15.11.2022

ზუბის საბავშვო ბაღში მოწყობილი ეთნოკუთხე

 ზუბის საბავშვო ბაღში ნონა კვირკვაიას მიერ (ორგანიზებით) მოწყობილი ეთნოკუთხე (2013 წელი. ფოტო: ირაკლი შონია).











როგორ შენდებოდა ხობის კულტურის სასახლე

 როგორ შენდებოდა ხობის კულტურის სასახლე

ფოტო: სასახლე წერეთლის პანოს და მონუმენტის გარეშე.

ხობის კულტურის სასახლის მშენებლობას 1968 წელს ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა. რაიონის ხელმძღვანელ პირად ნუგზარ ნადარაიას დანიშვნის შემდეგ აქტიურად დაიწყო ობიექტის მშენებლობა. 1980 წელს ნ. ნადარაიას უთქვამს: „რაიონულ 32-ე კონფერენციას ახალი კულტურის სასახლის შენობაში ჩავატარებთო“.
მშენებლობა დაევალა ხობის მოძრავ-მექანიზებულ კოლონა N19-ს (უფროსი: გენო ტორჩინავა). საქმიანობას ხელმძღვანელობდა მთავარი ინჟინერი გ. ფაჩულია, მშენებლობას კონტროლს უწევდა რაიაღმასკომის თავმჯდომარე ლერი ნანეიშვილი.
კულტურის სასახლის ფასადი მონუმენტური რელიეფით (პანო) გააფორმა მხატვარ-მონუმენტალისტმა ზურაბ წერეთელმა.
ხობის კულტურის სასახლე 1981 წლის 16 მაისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ლენტი საქართველოს კულტურის მინისტრმა ოთარ თაქთაქიშვილმა და ნუგზარ ნადარაიამ გაჭრეს.

პირველი ტრაქტორისტები ხობში - ბიელები ვლადიმერ იოსავა და იპოლიტე შონია

1928 წლიდან ხობის რაიონის სოფლებში ხარ-კამეჩების ტრაქტორებით ჩანაცვლების პროცესი დაიწყო. „რკინის ხარი“ ანუ „რკინაშ ხოჯი“ ასე უწოდებდნენ სამეგრელოში ‘ფორდზონის“ მარკის პირველ ტრაქტორებს. ამ თემას ეხმიანება ცნობილი მეგრული სიმღერის ტექსტი - „რკინაშ ხოჯი სი ვაგოკო ჭა დო ფურჩა, სკან რკინაშ ბარბალეფს ჯიმალობას ელუოფუჩა...“.



პირველი ტრაქტორი სოფელ ბიაში ვლადიმერ იოსავას და იპოლიტე შონიას შემოუგრუხუნებიათ. ახალგაზრდა ტრაქტორისტები სიამაყით გასცქეროდნენ ტრაქტორის კაბინიდან თანასოფლელებს.
„ტრაქტორის მუხლუხებს ზანზარი გაქონდა, წინა დღესაც ასეთივე გრუხუნით ჩაიარა აქვსენტი კეკუსანძემ და გეზი საჯიჯაოსკენ აიღო. „ ა, აგერ გვეჯე მიქა“ - თითით უჩვენებდნენ ერთმანეთს ერთბაშად აყაყანებული გლეხები“ - წერს პრესა.
მექანიზტორი! არც კი იცოდნენ ამ სიტყვის მნიშვნელობა სოფელში, არც ის, თუ რამხელა საქმეს გააკეთებდა ეს უშველებელი „რკინის ხარი“, იმედით შესცქეროდა კოლმეურნეობის თავმჯდომარე ფილუ შონია ტრაქტორის მიერ გავლებულ პირველ ხნულს.
1933 წლიდან ვ. იოსავა ხობის მტს-ში გადმოიყვანეს და თავისი საქმის მცოდნე, მუყაითი მექანიზატორი 1937 წლიდან სატრაქტორო ბრიგადას ჩაუყენეს სათავეში.
ამიტომაც მთავრობამ 1944 წელს დააჯილდოვა მედლით „კავკასიის დაცვისთვის“, უფრო მოგვიანებით ჯილდოს კვლავ ჯილდო დაემატა - ეს იყო მედალი „შრომითი მამაცობისთვის“.

გამორჩეული პედაგოგი სილიბისტრო ღვინჯილია

 გამორჩეული პედაგოგი სილიბისტრო ღვინჯილია (1916-1992 წლები)

სილიბისტრო ღვინჯილია 1916 წელს დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. 1937 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური სასწავლებელი. განაწილებით მუშაობდა სვანეთის მაღალმთიან სოფელში, საიდანაც გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1947 წლიდან ზუბის სკოლაშია და იშვიათი პროფესიონალიზმით ასწავლის რუსულ ენასა და ლიტერატურას.

