ხობის
რაიონის სოფელ ხეთის სკოლას მეტად საინტერესო და გამორჩეული ისტორია გააჩნია. სკოლის
დაარსების შესახებ არსებული ცნობების შეჯერების შედეგად დგინდება რომ, ხეთაში სკოლა
მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში დაარსებულა, კერძოდ 1864-1865 წლებში. სახელოვანი
სკოლის წარსული დაკავშირებულია იპოლიტე ვართაგავასთან (ლიტერატურათმცოდნე), ესტატე
შუშანიასთან (საზოგადო მოღვაწე), ეგნატე ფიფიასთან (ცნობილი ქირურგი), გრიგოლ კობახიძე
(ცნობილი პედაგოგი).
სკოლის
ისტორიას მივყვეთ სხვადასხვა წყაროში დაცული ცნობების მიხედვით.
გაზეთ
„მებრძოლის“ 1965 წლის 8 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა 90 წლის პედაგოგის ვასილ კუტალიას
წერილი „ხეთის სკოლა 100 წლისაა“. აღნიშნულ წერილში მრავალ საყურადღებო ცნობას ვეცნობით
ხეთის სკოლის დაარსების ისტორიაზე. „ზუგდიდის მაზრაში ყველა სოფელზე ადრე სკოლა ხეთაში
გაუხსნიათ. სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ მხცოვანი მოღვაწე იპოლიტე ვართაგავა, პროფესორი
ეგნატე ფიფია, ცნობილი პედაგოგები გრიგოლ კობახიძე და პარმენ კუკავა და სხვები. ხეთის
მოსახლეობა სწავლას იყო მოწყურებული თავიდანვე. მახსოვს მამაჩემი ზურაბ კუტალია მეტყოდა
- მე ბრმა ვარ, შენც არ გამოხვიდე ბრმა - ისწავლე, ისწავლე. საბჭოთა ხელისუფლების დროს
გაუმჯობესდა მატერიალური ბაზა. შარშან (1964 წელს. ლ.ღ.) სახელმწიფოს თანხებით აიგო
ტიპიური კაპიტალური სასკოლო შენობა და მომავალი სასწავლო წლიდან მეცადინეობა ერთცვლად.
დიდი
ხანია მაინტერესებს ხეთის სკოლის დაარსების თარიღის დადგენა და ვცდილობ სათანადო მონაცემების
დაგროვებას. მახსოვს ორკლასიანი სამინისტრო სკოლის გამგის ნიკო ნაჭყებიას ნათქვამი
- ხეთის სკოლა დაარსდაო 1861 წელს. არის სხვა წყაროც. ორი წლის წინათ დავუკავშირდი ჩვენს
ცნობილ მოღვაწეს იპოლიტე ვართაგავას, რომელიც თბილისიდან გამოგზავნილ ვრცელ პასუხში
აღნიშნავდა შემდეგს: თუმცა მე ზუსტად არ ვიცი სკოლის დაარსების წელი, მაგრამ ვფიქრობ,
რომ ნიკო ნაჭყებიას განცხადება და სიტყვები დაახლოებით სიმართლეს შეიცავს.უეჭველია,
რომ ხეთაში სკოლა დაარსდა XIX საუკუნის 60-იან წლებში.
მე
(ვ. კუტალია) დღეს 90 წლის ვარ და ჩემი მოგონებები ერთგვარი რწმენის ღირსია. ჩვენი
აზრით სახალხო განათლების ეს კერა შექმნილა 1864-1865 წლებში. ამგვარად ხეთის სკოლას
უსრულდება საუკუნე. სკოლა 100 წლის იუბილეს ეგებება მაღალი წარმატებებით და საუცხოო
მატერიალური ბაზით“.
ძვირფას
ცნობებს გვაწვდის ცნობილი ლიტერატორის, სოფელ ხეთაში დაბადებული იპოლიტე ვართაგავას
(1872-1967) წიგნი „მოგონებები“. აღნიშნულ წიგნში მოხმობილი ისტორიები უფრო მეტად ამყარებს
ფაქტს სკოლის მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში დაარსების შესახებ.
ი.
ვართაგავას მოგონებების მიხედვით, ხეთაში პირველი პირველდაწყებითი სკოლა ბიძამისს,
არქიპოზ ვართაგავას დაუარსებია. არქიპოზი განათლებული, წარმოსადეგი და სამეგრელოში
ცნობილი პიროვნება ყოფილა. „არქიპოზს დაუმთავრებია მთელი კურსი სასულიერო სასწავლებლისა,
გამხდარა „კურსოვნიკი“ და მთელ სამეგრელოში ამით გამხდარა ცნობილი. პირველად მთელ სამეგრელოში,
ს. ხეთაში მას გაუხსნია პირველდაწყებითი სასწავლებელი. ვინც კი ხეთაში მოხუცებულთაგანმა
წერა-კითხვა იცოდა, ყველანი ერთხმად და ამპარტავნებით ამბობდნენ არქიპოზის მოწაფეები
ვართო.
