14.12.2023

მექანიზატორი ენდუშ შონია

 სოფლტექნიკის ხობის რაიონული განყოფილების მეექვსე ბრიგადის ხელმძღვანელი, ვეტერანი მექანიზატორი ენდუშ შონია და ამავე ბრიგადის მექანიზატორები საყანე მიწის ხვნისას.



ხობი-1983 წ.

ხობელები - 1975

 ხობის საკოლმეურნეობათაშორისო მეცხოველეობის კომპლექსის საწველი აგრეგატების დამონტაჟებაზე მუშაობენ ვ. შონია და ე. ჭედია;

ქვემოთ, კომპლექსის მშენებლობის ფოტო.

ხობი - 1975 წ.


1946 წელს ხობელ ქალბატონებს გადაეცათ "სახელოვანი დედის" ორდენი და დაჯილდოვდნენ "დედობის მედლით"

 1946 წელს ხობელ ქალბატონებს გადაეცათ "სახელოვანი დედის" ორდენი და დაჯილდოვდნენ "დედობის მედლით".



დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს ცხრა შვილი

1. ცხადაია ელისაბედი (ლიზა) პავლეს ასული - ნოჯიხევი
2. ჯახია აგრაფენა დუტუს ასული - ქვემო ქვალონი
დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს რვა შვილი
1. ახალაია მაშო ბურდღუს ასული - სოფ. ხობი
2. ქვარაია მარიამი ქუზუს ასული - ძველი ხიბულა
3. ღურწკაია ანა სტეფანეს ასული - ძველი ხიბულა
დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს შვიდი შვილი
1. ალექსანდრია ზინაიდა პავლეს ასული - ბია
2. ბჟალავა მინა თედოს ასული - ქარიატა
3. იოსავა ფაქიზო ბადას ასული - ბია
დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს ექვსი შვილი
1. ალანია მარიამ ანდრიას ასული - შუა ქვალონი
2. დათუაშვილი ნინო ნიკოლოზის ასული - შუა ხორგა
3. თითმერია მარგარიტა ჯოტოს ასული - ქარიატა
4. კუჭავა ევგენია (ჟენია) გვატის ასული - შუა ქვალონი
5. კუჭავა ელენე იორდანეს ასული - ქარიატა
6. ლუკავა მარიამ პეპოს ასული - ქვემო ქვალონი
7. მესხია ასპირო იოსეს ასული - შუა ქვალონი
8. მორგოშია ეკატერინე ანტონის ასული - სოფ. ხობი
9. ქანთარია ლუბა პახვალას ასული - შუა ქვალონი
10. შელია ვერა ალექსის ასული - ხორგა
11. ჩიჩუა ძაძუ კონსტანტინეს ასული - შუა ქვალონი
დედები, რომლებმაც შობეს და აღზარდეს ხუთი შვილი
1. ბერაია აგრაფენა თემყვას ასული - ქარიატა
2. გვასალია ლაისო დიტოს ასული - ქარიატა
3. გვასალია ლუბა იაკობის ასული - ქარიატა
4. გვასალია ოლღა თომას ასული - ქარიატა
5. ნარსია სოფიო - ექვთიმეს ასული - ახალი ხიბულა
6. სიორდია ზოია იაკობის ასული -სოფ. ხობი
7. ფარცვანია პარტყუ ჯაგუს ასული - ხამისკური
8. ქირია თებრონე გუჯას ასული -ხამისკური
9. ქირია ოლღა კონსტანტინეს ასული - ხამისკური
10. შამუგია ოლღა ტარასის ასული - ქარიატა
11. წურწუმია ელენე ივანეს ასული - სოფ. ხობი

30.11.2023

უძველესი ანუ მუსტიეური ძეგლები სოფლებში: ნოჯიხევში, ჭიხუში, ხეთასა და ხამისკურში

ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დასავლეთ საქართველოს საძიებო-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომლის ერთ-ერთ ამოცანას არქეოლოგიური ატლასის შედგენა წარმოადგენს, საანგარიშო წელს მთლიანად მოიხილა ხობის რაიონი, სადაც 100-მდე სხვადასხვა ხასიათისა და ხნოვანების ძეგლი გამოავლინა. მიკვლეული ძეგლების ქვედა ქრონოლოგიური საზღვარი ემთხვევა მუსტიეს, ხოლო ზედა გვიანფეოდალურ ხანას.