სილიბისტრო ღვინჯილიას ძალიან უყვარდა ლიტერატურა, განსაკუთრებით XIX საუკუნის. ხშირად მოჰყავდა საუკეთესო მწერალთა ციტატები საკუთარი ნააზრევის გასამყარებლად. ლიტერატურით ცოცხლობდა და სუნთქავდა.
სილიბისტრო ღვინჯილიას მეუღლე, თამარ არაჩემია თითქმის ოთხი ათეული წელი ემსახურა თავის სათაყვანო საქმეს, ის სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
სილიბისტრო ღვინჯილია გარდაიცვალა 1992 წელს.
სილიბისტრო ღვინჯილიას ბიოგრაფია ესაა ცხოვრება კაცისა, რომელსაც ქართული პატიოსნებით გაუვლია ცხოვრების გზა და არასდროს წასულა სულიერად გაუმართლებელ კომპრომისზე.
„...მართლაც, რომ გადაუხდელია ახალ ხიბულელი ახალგაზრდებისათვის ჩვენი სკოლის მასწავლებლის სილიბისტრო ღვინჯილიას ამაგი. ის ნამდვილად „სხვა“ იყო თავისი ბუნებით, ნიჭით, ადამიანური ალღოთი, ადამიანებთან ტაქტიანი მიდგომით. „სხვა“ იყო გარეგნობითაც, არავის ჰგავდა და ამ არაჩვეულებრიობით შემორჩა უამრავი აღზრდილისა თუ კოლეგის ხსოვნას.
მეორედ მოვიდა სექტემბერი უიმისოდ. მისი სკოლის კედლებსა თუ საკლასო ოთახებს ჯერ კიდევ შერჩენიათ სილიბისტრო მასწავლებლის ხიბლი, ჯერ კიდევ „ცოცხლობენ“ მისი საწრეო ალბომები, კედლის გაზეთები. ყველაფერს ატყვია მისეული პეწი, თითქოს ახლაც ყურში ჩაგვესმის მისი მოსწრებული სიტყვა-პასუხი, იშვიათი ქართული იუმორი, ზომიერი საყვედური“.
ნაწყვეტი ზუბის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლის, მარინე გოლავას საგაზეთო წერილიდან.
„მასთან ლაპარაკი და დგომა არც თუ ისე ადვილია, ვინაიდან ლიტერატურაზე ასე დიდად შეყვარებულმა რაიმე უზუსტობაში, არა ლოგიკურ მსჯელობაში თუ მოგიხელთა, საშინლად ეწყინება და გეტყვის, ესა და ეს სულის ქურუმი ასეთ გულგრილობას არ იმსახურებსო.
საქართველოს სახელოვან წარსულში ღრმად არის ჩაკირული და კელაპტარივით იწვის იმისათვის, რომ მომავალ თაობებსაც გაუღვივოს მამულს ზვარაკად შეწირული გმირების სიყვარული. ხშირად უყვარს თქმა პოეტის სიტყვებისა: „კულტურა ხალხისა განისაზღვრება იმით, თუ როგორ ეპყრობა იგი თავის ისტორიულ წარსულს“ და თავად არის ფრიად კულტურული, ერუდირებული, ნაღდი ქართველი, პირში მთქმელი, ბოროტების მიმართ ქედუხრელი, კარგი მამა, მოძღვარი და ბაბუა“.
ნაწყვეტი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ირაკლი სიჭინავას საგაზეთო სტატიიდან -„მამამძუძე, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს“, 1981 წელი.

რუსთაველის თეატრის გასტროლი ხობში (1981 წელი)

 1981 წლის 22-24 დეკემბერს ქალაქ ხობში სამდღიანი გასტროლით იმყოფებოდა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით.

ხობის კულტურის სასახლის დიდ სცენაზე რუსთაველის თეატრის მსახიობები ადგილობრივი მაყურებლის წინაშე ლეგენდარული სპექტაკლებით (რიჩარდ III და კავკასიური ცარცის წრე) წარდგნენ.

სპექტაკლებში რამაზ ჩხიკვაძე, მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, გიორგი გეგეჭკორი და ბორის წიფურია მონაწილეობდნენ.

რუსთაველის თეატრის გასტროლამდე ხობს მარჯანიშვილის თეატრი სტუმრობდა.

14.11.2022

სოფელ ზუბის ტოპონიმები

 ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის ტოპონიმები.

ტოპინიმური მასალა ჩაწერილია 1983 წელს. ინფორმატორები და მეგზურები იყვნენ:

იულონ ბერია

ქსენია გედენიძე

ვლადიმერ (ჩიხო) გოგია

გრიგოლ ვეკუა

ზაურ ვეკუა

ჭიჭიკო ვეკუა

ნოდარ კემულარია

ტრიფონ ნარსია

ამბროზ ქვარცხავა

ბიკენტი ქვარცხავა

იონა ღვინჯილია

ვალოდია ჭილაია

გრიშა ხარამიშვილი

გუგუ ხარამიშვილი

 


ადამიეფიშ ფერდი - ბექი ღადიდის ნაპირას.

ავალიანიშ მინდორი - მინდორი ჯახუშ ღალის ნაპირას.

ამბროზიშ ოისირე - ისლნარი საქვარცხავოში.

აპოშ წყურგილე - წყარო საღვინჯილიოში

არჩაიაშ მართუ - მორევი ხობისწყალზე.

