20.09.2019

არქიმანდრიტი შიო ქვილითაია


რუბრიკა: ხობში მოღვაწე სასულიერო პირები.

არქიმანდრიტი შიო, ერისკაცობაში - სუმო (სიმონი) ქვილითაია, 1865 წელს სამეგრელოში, სენაკის მაზრის სოფელ ნაესაკოვოში, კეთილმორწმუნე გლეხის ოჯახში დაიბადა. ყრმა სიმონი მშობლებმა აღსაზრდელად მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერთან არსებულ სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მან ი მოღვაწე ბერებისგან ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების შემხედვარეს მასაც გაუჩნდა სურვილი ბერად შედგომისა.
1902 წელს სიმონი ბერად აღიკვეცა და ღირსი მამის შიო მღვიმელის საპატივცემლოდ სახელად შიო ეწოდა. 1903 წლის 21 ნოემბერს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს კი მღვდლად დაასხა ხელი და შიომღვიმის მონასტრის კეთილმოწესედ დაადგინა. 1909 წლის 2 თებერვალს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ მარტვილის მონასტერში გადაიყვანა.

1914 წლის 4 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა ხობის მონასტრის იღუმენი დიმიტრი (პარკაია), რის შედეგადაც საქართველო-იმერეთის სინოდარული კანტორის 10 მარტის ბრძანებით, მონასტრის წინამძღვრად მღვდელ-მონაზონი შიო დაინიშნა და 29 მაისს იღუმენის წოდება მიენიჭა.
იღუმენი შიო დიდ ყურადღებას აქცევდა ქვრივ-ობლებს და გაჭირვებულებს. მონასტერთან არსებულ დაწყებით სკოლაში იგი მოსწავლეებს წერა-კითხვას, წმინდა წერილს, კატეხიზმოს, გალობასა და საეკლესიო ტიპიკონს ასწავლიდა. სამეგრელოში მცხოვრები (ნოჯიხევში ლ.ღ.) საშა არჩაია თავისი მამის მონაყოლს ასე იხსენებს: „მე ბავშვობაში ცელქი ვიყავიო, რის გამოც პედაგოგებისგან საყვედურსა და წყრომას ვიმსახურებდი. ჩემი ცუდი საქციელი რამდენჯერმე მოახსენეს არქიმანდრიტ შიოს, მან კი ხელი თავზე გადამისვა და ასეთი რამ სთქვა ყველას გასაგონად: ეს ეხლა ცუდად იქცევა, მაგრამ მომავალში ამისგან კაცი დადგებაო“. აქედან ჩანს მამა შიოს სწორი პედაგოგიური ხედვა. უპირველეს ყოვლისა, ის პატარებში პიროვნების აღზრდას ცდილობდა და შემდგომ ამა თუ იმ საგნის ცოდნას. გარშემო მყოფთათვის უდიდესი მაგალითის მიმცემი თავად არქიმანდრიტი შიო იყო.
1916 წელს ვინმე „ნაბადანალის“ ფსევდონიმით მამა შიოს მოღვაწეობის შესახებ გაზეთ „სამშობლოს“ ფურცლებზე წერდა: „ სოფელ ხობის ძველთა მამათა მონასტერს დღემდე არ მოვლინებია ისეთი წინამძღვარი, როგორიც დღეს არის ეს ჩვენი შრომისმოყვარე შიო. ეს კურთხეული და ცხონებული ბერი, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის ლეონიდე მიერ იქმნა გადმოყვანილი ხობის მამათა მონასტერში იღუმენად სოფელ მარტვილის მონასტრიდან 1915 წელს. ბერი ყოვლად პატიოსანი, შრომისა და ოფლის მოყვარე; მას არასოდეს სცალიან, მისი მოცლა და მოსვენება ღვთის წირვა და ლოცვაა, დანარჩენ სხვა დროს იგი ანდომებს მუშაობას: მუდამ ხელში უჭირავს თოხი, ბარი, ნიჩაბი და კირკა, ათასნაირ ნერგს და სხვადასხვა მის მიერ ნამუშევარს ნახავთ მონასტერში. ყოველი მიმავალი მოგვითხრობს მამა შიოს შესახებ. ვუსურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს დაუღალავი შრომისთვის“.
1917 წლის 3-4 სექტემბერს იღუმენი შიო ხობის მონასტრის საძმოს წევრ, ამა ალექსისთან (მირცხულავა) ერთად ესწრებოდა თბილისში შეკრებილ ბერმონაზონთა შეკრებას, სადაც განიხილებოდა საქართველოს მონასტრებში იმ დროს არსებული პრობლემები და სხვადასხვა საკითხები. იღუმენი შიო ასევე ესწრებოდა 1921 წლის 1-5 აგვისტოს გელათში ჩატარებულ მესამე საეკლესიო კრებას, როგორც ჭყონდიდის ეპარქიის დელეგატი. სავარაუდოდ მას 1918 წელს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს.
არქიმანდრიტ შიოს საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში მოუწია ხობის მონასტრის წინამძღვრობა. დაიწყო ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა და იქ მყოფი სასულიერო პირების დევნა. ამ დროს საქართველოში დაიკეტა 600-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი. უღმერთო ხელისუფლება ჩქარობდა იქ არსებული ძვირფასი ხატების, ოქრო-ვერცხლის ნაკეთობების, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნივთების მითვისებას, რათა ისინი პირადი კეთილდღეობისთვის მოეხმარათ.
მამა შიოს უკიდურესად რთულ პირობებში უხდებოდა მონასტრის მზრუნველობა და დაცვა. 1922 წლის 10 მარტს ის დახმარებას სთხოვს ჭყონდიდელ ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე):
„დღევანდელი მონასტრის მდგომარეობა აუტანელია. კარგად რომ დავაკვირდეთ, საცრემლო მდგომარეობაზეა მიდგომილი. ადგილ-მამული, რომლითაც ის თავს ინახავდა ჩამოხდილია, შემოსავალი წყაროები დახურულია, ქარისგან სახურავი ამძვრალია. თავშიშველი უნუგეშოდ ცას შევყურებ. არა აქვს არავითარი სახსარი, თავი გადაიხუროს და დაიცვას მასთან სიდიადე-სიბრწყინვალე ძვირფას ნახატ-სურათებისა და სხვა განძეულობისა, რომელიც მას აბარია და მით ამაყობს, და თუ ამ მოკლე დროის განმავლობაში არ იქნა დახმარება, ამ ძვირფას მონასტერს უეჭველად მოელის ჩანგრევა და გაფუჭება. ამისთვის უმორჩილესად მოვივლტი თქვენს წინაშე მუხლმოყრილი, აღძრათ შუამდგომლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე, ასეთი ძვირფასი ძველთა უძველესი მამათა მონასტერი ხობისა, იქნეს მის მხედველობაში და მიეცეს ჯეროვანი დახმარება“.

