15.10.2019

ცოტნე – რუსთველური გმირი (ცოტნე დადიანის დღე ხობში) - ნინო ვახანია


სამეგრელოში არ ეძებოთ მტერ - აზონი,
უპირველესად სამეგრელო ეს არის ცოტნე.
ელგუჯა მარღია
სამეგრელო რომ ზოგადქართული სივრცის ნაწილია და მთელ საქართველოში მომხდარი ამბების უშუალო მონაწილეც, დღეს ამ ჭეშმარიტებას, საბედნიეროდ, მტკიცება არ სჭირდება. XIX საუკუნეში, როცა დამპყრობელმა გათიშე და იბატონეს პოლიტიკა გამოიყენა და ასე სცადა მეგრელების არაქართველობა ემტკიცებინა, ჩვენმა მამულიშვილებმა თვალი XII საუკუნის საქართველოს, ძლიერ, ერთიან, მდიდარ, თავისუფალ ქვეყანას მიაპყრეს. ის ამხნევებდათ, ის აძლიერებდათ და საბრძოლველადაც ის მაშინდელი ჩვენი ერთიანობა განაწყობდათ. თუ რომელიმე კუთხისთვის ერთი ადამიანის სახელის მისადაგება გახდება საჭირო, სამეგრელო, უყოყმანოდ, უპირველესად ცოტნე დადიანის სახელს მოიხდენს.