არჩაიაშ მოხილი - კლდე ხობისწყლის მარჯვნივ. მოხილი - ჩამორღვეული, ჩამოშლილი.

არჩილიშ ნოხორი - მინდორი ოკიბორჩხალეს მარცხენა ნაპირზე.

აფაქიაშ ფონი - ფონი. იგივე წისქვილის ფონი.

ბათუშ მოხილი - მორევი ხობისწყალზე.

ბახვაიაშ შეკებული - ტყე სავეკუოში.

ბერაიეფიშ ნოხორი - სახნავი ხობისწყლის მარჯვენა ჭალაში.

ბერიაშ ნოხორი - სახნავი ოკიბორჩხალეს მარჯვ. ნაპირას.

ბიქტორიშ წყურგილე - წყარო ხობისწყლის ჭალაში.

გაბარი - ბექი. ჭალას გასდევს ზუბის სკოლიდან სოფ. გაშფერდამდე. გაბარი „ვაკე-სერი, ზეგანი“.

გვაჩიშ ნოხორი - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

გიორგიშ ნოხორი - სახნავი ოკიბორჩხალეს ნაპირას.

გოგიაშ წყურგილე - წყარო საღვინჯილიოში.

გოგიშ მუხური - სახნავი ლეტეშში.

დავითიშ შეკებული - ტყე ხობისწყლის ჭალაში.

დრიმიტიშ დიხა - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

დუტუშ წისქვილი - წისქვილი ოკიბორჩხალეზე.

ელაგირძე „წაგრძელებული“ - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ენწერი - ტყე-ჭაობი. ჟღები.

ერასტოშ ნოხორი - სახნავი საქვარცხაში.

ვალიკოშ ნოხორი - სახნავი საქვარცხაში.

ვეკუეფიშ ნოხორი - სახნავი ხობისწყლის მარჯვენა ნაპირას.

ზუბიშ ოხვამე - ეკლესია. იგივე წიმდა გიორგი.

ზუბიშ ჭალე - ხობისწყლის ჭალა სკოლის შენობიდან ზემოთ, სოფ. გაშფერდამდე.

კაჭიაშ წყურგილე - წყარო ხობისწყლის ჭალაში.

კემლარიეფიშ ნოხორი - სახნავი ხობისწყლის მარჯვენა ნაპირას, ზუბის (საჯიჯაოს თემი) საზღვარზე.

კიზირიაშ ნოხორი - ჩაის ფართობი ოკიბორჩხალის მარჯ. ნაპირას.

კინაშ სტოლბა - სახნავი ხობისწყლის ჭალაში, ყანის ბოლოში. ელექტროგადამცემი ხაზის ბოძი დგას.

კოსტაშ ტყა - ტყე ოკიბორჩხალის მარცხ. ნაპირას.

კოტო „ქოთანი“ - მორევი ოკიბორჩხალეზე, სავეკუოში.

ლეფონონი - ტყე ხობისწყლის ჭალაში. ლეფონი „ლაფანი“.

ლომკვირკვაიაშ ტყა - ტყეა სახარამიშვილოსა და წიფურღალს შუა. ლომ(ი) პირსახელია.

მალანიაშ ნოხორი - მინდორი ჯახუშ ღალის ნაპირას.

მელეყვანა „გაღმაყანა“ - ტყე სავეკუოში, ოკიბორჩხალის მარცხ. ნაპირას.

მიქეშ ოისირე „მიქეს საისლე“ - ბუჩქნარი ოკურჩხალის ნაპირას.

ნაკაზარმუ - ჩაის ფართობი ოკიბორჩხალის ნაპირას.

ნაოისირ „ნასაისლერი“ - ჩაის ფართობი ოკიბორჩხალეს ნაპირას.

ნაოსხაპ(უე) - მინდორი ოკიბორჩხალის მარცხ. ნაპირას, სავეკუოში. ოსხაპუე ის ადგილია, სადაც სოფლის ან უბნის მოსახლეობა შაბათ-კვირას თავს იყრის და ერთობა, იმართება ცეკვა-თამაში. სხაპუა „ცეკვა, სტომა“.

ნაოხვამუ - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ნაყარწყარი - ფშანი, ღელე ხობისწყლის ჭალაში, სადაც ამჟამად სტადიონია. ნაყალი „ნატოტარი“ - ყა „ტოტი“.

 ნაშხურუ „ნაცხვარალი“ - სახნავი ხობისწყლის მარჯვ. ნაპირას. ცხვრის ნადგომი ადგილია.

ნაწისქვილ „ნაწისქვილარი“ - ბუჩქნარი ოკიბორჩხალეზე, სავეკუოში.

ნახოპწყარუ - მინდორი ხობისწყლის მარჯვ. ნაპირას, სადაც შემდეგ სტადიონი და ფერმა იყო.

ნესტორიაშ შეკებული - ტყე სავეკუოში.

ნესტორიაშ დიხა - სახნავი ჭალეში.

