21.04.2020

საბჭოთა სისტემის მიერ დევნილი ხიბულელი ექიმი დიმო ცხონდია

საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცეული, დიმიტრი (დიმო) ცხონდია იძულებით ემიგრაციაში ისე გარდაიცვალა, რომ სამშობლოში დაბრუნებაზე, სოფელში პატარა სახლზე და მთის მდინარეში ბანაობაზე ოცნებობდა, მაგრამ რეპრესიების ეშინოდა. რეპრესიების, რომელიც ბევრჯერ გამოიარა.
დიმო ცხონდიას შვილიშვილი ლირა არაჩემია გვიყვება, რომ ბაბუა არ იზიარებდა ბოლშევიკების იდეებს, რის გამოც გადაასახლეს სოლოვეცკის კუნძულებზე.

„ის იყო დედაჩემის, მარგო ცხონდიას მამა. დაიბადა 1903 წელს 15 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, შეძლებულ ოჯახში. დედამისი ჯიშკარიანის ქალი იყო. მამამისი სოფელში ყველათვის პატივსაცემი კაცი იყო. ასეც ეძახდნენ. ირკოჩიშ მორდია, (ყველას ნათლია) რომელიც ასევე იმდროინდელი კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდა, დაიჭირეს და არავინ იცის, სად და რა ვითარებაში დაიღუპა. ბაბუა - დიმო ერთადერთი შვილი იყო. მან დაამთავრა ზუგდიდის პირველი საშუალო სკოლა, სწავლა გააგრძელა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. არ იზიარებდა კომუნისტების იდეებს. ჰქონია უშუალო კონფლიქტი ბერიასთან, თუმცა ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი“, - იხსენებს ლირა არაჩემია.
სოლოვეცკის საბჭოთა გულაგში ყოფნის პერიოდი რეპრესირებულმა მოგვიანებით მემუარებში აღწერა, ჩვენ მისი ნაწერების მხოლოდ რამდენიმე ფოტო ვნახეთ. დიმო ცხონდიას ნაამბობი ბოლშევიკური რეპრესიების შესახებ აღწერილი აქვს ასევე ცნობილ რეჟისორს, მის მეგობარს გია დანელიას წიგნში „სადღეღამისო სადღეგრძელოები“:

„გადაარჩინა იმან, რომ ექიმი იყო და სამუშაოდ სამხედრო ნაწილში აიყვანეს. ნემსებს უკეთებდა ბანაკის უფროსს და მის ცოლს. ისინი ნარკომანები იყვნენ. ერთხელაც მორფინის მარაგი დამთავრდა და ის ორ თანმხლებ პირთან ერთად არხანგელსკში გაუშვეს ჩამოსატანად, საიდანაც გაიქცა, თბილისამდე ჩავიდა, რათა იქიდან თურქეთში გადასულიყო. თუმცა წასვლის წინ ოჯახის ნახვა გადაწყვიტა. ამ დროს ოჯახი სოფელში ცხოვრობდა. სახლში რომ მივიდა, დააპატიმრეს. სოფელში საპატიმრო არ იყო, ფარდულში ჩაამწყვდიეს, რომელიც მავთულით გააღო და გაიქცა, თუმცა გზაში სკოლის მასწავლებელი შეხვდა, რომელსაც მისი ნახვა გაუხარდა. მოუყვა, რომ სკოლაში ღონისძიება უნდა ჩაეტარებინა და რჩევა ჰკითხა. დიმოს მოერიდა და არ შეაწყვეტინა საუბარი, იდგა და უსმენდა ბერიაზე ლექსებს, ამასობაში კი დაიჭირეს“, - წერს გია დანელია.

