10.12.2021

ქეთი ზარანდია - 100 %-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი ხიბულელი მაგისტრანტი

 ქეთი ზარანდიამ 2017 წელს დაამთავრა ახალი ხიბულის N2 (ზუბის) საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით  დაასრულა 2021 წელს. წელს ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების ადმინისტრირების პროგრამაზე და მოიპოვა 100% იანი სახელმწიფო გრანტი. 2021 წლის მარტში მეგობრებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენ განათლებისთვის • We 4 Education". ქეთი, ამჟამად თბილისის N133 საჯარო სკოლაში მუშაობს.


 
გრანტები

1. "ხობის ახალგაზრდული იდეის" / Youth Bank - ის მიერ დაფინანსებული პროექტი

- ,,განვაახლოთ ბიბლიოთეკა" (700 ლარი)

2. დაფინანსებული პროექტი - "ბულინგი მოზარდებში, გამომწვევი მიზეზები და

აღმოფხვრის გზები",,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და

ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA] ფარგლებში გამოცხადებულ მცირე

გრანტების კონკურსში. (430 ლარი), 2019

3. დაფინანსებული პროექტი - "მე ვარ მედიაწიგნიერი",,,ტოლერანტობის,

სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA]

ფარგლებში გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში. (600 ლარი) 2020

 პროექტები

 1.პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და

უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ საინფორმაციო კამპანია“ -

ტრენერი.

2. მონაწილეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ცენტრალური განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის

მიერ ორგანიზებულ პროექტებში: ,,თვითგანვითარების ტრენინგი“

,,თვითმენეჯმენტი”.

,,ინკლუზიური განათლება და პრობლემური ქცევის მართვის სტრატეგიები”

3. პროექტი: საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს

პროექტი “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია” რომელიც სსიპ ახალგაზრდობის

სააგენტოს მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ll თემატური

მიმართულების გამარჯვებულია.

4. "მონაწილეობა მნიშვნელოვანია" - საქართველოს ახალგაზრდულ

ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს პროექტი “Participation Matters”,

რომელიც ხორციელდება ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების

პროგრამის ფარგლებში და დაფინანსებულია ევროპის კავშირის მიერ, რათა

შემსუბუქდეს “COVID-19”ის გავლენა რეგიონში.

 

კონფერენციები

 1. საქართველოს მოხალისეთა მეხუთე ეროვნული კონფერენცია ,,მოხალისეობა,

სამოქალაქო ჩართულობა და ახალგაზრდები საქართველოში“/თსუ, Helping

Hand/15.03.2019

2. მონაწილეობა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სტუდენტთა I სამეცნიერო

კონფერენციაში/თსუ/ 29.10.2019

3. მონაწილეობა მასწავლებელთა VIII საუნივერსიტეტო კონფერენცია

,,უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ 30.11.2019

4. Tbilisi Regional Conference 2019

5. განათლების ფორუმი - "დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული

გამოწვევები, ბულინგი და ბრძოლა ბულინგის წინააღმდეგ" KEY CONSULTING -

26.07.2020

6. იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა II სამეცნიერო კონფერენცია

„იაკობ გოგებაშვილი – 180“.

  Apnsc კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ (სოც.თერაპიის სახლი - მოხალისე).

თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი - სტაჟიორი

არასამთავრობო ორგანიზაცია "Helping Hand" - კოორდინატორი

თსუ დესპანი - 2019-2020 წ.წ.

თსუ ახალგაზრდული ცენტრი - მოხალისე ტუტორი

ონლაინ რადიო "ჩემი ხმა" - პროდიუსერი

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელის ესმა გუმბერიძის

საავტორო გადაცემა " ჰორიზონტს მიღმა"

 

08.12.2021

ახალი ხიბულა (1977 წელი)

 ძალიან ლამაზი ახალი ხიბულა. ხედი ხიბულის ცენტრიდან (1977 წელი)


-------

ახალი ხიბულის ჩაის პლანტაციები.
ხობის რაიონის სოფელ ახალი ხიბულის კიროვის კოლმეურნეობის თავმჯდომარე, სოციალისტური შრომის გმირი შალვა კემულარია და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ესტერ ღურწკაია.


