30.11.2023

უძველესი ანუ მუსტიეური ძეგლები სოფლებში: ნოჯიხევში, ჭიხუში, ხეთასა და ხამისკურში

ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დასავლეთ საქართველოს საძიებო-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომლის ერთ-ერთ ამოცანას არქეოლოგიური ატლასის შედგენა წარმოადგენს, საანგარიშო წელს მთლიანად მოიხილა ხობის რაიონი, სადაც 100-მდე სხვადასხვა ხასიათისა და ხნოვანების ძეგლი გამოავლინა. მიკვლეული ძეგლების ქვედა ქრონოლოგიური საზღვარი ემთხვევა მუსტიეს, ხოლო ზედა გვიანფეოდალურ ხანას.


 უძველესი ანუ მუსტიეური ძეგლები მიკვლეული იქნა ოთხ პუნქტში; სოფლებში: ნოჯიხევში, ჭიხუში, ხეთასა და ხამისკურში. წინასწარულად ახალი ქვის ხანით უნდა დათარიღდეს სოფ. ჭიხუს N2 ნაბინევი, რომლის ზედაპირულ მასალებში შედის: ოვალურსამუშაოპირიანი და სწორპირიანი საფხეკები, შუალა და კიდურა საჭრისები, ზურგიანი დანები, გვერდამოღარული საფხეკები და სხვა.

 საკვლევი რაიონის ბორცვოვან ზოლში ექსპედიციამ მიაკვლია 5 მღვიმეს (სოფ. მუნჩიაში, სოფ. ხეთაში 1-4), რომელთა შორის, ისტორიული თვალსაზრისით რამდენადმე  პერსპექტიული ჩანს ხეთის N2 მღვიმე.

ასეთი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს მღვიმის წინა მოედნის დაფერდებაზე ნაპოვნი მარტივი, ირიბი საჭრისი კაჟისა, რომელიც მღვიმური ნაბინარის ქვედა ფენებიდან უნდა იყოს ზედაპირზე მოხვედრილი. გამოქვაბული მოგვიანო ხანაში სახიზარად უქცევიათ, რასაც უნდა მიეწეროს ქვის ხანის ფენების შენიღბვა ფეოდალური ხანის დანალექებით.

რამდენადაც ექსპედიციას მუშაობა უხდებოდა კოლხეთის დაბლობ რაიონებში, მიკვლეული ძეგლების დიდი ნაწილი უმთავრესად

ადრეანტიკურ-ელინისტური ხანისაა, თუმცა გამონაკლისის სახით აქაც შეგვხვდა წინარეანტიკური ხანის თითო-ოროლა ნამოსახლარი (სოფ. პირველი გურიფულის დიხაგუძუბა) თუ სამაროვანი (სუჯუნათის საძვლე).

აბაშის, ცხაკაიას და ხობის რაიონის ძველი ნამოსახლარები, როგორც წესი, ერთიმეორის გვერდით მდებარე ორი, სამი და მეტი ბორცვისაგან შემდგარი ჯგუფით არიან წარმოდგენილნი და გარკვეული შუალედებით ერთი რომელიმე პატარა მდინარის გასწვრივ არიან განლაგებულნი.

ამ რიგის ძეგლების ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ სამოსახლო ბორცვების ჯგუფს გარს აკრავს ერთ ჰექტარამდე ფართობის მქონე, ოდნავ შემაღლებული, თხრილშემოვლებული სამეურნეო მოედნები, რომლებიც არხებით არიან დაკავშირებული სამოსახლოებთან. რაც უფრო დიდია სამოსახლო, მით უფრო ვრცელია სამეურნეო ფართობი და მით უფრო რთულია მისი საარხო სისტემა (დღვაბა, წინაგოლა ბულიცხუ, ოტორონჯე, ოყუნე, ქვემო ქვალონი, ნამარნუ, საგვიჩიო, ნანდეუ და სხე).