სამწუხაროდ, იმ პერიოდში ხობის მონასტრისთვის არავის ეცალა. 1923 წელს მიღებული დადგენილების საფუძველზე დახურული ეკლესიების მთელი ქონება ადგილობრივი კომიტეტების განკარგულებაში გადავიდა. ზოგიერთი ნაწილი, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა მიენიჭა, სახალხო განათლების მუზეუმს გადაეცა, დანარჩენი კი მოხმარდა ადგილობრივ გლეხობას. საგაზეთო პუბლიკაციებში ხობის მონასტრის დახურვის შესახებ ვკითხულობთ:
„1923 წელს, აპრილის მეორე ნახევრის პირველ დღეებში, ხობის მონასტრის დაკეტვის საკითხის განსახილველად აქ თავი მოუყრიათ ხუთ ირგვლივ მდებარე სოფლის მცხოვრებლებს. შეკრებილთა ნაწილი მომხრე ყოფილა მონასტრის დაკეტვისა, ნაწილი კი - არა. პარტიის წარმომადგენლის „განმარტების“ შემდგომ, ხალხს „ერთხმად გადაუწყვეტია“ მონასტრის დაკეტვა, რომლის შემდეგ შესდგომიან ხატების ჩამოლაგებას“.
1923 წლის 23 აპრილს შედგენილი ოქმის მიხედვით, ზუგდიდის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარის როგავას წერილის შესაბამისად, ხობის მილიციის უფროს ტ. კვარაცხელიას მამა შიოსგან ჩაუბარებია მონასტრის ნივთები, მონასტერი დაუკეტია და კლიტე თვითონ წაუღია. კომუნისტები ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხით ცდილობენ გაეტეხათ სასულიერო პირები, რათა მათ ღვთისმსახურებასა და ქრისტიანული წესების შესრულებაზე უარი ეთქვათ.
1923 წლის 5-6 სიძველეთა დაცვის კომისიამ, გ. ჩუბინიშვილისა და ა. ჭანტურიას შემადგენლობით, ხობის მონასტრის დათვალიერების შემდეგ „მიიღორა მხედველობაში ხსენებული მონასტრის დიდი ისტორიული მნიშვნელობა მხარის ისტორიისა და კულტურისათვის“, საჭიროდ ცნო აღეძრა შუამდგომლობა სიძველეთა დაცვის კომიტეტის წინაშე, რათა „მონასტერში მცხოვრებნი, რომლების მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი მუშაობით ცხოვრობენ და როგორც გამოირკვა, ადგილობრივ მცხოვრებლებს საგრძნობ დახმარებას უჩენენ, დატოვებულ იქნა სავანეში და გადაეცათ მათ კლიტე მონასტრისა, რათა იგი მოვლილ იქნეს ჰიგიენურად“.
კომისიამ სთხოვა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მონასტრის კლიტე წინამძღვრისათვის გადაეცათ, რაც მათ გაუთვალისწინებიათ. ბერები დაუტოვებიათ მონასტერში, მაგრამ მათთვის წირვის ნება არ მიუციათ. არქიმანდრიტი შიო 1923 წლის 16 ნოემბერს ა. ჭანტურიას წერდა, რომ აქ ცხოვრობს რვა ბერი, მოხუცებულნი და ავადმყოფნი, ისინი დიდი ხანია მონასტერში იმყოფებიან, შეეჩვივნენ წირვას და ახლა წირვა რომ აუკრძალეს, ძალიან დამწუხრებულნი არიან. წინამძღვარი ითხოვს, - უშუამდგომლონ მთავრობის წინაშე და „უშოვნონ ნება წირვისა“, მაგრამ ეს თხოვნა არ დაკმაყოფილებულა. შემდგომ წლებში ხობის მონასტერს ჩამოერთვა მთელი ქონება, სახნავ- სათესი მიწები, რამაც ბერებს ყოველგვარი საარსებო წყარო მოუჭრა.
1925 წლის ივლისში ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ჭელიძე) ხელახლა აკურთხა ხობის მონასტრის ტაძარი, როგორც სამრევლო ეკლესია, რადგან მთავრობის ბრძანების საფუძველზე მას არ ჰქონდა უფლება იქ ბერმონაზვნები განემწესებინა. მან ეკლესიაში თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლები დანიშნა. ამის გამო, არქიმანდრიტი შიო და მონასტრის ბერები იძულებული გახდნენ ახლომდებარე სოფლებში გასულიყვნენ საეკლესიო წესების შესასრულებლად, რატა მცირეოდენი საზრდო და არსებობის საშუალება მოეპოვებინათ. ამას კი თეთრი სამღვდელოების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. რამდენი მათგანი ეპისკოპოს სვიმეონთან უჩივლა მამა შიოს. აი, რას ვკითხულობთ მეუფე სვიმეონის მიერ საკათალიკოსო საბჭოში გაგზავნილ წერილში:
„წარმოვადგენ, რა თხოვნას დეკანოზ ნესტორ სასანიასას, შესახებ ხობის ყოფილი მონასტრის ბერების უწესო საქციელისა. ამასთანავე, პატივი მაქვს მოვახსენო საკათალიკოსო საბჭოს, რომ ჩემს მიერ მიღებულია ზომები ქვედა ბიის მაცხოვრის ეკლესიის განახლებისა და მოხდენილია ოფიციალური განკარგულება, რომ ბერები სხვა სამრევლოებში ეპარქიის მთავრობის ნებადაურთველად  არ ერეოდნენ. წინასწარ გაფრთხილებდით, რომ ასეთ უწესობისა გამო სასტიკად დაისჯებიან, რაც სისრულეში იქნება მოყვანილი პირველ შემთხვევაშივე სასტიკის სიმკაცრით - 1926 წლის 5 აპრილი“.
ამდენმა შეურაცხოფამ, დარდმა და ტკივილმა  სიცოცხლე  მოუსწრაფა მცხოვან არქიმანდრიტს. მცირედი ავადმყოფობის შემდგომ, 1929 წლის 3 მარტს (ძვ. სტილით 20 თებერვალი) იგი გარდაიცვალა. ხობის მონასტრის საძმომ ამ მეტად საჭირო დროს დაობლება მტკივნეულად განიცადა. მამა შიოს გასვენებას ბევრი ხალხი არ დასწრებია, შიშით ვერ ბედავდნენ მისვლას. მონასტრის კეთილმოწესე და შემდგომი წინამზღვარი, იღუმენი ალექსი (მირცხულავა) წინამძღვრის ცხედართან თურმე ბავშვივით ქვითინებდა. დაკრძალვის შესახებ მან წერილით აცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი):
„უწმინდესსა და უნეტარეს პატრიარქ ქრისტეფორეს.
ვითხოვთ თქვენგან შენდობას და ვეანბორებით თქვენ წმიდა მარჯვენას მუხლმოდრეკით. გარდა ამისა, იმედია ამ მცირე ბარათის მიღებისთანავე ჩვენც მოგაგონდედით. ჩვენ დიდად მწუხარებაში ვართ. ხობის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი შიო გარდაიცვალა 20 თებერვალს, ძველით, თავის დროზე უნდა გვეცნობებია, მარა ჩემ ავადმყოფობამ ქნა და აწი გთხოვთ მუხლმოდრეკითა და სიმდაბლით, თქვენი წმიდა წირვა აღირსოთ მამა შიოს; მეორმოცე დღეა 31 მარტს, ძველით. აწი მეტი რაღა გაწყენიოთ. მარადის თქვენი მომხსენებელი, იღუმენი ალექსი ხობიდან. 1929 წლის 22 მარტი“.
არქიმანდრიტ შიოს ცხედარი მონასტრის ძმობამ ხობის მონასტრის სამრეკლოში დაკრძალა.  

წყარო: გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, N8, 23-29 თებერვალი, 2012 წელი.
გაზეთის ელექტრონული ვერსიის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებ ბატონ კონსტანტინე ალიბეგაშვილს.



19.09.2019

ხობში გავრცელებული ყურძნის სახეობები (XIX საუკუნე და XX-ს დასაწყისი)

ხარდანი - ს ვაზი ღონიერი და მოსავლიანია. ფოთოლი დიდი და თითქმის მომრგვალო, ზევითგან მუქი მწვანე და გლუვი, ოდნავ დაკბილული აქვს, ქვევითგან ღია მწვანე და ბუსუსიანია. მტევანი დიდი, წოწოლა, ბურძღენიანია და მეჩხარი იცის. მარცვალი მრგვალკვერცხებრივი და თხელკანიანი ასხია, ხორცი მაგარი და ტკბილი აქვს - ერმინე ნაკაშიძის დახასიათებით. ბესარიონ ნადარეიშვილის სიტყვით კი, ხარდანის მტევანი „მსხვილმარცვლიანი და მანგარი ოტკვარალი“ ე.ი. მაგარი სატკვერი, მაგარი საკვნეტი იყო, მაშასადამე, თუ აქ მარტო ხორცის სიმაგრე არ იგულისხმება, მისი კანიც სქელი უნდა იყოს. ძალიან ადრე მწიფდება. მაჭრად აყენებენ, ღვინო კი მისგან შედარებით მდარე დგება. ნაცარი სხვა ჯიშებზე ნაკლებ ეკიდება. მცირე რაოდენობით სამეგრელოში ყველგან იყო გავრცელებული. ხარდანის ჯიშის ყურძენი შავიც იყო და თეტრიც. ამიტომ პირველს მეგრულად ხარდანი უჩა, თეთრს კი ხარდანი ჩე ეწოდებოდა.

ტოროკუჩხი - მისი ყურძნითგან კარგი ღვინო დგებოდა. უცნობი ავტორის ცნობით გავრცელებული ყოფილა ხიბულაში.
„ტოროკუჩხი ხეზე იყო“, ე.ი. მაღლარი ყოფილა, „მტევანი იცოდა მსხვილი. შავი კუფხლებიანი“. უცნობი ავტორის ცნობით კი, ტოროკუჩხი ფართოდ ყოფილა გავრცელებული და მისგან თურმე კარგი ღვინო დგებოდა.
საფიქრებელია, რომ ყურძნის ამ ჯიშის ეხლანდელი სახელი ტოროკუჩხი უნდა წინანდელი ტოროჯკუჩხი-სგანიყოს წარმომდგარი. კუჩხა მეგრულად ფეხსა ჰნიშნავს, ხოლო ტოროჯი ჭანურად, ტორონჯი კი მეგრულად მტრედს უდრის და ეწოდება. ამნაირად საგულისხმებელია, რომ ტოროჯკუჩხი და აწინდელი ტოროკუჩხი მტრედის ფეხს ჰნიშნავს. მაშასადამე, ტოროკუჩხი ზოგადი ქართულის მტრედის-ფეხას უდრის, მის მეგრულ თარგმანს წარმოადგენს და იგივე ყურძნის ჯიში უნდა იყოს, როგორიც მტრედის-ფეხაა.