12
აგვისტო ჩვენს ისტორიაში ბევრი რამით გამორჩეული დღე აღმოჩნდა - დიდგორის გამარჯვებას რამდენიმე საუკუნის მერე ცოტნეს გმირობა შეემატა სანიშანსვეტო მოვლენად. 12 აგვისტოს საქართველო დიდგორობასაც ზეიმობს და ცოტნეობასაც და ეს სიმბოლურია. წელს, ამ დღეს, ხობში, ცოტნე დადიანის მშობლიურ ქალაქში, ბეჟან ნადარაიას თაოსნობით, სამეცნიერო კონფერენციაც გაიმართა. მანამდე ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა წმინდა ცოტნე აღმსარებლის მოსახსენებლად სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსთან, ჩრდილოეთ-ამერიკის ეპისკოპოს საბასთან და ხობის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
გადმოცემით, აქ, ხობის ტაძარშია ჩვენი ეროვნული გმირის ძვალშესალაგი. აქვეა მისი ფრესკაც. წირვის შემდეგ კულტურისა და რწმენის განვითარების ცენტრში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მიზანი დიდი მამულიშვილის კიდევ ერთხელ გახსენება, მისი ღვაწლისთვის კიდევ ერთხელ პატივის მიგება გახლდათ. მსგავსი შეხვედრებისთვის საგანგებოდ აშენებულ მოზრდილ დარბაზში ხობის ვაჟთა ანსამბლ კოლხეთის ომახიანი ხმები შეგვიძღვა. ანსამბლის წევრებმა ძველთაძველი ხალხური ჰანგებითა თუ ახალი სიმღერებით იმ დღეს კიდევ არაერთხელ დაიპყრეს მსმენელთა გულები და საღამოც მათვე გაასრულეს არაჩვეულებრივად შესრულებული მალანურით. შეხვედრა გახსნა, საზოგადოებას სტუმრები წარუდგინა და იმ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბეჟან ნადარაიამ. განსაკუთრებული ინტერესი მსმენელისა, რა გასაკვირია, როსტომ ჩხეიძისკენ იყო მიქცეული და მანაც, როგორც ყოველთვის, საქმიანი და ემოციური გამოსვლით დაამახსოვრა თავი დამსწრეთ. გთავაზობთ მისი სიტყვის მოკლე ჩანაწერს.
როსტომ ჩხეიძე:
ქართლში იციან ხოლმე თქმა, როცა გამორჩეული დღეა, ეს არის შეგნებული დღეო. დღე ყველა სასწაულია თავისებურად, მაგრამ ხანდახან ერთმანეთს ისე მიეწყობა ჩვეულებრივი, სადაგი დღეები, რომ იქ უნდა ამოვარდეს ერთი და განსაკუთრებულად გაანათოს ჩვენი რეალობა, და დღევანდელი დღე სწორედ ასეთი დღეა - რელიგიურიც და სამოქალაქოც. სახელმწიფო არ ითვლება სახელმწიფოდ, თუ მას არა აქვს სრულფასოვანების შეგნება, თუ მას არა აქვს სურვილი, რომ დადგეს ერად სხვა ერთა შორის. არ შეიძლება, სახელმწიფო იყოს ვინმეს კუდიმდევარი. ხოლო ასეთი, სხვა ქვეყნების ტოლ-სწორი სახელმწიფო აუცილებელია ზნეობრივ საფუძვლებს ემყარებოდეს. ვერც პოლიტიკა ან თუნდ ეკონომიკა ვერ აქცევს მას ასეთად. მარტო ცოტნე დადიანი რომ ვახსენოთ, მისი ბიოგრაფია, უფრო სწორად, ერთი ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, ჩვენ უკვე ვიცით, ვისი შთამომავლები ვართ, ვის გზას ვაგრძელებთ.
თავის დროზე, როცა ცოტნეს ამბავი მოყვა ჟამთააღმწერელმა, მან თქვა, რომ სწორედ ცოტნე და ცოტნესნაირები განსაზღვრავდნენ საქართველოს ბედისწერას. ჟამთააღმწერელი იყო ძალიან სკეპტიკოსი ადამიანი, ხელჩაქნეული, ტკივილებით შეკრული. მიაჩნდა, რომ ღმერთმა ჩვენი ცოდვებისათვის დაგვსაჯა, მაგრამ რადგან არსებობს ცოტნე დადიანი, ყველაფერი შემოტრიალდება სასიკეთოდო.
დღესაც ცოტნეს შარავანდში ვტრიალებთ. მან თავი გადასდო არამარტო მოყვასისთვის, მან თავი გადასდო ქვეყნისთვის, ღირსებისთვის, კაცობისთვის. მართალია, ცოტნეს ბიოგრაფია არ ვიცით, მაგრამ შეიძლება იგი შეივსოს, გაცილებით სხვაგვარად წარმოდგეს, გაცილებით უფრო ფართოდ, გაცილებით უფრო ვრცლად, თუ ჩვენ გულდასმით წავიკითხავთ პავლე ინგოროყვას ნაწერებს.
პავლე ინგოროყვა არის ერთი გამორჩეული სახელი ჩვენი კულტურისა და ლიტერატურის ისტორიაში. იგი ხელფეხშეკრული იყო საბჭოთა ეპოქაში, თუმცა ამ ურთულეს ხანაშიც შეძლო ეკეთებინა უმნიშვნელოვანესი საქმეები. შოთა რუსთაველის ის იუბილე, რომელიც ვიზეიმეთ 1966 წელს, სწორედ პავლე ინგოროყვას იდეით, მისი დადგენილი თარიღით აღნიშნეს. მწერალთა კავშირმა ხელისუფლების დახმარებით მოახერხა ის, რომ პავლე ინგოროყვა მთლიანად ჩამოაშორეს იუბილეს. ეს ის კაცია, რომელმაც შუასაუკუნეების სანოტო ნიშნები აღადგინა, რაც მსოფლიო მნიშვნელობის საქმეა და კიდეც მოჰყვა მაშინ შესაფერისი გამოხმაურება მსოფლიო მასშტაბისა, მაგრამ მერე ისევ ჩაიფერფლა და ჩვენ ვართ ვალდებულები, ხელახლა გავიხსენოთ და მსოფლიოსაც ხელახლა წარვუდგინოთ. პავლე ინგოროყვა ერთადერთი კაცია საქართველოს ისტორიაში, რომელმაც შექმნა ქართული ცივილიზაციის ისტორია. საქართველოს ისტორია, მისი სიმაღლე, სიდიდე მსოფლიო ისტორიის ფონზე აქვს წარმოდგენილი. მისი გიორგი მერჩულე რომ სათანადოდ დაფასებულიყო თავის დროზე, ჩვენ აფხაზეთის მხარეს არ დავკარგავდით.
რუსთაველის ბიოგრაფიის მისეულმა კვლევამ გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა, ზოგიერთები არ უჯერებდნენ პავლე ინგოროყვას, ამბობდნენ, ეს ყველაფერი არის მისი ფანტაზიის ნაყოფიო. თუმცა ამდენი რუსთველოლოგიური ნაშრომი არცერთ სხვა მეცნიერს არა აქვს. ხელახლა გამოიცა ოთხ ტომად. აქ წაიკითხავთ, რა იყო საქართველო თავისი დიდების მწვერვალზე და რა უნდა იყოს, როცა კვლავ შედგება თავისი დიდების მწვერვალზე.
როცა მან თქვა, რომ შოთა რუსთაველი არის ბაგრატიონი, სამეფოს გვერდითა შტოს წარმომადგენელი, ამით ისე აღფრთოვანდა ნიკო მარი, გული დაწყდა, ამისთვის მე უნდა მიმეგნოო. პავლე ინგოროყვა ამტკიცებს, რომ შოთა რუსთაველი იყო კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე. იგი იყო არამარტო დიდებული პოეტი, არამედ დიდი ეროვნული, საზოგადო მოღვაწეც. და იმ დროს, როცა მეფე აღარა ჰყავს საქართველოს, წინამძღოლი ერისა ხდება შოთა რუსთაველი.
რა კავშირი აქვთ შოთა რუსთაველსა და ცოტნე დადიანს? აღმოჩნდა, რომ ცოტნეს ცოლად ჰყავდა რუსთაველის ძმის, ტბელის ასული, პოეტი ქალი ბორენა, რომლის ერთი იამბიკოც ჩვენამდე მოღწეულია. ხობის მონასტერში აღმოჩნდა ჰერეთის საგვარეულო ხატი. ექვთიმე თაყაიშვილმა გამოთქვა დასაბუთებული მოსაზრება, რომ ეს ხატი მეცამეტე საუკუნისა იყო (და არა XI საუკუნისა, როგორც მანამდე მიაჩნდათ), და ამ დასკვნამ პავლე ინგოროყვას მისცა საშუალება, დაედგინა კავშირი ხობსა და რუსთავს შორის. უდავო გახდა, რომ ეს ხატი მზითევში ერგო ბორენას.
პავლე ინგოროყვა იყო საუკეთესო სტილისტი. ასეთი რამ მეცნიერებაში არის იშვიათი. მწერალივით წერდა, ძალიან ექსპრესიულად და ის სურათი აქვს განსაკუთრებული ძალით აღწერილი, ანისში რომ ჩადის ცოტნე და მიეახლება თავის ძმებს და მათ შორის ცოლის ბიძას, შოთა რუსთაველს. უამრავი მასალა, არგუმენტი ამყარებს ამ მოსაზრებას, მაგრამ მოწინააღმდეგეები მაინც ჰყავს (თუმცა სხვა, საწინააღმდეგოს ვერ ამტკიცებენ, უბრალოდ, არ გვჯერაო, ამბობენ) და თავის დროზე, როცა ეს დიდი, უმნიშვნელოვანესი გამოკვლევა გამოქვეყნდა, კოლაუ ნადირაძემ თქვა, რომც არ დამტკიცდეს ამ ამბის ნამდვილობა, თავისთავად ცალკე პოემაა ერთ ოჯახად გამოცხადება რუსთველისა და ცოტნესიო. როგორც აკაკის ნათელაა შესანიშნავი პოემა.
გადაწყვეტილი გვაქვს და აღვასრულებთ, რომ ეს ორი გამორჩეული ქმნილება - პავლე ინგოროყვას გამოკვლევა და აკაკი წერეთლის პოემა გვერდიგვერდ დავბეჭდოთ და ასე გამოვცეთ.
გრიგოლ აბაშიძე იცნობდა ამ ნარკვევს და მისი დამსახურებაა, რომ ეს ნარკვევიცა და პავლე ინგოროყვას სხვა შერისხული თხზულებებიც დაიბეჭდა. და ელოდები ადამიანი, თავის რომანში ცოტნეზე გამოიყენებდა ამ აღმოჩენას, მაგრმ როგორც ჩანს, ვერ მოერია იმას, რომ რუსთველი ჰყოლოდა პერსონაჟად.
და ერთი ნოველაც მინდა ვახსენო. იყო ასეთი კარგი მწერალი, ყარამან კიკვიძე, დღეს დაუფასებელი, მას აქვს ძალიან კარგი ნოველა ცოტნე დადიანზე. აქვე უნდა გავიხსენო შოთა ნიშნიანიძის ლექსიც, რომელიც ეძღვნება იმ ნოინს, რომელიც სულიერად ცოტნეს ტოლი და სწორი აღმოჩნდა და გაათავისუფლა ქართველი ტყვეები ცოტნეს ზნეობრივი გმირობით ატაცებულმა. მტერიც, მისი ღირსეული საქციელიც უნდა დავაფასოთ. ცოტნე დადიანის ფიგურაც სულ სხვანაირად მოჩანს, როცა ვიცით, რომ ის შოთა რუსთველის ოჯახის წევრია. არც ის არის შემთხვევითი, რომ იერუსალიმის აღაპებში გვერდიგვერდ არის მოხსენიებული მათი სახელები.
პავლე ინგოროყვას ეს ნარკვევი დავაფასოთ, როგორც ძვირფასი მონაპოვარი და ვისურვოთ, ადრე თუ გვიან დაიწეროს ის რომანი, ამოზრდილი პავლე ინგოროყვას ნარკვევზე, სადაც მთავარი მოქმედი პირები იქნებიან შოთა რუსთველი და პავლე ინგოროყვა.
ბატონმა როსტომმა საჩუქრად ჩამოიტანა პავლე ინგოროყვას რუსთველოლოგიური ნაშრომების ახლადგამოცემული ოთხტომეულები, რითიც ძალიან გაახარა ადგილობრივნი.
ელგუჯა თავბერიძემ დიდგორობა და ცოტნეობა მოგვილოცა, აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ ეს დღესასწაულები ერთმანეთს ემთხვევაო და განაგრძო:
