სოფელ ზუბში 1886 წელს სამრევლო სკოლა დაუარსებიათ; ხოლო შემდეგ ორკლასიანი სასწავლებელი 1907 წელს პროკობი იოსავას გაუხსნია. სკოლის
ისტორიაზე მწირი მასალებია შემორჩენილი. სკოლის არსებობისა და დაარსების ფაქტებს მხოლოდ
თვითმხილველთა ნაამბობით თუ გავეცნობით. სოფლის მკვიდრთა გადმოცემით სკოლაში ისწავლებოდა
წერა-კითხვა, რომელსაც მოხალისე მასწავლებლები ასწავლიდნენ. მოსწავლეთა რიცხვიც მცირე
ყოფილა, რადგან ხელმოკლე ოჯახებს უსახსრობის გამო უჭირდათ ბავშვების შემოსვა.
პროკობი
იოსავას ინიციატივა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ სწავლება ქონებრივ ცენზს არ მოითხოვდა,
სწავლის მსურველთათვის სასწავლებლის კარი ღია ყოფილა. მეცადინეობები მიმდინარეობდა
დაქირავებულ ბინაში, რომლის ხარჯებსაც მღვდლის ოჯახი იღებდა. თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა
ეს პროცესი ჯერჯერობით დაუდგენელია.
მოგვიანებით
ორკლასიანი სასწავლებელი გადაკეთდა დაწყებით სკოლად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ადგილობრივი
მკვიდრი გულიკო ლომაია.
20-იანი
წლების პედაგოგიური კადრების შესახებ ცნობებს გვაწვდიან ადგილობრივი მცხოვრებნი. ასევე
შემონახულია ბიოგრაფიები და მოგონებები პედაგოგებისა, რომელსაც სკოლის სამუზეუმო მასალად
მიიჩნევენ.
1933
წლიდან ზუბში დაწყებითი სკოლის დირექტორია გიორგი ბაქოს ძე ნარსია, მას გამგებლობა
გადმოუბარებია გულიკო ლომაიასაგან (გ. ლომაია დაიღუპა 1941-1945 წლების მსოფლიო ომში).
ამ პერიოდში პედაგოგიური კოლექტივის შემადგენლობაში ყოფილან: ეკატერინე და ანა კემულარიები,
შუქა ჯანაშია, პარტყუ ლომაია.
სკოლა
მძიმე ეკონომიკურ პირობებს განიცდიდა. ამის გამო სოფელში ტარდებოდა საღამო-წარმოდგენები,
რომლის უშუალო მონაწილეები ადგილობრივი და მეზობელი სკოლის მასწავლებლები იყვნენ. როგორც
ყოფილი პედაგოგი ანა კემულარია წერს: „გაიხსნა სკოლის დახმარების ფონდი, ამ ფონდში
შემოსული თანხით კოლექტივმა შეიძინა სკამ-ავეჯი და სასკოლო ნივთები, შეისყიდეს ხის
ახალი შენობა, მიუმატეს ძველი შენობის მასალები და მოაწყვეს სასკოლო ოთახები. სოფელში
სასწავლო შენობის უკმარისობის გამო ჩემზე გაპიროვნებულ კლასს ვასწავლიდი საკუთარ ოჯახში,
ბინის ქირის აუნაზრაურებლად, ვმონაწილეობდი საღამო-წარმოდგენებში, რათა სკოლისა და
ხელმოკლე ოჯახებისათვის საჭირო თანხა შემეგროვებინა“.
30-იანი წლების ქარიშხალი სასკოლო პროცესშიც შეიჭრა.
კოლექტივიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის აგიტატორად მასწავლებლებს იყენებდნენ, ასევე
მათ უნდა ემხილებინათ ის ხალსი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების წარმატებით მშენებლობაში
ხელს უშლიდნენ.
სოფელში
ამ პერიოდში შეინიშნებოდა დეზერტირობა მოსახლეობის ერთი ნაწილის მხრიდან, ყოფილი კულაკები
და საშუალო გლეხები ხალხში უნდობლობას ნერგავდნენ, სკოლასაც ეჭვით უყურებდნენ.