 უძველესი ანუ მუსტიეური ძეგლები მიკვლეული იქნა ოთხ პუნქტში; სოფლებში: ნოჯიხევში, ჭიხუში, ხეთასა და ხამისკურში. წინასწარულად ახალი ქვის ხანით უნდა დათარიღდეს სოფ. ჭიხუს N2 ნაბინევი, რომლის ზედაპირულ მასალებში შედის: ოვალურსამუშაოპირიანი და სწორპირიანი საფხეკები, შუალა და კიდურა საჭრისები, ზურგიანი დანები, გვერდამოღარული საფხეკები და სხვა.

 საკვლევი რაიონის ბორცვოვან ზოლში ექსპედიციამ მიაკვლია 5 მღვიმეს (სოფ. მუნჩიაში, სოფ. ხეთაში 1-4), რომელთა შორის, ისტორიული თვალსაზრისით რამდენადმე  პერსპექტიული ჩანს ხეთის N2 მღვიმე.

ასეთი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს მღვიმის წინა მოედნის დაფერდებაზე ნაპოვნი მარტივი, ირიბი საჭრისი კაჟისა, რომელიც მღვიმური ნაბინარის ქვედა ფენებიდან უნდა იყოს ზედაპირზე მოხვედრილი. გამოქვაბული მოგვიანო ხანაში სახიზარად უქცევიათ, რასაც უნდა მიეწეროს ქვის ხანის ფენების შენიღბვა ფეოდალური ხანის დანალექებით.

რამდენადაც ექსპედიციას მუშაობა უხდებოდა კოლხეთის დაბლობ რაიონებში, მიკვლეული ძეგლების დიდი ნაწილი უმთავრესად

ადრეანტიკურ-ელინისტური ხანისაა, თუმცა გამონაკლისის სახით აქაც შეგვხვდა წინარეანტიკური ხანის თითო-ოროლა ნამოსახლარი (სოფ. პირველი გურიფულის დიხაგუძუბა) თუ სამაროვანი (სუჯუნათის საძვლე).

აბაშის, ცხაკაიას და ხობის რაიონის ძველი ნამოსახლარები, როგორც წესი, ერთიმეორის გვერდით მდებარე ორი, სამი და მეტი ბორცვისაგან შემდგარი ჯგუფით არიან წარმოდგენილნი და გარკვეული შუალედებით ერთი რომელიმე პატარა მდინარის გასწვრივ არიან განლაგებულნი.

ამ რიგის ძეგლების ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ სამოსახლო ბორცვების ჯგუფს გარს აკრავს ერთ ჰექტარამდე ფართობის მქონე, ოდნავ შემაღლებული, თხრილშემოვლებული სამეურნეო მოედნები, რომლებიც არხებით არიან დაკავშირებული სამოსახლოებთან. რაც უფრო დიდია სამოსახლო, მით უფრო ვრცელია სამეურნეო ფართობი და მით უფრო რთულია მისი საარხო სისტემა (დღვაბა, წინაგოლა ბულიცხუ, ოტორონჯე, ოყუნე, ქვემო ქვალონი, ნამარნუ, საგვიჩიო, ნანდეუ და სხე).

 როგორც წესი, ბორცვების ჯგუფიდან ერთ-ერთი ბორცვი ყოველთვის გამოირჩევა სიმაღლით, მზღუდავე თხრილის მასშტაბებითა თუ რაოდენობით (ზოგჯერ ორი არხი ზღუდავს) და სამოსახლოში ცენტრალური ადგილი უკავია, საფიქრებელია, რომ ხსენებულ ბორცვებს კონკრეტულ დასახლებაში, სამოსახლოს გარდა, სიმაგრის დანიშნულებაც უნდა ჰქონოდათ. გამორიცხული არ არის სწორედ დასახლების ანალოგიური ტიპი იგულისხმებოდეს ურარტული წყაროების იმ ნაწილში „ სადღაც საუბარია კულხას, დიაუხის და იგანიეხის დიდ გაერთიანებათა „ციხე-სიმაგრეებზე“ და მათ გარშემო მიმოფანტულ „ქალაქებზე“.

გორანამოსახლრთა მესამე თავისებურებაა გარკვეული შუალედებით გავრცელება ერთი რომელიმე პატარა მდინარის ან მასთან დაკავშირებულ არხების გასწვრივ.