ყველანი ვთანხმდებით, რომ ცოტნე დადიანის გმირობა ზნეობრივი გმირობაა. თუმცა სკეპტიკოსები ყოველთვის არსებობდნენ, დღესაც არიან. გასული საუკუნის 40-იან წლებში, როცა დიდი ქართველი ისტორიკოსები, სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი ადგენდნენ მოსწავლეთათვის ისტორიის სახელმძღვანელოს, ჭოჭმანობდნენ, შეეტანათ თუ არა სახელმძღვანელოში ცოტნე დადიანის ეპიზოდი. ისინი ფიქრობდნენ, რომ რადგან მხოლოდ ჟამთააღმწერელთან არის ეს ამბავი მოთხრობილი, შეიძლება არც იყოს მართალიო. დღეს არავინ დავობს, რომ ცოტნე ისტორიული, რეალური პიროვნება იყო, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის არამარტო იმ ზნეობრივ გმირობაში, რომელიც ჩაიდინა, არამედ მომდევნო საუკუნეების გადარჩენაშიც. შეუძლებელია ცოტნეს სახებით არ დაინტერესებულიყო პავლე ინგოროყვა. დაინტერესდა და, როგორც მისთვის იყო დამახასიათებელი, ძირისძირობამდე შეისწავლა წყაროები და საოცარ დასკვნამდე მივიდა: აღმოჩნდა, რომ რუსთაველი და ცოტნე დადიანი დამოყვრებული ნათესავები იყვნენ. მათი მოყვრობა უამრავი არგუმენტითაა გამყარებული მეცნიერის მიერ. თუ ვინმეს არ სჯერა, კეთილი ინებოს და სხვა არგუმენტებითა და დოკუმენტებით უარყოს და სხვა დაამტკიცოს.
ერთიანი სახელმწიფოს განწყობას განამტკიცებს ამ ორი დიდი მამულიშვილის მოყვრობა. შოთა და ცოტნე ავსებენ და აერთებენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჰერეთი და საქართველო ერთიანდებიან მაშინ, როცა ქვეყანა უკვე მონღოლების ხელშია. აქ გამოვლინდა ერთიანი საქართველოს სული, ერთიანი სახელმწიფოს განწყობა, რომელიც წინა საუკუნეებში გვქონდა. რუსთაველი და დადიანი ამ ერთიანობას ავსებენ. შოთას ბაგრატიონობა და ცოტნეს დანათესავება აერთებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს.
მესმის, რა ძნელი იქნებოდა გრიგოლ აბაშიძისთვის რომანში პერსონაჟად რუსთაველის შემოყვანა. ურთულესი საქმეა და მაინც, ვფიქრობ, გამოჩნდება ისეთი მწერალი, რომელიც შოთას და ცოტნეს გამოიყვანს პერსონაჟებად. პავლე ინგოროყვას აზრით, რუსთაველი არამარტო გენიალური პოეტი, ასეთივე გენიალური პოლიტიკოსიც იყო, ცოტნე დადიანთან ერთად. მათ შექმნეს ეპოქა, მათ შექმნეს ის განწყობა, რომ მონღოლს დაეხია უკან.
მონღოლს რომ უკან დაახევინო, ადვილი არ არის და ცოტნემ ეს შეძლო. კი ვახსენებთ იმ სახედაღრეჯილ მონღოლს, გმირობისა და ვაჟკაცობის უებრო მცოდნეს, მაგრამ მის წინ უნდა იდგეს ცოტნე დადიანი, მთასავით ცამდე ასული, შეუდრეკელი, ვაჟკაცობის უაღრესად გამომხატველი, თორემ სხვანაირად მონღოლს ვერ შეათრთოლებდა. დიდი ერები დიდ ადამიანებს აკავშირებენ ერთმანეთთან, ჩვენ კი ჩვენსას ვერ ვუვლით.
ფილმში პირველი მერცხალი აბა ულა გაჟღერდა საქართველოს ჰიმნად და ეს პავლე ინგოროყვას დამსახურება მგონია, მისი რჩევით ჩართული ამ კინოსურათში, დაპყრობილი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდა და ამას ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. კოლონიზაციის პირობებში პირველად ერთ-ერთ რესტორანში შალვა დადიანის მხოლოდ შენ ერთს გააჟღერეს, როგორც საქართველოს ჰიმნი და მერე იყო ეს ფილმი. პავლე ინგოროყვა გახლდათ მართლაც სწორუპოვარი მეცნიერი, მომავალშიც მის აზრებს ბევრჯერ დაისაჭიროებს საქართველო. მისი ნაშრომები ხვალ და ზეგ უფრო დაფასდება და აუცილებლად ვიხილავთ შოთასა და ცოტნეს რომანის, ნოველის, პიესის პერსონაჟებად, ლექსების ლირიკულ გმირებად სწორედაც ერთად, პავლე ინგოროყვას მონიშნული გზით უნდა გამდიდრდეს სიტყვაკაზმული მწერლობა. ეს ჩვენი მისიაა.
მე ვთქვი, რომ რუსთაველისა და ცოტნეს ნათესაობა ჩვენთვის ხელშესახებს ხდის ახალგაზრდა დადიანის გმირობის არსს, გასაგები ხდება, რომ რუსთველური შეგონებანი მოყვასისთვის თავგანწირვის შესახებ ცოტნეს შინაურულ წრე-გარემოში ექნებოდა შეთვისებული და ამდენად, სისხლსა და ხორცში გამჯდარი. მაშ ცოტნე არამარტო ზნეობრივი სიმაღლისა და ჭირში გაუტეხელობის სიმბოლოა, არამედ ძალდაუტანებლად იგივდება თამარისდროინდელ საქართველოსთანაც და ჩვენი, ასე ვთქვათ, უბორკილო დღის სიმბოლოც გახლავთ.
გამოვთქვი რწმენა იმისა, რომ რაკი იყო, ესე იგი ახლაც არის და მომავალშიც აუცილელად იქნება, არასოდეს გაქრება რწმენისთვის, სამშობლოსთვის, მოყვრისთვის თავგანწირვის იდეა.
ვახსენე აკაკი წერეთლის ნათელაც, რომელშიც აშკარად ჩანს, ცოტნეს მეუღლის განსაკუთრებულობა. ცხადია, პოეტმა ზეპირი გადმოცემებით რაღაც უსათუოდ იცოდა ამ ქალის გამორჩეულობის შესახებ. სხვა გამომსვლელთა მსგავსად, მეც ისეთი განცდა მაქვს, რომ ქართული ლიტერატურა ჯერ კიდევ ვალშია ცოტნე დადიანის სახელის წინაშე.
ივანე ამირხანაშვილმა იმით დაიწყო, რომ თავისი ნახევრადხობელობა აღნიშნა. ოცი წლის წინათ დაწყებულა მისი ურთიერთობა ამ ქალაქთან, ხობის საპატიო მოქალაქედაც აურჩევიათ. მთელმა ჩემმა საახლობლომ, სამეგობრომ იცის, როგორ ვამაყობ ამითიო, - ბრძანა ბატონმა ივანემ და საუბარი დაახლოებით ასე ააწყო:
რამ წარმოშვა ცოტნეს გმირობა, უცნაური მოვლენა, რომელიც ჟამთააღმწერელმა დაგვიტოვა? მე ვფიქრობ, კულტურამ. ცოტნე კულტურული გმირია. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, მხოლოდ ინტელექტის კარნახით შეიძლება ასე მოქმედება. ასეთი გმირობა სწორედ რუსთაველის დროს უნდა ჩაედინათ, ცოტნე რუსთველური გმირია, იმ იდეოლოგიის წარმომადგენელია, რომელსაც ქადაგებს რუსთაველი, რომელსაც წარმოადგენენ ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი და რომელიც თამარის სამეფო კარზე შემუშავდა. მისი სრულყოფილი გამოხატულება ხომ ვეფხისტყაოსანში გვაქვს. კულტურა გლობალური მოვლენაა. იგი უცებ არ წარმოიშობა, ყანასავით ვერ დათესავ, რომ უცებ ამოვიდეს. მისი ჩამოყალიბება შორეულ წარსულში დაიწყო, ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელის დროს, ქართული ეკლესია- მონასტრებით დაიწყო ახალი კულტურის დამკვიდრება. მანამდე, როგორც ჩანს, ნერსე ერისთავმა დაამუშავა ეს გეგმა. ამ ინტელექტუალური გმირობის წარმომადგენელია ცოტნე.
ამ პერიოდში საქართველოსა და ევროპაში ერთდოულად ვითარდება კულტურა. საქართველო და ევროპა სრულ უნისონში არიან. ქართული ქრისტიანული კულტურა და ევროპული ქრისტიანული კულტურა ერთი მოვლენაა. მინდა გავიხსენო დამიანეს მხატვრობა, მართალია, ცოტა მოგვიანო ხანაა, მაგრამ იგი გამოხატავს იტალიური აღორძინების სულისკვეთებას. ჩვენი ტაძრების მოხატულობებიც ხომ მაღალი კულტურის შედეგი და ნიმუშია. მომავალში რა გადაარჩენს საქართველოს? დარწმუნებული ვარ - კულტურა.
მაღალმა კულტურამ წარმოშვა ის სულიერება, რომელიც ეკლესიაში დაიწყო და დღესაც ეკლესიაში გრძელდება.
გრიგოლ აბაშიძის რომანში ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება იტალიაში ფერწერას სწავლობს ქართველი მხატვარი, სამეგრელოდან... პირველად როცა წავიკითხე, მაშინ ძალიან უცნაურად მომეჩვენა. მხატვარი გივი თოიძე ხუმრობს ხოლმე და მეც მივბაძავ და გავიმეორებ, იტალიური აღორძინების დამწყები, ჯოტო, რომლის ბიოგრაფიის შესახებ არაფერი ვიცით, ალბათ, აქაური, სამეგრელოდან წასული კაცია - ჯოტო ბონდოს ძე. ეს ნახევრად ხუმრობით.
საქართველოს ერთიანობა გამოხატა რუსთაველმა და ზნეობრივ-მორალური კუთხით განამტკიცა ცოტნემ.
სამეგრელო-ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია:
ისტორიის გააზრება გვაძლევს იმის საშუალებას, წარსულით განვჭვრიტოთ მომავალი. ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოები გადასახედია. ბევრი რამ ხელახლაა დასაწერი. დავით აღმაშენებელმა მოახერხა საერო და სასულიერო ხელისუფლების ფორმირება. მისი აღმზრდელი ჭყონდიდელი გახლდათ. ცოტნეს დროს კი ყველაფერი დაკნინდა, გადაგვარდა. ცოტნემ მოგვცა მაგალითი იმისა, თუ რა არის ნამდვილი საქართველო. გრიგოლ აბაშიძემ თავის რომანში აღწერა, როგორ აგებენ ფლოტს სამეგრელოში. საინტერესო ამბავია. საქართველოს ნაოსნობის ისტორია არ არის შესასწავლილი სრულად. როგორც ჩანს, დიდი და მნიშვნელოვანი ფლოტი გვქონდა. დასავლეთის კულტურასთან საქართველოს ჰქონდა მჭიდრო კავშირი. ევროპისკენ მიმავალი ბათო ყაენი და მონღოლები შეაჩერა საქართველომ. დღეს ევროპისკენ გზა გახსნილი გვაქვს. ცოტნე იქით მიგვიძღვის სწორედ.
მეუფე გრიგოლმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს, აღნიშნა, თქვენმა მადლიანმა სიტყვამ ძალიან დაამშვენა დღევანდელი დღეო, და თვითონაც სწორედ რომ მადლიანი სიტყვა გვითხრა (ჯერ ტაძარში და მერე უკვე დარბაზში):
ცოტნე არ არის წარსული. ის აწმყო და მომავალია. თუ წარსულად დარჩება, წაიშლება რუკიდანაც და ცივილიზაციის ისტორიიდანაც. ჩვენი ამოცანაა, რომ გავაცნობიეროთ, ვისი შთამომავლები ვართ და რა გვევალება... გვჭირდება სერიოზული იმპულსი, სერიოზული სულიერი ენერგია ამ დაბნეულობის ჟამს. საქართველოს ადგილი, რა თქმა უნდა, ევროპაშია.
ერმა და ბერმა ერთად უნდა ვაშენოთ მომავალი იმ გრძნობით, რასაც სამშობლოსა და მოყვასის სიყვარული ჰქვია. საქართველოს ეკლესია არ გაუცრუებს თავის სულიერ შვილებს იმედებს.
ახლა, ამ წუთში ცოტნე აქ არის, ჩვენ შორისაა.
როსტომ ჩხეიძის რეპლიკა:
რუსთაველიც აქ არის.
მეუფე გრიგოლი ეთანხმება და განაგრძობს: მათი შრომის შედეგია ის, რომ დღეს ამ თემებზე ვსაუბრობთ და მომავალზე ვართ ორიენტირებულნი.
დარბაზიდან გამოსულთ მეგრული სტუმართმოყვარეობის შესაფერისი ტრაპეზი გველოდა. ცხელოდა 12 აგვისტოს ხობში. ანა კალანდაძის ლექსის პერიფრაზი ამეკვიატა: ასეთი მწველი მზე თუ იყო მაშინ, ოდეს ანისში ქართველი შეთქმულები აწამეს? ამქვეყნად ყველაფერი ქრება და მხოლოდ მზე, ზღვა და მიწა რჩება?.. და კიდევ გამორჩეული, უჩვეულო საქციელია უკვდავი და მარადიული, ყველა ეპოქასა თუ ყველა თაობასთან უხილავი ძაფით გადაბმული და გადაჯაჭვული.
წყარო: გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა N201, 2019 წელი