 როგორც წესი, ბორცვების ჯგუფიდან ერთ-ერთი ბორცვი ყოველთვის გამოირჩევა სიმაღლით, მზღუდავე თხრილის მასშტაბებითა თუ რაოდენობით (ზოგჯერ ორი არხი ზღუდავს) და სამოსახლოში ცენტრალური ადგილი უკავია, საფიქრებელია, რომ ხსენებულ ბორცვებს კონკრეტულ დასახლებაში, სამოსახლოს გარდა, სიმაგრის დანიშნულებაც უნდა ჰქონოდათ. გამორიცხული არ არის სწორედ დასახლების ანალოგიური ტიპი იგულისხმებოდეს ურარტული წყაროების იმ ნაწილში „ სადღაც საუბარია კულხას, დიაუხის და იგანიეხის დიდ გაერთიანებათა „ციხე-სიმაგრეებზე“ და მათ გარშემო მიმოფანტულ „ქალაქებზე“.

გორანამოსახლრთა მესამე თავისებურებაა გარკვეული შუალედებით გავრცელება ერთი რომელიმე პატარა მდინარის ან მასთან დაკავშირებულ არხების გასწვრივ.

საანგარიშო და წინა წლებში დაგროვილი ფაქტიური მასალების მიხედვით, აბაშის, ცხაკაიასა და ხობის რაიონებში, სამი ძირითადი სამოსახლო მდინარეული არტერია გამოვლინდა: ფიჩორი, ყორათის წყალი და მუნჩია, ადგილობრივი მოსახლეობის მიდრეკილება შედარებით მცირე და მდორე მდინარეებისაკენ უნდა აიხსნას ამ მდინარეთა ძირითადე პრაქტიკული დანიშნულებით. როგორც ირკვევა, ყველა მათგანი ახლობელ და შორეულ მეზობლებთან დამაკავშირებელ საგზაო საშუალებას წარმოადგენდა. მომდევნო ანუ რომაული ხანის ძეგლებიდან განსაკუთრებით საინტერესოა სოფ. ჭიხუს N3 ბორცვთან გამოვლენილი ორმოსამარხი და ქ. ფოთის აეროდრომის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლი.

ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვისა თუ ზედაპირული მასალების მიხედვით ეს უკანასკნელი იგივე პუნქტი უნდა იყოს, რომელიც მოიხილა და აღწერა დიუბუა დე მონპერემ. საანგარიშო წელს ექსპედიციამ ფეოდალური ხანის. 26 ძეგლი მოიხილა, რომლებიც უმთავრესად ნაეკლესიარ, ნაციხვარ, ნასახლარების სახით არიან წარმოდგენილნი.

 

წყარო: არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1969 წელს.

01.11.2023

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სპირიდონ ჯორჯიკია

 პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სპირიდონ ჯორჯიკია დაიბადა სოფელ ნოჯიხევში (ხობის რაიონი). ს. ჯორჯიკია სწავლობდა ნოვორისიისკის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე. ის იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. სოფელ ნოჯიხევში დააარსა ორკლასიანი სკოლა (სკოლას დაუთმო მისი ხის ოდა-სახლი), ხოლო მისმა მეუღლემ ვერა სიჭინავამ სოფელ ნოჯიხევში დააარსა, აგრეთვე ქალთა სასწავლებელი, სადაც წერა-კითხვასთან ერთად ხელსაქმესაც ასწავლიდნენ.

სპირიდონ ჯორჯიკია წლების განმავლობაში იყო თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის და ქუთაისის N1 გიმნაზიის დირექტორი.

  

1887 წელს სპირიდონ ჯორჯიკია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

 

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ქუთაისის მაზრის აგენტ სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიას საზოგადოებამ გაუგზავნა: ქვითრების დავთარი N32, საწევრო დავთარი N30, წევრების სია, საზოგადოების წესდება და ინსტრუქცია აგენტებისთვის.

 

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია იყო ქუთაისის მაზრის აგენტი.

 

1888 წლის 20 აპრილს სპირიდონ ჯორჯიკია ქუთაისიდან იწერება, რომ ელისაბედ წერეთლის დახმარებით ღარიბი მოსწავლეებისთვის შეიძინეს ტანისამოსი, ხოლო სკოლის ბიბლიოთეკისთვის – 300 მანეთის სახელმძღვანელოები.

