ცნობილი მეცნიერი ზურაბ კიკნაძე ხეთის მთავარანგელოზის ხატის მაგალითზე განმარტავს მფრინავი ხატების მითს.
ფოტო: ირაკლი შონია
„ბარიდან, დაბლობიდან მაღლა აფრენა ჯვარისა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა ჯვარ-ხატების ისტორიაში. ჯვარს აღარ მოსწონს თავის საარსო ადგილი და მაღლა მიფრინავს. შარდენი თავის «მოგზაურობაში» მოგვითხრობს ხეთის მთავარანგელოზის ხატის ამბავს, რომელიც მას ადგილობრივ მცხოვრებთაგან მოუსმენია: «...ამბობენ, რომ ეს ხატი თავდაპირველად ჭაობის მახლობლად მდგარ ეკლესიაში ესვენაო; აქ უამრავი ბაყაყი ყოფილა, რომელთა ყიყინსაც გაუბრუებია; მოქანცული ხატი მთის წვერზე გაქცეულა...» (89, 154). ეს არის ერთი უძველესი წერილობითი დადასტურება მფრინავი ხატების არსებობისა ქართველთა რელიგიურ წარმოდგენებში. ასევე დაბლიდან მაღლა არის აფრენილი ზემო სვანეთის განთქმული სიწმიდე — ე.წ. შალიანის ხატი (რომელიც წარმოადგენს ჯვარს მაცხოვრის გამოსახულებით); თამარ მეფის ნაჩუქარი ეს ხატი ჯერ სოფელ ადგილას ესვენა, მაგრამ რაღაც მიზეზით ამ ადგილიდან აფრენილა და კალის მთის მწვერვაზე დაფრენილა, სადაც მას ეკლესია აუგეს და შიგ დაასვენეს (97, 149). დაბლიდან მაღლა აფრენილი და მთაზე დაარსებული ჯვარ-ხატების ამბები, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საყმოთა ანდრეზებშია შემონახული. ჯვარი გაურბის ამ წუთისოფლის «ჭაობს», იმ ადგილს, რომელიც უკიდურესად დალახულია ადამიანის უწმინდურობისაგან. ხშირად ადამიანური ყოფა, რომელსაც გაურბის ხატი, მის მიერ მოშენებული, უწმიდური ცხოველებით არის გასიმბოლურებული. მაგ., ხადის მთავარი სალოცავი ხატი — «ბეგოთ საღვთო» ადრე ბეგოთ-კარის ციხეში ყოფილა დაბრძანებული, მაგრამ მამლების ყივილსა და ღორების ჭყვიტინს ისე შეუწუხებია, რომ ერთ მაღალ მთაზე აფრენილა ახალი საარსოს საძებნელად. ამ ახალ, მაღალ საბრძანისში დაარსებულს უნდა მიეღო ახალი სახელი «საღვთო მაღალი», როგორადაც ცნობილია ის ხადის საყმოებში. «საღვთო მაღალის» სახელით ცნობილ სალოცავებს, რომლებიც მთიულეთ-გუდამაყრის მაღალ მწვერვალებზე არიან დაბრძანებულნი, ყველას ამგვარი თავგადასავალი უნდა ჰქონოდათ“.
წყარო: ზურაბ კიკნაძე „ქართული მითოლოგია“, 1995 წელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.