ჭაბუა ამირეჯიბი და ილია ტაბაღუა ხობში


1986 წლის 1 სექტემბერს ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში კლუბი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას აკადემიკოსი როინ მეტრეველი, პროფესორი ილია ტაბაღუა, ანგულ მიქავა და სხვა პირები ესწრებოდნენ.

ილია-ტაბაღუა-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მზეჭაბუკი (ჭაბუა) ირაკლის ძე ამირეჯიბი — ქართველი მწერალი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, რომან „დათა თუთაშხიასა“ და რიგი ნაწარმოებების ავტორი ხობში ცოდნის დღესასწაულზე „ცოდნის გასაღებს“ გადასცემენ პირველკლასელებს.

წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფოტომატიანე (http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/7395?offset=320)

08.10.2019

ტოპონიმ „ყულევის“ ისტორია


ტოპონიმი მნიშვნელოვან ინფორმაციას იტევს კონკრეტული გეოგრაფიული არეალის ისტორიის შესახებ. პერიოდულად შემოგთავაზებთ ხობის მუნიციპალიტეტის ტოპონიმების შესახებ სამეცნიერო წყაროებში მიმობნეულ მასალებს.
ტოპონიმი „ყულევი“.
ყულევი - სოფელია საქართველოში (ხობის რაიონი). სპეციალისტთა ერთი ნაწილის მიერ ყულევი მიჩნეულია ისეთ სახელად, რომელშიც თითქოს ასახული იყოს საქართველოს ბედუკუღმართი ეპოქა, როცა ჩვენს ქვეყანაში ტყვეებით ვაჭრობა იყო გაჩაღებული. იმავე დროის ანარეკლად არის მიჩნეული სოფლის სახელი საყულიოც (წყალტუბოს რ-ნი): „ტყვედ გაყიდული ქართველები აქედან გემებით მიჰყავდათ უცხოეთშიო“.

აღნიშნული თვალსაზრისი არსებითად ემყარება იმ ენობრივ ფაქტს, რომ აღმოსავლური წარმოშობის სიტყვა ყული ქართულად „ტყვეს“ „მონას“ ნიშნავს. მაგრამ ყულის ეს მნიშვნელობა მაინცდამაინც ქართველი ტყვეების წასაყვანი ადგილის არსებობას არ უნდა გულისხმობდეს. საქმე ისაა, რომ ქართულ ენაში ყული გვხვდება როგორც რელიგიურ-სარწმუნოებრივი ტერმინი. მართალია, იგი მონას, ტყვეს ნიშნავს, მაგრამ აქ უნდა ვიგულისხმოთ არა გასაყიდად შეპყრობილი ადამიანი, არამედ ღვთის მიერ „დაჭერილი“ მონა, მსახური, ყმა, მორჩილი, ტყვე... ეს რომ ასეა, ამას აღმოსავლური (მუსულმანური) ონომასტიკის მონაცემებიც ადასტურებს. გავიხსენოთ: იმამ-ყული-ხანი, ალი-ყული-ხანი, შაჰ-ყული; ყულიაშვილი, ყულიჯანაშვილი... და სხვა. ეს ნიშნავს იმამის (ალის, შაჰის...) ყმა, მონა, ერთგული მსახური და მისთ. საგულისხმოა თვით ის ფაქტიც, რომ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც თურქული ენა მეტ-ნაკლებად გავლენას ახდენდა (აჭარა, გურია, სამეგრელო, ქვემო ქართლი), შემორჩენილია არაერთი გეოგრაფიული ობიექტის სახელი, რომელშიც სიტყვა ყული მონაწილეობს. აქაც, ამ სახელებშიც, აღნიშნულია არა ტყვეების გასაყიდად წაყვანის ადგილი, არამედ რაღაც რიტუალური ნაგებობის ოდინდელი არსებობის დამადასტურებელი ფაქტი. ზემო იმერეთში (ტყიბულის რ.) ადგილის სახელად გვხვდება საყულია, რომელიც აშკარად სა-ყულ-ე-ა ფორმისაგან მომდინარეობს, ს. ცხუკუშერში (ცაგერის რ.) არის შემაღლებული ადგილი, რომელსაც საყულიე გორა ეწოდება. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, აქაურ ტოპონიმებში სიტყვა ყული/ყულე ძალზე ხშირია. თვით სიტყვა ყულე წარმოშობით არაბულია და ნიშნავს: კოშკი, ჯიხური, ციხე, თავდაცვითი ნაგებობა). ნაყულევი, ნაყულევა დადასტურებულია ადგილთა სახელებად ს. არსენაულში, ს. ჭალახმელაში, ს. საღორეთში და სხვაგან. აჭარულში ყულე სიტყვას მნიშვნელობა გაფართოვებია; აქ იგი აღნიშნავს როგორც კოშკს, ისე გოდოლს, ციხე-სიმაგრეს და სრა-სასახლესაც კი. გავიხსენოთ: „ფაშას ყულე დუუმგრიე, სასახლეს გეუღე კარი“.
ყულ/ყულე სიტყვათგან მომდინარე გეოგრაფიული სახელები საკმაოდ ხშირად ჩანს სამეგრელოს ტოპონიმიკაშიც. ზუგდიდის რაიონში, მაგალითად, ძველად არსებობდა სოფელი ყულიშკარ-ი; ყულიშკარი კი სხვა არაფერია, თუ არა „ხატის, ეკლესიის კარი“. აქვე მოედინება მდ. ყულიწყარი, რაც „ხატის წყალს“ ნიშნავს. საინტერესო ცნობას გვაწვდის ე. თაყაიშვილი ყულიშკარის ხატის შესახებ:
„ზუგდიდიდან ცხრა ვერსზედ მდებარეობს სოფელი ყულის-კარი (იგივე ყულიშკარი), რომელშიც ინახება სასწაულმოქმედი ჯვარი... ეს ჯვარი განთქმულია მთელს საქართველოში თავისი სიძლიერით. მეგრელს არც ერთი ხატი და ჯვარი ისე არ სწამს  და სასწაულთ-მოქმედათ არ მიაჩნია,როგორც ყულისკარის ხატი,მაგალითების მოყვანა  კიდევ არაერთის შეიძლება , მაგრამ ვფიქრობთ,ესეც საკმარისია  დავრწმუნდეთ იმაში,
რომ ყული/ყულე-ძირიანი ტოპონომები, ამ შემთხვევაში, ყულევი, აგრეთვე საყულია, აღნიშნავენ არა მონების  გასაყიდ ადგილას, არამედ ადგილს, სადაც მდგარა ხატი , ჯვარი, ეკლესია ან რაღაც ისტორიული ძეგლი (ციხე, კოშკი, თავდაცვითი ზღუდე, ჯიხური და სხვ.) ჩვენს ამ ვარაუდს უთუოდ მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ გასული საუკუნის დამდეგისთვის  ყულევს რედუტ-ყალე რქმევია, რაც აქ დიდი ციხე -სიმაგრის არსებობაზე მეტყველებს.
ისიც უთუოდ საინტერესოა  რომ მე-19 სა-ის მე-2 ნახევარის  „შემოქმედის ქრონიკაში“ სოფ. ყულიშ-კარი მოხსენიებულია როგორც ყულება: „მობრძანდა ზღვით ხელმწიფე იმპერატორი ნიკოლოზ ყულებას ზუგდიდს, დადიანთან გაიარა და ქუთა(ის)ს წაბრძანდა 
საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ ყულევი  (ყულე-ევ-ი?) ნიშნავს:  „ციხესიმაგრიანი ადგილი“ მას ტყვეების გაყიდვასთან საერთო არაფერი არ უნდა ქონდეს.