 

1888 წლის 24 ივნისს სპირიდონ ჯორჯიკიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მიიღო საკვინტაციო დავთარი N 32, საწევრო დავთარი N 30 და სააგენტო ინსტრუქცია, თუმცა არ მიუღია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1885 წლის წევრთა სია. ჯორჯიკიამ ამ სიის, ყველა წევრის სიისა და საზოგადოების წესდების გაგზავნა ითხოვა.

 

1888 წლის 10 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ სპირიდონ ჯორჯიკიას მიერ ქუთაისის სათავადაზანურო სასწავლებლში არსებული ვაკანსიების შესახებ განცხადება დაიბეჭდა.

 

სპირიდონ ჯორჯიკიას განცხადებით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში მისაღები გამოცდები 1888 წლის 25-დან 31 აგვისტომდე მიმდინარეობდა.

 

1889 წლის 15 მარტს სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიამ ქუთაისში სასწავლებელი გახსნა.

 

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასწავლებელში, რომლის მმართველი იყო სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია, თვიური გადასახადი 6 მანეთს შეადგენდა.

 

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიას თავმჯდომარეობით გახსნილ სასწავლებელთან გახსნეს პანსიონი, რომლის სწავლის წლიური გადასახადი 250 მანეთს შეადგენდა.

 

1890 წლის 21 იანვარს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ სპირიდონ ჯორჯიკიამ კერძო პანსიონი გახსნა.

 

„ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ ქუთაისში ფუნქციონირებდა სპირიდონ ჯორჯიკიას სასწავლებელი და პანსიონი.

 

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის გიმნაზიის, პროგიმნაზიის, რეალური და სხვა სასწავლებლების პირველ და მოსამზადებელ კლასებში სწავლის ყოველთვიური გადასახადი სამი მანეთი იყო, მეორე, მესამე და ზედა კლასებში – მეტი.

 

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის პანსიონში შვილის მიბარების მსურველებს 20 აგვისტოდან 1-ელი სექტემბრის ჩათვლით ჯორჯიკიასთვის უნდა მიემართათ თბილისის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში.


ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანს მისწერა 1890 წლის 28 იანვრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება – თუ სპირიდონ ჯორჯიკია კიდევ არ შეასრულებდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებას, ყიფიანს ის უნდა დაეთხოვა და ამის შესახებ გამგეობისთვის ეცნობებინა.


1890 წლის 9 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მასწავლებელი სპირიდონ ჯორჯიკია თანახმა იყო, დამორჩილებოდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებას.

 

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დიმიტრი ივანეს ძე ჯაფარიძე, იასონ ლევანის ძე ჯორბენაძე, ელისაბედ ჯაფარიძე, იროდიონ ვასილის ძე ჯაფარიძე და სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

 

1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ანა სვიმონის ასულმა პეტრიაშვილმა, ვასილ ნიკოლოზის ძე მესხმა, ილარიონ სპირიდონის ძე მოწონელიძემ, კონსტანტინე არქიპოს ძე გაბადაძემ, გაბრიელ პეტრეს ძე ცაგარეიშვილმა, ტარასი დავითის ძე მამალაძემ, სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიამ, სიმონ ნესტორის ძე ღოღობერიძემ, არსენ ქაიხოსროს ძე ჯახუტაშვილმა და ლიდია იოსელიანმა.

 

1917 წელს გაზეთმა „ხმა ქართველი ქალისა“ ქუთაისიდან მიიღო შემოწირულობა და ამავე წლის 24 აპრილს გამოაქვეყნა შემომწირველთა სია: ცაცა უზნაძე, ანეტა ფანცხავა, ალექსანდრა ჟურულისა, ანნა მენაბდისა, კანდელაკი (4), გალაკტიონ მასხარაშვილი, ფაცურია ფუთურიძე, ედუკსია ფუთურიძე, ვარია ვოლსკი, ლუბა უზნაძე, მარიამ ცერცვაძე, წერეთლისა და სპირიდონ ჯორჯიკია.