ნეძონი ‘კაკლიანი“ - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ნოტოშ ნოხორი - სახნავი ხობისწყლის ჭალაში. ნოტო კაცის სახელია.

ოგინე „სახბორე“ - ჩაის ფართობი. იგივე სხულიშჯინჯი.

ოთუთუმე/ოთუთუმეშ ფართობი - ჩაის ფართობი საქვარცხაში. თუთუმი „თუთუნი“.

ოთუთუმეშ ფართობი - ჩაის ფართობი. იგივე ოთუთუმე.

ოკირეში - საკირე ხობისწყლის მარჯვ. ნაპირას, სოფ. ზანის პირდაპირ, სადაც წვავდნენ კირს.

ოკურჩხალე - ღელე გაშფერდიდან გაედინება საქვარცხას უბანში.

ოკიბორჩხალე - იგივე ოკურჩხალე.

ოლართელი - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ოლისირე - ჩაის ფართობი საქვარცხაში.

ონძილე „ჯილე“ - ტბორი, წყარო ჩიჩუეფიშ პარტიკის ნაპირზე.

ოტოშ წყურგილე - წყარო კემულარიეფიშ ნოხორთან.

ოქაჯე/ოჩოკოჩიშ ოხორუ - ერქვა უღრან ტყესოკურჩხალეს ხეობაში. დასასახლებლად მოსულ ჭილაიეფს ქაჯი და ოჩოკოჩი უნახავთ და სასწრაფოდ გასცილებიან იმ ადგილს.

ოჩე - ერქვა სახნავს ხობისწყლის ჭალასა და საკემულარიოს შუა.

ოწერე - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ოხოჯური - სახნავი ხობისწყლის ჭალაში. თავად ჩიჩუას ქონია შემოღობილი ხარებისთვის.

იჯაპე - სახნავი ოჩესთან.

ჩიჩუეფიშ პარტიკი - ტბორი საშონიოსა და ჭალეს შუა.მდ. პარტიკის სათავეა.

პაჭუშ ნოხორი - მინდორი ოკიბორჩხალეს მარცხ. ნაპირას.

პეტრეშ ოისირე - ბუჩქნარი ოკურჩხალის ნაპირას.

პეხუშ წყურგილე - წყარო კემლარიეფიშ ნოხორის ტერიტორიაზე.

ჟღები/ენწერი - ტყე, ჭეჭყობი საქვარცხასა და საშონიოს შუა.

საანგურო - ცაის ფართობი სავეკუოში.

დაბერაიო - უბანი საქვარცხასა და საკემლარიოს შუა, სოფ. ახალხიბულის საზღვართან.

სალომაიო - უბანი საჭილაიოს გვერდით.

სანარსიო - უბანი ახალხიბულა-ზუბის გზაზე.. ნარსიების წინაპრები ჩამოსულან ჯოლევიდან (მარტვილის რ.) და რამდენიმე ათეული წლის წინ კიდევაც დადიოდნენ იქ დარჩენილ ნათესავებთან.

სანდროშ დიხა - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

სანდროშ ნოხორი - სახნავი ოკიბორჩხალის ნაპირას.

საქვარცხა - უბანი სოფ. საჯიჯაოს და ახალხიბულის საზღვართან. ქვარცხავების წინაპრები ჩამოსულან ნაჯაგუდან (ჩხოროწყუს რ.) და მამა-პაპანი კიდეც მიდიოდნენ იქ მირსობის დღესასწაულზე.

საღვინჯილიო - უბანი ხობისწყლის მარჯვ. ნაპირის ბექობზე, გაშფერდის საზღვართან. ღვინჯილიების წინაპრები წალენჯიხიდან ჩამოსულან.

საშონიო - უბანი ხობისწყლის ჭალასა და საქვარცხას შუა.

საჭილაიო - უბანი ხობისწყლის ჭალასა და სალომაიოს შუა. ინფორმატორ ვ. ჭილაიას (დაბად. 1903 წ.) მამის ბაბუა ბურდღუია ჩამოსულა სოფ. ბობოთიდან (მარტვილის რ.) ახალგაზრდობისას. თვით ვ. ჭილაია რამდენჯერმე არის ნამყოფი ბობოთში.

სახარამიშვილო - უბანი გაშფერდის საზღვარ-თან.

სესიშ წისქვილი - წისქვილიო წიფურღალზე.

 

სხულიშ ჯინჯი/ოგინე - ჩაის ფართობი ოკიბორჩხალის ნაპირას.

უშქურონა „ვაშლნარი“ - ერქვა ტყეს სოფ. საჯიჯაოს საზღვართან.

უშქურონაშ ჩაი - ჩაის ფართობი უშქურონასთან.

უჩანაშ წყურგილე - წყარო ოკურჩხალის მარცხ. მხარეს.

უჩა ტობა - მორევი ხობისწყალზე.

ფართო დიხა - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ფაღვაშ მართუ - მორევი ხობისწყალზე.

ფაღვაშ მოხილი - კლდე ხობისწყლის ნაპირას.

ფერდონა - სახნავი - ხობისწყლის ბექის ნაწილი საჭილაიოსა და სალომაიოში.