სამანჭრო - სამეგრელოს ყველა სოფელში მოიპოვებოდა მცირე რაოდენობით.


გოდავათური ანუ გოდაათური - ს ვაზი, თუმცა ღონიერია, მაგრამ მცირემოსავლიანი არის. იმდენად გვიან მწიფდება, რომ დეკემბერში და იანვარშიც კი ჰკრეფენ ხოლმე. ღირსებით ოჯალეშისას არაფრით ჩამოუვარდებოდა. გავრცელებული იყო ტეხურსა და ხოფს შუა მდებარე სოფლებში. მათ შორის უფლისკარში.

კიკაჩა  - გავრცელებული ყოფილა საჯიჯაოში. ღვინო კარგი სცოდნია.

ჩხოროკუნი - ს ვაზი ხიბულაში ყოფილა გავრცელებული.

ლაბილური, უცნობი ავტორის დახასიათების თანახმად, სოფელ ხეთასა და მის მიდამოებში ყოფილა გავრცელებული და ძალიან ტკბილი ყურძენი სცოდნია, რომლისგანაც თურმე ძალიან ტკბილი და მაგარი ღვინო დგებოდა.

ჩხუჩეში ძალიან გავრცელებული ჯიში იყო სამეგრელოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში, ზანისა, საჯიჯაოს და უფალიკარითგან მოყოლებული რიონის ნაპირებამდე. (ჩხუ მეგრულად ძროხას ნიშნავს. რაკი ყურძნის ერთი ჯიში არსებობს, რომელსაც ქართულად ხარისთვალა ეწოდება, იბადება საკითხი, ჩხუჩეში ხომ თეთრი ხარისთვალას მსგავსი მეგრული სახელის შემოკლებულ ნაშთს არ წარმოადგენს?).

ჩეკოლოში ქვალონში, ნოჯიხევსა და სხვა სოფლებში ყოფილა გავრცელებული. ამ ჯიშის სახელი თეთრ-კოლოშსა ნიშნავს, რომლის, როგორც ვიცით, წითელი სახესხვაობაც არსებობს.

დღუდღუში - მცირე რაოდენობით აშენებდნენ ყოველგან მთელ სამეგრელოში.

ოპოპი - გავრცელებული ყოფილა სოფელ ხორშის მიდამოებში.

ჭვიტილური - ეს ჯიში ძალიან გავრცელებული იყო, მცირე რაოდენობით სამეგრელოს ყოველ სოფელში აშენებდნენ, მაგრამ კარგ ღვინოს ის იძლეოდა ამ რაიონის მარტო მაღალ ზოლზე.

ადგილობრივი ჯიშის ყურძენი გვიან იკრიფებოდა, გამონაკლისს შეადგენდა მარტო სამაჭრე ჯიშები, რომლისგანაც მაჭარს აკეთებდნენ და მაშინვე ხარჯავდნენ. ამ ჯიშების ყურძენი შეიძლებოდა დარჩენილიყო ხეზე უვნებლად დიდხანს, თითქმის თებერვლლის გასვლამდე.
ნაცრის გაჩენამდე ყურძენს ღვინისთვის, თუ ის დანიშნული იყო გასაყიდად, ან საძველოდ, უფრო დიდხანს შესანახად, კრეფდნენ მაშინ, როცა ის გადამწიფებული იქნებოდა, სახელდობრ 15 დეკემბრიდან; მეღვინეობის ზოგიერთ სოფელში ყურძენი ხეზე რჩებოდა შუა თებერვლამდე. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ყურძენი რაც გვიან იკრიფებოდა, მით მისგან დაყენებული ღვინო უმაღლესი თვისების გამოდიოდა.

მასალა მომზადებულია შემდეგი გამოცემების მიხედვით:
1.      .1.ერმინე ნაკაშიძე. მევენახეობა-მეღვინეობა, 1929 წ.
 2. ივანე ჯავახიშვილი. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი V

13.09.2019

“მალანურობის“ შესახებ მწერლების: შალვა დადიანის, პოლიო აბრამიას და ჯაჯუ ჯორჯიკიას ჩანაწერები


მწერალ შალვა დადიანის მიერ 1938 წელს მოწოდებული ცნობით: „ხობთან სოფელ ბიაში ახლაც არიან მომსწრენი, რომელთაც ახსოვთ, იციან მალანურობა და ამ სანახაობაში მონაწილეობაც კი მიუღიათ. თამაშობდნენ შემდეგნაირად: ერთ მხარეზე ზის მოთამაშე, რომელიც დადიას თამაშობს, მეორე მხარეზე - მეფე, ორთავე ვეზირებით. დადიანი გაგზავნის ვეზირს მეფესთან: ვინ ხარო, ან რა გინდა ჩემს სამფლობელოშიო. მეფე უპასუხებს: დადიანმა ძაღლი მომპარა და მის დასაბრუნებლად მოვედიო. - სტყუისო, - ამბობს დადიანი, - მაგან კაცები უნდა მომტაცოს და გაყიდოსო. საერთოდ მოციქული ვეზირები თავისი ენამახვილობით ამასხარავებენ, ათრევენ მეფესა და დადიანს.