 

თბილისის მე-8 გიმნაზიის დირექტორი იყო სპირიდონ ჯორჯიკია, საქმისმწარმოებელი კი – ივანე ბერიაშვილი.

 

1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის არც დროებით დანიშნულმა გამგემ და არც დირექტორმა. სპირიდონ ჯორჯიკიამ არ აიყვანეს სამსახურში, რადგან აღმოჩნდა, რომ მის ნაცვლად სხვა თანამშრომელს ეძებდნენ. მას დეკემბრის ხელფასიც არ გადაუხადეს.

 

1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს მისწერა, რომ საკათალიკოსო საბჭოს ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის საბუთების დასაბრუნებლად მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.

 

1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს მღვდელ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის საქმის შესახებ ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის პასუხი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ ნიკოლოზ ბარნაბიშვილი ახალი საქმისმწარმოებლის დანიშვნამდე ბევრ საქმეში ეხმარებოდა და ზაფხულშიც კი მუშაობდა. ამ ყველაფრის შესახებ საბუთები, ჟურნალ-ოქმები კათალიკოსთა საბჭოში იყო, საიდანაც, საჭიროების შემთხვევაში, საბუთების გამოთხოვნა შეიძლებოდა. ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.

 

1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს შეატყობინა, რომ გიმნაზია ლტოლვილებისა და რუსული ადმინისტრაციის მუშაკთა მხრიდან განადგურების პირას იყო მიყვანილი.

 

1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა, სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის შესახებ ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის მიერ მომზადებული საბუთი გაუგზავნა, თავისი დასკვნა კი მოგვიანებით უნდა გაეგზავნა. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმის მწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.

 

ქუთაისის ქალთა 1-ლი გიმნაზიის დირექტორმა აღძრა შუამდგომლობა სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე გიმნაზიის მასწავლებელ მარგალიტა გიგინეიშვილის უმაღლეს განათლების პირებთან გათანაბრების შესახებ.

 

სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის 1-ლი გიმნაზიის დირექტორს სპირიდონ ჯორჯიკიას პასუხად მისი შუამდგომლობისა აცნობა, რომ მარგალიტა გიგინეიშვილის უმაღლეს სწავლა მიღებულ პირებთან გათანასწორების საკითხი არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სპირიდონ ჯორჯიკიას წინადადება მისი ნაშრომის, „ანალიტიკური გეომეტრიის“ გამოცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ნაშრომი დაებეჭდა, თუ სამინისტრო მას მოიწონებდა.

 

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: გიორგი მიხეილის ძე ჯიშკარიანი, დიმიტრი ივანეს ძე ჯაფარიძე, იასონ ლევანის ძე ჯორბენაძე, ელისაბედ ჯაფარიძე, იროდიონ ვასილის ძე ჯაფარიძე, ბიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე, სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია, ივლონ ჯორჯიკია და პროკოფი ჯორჯიკია.

წყარო: "ივერიელი" და საქართველოს პროსოპოგრაფია.

 

05.10.2023

უცნობი გმირი - სამშობლოსათვის თავდადებული იასონ ფილიპია (1891-1918)

 

„ჩვენი სამშობლოს აღდგენა და წელში გამაგრება ახალ-ახალ მსხვერპლს ითხოვს. ეს მსხვერპლნი არიან სახელოვანი და უკვდავნი თვის ერის ხსოვნაში.

ერთი ამგვართაგანია პოდპოლკოვნიკი იასონ ნიკოლოზის ძე ფილიპია.

სოფელ ხეთის მცხოვრები იასონ ნიკოლოზის ძე ფილიპია, ხეთის ორკლასიან სკოლაში სწავლადამთავრებული და თვითგანვითარებული, გაიწვიეს სამხედრო სამსახურში 1915 წლის აპრილში, 21 წლისა, ჩარიცხეს უბრალო ჯარის კაცად ერთერთ ჯარის ნაწილში და გააგზავნეს შორეულ რუსეთში, ორენბურგში. სამსახურში მან მყისვე მიიქცია უფროსების ყურადღება, დანიშნეს „უჩებნი კამანდაში“, მერე ორენბურგის საპრაპორშჩიკო სკოლაში რაც იმავე წელს გაათავა.

