორტით იქმნა შემოტანილი სამოსწავლებლო რცჩევის ზუგდიდის  მაზრის განყოფილებაში წარსადგენად სადაც ჯერ არს, ზემო აღნიშნული შეწირულობა დღეს სამოსწავლებლო რჩევის განკარგულებაში არის. მ. დათუაშვილი პირველად მღვდლად მსახურებდა ს.ჭალადიდში(სენაკის მაზრაშია), სადაც მან გააკეთა ნავები მუქთად სახმარებელნი, გზები, ხიდებიც და სკოლაც ჰქონდა  გამართული. სჩანს, რომ მ. დათუაშვილ თვითონ მესამე ხორგის სამრევლო სკოლის მმართველი და საღმრთო სჯულის მასწავლებლად არის დანიშნული. სწორედ პატივის და ყურადღების ღირსია მამა დათუაშვილი ამ კეთილი  საქმისთვის, ღმერთმან ინებოს  ამ კეთილ საქმეში ხსენებულ მოძღვარს მიმბაძველნი აღმოაჩნდნენ.

„მწყემსი“, 1898 წ. N2









 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.