 

ფიდოშ წისქვილი - წისქვილი ოკიბორჩხალეზე.

ფილუშ ოჩაიე - ჩაის ფართობი ოკიბორჩხალის ნაპირზე.

ფრიალე „ვერხვი“ - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ქვარცხეფიშ ნოხორი - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

ქუცონა - სახნავი ხობისწყლის ჭალაში, საჯიჯაოს საზღვართან.

ღვინჯილიეფიშ წისქვილი - ნაწისქვილარი წისქვილის წყაროზე.

ღვინჯილიეფიშ წყურგილე - წყარო, ღელე საღვინჯილიოში.

შოთაშ ნოხორი - სახნავი ოკიბორჩხალეს ნაპირას.

შონიეფიშ კარი - სახნავი ხობისწყლის ჭალაში.

შონიეფიშ ღალუ - ღელე, პარტიკის ერთ-ერთი სათავე.

შონიეფიშ წყურგილე - წყარო საშონიოში.

ჩაგუშ წყურგილე - წყარო საღვინჯილიოში.

ჩიჩუეფიშ პარტიკი - ტბორი.

ჩქონი - საძოვარი ხობისწყლის ნაპირას. „ჩქონი“ - კუნძული.

ცხიმურიშჯინჯი - მორევი ოკიბორჩხალეზე სავეკუოში.

წიმდა გიორგი/ზუბიშ ოხვამე - ეკლესია, სასაფლაო სოფლის ცენტრში. აქ აღინიშნებოდა „გერგობა“ 10 ნოემბერს. კლავდნენ ჯაკელს ან მოზვერს.

წისქვილიშ წყარი - ხობისწყლის ტოტი საღვინჯილიოში.

წიფურღალუ - წისქვილიშ წყარის მარჯვენა შენაკადი სახარამიშვილოში.

ჭალე - ჭალა ხობისწყლის მარჯვენა ნაპირას.

ჭილაიეფიშ დიხა - ჩაის ფართობი საჭილაიოში.

ჭიალიეფიშ ღალუ - ღელეპარტიკის შენაკადი.

ჭუჭუშ ნოხორი - სახნავი ხობისწყლის ნაპირას.

ხიბლაშ ზუბი - სოფელი ზუბი.

ხოპწყარიშ გაბარი - ნექი ხობისწყლის ნაპირას.

ხუსენიაშ ნოხორი - მინდორი ოკიბორჩხალეს ნაპირას.

ჯაბურიაშ ნოხორი - ჩაის ფართობი ოკიბორჩხალესთან.

ჯახუშ ღალუ -ღელე სოფ. ზუბის საზღვართან.

ჯახუშ ღალიშ წყურგილე  - წყარო ჯახუშ ღალის ნაპირას.

ჯინორიაშ ნოხორი - ჩაის ფართობი ოკურჩხალის მარცხ. ნაპირას.

ჯიქიაშ ნოხორი - ჩაის ფართობი ოკურჩხალის მარჯვ.. ნაპირას.

 

პაატა ცხადაია სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, ტ. III, 2007  წელი.

 

 

10.11.2022

ხობის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და განვითარების გენერალური გეგმის მასალები

  1981 წლის აგვისტოში, ქალაქ ხობში შედგა ხობის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და განვითარების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა. გენერალური გეგმა მომზადდა „სახმშენის“ მიერ.  განხილვაში მონაწილეობდნენ „სახმშენის“ უფროსი გ. მირიანაშვილი, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამმართველოს უფროსი ი. ციციშვილი„სახმშენის“ მთავარი არქიტექტორი ნ. მიქაძე,  განაშენიანების პროექტის ავტორი, „სახმშენის“ საპროექტო ინსტიტუტის არქიტექტორი დ. დონჯაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები.

გენერალური გეგმის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა ის მთავარი მომენტები, რომ ხობის ცენტრში გადის სახელმწიფო-საავტომობილო გზა და საკავშირო მნიშვნელობის რკინიგზა, დაბის ცენტრში არსებული სატრანსპორტო ქსელი, საინჟინრო, ენერგეტიკული აღჭურვილობა და მათი გათვალისწინებით რაიონული ცენტრის საპროექტო ტერიტორია დაყოფილ იქნა შემდეგ ზონებად:

დასახლების ზონა, რომელიც მოიცავს როგორც ამჟამად არსებულს, ისე პროექტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი შენობების განაშენიანების ტერიტორიას ადმინისტრაციული კულტურულ-საყოფაცხოვრებო ცენტრს, სატრანსპორტო-საავტომობილო კვანძს, საქალაქო პარკს, აგრეთვე ამჟამად არსებულ საწარმოდ. დანიშნულების ნაგებობებს, რომლებიც ჩართულია დასახლების ზონაში, გეგმა ითვალისწინებს ამ საწარმოთა პირველ ზონაში შენარჩუნებას იმის გამო, რომ თავისი ხასიათით ისინი ხელს არ უშლიან ფუნქციონირებდნენ საცხოვრებელ ზონაში.