1916 წლის იანვარს სათადარიგო პოლკში დანიშნეს რუსეთში, 6 თვის მერე გაგზავნეს დასავლეთის ფრონტზე მე-765-ე ქვეითთა ზიმნიცის პოლკის მეათე როტის უფროსად, ფრონტზე დარჩა წელიწადნახევარს და მუდამ ბრძოლაში მონაწილეობდა.

შორეულ რუსეთიდან თვის ხშირ ხშირ ბარათებში მუდამ იმას იწერებოდა „როდის ვეღირსებით იმ ნეტარს დროს როცა ჩვენს სამშობლოში აილაგმება ავაზაკ-ნაძირალთა თარეში და სწავლა-განათლებას აქცევდეს ყველა ყურადღებასო“.

1917 წლის დეკემბერს 20-ს ჩამოვიდა დროებით მაგრამ არეულობის გამო აქ დარჩა და 22-ს იანვარშივე მესამე ქართულ პოლკში ჩაეწერა. მონაწილეობდა ბოლშევიკებთან წინააღმდეგ ბრძოლაში ოფიცერთა რაზმში ქალაქ ზუგდიდში, ბოლო დროს 18 ივნის კი სხვა რაზმთან ერთად გაიგზავნა სოხუმის არეულობის ჩასაქრობლად, სადაც სოფ. ხოსტაში ქ. სოჩის ახლოს 5 ივლისს ბოლშევიკებთან ბრძოლაში გმირულად მოკლულ იქმნა.

როგორც მტრებთან მებრძოლი, იგი იყო ყოვლად უშიშარი, გულადი; იგი მუდამ ბრძოლისკენ მიისწრაფოდა, ამხანაგობაში ბევრჯერ უთქვამს „ჩემზე გასროლილ ტყვიას კბილით დავიჭირამო“.

რუსეთიდან რომ ჩამოვიდა მან არ მოისურვა სახლში გაჩერება, მყისვე ჯარში ჩაეწერა, მას სწყუროდა სამშობლოს სამსახური. უშიშარობამ და სამშობლოსათვის თავდადებულობამ მოუსპო მას ჯანსაღი ახალგაზრდა სიცოცხლე.

დიახ! იასონი იყო სულით და გულით ერთგული ჩვენი საქართველოს ნორჩი დემოკრატიული რესპუბლიკისა. მას უნდოდა ესახელებინა თავი საქართველოს მტრებთან ბრძოლაში და კიდევაც შეასრულა ნატვრა; გმირულად შესწირა თავი.

სახლში კი დარჩნენ შავებში ჩამსხდარნი მოხუცი დედმამანი, დები და ძმები, რომელთა ცრემლის ნაკადული დღესაც იღვრება: რად ღირს მათი ცხოვრება უიასონოდ, მაგრამ იმ იმედით ინუგეშებენ თავს, რომ რესპუბლიკას ესაჭიროებოდაერთგული მებრძოლი, ბევრმა უკვე შესწირეს თავი და კიდევ საჭიროა შეეწეიროს და აი მხოლოდ ესღა ანუგეშებს იასონის შავებშიცამსხდარ დედმამას.

„თეატრი და ცხოვრება“ N12, 1918 წ.

იასონ ფილიპია

ხოსტაში მტრებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული, მესამე ქართული პოლკის პორუჩიკი, იასონ ნიკოლოზის ძე ფილიპია.

გაზეთი "სახალხო საქმე" N288, 1918 .