„მალანურობის“ რიტუალით დაინტერესებული ყოფილა ილია ჭავჭავაძე. ილიას ჯაჯუ ჯორჯიკიასთვის დაუვალებია ჩასულიყო სოფელ ბიაში, ენახა თუ როგორ მალანურობდნენ ადგილობრივები და მოემზადებინა საგაზეთო მასალა „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად. ჯ. ჯორჯიკიას მოუმზადებია მასალა და გაუგზავნია „ივერიის“ რედაქციაში.
ალანურობა (სოფელ ბია, სამეგრელო, ხობის მახლობლად). „საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, როცა ერთმა მოხუცმა საყვირს ხელი დაავლო და ამ მაღალი გორაკიდან მძლავრად გადასძახა. მან ამით ამცნო სუყველას, რომ ალანურობა იწყებოდა, გაისმა ქალ-ვაჟთა სიმღერა, თან მოჰყვა ნაზი, ტრფობით სავსე, მეგრული ქალების ცეკვა. შემდეგ დაიწყეს „ალანურების“ არჩევა. ალანური უნდა იყოს ახალგაზრდა, უცოლო ყმაწვილი, რომელსაც წლის განმავლობაში სოფელ ბიის საყდრისათვის  „ალნურობა“ აღუთქვამს. საჭიროა თორმეტი „ალანური“. ექვსი იმერეთის მეფისთვის და ექვსი კი სამეგრელოს მთავრისათვის. ნახევარი საათის შემდეგ „ალანურები“ არჩეულ იქნენ და შუბლზე თეთრი ტილო შემოაკრეს, მხოლოდ მეფედ და მთავრად ორი, სოფელში ენაწყლიანობით ცნობილნი, მოხუცი აირჩიეს, მერმე მეფე და თავადი შეერთდნენ. წინ მოხუცი გაუძღვა თეთრში გამოწყობილი; ორს საყვირი ეჭირა: მოხუცი წელში გაიმართა და ქართულად დაიძახა: 
-                 აის გაის!
-                 თორმეტი ალანური და საზოგადოება
-                 აის გაის! აის გაის!
მერმე გაისმის საყვიტის ხმა
-                 აის გაის!
-                 აის გაის!
ეს განმეორდა, სანამდე საყდარს სამჯერ არ შემოუარეს. მერმე გაჩერდნენ საყდრის წინ და აქაც წინამძღვრის ლოტბარობით რაღაც სიმღერა გააბეს, მერე წელში გაიმართნენ და ჯოხები ჯოხებს დაახალეს, შემდეგ სამეგრელოს მთავარმა თავის ამალით საყდრის ახლოს დაიჭირა ადგილი. ხოლო მეფემ, იქვე მდგომ ცაცხვის ძირს მოიკალათა. საზოგადოება ორად გაიყო და მეფითა და შუა ფართე ადგილი დასტოვა, რომ „მოციქულებს“ თავისუფალი გზა მისცეს. მოციქულებად ხუთი კაცი ოყო და გააბეს ენის მიტან-მოტანა.
სამეგრელოს მთავარმა ცაცხვისაკენ გაიხედა და იკითხა:
-ვინ არის აქ ცაცხვის ძირს, ყორნის თავის ოდენა მოჩანს?
-იმერეთის მეფეაო - მოახსენეს მოციქულებმა.
მთავარი - იმერეთის მეფეო? მიკვირს მისის საქციელი, როგორ მოხდა, რომ სამეგრელოში შემოსულა და მის მთავრისათვის კი არ უცნობებიაო? ჰკითხეთ მიზეზი ასეთი ურჩობისა! - ბრძანა მთავარმა.
მოციქულები მოწიწებით გაემართნენ მეფესთან, რომელიც ამ დროს თავის ამალასთან გაცხარებით საუბრობდა. მთავრის სიტყვა მეფეს გადასცეს. ხალხი, რომელიც იმერეთის მეფისკენ იყო, სიცილს ვერ იკავებდა.
- მე ვარ მეფე იმერეთისა და მფლობელი საქართველოსი დასავლეთით და აღმოსავლეთითაც. სამეგრელოს. მთავარი ჩემი „ვასალია“ არა ბატონი. ამისათვის გადაეცით მას ჩემი გულის წყრომა და გააფრთხილეთ, რომ არ განმარისხოს, თორემ გლახა საქმე მოელისო.
მოციქულებმა ეს სიტყვები მთავარს რომ გადასცეს, გაისმა სიცილი მთავართან მოგროვილი ხალხისა. მთავარი გაოცდა და ბრძანა:
-    იმერეთის მეფე ეხლა ლეჩხუმში მეგულებოდა და ის კი სამეგრელოში შემოჭრილა; მართალია, სამეგრელო მდიდარია ავლა-დიდებით, ხოლო იმერეთი - ღარიბი; თუ სურსათი შემოკლებია, შემომითვალოს და ამდენ დიდებას უწყალობებ, რომ მისმა ამალამ ვერც კი „გადაათრიოსო“ და თუ სხვანაირად მოსულა აქ, მაშინ ეს უფლების შეურაცხყოფაა და ძვირად დაუსვამ მეფეს „ასეთ თავის აგდებისაო“
-       მეფეს რომ ეს მოახსენეს, განრისხდა და შემოუთვალა:
უთხარით რომ იმერეთის მეფე არც დახმარებას საჭიროებს და არც სამეგრელოში მოსვლისათვის ნებართვას; მან კეთილ ინება აქ მობრძანება, დაჰყოფს მცირე ხანს და თავისის ნებითვე იმერეთში გაემართებაო.
მოციქულებმა რომ ეს სამეგრელოს მთავარს მოახსენეს, ფეხზე წამოიჭრა და მიუგო:
თავი აუგდია იმერეთის მეფეს, ასეთი მეტიჩრობისათვის. ეხლავე უთხარით აქედან გაბრძანდნენ, თორემ შავ დღეს დავაყენებო!
მეფემ შეუთვალა:
თუ მართლა მათქმევინებთ. სამეგრელოს მთავარი მე ძაღლების მწვრთნელად მყავდაო, ეხლა კი დახე როგორ გაამაყებულა! უთხარით მაგ ჩემ მწევრების აღმზრდელს, რომ სიტყვა ასწონ-დასწონოს, თორემ გლახა დღეს დავაყენებ... საყრდრის კარებთან რომ დამდგარა იმას ჯობია შიგ შევიდეს, გასწმინდოს, გაასპეტაკოს და ჩემ მისაღებად ამალა დაამზადოს, თორემ დაბადების დღეს ვაწყევლინებ.
მოციქულებმა დიდის მორიდებით, მეფის სიტყვები მთავარს გადასცეს.
მთავარმა იოხუნჯა:
„დიახ მეფე მართალია, მე სამეგრელოში ძაღლებსაც კი ვწვრთვნი, იმერეთში კი მეფეც არ ყოფილა გაზრდილიო“...
მოახსენეს მეფეს თუარა ეს წამოიჭრა და დაიძახა: „აბა, ბიჭებო, თქვენ იცითო!“
სამეგრელოს მთავარმაც სწრაფლ მიატოვა ადგილი და მეფისკენ გაექანა.
ერთის შეხედვით ეს ჩვეულება უფრო თამაშს წააგავს, მაგრამ ამ წუთში მეფეთა შორის მდგომარეობამ უკიდურეს ტრაგიზმამდე მიაღწია. მეფეების ამალა „მალანურები’ ისე აენთნენ, რომ მზად იყვნენ ერთმანეთი დაეგლიჯათ, მაგრამ ზოგიერთ პირებმა ჩააგონეს - შეჩერდით, თავი შეიკავეთო...
განრისხებულმა მეფემ მიუგო წინაშე მდგომ მთავარსა:
ჩხუბისა და სისხლის დაღვრას დავეთხოვოთ, ისა სჯობია ხვალ ჩვენი ამალა შევაბრძოლოთ და ვინც დასძლევს, ის იქნება გამარჯვებული და მართალიცაო.
მთავარი დათანხმდა და მალანურები ერთმანეთს შეურიგდნენ.
21 აგვისტოს ბრძოლით უნდა დათავებულიყო. ჩვენდა სამწუხაროდ 21 აგვისტოს ჩვენ იქ მისვლა არ მოგვიხდა, მხოლოდ როგორც გადმოგვცეს, მეორე დღეს საყდრის გზა შემდეგ სცენას წარმოადგენს:
აიღებენ ვეებერთელა ჯოხს და გარშემო ტილოს შემოახვევენ. მერმე გაუშვებენ ერთ მხრივ დადიანის ამალას და მეორეს მხრივ მეფისა. და ის მხარე, რომელიც მეორე მხარეს დანიშნულ წრეზე გადაიტანს და ამასთან ჯოხსაც ხელიდან გამოსტაცებს, გამარჯვებული შეიქმნება. ბრძოლის შემდეგ „მალანურები“ ჯოხს საყდრის სართულისკენ გადაისვრიან.
29 აგვისტოს „მალანურები“ სოფლებში სალოცავად დაიარებიან.
ამ ჩვეულებას საერო-საეკლესიო ელფერი აქვს. მეფე და მთავარი შეიძლება საგაისოდ წლევანდელი დარჩნენ, „მალანურები“ კი ახალი იქნებიან. მეფისა და მთავრის შორის დიალოგი ყოველწლივ შინაარსით იცვლება, ფორმა კი იგივე რჩება.
მწერალ პოლიო აბრამიას, ეს ცნობა ფოთში 43 წლის ვარლამ თოდუასაგან ჩაუწერია 1934 წელს.
     ეკლესიის გარშემო უვლის ხალხი. ამ ხალხს წინ უძღვის 12 რჩეული ვაჟკაცი. მათი ტანსაცმელია: წითელი ახალუხები, შალვარში ცატენებული. თავი - წაკრული ყაბალახებით. ფეხზე - უძიროები მესტებში. ჩვეულებრივი ტანსაცმელით ჩოხა-ახალოხში, ნელა იწყებენ:
     დ ა მ წ ყ ე ბ ი: ვოისა...
     ხ ა ლ ხ ი: გაისა...
 შეძახილები ნელნელა ჩქარ ტემპში გადადის და სიმღერად იქცევა. სამჯერ ამ სიმრერით შემოუვლიან ეკლესიას. შემდეგ გააღებენ ეკლესიის კარს და მალანურებს დაამწყვდევენ ეკლესიაში. დაადებენ ბოქლომს.
  ხალხი იყოფა ერთი მეორის მოპირდაპირედ ორ  ჯგუფად. ერთ მხარეზეზე არიან დადიანის მომხრეები, მეორე მხარეზე - მეფისა. შუაზე , მიწაზე გადებენ გრძელ ჯოხს. გაუშვებენ მალანურებს. მალანურები ექვსი კაცი დადიასია, ექვსი კაცი მეფისა, ვინც დაძლევს ის არის გამარჯვებული“.
  ,,მალანურობა“ ჩვენ შემთხვევით არ შეგვიტანია ყეენობის სანახაობათა ციკლში. მალანურობის მსგავსი სანახაობა ქიზიყშიც აღმოჩნდა და იქ მას ყეენობას უწოდებენ.

წყარო: დ. ჯანელიძე, ქართული თეატრის ისტორია. 1983 წ.