-----

                                         ჩაის საკრეფი ტრაქტორი (ახალი ხიბულა) - კლიმენტი ლაშხია




ნიკოლოზ დიმიტრის ძე მებონია

 ნიკოლოზ (კოლია) მებონია დაიბადა 1918 წლის 3 იანვარს წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში. 7 წლისა შეიყვანეს წალენჯიხის საშუალო სკოლის პირველ კლასში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1939 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს დემობილიზებულ იქნა არმიის რიგებიდან. სამამულო ომის პერიოდში მიღებული აქვს ჯილდოები და მადლობები.

1947 წელს მუშაობა დაიწყო წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუს საშუალო სკოლაში სამხედრო-ფიზკულტურის მასწავლებლად. 1949 წელს დაამთავრა ქალაქ ზუგდიდის პედაგოგიური ინსტიტუტი. ინსტიტუტში სწავლის დასრულების შემდეგ 1949 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში და მუშაობა დაიწყო ხობის რაიონის სოფელ ზუბის საშუალო სკოლაში სამხედრო-ფიზკულტურის პედაგოგად. ზუბის სკოლაში იმუშავა 1979 წლამდე.

30.11.2021

ლექსი ყორათზე

 გთავაზობთ პაოლო იაშვილის ლექსს "ყორათი" და ლეო ქიაჩელის საგაზეთო სტატიას ყორათზე, რომელიც  გამოქვეყნდა გაზეთ "კომუნისტში" 1934 წელს. ყორათი მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე ყოფილა ღელე, რომელიც შემდეგ დიდ არხად აქციეს.

პაოლო იაშვილის ლექსი „ყორათი“

ყორათი

უწინ განა მიწა იყო

ეს მთლიანი ბარდი,

ვინ ნახა და ვინ წაიღო

ამ ბუნების დარდი?

 

რა კაცი არ გაამწარა,

დაუდუნა მაჯა?

ქვეშ ჭაობი, ცა ნაცარა

და მტირალი ყანჩა.

 

არც ნაკვეთი რიგიანი,

რომ მიუდგეს თოხი,

ტყეში ტახი, დინგიანი

დასცურავდა ოხვრით.

 

ქარში უფრო მწარედ კვნესდა

ეს ნაძრახი ჭალა;

ეშინოდა კაცს ამ ტყესთან

წვიმიანში ჩავლა.

 

არც სიმღერა, არც კეთილი

გამარჯვება სადმე.

ხავსი, როგორც დაწყვეტილი

დაფლეთილი ბადე.

 

ვინ ნახავდა მწიფე ხეხილს

ამ დაბალში მაშინ;

ან გულღია, ბეჯით გლეხის

მუშაობას ბაღში.

 

ვინ ისმენდა, ვინ ნახავდა,

ჩანგურის ტკბილ სიმებს,

ამ ჯოჯოხეთს ვინ ახადა

ეს სუდარა მძიმე?

 

შორს, ბოლოში რომ ანთია

მშობლიური დროშა,

ეს ახალი ყორათია,

ეს სოფელი მოსჩანს.

 

კაცი მართლა ლომ-გმირია,

თუ ბორკილი დახსნეს,

ეს დუღაბის ბოგირია,

გადასული არხზე.

 

ვხედავ მიწას არხებიანს

აღარც ხავსი ჰფარავს,

ეს ახალი სახლებია,

რომ ანათებს შარას.

 

გამოჩნდება ეს-ეს არი

ქვის მაღალი ხიდი,

გაღმა დიდი სამწყესარი,

საძოვარი დიდი.

 რა წითელი მდინარეა,

რომ მოსცურავს გაღმა,

ეს ბავშები ვინ არიან,

რომ მღერიან თანხმად.

 ეს სოფელის ნახირია,

სულ წითელი ფერის;

ეს მწყემსები გაჰყვირიან,

ეს ბავშობა მღერის.

 

ეს კოლხიდის სურათია

მწვანეთ მოელვარე,

ეს აღმდგარი ყორათია _

ახალგაზრდა მხარე.

პაოლო იაშვილის ხელნაწერი





 


26.11.2021

ცკ-ის პირველი მდივანი და "მეგრელთა საქმისთვის" გასამართლებული ხორგელი ალიოშა მირცხულავა

 ალიოშა (ალექსანდრე) მირცხულავა დაიბადა 1911 წლის 11 მაისს, ხობის რაიონის სოფელ ხორგაში. დაამთავრა ქ. ზუგდიდის პედაგოგიური ტექნიკუმი 1930 წელს.