29 ივნისს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა გადალახეს მზიმთა და დაიკავეს ადლერი. ქართველებმა მოწინააღმდეგეს მოუკლეს 200, დაატყვევეს 100, ხელთ იგდეს თოფები და ტყვია-წამალი. 2 ივლისს ქართულმა ჯარმა რუსეთის ჯარის არიერგარდს გაუმართა ბრძოლა სოჭის მისადგომებთან. რუსებმა უკან დაიხიეს ქალაქში. ქართული ჯარი დაბანაკდა სოჭიდან 10 კმ.-ზე. 5 ივლისს საქართველოს ჯარებმა დაიკავეს ხოსტა. ხოსტასთან ბრძოლის შემდეგ ქართველებმა ხელთ იგდეს 6 ზარბაზანი, 8 ტყვიამფრქვევი, 200-მდე ტყვე. დაკარგეს 9 კაცი, მათ შორის ბატალიონის მეთაური პორუჩიკი ფირცხალავა და პოდპურჩიკი იასონ ფილიპია. ხოსტის გათავისუფლებას დიდი სიხარულით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა.

 

14.09.2023

ხატია ანთია - წარმატებული ხობელი მკვლევარი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორანტი

ხატია ანთია - ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დოქტორანტი, DAAD-ის სტიპენდიანტი.

ხატია ანთია 2019 წლიდან არის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის, გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დოქტორანტური, გლობალური ჯანმრთელობის მკვლევარი.

სადოქტორო კვლევა: „დასაქმების მიზნით მშობელთა დროებითი მიგრაციის გავლენა მარტოდ დარჩენილ ბავშვებზე საქართველოს რეგიონებში“. სადოქტორო სწავლისთვის

მიღებული აქვს გერმანიის გაცვლითი სამსახურის DAAD სტიპენდია დასახელებით სადოქტორო პროგრამები გერმანიაში”.

ხატია ანთიამ 2013 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. შემდეგ პროფესიული ცხოვრება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადმინისტრირების მიმართულებას დაუკავშირა. ხატიას მიღებული აქვს არაერთი სტიპენდიასაერთაშორისო კურსებისთვის ინგლისში, ნორვეგიაში, ისრაელში და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტებში.

ბმულზე: https://www.researchgate.net/profile/Khatia-Antia

 



20.06.2023

არხის ისტორია, რომელიც ხობისწყალსა და რიონს აკავშირებდა ერთმანეთთან

 რედუტ-კალედან მდინარე რიონამდე ტვირთის გადმოტანა დიდ უხერხულობას ქმნიდა და ზედმეტ ხარჯებსაც მოითხოვდა. ამავე დროს მდ. ხობისა და რიონის აუზები სოფ. ჭალადიდთან ძალიან მცირე მანძილით არის დაშორებული ერთმანეთისგან. ჭალადიდში, რიონთან ახლოს მიედინებოდა ვიწრო, მაგრამ ღრმა მდინარე ყორათი, რომელიც ხობის შენაკადს - სანაოსნოდ გამოსადეგ ცივს უერთდებოდა.

არხის გადაყვანის იდეა 1804 წელს ჩაისახა. 1822 წელს რიონისა და ცივის დამაკავშირებელი არხი ახალი დასრულებული იყო. ამ არხით ხობისწყალი დაუკავშირდა რიონს.

საკუთრივ ცივის არხი ანუ „რუსული არხი“ 600 მეტრის სიგრძის იყო. იგი იწყებოდა ჭალადიდის უბან საბაჟოში და უერთდებოდა ყორათს. ცივის არხმა თავისი მნიშვნელობა 1860 წელს დაკარგა, როდესაც ფოთში ნავსადგური გაიხსნა. 1872 წელს ეს არხი რკინიგზამ გადაკვეთა და ნაოსნობაც შეწყდა.
მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ჭალადიდში არხი მიწით ამოავსეს, ხოლო მდ. ყორათი 1927 წელს ხობიდან ცივისწყლამდე ახალგაყვანილმა დიდმა არხმა შეიერთა და ამ მდინარემ არსებობა შეწყვიტა.
თამაზ ბერაძე - ზღვაოსნობა ძველ საქართველოში

ჭალადიდში წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის აშენების ისტორია

 ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი გაიხსნა. ამ სოფელში ტაძარი ათეული წლების მანძილზე არ ყოფილა.როგორც ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი, ადრე სოფელში სამი ეკლესია მოქმედებდა, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაინგრა და ნანგრევებზე სოფლის დაწყებითი სკოლა ააგეს.2003 წლის 1 ივნისს ნინოობის დღესასწაულზე ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსის მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით, სოფელ ჭალადიდის ცენტრში წმინდა ნინოს ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მშენებლობას, ასევე სათავეში ჩაუდგნენ მღვდლები თევდორე ბასილაია და გიორგი გენძეხაძე. ორ წელიწადში საეკლესიო კომპლექსმა დასრულებული სახე მიიღო, რაც ამ სოფლის მკვიდრი და-ძმის ბარბარე და ზოსიმე ხუაძეების ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი...