რაიონული ცენტრის საპროექტო ტერიტორიის მე-2 ზონაა სამრეწველო ობიექტების განაშენიანების ზონა, რომელიც განთავსებულია ქალაქის სამხრეთ ნაწილში.

ეს ტერიტორია მდებარეობს  ნოჯიხევის უბანში, ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზის გასწვრივ, მდინარე ხობის წყლის მარცხენა სანაპიროზე გურიფულის მიმართულებით. გენერალური გეგმით გათვალისწინებულია როგორც არსებული სამრეწველო და სამშენებლო ობიექტების შენარჩუნება-გაფართოება, ისე ახალი ობიექტების მშენებლობანი.

ქალაქი 1985-2000 წლებში

1985-1990 წლებისთვის გათვალისწინებულია გაშენდეს ახალი განსაზოგადოებული საცხოვრებელი მასივები 3-4 სართულიანი სახლებით, რადგან არქიტექტურული თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლების გვერდით 9-10 სართულიანი სახლების წამოჭიმვა. ქუჩების დასახლებისაგან და ცენტრალური ქუჩების ტრანსპორტით ინტენსიური მოძრაობისაგან განტვირთვის მიზნით განხორციელდება სახელმწიფო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის გადატანა ქალაქის სამხრეთ ნაწილში. შემოვლითი ახალი ავტომაგისტრალი შეადგენს 7 კილომეტრიან რკალს, რომელიც დაიწყება ნოჯიხევის N30 პროფტექნიკური სასწავლებლის ტერიტორიაზე, გაუხვევს სამხრეთისკენ, ირგვლივ შემოუვლის და ჩრდილოეთით დატოვებს მეცხოველეობის სანაშენო გაერთიანების ტერიტორიას, გადაკვეთს მე-2 გურიფულის დასახლებას, სამხრეთიდან შემოუვლის საბჭოთა მეურნეობა „კოლხეთის“ ცენტრს და სოფელ პირველი მაისის აღმოსავლეთ საზღვართან შეუერთდება ცენტრალურ ტრასას. შემოვლითი გზა გაატარებს სატრანზიტო, სატვირთო და სატრანსპორტო ნაკადს და ტრასაზე მიმავალი ტრანსპორტი ჰაერის გამონაბოლქვით არ გააჭუჭყიანებს ქალაქის ცენტრს. ამასთან შემოვლით გზის გასწვრივ გაშენდება განსაზოგადოებული ახალი საცხოვრებელი მასივები და ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინები.

1985 წლამდე ნოჯიხევის მიკროუბანში გაშენდება განსაზოგადოებული საცხოვრებელი კვარტალი 1100 მცხოვრებისათვის, 1990 წლისთვის მცხოვრებთა რაოდენობა ახალ განსაზოგადოებულ სახლებში გაიზრდება 2700 სულამდე, აქვე გაშენდება სკოლა 440 მოსწავლეზე, საბავშვო ბაგა-ბაღი 140 ბავშვზე, გაშენდება სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, N1 ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე გაშენდება 200 ადგილიანი საუწყებო საცხოვრებელი ბინები.

1985-1990 წლებისათვის განსაზოგადოებელი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გათვალისწინებულია ქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც დაიკავებს 31 ჰექტარ ფართობს. ცენტრში გათვალისწინებულია საზოგადოებრივ-ადმინისტრაციული კომპლექსის და სავაჭრო-საყოფაცხოვრებო ცენტრის მშენებლობა და არსებულის რეკონსტრუქცია. ქალაქის სამედიცინო დაწესებულებათა კომპლექსის მშენებლობა (რაიონული საავადმყოფოს მშენებარე ობიექტის ჩაუთვლელად) და ამჟამად არსებულის მთლიანი რეკონსტრუქცია.

შეიქმნა ორი სატრანსპორტო კვანძი, რომელთაგან ერთი ჩამოყალიბდება ქალაქის ცენტრში, ხოლო მეორე ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ ხობის ტერიტორიაზე, იგი მიიღებს როგორც სარკინიგზო ისე საავტომობილო ტრანსპორტს. სარკინიგზო კვანძის ირგვლივ გაშენდება სავაჭრო-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ამავე კვანძში გათვალისწინებულია საკოლმეურნეო ბაზრის მშენებლობა, ბაზარში როგორც სარკინიგზო ტრანსპორტით, ასევე საავტომობილო ტრანსპორტით ჩამოსულ გამყიდველს და მყიდველს შეექმნება ვაჭრობისათვის ხელსაყრელი პირობა. განვითარდება შემხვედრი ვაჭრობა, რათა კოლმეურნეს ზედმეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაყიდვის შემდეგ შესაძლებლობა მიეცეს იქვე შეიძინოს მისთვის სასურველი სამრეწველო საქონელი თუ სასურველი პროდუქტი.