წყარო:
გურამ ბედოშვილი, ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი. თბილისი, 2002 წელი.

რაფიელ ერისთავის ჩანაწერები „მალანურობის“ შესახებ


მწერალი და საზოგადო მოღვაწე რაფიელ ერისთავი (1824-1901) 1857 წლიდან 1867 წლამდე ზუგდიდის მაზრის უფროსად მუშაობდა და ხელმძღვანელობდა სამეგრელოში საგლეხო რეფორმის გატარებას. 
რაფიელ ერისთავი მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა ზუგდიდის მაზრის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც. რაფიელ ერისთავი შეეცადა კარგად შეესწავლა ეს მხარე. აღწერა სამეგრელო გარკვეული მონაკვეთების მიხედვით: ანაკლიიდან ზუგდიდამდე, ზუგდიდიდან კვაშიხორამდე, კვაშიხორიდან მარტვილამდე, მარტვილიდან ხონამდე. რაფიელ ერისთავს მოცემული აქვს ადგილთა გეოგრაფიული სახელწოდებების ეტიმოლოგია, უძველეს ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით აღწერილი აქვს ამ მხარის საეკლესიო ნაგებობანი, მონასტრები, ამ ეკლესია-მონასტრებში დაცული როგორც რელიგიური, ასევე ისტორიული ნივთები, უძველესი ხელნაწერები. ხობის მონასტრის აღწერისას მოხსენებულია საწინამძღვრო ჯვარი, შემკული ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით, რომელიც XII საუკუნის ჭედური ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს.

რაფიელ ერისთავი დაინტერესებულა „მალანურობის“ რიტუალით და სოფელ ბიაში გამართულ სახიობას დასწრებია.
გთავაზობთ რაფიელ ერისთავის ჩანაწერებს „მალანურობის“ შესახებ.
სამეგრელოს შინა, მახლობლად ხობის მონასტერთან აღმოსავლეთით, არის ერთი მცირე, ფრიად მაღალი, თვალსაჩენი {მთა}, სახელად ბია, საიდანაც იხედებიან უმეტესი ნაწილი მეგრელიისა და გურიის ქვეყნებიდან. აქა არის პრიხოდის ეკლესია წმინდის მთავარანგელოზისა, საცა მდებარეობა ადგილისა შეიცავს არა უმეტეს მეოთხის ნაწილსა ვერსტისასა. ადგილი ესე პირის პირ დასცქერის შავს ოკეანეს ოზურგეთიდან. მოჩანს ფოთი, ყულევი და ანაკლია, ვიდრე აფხაზეთის სამთავრომდინ.
აქა უწყიან საზოგადოდ უხსოვარის დროიდან შეკრებილება მახლობელთა მაღალ-მდაბალთ მცხოვრებთა. შემდეგ მარიობისა, ესე ღვთის მშობლის მიცვალების დღესასწაულობის გათავებისა, აგვისტოს 20-ის რიცხვიდან 23-მდინ, სადაც შემოიკრიბებიან არა მცირენი ორთავე სქესთანი.
დღესა კვირიაკესა, შემდეგ შუადღისა, შაიყრებიან მუნივ მცხოვრებნი ორისავე სქესისანი, საყვირის ცემით, მით რო არავინ დაავადდეს მათგანი დროსა მალანურების დანიშვნისა. როცა ყველანი შაიკრიბებიან, მაშინ იქნება წინაშე მათის ეკლესიის კარისა, აღმორჩევა და დაყენება მალანურთა.
თორმეტთა პირთა უცოლო ყმაწვილთა, თვითქმის რომელთა ყვანან დაწინდულნი, ამითაც არ მიიღებიან მალანურად. მალანური აღმოირჩევა და დაიდგინება თვით მეხატურთაგან, რომელთაცა ამ შემთხვევაში უპყრია ხატი ტაძრისა მათისა. მალანურნი აღმოირჩევიან ექვსი მეფის მხრით, ესე იგი თავადთა ჩიჩუათა ყმათაგანი, ხოლო ექვსნი დადიანის მხრით,  (ესე იგი) ხობის მონასტრის საეკლესიო ყმათაგანი, შემძლეობით თანასწორნი. ამათგანი ერთი დაინიშნება დადიანად და მეორე მეფედ, რომელთაც მიეცემა ხუთი თანამხლები.
შემდეგ დანიშვნისა მალანურთა იწყებენ მეხატურნი წინაკარიდგან ლოცვასა ერთად მალანურთა და სხვათა მამრობით სქესისათა.