„საქართველოს რესპუბლიკა“ 2005 წ.

06.06.2023

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი როზა ბუკია

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი როზა ბუკია.

ქალბატონი როზა დაიბადა სოფელ ქარიატაში. ქარიატის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2008 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ხმელეთის ლოკოკინას სტატოცისტის სტრუქტურული ორგანიზაცია ნორმაში და ცვალებადი წონადობის პირობებში (უწონადობა და ზეწონადობა)“.

არის სამეცნიერო ნაშრომების, პუბლიკაციების ავტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი.

 რუსთაველის ფონდის საგრანტო პროექტის „საქართველოში გავრცელებული რამდენიმე სახეობის ხმელეთის მუცელფეხიანი მოლუსკების სტატოცისტის ინერციული მასის კვლევა ცხოველის ზრდის და განვითარების პროცესში“ - სამეცნიერო ხელმძღვანელი.

სამეცნიერო პუბლიკაციები

Morphological Peculiarities Statoconia in Statocysts of Terrestrial Pulmonary Snail Helix Lucorum
GI Gorgiladze, RD Bukia, MT Davitashvili, AD Taktakishvili, NS Gelashvili, ...
Bulletin of experimental biology and medicine 149, 269-272  
Light microscopy of statocyst cell elements from Helix lucorum (space experiment aboard the orbital station" MIR")
GI Gorgiladze, RD Bukiia, EL Kalandarishvili, AD Taktakishvili, ...
Aviakosmicheskaia i Ekologicheskaia Meditsina= Aerospace and Environmental …  
Postnatal neurogenesis and regenerative capabilities of the central nervous system (review)
EL Kalandarishvili, RD Bukiia, AD Taktakishvili, GV Chichinadze, ...
Georgian Medical News, 67-72  
Plasticity of stastocyst inertial mass in terraneous gastropods helix lucorum and pomatias rivulare in altering gravitational field (microgravity, hypergravity)
GI Gorgiladze, RD Bukiia, ÉL Kalandarishvili, EV Korotkova, ...
Aviakosmicheskaia i Ekologicheskaia Meditsina= Aerospace and Environmental …  
ULTRASTRUCTURAL ORGANIZATION OF CELLULAR ELEMENTS AND INTERCELLULAR CONNECTIONS IN STATOCYSTS OF TERRESTRIAL PULMONARY SNAIL H. LUCORUM
G Gorgiladze, R Bukia, E Kalandarishvili, A Taktakishvili, N Gelashvili, ...
Georgian Medical News, 95-101  
LIGHT AND ELECTRON MICROSCOPY OF CELLULAR ELEMENTS IN STATOCYSTS OF TERRESTRIAL PULMONARY SNAIL HELIX LUCORUM
G Gorgiladze, R Bukia, A Taktakishvili, E Kalandarishvili, N Gelashvili, ...
Georgian Medical News, 70-77  
Administration of Saperavi flavonoids (SF) to the rats reduces the number and duration of behavioral seizures: involvement of the brain NO system in antyseizure effects of SF
N Doreulee, M Qurasbediani, B Chkhartishvili, M Chikovani, R Bukia, ...  
Study of the inertial Mass in the Statocysts of the terrestrial Gastropods distributed in Georgia
M Qurasbediani, G Gorgiladze, E Kalandarishvili, A Taktakishvili, ...  
A comparison of the effects of Saperavi flavonoids, Quercetin and NOS-blockers on kainite rat-model of epilepsy
B Chkhartishvili, M Kurasbediani, R Bukia, M Alania, E Mitaishvili, ...