ერთ-ერთი
პედაგოგის მოგონებებში ვკითხულობთ: „1932 წელს საკოლმეურნეო ცხოვრების ჩამოყალიბებისათვის
სხვებთან ერთად პარტიული სიტყვით აგიტაციას ვეწეოდი, რაშიც ხელს გვიშლიდა კულაკური
ნაშთები, ტროცკისტ ჯგუფთა ერთეულები. ჩვენი სოფლიდან მხილებულ პირებს საკუთარ სახლში
ვინახავდი, გუშაგად დამაყენეს იარაღით ხელში. პოლიტპატიმრები მემუქრებოდნენ, მაგრამ
არ შევშინებულვარ. ასე ეყრებოდა საფუძველი სოფელში კოლექტივიზაციის დამყარებას“.
იდევნებოდნენ
1937 წელს გადასახლებულთა ოჯახები, მათ შვილებს არ შეეძლოთ კომკავშირელთა და პიონერტა
რიგებში ყოფნა. ეძახდნენ ტროცკისტთა ნაშიერებს. სოფლის მასწავლებელი ამ შემთხვევაშიც
საოცრად ფრთხილი და თავაზიანი იყო. ზუბის სკოლის კურსდამთავრებულები ვერ გაიხსენებენ
ვერც ერთ ფაქტს, რომელიც მასწავლებლის პოლიტიკურ დევნას, ან ზეწოლას უკავშირდება.
თვითმხილველთა
და თანამედროვეთა დამოწმებით სკოლამ 37-იანი წლების მარწუხებს ვაჟკაცურად გაუძლო.
1935 წელს დირექტორ გიორგი ნარსიას შემართებით
და დიდი მცდელობით განათლების სამინისტრომ ნება დართო, რომ სოფელში გახსნილიყო
არასრული რვაწლიანი სკოლა. დაინიშნენ ახალი მასწავლებლები: მათემატიკოსი დავით ჯანჯღავა,
დაწყებითი კლასის მასწავლებელი ვერა ლომაია, ფილოლოგი ვარლამ ჯიქია. აქტიური პედაგოგიური
მუშაობისათვის გიორგი ნარსიას მიენიჭა დამკვრელი მასწავლებლის წოდება.
1935
წელს გიორგი ნარსია შეუცვლია სოფელ საჯიჯაოს მკვიდრს თამარ ნანეიშვილს.
1939-1941
წლებში სკოლის დირექტორია ნოე კაკაშვილი, პედაგოგიური კოლექტივის შემადგენლობაში არიან:
მათემატიკოსი კონდრატე ქაქუთია, ისტორიკოსი გიორგი (ჟორჟი) ტყებუჩავა, რუსული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებელი შალვა ჯობავა სოფელ ხორგიდან. 1941 წელს მამაკაცების უმრავლესობა,
ვისაც ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აფერხებდა, საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს.
სკოლას დაუდგა უმკაცრესი ჟამი.
განსაკუთრებით
დიდი იყო სკოლაში მამაკაცის ავტორიტეტი, დირექტორის შემდეგ ყველაზე აქტიურ როლს სამხედროს
მასწავლებელი ასრულებდა. ზუბის სკოლაში ამ ფუნქციას ჯვებე ჯანჯღავა ასრულებდა. მისი
აღზრდილები დღესაც მოწიწებითა და რიდით იგონებენ მას.
სამამულო
ომის წლებში ხშირად იცვლებოდა სკოლის ხელმძღვანელობა 1942-1945 წლებში. სკოლის დირექტორებად
გვევლინებიან:ვარლამ ცეკვავა, ზინა ჩიჩუა, ნუცა ბასილაია, დომნიკა კილასონია.
1940
წლიდან საბჭოთა არმიაში დაიწყო სოფლის მასწავლებელთა გაწვევა. ამავე სკოლის მასწავლებელი
ჟორა ტყებუჩავა იხსენებდა: „ომმა მოსკოვში მომისწრო, ვიბრძოდი მოსკოვის ფრონტზე და
ვმონაწილეობდი მოსკოვის დაცვაში“.