მ ო ქ მ ე დ ე ბ ა
1.      მეხატურ დავით შონიას უჭირავს ტაძრის ხატი;
2.      სტაროსტარ გურიშია იოსავას - მეორე მთავარანგელოზის ხატი;
3.      იორდანე იოსავას - მათი ბავრაყი;
4.      კუნჭულია იოსავას - საყვირი.
ესენი ერთად მალანურთა და სხვათა ერთანათა იწყებენ ეკლესიის ირგვლივ შამოვლას.
მალანურნი უნდა იქმნენ აქედანცა მარხულობით, თავი და ფეხშიშველნი, რომელთაც მხოლოდ ექნებათ პლატოკი თავზედ შამოხვეულნი. ამასთანავე მაჭუკნი, ესი იგი თითო საჟენი თხილის ჯირითნი, ჭრელად შეღებვილნი და მათთან უნდა ქონდენ სიგრძით თითო ვერშოკი ბაჭყაჭი, ესე იგი, რვა თუ ცხრა წელში პირად გაჩლეთილი და გათლილი მოკლე ჯოხი. მეხატური დავით შონია დასდგება ეკლესიის კარზედ. დასავლეთით მაყურებელი ერთად დაილოცამს მეგრულად, პირველ ხელმწიფისა, დადიანისა, მებატონეთა, მათთა და განსაკუთრებით მათის ეკლესიის შემავალთათვის. ამათ ზედა ზღვის და ხმელეთს შინა რაც ნივთი და საქონელი იპოვება სასარგებლოდ მათდა, მათ პოვონ; და აგრეთვე მშვიდობიანობასა საზრდელთა იეფობასა და ილოცავს კეთილ მიმთხვეულობათა. ხოლო სხუანი, მუნ მყოფნი, ერთად მალანურთა თან მიუგებენ ამინსა: გრძლად, ზუზუნით. დაუკრავენ სამჯერ საყვირსა, დაიწყებენ მარჯვნით იმრგვლივ შამოვლას, ლექსითა ამით ერთისა ხმით გაუწყვეტლად: აის, გაის, აის გაის და ოთხთა მხარეთა ეკლესიითა. ერთი მათგანი ხმა მაღლად, გრძლად დაურთავს ხოვირიელეისო: გაბმით აისაგაისა, აისა გაის და რა დაუპირდაპირდებიან სამხრეთით ეკლესიის კარსა, მაშინ ერთი მათგანი კიდევ დაიყვირებს გრძლად და იტყვის: ლუისო სო-კირიელეისო. მაშინვე მეხატურისა თანავე ერთად და დაბრუნდებიან მარჯვნივ, და კვალად იწყებენ განუწყვეტლად: აისა გაისა, აის გაის-გაის და დაუკრავენ სამჯერ ბუკსა და მასვე იტყვიან: აის გაის, გაის, ვიდრე სამჯერ იმრგვლივ შამოტარებამდინ. მსგავსამდე იზამენ ოთხთა მხარეთა ეკლესიითა, როცა გაათავებენ სამჯერ შემოვლას. რა რა მივლენ ეკლესიის წინა კარზედ, შეჩერდებიან და ერთი მათგანი, ესე იგი კუნჭულია იოსავა, დადგება მათ შორის შუაშიდ, დააბჯენს ჯოხს მიწაზედ, რომელთანაც მალანურთაცა ექმნებათ თავიანთი ჯირითი დაბჯენილი თავმოყრით ქვე მხედველნი. მაშინ კუნჭულია დაიყვირებს ბოხის ხმით, გამოუჩენარის ლექსით, ესე იგი ლეისო. გაიცინებენ: ჰა, ჰა, ჰა, ჰა და შეასვენებენ ხატსა და ლერწამზედ მომცრო ბოლო მათს ბავრაყსაცა შაიტანებენ ეკლესიაში. ერთის მხრით მეფე და მეორის მხრით დადიანი დასხდებიან მათის თანმხლებით. გამოარჩევენ პირნი მოციქულნი. მოვლენ მეფესთან და ეტყვიან: ვინ ხართ მანდ მსხდომარნიო და რისთვის მოსულნი?
მეფე
შაუთვლის დადიანს. მე ვარ მეფე აქ მოსულ ვარ ჩემს მამულსაო და თქვენ ვინა ხართ და რა გინდათო?!
დადიანი
მეფე როგორ არის და ან მის მამულს აქ რა უნდაო?! მე ისინი კურზუვალს მყავდა და ძაღლების მწყემსად მყავს და ჰკითხეთ, ძაღლი არ დაჰკარგვოდეს. და თუ დაეკარგა, მონახონ. დოგორან და ჯოღორს ქემიოჩანუანია.
მეფე
კურზუვალს ჩვენ არა გვიგავს და თვით ჰგვანანო. ისინი აქ გალავნის ნეხვის მწმენდელად დავსტოვეთ და მასთან ბატის მწყემსად დანიშნული იყო და, თუ დაეკარგათ, ვაი მათს შავსა ბედსაო.

დადიანი
დიახ, მე ვარ მეფე ბუტბუტობენ, კაცსა არ გვანან; ვითამ გონებენ მეფედ და თუ მართლა მეფეა, ღამეს გავათევინებ ხვალ გათებამდინ, მაშინ გაქრენო.
მეფე
დიახ, მე ვარ მეფე, და კიდეც მე უნდა ვუფლობდე ამისთანა კარგს ალაგსო. და თუ ჩხუბი გნებამთ, მაგრამ საომრად საკმაო არა ხართო.