არქიპოზის
მიერ ხეთაში დაწყებული კულტურული საქმე არ ჩამკვდარა. მის მიერ დაარსებული პირველდაწყებითი
სკოლა ორკლასიან „ნორმალურ“ სკოლად გადაკეთდა. დღეს სკოლაში არსებობს სრული საშუალო სკოლა.
პირველი
სკოლა ტერიტორიულად მდებარეობდა ლარჩვაში (უბანი ხეთაში), ერთ მოზრდილ ხის სახლში.
ხეთა და მისი სკოლა კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა სამეგრელოს ბევრი სოფლისთვის“ (ი.
ვართაგავა „მოგონებები“, მოგონებები სრულდება 1943 წლის ჩანაწერებით. წიგნი გამოიცა 1956
წელს).
„ჩვენს სოფელში არსებობს ორკლასიანი სკოლა 1874 წლიდან და ხალხიც ცდილობს ასე თუ ისე
გამოზარდოს თავისი შვილები სკოლაში“ („ივერია“ 1894 წელი N65).
ხეთაში,
1874 წლამდე სკოლა რომ არსებობდა ამას მოწმობს ამიერკავკასიის დასახლებულ პუნქტთა სიები.
აღნიშნული სიის მონაცემთა მიხედვით ხეთაში 1873 წელს უკვე ფინქციონირებდა სკოლა.
XIX საუკუნის 90-იან წლებში სამრევლო
სკოლაც გაუხსნიათ, სადაც როგორც ქალები, ისე ვაჟებიც სწავლობდნენ. „დიდი ხანი არ არის
რაც აქ სამრევლო სკოლა გაიმართა. სკოლაში სწავლობენ ვაჟნიცა და ქალნიც, რიცხვით
55-მდე. მასწავლებელნი ორნი არიან. მშვენივრად კითხულობენ და წერენ შეგირდები ქართულად“
(„ივერია“, N11, 1893 წელი. სოფელი ხეთა).
გაზეთ
„ივერიის“ 1894 წლის, N73-ში ესტატე შუშანია იხსენიება, როგორც სკოლის დამაარსებელი.
ხეთის
ორკლასიანი სამრევლო სკოლის დამაარსებელი და მასწავლებელი ესტატე შუშანია გაზეთ "ივერიის" მეშვეობით მადლობას უხდის იმ პირებს, ვინც სკოლას წიგნებითა და ფულით დაეხმარნენ.
„უმორჩილესად გთხოვთ, თქვენის გაზეთის საშუალებით უგულითადესი მადლობა გამოვუცხადო
იმ პირთ, რომელთაც კეთილ ინებეს და შემწეობა აღმოუჩინეს ხეთის ორკლასიან სამრევლო სკოლას
ფულით და წიგნებით“ („ივერია“, N166, 1895 წ.).
1898
წლისთვის ხეთაში (იმ დროის ხეთაში შედიოდა დღევანდელი პირველი მაისიც. ხეთას სოფელი
პირველი მაისი გამოეყო 1934 წელს. ლ.ღ.) სკოლათა რიცხვი გაზრდილა.
„სოფელი
ხეთა სწავლა-განათლებით უკან არ სდგას სხვა სოფლებზე ზუგდიდის მაზრაში. თუმცა საზოგადოებაც
არ არის ცოტა, მაგრამ სკოლები მაგივრად მეტია სხვა სოფლებზე. აქ არის ერთი ერთკლასიანი
ორიც ორკლასიანი სამრევლო სკოლები. ამ სკოლებში არ არის ტევა, იმდენია მოსწავლე ყმაწვილები...“
(„ცნობის ფურცელი“, N621 1898 წ.).
1916 წელს
ხეთაში, უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლები დაუარსებიათ.
სასწავლებელში ისწავლებოდა: ქართული ენა, უცხო ენები, მათემატიკა, ხელსაქმე,
გრაფიკული ხელოვნება, საღვთო სჯული, გალობა, ფიზიკური აღზრდა. სკოლას ემსახურებოდა
ექიმი.
ხეთის სასწავლებლის გამგედ თბილისის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული მიხეილ
პატარაია მუშაობდა.
სასწავლებელში პედაგოგიურ
საქმიანობას ეწეოდნენ მღვდელი კონსტანტინე პეტრეს ძე ჯაკობია, ამიერკავკასიის
ქალთა სასწავლებლის კურსდამთავრებული ანნა დიმიტრის ასული პატარაია (ქართული ენის
მასწავლებელი), ხონის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული დოროთე ნიკოლოზის ძე
კიტია (პედაგოგი), პართენი ზოსიმეს ძე კუკავა (მათემატიკის მასწავლებელი), მელანია
ლევანის ასული ბეშია (ხელსაქმის პედაგოგი), ანდრონიკ გაბოს ძე ლატარია
(ფიზკულტურის მასწავლებელი).
სხვადასხვა ფაქტების შეჯერების
შედეგად დასტურდება, რომ ხეთაში პირველდაწყებითი სკოლა მეცხრამე საუკუნის 60-იან
წლებში; ხოლო, იპოლიტე ვართაგავას და ვასილ კუტალიას მიხედვით კი 1864-1865 წლებში
დაარსებულა.
ასეთია, 155 წლიანი ისტორიის მქონე ხეთის სკოლის დაარსების მოკლე ისტორია.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.