11.09.2019

„მალანურობის“ ისტორია და ეტიმოლოგია


ხობის შესახებ მასალების ძიების დროს ჟურნალ „თეატრალურ მოამბეში“ წავაწყდი დიმიტრი ჯანელიძის საინტერესო წერილს: „მალანურობის“ წარმოშობის, სახელწოდების ეტიმოლოგიის და სიმბოლიკის შესახებ.
„მალანურობის“ რიტუალით დაინტერესებული ყოფილა ილია ჭავჭავაძე. ილიას ჯაჯუ ჯორჯიკიასთვის დაუვალებია ჩასულიყო სოფელ ბიაში, ენახა თუ როგორ მალანურობდნენ ადგილობრივები და მოემზადებინა საგაზეთო მასალა „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად.
„მალანურობა“ მრავალშრიანი და სიმბოლური დატვირთვის მატარებელი სახიობაა. თეატრალიზებული რიტუალი კარგად აჩვენებს თუ რა დიდი კულტურის შემქმნელები იყვნენ ჩვენი წინაპრები.
გთავაზობთ სამეცნიერო პუბლიკაციის პირველ ნაწილს.
თეატრალური ინსტიტუტის ხალხურ სანახაობათა ექსპედიცია ზემო სვანეთიდან ბრუნდებოდა, კვირა დღე იყო, 1978 წლის 17 სექტემბერი. გზად ზუგდიდის მუზეუმი დავათვალიერეთ. ჯაბა იოსელიანსა და მე გრიგოლ დადიანის (კოლხიდელის, 1814-1902) ფერწერული პორტრეტი გვაინტერესებდა. კარლ ბრიულოვის (1799-1852) ამ სურატზე გრ. დადიანს ხელთ უპყრია წიგნი-პიესა, რომლის სათაურად „სამსახეობა რაინდისა“ იკითხება.
გზა განვაგრძეთ. ქალაქ ხობში მოგვიხდა შესვენება. იქ გავიხსენე, რომ მახლობელ სოფელში, ძველად მეტად საინტერესო სანახაობა - „მალანურობა“ იმართებოდა. დრო გვქონდა და ვიფიქრე, სოფელში შეგვევლო, „მალანურობაზე“ ახალი მასალები შეგვეკრიბა, მაგრამ ვერაფრით იმ სოფლის სახელწოდება ვერ გავიხსენე. გაჭირვებიდან ისევ ჯაბა იოსელიანმა მიხსნა, ვიღაც ადგილობრივი მცხოვრებისაგან ახლო-მახლო სოფლების სახელწოდებანი გამოიკითხა და როდესაც ჩამომითვალა, მაშინვე მეხსიერებაში აღდგა სოფლის სახელი. ეს იყო ბია.


                                               ზემო ბია (ფოტო: ირაკლი შონია)
გამოვიკითხეთ ამ სოფლის გზა-კვალი, ორი თუ სამი კილომეტრით იყო დაშორებული ქ. ხობს. გზას გავუდექით. სოფელ  ბიაში რომ მივედით, კოლმეურნეობის თავმჯდომარემ ბენიამინ თოფურიძემ თავაზიანად მიგვიღო, გაგვაცნო სოფლის საბჭოს თავმჯდომარე სერგო იოსავა. მან მეგზურობა გაგვიწია. სოფლის კარდაკარ ჩამოვიარეთ, მოხუცები და ხანშიშესული მცხოვრებლები მოვინახულეთ და ვიბაასეთ.
1. ჩანაწერები. აი, რა ჩავიწერეთ და ვისგან:

ლუკიანე მალხაზის ძე შონიამ (ჯუბა შონიამ დაბ. 1919) გვიამბო:
 მალანურობა 12 კაცისაგან შედგებოდა. ყველას ჰქონდა გათლილი ჯოხები; ლოცვით დადიოდნენ ოჯახებში. 15 დღე გრძელდებოდა. მერმე 12 მალანური თავისი მღვდლით (ლავრენტი იოსავა) ეკლესიაში ლოცულობდნენ, რომ მიქელ გაბრიელს ვინმე არ წაეყვანა. შემდეგ გრძელი ჯოხებით ისინდი იმართებოდა. მაღლა გორაზე დგას ცაცხვი, გაიმარჯვებდა ის, ვინც ცაცხვს გადააცილებდა. ამის მერე, ერთ მხარეს დადიანი, მეორე მხარეს მეფე. დიდი ცაცხვი დგას ზემო ბიის ეკლესიაში. ბჭობას წარმოადგენდნენ მეფისა და დადიანისას. მეფისა და დადიანის ერთიმეორეს უტევდნენ. დადიანისანი: მეფის ცოლს ასე და ასე უქენიო. უსმენდნენ ხანშიშესულნი. ეს რომ გათავდებოდა, 12 მალანური შემოუვლიდა ეკლესიას. დიდ ჯოხს (დადებდნენ) ექვსი კაცი ერთი მხრით, ექვსი მეორე მხრიდან. საითკენაც გადაწევდნენ - იქით კარგი მოსავალი იქნებაო. ამ დროს  ერთი უბედურებაც მოხდებოდა ხანჯლები დატრიალდებოდა, მეორე დღეს  უფროსი ხნიერი კაცი მეთაურობდა.


  ზემო ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (ფოტო: ირაკლი შონია)



ვესევი ალექსანდრეს ძე იოსავამ ( 68 წ ) გვიამბო: მალანურობა იწყებოდა სიმღერით:
 აისა !
ვაისა!
ეს სანახაობა გადასაგდები არარის, 1917 წელს უკანასკნელად ითამაშეს, სოფელი ყველაფრით სავსე იყო,“ნირზი“ 15 აგვისტოს ეწყობოდა  ეს იყო მალანურობა, ორად იყოფოდა სოფელი ბია; სადადიანო და სამეფო, შეარჩევდნენ მარიამობის რამდენიმე დღით ადრე, ახალგაზრდებს, ტოლებს, ღონიერსა და მარჯვეს - ესენი იყვნენ მალანურები,  6 იყო დადიანის, მეორე 6  მეფის მხარეზე, ძალიან ბევრი ხალხი გროვდებოდა, მთელი მიდამო სავსე იყო მალანურობის საყურებლად, 6 მალანური ცალკე დადგებოდა, 6 - ცალკე,   შაირობდნენ. მეფეს დადიანის მალანურები აგინებდნენ, მეფის მალანურები-დადიანს, სამხიარულო წარმოდგენა შუადღემდე გრძელდებოდა, ყოველ მალანურს ქონდა ხელის შოლტები (ორნახევარი მეტრის)
 ჭოკები რომელთა ბოლო წითლად იყო მოხატული, მალანურები ეკლესიის უკან დგებოდნენ, ცაცხვის გადასაცილებლად ამ შოლტებს ისროდნენ,ვინც ეკლესის ცაცხვს გადააცილებდა, ის იყო გამარჯვებული  შეჯიბრი 2 საათს გრძელდებოდა, ეს რომ დამთავრდებოდა, მალანურებს შეიყვანდნენ ეკლესიაში და კარს დაკეტავდნენ, მომზადებული ქონდათ კანგაცლილი აკაციის ჭოკი (7 მეტრის სიგრძის) ცაცხვის წინ იყო მოედანი დავაკება. ვიწრო ადგილზე დადებდნენ, ხალხი ორთავე მხარეს  იყო, წესრიგი უნდა  ყოფილიყო, ხალხს ხელი არ უნდა  შეეშალა  შეჯიბრებისათვის, გააღებდნენ ეკლესიის კარებს  და მალანურები ეცემოდნენ ჭოკს, მარჯვენა უნდა წაეღო მეფის მხარეს, მარცხენა დადიანის მხარეს, ეწოდნენ აქეთ იქით კვაკვს-ძლიერი სპორტული სანახაობა იყო, ხალხი იშვიათად ერეოდა, ზოგჯერ მოყვებოდა ჩხუბი, გვიან დაიშლებოდნენ, რელიგიური არ ყოფილა. საბჭოთა ხელისუფლების  დამყარების პირველ წლებში, 1921-1928 წწ, მალანურობა იყო, ასეთი სანახაობა  კიდევ უნდა იყოს. მთხრობელი მალანურობას ცოტნე დადიანის თავგადასავალს უკავშირებს,  მაგრამ ამას ვერ გვიხსნის.

გ რ იშ ა   ვასილის ძე   ი  ო ს ა ვ ა მ (დაბ. 1912 წელს) გვიამბო: მალანურობაში 6 კაცი იყო აქედან და ექვსი-იქიდან, ჯოხს ეწეოდნენ, ვინც აიღებდა  ჯოხს, ეკლესიაში შეიტანდნენ, კარგად არ მახსოვს, თეთრი  ეცვათ, კარდაკარ დადიოდნენ სიმღერით.

 პ ა რ თ ე ნ    ღ ვ ა დ  უ ა მ  (78 წლის)  გვიამბო: ირჩევდნენ 12 კაცს, ერთი იყო დადიანის მეორე- მეფის, კვაკვას  დადებდნენ შუაზე, რომელი მხარეც წაართმევდა, ის იყო გამარჯვებული. ჰყავდათ მოციქულები, ეკამათებოდნენ ერთმანეთს, მღეროდნენ“ აისა ვაისა“, ადრე ყოველ წელიწადს იყო, დიდიხანია აღარ ყოფილა.