ქალაქის ცენტრში შექმნილი სატრანსპორტო კვანძი გაიყოფა ორ ნაწილად - საქალაქო და რაიონულ მაგისტრალებად. საქალაქო მაგისტრალის არასატრანსპორტო საშუალება ქალაქის მოსახლეობას გადაიყვანს სამრეწველო ობიექტამდე, წარმოება-დაწესებულებებამდე და სარკინიგზო კვანძამდე, ხოლო რაიონული მაგისტრალი, საქალაქო მაგისტრალთან ერთად უზრუნველყოფს რეგულარული სამგზავრო მარშრუტებით მგზავრთა გადაყვანას სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში.

 

ქალაქი მწვანეში

განაშენიანების გეგმით დიდი ყურადღება ეთმობა  „მწვანე არქიტექტურას“. 63 ჰექტარ ფართობს დაიკავებს ტყე-პარკი, რომლის მშენებლობა დაიწყება ხობის მონასტრის და ურთის მთის ტერიტორიიდან, გაგრძელდება მდინარე ხობის წყლის ორივე სანაპიროს გასწვრივ საავტომობილო ტრანსპორტის ხიდამდე, მწვანე ზოლი იქნება ქალაქის მოსახლეობის ძირითადი დასასვენებელი ადგილი. საქალაქო პარკში გაივლის ქვეითად სასიარულო გზა, რომელიც ქალაქს დააკავშირებს სარკინიგზო კვანძიან და ნოჯიხევის საცხოვრებელ მასივთან. ამავე გზით შეიძლება აგრეთვე ხობის მონასტრისაკენ გასეირნება. პარკში გათვალისწინებულია გაშენდეს რაიონის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ეროვნული კერძების დამამზადებელი საზკვების ობიექტი და სხვა. ტყე-პარკი,მეტ შნოსა და ლაზათს მისცემს ქალაქის ტერიტორიას, უფრო გააგრილებს. ხობის წყლიდან მონაბერ ნიავს,იგი კულტურული დასვენების ობიექტთან ერთად გადაიქცევა მშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის  მძლავრ  საშუალებად. უკვე დაიწყო და მიმდინარეობს მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელიც დააჩქარებს გაამწვანების სამუშაოებსაც, ქალაქის ტყე-პარკთან იქნება დაკავშირებული აგრეთვე ხანმოკლე დასვენების   მწვანე ზოლი, რომელიც გაიშლება  ურთის და ბიის ქედების კალთებზე, მართლაც თვალწარმტაცი სანახაობა გადაიშლება სულ რაღაც ათიოდე წლის მანძილზე მნახველის წინაშე, როცა იგი ჭიხუს პლატოდან ან სხვა სიმაღლიდან გადმოხედავს მწვანეში ჩაფლულ ქალაქ ხობსა და  მის შემოგარენს.

 

ქალაქის მრეწველობის მერმისი

სახმშენის“ ქალაქდაგეგმარების განყოფილების უფროსი კახა ჯავახიშვილი:

გენერალური გეგმის განსახილველად წარმოდგენამდე სკკპ ცენტრალურმა კომიტეტმა და მინისტრთა საბჭომ მიმდინარე წლის 18 ივნისს მიიღეს ერთობლივი დადგენილება, რომლითაც მომავალში იკრძალება მსხვილ ქალაქებში სამრეწველო  ობიექტების მშენებლობა. მომავალში მათი მშენებლობა უნდა განხორციელდეს საშუალო ზომის დასახლებულ პუნქტებში. ამ დადგენილების მოთხოვნათა გასატარებლად ქალაქ ხობის განაშენიანების გეგმაში ბევრი კორექტივების შეტანა არ დაგვჭირვებია, რადგანაც ხობი არ წარმოადგენს ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს, რომელსაც სამრეწველო ობიექტების მშენებლობანი ხელს შეუშლიდა, ამიტომ გეგმით გათვალისწინებული სამრეწველო ობიექტების მშენებლობანი პროექტში ისევ უცვლელად დარჩა.

საშენმასალათა მრეწველობის დარგში 1985 წლისთვის ნოჯიხევის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია გაშენდეს სადრენაჟო არხების გაყვანისთვის საჭირო კერამიკული მილების დასამზადებელი ქარხანა, სადაც 1985 წელს იმუშავებს 100 კაცი, ხოლო 2000 წლისთვის ქარხანაში მომუშავე პერსონალი 150კაცამდე გაიზრდება.

კვების მრეწველობის ხაზით ქალაქში შენდება ჩაის მეორე ფაბრიკა, რომლის სიმძლავრე 2000 წლისთვის მიაღწევს 1650 ტონას. ფაბრიკას მოემსახურება 60 სამრეწველო პერსონალი. ქალაქის მოსახლეობის  გამომცხვარი პურით და პურფუნთუშეულით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია ახალი პურკომბინატის მშენებლობა, რომლის დღიური წარმადობა 30-40 ტონამდე იქნება. ამჟამად ხობის საკონსერვო ქარხანა წლიურად უშვებს 5-6 მილიონ პირობით  ქილა კონსერვს, მისი გაფართოების შემდეგ 2000 წლისთვის ქარხნის წლიური სიმძლავრე 18 მილიონ ქილა კონსერვის გამოშვებაზეა დაგეგმილი.