საანგარიშო და წინა წლებში დაგროვილი ფაქტიური მასალების მიხედვით, აბაშის, ცხაკაიასა და ხობის რაიონებში, სამი ძირითადი სამოსახლო მდინარეული არტერია გამოვლინდა: ფიჩორი, ყორათის წყალი და მუნჩია, ადგილობრივი მოსახლეობის მიდრეკილება შედარებით მცირე და მდორე მდინარეებისაკენ უნდა აიხსნას ამ მდინარეთა ძირითადე პრაქტიკული დანიშნულებით. როგორც ირკვევა, ყველა მათგანი ახლობელ და შორეულ მეზობლებთან დამაკავშირებელ საგზაო საშუალებას წარმოადგენდა. მომდევნო ანუ რომაული ხანის ძეგლებიდან განსაკუთრებით საინტერესოა სოფ. ჭიხუს N3 ბორცვთან გამოვლენილი ორმოსამარხი და ქ. ფოთის აეროდრომის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლი.

ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვისა თუ ზედაპირული მასალების მიხედვით ეს უკანასკნელი იგივე პუნქტი უნდა იყოს, რომელიც მოიხილა და აღწერა დიუბუა დე მონპერემ. საანგარიშო წელს ექსპედიციამ ფეოდალური ხანის. 26 ძეგლი მოიხილა, რომლებიც უმთავრესად ნაეკლესიარ, ნაციხვარ, ნასახლარების სახით არიან წარმოდგენილნი.

 

წყარო: არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1969 წელს.

01.11.2023

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სპირიდონ ჯორჯიკია

 პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სპირიდონ ჯორჯიკია დაიბადა სოფელ ნოჯიხევში (ხობის რაიონი). ს. ჯორჯიკია სწავლობდა ნოვორისიისკის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე. ის იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. სოფელ ნოჯიხევში დააარსა ორკლასიანი სკოლა (სკოლას დაუთმო მისი ხის ოდა-სახლი), ხოლო მისმა მეუღლემ ვერა სიჭინავამ სოფელ ნოჯიხევში დააარსა, აგრეთვე ქალთა სასწავლებელი, სადაც წერა-კითხვასთან ერთად ხელსაქმესაც ასწავლიდნენ.

სპირიდონ ჯორჯიკია წლების განმავლობაში იყო თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის და ქუთაისის N1 გიმნაზიის დირექტორი.

  

1887 წელს სპირიდონ ჯორჯიკია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

 

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ქუთაისის მაზრის აგენტ სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიას საზოგადოებამ გაუგზავნა: ქვითრების დავთარი N32, საწევრო დავთარი N30, წევრების სია, საზოგადოების წესდება და ინსტრუქცია აგენტებისთვის.

 

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია იყო ქუთაისის მაზრის აგენტი.

 

1888 წლის 20 აპრილს სპირიდონ ჯორჯიკია ქუთაისიდან იწერება, რომ ელისაბედ წერეთლის დახმარებით ღარიბი მოსწავლეებისთვის შეიძინეს ტანისამოსი, ხოლო სკოლის ბიბლიოთეკისთვის – 300 მანეთის სახელმძღვანელოები.

 

1888 წლის 24 ივნისს სპირიდონ ჯორჯიკიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მიიღო საკვინტაციო დავთარი N 32, საწევრო დავთარი N 30 და სააგენტო ინსტრუქცია, თუმცა არ მიუღია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1885 წლის წევრთა სია. ჯორჯიკიამ ამ სიის, ყველა წევრის სიისა და საზოგადოების წესდების გაგზავნა ითხოვა.

 

1888 წლის 10 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ სპირიდონ ჯორჯიკიას მიერ ქუთაისის სათავადაზანურო სასწავლებლში არსებული ვაკანსიების შესახებ განცხადება დაიბეჭდა.

 

სპირიდონ ჯორჯიკიას განცხადებით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში მისაღები გამოცდები 1888 წლის 25-დან 31 აგვისტომდე მიმდინარეობდა.

 

1889 წლის 15 მარტს სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიამ ქუთაისში სასწავლებელი გახსნა.

 

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასწავლებელში, რომლის მმართველი იყო სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია, თვიური გადასახადი 6 მანეთს შეადგენდა.

