18.09.2020

ლეგენდა ტბა პაპანწყვილის შესახებ

    გთავაზობთ საინტერესო მასალას -ლეგენდას პაპანწყვილის ტბის შესახებ.

                                                   პაპანწყვილი (ხალხურიდან)

აქაფებული ხობის წყლის პირას არის ერთი ნასოფლარი. ეხლა, იქ შუაგულ მოედანზე, პატარა მრგვალი ტბა მოსჩანს, მზის სხივებზე ვერცხლის ფერად რომ ლაპლაპებს... ეხლა იქ მეტი არაფერია გარდა ტბისა, ავდარში მის ზედაპირზე ქარი რო სისინებს შხამნარევი. ყველა ერიდება მას, არც არავინ გაიხედავს მისკენ და თუ მგზავრი გზის შესამოკლებლად გვერდს ჩაუვლის ბილიკზე მავალი; ამ ადგილს ზიზღით აუვლის, მაგრად მიაწყევლის, სამჯერ პირზე ჯვარს გამოისახავს და სამჯერვე გაიფურთხებს: „ფუი ეშმაკს, დალახრულს, წაბილწულს, ჯვარი მწყალობს, ილორი თავს მადგია... უვნები ვარ ბილწისგან“.



ეს ადგილი ოდესღაც წვანით იყო მოსილი და სიცოცხლე ჰხარობდა, სოფელი ლაღობდა და სიცოცხლეს ეტრფოდა.

სოფლის მოედანზე კიდევ სამკაულივით თეთრი ეკლესია იდგა და ერი ღვთის სიტყვას ისმენდა. სოფელს გარშემო ტყე აკრავდა, ტყე უტეხი, გაუვალი და ნარეკალით გაბინდული... მთის კალთებიდან შქერის სურნელება მოდიოდა.

ცხოვრებით ტკბებოდა ყველაფერი... გარჯა იყო სოფლის ხვედრი, და გამრჯელს ყხვად სწყალობდა უფალი ღმერთი. მისთვის არაფერს იშურებდა და სოფელიც ლაღობდა. თუ ვინმე უცხო გამოივლიდა სოფელში, მაშინ ატყდებოდა ხოლმე ძაღლების ყეფა... ჯერ ბოხი ხმით რომელიმე ქოფაკი წამოიწყებდა, მისი ხმა ზარასავით მოისმოდა სოფელში, მას ბანს მისცემდა მეორე უფრო მიმყოლი ხმით, მესამე... და მათი ხმა სოფელს შორდებოდა და მთის კალთებზე იფანტებოდა, შორს მისწყდებოდა ხოლმე. ბინდისას, ნახევრად კარგამოღებულ ფაცხებიდან მოსჩანდა ყებურზე დანთებული ცეცხლის გამოკრთომა, გარშემო რო შემოსხდებოდნენ ოჯახის წევრები. ზაფხულობით დამამშვრალი ადრე იძინებდა და ადრე დგებოდა. დღე იყო დიდი და ღამე მოკლე, მაგრამ ზამთრისას მთელი სოფელი ყებურზე აგუზგუზებულ მორს უსხდა და ზღაპრებით ლევდა ლარივით გაბმულ გრძელ ღამეს, სოფელს რო შემოსალტოდა. ზღაპრის მლეველი ალბად მორი იყო ურთას მთიდან ჩამოზიდული... მუგუზალივით რომ დაიფერფლებოდა და ანთებული მუგუზალის შუქით მთელი სახლობა ბუნაგს მოსძებნიდა. მუგუზალი იყო ფაცხას რომ ანათებდა და მისი ჭუჭრუტანიდან გამომკრთალი ალი, ტყიდან მოვარდნილ მშიერ მგელთა ხროვას თვალებს უკორტნიდა.

სოფელი რომ მოშენდა, პირველად სალოცავი ააგეს. რაშზე ამხედრებული თეთრი რაინდი ეკლესიის ეზოში მოწიწებით დაასვენეს და მრევლი მიწად გაკრული ხოტბას ასხამდა რაინდს უძლეველს, მზის ცხელი სხივებით რომ ჰქონდა პირი დამშვენებული.

ღვთის სახლი მოსავლელად საბა მღვდელს ჩააბარეს და სულზე ზრუნვა მას მიანდეს. საბა ღარიბი იყო და წვივები ძონძადქცეული პაჭანიკებით ჰქონდა შემოსუდრული. გაცვეთილი შავი კაბა მუხლებამდე ძლივს ატანდა, მაგრამ სოფელმა ფული მოუგროვა და სახარბიელოდ შერმოსა საბა მღვდელი. საბა მოღონიერდა, რადგან სოფელი ღონიერია... ღმერთმა ხელი მოუმართა. სოფელმაც შეიყვარა, გული გაუხსნა, გამდიდრდა პაპა. ძველ სამოსელს ვერ იგუებს მოძღვარი.. ახლად მოირთო. დამშვენდა. სასიამოვნო გახდა. ჯალაბიც მოიმრავლა. ოთხფეხა და წვრილფეხა უთვალავი გაიჩინა. გალაღდა საბა. ძველი ბინადარი არ უნდა, ახალი სწადია, სასახლის აგება განუზრახავს... სოფელს უნდა დაჰყურებდესო მთის მწვერვალივით.

