გთავაზობთ,
პროფესორ ლევან ღვინჯილიას მიერ, 2014 წელს სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციას
ხობის რაიონის სოფელ ახალი ხიბულიდან მუზეუმში მეგრული საცხოვრისის ტიპობრივი ნიმუშის
გადატანის შესახებ.
„ეს საჯალაბო
სახლი, ამჟამად, კუს ტბაზე მდებარე მუზეუმის ექსპონატია.
იგი აგებულია
მე-19 საუკუნის შუა წლებში (დაახ. 1850წ.) და მუზეუმმა შეიძინა 1972 წლს, როგორც ძველი
მეგრული საცხოვრისის ტიპობრივი ნიმუში.
დღეს,
2014 წლის 28 სექტემბერს, მუზეუმის ხელმძღვანელობამ დამდო პატივი, დავსწრებოდო ამ საცხოვრისის
რესტავრაციის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებას.
მინდა ყველას
უღრმესი მადლობა მოვახსენო ჩემთვის ესოდენ სასიამოვნო წუთების მონიჭებისათვის.
იმ წელს, როცა
ეს სახლი თბილისში ჩამოიტანეს, მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და
მას შემდეგ ამ მუზეუმის სტუმარი არაერთგზის ვყოფილვარ; საამისო საბაბიც მქონდა.
1976 წელს
მუზეუმის დასათვალიერებლად წავედით მე და 80-ს გადაცილებული ბებიაჩემი, რომელიც იმხანად
თბილისში მყავდა ჩამოყვანილი და პირველი შვილის - უჩას გაზრდაში გვეხმარებოდა მე და
თამარს.
ბებიამ არ
იცოდა, სად მიმყავდა. როცა ეზოში შევედით, მკითხა, მასპინძელი არ ჩანს და ეს სად მომიყვანე,
ვის სახლში ვართო, მე სიტყვა ბანზე ავუგდე და ამასობაში სამზადის წინ მდგარ ოდა სახლს
გვერდი ავუარეთ;
ბებია უცებ
გაშეშდა... რაღაც გაურკვეველი სიტყვები წამოიძახა, მერე გაოცებისაგან ჯერ - დიდუუ,
ეს სად მომიყვანე, შენ შემოგევლოს ბებიაშენი, რას ვიფიქრებდი, თუ მე ამას კიდევ ვნახავდიო
და მისი ბაგეებიდან ერთად გადმოიღვარა შეცხადებისა და სიხარულის ერთმანეთში აბურდული
ლოცვა-დატირება-მოთქმა. მერე სახლს მიუახლოვდა.... მის კედლებს ხელისგულებით ეფერებოდა
და ლამის ადამიანივით კოცნიდა....
დიახ! ეს ის
სახლი იყო, სადაცა ( 1914 წელს ) ფაშუ ბებია - ჭანტურიას ქალი, პატარძლის სტატუსით
მიიყვანეს და მას მერე მთელმა მისმა ცხოვრებამ (ლუკა ბაბუასთან ერთად) ამ სახლში გაიარა.
აქ გააჩინეს
და გაზარდეს შვიდი შვილი - მამაჩემი და 6 ბიძა-მამიდა, რომელთაგან ამჟამად მხოლოდ ერთიღაა
ცოცხალი - ციალა მამიდა.
ამ სახლში
გაირბინა მთელმა ჩემმა ბავშვობამ სოფელ ახალ ხიბულაში (ხობის რ-ნი).
დღეს კი ჩემი
წინაპრების საჯალაბო სახლი, ჩინებულად აღდგენილ-განახლებული, სტუმრებს იღებდა.
შუაცეცხლზე
ახლადჩაზელილი ღომი ფშვინავდა და იქვე მაღლა ჩამოკონწიალებული, დასაჭრელად გამზადებული
შებოლილი მეგრული სულუგუნი თითქოს ცხელ ღომზე მეპატიჟებოდა.
არ ვიცი, სხვებს
რა განცდა ჰქონდათ, მაგრამ მე კი გულმკერდი მითრთოდა და ყელში ბურთად მობჯენილ ზლუქუნს
ძლივს ვიკავებდი.
ეტყობა, ამასობაში
მეც წლები მომეძალნენ და სიყმაწვილესთან პირისპირ შეყრამ ცოტა არ იყოს წამახდინა.
"ვაჰ
დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარდ, წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად"...
(მოჭარბებული სენტიმენტების გამო მკითხველს ბოდიშს ვუხდი)“.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.