 2 . მალანურობის ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ა ნ ი.
თეატრალურ ინსტიტუტში, ორმოც-ორმოცდაათიან წლებში მწერალი ჯაჯუ ჯორჯიკია მასწავლებლობდა, თბილისის პირველი სასუალო სკოლის დირექტორი, თეტრალურ ახალგაზრდობას ფრანგულ ენას ასწვლიდა, ჯაჯუ ჯორჯიკიას მალანურობაზე შევეკითხე, მან მითხრა ამ სანახაობით თვით ილია ჭავჭავაძე ისე დაინტერესებულაო, დამავალა კიდეც, სოფ. ბიაში ჩავსულიყავი და მენახა, თუ როგორ და რაგვარად მალანურობდნენ და მათ ქმედობა სიტყვიერად გადმომეცა გაზეთში გამოსაქვეყნებლად. ჯაჯუ ჯორჯიკიას წერილს „ივერიაში“ ვერ მივაკვლიე. კარგა ხნის შემდეგ გუგული ბუხნიკასვილმა მაცნობა, რომ 1910 წელს „სახალხო გაზეთში“ (N 170) ხალხური სანახაობის შესახებ საინტერესო წერილიაო სათაურით „ალანურობა“ და ხელმოწერით „ჯ.ა.ო“. პუბლიკაცია ჯაჯუ ჯორჯიკიას წერილად მივიჩნიე. ჩემი წიგნი „ქართული თეატრის ხალხური საწყისების“ პირველი გამოცემა უკვე დაბეჭდილი იყო (1948) და მხოლოდ 1983 წელს დაბეჭდილ მეორე გამოცემაში შევძელი ჯარჯუ ჯორჯიკიას აღწერილობით შემევსო მალანურობაზე არსებული მასალები.
 უკვე ოცდაათიანი წლებიდან ცნობილი იყო კონსტანტინე გამსახურდიას მიერ „მთვარის მოტაცებაში” აღწერილი „მალანურობა“. როდესაც 1938 წელს, ჩემი ექსპოზიციით თეატრალურ მუზეუმში ქართულ ხალხურ სანახაობათა გამოფენა მოეწყო. ბერიკაობის, ყეენობის, მურყვამობის, გონჯაობისა და სხვა სანახაობათა გვერდიგვერდ, მალანურობაც იყო. ამ სანახაობის მთლიანობაში წარმოდგენა მწერლების შალვა დადიანის, ვიქტორ გაბესკირიას და პოლიო აბრამიას მიერ მოწოდებულმა აღწერილობებმა გაგვიადვილდეს. ეს მასალები „ქართული თეატრის ხალხური საწყისების“ ორივე გამოცემაში არის ასახული. მათზე დაყრდნობით შევეცდები წარმოვადგინო ამ სანახაობის ზოგადი აღწერილობა.

3. მალანურობა ზოგადი აღწერილობით.
  მალანურობის მოქმედნი:
მალანურობის წინამძღვარი - მოხუცი თეთროსანი (თეთრად ჩაცმული).
იმერეთის მეფე - მოხუცი, ესეც მახვილსიტყვაობით გამორჩეული.
სამეგრელოს მტავარი - მოხუცი, ესეც მახვილსიტყვაობით გამორჩეული.
იმერეთის მეფისა და სამეგრელოს მთავრის ექვს-ექვსი მალანური, აცვიათ სარვალსი ცატანებული წითელი ახალუხები, თავზე ტთრი თავსაკრავები, წითელი ჩაბალახები, ფეხზე უძიროები, ხელთ - თავწიტელი, ფრთებით შემკული ჭოკები.
   ენის მიმტან-მომტანი 5 მოციქული
    მესაყვირე, მემუსიკე. სულ 21 მოქმედი.
   სანახაობა საყვირის (ბუკის) დაძახებით იწყება. ხალხი ეკლესიასთან გროვდება, იწყება სიმღერა, იმართება ცეკვა-თამაში, ირჩევენ მალანურების შემსრულებლებს. საზეიმო მსვლელობით წინ მოდის მალანურობის თეთროსანი წინამზღვარი, მას მოყვება ორი მესაყვირე, მოხუცი დაიზახებს: - აის, გაის! თორმეტი მალანური და მთელი ხალხი შესძახებს: აის, გაის!
  ეკლესიას სამჯერ შემოუვლიან და სულ იმას - აის, გაის! ეკლესიის წინ შედგებიან. წინამძღვრის ხმის აყოლებით სიმღერას გააბამენ, მერმე მალანურები ჭოკებს ჭოკებს დაახლიან და ორად გაიყოფიან.
   სამეგრელოს მთავრის როლის მოთამაშემ საყდრის ახლოს დაიკავა ადგილი. მეფემ იქვე მდგომ ცაცხვის ძირში მოიკალათა. ამათ შუა ფართო ადგილი დატოვეს მოციქულთა მისვლა-მოსვლისთვის.
   ხუთმა მოციქულმა იწყო ერთი თავიდან მეორესაკენ და პირუკუ დანაბარების მიტან-მოტანა. გაიმართა თავისებური „ნირზი“. მეფე და მტავარი ერთმანეთს არ ზოგავენ, ყიამყრალობენ, ბილწსიტყვაობენ, მოციქულები დანაბარებს კიდევ უფრო მეტად აპილპილებენ, უწმაწურობენ, ხალხი სიცილით იხოცება.
   კონსტანტინე გამსახურდიას მხატვრული ასახვით მალანურობისეულ იმერეთის მეფეს შეუთვლია მალანურობაში გამოყვანილი მთავრისათვის.
  უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ჯაჯუ ჯორჯიკიას წერილს „მალანურობის“ რიტუალის შესახებ.

10.09.2019

დავით ჩიქოვანი - აღმოსავლეთის ეკლესიის კრებათა ისტორია IV-V საუკუნეებში



2019 წელს გამოიცა ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრის, ახალგაზრდა მეცნიერის დავით ჩიქოვანის წიგნი: აღმოსავლეთის ეკლესიის კრებათა ისტორია IV-V საუკუნეებში (კრებათა აქტები და სხვა მასალები).
ქრისტიანული სახელმწიფოები ძირითადად დასავლეთში არიან განლაგებულნი, მაგრამ ყველასათვის ცნობილია, რომ ქრისტიანობა აღმოსავლეთში დაიბადა და შემდეგ გავრცელებული დასავლეთში. ქრისტიანული თემი ირანის ტერიტორიაზე ადრეულ პერიოდში ჩნდება და განიცდის ისეთივე დევნას, როგორც ეს ხდებოდა მთელს რომის ტერიტორიაზე.