 

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიას თავმჯდომარეობით გახსნილ სასწავლებელთან გახსნეს პანსიონი, რომლის სწავლის წლიური გადასახადი 250 მანეთს შეადგენდა.

 

1890 წლის 21 იანვარს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ სპირიდონ ჯორჯიკიამ კერძო პანსიონი გახსნა.

 

„ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ ქუთაისში ფუნქციონირებდა სპირიდონ ჯორჯიკიას სასწავლებელი და პანსიონი.

 

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის გიმნაზიის, პროგიმნაზიის, რეალური და სხვა სასწავლებლების პირველ და მოსამზადებელ კლასებში სწავლის ყოველთვიური გადასახადი სამი მანეთი იყო, მეორე, მესამე და ზედა კლასებში – მეტი.

 

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის პანსიონში შვილის მიბარების მსურველებს 20 აგვისტოდან 1-ელი სექტემბრის ჩათვლით ჯორჯიკიასთვის უნდა მიემართათ თბილისის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში.


ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანს მისწერა 1890 წლის 28 იანვრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება – თუ სპირიდონ ჯორჯიკია კიდევ არ შეასრულებდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებას, ყიფიანს ის უნდა დაეთხოვა და ამის შესახებ გამგეობისთვის ეცნობებინა.


1890 წლის 9 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მასწავლებელი სპირიდონ ჯორჯიკია თანახმა იყო, დამორჩილებოდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებას.

 

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დიმიტრი ივანეს ძე ჯაფარიძე, იასონ ლევანის ძე ჯორბენაძე, ელისაბედ ჯაფარიძე, იროდიონ ვასილის ძე ჯაფარიძე და სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

 

1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ანა სვიმონის ასულმა პეტრიაშვილმა, ვასილ ნიკოლოზის ძე მესხმა, ილარიონ სპირიდონის ძე მოწონელიძემ, კონსტანტინე არქიპოს ძე გაბადაძემ, გაბრიელ პეტრეს ძე ცაგარეიშვილმა, ტარასი დავითის ძე მამალაძემ, სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიამ, სიმონ ნესტორის ძე ღოღობერიძემ, არსენ ქაიხოსროს ძე ჯახუტაშვილმა და ლიდია იოსელიანმა.

 

1917 წელს გაზეთმა „ხმა ქართველი ქალისა“ ქუთაისიდან მიიღო შემოწირულობა და ამავე წლის 24 აპრილს გამოაქვეყნა შემომწირველთა სია: ცაცა უზნაძე, ანეტა ფანცხავა, ალექსანდრა ჟურულისა, ანნა მენაბდისა, კანდელაკი (4), გალაკტიონ მასხარაშვილი, ფაცურია ფუთურიძე, ედუკსია ფუთურიძე, ვარია ვოლსკი, ლუბა უზნაძე, მარიამ ცერცვაძე, წერეთლისა და სპირიდონ ჯორჯიკია.

 

თბილისის მე-8 გიმნაზიის დირექტორი იყო სპირიდონ ჯორჯიკია, საქმისმწარმოებელი კი – ივანე ბერიაშვილი.

 

1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის არც დროებით დანიშნულმა გამგემ და არც დირექტორმა. სპირიდონ ჯორჯიკიამ არ აიყვანეს სამსახურში, რადგან აღმოჩნდა, რომ მის ნაცვლად სხვა თანამშრომელს ეძებდნენ. მას დეკემბრის ხელფასიც არ გადაუხადეს.

 

1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს მისწერა, რომ საკათალიკოსო საბჭოს ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის საბუთების დასაბრუნებლად მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.

 

1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს მღვდელ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის საქმის შესახებ ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის პასუხი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ ნიკოლოზ ბარნაბიშვილი ახალი საქმისმწარმოებლის დანიშვნამდე ბევრ საქმეში ეხმარებოდა და ზაფხულშიც კი მუშაობდა. ამ ყველაფრის შესახებ საბუთები, ჟურნალ-ოქმები კათალიკოსთა საბჭოში იყო, საიდანაც, საჭიროების შემთხვევაში, საბუთების გამოთხოვნა შეიძლებოდა. ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.

 

1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს შეატყობინა, რომ გიმნაზია ლტოლვილებისა და რუსული ადმინისტრაციის მუშაკთა მხრიდან განადგურების პირას იყო მიყვანილი.