დადიანი
ბევრს თუ გააგრძელებთ, როგორც ვკმარივართ, ჩვენ ვიცითო. აქეთ მეფე და მისი მხლენი, იქით დადიანი და მისი ვეზირნი ადგებიან.
გამოიქცევა მეფე მისი ვეზირით, დაეჭიდება დადიანს, ხოლო სხვანი ერთი მეორეს, ერთად და ამასობაში იქნება, უკეთუ მოხმარა მოხდება მაშინ, ჩხუბიც გააჩინონ. დღეს დაღამებამდის ასრე გაატარებენ. მალანურნი და მათი მსახურნი დარჩებიან ეკლესიაში - და ეს მრთელი ღამე სულ სიმღერით და შექცევით უნდა გაატარონ. ხოლო სხვანი წავლენ. ცისკარზედ მალანურთა უნდა გაატარონ. ხოლო სხვანი წავლენ. ცისკარზედ მალანურთა უნდა შამოუარონ ეკლესიას ბუკის ცემით და მათებურად ლოცვით, ესე იგი ჩქარის სიტყვით: გაის, გაის, გაის, ვიდრე ირგვლივ შამოტარებამდინ.
ორშაბათს, მეათის საათითგან იწყებენ კვლავ შამოკრებას. მესამე საათამდინ საკმაოდ შაიკრბებიან, სადაცა დღეს უნდა მოხდეს კაკვის გადაზიდვა მალანურთაგან. მეოთხე საათზედ შემოიტანებენ კაკვსა, მოურავის თანდასწრებითა და დასდებენ გაზომილს ადგილასა, მეტნაკლებობა თუ გამოაჩნდათ რომელიმე მხარეს კაკვის მიცემაზედ, მაშინ უცილოდ ჩხუბს მოახდენენ მალანურნი. როცა შამოიტანენ კაკვს და დადებენ, მაშინ საწყალნი მალანურნი შიშნეულნი და ფერმკრტალნი და დაკუდვნილნი (არიან ).
კაკვის არის ორი საჯენი მომსხრო მაგარი ჭოკები, ერთი მეორედ გარდაბმული და დასკვნილი ღელერჭით, ესე გამოიტანება და დაიდება საშვალს ადგილზედ.უყურებენ თუ  როდის მიეცემა მათ  სავალი გზა. ვინემ ორ ნაწილად არ გაიყოფიან ცხენოსანნი და ქვეითნი,მანამ არ ეცემათ ნება, ამათგანნი მეფის მხარენი, ესე იგი, თავადნი ჩიჩუანი, მათი აზნაურნი და მსახურნი ემზადებიან, უკეთუ საჭიროდ დაინახეს მისაშველებლად მეფისა, მსგავსადვე დადიანის მსახურნიცა  საეკლესიო აზნაურნი  და ყმანი დიდი წადილით ემარაგებიან მოსახმარებლად დადიანსა ,  როცა  შემოიტანენ  კაკვსა  და დადებენ დანიშნულს ადგილასა  უჩვენებენ მალანურთა, მასინვე დაუზოგავად თავისა გამოიქცევიან ეკლესიის კარიდგან,   სადაცა  კაკვი იქმნება ორმოცდაათს ნაბიჯზედ ,   თვითქმის   ოთხიც არ მოვა  ისეთი,  რომელიც არ დაეკრას ცხვირი ქვაზედ, თუმცაღა ბევრი იტკინონ, მასინ არ ახსოვთ  საწყალი მალანურთა და დაიძგერებიან  და გასწევენ  დადიანი და მისი მხლენი სამხრეთით,
ხოლო მეფე  და მისი თანმხლები ჩრდილოეთით, ან უნდა გარდაზიდონ ერთი მეორედ, ან უნდა გასქდეს  ის კაკვი, ვინიცობაა თუ ვერცა ერთმა  მხარემ  ვერ გადაიტანეს, მაშინ მათ -მათნი მხარენი მხარენი გამოვლენენ მოთმენისაგან,მიესველებიან და დაერევიან ცხენოსანნი და ქვეითნი, შეეტენებიან  და გასწევენ   მათ მათის მხარესაკენ . და  დაურთავენ ერთმანეთს კეტებს  და მათრახს და დაასივებენ ერთი მეორეს  და უეჭველია  ერთი მხარე გადაიტანს კაკვს. და რომელიცა  მხარე გაიტანს, ერტდ შეიკრიბებიან  და შექმენ სიმღერას   და მხიარულებას, ხოლო მეორე მხარენი იქმნებიან დაღონებულნი, ეს მესამე წელიწადია რაც რომ მეფემ წაიღო,ესე იგი, საჩიჩუელებმან და იტყვიან, რომ უთუოდ   მოსავალი და ხორაგობა მრავალი იქმნებაო, შემდეგ ისევ მეგრულ სიმღერას, ცეკვას და ჯირითს (გამართავენ ),  დარამებიდან შეექცევიან სიმღერას, ხოლო მალანურნი  დაადგებიან ეკლესიის კარზედ და დალოცამენ თითოეულთ მისრულთა,ვინც კი მივლენ და დაალოცვინებენ თავსა  ასე  გონებენ  რომ,   თუ  მალანურთა  არ  არ დალოცეს, ვერ იცოცხლებენ დაულოცველად, და თუ   გადასცემს ვინმე , უთუოდ   ერთი წლის განმავლობაში მოკვდებაო. მალანურთა  სალოცველოს აზლევენ იმდენს , რამდენსაც ხატს შესწირავენ.
 დღეს კიდევ შამოირბენენ ეკლესიას, როგორც წინათ, ამესღამ აქა დარჩებიან  მალანურნი, ხოლო სხვანი წავლენენ.
სამშაბათს,   პირველ საათამდინ, შეიკრიბებიან სხვა და სხვა მხარისა მრავალნი და უნდა გაატარონ ეს დღეცა სიმღერით და ცხენის ჯირითით. მეორე საათზედ ერთად მალანურით მოვლენ ეკლესიის წინა კარზედ, მეხატურნი შევლენ ეკლესიაში, გამოასვენებენ ხატებთ და მათთან ბავრაყს და ბუკს გამოიტანენ, მეხატური დავით შონია იწყებს მეგრულ ლოცვას, ხოლო სხვანი მიუგებენ ამინსა ზუზუნით და იწყებენ ირგვლივ შემოტარებას. ერთი მათგანი, ვითარ წინედ ხმას ყოფს და იტყვის: სო კორიელო, და დაბრუნდებიან მარჯვნივ და გაუწყვეტლად ხმისა იტყვიან, აის  გაიისა, გაის, გაის, ვიდრე სამგზის შამოვლამდინ და ყოველ მეხუთე ნაბიჯზედ მებუკე გრძლად ბუკსა სცემს.
   როცა სამჯერ შემოვლას გაათავებენ, მაშინ ეკლესიის წინა კარიდან იწყებენ ექვსი ყაზახი გრძლად ვითომ გალობას, მაგრამ უფრო სიმღერას გავს მათი გალობა. ორნთა მეხატურთა უჭირავს ორნი ხატნი, მესამეს ბავრაყი და მეოთხეს ბუკი და ექვსნი ვითომ მგალობელნი. ამათ თან მიყვებიან მალანურნი და ერთიან მათის ეკლესიის მრევლნი, ესე იგი მამრნი.ეკლესიის კარიდგან, სადაც გუშინ კაკვი იდვაიქამდისინ უნდა მივიდნენ მათის გალობით და იქიდან მარჯვნით მობრუნდებიან და რომელნიმე იძახიან გაის, გაის, გაის და სხვანი გაისვე გალობენ. იქით და აქეთ ყოველს მეხუთე ნაბიჯზე ბუკს დაუკრვენ და რომ რომ დაბრუნდებიან, მაშინ მალანურთა გზას უტიებენ და ერთიან გამოიქცევიან. როცა მოიწევენ ეკლესიის მახლობლად, მაშინ თითოეულმა სირბილით უნდა ისროლონ თავიანთნი მაჭუკვნი და  გარდაავლონ ეკლესიასა ტავზედ.  გაუჩერებლად, თითოეულმა გაქცევით უნდა აიღონ თავიანთი მაჭუკნი და უნდა გაიქცნენ სადმე წყალზედ ტანის საბანებლად. ამ სირბილში იქმნება რომელიმა მათგანმა ვერ გადავლო წლისთვის ვერ მიაწევსო იგი. როცა ბანაობას გაათავებენ მალანურთა, მეხატურნი მიეგებებიან ხატით და დროშით წამოიყვანებენ გალობით და დააყენებენ აღმოსავლეთით, ესე გარეთ საკურთხვევლის პირდაპირ. და ამ დღეს აქ დარჩებიან ვიდრე დაღამებამდინ და იქ ილოცვენ, ხატს ისევ ეკლესიას სეასვენებენ, ხოლო სხვანი შეექცევიან სხვა გვარად თამაშსა და სიმღერასა, დაღამების დროზედ წავლენ თავიანთს ადგილებსი და ბინებში და ამით გათავდება მათი ბიობა.
  წყარო:
1       რაფიელ ერისთავი, ფოლკლორულ ეთნოგრაფიული წერილები. 1986წ.
2    „რაფიელ ერისთავი და საქართველოს ისტორიული სიძველენი“, მანანა რაზმაძე. კრებული ამირანი N14-15, 2006 წ.




02.10.2019

1983 წელს შუა ქვალონის საშუალო სკოლის 100 წლის იუბილე აღინიშნა


1983 წელს საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა შუა ქვალონის საშუალო სკოლის 100 წლის იუბილე.
გაზეთ „კომუნიზმის მშენებელში“ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მომზადდა მასალა შუა ქვალონის სკოლის ისტორიის და იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების შესახებ.


... სკოლის დირექტორმა ალექსანდრე ცხადაიამ ვრცლად და სასიამოვნოდ წარმოადგინა სკოლის საუკუნოვანი ისტორია. 1883 წელს სოფელში, სტეფანე ჯღარკავას სახლში გახსნილა სკოლა, სადაც მასწავლებლობდა ცხაკაიას რაიონის სოფელ ხორშიდან ჩამოსული ბესარიონ გვასალია. სწავლის ქირა კი 60 მანეთი ყოფილა. ხალხის თხოვნით 2-კლასიანი სასწავლებელის შენობა აუგიათ ახლანდელ სკოლასთან ახლოს (200 მეტრის დაშორებით). 90 წელს მიღწეული მიხეილ ალანია იგონებს, რომ სკოლაში ქართულად მხოლოდ ბუნების კარი ისწავლებოდა. „სახალხო სკოლას“ ინახავდა სოფლის მოსახლეობა. 1921 წელს სკოლა 7-წლიან, ხოლო 1939 წელს გადასულა საშუალო სწავლებაზე...
  მეორე მსოფლიო ომში გაუწვევიათ სკოლის მოსწავლეები და დირექტორი. შინმოუსვლელთა სტენდიდან შემოგვცქერიან სკოლის მოსწავლეები: ნოე ალანია, ვლადიმერ ლეფსაია, ტრიფონ ალანია, აპალონ გრიგოლავა, ამირან ჩიქოვანი... ომის დროს სკოლის დირექტორმა შალვა ფარცვანიამაც სამუდამოდ დაუკავშირა თავისი სახელი სამამულო ომს.
მომხსენებელმა დიდი პატივისცემით მოიხსენია ისინი ვინც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სკოლას - ერმინე ცომაია, ივლიანე ჯორჯიკია, ვალერიან გვასალია, სიმონ ფაჩულია, შალვა ფარცვანია, პორფილე ნანეიშვილი, ვალიკო ზარანდია; დიდი ხნის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა ვასო ბუკიას, ვალერიან იოსავას და დავით ახალაიას.