გაჩაღდა სამუშაო... აუარებელი მასალა მოზიდეს... ქვა ჯახუთს მოთალეს ქვის მთლელებმა. სახურავი ხეთას შეუკვეთეს, დირეც იქიდან მოზიდეს და ყულევიდან კიდე ნავებით ამოიტანეს საშენი ნიგვზის ხეები, დახერხილი და გამზადებული. უთვალავმა მუშამ მოიყარა თავი საბა მღვდლისას... სოფელიც არ დარჩა განზე და უსასყიდლოდ წაეშველა სოფლის მოძღვარს... საბაც დაფაცურდა, მათთვის სულაც არ იშურებს.

სასახლე აშენდა...

იგი ეხლა სოფელს დაჰყურებს თავმომწონე პატარძალივით. საბამ ლხინი გამართა საოცარი. ეზოში ფანჩატურები გამართეს. საბას მსახურებმა ღოროტოტო დაუკრეს, დამამშვრალნი სადილად იხმეს. შუა ადგილას ვეებერთელა კარდალების ქშინვა მოისმოდა. გრძელ ტაბაკზე ჯამები დაალაგეს და ხონჩით შემწვარი თხის ხორცი დანაჭრებული. ჭრელი დოქებით ღვინო ჩამოარიგეს. საბამ მეტანია გადაიხადა და ღმერთს შეავედრა დამამშვრალნი.

სუფრას შემოუსხდნენ... თამადამ, მხარბეჭინმა ქიტამ, მხრებზე 99 წელი რომ დასდგომოდა ჯიხასავით, პირველი ყანწით უფალი და ქართველი ერი ადიდა განუყრელად.

ოჯალეშმა თავისი ქნა და ფანჩატურებიდან „დელია-ააბადელია“ გაისმა. ამ დროს ნაგაზმა შეჰყეფა და ძონძებში გახვეული ვინმე ყარიბი შემოვიდა უცხოდ ვლილი. მათხოვარს წვივებიდან სისხლი სდიოდა. მათხოვარი სუფრაზე დაიწვიეს.

მოილხინა საბა მღვდელმა. მოილხინა მათხოვარმაც. სადილი ყველას ეამა უჩვეულოდ.

„ასეთი მარილიანი ხორცი ჯერ არ მიგემებია“-

„ქაცარის ხორცი გემრიელია, დაბრაწული“

‘ქაცარის ხორცი მეც მქონია-

„მაგრამ ასეთი გემრიელი არ ყოფილა“.

გაიძახოდნენ მუშები და მადლიანად ილუკმებოდნენ. საბა მღვდელი გულუხვი იყო და მარილიან ქაცარის გემრიელ ხორცს, ცეცხლზე დაბრაწულს, მეტი გულუხვობით აძალებდა სტუმრებს.

ეს ქაცარის ხორცი როდია!

წამოიძახა მათხოვარმა, ძლივს რომ მოჩანჩალდა ეზოში მოშივებული.

-ეს ძაღლის ხორცია!

სთქვა ყარიბმა და ლუკმა პირიდან გააგდო. შეზიზღებული.

„ტყუილია“

„მართალია“

„საბა ცრუა“

„წაბილწული“

ირეოდნენ ხმები.

საბა პირჯვარს იწერდა და გახელებულთ ამშვიდებდა. ბრბო წამოიშალა განრისხებული... სამზარეულოს მივარდა. კერაზე კვლავ ბრაწავდნენ გატყავებულ ძაღლებს.

მათხოვარმა ხელები აღაპყრო ზეცად... ღმერთს მრისხანება სთხოვა... ცამ ისმინა მისი ვედრება, ზეცა განრისხდა... ცის კაბადონზე ღრუბელთ ლეგიონი გამოჩნდა შავად მღელვარი... მზემ სხივი მიმალა... ლურჯი ცა მრისხანებად იქცა, ლეგა ღრუბლები ზღვის ტალღებივით აზვირთდა... ცამ დაიგრიალა, მიწა შეზანზარდა... მიწამ პირი დააღო და მის ნაპრალებიდან ცეცხლის ალები ამოსკდა.

სოფელი გარბოდა თავზარდაცემული.

უცებ ინათლა...

მზემ კვლავ სხივი სტყორცნა ცოდვილ დედამიწას და საბა მღვდლის ნასახლარზე ტბა ამოტივტივდა.

„პაპანწყვილი“ დაარქვეს მას და ის ადგილი ხალხმა შეიზიზღა.

მინდია ლაშაური

წყარო: გაზეთი „ქართული აზრი“ N77, 1967 წელი, ნიუ იორკი.

ავტორის შესახებ: https://gnostikosi.blogspot.com/2019/07/blog-post_18.html

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.