 

1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა, სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის შესახებ ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის მიერ მომზადებული საბუთი გაუგზავნა, თავისი დასკვნა კი მოგვიანებით უნდა გაეგზავნა. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმის მწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.

 

ქუთაისის ქალთა 1-ლი გიმნაზიის დირექტორმა აღძრა შუამდგომლობა სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე გიმნაზიის მასწავლებელ მარგალიტა გიგინეიშვილის უმაღლეს განათლების პირებთან გათანაბრების შესახებ.

 

სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის 1-ლი გიმნაზიის დირექტორს სპირიდონ ჯორჯიკიას პასუხად მისი შუამდგომლობისა აცნობა, რომ მარგალიტა გიგინეიშვილის უმაღლეს სწავლა მიღებულ პირებთან გათანასწორების საკითხი არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სპირიდონ ჯორჯიკიას წინადადება მისი ნაშრომის, „ანალიტიკური გეომეტრიის“ გამოცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ნაშრომი დაებეჭდა, თუ სამინისტრო მას მოიწონებდა.

 

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: გიორგი მიხეილის ძე ჯიშკარიანი, დიმიტრი ივანეს ძე ჯაფარიძე, იასონ ლევანის ძე ჯორბენაძე, ელისაბედ ჯაფარიძე, იროდიონ ვასილის ძე ჯაფარიძე, ბიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე, სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია, ივლონ ჯორჯიკია და პროკოფი ჯორჯიკია.

წყარო: "ივერიელი" და საქართველოს პროსოპოგრაფია.

 

05.10.2023

უცნობი გმირი - სამშობლოსათვის თავდადებული იასონ ფილიპია (1891-1918)

 

„ჩვენი სამშობლოს აღდგენა და წელში გამაგრება ახალ-ახალ მსხვერპლს ითხოვს. ეს მსხვერპლნი არიან სახელოვანი და უკვდავნი თვის ერის ხსოვნაში.

ერთი ამგვართაგანია პოდპოლკოვნიკი იასონ ნიკოლოზის ძე ფილიპია.

სოფელ ხეთის მცხოვრები იასონ ნიკოლოზის ძე ფილიპია, ხეთის ორკლასიან სკოლაში სწავლადამთავრებული და თვითგანვითარებული, გაიწვიეს სამხედრო სამსახურში 1915 წლის აპრილში, 21 წლისა, ჩარიცხეს უბრალო ჯარის კაცად ერთერთ ჯარის ნაწილში და გააგზავნეს შორეულ რუსეთში, ორენბურგში. სამსახურში მან მყისვე მიიქცია უფროსების ყურადღება, დანიშნეს „უჩებნი კამანდაში“, მერე ორენბურგის საპრაპორშჩიკო სკოლაში რაც იმავე წელს გაათავა.

1916 წლის იანვარს სათადარიგო პოლკში დანიშნეს რუსეთში, 6 თვის მერე გაგზავნეს დასავლეთის ფრონტზე მე-765-ე ქვეითთა ზიმნიცის პოლკის მეათე როტის უფროსად, ფრონტზე დარჩა წელიწადნახევარს და მუდამ ბრძოლაში მონაწილეობდა.

შორეულ რუსეთიდან თვის ხშირ ხშირ ბარათებში მუდამ იმას იწერებოდა „როდის ვეღირსებით იმ ნეტარს დროს როცა ჩვენს სამშობლოში აილაგმება ავაზაკ-ნაძირალთა თარეში და სწავლა-განათლებას აქცევდეს ყველა ყურადღებასო“.

1917 წლის დეკემბერს 20-ს ჩამოვიდა დროებით მაგრამ არეულობის გამო აქ დარჩა და 22-ს იანვარშივე მესამე ქართულ პოლკში ჩაეწერა. მონაწილეობდა ბოლშევიკებთან წინააღმდეგ ბრძოლაში ოფიცერთა რაზმში ქალაქ ზუგდიდში, ბოლო დროს 18 ივნის კი სხვა რაზმთან ერთად გაიგზავნა სოხუმის არეულობის ჩასაქრობლად, სადაც სოფ. ხოსტაში ქ. სოჩის ახლოს 5 ივლისს ბოლშევიკებთან ბრძოლაში გმირულად მოკლულ იქმნა.