1932 წელს ხობის კომკავშირის რაიკომის მდივანია; 1932-1933წწ.საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1933 წელს მცხეთის კომკავშირის პირველი მდივანი; 1935 წელს ხონის კომკავშირის პირველი მდივანი; 1937 წელს საქართველოს კომკავშირის ცკ-ის მეორე მდივანი; 1937-1941 წწ. საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; გენერალ-ლეიტენანტი (1944), 1941-1943 წწ. აფხაზეთის კომპარტიის მეორე მდივანი; 1943-1947წწ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; 1947-1950წწ. უმაღლესი პარტიული სკოლის სტუდენტი; 1950-1952წწ. საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1953 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი;


ალიოშა მირცხულავა კრემლში. ქვედა რიგის შუაში იოსებ სტალინი. პირველ რიგში: 1. ალექსანდრე მირცხულავა, 4. მიხეილ კალინინი, 5. კლიმენტი ვოროშილოვი, 6. სტალინი, 7. ვიაჩესლავ მოლოტოვი, 8. ანდრეი ჟდანოვი, 9. ლაზარე კაგანოვიჩი, 10. ნიკოტა ხრუშჩოვი, 11. გიორგი მალენკოვი

 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს ლავრენტი ბერია, მოსკოვში ძალაუფლების ცენტრი სრულიად შეიცვალა. ამას დომინოს პრინციპით მოყვა ბერიას კადრების დაპატიმრება როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონალურ დონეზეც. ლავრენტი ბერია „ხალხის მტრად“ გამოცხადდა. დაიწყო მისი კლანის წევრების წინააღმდეგ ხანგრძლივი, თითქმის 3 წლიანი სასამართლო პროცესები მოსკოვსა და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში.  19-20.09.1953 პლენუმზე აგრეთვე გადააყენეს ლავრენტი ბერიას კადრი, საქართველოს ცკ-ის პირველი მდივანი ალიოშა მირცხულავა. 1951 წელს, სტალინმა წამოიწყო რეპრესიების ციკლი, რომელიც შემდეგ “მეგრელთა საქმით” გახდა ცნობილი. ერთიმეორის მიყოლებით აპატიმრებდნენ მეგრელებს, რომლებსაც იმ პერიოდში საქართველოში ცენტრალური თანამდებობები ეჭირათ. მათ ბრალი ნაციონალური დაჯგუფების შექმნასა და ღალატში ედებოდათ. დაპატიმრებების სერია 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, შეჩერდა. დაპატიმრებულთა შორის იყო სამი ხობელი: ხობის რაიკომის მდივანი მიხეილ სორდია, ცკ-ის ყოფილი ინსტრუქტორი მარიამ ჭკადუა, ცკ-ის ყოფილი ინსტრუქტორი ალიოშა მირცხულავა. ალიოშა მირცხულავა 1953-1980 წწ. სამეურნეო პასუხისმგებელ სამუშაოზეა: იყო ჩაქვის ჩაის მეურნეობის დირექტორი, "საქპურტრესტის" მმართველის მოადგილე, გაერთიანება "საქთამბაქოს" ტრესტის მმართველი მსუბუქი მრეწველობის სამინისტროში; 1941-195წწ. დიდი სამამულო ომის პერიოდში, იყო ამიერკავკასიის სამხედრო საბჭოს წევრი, ამავე პერიოდში მუშაობდა ჯერ აფხაზეთის კომკავშირის პირველ მდივნად და შემდგომ აფხაზეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად, ასრულებდა მთავარსარდლობის დავალებებს და ამითი ხელს უწყობდა ჩრდილო კავკასიის განთავისუფლებას ოკუპანტებისაგან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

 ალიოშა მირცხულავა გარდაიცვალა 2009 წლის თებერვალში, 97 წლის ასაკში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

           ღირსების ორდენი

           შრომის ვეტერანი

           სამამულო ომის ვეტერანი

           საპატიო ნიშნის ორდენი

           წითელი ვარსკვლავის ორდენი

           შრომის წითელი დროშის ორდენი

           სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

           ლენინის ორდენი

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მასალები.