ხარდანი - ს ვაზი ღონიერი და მოსავლიანია. ფოთოლი დიდი და თითქმის
მომრგვალო, ზევითგან მუქი მწვანე და გლუვი, ოდნავ დაკბილული აქვს, ქვევითგან ღია მწვანე
და ბუსუსიანია. მტევანი დიდი, წოწოლა, ბურძღენიანია და მეჩხარი იცის. მარცვალი მრგვალკვერცხებრივი
და თხელკანიანი ასხია, ხორცი მაგარი და ტკბილი აქვს - ერმინე ნაკაშიძის დახასიათებით.
ბესარიონ ნადარეიშვილის სიტყვით კი, ხარდანის მტევანი „მსხვილმარცვლიანი და მანგარი
ოტკვარალი“ ე.ი. მაგარი სატკვერი, მაგარი საკვნეტი იყო, მაშასადამე, თუ აქ მარტო ხორცის
სიმაგრე არ იგულისხმება, მისი კანიც სქელი უნდა იყოს. ძალიან ადრე მწიფდება. მაჭრად
აყენებენ, ღვინო კი მისგან შედარებით მდარე დგება. ნაცარი სხვა ჯიშებზე ნაკლებ ეკიდება.
მცირე რაოდენობით სამეგრელოში ყველგან იყო
გავრცელებული. ხარდანის ჯიშის ყურძენი შავიც იყო და თეტრიც. ამიტომ პირველს მეგრულად
ხარდანი უჩა, თეთრს კი ხარდანი ჩე ეწოდებოდა.
ტოროკუჩხი - მისი ყურძნითგან კარგი ღვინო დგებოდა. უცნობი ავტორის
ცნობით გავრცელებული ყოფილა ხიბულაში.
„ტოროკუჩხი ხეზე
იყო“, ე.ი. მაღლარი ყოფილა, „მტევანი იცოდა მსხვილი. შავი კუფხლებიანი“. უცნობი ავტორის
ცნობით კი, ტოროკუჩხი ფართოდ ყოფილა გავრცელებული და მისგან თურმე კარგი ღვინო დგებოდა.
საფიქრებელია, რომ
ყურძნის ამ ჯიშის ეხლანდელი სახელი ტოროკუჩხი უნდა წინანდელი ტოროჯკუჩხი-სგანიყოს წარმომდგარი.
კუჩხა მეგრულად ფეხსა ჰნიშნავს, ხოლო ტოროჯი ჭანურად, ტორონჯი კი მეგრულად მტრედს უდრის
და ეწოდება. ამნაირად საგულისხმებელია, რომ ტოროჯკუჩხი და აწინდელი ტოროკუჩხი მტრედის
ფეხს ჰნიშნავს. მაშასადამე, ტოროკუჩხი ზოგადი ქართულის მტრედის-ფეხას უდრის, მის მეგრულ
თარგმანს წარმოადგენს და იგივე ყურძნის ჯიში უნდა იყოს, როგორიც მტრედის-ფეხაა.
სამანჭრო - სამეგრელოს ყველა სოფელში მოიპოვებოდა მცირე რაოდენობით.
გოდავათური ანუ
გოდაათური - ს ვაზი, თუმცა ღონიერია, მაგრამ მცირემოსავლიანი არის. იმდენად გვიან მწიფდება,
რომ დეკემბერში და იანვარშიც კი ჰკრეფენ ხოლმე. ღირსებით ოჯალეშისას არაფრით ჩამოუვარდებოდა.
გავრცელებული იყო ტეხურსა და ხოფს შუა მდებარე სოფლებში. მათ შორის უფლისკარში.
კიკაჩა - გავრცელებული ყოფილა
საჯიჯაოში. ღვინო კარგი სცოდნია.
ჩხოროკუნი - ს ვაზი ხიბულაში ყოფილა გავრცელებული.
ლაბილური, უცნობი ავტორის დახასიათების თანახმად, სოფელ ხეთასა და მის მიდამოებში ყოფილა გავრცელებული
და ძალიან ტკბილი ყურძენი სცოდნია, რომლისგანაც თურმე ძალიან ტკბილი და მაგარი
ღვინო დგებოდა.
ჩხუჩეში ძალიან გავრცელებული ჯიში იყო სამეგრელოს სამხრეთ-აღმოსავლეთის
ნაწილში, ზანისა, საჯიჯაოს და უფალიკარითგან
მოყოლებული რიონის ნაპირებამდე. (ჩხუ მეგრულად ძროხას ნიშნავს. რაკი ყურძნის ერთი
ჯიში არსებობს, რომელსაც ქართულად ხარისთვალა ეწოდება, იბადება საკითხი, ჩხუჩეში ხომ
თეთრი ხარისთვალას მსგავსი მეგრული სახელის შემოკლებულ ნაშთს არ წარმოადგენს?).
ჩეკოლოში ქვალონში, ნოჯიხევსა და სხვა სოფლებში
ყოფილა გავრცელებული. ამ ჯიშის სახელი თეთრ-კოლოშსა ნიშნავს, რომლის, როგორც ვიცით,
წითელი სახესხვაობაც არსებობს.
დღუდღუში - მცირე რაოდენობით აშენებდნენ ყოველგან მთელ სამეგრელოში.
ოპოპი - გავრცელებული ყოფილა სოფელ ხორშის მიდამოებში.
ჭვიტილური - ეს ჯიში ძალიან გავრცელებული იყო, მცირე რაოდენობით
სამეგრელოს ყოველ სოფელში აშენებდნენ, მაგრამ კარგ ღვინოს ის იძლეოდა ამ რაიონის მარტო
მაღალ ზოლზე.
ადგილობრივი ჯიშის
ყურძენი გვიან იკრიფებოდა, გამონაკლისს შეადგენდა მარტო სამაჭრე ჯიშები, რომლისგანაც
მაჭარს აკეთებდნენ და მაშინვე ხარჯავდნენ. ამ ჯიშების ყურძენი შეიძლებოდა დარჩენილიყო
ხეზე უვნებლად დიდხანს, თითქმის თებერვლლის გასვლამდე.
ნაცრის გაჩენამდე
ყურძენს ღვინისთვის, თუ ის დანიშნული იყო გასაყიდად, ან საძველოდ, უფრო დიდხანს შესანახად,
კრეფდნენ მაშინ, როცა ის გადამწიფებული იქნებოდა, სახელდობრ 15 დეკემბრიდან; მეღვინეობის
ზოგიერთ სოფელში ყურძენი ხეზე რჩებოდა შუა თებერვლამდე. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით,
ყურძენი რაც გვიან იკრიფებოდა, მით მისგან დაყენებული ღვინო უმაღლესი თვისების გამოდიოდა.
მასალა მომზადებულია შემდეგი გამოცემების მიხედვით:
1. .1.ერმინე
ნაკაშიძე. მევენახეობა-მეღვინეობა, 1929 წ.
2. ივანე
ჯავახიშვილი. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი V
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.