როგორც მტრებთან მებრძოლი, იგი იყო ყოვლად უშიშარი, გულადი; იგი მუდამ ბრძოლისკენ მიისწრაფოდა, ამხანაგობაში ბევრჯერ უთქვამს „ჩემზე გასროლილ ტყვიას კბილით დავიჭირამო“.

რუსეთიდან რომ ჩამოვიდა მან არ მოისურვა სახლში გაჩერება, მყისვე ჯარში ჩაეწერა, მას სწყუროდა სამშობლოს სამსახური. უშიშარობამ და სამშობლოსათვის თავდადებულობამ მოუსპო მას ჯანსაღი ახალგაზრდა სიცოცხლე.

დიახ! იასონი იყო სულით და გულით ერთგული ჩვენი საქართველოს ნორჩი დემოკრატიული რესპუბლიკისა. მას უნდოდა ესახელებინა თავი საქართველოს მტრებთან ბრძოლაში და კიდევაც შეასრულა ნატვრა; გმირულად შესწირა თავი.

სახლში კი დარჩნენ შავებში ჩამსხდარნი მოხუცი დედმამანი, დები და ძმები, რომელთა ცრემლის ნაკადული დღესაც იღვრება: რად ღირს მათი ცხოვრება უიასონოდ, მაგრამ იმ იმედით ინუგეშებენ თავს, რომ რესპუბლიკას ესაჭიროებოდაერთგული მებრძოლი, ბევრმა უკვე შესწირეს თავი და კიდევ საჭიროა შეეწეიროს და აი მხოლოდ ესღა ანუგეშებს იასონის შავებშიცამსხდარ დედმამას.

„თეატრი და ცხოვრება“ N12, 1918 წ.

იასონ ფილიპია

ხოსტაში მტრებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული, მესამე ქართული პოლკის პორუჩიკი, იასონ ნიკოლოზის ძე ფილიპია.

გაზეთი "სახალხო საქმე" N288, 1918 .


29 ივნისს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა გადალახეს მზიმთა და დაიკავეს ადლერი. ქართველებმა მოწინააღმდეგეს მოუკლეს 200, დაატყვევეს 100, ხელთ იგდეს თოფები და ტყვია-წამალი. 2 ივლისს ქართულმა ჯარმა რუსეთის ჯარის არიერგარდს გაუმართა ბრძოლა სოჭის მისადგომებთან. რუსებმა უკან დაიხიეს ქალაქში. ქართული ჯარი დაბანაკდა სოჭიდან 10 კმ.-ზე. 5 ივლისს საქართველოს ჯარებმა დაიკავეს ხოსტა. ხოსტასთან ბრძოლის შემდეგ ქართველებმა ხელთ იგდეს 6 ზარბაზანი, 8 ტყვიამფრქვევი, 200-მდე ტყვე. დაკარგეს 9 კაცი, მათ შორის ბატალიონის მეთაური პორუჩიკი ფირცხალავა და პოდპურჩიკი იასონ ფილიპია. ხოსტის გათავისუფლებას დიდი სიხარულით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა.

 

14.09.2023

ხატია ანთია - წარმატებული ხობელი მკვლევარი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორანტი

ხატია ანთია - ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დოქტორანტი, DAAD-ის სტიპენდიანტი.

ხატია ანთია 2019 წლიდან არის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის, გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დოქტორანტური, გლობალური ჯანმრთელობის მკვლევარი.

სადოქტორო კვლევა: „დასაქმების მიზნით მშობელთა დროებითი მიგრაციის გავლენა მარტოდ დარჩენილ ბავშვებზე საქართველოს რეგიონებში“. სადოქტორო სწავლისთვის

მიღებული აქვს გერმანიის გაცვლითი სამსახურის DAAD სტიპენდია დასახელებით სადოქტორო პროგრამები გერმანიაში”.

ხატია ანთიამ 2013 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. შემდეგ პროფესიული ცხოვრება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადმინისტრირების მიმართულებას დაუკავშირა. ხატიას მიღებული აქვს არაერთი სტიპენდიასაერთაშორისო კურსებისთვის ინგლისში, ნორვეგიაში, ისრაელში და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტებში.

ბმულზე: https://www.researchgate.net/profile/Khatia-Antia