ირანის ეკლესია დიდი ხანია წარმოადგენს ევროპისა და ამერიკის ეკლესიის მკვლევართა შესწავლის ობიექტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის ეს თემა მეტად აქტუალური უნდა ყოფილიყო, რადგანაც, როგორც გვიან ანტიკურ ხანაში, ასევე შუა საუკუნეების გარკვეულ პერიოდში ქართული სახელმწიფო მნიშვნელოვან გავლენას განიცდიდა ირანის სახელმწიფოს მხრიდან, სადაც მდებარეობდა აღმოსავლეთის ეკლესიის ცენტრი და რასაკვირველია, ასეთ პირობებში შეუძლებლად გვეჩვენება, რომ მეტროპოლიის ცენტრში არსებულ ეკლესიას არ ჰქონდა გარკვეული მიმართება ქართლის მსგავს ინსტიტუტთან. ამდენად აღმოსავლეთის ეკლესიის შესწავლა ჩვენი წარსულის მკვლევართა თვალსაწიერის გასაფართოებლად მეტად მნიშვნელოვანია.
ეს წიგნი პირველია ქართულ ისტორიოგრაფიაში, რომელიც ისახავს შეისწავლოს აღმოსავლეთის ეკლესია, სხვა შემთხვევაში მის შესახებ მხოლოდ მიმობნეულ ცნობებს ვხვდებით სამეცნიერო სტატიებსა და მონოგრაფიებში. ავტორის მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთის ეკლესიის ისტორიის შესასწავლად მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროების გამოცემა ქართულ ენაზე. ეს წყაროები - აღმოსავლეთის ეკლესიის V საუკუნის კრებების აქტები წარმოადგენენ პირველწყაროს ამ საკითხის შესასწავლად.
ნაშრომი საქართველოს პოლოტიკური ისტორიისა და ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის არის დიდი საჩუქარი. რადგანაც ავტორს პირველად შემოაქვს სრულიად ახალი წყაროები სამეცნიერო ბრუნვაში. ავტორის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან მოგვცა არა მხოლოდ თარგმანი აღმოსავლეთის ეკლესიის კრების აქტებისა, არამედ ასევე შემოაქვს სამეცნიერო მიმოქცევაში სხვა ახალი საისტორიო წყაროები იმავე ეპოქიდან აღმოსავლეთის ეკლესიის ისტორიის შესახებ.
როგორც ავტორის მიერ დასახული მიზნიდან ჩანს, ეს ნაშრომი დიდად შრომატევადი სამუშაოების ჩატარებას მოითხოვდა. უპირველესად ეს არის წყაროს ტექსტის მოძიება და მისი შედარება სხვადასხვა დროის თარგმანებთან, ასევე საკმაოდ მძიმე სამუშაოს წარმოადგენდა საკუთარი სახელებისა და ტერმინების დადგენა. რადგანაც ეს ნაშრომი წარმოადგენს პირველ მცდელობას ამ ტექსტების შესწავლისა და გამოცემისა, საკითხის სირთულის გამო, ავტორი მოკრძალებით გამოთქვამს თავის მოსაზრებებს მეტად მნიშვნელოვან პრობლემებზე და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი შემდეგშიც აუცილებლად გახდება უფრო ფართო კვლევის ობიექტი.
გარდა წყაროს ასეთი სახით გამოცემისა, რომელიც შემდეგში მნიშვნელოვანი დოკუმენტი გახდება ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის, განსაკუთრებით საინტერესოა ავტორის მოსაზრებები და მითითებები ირანისა და ქართლის ეკლესიათა ურთიერთმიმართებისა და დამოკიდებულების შესახებ.
წინამდებარე ნაშრომი, ჩემი აზრით, არის ავტორის თავდაუზოგავი შრომის შედეგი. ეს არის პირველი მცდელობა ჩვენს სინამდვილეში აღმოსავლეთის ეკლესიის მონოგრაფიული შესწავლისა, ავტორი დასახელებული წყაროს უცხოელი გამომცემლების მსგავსად, სქოლიოში იძლევა როგორც ტექსტის მეტად საინტერესო განმარტებებს, ასევე ცდილობს გამოთქვას თავისი მოსაზრებებიც ამ ეპოქის გარკვეულ საკითხებზე. ეს წიგნი ნამდვილად გახდება ბიძგის მიმცემი, რათა მომავალში უფრო მეტი მკვლევარი დაინტერესდეს აღმოსავლეთის ეკლესიის ისტორიით და უდავოდ დიდ სამსახურს გაუწევს შუა საუკუნეების მკვლევარებს და ასევე ზოგადად ეკლესიის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველებს (წიგნის წინასიტყვაობა. ავტორი: პროფესორი, ბეჟან ჯავახია).

ავტორის შესახებ
დავით ჩიქოვანი დაიბადა 1993 წლის 23 ივლისს, ხობის რაიონში. 2011 წელს დაამთავრა ნოჯიხევის საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ისტორიის მიმართულებით, რომელიც დაამთავრა 2015 წელს. იმავე წელს ჩააბარა ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტზე (მაგისტრატურა) საქართველოს ისტორის სპეციალობით.
2016 წელს ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, შუა საუკუნეების კვლევების მიმართულებით, რომელიც დაამთავრა 2018 წელს.
მუშაობს ადრექრისტიანული ხანის საქართველოს პოლიტიკურ და ეკლესიის ისტორიაზე, ასევე სასანიანთა სპარსეთის და აღმოსავლეთის ეკლესიის ისტორიაზე.

     პუბლიკაციები
სტატიები - „დისწული მუჰმად ცუდ სახელისა მოციქულისა“ და წყაროები დავით და კონსტანტინეს წამების შესახებ. ქართული წყაროთმცოდნეობა, XIX/XX, 2017/2018, გვ. 244-245.
„აღმოსავლეთისა და ქართლის ეკლესიების ანტიოქიის საყდარზე დამოკიდებულების თეზისის არამართებულების შესახებ“. II საერთაშორისო კონფერენცია საქართველო - ბიზანტია - ქრისტიანული აღმოსავლეთი, მოხსენებათა თეზისები. თბილისი, 2019. გვ. 80-82.
მონოგრაფია - აღმოსავლეთის ეკლესიის კრებათა ისტორია  IV-V საუკუნეებში (დოკუმენტები და სხვა მასალები), რედაქტორი ბეჟან ჯავახია. თბილისი, 2019, 202 გვ.   


18.07.2019

უცნობი ხობელები - ილია კუჭუხიძე

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიუნხენთან ახლოს კირჰაიმში ცხოვრობდა ქართველი ემიგრანტი ილია კუჭუხიძე, რომელიც ცნობილია მინდია ლაშაურის სახელით.აღსანიშნავია,რომ კინდლერის ენციკლოპედიაში–ახალი ტომები შესულია ბიოგრაფიული ცნობები ილია კუჭუხიძის შესახებ.მას ეკუთვნის მრავალი თხზულებები საქართველოს ისტორიის, ქრისტიანობის, ქართული სულის, ცოტნე დადიანის შესახებ. ასევე უამრავი ისტორიული მოთხრობა, მოგონებების წიგნი, მხატვრული თხზულებები და წერილები.