საგრძნობლად გაიზრდება ლიმონათის ქარხნის სიმძლავრე დაამჟამად თუ წელიწადში უშვებს 89 ათას დეკალიტრ ლიმონათს, 2000 წლისთვის წლიურად გამოუშვებს 275 000 დეკალიტრ უალკოჰოლო სასმელებს.

მსუბუქი მრეწველობის დარგში გათვალისწინებულია ქალაქში გაშენდეს სამკერვალო ფაბრიკა, რომელიც საექსპლოატაციოდ გადაეცემა 1990 წელს. აქ დასაქმებული 320 პერსონალი წლიურად გამოუშვებს 18 მილიონი მანეთის სამრეწველო პროდუქციას, ხოლო 200 წლისთვის პროდუქციის გამოშვება  28 მილიონამდე გაიზრდება.

 

 

ქალაქის ტერიტორია, საზღვრები და მოსახლეობა

თუ ამჟამად ქალაქს უჭირავს სულ რაღაც 450 ჰექტარი ფართობი, 2000 წლისთვის იგი 1700 ჰექტარამდე გაიზრდება, აქედან ტყე-პარკი დაიკავებს 63 ჰექტარ ფართობს, კომუნალური-სასაწყობო ზონა ნოჯიხევის ტერიტორიაზე რკინიგზის გასწვრივ დაიკავებს 53.4 ჰექტარს, სამრეწველო ზონა პერსპექტივაში დაიკავებს 100 ჰექტარამდე ფართობს (სარეზერვო ტერიტორიის ჩათვლით). ამას გარდა ქალაქის საზღვრებში მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 638.7 ჰექტარის რაოდენობით, დარჩება ქალაქის შემოგარენში არსებულ სოფლისმეურნეობრივ საწარმოთა გამგებლობაში.

თუ ამჟამად ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა განისაზღვრება 5000 მცხოვრებით 2000 წლისათვის ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა გაიზრდება 8000 კაცამდე. აქედან 5350 კაცი იცხოვრებს განსაზოგადოებულ შენობებში, ხოლო 2650 კაცი კერძო საცხოვრებელ ბინებში.

 

საქალაქო მეურნეობის განვითარების პერსპექტივები

ქალაქის განაშენიანება ითვალისწინებს წყალმომარაგების, კანალიზაციის, ცენტრალური გათბობის, გზების კეთილმოწყობის და საქალაქო მეურნეობის სხვა ძირითადი საკითხების დადებითად გადაწყვეტას.

გენერალური გეგმის განხილვისას აღინიშნა რომ დიდძალი რეზერვების არსებობის გამო შედარებით ადვილად გადაწყდება ქალაქის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი, რადგან მდინარე ხობის წყლის ბასეინში ყველგან შეიძლება ჭაბურღილების მოწყობა და მისი დაქსელვა ქალაქის ნებისმიერ კვარტლამდე. პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების ამჟამად არსებული სისტემის შენარჩუნება და მისი შემდგომი გაფართოება. ამჟამად ნოჯიხევის ქედზე მიმდინარეოს 1000 კუბური მეტრი ტევადობის წყალსაცავი ბასეინის პირველი რიგის სამუშაოები, რომელიც 1985 წლამდე მთლიანად უზრუნველყოფს  მდინარის მარცხენა სანაპიროს საწარმოებს და მოსახლეობას სასმელი წყლით.

საზოგადოებრივი ობიექტების, ქალაქის წარმოება-დაწესებულების ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფის მიზნით მდინარე ხობის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე დაიდგმება ორი საქვაბე მოწყობილობა, ეს სამუშაოები ფაქტიურად დაწყებულია და ახლო მომავალში გადაეცემა საექსპლოატაციოდ. ქალაქს ამჟამად არ გააჩნია ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემა. გეგმით კი მდინარის ორივე სანაპიროზე მოეწყობა საკანალიზაციო სისტემა ცალ-ცალკე, ხოლო მდინარის მარცხენა სანაპიროზე აიგება გამწმენდი ნაგებობანი (ამ სამუშაოთა პირველი რიგი უკვე მიმდინარეობს).

1981 წელს ექსპლუატაციაში შევიდა: კულტურის სასახლე, ჰიგიენის სახლი, სპორტული კომპლექს „იმედის“ პირველი რიგი, დაიწყო შემოვლითი სანაპირო გზის მშენებლობა და გამწვანების სამუშაოები.

გაივლის კიდევ ცოტა დრო და რაიონის ცენტრს დაამშვენებს კოლხიდის ათვისების ისტორიის შემსწავლელი მუზეუმის, რაიონული საავადმყოფოს, N1 საშუალო სკოლის, ბაგა-ბაღის, N2 ჩაის ფაბრიკის, კინოთეატრის შენობები, ალიო მირცხულავას და პიერ კობახიძის სახლ-მუზეუმები, გაშენდება საზოგადოებრივი საცხოვრებელი სახლები, სკოლები, ადმინისტრაციული და სამეურნეო-კულტურული დანიშნულების ობიექტები.

 გაზეთი "კომუნიზმის მშენებელი", 1981 წლის აგვისტო.