საბოლოოდ, როგორც მისი შვილიშვილი ამბობს, საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკის ტყვემ გაქცევა მოახერხა.
„გაიქცა და გადავიდა თურქეთში მსახიობ გურამ საღარაძის ბიძაშვილ ლევიკო საღარაძესთან ერთად. შემდეგ სირიაში აღმოჩნდა, სადაც შეხვდა უკრაინელ ქალს, რომელიც ცოლად შეირთო. ლევიკომ კი ამ ქალის შვილი შეირთო ცოლად და კარგა ხანს ცხოვრობდნენ სირიაში. ბაბუა გადავიდა ჯერ საფრანგეთში, სადაც სწავლა გააგრძელა სამედიცინო მიმართულებით. მსახურობდა დე გოლის არმიაში, შემდეგ კი ამერიკაში დასახლდა. ცხოვრობდა სან ფრანცისკოსთან პატარა ქალაქ სანტა როზაში. ეყოლა შვილი ვოვა, ვლადიმერ ცხონდია, რომელიც ასევე ექიმი იყო, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. ბაბუას კი ჰქონდა პატარა კლინიკა, რომელიც ერთგვარი ხანდაზმულთა სახლი იყო. მასთან ამერიკაში ძალიან ბევრი ცნობილი ქართველია სტუმრად ნამყოფი“, - ამბობს ლირა არაჩემია.
ემიგრაციაში ყოფნისას მას საქართველოში დარჩენილი ოჯახის შესახებ ცნობები არ ჰქონდა. არ იცოდა, რომ კომუნისტებმა საქართველოში დარჩენილი დედა, ცოლი და ვაჟი გადაასახლეს.
„ყაზახეთში გადაასახლეს დიმოს დედა, მადიკო ჯიშკარიანი, რომელსაც სოფლის საბჭოს შენობასთან დაუწყევლია სტალინი. იმ დროს მოვესწრო, რომ სახელი დაგეკარგოსო. ის გადასახლებაში გარდაიცვალა. მასთან ერთად გადასახლებულები იყვნენ დიმოს ცოლი გოგუცა ყურაშვილი და შვილი, ჩემი ბიძა იური ცხონდია. დედა მაშინ საქართველოში არ იმყოფებოდა და ამიტომ გადარჩა“, - იხსენებს ლირა არაჩემია.

სტალინის სიკვდილის შემდეგ დიმოს ცოლ-შვილი დაბრუნდა. მათ შესახებ დიმომ მხოლოდ 60-იან წლებში შეიტყო. როგორც გია დანელია წერს, ემიგრაციაში მისი გავლენიანი მეგობრების დახმარებით შეძლო შვილის ამერიკაში მოწვევა.
„ბიძაჩემმა მოახერხა ამერიკაში წასვლა. მამა-შვილმა 40 წლის შემდეგ ნახა ერთმანეთი. შემდეგ დიმო თავად ჩამოვიდა საქართველოში. სოხუმის აეროპორტში მიწას კოცნიდა. რომ წავიდა, დედა 3 წლის დატოვა და რომ ჩამოვიდა, მე უკვე 20 წლის დავხვდი. მოიარა მთელი სოფელი. დიდი სუფრა გაუშალეს. მართალია უკან დაყვებოდა უშიშროების ხალხი, მაგრამ ჩვენი შეხვედრა დიდი ბედნიერება იყო“, - ამბობს შვილიშვილი.
ამის შემდეგ დიმო საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვიდა. გია დანელია მას ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდა. როგორც წიგნში წერს, მისი მეგობარი ავად ყოფილა. დიმოს მისთვის სამშობლოში დაბრუნების ოცნება გაუნდვია და უკითხავს:
„მინდა ამერიკაში კოტეჯი გავყიდო და საქართველოში გადმოვიდე, დარჩენილი ცხოვრება სამშობლოში გავატარო. ყველა ერთად ვიცხოვრებთ, საღამოობით ლოტოს ვითამაშებთ, დილით მდინარეზე ვიბანავებთ, ისე, როგორც ბავშვობაში, მაგრამ სულ ვფიქრობ, ისევ რომ მოუნდეთ ჩემი დაჭერა? თუ დევნის მანია მაქვს? რას ფიქრობ?
-რა უნდა მეპასუხა. მაშინ არავინ იცოდა, რა იქნებოდა ხვალ. ვუპასუხე, რომ არ ვიცი. მან ამოიოხრა, ორი აბი ასპირინი მიიღო, ცხელი ჩაი დავალევინე ლიმნით და საბანი გადავაფარე, ჩაეძინა.
ოთახში იწვა საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეული პატიმარი, დე გოლის არმიის პოლკოვნიკი, სან-ფრანცისკოს ხანდაზმულთა სახლის დირექტორი, ექიმი დიმო ცხონდია, რომელიც მთის მდინარეში ბანაობაზე ოცნებობდა, მაგრამ ეშინოდა, რომ ისევ დაიჭერდნენ, დილით აეროპორტში გავაცილე და მას შემდეგ არ მინახავს“, - წერს გია დანელია.
დიმო ცხონდია გარდაიცვალა 77 წლის ასაკში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე, შვილთან ვოვა ცხონდიასთან ერთად.
წყარო: 
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00015858/

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.