მაგრამ, სანამ ბატონი ილია მიუნხენში დაიდებდა ბინას თავდაპირველად იყო საქართველო. იგი 1906 წლის 18 ივნისს ხობში დაბადებულა. მამა–ვასილ კუჭუხიძე თერძი იყო (ჩოხებს კერავდა), დედა–ქრისტნე ქარდავა.
ბავშვობას ილია თავის ჩანაწერებში ძალიან ტკბილად იხსენებს. იგი წერს: ,,ხობი არის ჩემი საყვარელი სამშობლო და ხობისწყალი თერგივით რო ღრიალებდა, ტკბილ მელოდიასავით ჩამესმოდა ყურში. ხობში გავატარე ჩემი ბედნიერი ბავშვობა, ხობი დაუვიწყარია დღესაც ჩემთვის.’’
ხობის სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯერ ქუთაისში გააგრძელა სწავლა, შემდეგ კი ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში. 1925 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, პარალელურად სწავლობდა სოციალურ–ეკონომიკურზე, იურიდიული განხრით. იურისტობა ძალიან უნდოდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მისი მოწოდება ქართული ფილოლოგია და ქართველი ერის ისტორია იყო. სტუდენტობის პერიოდში ილიას ბათუმში მოუხდა ჩასვლა,სადაც ხელმოკლე, ღარიბ, 15 წლის ბიჭს, რომელსაც მუდმივი ბინა არ გააჩნდა ბუხუნაიშვილების კეთილმა ოჯახმა შეიკედლა და შვილივით მიიღო: სწორედ იქ გაიცნო სიმონ ჩიქოვანი,რომლის ოთახის მეზობელიც კი იყო ერთხანს და მან მოაწყო ლეგიონის კლუბთან არსებულ ლეგიონერთა დრამწერში მოკარნახედ.
თავდაპირველად  ილია  იურისტობაზე  ოცნებობდა.  ურიდიულ  ფაკულტეტზე  სწავლისას პროფესორმა ლუარსაბ ანდრონიკაშვილმა რამდენჯერმე ჩაჭრა საგანში და უთხრა: ,,შენ ხარ ჩემი ბატონი, შენგან იურისტი არ გამოვა,სხვა გზა ეძიეო...’’ და მართალიც გამოდგა, ეძია ილიამ ეს ,,სხვა’’ გზა და მიაგნო კიდეც, ეს იყო ქართული ფილოლოგია და ქართული ერის ისტორია.
წერა ადრე დაუწყია. პირველი ნაწერი თეატრზე 1924 წელს იოსებ იმედაშვილის ჟუნალ ,,თეატრსა და ცხოვრებაში’’ დაუბეჭდავს, ხოლო პროფესორ აკაკი ფაღავას რეკომენდაციით 1931 წელს გამოუქვეყნებია პიესა ,,თებერვალი სოფლად’’,რომელიც დაუდგამთ კიდეც.
1941 წლის ივნისში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ილია ჯარში გაიწვიეს.იგი მოხვადა ,,ბაო’’–ს ნაწილში (რომელიც ასე იშიფრებოდა ,,ბატონ აეროდრომნოგი ობსლუჟვანია’’).იქიდან თბილისის სამხედრო ბანკში მოხვდა.ფრონტზე იყო შიმშილი,ამას საზარელი ზამთარიც ემატებოდა.მართალია,პლაკატებით იყო აჭრელებული ყველაფერი წარწერით:–,,ყველაფერი ფრონტისათვის’’,მაგრამ რეალურად ფრონტისთვის არც არაფერი იყო.წარმოიდგინეთ,რომ ასეულს,სადაც ილია იყო მხოლოდ ათი თოფი ჰქონდა.1942 წლის 15 მაისს გერმანელებმა თოფების გაუსროლად ათასობით ტყვე ჩაიგდეს ხელში,მათ შორის ილიაც.ილია იხსენებს: ,,დავყავდით გადარაზულ ვაგონებით ხან სად,ხან სად.სტალინმა განაცხადა:მე ტყვე არა მყავს და ვინც ტყვედ ჩავარდა სამშობლოს მტერიაო...ტყვეთა ბანაკში აუტანელი მდგომარეობა იყო.გაგვხადეს ,,ბატინკები’’ და პოლანტური ხის ქოშები ჩაგვაცვეს. დღიურად ათი ადამიანი კვდებოდა შიმშილისაგან.’’საბედნიეროდ ილიას პატრონად ძველი ემიგრანტი ვლადიმერ ცხომელიძე მოევლინა,რომელმაც მოუარა,ჩააცვა და პოლონეთში რადომთან ახლოს სოფელ კრუჩინაში მდგომ ქართულ ლეგიონში წაიყვანა,სადაც ბიბლიოთეკის მუშაკად მოეწყო.შემდეგ ბერლინიდან ჩამოვიდა ქართული გაზეთის ,,საქართველოს’’ მთავარი რედაქტორი გაიოზ მაღლაკელიძე,ილია თან წაიყვანა და დანიშნა რედაქციის მდივნად. გარდა გაზეთ საქართველოსი მუშაობდა ,,ქართველი ერის’’ რედაქციაში,რომლის მთავარი რედაქტორი იყო გიორგი მაღალაშვილი,ხოლო ფაქტიური რედაქტორი–ვიქტორ ნოზაძე.ეს სწორედ ის ჟურნალი იყო,რომელთანაც თანამშრომლობდა მაშინდელი მთელი ელიტა: გრიგოლ რობაქიძე,აკაკი პაპავა,ტიტე მარგველაშვილი და სხვები.   საბჭოთა არმია ბერლინს უახლოვდებოდა,მთელი ემიგრაცია ზალცბურგში გადასახლდა. ილიაც თან გაჰვა მათ.ომი რომ დამთავრდა ბინა ზემო ბავარიის სოფელ რუპოლდინგში დაიდო,სადაც ლუკმა–პურისთვის გლეხთან მუშაობდა და მასთან ერთად ჭრიდა ხეს და ამზადებდა შეშას.შემდეგ მიუნხენში ჩავიდა,სადაც უკვე ბედმა გაუღიმა, აკაკი პაპავას რეკომენდააციით მუშაობა ამერიკელების მიერ დაარსებულ რადიო „თავისუფლებაში“ ქართულ რედაქციაში მდივნის თანანმდებობაზე დაიწყო.
რადიო ,,თავისუფლება’’ 1953 წელს ჩამოყალიბდა და გადაცემები იმავე წლის 1 მარტს გავიდა. რაც შეეხება ქართულ  ენაზე გადაცემებს 1953 წლის 17 მარტს დაიწყო. რაშიც დიდი როლი მიუძღვის ნოე ცინცაძეს.პირველად ქართული რედაქცია შემდეგი პირებისაგან შედგებოდა:რაჟდენ არსენიძე,დავით ურატაძე და ილია კუჭუხიძე.ეს სამი პირი ქართული რედაქციის ფუძემდებელია.შემდეგ შეუერთდნენ;ნიკო იმნაიშვული,კარლო ინასარიძე, ვანიკო ინწკირიშვილი,შალვა კალანდაძე და ა.შ.
ეს სწორედ ის რედაქცია იყო,რომელთაც ხმა აიმაღლეს და ბევრი კეთილი საქმე გააკეთეს. საუბრობდნენ ისეთ თემებზე, რომელზეც საქართველოში ფიქრიც კი აკრძალული იყო. ქართულ სულზე, ქართულ ღირსებებზე, ტრადიციებზე და ქართველ გმირებზე. რადიო ,,თავისუფლებამ’’ ძალიან ბევრი გააკეთა ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველი მისი თანამშრომელი თავგამოდებით იცავდა  საქართველოს სუვერენიტეტს,არა მხოლოდ ფიზიკური ძალებით, არამედ სიტყვით და რაც მთავარია გონიერებით, განათლებით.
1984 წლის ნოემბერში ილია კუჭუხიძე პენსიაზე გავიდა. ზუსტად ამ დროს შეცვალა კარლო ინასარიძე ჯანრი კაშიამ და მთავარი რედაქტორი გახდა. ამის მიუხედავად ილია კუჭუხიძე მაინც აკეთებდა გადაცემებს ილია ჭავჭავაძის, არჩილ ჯორჯაძის და სხვათა შესახებ, რაც ბატ. ჯანრი კაშიას ინიციატივა იყო.
ერთხელ ბატ. ილიას საავადმყოფოში ათი თვის განმავლობაში მოუწია ყოფნა.ილია იხსენებს: ,,ერთხელ ჩემს ოთახში შემოვიდა რედაქციის თანამშრომელი ნოდარ გუგულაშვილი, ხელში რაღაც ეჭირა გამოხვეული. ეს იყო მისი მეუღლის მომზადებული ლობიო და ხაჭაპური. არასოდეს არ დამავიწყდება თუ როგორ დავეწაფე ლობიოს და ხაჭაპურს.მთავარი ექიმი შემოვიდა და ვთხოვე გაესინჯა–ასეთი გემრიელი რამ ჯერ არ მიჭამიაო,–ეს არის,ბატონო ექიმო,ქართული საჭმელი მეთქი.
საქართველოში ილიას მეუღლე ნატო სოლოღაშვილი დარჩა. მისგან შეეძინა ორი ბავშვი–ნოდარი და მზია. ბატ. ილიამ ომის შემდეგ არაფერი იცოდა მათ შესახებ. ოჯახთან დაკავშირებაში დიდი წვლილი შეიტანა რეზო თაბუკაშვილმა.
ილია კუჭუხიძე 1992 წელს 91 წლისა მიუნხენში გარდაიცვალა.
იმის მიუხედავად, რომ ბატონი ილია საქართველოდან მოშორებით,მიუნხენში ცხოვრობდა,  ყოველთვის   იცოდა    თუ  რა   მდგომარეობა   იყო   თავის   სამშობლოში    და ყოველთვის ანაღვლებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები. თავგადაკლული ქომაგი იყო ქართული კულტურის, ტრადიციებისა და სარწმუნოების, რისი შენარჩუნებაც საკმაოდ ძნელი იქნებოდა. იდეაფიქსად ჰქონდა ქცეული სიტყვები: ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა’’ და ყველგან და ყოველთვის ცდილობდა მისი ქმედებები რამით მაინც გამოსდგომოდა ქართულ საზოგადოებას.არ შემიძლია არ შემოგთავაზოთ ილიას მიწერილი წერილი გურამ შარაძესადმი,სადაც ნათლად ჩანს მისი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე: ,,მართლაც რომ ბედნიერი ბრზანდებით ბატონო გურამ,რომ არ გიხდებათ ცხოვრება და მოღვაწეობა ,,კაენის აღზევების’’ ხანაში.ეხლა მადლობა ღმერთს, ნისლი გადაიწმინდა მთელს საბჭოეთში და კერძოდ საქართველოში.ჰქრის ახალი სიო... ცა გაცისკროვნდა და ღმერთმა ნუ ჰქნას მისი დათალხვა... ხალხმა შვებით ამოისუნთქა. ბედნიერი ბრძანდებით,რომ დღეს თავისუფლად შეგიძლიათ იაზროვნოთ,არავითარი მბრძანებელი არ განსაზღვრავს თქვენს აზროვნებას.’’
ერთხელ ბატ. რაჟდენ არსენიძემ ილიას მისწერა: ,,როცა კუჭუხიძეს ვექილიკებოდი,მე არ მავიწყდებოდა მინდია ლაშაურის ლიტერატურული დამსახურება;მისი ღირსება და დამსახურება საპატიო ადგილს დაიჭერს ქართულ მწერლობაში.’’
და მართლაც განა ბუნებრივი არ იქნება ასე,რომ მოხდეს?მით უმეტეს რომ როგორც ღირსეული ქართველი ილია კუჭუხიძე ამის ღირსი ნამდვილად არის.
ეს მასალა მოვიპოვეთ ქ–ნ ლალი და ბატ. გოჩა კუჭუხიძეების  ბიბლიოთეკიდან, რომელიც ინახავს ილია კუჭუხიძის ხელნაწერებს, პირად წერილებს,  საგაზეთო სტატიებს და სხვა საარქივო მასალას.სამწუხაროდ,მის კიდევ ორ შვილიშვილს,გელა და მამუკა ენუქიძეებს,ვერ შევხვდით.გერმანიიდან ბატ. ილიას არქივების ჩამოტანაზე ღვაწლი გასწიეს გურამ შარაძემ და ვახტანგ გურგენიძემ.ეს მასალები ინახება ქართული ემიგრაციის მუზეუმში და საქართველოს არქივში.