1947
წლიდან სკოლის დირექტორია ახალგაზრდა ფილოლოგი ნინა ტაბაღუა, რომელიც საჯიჯაოს სკოლიდან
გადმოსულა ზუბის სკოლაში. ამ წლებში სკოლაში
მუშაობდნენ: სასწავლო ნაწილის გამგე - ფლორა კუჭავა.მათემატიკის მასწავლებელი - ლიზა
ჯიქია, ისტორიკოსი ზინა ჩიჩუა. ფიზკულტურისა და სამხედრო სწავლების პედაგოგი - ხუტა
ჯანჯღავა.
შენობა,
რომელშიც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ერთსართულიანი იყო, ხისა. სოფლის მცხოვრებთა
გადმოცემით, სკოლის მასალა ხიბულაში მოსახლე დადიანთა სასახლის ნაშთებისგან შეუგროვებიათ.
ადრე იგი მაია დადიანის ოდა სახლს წარმოადგენდა. სკოლას ჰქონია ნათელი, დიდი სამასწავლებლო,
დირექტორისა და სასწავლო ნაწილის გამგის კაბინეტები, ბიბლიოთეკა, სახელოსნო, სასწავლო
ოთახები.
სკოლას
ჰქონდა სასწავლო-საცდელი ნაკვეთი, მწვანე ნარგავებითა და კულტურული მცენარეებით.
1952
წელს სკოლის დირექტორად დაინიშნა ახალგაზრდა მათემატიკოსი შალვა კემულარია, ხოლო ნინა
ტაბაღუა - სასწავლო ნაწილის გამგედ. 1956 (57) წელს შალვა კემულარია გადაიყვანეს ახალი ხიბულის
კოლმეურნეობის გამგედ და დირექტორი გახდა პართენ ახალაია, სპეციალობით გეოგრაფი. სასწავლო
ნაწილის გამგედ მუშაობდა ბიოლოგიის მასწავლებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
ჟუჟუნა კემულარია.
1965
წელს პართენ ნადარაიას დიდი მონდომებით ზუბის რვაწლიანი სკოლა საშუალო სკოლად გადაკეთდა.
1966 წელს სკოლამ პირველი მედალოსანი წარადგინა - ლევან ღვინჯილია. ამჟამად ფილოლოგიის
მეცნიერებათა პროფესორი, ფოლკლორისტი და ცნობილი ენათმეცნიერი.
1969
წელს გარდაიცვალა პართენ ახალაია და სკოლის დირექტორად დაინიშნა ქიმიკოსი სერგო ლაშხია.
70-იანი წლებში სკოლაში მუშაობდნენ: ფილოლოგი მიმი დანელია, სილიბისტრო ღვინჯილია,
ნინა ტაბაღუა, მარიამ ფაღავა, ისტორიკოსი ზ. ჩიჩუა, ეკატერინე კემულარია, ვერა ლომაია,
ციცინო ჯაბურია. 1971 წელს სკოლას კიდევ ერთი ოქროს მედალოსანი კონსტანტინე კემულარია
შეემატა.
1972
წელს ს. ლაშხია გადაიყვანეს სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. 1972-1978 წლებში
სკოლის დირექტორია გიორგი (ჟორჟი) ღვინჯილია. საოცრად მომთხოვნი და დისციპლინირებული
პედაგოგი.
1978
წლის პირველი სექტემბრიდან სკოლას დაუბრუნდა სერგო ლაშხია, რომელიც 2006 წლამდე ღირსეულად
უძღვებოდა ზუბის საშუალო სკოლას.
1978
წელს დაპროექტდა სკოლის ახალი ნაგებობა, რომლის მშენებლობა დაიწყო 1979 წელს და დამთავრდა
1980 წელს.
2006
წლის 22 სექტემბრიდან დღემდე ზუბის საჯარო სკოლის დირექტორია, მათემატიკოსი ნინო ჭილაია.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.