ზეიმის მონაწილეებმა განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით გაიხსენეს რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ალექსანდრე თორდია.
ზეიმზე მონაწილეებს მიესალმნენ და თბილი მოგონებებით გამოვიდნენ იროდ ურუშაძე - სკოლის უხუცესი კურსდამთავრებული, მიხეილ ალანია - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნოე კაკაშვილი - ყოფილი დირექტორი, იზოლდა გვარგვალია - მასწავლებელი, აბდულ ლუკავა - ხობის N1 საშუალო სკოლის მასწავლებელი...


01.10.2019

კონსტანტინე პაუსტოვსკი - „კოლხიდა“


კოლხეთის დაბლობზე ჭარბტენიანი ტერიტორიების დაშრობას ეძღვნება კონსტანტინე პაუსტოვსკის მოთხრობა „კოლხიდა“.
მწერლის განმარტებები:
- ნამდვილნი არიან ეს ადამიანები თუ განზოგადებულნი? ამ კითხვაზე ორნაირად მომიხდება პასუხის გაცემა. წიგნში ნამდვილი ადამიანებიც არიან და განზოგადებული ტიპებიც.

- რა მასალა მქონდა ხელთ, როდესაც ამ წიგნზე ვმუშაობდი? მასალა ცოცხალ ადამიანთაგან მოვიპოვე, კოლხეთში მომუშავეთაგან, რომელნიც დღესაც სუბტროპიკებში მუშაობენ...

- რა ჟანრისაა ეს ნაწარმოები? პირადად მე უფრო იმის მომხრე ვარ, რომ ეს დოკუმენტური ნაწარმოებია და, ამასთანავე, არც დოკუმენტური შეიძლება ვუწოდოთ, ვინაიდან მასალას აქ საკმაოდ თავისუფლად ვექცევი.
   მოთხრობაში შეხვდებით ჭალადიდელ ინჟინერ გაბუნიას, მონადირე გულიას, არტემ ქორქიას, ტოპოგრაფ აბაშიძეს... გაეცნობით „ფაზისელი ქალის“ აღმოჩენის ისტორიას


---------
სამუშაოთა უფროსი, როგორც უნარიან, მაგრამ მეტისმეტად მეოცნებე ინჟინერს, ისე უცეროდა გაბუნიას. სად ინჟინრობა, სად რომანტიკოსობაო, - ამბობდა და ბრაზობდა, თუ გაბუნიას ოთახში მაიაკოვსკის ან ბლოკის ლექსების წიგნს იპოვიდა.
გაბუნია, ორიოდე დღით, რომ ჩამოვიდოდა ჭალადიდის ტყეებიდან, სადაც მთავარი არხის მშენებლობას ხელმძღვანელობდა, ნავსადგურში კაპიტან ჩოპის საძებნელად დაეხეტებოდა...

გულია (ადგილობრივი მონადირე) - ბოდიშს ვიხდი მეთქი, - ვუთხარი. - მართალია, წერა-კითხვის უცოდინარი კაცი ვარ, მაგრამ სუფსიდან ხობამდე ჩემნაირ მონადირეს ვერ იპოვით. რომელი ერთი წახვალთ ღამით ნედოარდის არხზე? რომელი ერთი დაბრუნდებით იქიდან ცოცხალი? არც ერთი! რომელმა იცით, ჩემ გარდა, სად შავი წყალი დის და სად წითელი? გამოდით, აბა ვინ მოკლავს ხორგაში ტახს, ვინ დაიწერს გარეულ კატას ისე, რომ თვალებდათხრილი არ დაბრუნდეს შინ? არავინ! გულია აქაც გავა, სადაც ანკარა მიხოხავს ან პაწაწინა თევზი მიიქნევს კუდს...
ორი საათის შემდეგ ტოპოგრაფი აბაშიძე თავისი სახლის ახლოს, სოფელ ჭალადიდში, თავს წაადგა მონადირეს, ძირს გონდაკარგულივით რომ იწვა. გადამღვრძვალი ნაგაზი ლოყებს ულოკავდა პატრონს...
-კარგი გულია, ივარგებ ტოპოგრაფად. ახლა კი ადექი, შინაც გეყოფა წოლა.

ნევსკაია გულის ფანცალით ელოდა გაბუნიას. წარღვნა არახუნებდა სახურავზე და ფანჯრის მინებზე მელნისფერი წყალი წურწურებდა.
ნევსკაიამ ნავთის ლამპა აანთო. სწორედ ამ დროს დარეკა ტელეფონმაც.
ყურმილში აღელვებული კაცის ხმა ისმოდა:
- ქვალონიდან გელაპარაკებით! მთებიდან წყალი დაიძრა. გყავთ თუ არა ხალხი მეხუთე პალობზე?
- გვყავს, გვყავს! - ჩასძახა ნევსკაიამ.

მიწაყრილის წვერამდე წყალს ორი მეტრი აკლდა.
გაბუნიამ ივარაუდა, ნახევარ საათში წყალი ნაპირებს გადაევლებოდა, გადარეცხავდა მიწაყრილს, მიაწყდებოდა ტყეებს და ლაფიან ტბად აქცევდა კოლხიდას ამ მხარეს, ხორგა რომ ერქვა.
საღამოთი არტემ ორქიამ  დუანში გუდას თავი მოხსნა, ხალხი გავაგიჟე, იმნაირი სიტყვა ვთქვი დილის გამოფენაზეო, ეუბნებოდა ბეჩოს და გულიას.
- მთელი ჩემი სიცოცხლე, ხალხო, ხორგაში გავატარე, რაც მამული მქონდა, წყლით იყო გადარეცხილი. ორჯერ კინაღამ ჭაობში ჩავიხრჩე. მთელი დღე ხმელ მჭადზე და ყველზე ვიყავი. ციებამ ჩხირად მაქცია. ციებისგან სამი ვაჟკაცი დამეღუპა...

„ფაზისელი ქალი“
არტემ ქორქიამ და გულიამ რომაული ციხესიმაგრის ნანგრევებს შუადღისას ძლივს მიაღწიეს.
-ძველად აქ ციხე ყოფილა, არტემ, იმ ციხეში კი ძეგლი მდგარა. ახლა ის ძეგლი ჭაობშია. დიდი ფული ღირს თურმე!
- ძეგლი უნდა ამოვიღოთ, არტემ. გაბუნიას ძალიან ჰყვარებია ძეგლები, წავიღოთ და მივართვათ.
გარშემო ფრთხილად შემოთხარეს და ჯერ თავი გამოჩნდა, მერე გულ-მკერდი, ერთ საათში კი მარმარილოს ქალი უკვე ფეხზე იდგა წყლიან თხრილში და იღიმებოდა.
გაბუნიამ ელეტროფანარი ჩართო. ფარნის ვერცხლისფერ შუქში მორცხვად იღიმებოდა მარმარილოს ქალი.
გაბუნია დიდხანს ფურცლავდა ველ წიგნებს. არიანეს წიგნში ერთი ადგილი მონახა, ფანქარი აიღო და გახაზა:
„ფაზისის პირას, მარცხენა მხარეს, უმშვენიერესი ფაზისელი ქალის აღალმა დავდგი“.

არხი დაილია თუ არა, მწვანე ჩანჩერებივით დაიძრნენ ტყეები და კატარღა დაკლაკნილი ხობის პირველმნილ ხეივნებში შეიჭრა.

კონსტანტინე პაუსტოვსკი (1892-1968) — ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1912 წლიდან. პაუსტოვსკიმ ორი წელი იცხოვრა საქართველოში (ფოთისოხუმიბათუმითბილისი). ქართულ სინამდვილეს უძღვნა 23 ნაწარმოები. მათ შორის აღსანიშნავია მოთხრობები და ნარკვევები: „კოლხიდა“, „წერილები ბათუმიდან“ (1922), „ზამთარი ბათუმში“ (1923), „ქართველი მხატვარი“ (1924), „მტკვარში გადახტომა“ (1925), „სად იპოვეს ოქროს საწმისი“ (1928), „ცხოვრება მუშამბაზე“ (1931), „ნახტომი სამხრეთისაკენ“ (1959-1960), „წიგნი მხატვრებზე“ (1966) და სხვა.